საქმე №ას-320-2022 03 ოქტომბერი 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ი.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ჩ–ნი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს მ.დ–ძესა და ი.გ–ძეს მოსარჩელე ნ.ჩ–ნის სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ - 10 800.00 ლარის გადახდა.
2. 2020 წლის 13 ოქტომბერს, სასამართლოს საჩივრით მიმართეს მოპასუხეებმა, რომელთაც მოითხოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 მაისის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დარჩა ძალაში.
5. 2021 წლის 17 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სააპელაციო საჩივრით მიმართეს მ.დ–ძემ და ი.გ–ძემ, რომელთაც მოითხოვეს 2021 წლის 24 მაისის განჩინების გაუქმება. 2021 წლის 23 ივნისს საქმე, სააპელაციო საჩივართან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაეგზავნა განსახილველად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, რომლის საფუძვლადაც მიეთითა, რომ მხარეს კანონით დადგენილ ვადაში არ შეუვსია სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი. სახელდობრ: აპელანტ ი.გ–ძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განჩინებით, დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 (ათი) დღით და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა წარმოედგინა: 1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.1-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, შედგენილი სააპელაციო საჩივარი; ბ. ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ან 3. 432 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინება აპელანტს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, 2021 წლის 21 ოქტომბერს. მხარეს ნათლად განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
7. 2021 წლის 05 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ი.გ–ძემ, რომელმაც ითხოვა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. აღნიშნული შუამდგომლობა აპელანტს სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა ფოსტის მეშვეობით. ვინაიდან შეტყობინების ბარათზე გარკვევით არ იკითხებოდა ფოსტის მიერ გზავნილის მიღების თარიღი და შესაბამისად, პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა საკითხზე - დაცული ჰქონდა თუ არა აპელანტს შუამდგომლობის წარადგენის ვადა, აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბერის განჩინებით, დაუწესდა ხუთდღიანი ვადა და დაევალა შესაბამისი ორგანიზაციიდან წარმოედგინა ცნობა გზავნილის ფოსტისათვის ჩაბარების თარიღის შესახებ. ამათან, 2021 წლის 08 დეკემბრის განჩინებით, ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გაგრძელდა და აღნიშნულის შესახებ განჩინება 2021 წლის 09 დეკემბერს, აპელანტს ჩაბარდა პირადად, თუმცა აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შუამდგომლობა ვადაში რომც ყოფილიყო წარმოდგენილი, სასამართლო მაინც შეუძლებლად მიიჩნევდა მის გაგრძელებას, ვინაიდან მხარის უმოქმედობა გარკვეულწილად პროცესის გაჭიანურებას ემსგავსებოდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინებით, ი.გ–ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
8. 2022 წლის 11 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინებაზე, ი.გ–ძემ წარმოადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
9. კერძო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ მისთვის შეუძლებელი იყო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეევსო ხარვეზი, რადგან არის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა, რის გამოც, ვერ შეძლო სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.გ–ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
12. მოცემულ შემთხვევაში, ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ არაერთხელ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. იმავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
15. მითითებული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. შესაბამისად, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა (იხ. სუსგ საქმე №ას-237-225-2017, 16 მარტი, 2017 წელი). ამასთან, ობიექტური გარემოებების არსებობის დადასტურება თავად მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
16. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განჩინებით, მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით, დაევალა დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით (432 ლარი) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ან/და მძიმე მატერიალური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, აპელანტ ასევე, დაევალა სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი წესით შედგენილი ვერსიის სასამართლოსთვის გადაცემა. აპელანტებს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა (ს.ფ. 145-149). დადგენილია, ასევე, რომ აპელანტების შუამდგომლობის საფუძველზე (ს.ფ. 154-155), იმავე სასამართლოს 2021 წლის 21 ივლისის განჩინებით, მათ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდათ ათი დღით (ს.ფ. 156-157). აგრეთვე, უდავოა, რომ აპელანტი ი.გ–ძის ხელახალი შუამდგომლობის საფუძველზე (ს.ფ. 166-169), იმავე სასამართლოს 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, მას ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა კვლავ გაუგრძელდა ათი დღით (ს.ფ. 170-172). საქმის მასალებიდან აგრეთვე ირკვევა, რომ ი.გ–ძემ სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართა შუამდგომლობით 2021 წლის 05 ნოემბერს და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ისევ ითხოვა დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელება (ს.ფ. 178-181), სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, მას ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა კვლავ გაუგრძელდა ხუთი დღით. დადგენილია, რომ 2021 წლის 01 დეკემბერს ი.გ–ძემ ხელახლა მიმართა სასამართლოს ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ (ს.ფ. 186-189), ეს მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 დეკემბერის განჩინებით, დაკმაყოფილდა მას ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა კვლავ გაუგრძელდა ხუთი დღით (ს.ფ. 190-191). საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარემ დადგენილი ხარვეზი არ შეავსო. უკანასკნელი ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კი, მას კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა 2021 წლის 09 დეკემბერს (ს.ფ. 194-196).
17. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს მძიმე ეკონომიკურ, მორალურ და სულიერ მდგომარეობაზე, ასევე მიუთითებს მისი შვილის - ლ.გ–ის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რის გამოც იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, აღმოეფხვრა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი. კერძო საჩივარს ერთვის ლ.გ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და მისი დაავადების ამსახველი ფოტოსურათები. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ლ.გ–ის დიაგნოზია - გენერალიზებული ვულგარული ფსორიაზი.
18. საქართელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია კერძო საჩივარს ერთვის ლ.გ–ის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები, თუმცა მათ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მით უფრო, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ვერ დაუდებს საფუძვლად, რადგან ცნობაში მითითებული დიაგნოზი - გენერალიზებული ვულგარული ფსორიაზი, ცალსახად არ წარმოადგენს იმგვარ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, რომელიც ი.გ–ძესათვის სახელმწიფო ბაჟის სახით - 432 ლარის გადახდის შეუძლებლობას დაადასტურებდა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს წინაშე არ წარუდგენია შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე/მკურნალობაზე სოლიდური ხარჯების გაწევის დოკუმენტაცია, რომელსაც შესაძლებელია სასამართლოსთვის იმგვარი რწმენის საფუძველი შეექმნა, რომ გაწეული ხარჯების ოდენობას მაღალი ალბათობით შეეძლო გავლენა ექონია მის ფინანსურ მდგომარეობაზე.
19. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობის საფუძველზე, ხუთჯერ გადაუვადდა ხარვეზის შევსების ვადა (პირველად - 2021 წლის 29 ივნისს, ხოლო ბოლოჯერ - 2021 წლის 08 დეკემბერს), შესაბამისად, პალატა ადგენს, რომ ი.გ–ძეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესავსებად საკმარისად გონივრული დრო ჰქონდა (თითქმის 6 თვე). საკასაციო სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ მხარისათვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლების გამოყენება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ აღნიშნულმა არ გამოიწვიოს საქმის განხილვის ვადის უსაფუძვლოდ გაჭიანურება და მეორე მხარის ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, № 8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
21. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეუვსია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე