საქმე №ა-6701-შ-163-2022 11 აპრილი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ლ.კ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ი–ი
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, მეშჩანსკის რაიონული სასამართლოს 11.09.2019 წლის გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება") ლ.კ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "შუამდგომლობის ავტორი“) სარჩელი ზ.ი–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოწინააღმდეგე მხარე“, "მოპასუხე") მიმართ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა 7 500 000 რუბლის, პროცენტის - 1 704 760 რუბლისა და სახელმწიფო ბაჟის - 54 224 რუბლის გადახდა.
2. შუამდგომლობის ავტორმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 15.10.2019 წელს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.02.2023 წლის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
5. საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში "კონვენცია") მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.04.2023 წლის განჩინებით შუამდგომლობა სსსკ-ის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ამავე კოდექსის 275-ე მულხის მე-2 ნაწილის მიხედვით დარჩა განუხილველად, ვინაიდან, მოპასუხისთვის შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ჩაბარება ვერ მოხდა. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობის ავტორმა ვერ შეძლო მოპასუხის სწორი მისამართის მითითება. შესაბამისად, საკასაციო პალატის 04.04.2023 წლის განჩინებით შუამდგომლობაზე დამთავრდა წარმოება.
8. ამის შემდგომ, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოწინააღმდეგე მხარის საცხოვრებელი ადგილის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მის მიერ საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.
9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.04.2023 წლის განჩინებით თავად შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩა განუხილველად, აღარ არსებობს მასთან დაკავშირებით ინფორმაციის/მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე წარმოდგენილი განცხადების განხილვის სამართლებრივი საფუძველი, რაც მისი განუხილველად დატოვების წინაპირობაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 71-ე, 103-ე, 275-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.კ–ვას განცხადება ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მომხსენებელი: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია