Facebook Twitter

საქმე №ას-213-2023 11 აპრილი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–სი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ–სის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს - 27 540 ლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 4 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №69 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის გაეწია სამინისტროს ბალანზე რიცხული NAT190021327 ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული „TOYOTA-სა“ და „LEXUS-ის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება), აღნიშნულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით. ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტის შესაბამისად, ხანგრძლივი მომსახურებისთვის (ძრავი, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი) გაწევის ვადად, განისაზღვრა არაუმეტეს 15 კალენდარული დღე.

3. მოპასუხემ, ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტის შესაბამისად, დადგენილი მომსახურების გაწევის ვადა დაარღვია, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 11 სექტემბრისა, გაწეულ იქნა 2020 წლის 29 სექტემბერს - 18 კალენდარული დღის დაგვიანებით.

4. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების - 1 020 000 ლარის, 0.15%-ის ოდენობით (1 020 000*0.15%*18), რაც თანხობრივად შეადგენს 27 540 ლარს.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელში ფაქტობრივი გარემოება ავტომანქანის სერვისცენტრში შეყვანისა და „დეფექტური აქტის“ შედგენის შესახებ სწორადაა დაფიქსირებული, მაგრამ მოსარჩელე არასწორად მიუთითებს მომსახურების გაწევის ვადაგადაცილების შესახებ.

6. მოპასუხის განმარტებით, ავტომანქანის შეკეთება ნამდვილად დასრულდა 2020 წლის 29 სექტემბერს, როგორც სარჩელშია მითითებული, მაგრამ მომსახურების ვადის გადაცილება არ მომხდარა, რადგან ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, მომსახურება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურების შემდეგ. ასეთი დადასტურება მიღებულ იქნა 2020 წლის 14 სექტემბერს, როგორც ეს აღნიშნულია შესრულებული სამუშაოს აქტში, შესაბამისად, მომსახურება განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 15 დღის ვადაში.

7. მოპასუხემ აღნიშნა, რომ დასახელებული წინაპირობა რომც არ არსებობდეს, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 420-ე მუხლის საფუძველზე უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად:

10. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 2020 წლის 4 თებერვალს მოსარჩელესა (შემსყიდველს) და მოპასუხეს (მიმწოდებელს) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №69 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის გაეწია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული, „TOYOTA-ს“ და „LEXUS-ის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება, სატენდერო პირობებით განსაზღვრული დებულებების თანახმად, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი, ხელშეკრულების დანართი პრეისკურანტით გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით.

11. ხელშეკრულების 2.3. პუნქტით, მის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 1 020 000 ლარი.

12. ხელშეკრულების მე-3 მუხლით შეთანხმდა მომსახურების გაწევის პირობები, ვადა და ადგილი. 3.1.1 ქვეპუნქტის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად. მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა, უნდა ჩაატაროს სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს „დეფექტური აქტი“ ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და მომსახურების გაწევის ვადა.

13. ხელშეკრულების 3.2. ქვეპუნქტის მიხედვით, მომსახურების გაწევის ვადებია: 3.2.1. სავალი ნაწილებისთვის - არაუმეტეს 2 კალენდარული დღე; 3.2.2. ელექტროობისთვის - არაუმეტეს 3 კალენდარული დღე; 3.2.3. აგრეგატებისთვის - არაუმეტეს 8 კალენდარული დღე; 3.2.4. სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისთვის - არაუმეტეს 10 კალენდარული დღე; 3.2.5. ხანგრძლივი მომსახურებისთვის (ძრავი, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი) - არაუმეტეს 15 კალენდარული დღე; 3.2.6. სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევისთვის არაუმეტეს 25 კალენდარული დღე.

14. ხელშეკრულების 3.4. პუნქტით შეთანხმებულია მომსახურების გაწევის პირობები, მათ შორის, პირობა: სატრანსპორტო საშუალების სერვის ცენტრში მიყვანიდან მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნიდან, არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა, უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინოს ასევე შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, ავტომანქანების ტექმომსახურება უნდა განხორციელდეს „დეფექტურ აქტში“ მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური. ასევე, ყოველი კვირის პარასკევ დღეს მიმწოდებლის მიერ შედგენილ და შემსყიდველისთვის წარდგენილ უნდა იქნეს გაწეული ტექნიკური მომსახურების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, დეფექტური აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი).

15. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.

16. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია.

17. ხელშეკრულების 9.3. პუნქტით, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15 %-ის ოდენობით.

18. ხელშეკრულებით განსაზღვრულ მომსახურების გაწევის ვადაში, 2020 წლის 27 აგვისტოს, მოსარჩელის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX“, სარეგისტრაციო ნომრით PP294DD, შემოწმება/შეკეთების მიზნით, შევიდა მოპასუხის სერვისცენტრში, სადაც დაუდგინდა ძრავის დაზიანება.

19. 2020 წლის 27 აგვისტოსვე შედგა „დეფექტური აქტი“, რაც ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტით შეთანხმებული პირობის თანახმად, უნდა წარდგენოდა მოსარჩელეს. „დეფექტური აქტის“ მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭირო იყო: ძრავის ნახევრადსინთეტიკური ზეთი, ძრავის ზეთის ფილტრი, ანტიფრიზი, წყლის ტუმბრო, თერმოსტატი, ძრავის ღვედი, ძრავის ღვედის დამჭიმი ბორბალი, ძრავის ღვედის დამჭიმი ამორტიზატორი და სხვა ნაწილები და შესაბამისი მომსახურება.

20. ხელშეკრულების ორივე მხარის წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილი შესრულებული სამუშაოს აქტის მიხედვით, შეკეთებაზე მოსარჩელის თანხმობა მოპასუხეს წარედგინა 2020 წლის 14 სექტემბერს. ამავე აქტში „გასვლის თარიღად“ აღნიშნულია 2020 წლის 29 სექტემბერი, რაც სასამართლოს მიერ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად, განიმარტება, როგორც სერვისცენტრიდან შეკეთებული სატრანსპორტო საშუალების გასვლის თარიღი.

21. მოსარჩელის 2020 წლის 21 სექტემბრის წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ 2020 წლის 27 აგვისტოს შემოწმება/შეკეთების მიზნით, მოპასუხის სერვისცენტრში წარდგენილი სატრანსპორტო საშუალება, ხელშეკრულების 3.2.5. პუნქტით შეთანხმებული ვადაში - 15 დღეში შეკეთებული არ იყო.

22. ვადის დარღვევის მიუხედავად, მოსარჩელემ მოსთხოვა მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

23. მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორმა 2020 წლის 2 ოქტომბერს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომელშიც დაადასტურა, რომ ავტომანქანა მოპასუხემ შეაკეთა 2020 წლის 29 სექტემბერს. შიდაუწყებრივი წერილის მიხედვით, მოპასუხეს, როგორც მიმწოდებელს გადაცილებული ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა, რის გამოც, ხელშეკრულების 9.3. პუნქტით ეკისრებოდა პირგასამტეხლო. წერილში პირგასამტეხლოს ოდენობა მითითებული არ ყოფილა.

24. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკაზე სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 417-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით.

25. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების უფლების მოპოვებისთვის, მოსარჩელეს უნდა დაესაბუთებინა მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო პირობის დარღვევა, კერძოდ, ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადის გადაცილება. მოპასუხემ მიუთითა ხელშეკრულების პუნქტსა და სარჩელზე დართულ დოკუმენტზე, რომელთა ერთობლივი შეფასების შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ მოპასუხეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობა არ დაურღვევია. უდავოდ დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალება მოპასუხეს წარედგინა 2020 წლის 27 აგვისტოს. მოპასუხის მიერ დადგინდა, რომ, დაზიანებების გათვალისწინებით, სატრანსპორტო საშუალება საჭიროებდა ხანგრძლივ მომსახურებას. აუცილებელი თანხმობა შეკეთებაზე მოსარჩელისგან მოპასუხეს წარედგინა 2020 წლის 14 სექტემბერს, ხოლო სატრანსპორტო საშუალება მოპასუხემ შეაკეთა 2020 წლის 29 სექტემბერს. თანხმობის მიღების მეორე დღიდან მე-15 დღეს. ამდენად, ხელშეკრულების 3.2.5 პუნქტით გათვალისწინებული, ხანგრძლივი მომსახურების გაწევის ვადა - 15 დღე, მოპასუხეს არ გადაუცილებია. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი არ წარმოშობილა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

26. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

27. კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტაბილური პრაქტიკისაგან, ვინაიდან არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა, ხოლო სააპელაციო პალატამ უკანონოდ არ დააკმაყოფილა სარჩელი.

28. სსკ-ის 319-ე და 417-ე მუხლების საფუძველზე კასატორმა განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადად განისაზღვრებოდა 15 კალენდარული დღე. სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომანქანები 27 აგვისტოს შევიდა შესამოწმებლად/შესაკეთებლად მოპასუხესთან, სადაც დაუდგინდა ძრავის დაზიანება. 2020 წლის 27 აგვისტოს აღნიშნულზე შედგა დეფექტური აქტი. მიმწოდებელი ვალდებული იყო, მომსახურება გაეწია 2020 წლის 27 აგვისტოდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2020 წლის 11 სექტემბრისა. ვადის დინება უნდა დაწყებულიყო დეფექტური აქტის შედგენისთანავე, 2020 წლის 27 აგვისტოდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2020 წლის 11 სექტემბრისა.

29. კასატორმა ყურადღება გაამახვილა საქმეზე წარმოდგენილ 2020 წლის 27 აგვისტოს შედგენილ დეფექტურ აქტზე, რომლითაც კომპანიამ იკისრა მასში გაწერილი ტექნიკური მომსახურების შესრულება, რაც წარმოადგენს სამუშაოს დაწყების წინაპირობას. სწორედ დეფექტური აქტიდან აითვლება შესასრულებელი სამუშაოს ზემოაღნიშნული ვადა. საქმეში წარდგენილი შესრულების სამუშაოს აქტი თარიღდება 2020 წლის 29 სექტემბრით.

30. კასატორის მითითებით, საქმეს მტკიცებულებად დაერთო 2020 წლის 21 სექტემბრის ლოჯისტიკის დეპარტამენტის წერილი, რომელიც გაეგზავნა მოპასუხე კომპანიის დირექტორს და ეცნობა, რომ სადავო მომსახურება მოსარჩელეს დროულად არ გაეწია. აღნიშნული წერილის შინაარსი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.

31. ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ ვადაგადაცილების ფაქტი არ არსებობდა. შესაბამისად, დასახელებული ფაქტების ერთობლიობით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

35. 2020 წლის 4 თებერვალს მოსარჩელესა (შემსყიდველს) და მოპასუხეს (მიმწოდებელს) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №69 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის გაეწია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული, „TOYOTA-ს“ და „LEXUS-ის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება, სატენდერო პირობებით განსაზღვრული დებულებების თანახმად, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი, ხელშეკრულების დანართი პრეისკურანტით გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით.

36. ხელშეკრულების 2.3. პუნქტით, მის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 1 020 000 ლარი.

37. ხელშეკრულების მე-3 მუხლით შეთანხმდა მომსახურების გაწევის პირობები, ვადა და ადგილი. 3.1.1. ქვეპუნქტის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად. მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა, უნდა ჩაატაროს სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს „დეფექტური აქტი“ ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და მომსახურების გაწევის ვადა.

38. ხელშეკრულების 3.2. ქვეპუნქტის მიხედვით, მომსახურების გაწევის ვადებია: 3.2.1. სავალი ნაწილებისთვის არაუმეტეს 2 კალენდარული დღე; 3.2.2. ელექტროობისთვის - არაუმეტეს 3 კალენდარული დღე; 3.2.3. აგრეგატებისთვის - არაუმეტეს 8 კალენდარული დღე; 3.2.4. სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისთვის - არაუმეტეს 10 კალენდარული დღე; 3.2.5. ხანგრძლივი მომსახურებისთვის (ძრავი, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი) - არაუმეტეს 15 კალენდარული დღე; 3.2.6. სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევისთვის არაუმეტეს 25 კალენდარული დღე.

39. ხელშეკრულების 3.4. პუნქტით შეთანხმებულია მომსახურების გაწევის პირობები, მათ შორის, პირობა: სატრანსპორტო საშუალების სერვის ცენტრში მიყვანიდან მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნიდან, არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა, უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინოს ასევე შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, ავტომანქანების ტექმომსახურება უნდა განხორციელდეს „დეფექტურ აქტში“ მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური. ასევე, ყოველი კვირის პარასკევ დღეს მიმწოდებლის მიერ შედგენილ და შემსყიდველისთვის წარდგენილ უნდა იქნეს გაწეული ტექნიკური მომსახურების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, დეფექტური აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი).

40. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.

41. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია.

42. ხელშეკრულების 9.3. პუნქტით, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15 %-ის ოდენობით.

43. ხელშეკრულებით განსაზღვრულ მომსახურების გაწევის ვადაში, 2020 წლის 27 აგვისტოს, მოსარჩელის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX“, სარეგისტრაციო ნომრით PP294DD, შემოწმება/შეკეთების მიზნით, შევიდა მოპასუხის სერვისცენტრში, სადაც დაუდგინდა ძრავის დაზიანება.

44. 2020 წლის 27 აგვისტოსვე შედგა „დეფექტური აქტი“, რაც ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტით შეთანხმებული პირობის თანახმად, უნდა წარდგენოდა მოსარჩელეს.

45. „დეფექტური აქტის“ მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭირო იყო: ძრავის ნახევრადსინთეტიკური ზეთი, ძრავის ზეთის ფილტრი, ანტიფრიზი, წყლის ტუმბრო, თერმოსტატი, ძრავის ღვედი, ძრავის ღვედის დამჭიმი ბორბალი, ძრავის ღვედის დამჭიმი ამორტიზატორი და სხვა ნაწილები და შესაბამისი მომსახურება.

46. ხელშეკრულების ორივე მხარის წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილი შესრულებული სამუშაოს აქტის მიხედვით, შეკეთებაზე მოსარჩელის თანხმობა მოპასუხეს წარედგინა 2020 წლის 14 სექტემბერს. ამავე აქტში „გასვლის თარიღად“ აღნიშნულია 2020 წლის 29 სექტემბერი, რაც სასამართლოს მიერ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად, განიმარტება, როგორც სერვისცენტრიდან შეკეთებული სატრანსპორტო საშუალების გასვლის თარიღი.

47. მოსარჩელის 2020 წლის 21 სექტემბრის წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ 2020 წლის 27 აგვისტოს შემოწმება/შეკეთების მიზნით, მოპასუხის სერვისცენტრში წარდგენილი სატრანსპორტო საშუალება, ხელშეკრულების 3.2.5. პუნქტით შეთანხმებული ვადაში - 15 დღეში შეკეთებული არ იყო.

48. ვადის დარღვევის მიუხედავად, მოსარჩელემ მოსთხოვა მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

49. მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორმა 2020 წლის 2 ოქტომბერს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომელშიც დაადასტურა, რომ ავტომანქანა მოპასუხემ შეაკეთა 2020 წლის 29 სექტემბერს. შიდაუწყებრივი წერილის მიხედვით, მოპასუხეს, როგორც მიმწოდებელს გადაცილებული ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა, რის გამოც, ხელშეკრულების 9.3. პუნქტით ეკისრებოდა პირგასამტეხლო. წერილში პირგასამტეხლოს ოდენობა მითითებული არ ყოფილა.

50. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის).

51. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

52. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს პირგასამტეხლოს თავისებურებაზე.

53. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).

54. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).

55. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016). პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

56. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

57. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინაწარაა განსაზღვრული, კეძოდ ვალდებულების დარვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შესურულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდესის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).

58. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა, როგორც ვალდებულების არაჯეროვნად, არასრულად შესრულება, ასევე მისი შეუსრულებლობაც (შდრ: სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი.) პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებატა სისტემა, თბილისი, 2010, გვერდი. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს ტაობაზე წერილობითი შეტანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93).

59. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).

60. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019წ.).

61. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ.

62. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. კანონის ინტერპრეტაცია სამართლიან მოწესრიგებასა და ოპტიმალურ დაკმაყოფილებას უნდა იწვევდეს.

63. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89). პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქლქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89, სუსგ 31 მაისი, 2022 წ. საქმე №ას-1006-2021, პ.17).

64. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს ხელშეკრულება წარმოადგენს. საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი და დაცულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, კერძოდ, სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება კანონს“.

65. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ამოწმებს რა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სისწორეს, წარმოდგენილი კასაციის ფარგლებში [სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი] აღნიშნავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის იურიდიული შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (შემდგომ - სსსკ) განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

66. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

67. სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.

68. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

69. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.

70. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შედიან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლოს შეხედულებით სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს.კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არაა, ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.

71. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64). 111.

72. თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს სადავო (დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე) გარემოებებს, სარჩელი არ დაკმაყოფილდება. სარჩელის წარმატება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის (დამფუძნებელი ნორმა) წინაპირობების მითითება/დადასტურებაზეა დამოკიდებული, ასეთი შედავების დროს მოპასუხე სადავოდ ხდის სწორედ მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც მოთხოვნის არსებობას გამორიცხავენ, საკმარისია მოპასუხის მხრიდან თუნდაც ერთი წინაპირობის გამორიცხვა, რომ სარჩელის წარმატებას საფრთხე შეექმნას.

73. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.

74. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებასდა ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინმტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს) (იხ. სუსგ 22.11.2022წ. საქმე №ას-1263-2022).

75. განსახილველ საქმეზე პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობად მხარეებმა გაითვალისწინეს მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილება (ხელშეკრულების 9.3 პუნქტი). სატრანსპორტო საშუალება მოპასუხეს წარედგინა 2020 წლის 27 აგვისტოს. მოპასუხემ დაადგინა, რომ, დაზიანებების გათვალისწინებით, სატრანსპორტო საშუალება საჭიროებდა ხანგრძლივ მომსახურებას. აუცილებელი თანხმობა შეკეთებაზე მოსარჩელისგან მოპასუხეს წარედგინა 2020 წლის 14 სექტემბერს, ხოლო სატრანსპორტო საშუალება მოპასუხემ შეაკეთა 2020 წლის 29 სექტემბერს. თანხმობის მიღების მეორე დღიდან მე-15 დღეს. ხელშეკრულების 3.2.5 პუნქტით გათვალისწინებული იყო ხანგრძლივი მომსახურების გაწევის ვადა - 15 დღე,

76. ამდენად, საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი გარემოებების, სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, შეფასების საფუძველზე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით საფუძველს მოკლებულია.

77. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

78. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

79. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

80. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

81. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

82. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე