საქმე №ას-1434-2022 30 მარტი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ნ.ს–ი“, შპს „ნ.ს. ს–ო“, შპს „ნ.ს. ს–ო“, შპს „ნ.ს. ვ–ი“, შპს „ნ.ს. ს–ო ?“, შპს „ს.გ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.ლ–სი“ (A. L.L.) (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები - ქ.რ–ი, ე.ღ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების აკრძალვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ა.ლ–მა“ (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ.ს–ის“, შპს „ნ.ს. ს–ოს“, შპს „ნ.ს–. ს–ო“-ის, შპს „ნ.ს. ვ–ის“, შპს „ნ.ს. ს–ო 2021-ის“, შპს „ს.გ–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი), ქ.რ–ისა და ე.ღ–ძის (შემდგომ - თავდაპირველი მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების აკრძალვა.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელე, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული კომპანიაა, აწარმოებს მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური ლაზერული ეპილაციის აპარატს - „A.S.I.P“-ს. ობიექტი დაცულია მოსარჩელის საავტორო უფლებით. სიტყვა „S–O“ და „A–A“, რომელიც რეგისტრირებულია ისრაელში, დაცულია საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესით ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნულ ცენტრში. მოპასუხე კომპანიებს (თავდაპირველი მოპასუხეები კი, ამ კომპანიის მფლობელები არიან) აქვთ ერთი საერთო ,,ფეისბუკის“ (Facebook) გვერდი, სადაც განთავსებულია კონკრეტული ვიდეო და ფოტომასალა შესაბამისი ტექსტობრივი აღწერებით და მითითებულია, რომ მათ მიერ ლაზერული ეპილაცია კეთდება Soprano ICE Platinum-ის აპარატით. მოპასუხე კომპანიები მოსარჩელის ნებართვის გარეშე, კომერციული საქმიანობის მიზნით, იყენებენ სახელებს - „S–O“ და „A–A“, რითაც მიზანმიმართულად ცდილობენ მოსარჩელისთვის ზიანის მიყენებას და თავად სარგებლის მიღებას. გაფრთხილების მიუხედავად, ისინი განაგრძობენ მოსარჩელის კუთვნილ სასაქონლო ნიშანზე არსებული განსაკუთრებული უფლების დარღვევას.
მოპასუხის შესაგებელი
3. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდნენ ლაზერულ აპარატს, რომელიც მოსარჩელის ექსკლუზიურ წარმომადგენლად რეგისტრირებულმა კომპანიამ გაყიდა. რაც შეეხებოდა (Facebook) ფეისბუკგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, ამ შემთხვევაში მოპასუხემ მოსარჩელის სასაქონლო ნიშნები კი არ გამოიყენა, არამედ მომხმარებელს მიაწოდა ლაზერული ეპილაციის აპარატით მომსახურების თაობაზე ინფორმაცია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს აეკრძალათ „A–A’’(რეგ. ნომერი 85800/3) და „S–O’’ (რეგ. ნომერი 85801/3) - მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნების გამოყენება, მისი სახელით პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის - ინტერნეტსაიტებზე, სოციალურ ქსელში, სილამაზის სალონის აბრებზე, შიდა და გარე ვიტრინებზე, ასევე - სილამაზის სალონის ობიექტის ინტერიერში გამოყენება; დადგინდა მოპასუხეთა ხარჯით ინტერნეტსაიტებიდან და სოციალური ქსელებიდან ყველა იმ გამოსახულებისა და წარწერის, განცხადების, რეკლამის წაშლა/ ამოღება/განადგურება, სადაც დატანებულია ფოტოს ან წარწერის სახით მოსარჩელის საავტორო უფლებით რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნები „S/A’’. ამასთან, დადგინდა დემონტაჟი და განადგურება ყველა იმ აბრის, წარწერის, სარეკლამო ბანერის, აპარატში ჩატვირთული პროგრამისა და სხვა ნივთის, რომლებზეც მოპასუხეების მიერ დატანებულია მოსარჩელის მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნები „S/A“; მოსარჩელეს უარი ეთქვა თავდაპირველ მოპასუხეთა მიმართ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელეს განსაკუთრებული უფლება ჰქონდა სასაქონლო ნიშანზე. ამასთან, სადავო არ იყო და აპელანტებიც ადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ მათ არ გააჩნდათ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი - სოპრანო, თუმცა აღნიშნული აპარატით საქმიანობას უკავშირებენ ლიზინგის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდს, ხოლო შემდგომ პერიოდში უარყოფენ მომხმარებელთათვის „სოპრანოს“ აპარატით მომსახურების შეთავაზებას. პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტების ეს მითითება და განმარტა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაზიარებული იქნება სალიზინგო პერიოდში თავად მოსარჩელისგან შეძენილი აპარატურით საქმიანობის თაობაზე აპელანტების პრეტენზია, შემდგომ პერიოდში მომხმარებელთათვის იმავე პროდუქციის შეთავაზებით, მაინც დარღვეულად მიიჩნევა ირღვევა მოსარჩელის განსაკუთრებული უფლება სასაქონლო ნიშანზე, კერძოდ, პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ლიზინგის სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ, 2021 წლის 12 ოქტომბერს, მოპასუხე კომპანიებმა, რომლებიც სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ საერთო გვერდი - N.S. T. აქვთ, მომხმარებელს დაუდასტურეს „სოპრანოს“ აპარატით ლაზერული ეპილაციის შესაძლებლობა.
8. პალატამ მიიჩნია, რომ გონიერ და სათანადოდ გათვითცნობიერებულ რიგით მომხმარებელსაც არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, სხვაგვარად გაეგო მიმოწერის შინაარსი, მით უფრო იმ პირობებში, რომ ფეისბუკგვერდზე არაერთხელ შეუთავაზებიათ აპარატ „სოპრანოს’’ გამოყენებით ლაზერული ეპილაციის შესაძლებლობის შესახებ. ამასთან, თავად აპელანტები ადასტურებდნენ, რომ აღნიშნული აპარატით მართლაც უწევდნენ მომსახურებას მომხმარებლებს, რაც მომხმარებლის - შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი წინაპირობაა. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებისა და დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ დაირღვა მოსარჩელის განსაკუთრებული უფლება სასაქონლო ნიშანზე.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
9. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
10. კასატორის მტკიცებით, სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსით გამოქვეყნებული სტატუსი, რასაც სარჩელი ეფუძნებოდა, შეუძლებელია დაკვალიფიცირდეს სასაქონლო ნიშნების გამოყენებად, რადგან მოპასუხემ მხოლოდ მომხმარებელს მიაწოდა მომსახურების შესახებ ინფორმაცია, რაც მოიცავდა იმ ტექნიკურ საშუალებაზე მითითებას, რომლითაც მოპასუხე მომხმარებელს მომსახურებას სთავაზობდა. ამასთან, მოპასუხემ წარადგინა სწორედ იმ შინაარსისა და ხარისხის მტკიცებულებები, რომლებიც ცალსახად გამორიცხავდა იმ მოსაზრებას, რომ იგი მოსარჩელის სასაქონლო ნიშნებს იყენებდა, კერძოდ, წარდგენილ იქნა მოსარჩელის მიერ ლაზერული ეპილაციის აპარატის - „სოპრანოს“ შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელშიც პროდუქციის გამსხვისებელ სუბიექტად სწორედ მოსარჩელის ექსკლუზიურ წარმომადგენლად მოქმედი კომპანია „ს–ა“ მითითებული. ამდენად, მოპასუხის მფლობელობაში არსებული „სოპრანოს“ ლაზერული ეპილაციის აპარატის მწარმოებელ და სამოქალაქო ბრუნვაში შემტან სუბიექტს თავად მოსარჩელე წარმოადგენს, რომლის მხრიდან ამ პროდუქციაზე საკუთრების უფლების დათმობის შედეგად ნივთის მფლობელი და გამომყენებელი გახდა მოპასუხე.
11. მოპასუხის მიმართ წარდგენილი პრეტენზიით მოსარჩელე პრაქტიკულად მისგან შეძენილი პროდუქციის გამოყენების აკრძალვას ცდილობს, რადგან იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე სრულიად მართლზომიერად ფლობდა მოსარჩელისგან შეძენილ და მის მიერ წარმოებულ პროდუქციას, ამ უკანასკნელის გამოყენება იმთავითვე განაპირობებს ამ პროდუქციით სარგებლობისა და მომსახურების მიღების თაობაზე მომხმარებლის ინფორმირებას, რასაც არაფერი აქვს საერთო სასაქონლო ნიშნის გამოყენებასთან. სასაქონლო ნიშნის გამოყენება იქნებოდა, თუკი მოპასუხე შესთავაზებდა თავის მიერ წარმოებული „ALMA“-სა და „SOPRANO“-ს აპარატებით მომსახურებას. ამდენად, მოპასუხემ მოსარჩელისგან შეიძინა რა მისი პროდუქცია, იგი იმთავითვე აღიჭურვა ამ პროდუქციის გამოყენების უფლებით, მათ შორის, იმ კომპეტენციით, რომ მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა სახის პროდუქციით უნდა გაეწიოს მას მომსახურება. ამ ინფორმაციის გაცემის ინიციატივა კი, მოპასუხის არა მხოლოდ უფლებას წარმოადგენს, არამედ მისი მოვალეობაცაა „მომხმარებელთა უფლებების დაცვლის შესახებ კანონის“ შესაბამისად.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ მოპასუხე მოსარჩელის სასაქონლო ნიშანს ლიზინგის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდშიც არამართლზომიერად იყენებდა, უსაფუძვლოა და არ შეიცავს რაიმე სამართლებრივ დასაბუთებას. რაც შეეხება ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ პერიოდს, საქმეში არ არსებობს ისეთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ის ფაქტი, რომ მოპასუხემ არათუ გამოიყენა, არამედ სადმე ახსენა მოსარჩელის სასაქონლო ნიშნების შემცველი პროდუქცია. ამ საკითხის შეფასებისას სასამართლო დაეყრდნო მიმოწერის შინაარსს, რომელიც მოსარჩელემ ხელოვნურად შექმნა, როგორც ფსევდომომხმარებელმა, კერძოდ, ფსევდომომხმარებლის მიერ დასმული კითხვის შინაარსი ცხადყოფს, რომ მისი განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა, მოპასუხეს ლაზერული ეპილაციის აპარატი „ALMA“ და „SOPRANO“ ჰქონდა თუ არა, თუკი ჰქონდა რომელ ფილიალში. მოპასუხის მიერ გაცემული პასუხის ძირითადი ნაწილი, რომელიც წინამდებარე საქმის გადაწყვეტისთვის არის მნიშვნელოვანი, ორი წინადადებისგან შედგება, რომელთა ერთობლივად განხილვის შედეგად ცალსახაა, რომ პირველი წინადადებით პასუხი არ სრულდება და მას განაგრძობს მეორე წინადადება. მოპასუხის მიერ ჩამოყალიბებული ამ ორი წინადადების მთლიანი შინაარსი კი, ერთმნიშვნელოვნად იმ გარემოებაზე მეტყველებს, რომ მან კითხვის დამსმელს არ დაუდასტურა, რომ აქვს ლაზერული ეპილაციის აპარატი „ALMA“ და „SOPRANO“. ამდენად, ნებისმიერი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანისთვის მოპასუხის მიერ გაცემული პასუხი ვერ მიიჩნევა იმის დადასტურებად, რომ მას აქვს ლაზერული ეპილაციის აპარატი - „ALMA“ და „SOPRANO“ , რადგან მას საკუთრივ ამ ჭრილით დასმულ კითხვაზე დადებითი პასუხი არ გაუცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად ძირითადად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
18. პალატა მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ - სპეციალური კანონის) 6.3 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებსა (ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მომსახურების შეთავაზება ან გაწევა; სასაქონლო ნიშნის გამოყენება რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე) და 45.1 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებს (სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების შეწყვეტა, იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი ან სარეკლამო მასალის ან აბრის განადგურება, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს ან არის მისი ასლი ან იმიტაცია, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ისეთი მასალის ან გამოსახულების წაშლა, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს) ეფუძნება.
19. იმისათვის, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სასაქონლო ნიშნის გამოყენება აუკრძალოს მოსარჩელე უნდა იყოს მის მიერ მითითებულ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი; უნდა დადგინდეს მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოყენება; მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება.
20. სპეციალური კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი დაცულია „საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საუძველზე. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არაა, რომ სასაქონლო ნიშანი მოსარჩელე კომპანიას კანონით დადგენილი წესით აქვს რეგისტრირებული და იგი სასაქონლო ნიშნების „ALMA“-სა და „SOPRANO“-ს განსაკუთრებული უფლების მფლობელია. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ გასაჩივრებული განჩინებით არასწორად დადგინდა მის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოყენება. საკასაციო პალატა ამ პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს სპეციალური კანონის 24.1 მუხლზე (სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა მისი აღბეჭდვა იმ საქონელზე, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, ასევე ამ საქონლის შეფუთვაზე, გამოფენასა და ბაზრობაზე წარმოდგენილ ექსპონატებზე, აბრაზე, ოფიციალურ ბლანკზე, ეტიკეტზე, რეკლამაში, ბეჭდვით გამოცემაში, აგრეთვე, სასაქონლო ნიშნის სხვაგვარი გამოყენება მფლობელის, ლიცენზიატის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც), რომლის მიხედვითაც სასაქონლო ნიშნის აღბეჭდვა რეკლამაში მის გამოყენებად მიიჩნევა. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ მოპასუხემ სადავო სასაქონლო ნიშნების გამოყენებით სოციალურ ქსელში მომხმარებელს ლაზერული აპარატით მომსახურება შესთავაზა.
21. კასატორის პრეტენზიისვე თანახმად, მას სოციალურ ქსელში დაცული სასაქონლო ნიშნის გამოყენებით რეკლამის განთავსების უფლება ჰქონდა, რამდენადაც საქონელს, რომლითაც იგი მომხმარებელს მომსახურებას სთავაზობდა, მართლზომიერად ფლობდა და სარგებლობდა ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სპეციალური კანონის 7.2 მუხლის პირველ წინადადებას (სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება, აუკრძალოს მესამე პირს ამ დაცული სასაქონლო ნიშნის გამოყენება ისეთ საქონელზე, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იქნა უშუალოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვის საფუძველზე) ეფუძნება.
22. პალატა იზიარებს კასატორის ამ პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებათა წარდგენით დაამტკიცა, რომ ლაზერულ აპარატს, რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სადავო სასაქონლო ნიშნები, იგი მართლზომიერად ფლობდა. ამასთან, სოციალურ ქსელში სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მომხმარებელს მომსახურებას სთავაზობდა, ვიდრე იგი აპარატს ფლობდა (ლიზინგის ხელშეკულების მოქმედების პერიოდში). მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რაკი საქმის მასალებით არ დასტურდება (და ამაზე არც კასატორი არ მიუთითებს), რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ რეკლამა აღარ იძებნება და ამოღებულია მოპასუხე მხარის ფეისბუქგვერდიდან, მოპასუხე მხარემ სპეციალური კანონის 45.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სოციალურ ქსელში განთავსებული ის მასალა უნდა წაშალოს, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ინტერნეტსივრცეში განთავსებულმა სადავო სასაქონლო ნიშნით არსებულმა შეთავაზებამ მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა არ შეუქმნას მოპასუხის მიერ კვლავ იმ საქონლით მომსახურების შესახებ, რომლის მიმართაც იგი რეგისტრირებულია.
23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრაციის მომენტიდან სასაქონლო ნიშანი (სპეციალური კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე: 1. რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. 2. განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ „ქონებას“ განეკუთვნება და მასზე ვრცელდება საკუთრების დაცვის სამართლებრივი რეჟიმი, რაც განმარტებულია როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაშიც (იხ. სუსგ №ას-1285-1223-2014, 01.12.2015წ; №ას-580-2020, 12.10.2020წ; №ას-306-2020. 18.11.2020წ; №ას-100-2021, 27.05.2021წ.). გასაჩივრებული განჩინება ამ კუთხითაც არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
24. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორებს დაუბრუნდებათ 1800 ლარის 70% – 1260 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ნ.ს–ის“, შპს „ნ.ს.ს–ოს“, შპს „ნ.ს.ს–ო“-ის, შპს „ნ.ს. ვ–ის“, შპს „ნ.ს. ს–ო ? –ის“-, შპს „ს.გ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „ნ.ს–ის“, შპს „ნ.ს. ს–ოს“, შპს „ნ.ს.ს–ო?“-ის, შპს „ნ.ს. ვ–ის“, შპს „ნ.ს. ს–ო ?-ის“, შპს „ს.გ–ის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე პ.კ–ძის მიერ (.......) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1800 ლარის (საგადასახადო დავალება №1670308316/ გადახდის თარიღი 06.12.2022), 70% - 1260 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე