საქმე №ა-6887-შ-167-2022 09 მარტი 2023 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ჯ.ბ–ე
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ბ–ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - თურქეთის რესპუბლიკის ქორფეზეს საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის N2021/61 გადაწყვეტილების, განქორწინების ნაწილში ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თურქეთის რესპუბლიკის ქორფეზეს საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის N2021/61 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მხარეები დაქორწინდნენ 2019 წლის 09 დეკემბერს, ქორწინებიდან არ ჰყავთ საერთო შვილი, მხარეები ვერ ეწყობიან ერთმანეთს, როგორც აზრობრივად, ასევე სულიერად და სურთ განქორწინება. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ჯ.ბ–ემ და ა.ბ–ემ განქორწინების თაობაზე მიაღწიეს შეთანხმებას, შეადგინეს პროტოკოლი, დაადასტურეს ხელმოწერებით და წარადგინეს სასამართლოში. 2021 წლის 29 იანვრის ღია სასამართლო სხდომაზე, დამტკიცდა მათ შორის 2021 წლის 27 იანვარს შედგენილი შეთანხმების პროტოკოლი და მხარეები განქორწინდნენ.
2022 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის შესახებ შუამდგომლობით მომართა ჯ.ბ–ემ და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ქორფეზეს საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის N2021/61 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა - მხოლოდ მხარეთა განქორწინების ნაწილში.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ საქმის განხილვა ზეპირი განხილვის (ღია სასამართლო სხდომაზე) საფუძველზე გაიმართა. ამასთან წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე მხარეებმა განაცხადეს უარი და იგი შესულია კანონიერ ძალაში.
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით, რომელიც წარმოდგენილ დოკუმენტაციას ერთვის, დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი ჯ.ბ–ე არის საქართველოს მოქალაქე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 იანვრის განჩინებით, ჯ.ბ–ეს შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ქორფეზეს საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის N2021/61 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ ჯ.ბ–ეს შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ქორფეზეს საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის N2021/61 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე განქორწინების ნაწილში ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის ქორფეზეს საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის N2021/61 გადაწყვეტილებით, განმცხადებელ ჯ.ბ–ეს და მოპასუხე ა.ბ–ეს შორის 2019 წლის 09 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
პალატა აქვე განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (იხ. სუსგ: საქმე №ა-4110-შ-117-2021, 2021 წლის 05 ოქტომბერი, ასევე იხ: ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის ქორფეზეს საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის N2021/61 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე განქორწინების ნაწილში ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ.ბ–ეს შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ქორფეზეს საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის N2021/61 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე განქორწინების ნაწილში ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის ქორფეზეს საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის N2021/61 გადაწყვეტილება ჯ.ბ–ესა და ა.ბ–ეს განქორწინების ნაწილში;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე