Facebook Twitter

საქმე №ას-195-2020 30 მარტი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქვეუწყებო დაწესებულება - ს.პ.ს–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „თ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქვეუწყებო დაწესებულება - ს.პ.ს–ის (შემდგომ – სამსახური, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ 10018.64 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, აბონენტი ვალდებულია, გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მოპასუხეს სისტემატურად აწვდიდა ელექტროენერგიას, იგი არ იხდის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს. აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, მოპასუხის მიერ ყოფილი ადგილსამყოფლის მიხედვით (ქ. თბილისი, ........) №.... სააბონენტო ბარათზე დაგროვებულია დავალიანება - 10018.64 ლარი.

3. 2016 წლის თებერვალში თბილისში, გორგასლის ქ. №75-ში მდებარე უძრავი ქონების ახალმა მესაკუთრემ და, შესაბამისად, №3....... აბონენტად ახლად დარეგისტრირებულმა პირმა შპს ,,მ–მა“ განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს, რომლითაც მოითხოვა ძველი მესაკუთრის დატოვებული დავალიანების ჩამოწერა და შესაბამის პირზე დაკისრება. კომისიამ განიხილა მომხმარებლის პრეტენზია და დაავალა მოსარჩელეს სააბონენტო ბარათზე არსებული დავალიანების კორექტირება. მოსარჩელის კომერციული და ტექნიკური პრეტენზიების მუდმივმოქმედმა კომისიამ, თავის მხრივ, განიხილა საკითხი და დაადგინა, რომ ბარათზე რიცხული დავალიანება წარმოქმნილია ძველი მფლობელის - მოპასუხის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობის შედეგად.

მოპასუხის შესაგებელი:

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2014 წლის თებერვლიდან ის აღარ სარგებლობს ...... მდებარე შენობით (აბონენტი №....), რის შესახებაც ეცნობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ №... აბონენტზე მითითებულ დავალიანებას, 10018.64 ლარს, იგი წარმოქმნილია 2010 წელს და ეკუთვნის ........ მდებარე ობიექტს (აბონენტი №......), რომელიც არ ექვემდებარება მოპასუხე სამსახურს. ამასთან, მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ ფიქსირდება სამსახურის ბალანსზე. როგორც ირკვევა, მოსარჩელე ითხოვს 2010 წლიდან, ანუ 6 წლის წინ წარმოშობილ დავალიანებას, თუმცა არავითარი მტკიცებულება, რომ აღნიშნული ელექტროენერგია მოიხმარა მოპასუხემ, მოსარჩელეს წარმოდგენილი არ აქვს, გარდა ბუნდოვანი ცხრილისა, სადაც არასრულყოფილადაა აღწერილი ელექტროენერგიის მოხმარებისა და წარმოშობილი დავალიანებების შესახებ ინფორმაცია. ამასთან, სარჩელი ხანდაზმულია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური - 3 924,76 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. 6 093,88 ლარის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

7.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

8.სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად აბონენტი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის ყოველთვიურად. სადავო მისამართზე 2001 წლის მარტის შემდეგ მოპასუხეს გახარჯული ელექტროენერგიის საფასური არ გადაუხდია. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოიცავდა 2015 წლის მაისამდე არსებულ დავალიანებას, რომლის დაკისრების მოთხოვნით სასამართლოს მომართა 2016 წლის 11 ნოემბერს. აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, 2013 წლის 24 ოქტომბრის ვითარებით არსებული ჩვენების მიხედვით, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 6093.88 ლარს, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე მუხლების თანახმად, უნდა მიჩნეულიყო ხანდაზმულად, შესაბამისად, პალატის განსჯით, აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის მაისამდე არსებული დავალიანება ხანდაზმულად ვერ მიიჩნეოდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.

10. კასატორის მტკიცებით, სამსახურს არ აქვს დავალიანება მოსარჩელის მიმართ. აბონენტის ნომერი, რომელზეც დარიცხულია დავალიანება, არ არის რეგისტრირებული მოპასუხის სახელზე. სარჩელს არ ერთვოდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის დავალიანებას. საქმის ქვედა ინსტანციებში განხილვისას კასატორმა წარადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ 2014 წლის თებერვლიდან მოპასუხე აღარ სარგებლობდა მითითებული შენობით. სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ბუნდოვან დოკუმენტაციას და არასწორად მიიღო მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.2 მუხლი (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნასყიდობის საზღაურის დაკისრების შესახებ მოთხოვნა განხორციელებადია, თუკი არსებობს მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა ელენერგია, ხოლო ამ უკანასკნელს არ გადაუხდია საზღაური.

20. განსახილველ შემთხევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ არის წარმოდგენილი, რომ მოპასუხის მისამართი იყო თბილისი, ....., აღრიცხული იყო №...... აბონენტად და ელექტროენერგია მიეწოდებოდა ამავე მისამართზე; №........ აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით - 2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის მაისამდე ერიცხება დავალიანება 3924.76 ლარი. სადავო მისამართზე მდებარე უძრავ ქონებას მესაკუთრე 2015 წლის მაისს შეეცვალა და №....... აბონენტად ქონების ახალი მესაკუთრე - კომპანია დარეგისტრირდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანება წარმოშობლია კომპანიის მიერ უძრავი ქონების შეძენამდე.

21. მოპასუხე უარყოფს დავალიანების არსებობას და მიუთითებს, რომ აბონენტის ნომერი, რომელზეც დარიცხულია დავალიანება, არ არის რეგისტრირებული მოპასუხის სახელზე. როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება, რომ სადავო პერიოდში მოპასუხე №..... აბონენტად იყო რეგისტრირებული, მას ელექტოენერგიის ხარჯვა სწორედ ამ აბონენტის ნომრით უფიქსირდებოდა და საფასურის გადახდის ვალდებულებასაც ამ აბონენტის ნომრით ასრულებდა. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო პერიოდში აბონენტის ნომერი მოპასუხის სახელზე არ იყო რეგისტრირებული, ხოლო კასატორის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითება მოსარჩელის წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ცხადია, ვერ გააბათილებს (საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და უკავშირდებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით - სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი. იხ. საქმე №ას-1661-2019; 25 თებერვალი, 2020 წელი).

22. კასატორისვე მტკიცებით, 2014 წლის თებერვლიდან მოპასუხე აღარ სარგებლობდა სადავო მისამართზე არსებული შენობით, თუმცა ამ ფაქტის დადასტურების მიზნით მოპასუხეს მტკიცებულება არ წარუდგენია. ამასთან, მისი საკასაციო პრეტენზიის თანახმად, გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ დავალიანების არსებობის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი იყო ბუნდოვანი და სადავო გარემოებას არ ადასტურებდა. პალატა უარყოფს კასატორის არგუმენტს სასამართლოს მხრიდან სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხის ვალდებულება დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიით, რომელიც სრულად პასუხობს სსსკ-ის 134-ე მუხლის მოთხოვნებს და ქვემდგომმა სასამართლოებმა მათ საფუძველზე სწორად დაადგინეს სადავო გარემოება.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქვეუწყებო დაწესებულება - ს.პ.ს–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე