Facebook Twitter

საქმე №ას-23-2023 7 აპრილი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ალექსანდრე წულაძე

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ.ბ–ძის კერძო საჩივრების განსახილველად მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ნოემბრის განჩინებებზე (ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ), საქმეზე – მ.ს–ძის სარჩელის გამო, შპს „ს.კ.ს–ოს“ მიმართ, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ გ.ბ–ძის კერძო საჩივრები განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მითითებულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამრიგად, საკასაციო სასამართლო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით; ხარვეზის შეუვსებლობა კი საჩივრის განუხილველად დატოვებას გამოიწვევს.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განჩინებებით გ.ბ–ძის კერძო საჩივრებზე დადგენილ იქნა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა განჩინებების ასლების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების დედნების, ასევე, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრების (პირადი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სახით) წარმოდგენა.

კერძო საჩივრების ავტორმა 2023 წლის პირველ თებერვალს განცხადებით მომართა სასამართლოს, თუმცა ხარვეზი არ შეავსო, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებებით გ.ბ–ძეს გაუგრძელდა საპროცესო ვადა და დაევალა განჩინებების ასლების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრების (პირადი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სახით) წარმოდგენა. ამავე განჩინებებით მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ მიიღებოდა წარმოებაში და განუხილველად დარჩებოდა.

კერძო საჩივრების ავტორმა, მართალია, საპროცესო ვადის დაცვით, 2023 წლის 27 მარტს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, მაგრამ დადგენილი ხარვეზი კვლავ არ შეავსო.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ კერძო საჩივრების ავტორს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა გონივრული ვადა, რომლის დაცვითაც სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების რეალური შესაძლებლობა არსებობდა. საგულისხმოა, რომ კერძო საჩივრების ავტორი არ ასახელებს ხარვეზის შეუვსებლობის ობიექტურ მიზეზებს, არამედ არ ეთანხმება ხარვეზის დადგენის საფუძვლებს, რომელთა თაობაზეც უზენაესმა სასამართლომ მხარეს დეტალურად განუმარტა 2023 წლის 20 იანვრისა და 13 თებერვლის განჩინებებით. ამრიგად, მხარემ არ გამოიყენა ხარვეზის შევსების პროცესუალური შესაძლებლობა, მიუხედავად ასეთი უმოქმედობის შედეგის (საჩივრის განუხილველად დატოვების) თაობაზე ინფორმირებისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან მხარემ ხარვეზი არ შეავსო, არც საპროცესო ვადის გაგრძელებას ითხოვს და ხარვეზის შეუვსებლობის მიზეზებსაც ვერ ასახელებს, კერძო საჩივრები განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ კერძო საჩივრების ავტორი ითხოვს მოსამართლეების ნინო ბაქაქურისა და გიორგი მიქაუტაძის აცილებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აცილება შეიძლება მოხდეს საქმის განმხილველი მოსამართლის. სადავო შემთხვევაში კი, რადგან საქმის წარმოება დასრულდა - კერძო საჩივრები განუხილველად იქნა დატოვებული და აღნიშნული საკითხი მოსამართლემ ერთპიროვნულად გადაწყვიტა, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შუამდგომლობები მოსამართლეთა აცილების თაობაზე, რადგან ისინი საქმის განხილვაში არ მონაწილეობენ და შესაბამისად, ვერც მათი აცილების საკითხის შეფასება და გადაწყვეტა მოხდება. მოსამართლე ალექსანდრე წულაძის აცილების თაობაზე შუამდგომლობასთან დაკავშირებით კი მხარეს ერთხელ უკვე ეთქვა უარი საკასაციო პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ბ–ძის კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ნოემბრის განჩინებებზე (ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ) დარჩეს განუხილველად.

2. გ.ბ–ძის შუამდგომლობა მოსამართლეთა აცილების თაობაზე დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ა. წულაძე