საქმე №ა-5290-შ-141-2022
17 მარტი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – დ.გ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.პ–ვა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს, საოჯახო საქმეთა განყოფილების 02.04.2019 წლის გადაწყვეტილება N 555 F 11782/18
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 02.04.2019 წლის N 555 F 11782/18 გადაწყვეტილებით, შეწყდა ქორწინება მოსარჩელე - დ.გ–ას (დაბადებული 1981 წლის 23 სექტემბერს ზუგდიდში) - მოპასუხე ნ.პ–ვას (დაბადებული 1986 წლის 16 აპრილს საკაპაცკაში/უკრაინა) შორის, რეგისტრირებული 06.12.2018 წელს (სარეგისტრაციო N01151022586) ქ. თბილისი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
2. 2022 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა დ.გ–ამ და მოითხოვა გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 02.04.2019 წლის N 555 F 11782/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მეუღლეებმა იქორწინეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მმაჩის ბიუროში თბილისში/საქართველოს რესპუბლიკა 06.12.2018წ. სარეგისტრაციო N01151022586. 2018 წლის თებერვლიდან ცოლ-ქმარი ცხოვრობს ცალ-ცალკე. მხარეები თანახმანი არიან განქორწინებაზე.
4. გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 02.04.2019 წლის N555 F 11782/18 გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2019 წლის 7 მაისს. აგრეთვე, მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ.
5. შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით წარმოდგენილი შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას თანდართული მასალებით და მიაჩნია, რომ – დ.გ–ას შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 02.04.2019 წლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
10. პალატა აქვე განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (იხ. სუსგ: საქმე №ა-4110-შ-117-2021, 2021 წლის 05 ოქტომბერი, ასევე იხ: ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).
11. დადგენილია, რომ გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 02.04.2019 წლის N 555 F 11782/18 გადაწყვეტილებით, შეწყდა ქორწინება მოსარჩელე - დ.გ–ას (დაბადებული 1981 წლის 23 სექტემბერს ზუგდიდში) - მოპასუხე ნ.პ–ვას (დაბადებული 1986 წლის 16 აპრილს საკაპაცკაში/უკრაინა) შორის, რეგისტრირებული 06.12.2018 წელს (სარეგისტრაციო N01151022586) ქ. თბილისი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
12. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიუნხენის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 02.04.2019 წლის N555 F 11782/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.გ–ას შუამდგომლობა, გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს, საოჯახო საქმეთა განყოფილების 02.04.2019 წლის N555 F 11782/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს, საოჯახო საქმეთა განყოფილების 02.04.2019 წლის N555 F 11782/18 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა მეუღლეთა შორის ქორწინება რეგისტრირებული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მმაჩის ბიუროში თბილისში/საქართველოს რესპუბლიკა 06.12.2018წ. სარეგისტრაციო N01151022586.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თ. ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე