Facebook Twitter
საქმე №ას-190-2022 11 აპრილი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელის მიმართ) - ე.ძ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) - ლ.ი–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „კ–ი“

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების აღიარება, საშუამავლო სასესხო ხელშეკრულების სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებად აღიარება, თანხის დაკისრება

განმცხადებლის მოთხოვნა - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

ე.ძ–მა 2019 წლის 27 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ლ.ი–ისა და შპს „კ–ის“ მიმართ და მოითხოვა 2018 წლის 4 მაისის №1/5 საშუამავლო სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებულად ჩათვლა და ამავე ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

ლ.ი–მა შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ე.ძ–ის მიმართ და მოითხოვა 2018 წლის 4 მაისის №1/5 სასესხო ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად ცნობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ლ.ი–ის სასარგებლოდ გირავნობის უფლების რეგისტრაცია ავტომობილზე (MERCEDES-BENZ SPRINTER, სანომრე ნიშანი - ......, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი - ........), ე.ძ–ისთვის ლ.ი–ის სასარგებლოდ სესხის - 5000 აშშ დოლარის, სესხის პროცენტის - 250 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე.ძ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა ე.ძ–ის საკუთრების უფლება მოძრავ ნივთზე - მერსედეს-ბენც სპრინტერი, სანომრე ნიშანი - ......, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი - .......; ე.ძ–ის სარჩელი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებულად ჩათვლისა და ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ლ.ი–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ლ.ი–ისა და ე.ძ–ს შორის არსებული ურთიერთობა აღიარებულ იქნა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებად და დადგენილ იქნა, რომ შსს მომსახურების სააგენტოში ლ.ი–ის სასარგებლოდ უნდა დარეგისტრირდეს გირავნობის უფლება ავტომობილზე - მერსედეს-ბენც სპრინტერი, სანომრე ნიშანი - ........., ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი - ........; ე.ძ–ს ლ.ი–ის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ერთი თვის სარგებლის - 250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის და პირგასამტეხლოს - 2150 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; ე.ძ–ს ლ.ი–ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 0,05%, ყოველდღიურად, 2020 წლის 13 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ე.ძ–მა, შესაბამისად, ე.ძ–ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ე.ძ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.ძ–მა, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო ლ.ი–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

2022 წლის 21 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ლ.ი–მა, რომელმაც მოითხოვა ე.ძ–ისთვის სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისების, უფლებრივად დატვირთვისა და საზღვარგარეთ გაყვანის აკრძალვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინებით ლ.ი–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; ე.ძ–ს ან მის მინდობილ პირს აეკრძალა ავტოსატრანსპორტო საშუალების (მახასიათებლები: მერსედეს-ბენც სპრინტერ, სანომრე ნიშანი - ......., გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი - .......) გასხვისება, უფლებრივად დატვირთვა, საზღვარგარეთ გაყვანა; ხოლო 2022 წლის 17 მარტის განჩინებით - ე.ძ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით ე.ძ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება.

რაც შეეხება უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხს, საკასაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა ლ.ი–ის მოთხოვნით, მისი შეგებებული სარჩელისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. ამდენად, ე.ძ–ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების წინაპირობა იმ ეტაპზე არ იკვეთებოდა.

2023 წლის 7 აპრილს ე.ძ–მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, ამავე პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით.

განმცხადებელმა განმარტა, რომ შეასრულა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება - სრულად გადაუხადა ლ.ი–ს დაკისრებული თანხა.

განცხადებას თან ერთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2023 წლის 4 აპრილის №22688 ცნობა, რომლის მიხედვითაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული დავალიანება გადახდილია სრულად, მოვალე ამორიცხულია მოვალეთა რეესტრიდან, გაუქმებულია სააღსრულებო შეზღუდვები და საქმის წარმოება დასრულებულია.

2023 წლის 10 აპრილს ლ.ი–მა დაადასტურა, რომ ე.ძ–მა შეასრულა ვალდებულება და თანახმაა, გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (აღნიშნულის თაობაზე მოსამართლის თანაშემწემ შეადგინა „ტელეფონით შეტყობინების შესახებ“ აქტი).

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ამრიგად, „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების პრევენცია. იგი ქმნის მხარის მოლოდინს, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ეფექტი, არ დაბრკოლდება მისი აღსრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის №2/6/746 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ჯ.მ–ი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

განსახილველ შემთხვევაში, ლ.ი–ის შეგებებული სარჩელის უზრუნველსაყოფად - გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის რისკების გამოსარიცხად, საკასაციო პალატამ ლ.ი–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დააკმაყოფილა და ე.ძ–ს (პ/ნ .......) ან მის მინდობილ პირს აეკრძალა ავტოსატრანსპორტო საშუალების (მახასიათებლები: მერსედეს-ბენც სპრინტერ, სანომრე ნიშანი - ....., გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი - ..........) გასხვისება, უფლებრივად დატვირთვა, საზღვარგარეთ გაყვანა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, წარმოდგენილი განცხადებითა და თანდართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ ლ.ი–ის მოთხოვნა უკვე აღსრულებულია - ე.ძ–მა შეასრულა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. ამასთან, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ლ.ი–მა თავადაც დაადასტურა, რომ ე.ძ–მა შეასრულა ვალდებულება და განაცხადა თანხმობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მიღწეულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი და მხარეებმა გამოხატეს ნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, ე.ძ–ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ძ–ის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ე.ძ–ს (პ/ნ ......) ან მის მინდობილ პირს აეკრძალა ავტოსატრანსპორტო საშუალების (მახასიათებლები: მერსედეს-ბენც სპრინტერ, სანომრე ნიშანი - ......., გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი - .......) გასხვისება, უფლებრივად დატვირთვა, საზღვარგარეთ გაყვანა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე