საქმე №ას-4-2023 30 მარტი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ვ.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს მ. ,,ჯ -სი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - საპროცენტო განაკვეთის შემცირება, სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:1. ვ.მ–მა (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს მ. ,,ჯ-სის“ (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა, ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი მხარეთა შორის 2017 წლის 6 მარტს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში დადგენილი წლიური 27% და წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ეროვნული ვალუტით გრძელვადიანი სესხების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი - 10.74%; ცვლილება შევიდეს მოპასუხის მიმართ 2017 წლის 6 მარტს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში (სანოტარო აქტი №170224373) 50 000 ლარის ნაწილში და ძირითადი თანხა დადგინდეს 38 720 ლარით; ასევე, ცვლილება შევიდეს ნოტარიუს მ.ბ–ძის მიერ გაცემულ №210036063 სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვროს სესხის ძირითადი თანხით - 38 720 ლარით (მოსარჩელის მიერ საპროცენტო სარგებლის სახით უკვე გადახდილ თანხად ჩაითვალოს 9430 ლარი (42 თვეზე), ხოლო პირგასამტეხლოს თანხა მსესხებელს არ დაეკისროს).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მხარეთა შორის 2017 წლის 6 მარტს დადებული კრედიტისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის წლიური საპროცენტო სარგებლის ნაწილში, ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; ცვლილება შევიდა ნოტარიუს მ.ბ–ძის მიერ 21.01.2021 წელს გაცემულ №210036063 სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვრა 322 ლარით (20-ჯერ შემცირდა), რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, აპელანტის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლომ მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სესხი 2017 წლის 7 მარტს გაიცა, როდესაც კანონმდებლობით, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ოდენობა 100%-ით იყო განსაზღვრული. სადავო ხელშეკრულებით სესხის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთი კი 27%-ია, შესაბამისად, სადავო პირობა არ ეწინააღმდეგება და მნიშვნელოვნად ნაკლებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 625-ე მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე. ამასთან, 27%-ის წლიურ საპროცენტო განაკვეთზე შეთანხმება არ შეიძლება შეფასდეს საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო გარიგებად, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს ამ ნაწილში გარიგების ბათილად ცნობის წინაპირობები.
5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დაუსაბუთებელია პირგასამტეხლოსაგან სრულად გათავისუფლების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაც, ვინაიდან სარჩელში არაფერია ნათქვამი, თუ რა დაბრკოლებები შეექმნა მოვალეს, რამაც ვალდებულების დარღვევა გამოიწვია, რისი გათვალისწინებითაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 215-ე, 219-ე მუხლების საფუძველზე, მოსარჩელემ პროცესუალურად დაკარგა პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებებზე მითითების უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს ფორსმაჟორული გარემოებების გამო პასუხისმგებლობისაგან (პირგასამტეხლოსაგან) გათავისუფლების შესახებ სააპელაციო პრეტენზიაზე.
6. სააპელაციო სასამართლო განჩინება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწტვეყილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს და არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება არ არის სამართლებრივად დასაბუთებული. შეთანხმებული სარგებელი კი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
8. კასატორის მითითებით, პირგასამტეხლოს გაუქმებასთან დაკავშირებით, სასამართლოს არ უმსჯელია მსოფლიოში განვითარებულ ფორსმაჟორულ მოვლენებზე - პანდემიაზე, რამაც განაპირობა მოსარჩელის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:10. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის შესახებ შეთანხმების ნაწილობრივ ბათილობა და საპროცენტო განაკვეთის შემცირება, სესხზე საპროცენტო სარგებლის სახით გადახდილი თანხების სესხის ძირითად თანხაში ჩათვლა, პირგასამტეხლოს გაუქმება და, შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელით გათვალისწინებული ვალდებულების შემცირება.
15. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლთა მიერ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში შემცირდა და 322 ლარით განისაზღვრა (20-ჯერ შემცირდა), ხოლო სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
16. კასატორის საკასაციო პრეტენზიით, 2017 წლის 6 მარტს კრედიტისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი - წლიური 27% (ყოველთვიურად 2.25%-ის ოდენობით) შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო სარგებელია. ამასთან, ფორსმაჟორის გათვალისწინებით, მას პირგასამტეხლო არ უნდა დაჰკისრებოდა.
17. საკასაციო პალატა კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებს არ იზიარებს და მიუთითებს, რომ შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის ოდენობის კანონშესაბამ.ბასთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა დადგენილ სასამართლო პრაქტიკას შეესაბამება (იხ. საქმე №ას-1097-2021, 2022 წლის 25 მაისის განჩინება; საქმე №ას-444-2020, 2021 წლის 17 მარტის განჩინება; საქმე №ას-242-2022, 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინება).
18. საკასაციო პალატის განმარტებით, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. დასახელებული ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სარგებლის თაობაზე სესხის ხელშეკრულების პირობა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებაში სარგებლის გათვალისწინება მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული. სხვა შემთხვევაში სესხი სარგებლის გარეშეა.
19. საკასაციო პალატის მითითებით, კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებების არსებობის პირობებშიც, უნდა შემოწმდეს, დაცულია თუ არა ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესი. პალატა აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2016 წლის 29 დეკემბერს, სსკ-ის 625-ე მუხლში შევიდა ცვლილება და აღნიშნულ მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი, რომლითაც სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად 100% დაწესდა, ხოლო მოგვიანებით, 2018 წლის 21 ივლისს, ამავე მუხლი კვლავ შეიცვალა და საპროცენტო სარგებლის მაქსიმალურ წლიურ ოდენობად 50% განისაზღვრა, რაც კონკრეტულ მიზნად სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირებას ისახავდა. ამდენად, ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესების დაცვის, სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირების მიზნით, კანონმდებელმა საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა და სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად ჯერ 100%, ხოლო მოგვიანებით 50% განსაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის დაბლა მხარეთა მიერ შეთანხმებული ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთი კანონშესაბამისია.
20. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება, რომლითაც სარგებლის ოდენობა წლიური 27%-ით განისაზღვრა, 2017 წლის 6 მარტს გაფორმდა, რა დროსაც კანონმდებლობით სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ოდენობა 100%-ს შეადგენდა, რისი გათვალისწინებითაც, მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი წლიური 27%, შესაბამისია სარგებლის მაქსიმალურ წლიურ ოდენობად მოგვიანებით დაწესებულ 50%-იან ზედა ზღვართანაც.
21. საკასაციო პალატის მითითებით, საკასაციო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია გასაჩივრებული განჩინების იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ 2017 წლის 6 მარტს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი – წლიური 27% მხარეთა უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენების შესახებ დასკვნის საფუძველს არ იძლევა, არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას. მხოლოდ მითითება საპროცენტო განაკვეთის შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე კი არ შეიძლება გასაჩივრებული განჩინების დასკვნების არასწორად მიჩნევისა და საკასაციო საჩივრის არსებითად დაშვების საფუძველი გახდეს.
22. რაც შეეხება კასატორის მითითებას, პირგასამტეხლოს გაუქმებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 4.1 მუხლის მიხედვით, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომელზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს. მოხმობილი ნორმები განსაზღვრავს ფაქტების მითითების თაობაზე მხარეთა ტვირთს. განსხვავებით მტკიცების ტვირთისაგან, რომელსაც მოსამართლე აქტიურად ხელმძღვანელობს და კარნახობს მხარეებს, თუ ვინ უნდა ამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი, ამ შემთხვევაში - პასიურია. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს.
23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სარჩელი საერთოდ არ შეიცავს იმ ფაქტების თაობაზე მითითებას, რომელიც ფორსმაჟორული გარემოებების გამო პასუხისმგებლობისაგან (პირგასამტეხლოსაგან) გათავისუფლებას უკავშირდება, შესაბამისად, როდესაც მოსარჩელეს სარჩელში არ მიუთითებია ზემოაღნიშნულ გარემოებებზე, საკასაციო პალატას არ გააჩნია პროცესუალური შესაძლებლობა, მოსარჩელის მიმართ ფორსმაჟორის გამო, პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებაზე იმსჯელოს. პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებით არის შეზღუდული, ამასთან, საკასაციო პრეტენზიის შეფასებისას, ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით და კასაციის საფუძვლების კვლევისას, უფლებამოსილია, შეამოწმოს მხარეთა მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომამდე გაცხადებული პოზიციები, რომლებიც ასახულია, როგორც მხარეთა სარჩელსა და შესაგებელში, ასევე - მათ მიერ წარდგენილი სხვადასხვა მტკიცებულების სახით და დაფიქსირებულია სხდომის ოქმებში სასამართლოს მთავარ სხდომამდე.
24. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელეს ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სარჩელშიც რომ მიუთითებდა, სასამართლო მის პოზიციას უპირობოდ მაინც ვერ გაიზიარებდა, ვინაიდან აღნიშნული მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა და მხოლოდ პანდემიაზე მითითება პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების უპირობო საფუძველს არ ქმნის. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ პირგამტეხლოს ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა (20-ჯერ შემცირდა და ნაცვლად 6442.70 ლარისა, განისაზღვრა 322 ლარით) და საქმის გარემოებათა გათვალისწინებით სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობდა.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
26. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1097-2021, 2022 წლის 25 მაისის განჩინება; საქმე №ას-444-2020, 2021 წლის 17 მარტის განჩინება; საქმე №ას-242-2022, 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებასაქმე №ას-1325-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი; №ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი; საქმე №ას-894-834-2017, 3 ნოემბერი, 2017 წელი).
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
31. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე