საქმე №ას-1258-2022 1 მარტი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ლ.ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ბ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, სამკვიდრო ქონებაზე უფლებადაკარგულად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივარის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბ.ბ–ი (შემდგომში „მოსარჩელე“) და ლ.ბ–ი (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) არიან 2011 წლის 12 ივნისს გარდაცვლილი გ.ბ–ის (შემდგომში „მამკვიდრებელი“) პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები, შვილები.
2. მამკვიდრებელს დარჩა კიდევ ერთი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შვილი - თ.ბ–ი, რომელიც გარდაიცვალა 2016 წლის 5 ნოემბერს (მას პირველი რიგის მემკვიდრეები არ დარჩენია).
3. მამკვიდრებლის სამკვიდრო მასაში შედის მცხეთაში, სოფელ ......., ....... ქუჩა N4-ში მდებარე 368 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 71.57 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, ამავე სოფელში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ.......; ს/კ.......; ს/კ.......) (შემდგომში „სამკვიდრო ქონება“, „სადავო ქონება“ ან „სადავო უძრავი ქონება“).
4. მოსარჩელემ და მოპასუხემ სამკვიდროს მიღების მიზნით განცხადებით მიმართეს სანოტარო ბიუროს სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც ნოტარიუსის 2017 წლის 6 ნოემბრის #171297449 დადგენილებით, მათ უარ ეთქვათ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.
5. მოსარჩელემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის დანაშთი ქონება.
6. მოსარჩელის მოთხოვნა
მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ და ამავე ქონებაზე მოპასუხის უფლებადაკარგულად ცნობა.
7. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმა რტა, რომ იგი, ისევე როგორც მოსარჩელე, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა სადავო სამკვიდრო მასას, შესაბამისად, მოსარჩელე უნდა აღირიცხოს მხოლოდ სადავო ქონების ½ წილის მესაკუთრედ.
8. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო უძრავი ქონების ½ წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ; მეორე სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
9. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ და მემკვიდრედ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა სრულად; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
10.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1421-ე, 1424-ე, 1499-ე-1500-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სადავო არ იყო მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი გზით დაუფლების საკითხი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს ეკისრებოდა იმ გარემოების დამტკიცების მოვალეობა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ იგი, მოსარჩელესთან ერთად, ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. სააპელაციო პალატამ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებისა და მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებების ერთობლივად შეფასებით დაასკვნა, რომ ზემოაღნიშნული გარემოების დამტკიცების მიზნით მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა პირებმა უტყუარად ვერ დაადასტურეს ეს გარემოება, მეტიც, მოწმეთა ჩვენებები ეწინააღმდეგებოდა თავად მოპასუხის ახსნა-განმარტებებს, მოპასუხის პოზიციაც არ იყო ერთმნიშვნელოვანი და ბევრ ურთიერთგამომრიცხავ ფაქტს მოიცავდა, რის გამოც, არ არსებობდა მათი გაზიარების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა. ამდენად, სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში მოპასუხემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო. შესაბამისად, სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მთლიან სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
11. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული შედეგის უცვლელად დატოვების მოთხოვნით.
11.2. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთადერთ საფუძვლად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების არასათანადოობაზე მიუთითა მაშინ, როდესაც სწორედ დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დგინდებოდა, რომ მამის გარდაცვალებიდან 2011 წლიდან 2016 წლამდე მოპასუხე მამის დანაშთ ქონებაში ცხოვრობდა მუდმივად და უვლიდა მძიმედ ავადმყოფ ძმას, ხოლო მისი გარდაცვალების შემდგომ, ეწეოდა სოფლის მეურნეობას და რძის პროდუქტები ჩაჰქონდა თბილისში გასაყიდად. სასამართლომ არ შეაფასა საპატრულო პოლიციის ოქმებიც, რომლებიც ადასტურებდა, რომ მამის გარდაცვალების შემდგომ მოსარჩელე მუდმივად ავიწროვებდა მოპასუხეს, ფიზიკურად თუ სიტყვიერად ძალადობდა მასზე, რათა იგი არ შესულიყო მშობლების სახლში და უარი ეთქვა სამკვიდროზე.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადოდ შეაფასა ისინი, ამასთან, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და არსებითად დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რომლითაც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა თუ მსჯელობას.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მემკვიდრეობის გზით ქონების მიღებისა და საკუთრების მოპოვების სპეციალურ წესს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე ნორმის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (იხ. სუსგ საქმე №ას-283-268-2017, 07.07.2017). მითითებული დანაწესის თანახმად, კანონი ითვალისწინებს სამკვიდროს მიღების ორ საშუალებას - სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანას ან სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობისა და მართვის დაწყებას. საგულისხმოა, რომ სამკვიდროს მიღების საშუალების შერჩევა მთლიანად მემკვიდრის მიხედულებაზეა დამოკიდებული და კანონი უპირატეს მდგომარეობაში არ აყენებს მას, ვინც სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსს მიმართა ან მას, ვინც ფაქტობრივად დაეუფლა დანაშთ ქონებას, რადგან ორივე იურიდიული ფაქტის დადგომას კანონი განიხილავს სამკვიდროს მიღებად. დასაშვებია ისიც, რომ ერთი მამკვიდრებლის რამდენიმე მემკვიდრემ სამკვიდროს მიღების განსხვავებული მექანიზმები შეარჩიონ - ნაწილი სამკვიდროს ფაქტობრივად დაეუფლოს, ნაწილმა კი სანოტარო ორგანოს მიმართოს განცხადებით. მთავარია, რომ ნების გამოვლენა სამკვიდროს მიღებაზე განხორციელდეს კანონით განსაზღვრულ 6 თვიან ვადაში, რომლის დინებაც იწყება მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან.
18. ამასთან, სამემკვიდრეოსამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღეს სსკ-ის 1319-1320-ე მუხლები), არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (იხ. სუსგ საქმე №ას-283-268-2017, 07.07.2017; საქმე №ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; საქმე №ას-203-193-2016, 02.06.2016; საქმე №ას-972-921-2015, 15.12.2015წ; საქმე №ას-482-455-2012, 31.05.2012წ).
19. განსახილველ დავაში საკასაციო საჩივრის ავტორის (მოპასუხის) ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები - მოწმეთა ჩვენებები, რის გამოც არასწორად დაასკვნა, რომ მოპასუხეს მამის დანაშთი ქონება არ მიუღია ფაქტობრივი ფლობით. კასატორის მოსაზრებით, უკანონოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ მხოლოდ მოსარჩელის მიჩნევის შესახებ.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არც მატერიალური და არც საპროცესო სამართლის ნორმები არ გვთავაზობს მტკიცებულებათა იმგვარ ნუსხას, რომლებითაც შეიძლებოდა, დადასტურებულიყო მემკვიდრის მიერ სამკვიდროს დადგენილ ვადაში მესაკუთრის მსგავსად დაუფლება, შესაბამისად, ეს გარემოება შეიძლება დადასტურდეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი მტკიცებულებით (მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, ნივთიერი თუ წერილობითი მტკიცებულება და სხვა) (იხ. სუსგ საქმე №ას-1114-1071-2016,22 ნოემბერი, 2018 წელი).
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია მტკიცებულებათა ცალკეული სახეები, რომელთა შორისაა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები. სსსკ-ის 140.1 მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია საქმის შესახებ რაიმე გარემოება. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე მხარეთა მიერ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს (სსსკ-ის 105-ე მუხლი). მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. ყველა მტკიცებულება უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და, აგრეთვე, იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი (იხ. სუსგ საქმე №ას-175-175-2018, 19.07.2018).
22. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს, თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი, პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (იხ. სუსგ საქმე №ას-400-2020, 15.02.2020).
23. მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფიზიკური მდგომარეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვისაა დამახასიათებელი და სწორედ ამ გზით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (იხ. სუსგ საქმე №ას-1698-1592-2012, 2.06.2014).
24. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პოზიციას მოწმეთა ჩვენებების არასწორად შეფასების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ მტკიცებულებებით არ დგინდება კასატორის (მოპასუხის) მიერ სადავო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღება. საკასაციო შედავების ფარგლებში პალატამ შეისწავლა ხსენებული ჩვენებები, ყოველმხრივ და სრულად გამოიკვლია მათი თანმიმდევრულობა, თუმცა მიიჩნევს, რომ მოწმედ დაკითხულმა პირებმა დამაჯერებლად ვერ დაასაბუთეს მოპასუხის მიერ სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტი, მათი ჩვენებები დამაჯერებლად არ აღწერს იმგვარ სარწმუნო ფაქტებს, რომელთა ანალიზი დაადასტურებდა მტკიცების საგანში შემავალ უმნიშვნელოვანეს ფაქტს. კერძოდ: ა) მოწმე ვ.დ–ძის განმარტებით, მეუღლესთან ოჯახური პრობლემების გამო მოპასუხე სოფელ ....... მამისეულ სახლში ცხოვრობდა და იქ ეწეოდა მეურნეობას. ეს ხდებოდა მოპასუხის მამის გარდაცვალების შემდეგ, თუმცა ზუსტ პერიოდს ვერ ასახელებს. მოწმის განმარტებით, მას აღნიშნული ფაქტი კარგად ახსოვს, რადგან მეუღლის ავტომანქანით რამდენჯერმე დაეხმარა კიდეც მოპასუხეს პროდუქტების წამოღებაში .......დან, თუმცა ამავე ჩვენებაში მოწმე უთითებს, რომ მანქანა გაყიდეს და 2003 წლის შემდეგ აღარ ჰყოლიათ. მოწმემ გადმოცემით იცის მოპასუხისგან, რომ მამის გარდაცვალების პერიოდშიც და ძმის, თ–ის გარდაცვალების შემდეგაც, მოპასუხე ....... ცხოვრობდა, თუმცა ამ დროისთვის იგი პირადად მოპასუხესთან არ ყოფილა; ბ) მოწმე ა.ჭ–ძის განმარტებით, მოპასუხე მართალია დაოჯახებული იყო, თუმცა მალე წამოვიდა მეუღლის სახლიდან და ფაქტობრივად სოფელ ....... ცხოვრობდა. მოწმეს არ ახსოვს როდის გარდაიცვალა მამკვიდრებელი, თუმცა ავადმყოფობის დროს სანახავად იყო მისული მეგობართან ერთად და ამ დროისთვის დაზუსტებით იცის, რომ მოპასუხე იქ ცხოვრობდა და მამას უვლიდა. მოწმის განმარტებით, მან მოპასუხე ბოლოს ....... ნახა დაახლოებით ერთი წლის წინ; გ) მოწმე მ.მ–ის განმარტებით, მოპასუხე მისი ბიცოლაა, ქორწინებიდან ძალიან მალე მოპასუხესა და მის მეუღლეს პრობლემები შეექმნათ, რის გამოც მოპასუხე მამის სახლში დაბრუნდა. მისი ჩვენებით, მამკვიდრებელს ჰყავდა საქონელი, რომელსაც ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ მოპასუხე და მისი ძმა, თ–ი უვლიდა. მოწმე მიუთითებს, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ 6 თვის ვადაში იყო ასული მუხადგვერდში და იქ ნახა მოპასუხე, თუმცა, მისივე მითითებით იგი აგვისტოში თურქეთში წავიდა.
25. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებების არათანმიმდევრულობა, მეტიც, ურთიერთწინააღმდეგობა, ხოლო კასატორი სწორედ აღნიშნულ ჩვენებებზე მითითებით აპელირებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტზე - სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღებაზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად უარყო მოპასუხის პრეტენზია და წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, მამის დანაშთი ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ მართებულად მიიჩნია მხოლოდ მოსარჩელე.
26. რაც შეეხება საპატრულო პოლიციის ოქმებს, რაზეც ასევე მიუთითებს მოპასუხე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მათი შინაარსით ასევე არ შეიძლება დადასტურდეს მამის გარდაცვალების შემდეგ სადავო ქონების მოპასუხის მიერ ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაუბრების ოქმების შინაარსით, მართალია, დგინდება მათი შედგენის დროისთვის (2017 წელი) მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამკვიდრო ქონებაზე დავის არსებობა, თუმცა აღნიშნული თავისთავად არ ადასტურებს მამის გარდაცვალების შემდგომ (2011 წელი) მოპასუხის მიერ სადავო სახლში ცხოვრებასა და მისი ფაქტობრივი ფლობით მიღებას (გასაუბრების ოქმებში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი ცხოვრობდა სადავო სახლში, ხოლო მოპასუხე 1985 წლის შემდეგ (დაოჯახების შემდეგ) ცხოვრობდა სოფ. სამგორში და იშვიათად ჩადიოდა ძმასთან. რადგან და-ძმას ჰქონდათ ქონებრივი დავა მამისეულ სახლზე, სანამ სასამართლო არ მიიღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას, მოსარჩელე გამოხატავდა მზადყოფნას მოპასუხეს ამ სახლში როგორც სტუმარს ისე ეცხოვრა (იხ. გასაუბრების ოქმები, ტ. 1, ს.ფ 58-60).
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
28. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა მატერიალური და საპროცესოსამართლებრივი ნორმები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე
ვ. კაკაბაძე