Facebook Twitter

საქმე №ას-1500-2018 11 ივნისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს პარლამენტი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ფ.კ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1.

2. 2014 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტსა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „მეიჯარე“) და ფ.კ–ძეს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოიჯარე“) შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება #01, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელისაგან იჯარით აიღო ქ. თბილისში, ...... მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლეში კვების ბლოკის ფუნქციონირებისათვის 398 კვ.მ. საიჯარო ფართი. ხელშეკრულება დაიდო 2 წლის ვადით 27.10.2016 წლამდე. იჯარის ხელშეკრულებით იჯარით აღებული ქონებით სარგებლობისათვის საიჯარო ქირამ აუქციონის შედეგების გათვალისწინებით წელიწადში შეადგინა 143 904 ლარი, რომელიც უნდა გადახდილიყო ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად, ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა, თვეში 11 992 ლარის ოდენობით.

3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის - საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელის 0.1%-ის ოდენობით, ასევე მოიჯარის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, პირგასამტეხლო ერთი წლის საიჯარო ქირის ოდენობით.

4. იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო უზრუნველეყო საიჯარო ფართზე კვების ბლოკის ფუნქციონირება.

5. ხელშეკრულება ვადამდე შეწყდა მოპასუხის ინიციატივით 06.05.2015 წლიდან, რაშიც მოსარჩელეს ბრალი არ მიუძღვის.

6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა:

5.1. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მხარეთა შორის 27.10.2014 წლის #01 საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2015 წლის თებერვლის თვის გადაუხდელი საიჯარო ქირის დავალიანების - 5 992 ლარის, 2015 წლის მარტის თვის გადაუხდელი საიჯარო ქირის დავალიანების - 11 992 ლარის, 2015 წლის აპრილის თვის გადაუხდელი საიჯარო ქირის დავალიანების - 11 992 ლარის და 2015 წლის მაისის თვის ოთხი დღის გადაუხდელი საიჯარო ქირის დავალიანების - 1 547.36 ლარის გადახდის დაკისრება;

5.2. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მხარეთა შორის 27.10.2014 წლის #01 საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის - 31 523.35 ლარის გადაუხდელობისათვის პირგასამტეხლოს - 827.45 ლარის გადახდის დაკისრება;

5.3. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მხარეთა შორის 27.10.2014 წლის #01 საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის გამო, წლიური საიჯარო საფასურის - 143 904 ლარის გადახდის დაკისრება.

7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

7.1. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მხარეთა შორის 27.10.2014 წლის #01 საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2015 წლის თებერვლის თვის გადაუხდელი საიჯარო ქირის დავალიანების - 5992 ლარის, 2015 წლის მარტის თვის გადაუხდელი საიჯარო ქირის დავალიანების -11992 ლარის, 2015 წლის აპრილის თვის გადაუხდელი საიჯარო ქირის დავალიანების - 11992 ლარის და 2015 წლის მაისის თვის ოთხი დღის გადაუხდელი საიჯარო ქირის დავალიანების - 1547.36 ლარის გადახდა;

7.2. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მხარეთა შორის 27.10.2014 წლის #01 საიჯარო ხელშეკრულებიდან გასვლის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით 22784.80 ლარის გადახდა;

7.3. მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის - მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მხარეთა შორის 27.10.2014 წლის #01 საიჯარო ხელშეკრულებიდან გასვლის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით 121119.20 ლარის გადახდის დაკისრება - დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი;

7.4. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მხარეთა შორის 27.10.2014 წლის #01 საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო გადასახადის - 31523.35 ლარის მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისათვის პირგასამტეხლოს - 827.45 ლარის გადახდა.

9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის ნაწილში (წინამდებარე განჩინების 7.3 ქვეპუნქტი) სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება.

11. სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, დადგენილად ჩათვალა მოსარჩელის (აპელანტის) მიერ სააპელაციო საჩივარსა და ახსნა-განმარტებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტები).

12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ხელშეკრულების შეწყვეტა სწორედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმას წარმოადგენს და მოიჯარის ინიციატივით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო მეიჯარეს წარმოეშობა ხელშეკრულების 4.5 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.

13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხელშეკრულების 4.5. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს წლიურ საიჯარო ღირებულებას - 143 904 ლარს, საიდანაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისრა 22 784.80 ლარი.

14. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხისათვის 121119.20 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 121119.20 ლარის დაკისრების საფუძველი, რადგან დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, იურიდიულად არ ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას.

15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო და სააპელაციო საჩივრით სადავო არ იყო, რომ იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართზე 2015 წლის 2 ივლისიდან ახალი ხელშეკრულება დაიდო. სააპელაციო პალატამ ამ გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული 22784.80 ლარი უზრუნველყოფდა ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას, შეესაბამებოდა პირგასამტეხლოს ფუნქციას და არ არსებობდა მოპასუხისათვის სადავო თანხის დაკისრების საფუძველი.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 121 119,20 ლარის გადახდის დაკისრება.

17. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

16.1. მხარეთა შორის გაფორმებული იყო 2-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება და, ნაცვლად 2 წლის საიჯარო ქირის ოდენობის პირგასამტეხლოსი, მხარეები შეთანხმდნენ 1 წლის საიჯარო ქირის ოდენობის პირგასამტეხლოზე, რაც არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს;

16.2. პირგასამტეხლო მოიცავს ზიანის ანაზღაურებას. ხელშეკრულება დადებული იყო ორი წლის ვადით და ხელშეკრულების შესრულებაზე უარის თქმით გამოწვეული ზიანის ოდენობად სწორედ ორი წლის საიჯარო ქირის ოდენობა უნდა ჩათვლილიყო, ნაცვლად ერთი წლის საიჯარო ქირის ოდენობისა, რის დაკმაყოფილებაზეც კი უარი თქვა სასამართლომ;

16.3. კრედიტორისათვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია ხელშეკრულების შეუსრულებლობა და ამით გამოწვეული შედეგები, ვინაიდან საუბარია ისეთი სახელმწიფო დაწესებულების კვებით უზრუნველყოფაზე, როგორიც საქართველოს პარლამენტია, სადაც რამდენიმე ასეული თანამშრომლისა და სტუმრის კვებით უზრუნველყოფა ევალებოდა მოიჯარეს;

16.4. ახალი მოიჯარე მოპასუხეს არ შეუთავაზებია, ამასთან, ახალ მოიჯარესთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, წლიური საიჯარო ქირის ოდენობა გაცილებით ნაკლები თანხაა (34 304 ლარი) (ფასი აუქციონის შედეგებით დგინდება), შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 1 წლის საიჯარო ქირის ოდენობით და არა - იმ ზიანის ოდენობით, რასაც ორი წლის საიჯარო ქირა შეადგენს. გონივრული განსჯის შედეგად შესაძლებელი იყო სასამართლოს დაედგინა პირგასამტეხლოს ის ოდენობა, რაც იმ საიჯარო ქირებს შორის სხვაობაში გამოიხატება, რომლებიც თავდაპირველ მოიჯარესა და ახალ მოიჯარესთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს;

16.5. პირველი ინსტანციის სასამართლოს მტკიცებით, „პირგასამტეხლო, როგორც ასეთი, არ შეიძლება დაწესდეს მხარის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლისათვის, ვინაიდან, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მეორე მხარეს წარმოეშობა ხელშეკრულებიდან ვადამდე მხარის გასვლით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების და არა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება“. სააპელაციო სასამართლო, ერთი მხრივ, დაეყრდნო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმებს, რომლებიც შეეხება პირგასამტეხლოს, რაც ამოსავალი იყო არსებული სადავო საკითხის გადაწყვეტისას, მაგრამ, მეორე მხრივ, დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით - 22 784.80 ლარის ოდენობით დაკისრების შესახებ, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების საკითხიდან გამომდინარე ვალდებულებას და იგი პირგასამტეხლოს საკითხისაგან განყენებულია, შესაბამისად, სწორედ ამ მიმართულებით საკითხის სრულყოფილად განუხილველობამ, ასევე, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ მიჩნევამ განაპირობა გადაწყვეტილების იურიდიულად საკმარისად დაუსაბუთებლობა;

16.6. სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ დაუსაბუთებია, თუ რატომ იყო შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხა;

16.7. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც განაპირობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმამ. შესაბამისად, მხარეებს რომ არ გაეთვალისწინებინათ აღნიშნული პირობის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, მაშინ ამოქმედდებოდა ზიანის ანაზღაურების შესახებ მუხლები, რომლებიც თავისი არსით განსხვავდება პირგასამტეხლოს არსისა და მიზნისაგან. ერთიანი თანხის სახით პირგასამტეხლოს დაწესებაზე მხარეთა შეთანხმება იმ გარემოებითაც იყო განპირობებული, რომ არსებული მოცემულობის პირობებში, კერძოდ, როცა საკითხი შეეხებოდა საქართველოს პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლებისა და პარლამენტის უამრავი სტუმრის კვებით უზრუნველყოფის საკითხს, შეუძლებელი იქნებოდა ზუსტად განსაზღვრა იმ ზიანისა, რაც შეიძლება დამდგარიყო ხელშეკრულების შეუსრულებლობის ანუ ხელშეკრულების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, რისი მტკიცების ტვირთიც მოსარჩელის მხარეზე იქნებოდა, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობაც გონივრული და სამართლიანია. ხელშეკრულების 4.5. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო წარმოადგენს სწორედ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ადეკვატურ პასუხისმგებლობას, რაც რეალურად გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ის ზიანი და მიუღებელი შემოსავალი, რაც ხელშეკრულების შეუსრულებლობით შეიძლებოდა დამდგარიყო მოსარჩელე მხარისათვის;

16.8. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ ახალ მოიჯარესთან ხელშეკრულება გაფორმდა 02.07.2015 წელს, რომლის თანახმად, როგორც ცნობილია, ყოველწლიური საიჯარო ქირის ოდენობად განისაზღვრა - 38 304 ლარი. ასევე, უდავოა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მოპასუხე რომ არ გასულიყო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან ვადაზე ადრე, მოსარჩელე 27.10.2016 წლამდე მიიღებდა ყოველთვიურად 11 992 ლარს. ამდენად, გაურკვეველია სასამართლოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2015 წლის 2 ივლისიდან ახალ მოიჯარესთან ხელშეკრულების გაფორმება და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო - 22784.80 ლარი უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას;

16.9. თუკი სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა ზემოაღნიშნულ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ემსჯელა და გაეთვალისწინებინა ის გარემოება, მოხდა თუ არა მოიჯარის ჩანაცვლება სსკ-ის 588-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში არცერთი პირობა არ ყოფილა დაცული მოიჯარის მხრიდან.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

20. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

22. საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია მოპასუხისთვის შემცირებული პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერება.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-214-204-2016, 22 ივნისი, 2016 წელი, საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი 2010 წელი).

24. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი].

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (იხ. სუსგ საქმე №ას-214-204-2016, 22 ივნისი, 2016 წელი).

26. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).

27. სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო [სსკ-ის 420-ე მუხლი]. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე (იხ. სუსგ საქმე №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

28. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა მოიჯარის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში პირგასამტეხლო ერთი წლის საიჯარო ქირის ოდენობით. დადგენილია ისიც, რომ ხელშეკრულება ვადამდე შეწყდა მოპასუხის ინიციატივით 06.05.2015 წლიდან, რაშიც მოსარჩელეს ბრალი არ მიუძღვის.

29. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ხელშეკრულების შეწყვეტა სწორედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმას წარმოადგენს და ხელშეკრულების მოიჯარის ინიციატივით ვადამდე შეწყვეტის გამო მეიჯარეს წარმოეშვა ხელშეკრულების 4.5 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.

30. დადგენილია ასევე, რომ ხელშეკრულების 4.5. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს წლიურ საიჯარო ღირებულებას - 143 904 ლარს, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 22 784.80 ლარი.

31. საკასაციო პალატის მიერ წინამდებარე განჩინებაში მოყვანილ განმარტებებთან ერთად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ასევე, რომ სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო არ უნდა იქცეს მოვალისთვის ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა სრულიად უზრუნველყოფს მინიმალური ზიანის ანგარიშში კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილებას.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

33. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს პარლამენტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე