Facebook Twitter

საქმე №ას-104-2023 11 აპრილი, 2023 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ლევან მიქაბერიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი.ა–ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე – სს „ლ.ბ–ის“ სარჩელის გამო, ლ.ა–ის, ი.ა–ისა და მ.გ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :

ი.ა–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინებით ი.ა–ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა 10 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 520.78 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი.

ამავე პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 10 დღით მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების, ხოლო მათი წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის - 520.78 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად.

ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილი ვადა დამატებით გაგრძელდა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებით 5 დღით და კასატორს დაევალა საკასაციო სასამართლოში წარმოედგინა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ხოლო მათი წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის - 520.78 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი უკვე გადახდილი 100 ლარის გათვალისწინებით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი.

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ ფ.კ–ას (იხ. მინდობილობა ს.ფ.163-164) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2023 წლის 23 მარტს ჩაბარდა პირადად (იხ. ჩაბარების დასტური), რასაც შედეგად მოჰყვა მხარის მიერ ხარვეზის გამოსწორების მიზნით განცხადების წარმოდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2023 წლის 28 მარტს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2023 წლის 3 აპრილს (ვადის უკანასკნელი დღე დაემთხვა უქმე დღეს).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

2023 წლის 6 აპრილს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა ი.ა–მა და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ განცხადება მხარემ საკასაციო სასამართლოში წარადგინა 2023 წლის 6 აპრილს - სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით, რის გამოც სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს მოცემული განცხადების საფუძვლიანობაზე. საპროცესო ვადის დარღვევას ადასტურებს ბაჟის გადახდის თარიღიც, რომელიც ემთხვევა უზენაესი სასამართლოს შტამპზე დასმულ თარიღს - 2023 წლის 6 აპრილს.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შეიცავს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კონკრეტულ წინაპირობებს, რომელთა არარსებობისას სასამართლო სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესაძლებლობას მოკლებულია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე სასამართლომ დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული „სასამართლო ხელმისაწვდომობის“ უფლების ხელყოფად.

საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ი.ა–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე, განუხილველად უნდა იქნას დატოვებული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევის გამო.

სსსკ-ის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად კი საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში ი.ა–ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა ჯამში 150 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 374-ე, 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ა–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. ი.ა–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ფ.კ–ას (პ/ნ .......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი (საგადახდო დავალება №16461330110 / გადახდის თარიღი 21.03.2023) და ი.ა–ის (პ/ნ ........) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი (საგადახდო დავალება №16646285355 / გადახდის თარიღი 06.04.2023).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე