საქმე №ა-4957-შ-133-2022
20 მარტი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.ო–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ყ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების, ქ. ნიუ-იორკის, მეფეების (კინგზის) ოლქის უზენაესი სასამართლოს 26.08.2020 წლის გადაწყვეტილება N 50102/2020
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ამერიკის შეერთებული შტატების ქ. ნიუ-იორკის, მეფეების (კინგზის) ოლქის უზენაესი სასამართლოს 26.08.2020 წლის გადაწყვეტილებით, ა.ო–ის სარჩელი ნ.ყ–ის მიმართ, განქორწინების შესახებ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ა.ო–სა და ნ.ყ–ს შორის ქორწინება შეწყდა.
2. მხარეებმა სასამართლოში წარადგინეს 2020 წლის 22 იანვარს დადებული განქორწინების და მორიგების ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებულია და მისი ორიგინალი ინახება სასამართლოში. აღნიშნული მორიგების ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე ნ.ყ–ს აქვს კანონიერი და პირველადი მეურვეობის უფლება ქორწინების შედეგად გაჩენილ ბავშვებზე, 2016 წლის 26 სექტემბერს დაბადებულ ო.ო–სა და 2013 წლის 17 ნოემბერს დაბადებულ კატო ოქრუაშვილზე. მოსარჩელეს, ა.ო–ს შეუძლია მოინახულოს ქორწინების შედეგად გაჩენილი არასრულწლოვანი ბავშვები, მხარეთა შორის 2020 წლის 22 იანვრის განქორწინების და მორიგების ხელშეკრულების შესაბამისად. მოსარჩელე თანახმაა გადაუხადოს მოპასუხეს ბავშვების შესანახად ალიმენტი, 600.00 აშშ დოლარი თვეში.
3. 2022 წლის 28 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა ა.ო–მა და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ქ. ნიუ-იორკის, მეფეების (კინგზის) ოლქის უზენაესი სასამართლოს 26.08.2020 წლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების ნაწილში.
4. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, ქ. ნიუ-იორკის, მეფეების (კინგზის) ოლქის უზენაესი სასამართლოს 26.08.2020 წლის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. აგრეთვე, მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ.
5. შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით წარმოდგენილი შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას თანდართული მასალებით და მიაჩნია, რომ – ა.ო–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ქ. ნიუ-იორკის, მეფეების (კინგზის) ოლქის უზენაესი სასამართლოს 26.08.2020 წლის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
10. პალატა აქვე განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (იხ. სუსგ: საქმე №ა-4110-შ-117-2021, 2021 წლის 05 ოქტომბერი, ასევე იხ: ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).
11. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების ქ. ნიუ-იორკის, მეფეების (კინგზის) ოლქის უზენაესი სასამართლოს 26.08.2020 წლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ო–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ქ. ნიუ-იორკის, მეფეების (კინგზის) ოლქის უზენაესი სასამართლოს 26.08.2020 წლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ქ. ნიუ-იორკის, მეფეების (კინგზის) ოლქის უზენაესი სასამართლოს 26.08.2020 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ქორწინება მოსარჩელე ა.ო–სა და მოპასუხე ნ.ყ–ს შორის.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თ. ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე