Facebook Twitter

საქმე №ას-1408-2018 11 ივნისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.დ–ი, მ.ბ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – მესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ჰ.ბ–ი (შემდგომში - „მამკვიდრებელი“) გარდაიცვალა 2001 წლის 31 დეკემბერს. მას დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები: მეუღლე - ი.შ–ია, შვილები - მ.ბ–ი (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“), მ.ბ–ი და გ.ბ–ი (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“).

2. ი.შ–ია გარდაიცვალა 2008 წლის 22 მაისს, ხოლო მ.ბ–ი გარდაიცვალა 2014 წლის 02 სექტემბერს. ნ.დ–ი (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“) არის მ.ბ–ის მეუღლე.

3. მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ........, N2 და თბილისი, ........ (ყოფილი ......) მე-15 კილომეტრი.

4. მამკვიდრებლის მემკვიდრეებმა მიიღეს სამკვიდრო. კერძოდ, მ.ბ–ი და პირველი მოსარჩელე მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და მას შემდეგაც ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: თბილისი, ........ (ყოფილი .........) მე-15 კილომეტრი, ხოლო მოპასუხე მამკვიდრებელთან ერთად და მისი გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობდა მისამართზე: თბილისი, ...........

5. მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდროს ნაწილზე, უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ........, 2002 წლის 25 სექტემბერს მოპასუხის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა.

6. მოპასუხემ მის საკუთრებაში არსებული, წინამდებარე პუნქტში მითითებული უძრავი ქონება 2002 წლის 01 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გაასხვისა მ.ჩ–ზე. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 2000 ლარად.

7. მამკვიდრებელი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მოპასუხესთან ერთად მისამართზე: თბილისი, ..... მოპასუხეს მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე ან მისი გარდაცვალების შემდეგ არ უცხოვრია საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თბილისი, .......... (ყოფილი .......) მე-15 კილომეტრი. ამ ქონების ფლობასა და სარგებლობას მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

8. უძრავი ნივთის, მდებარე: თბილისი, ......... (ყოფილი ...........) მე-15 კილომეტრი, ს.კ. ......., ღირებულება შეადგენს 15 000 აშშ დოლარს, ხოლო უძრავი ნივთის, მდებარე: თბილისი, ........, N2, ს.კ. ......., ღირებულება განისაზღვრა 23 600 აშშ დოლარით.

9. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვეს მამკვიდრებლის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, .......... (ყოფილი .........), მე-15 კილომეტრი, ს.კ. ......., 1/2-1/2 წილზე მესაკუთრედ ცნობა.

10. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, იგი დაეთანხმა მოსარჩელეთათვის სადავო უძრავის ქონების 1/3-1/3 წილის მიკუთვნებას.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეები ცნობილ იქნენ მამკვიდრებლის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ......... (ყოფილი .........) მე-15 კილომეტრი, ს.კ. ......., 1/3-1/3 ნაწილის მესაკუთრედ.

12. მოსარჩელეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელეები ცნობილ იქნენ მამკვიდრებლის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-15 კილომეტრი, ს.კ. ......., 1/2-1/2 ნაწილის მესაკუთრეებად.

14. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელეების მიერ წარდგენილ, შპს „ა -თა“-ს 2015 წლის 15 ივლისის დასკვნაში მითითებულ უძრავი ქონებების შეფასებას. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102.1, 102.3 მუხლებით და აღნიშნა, რომ მოპასუხეს არ წარუდგენია აღნიშნული აუდიტორული დასკვნის საწინააღმდეგო, სადავო ნივთების ღირებულების განმსაზღვრელი მტკიცებულება, მხოლოდ ზეპირი განმარტება კი, სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულების უარსაყოფად საკმარისად არ მიიჩნია.

16. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1319-1320-ე, 1328.1, 1336-ე, 1452-ე, 1469-ე მუხლებით და განმარტა, რომ მემკვიდრეთა შეთანხმებით შესაძლებელია მემკვიდრისათვის ქონების გამოყოფა იმ რაოდენობით, რაც მის წილს არ შეესაბამება. ვინაიდან მხარეთა შორის სამკვიდროს გაყოფაზე შეთანხმება არ არსებობდა, სამკვიდრო უნდა გაიყოს იმ წილის კვალობაზე, რაც თითოეულ მათგანს კანონით ერგება, სამოქალაქო კოდექსის 1469-ე მუხლის საფუძველზე. მხარეებს არ მიუთითებიათ განსაკუთრებულ და კონკრეტულ გარემოებებზე, რაც გათვალისწინებულია აღნიშნული ნორმით და რაც გავლენას იქონიებდა მემკვიდრეებს შორის სამკვიდროს გაყოფაზე. მოცემულ შემთხვევაში მამკვიდრებლის სამკვიდრო შედგებოდა ორი უძრავი ქონებისგან, მდებარე: თბილისი, ...... და თბილისი, ............ (ყოფილი ..........) მე-15 კილომეტრი. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ თითოეულ მათგანს სამკვიდროს 1/3 ნაწილი ეკუთვნის. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ მიიღო და განკარგა სამკვიდროში შემავალი უძრავი ნივთი, რომლის ღირებულება დარჩენილი ქონების ღირებულებას აღემატება, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მემკვიდრეთა წილების კვალობაზე, მოსარჩელეებს დარჩენილი სამკვიდრო ქონება უნდა მიკუთვნებოდათ.

17. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

18. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

18.1. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და მოპასუხე სამკვიდროს გარეშე დატოვა;

18.2. ის გარემოება, რომ ავადმყოფი მამის მოვლა-პატრონობას მხოლოდ კასატორი ახორციელებდა, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ მოპასუხემ მიიღო სამკვიდრო ........, რაზეც გაიცა სამკვიდრო მოწმობა. დაკრძალვისა და მკურნალობის ხარჯების დასაფარად აღნიშნული ბინა გაიყიდა 2000 ლარად, რაც მხარეებს ასევე არ გაუხდიათ სადავოდ;

18.3. 2001 წლისთვის აღნიშნული ბინა იყო ავარიული, ამორტიზებული. ეს გარემოება დასტურდება სამშენებლო მექანიკისა და სეისმედეგობის ინსტიტუტის დასკვნით, რაც ერთვის საკასაციო საჩივარს. მოსარჩელეების მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნით კი, რომელიც 15 წლის შემდგომ გაკეთდა, მათ ხელოვნურად გაზარდეს სამკვიდრო მასა. მყიდველმა მ.ჩ–მა ააშენა ახალი საცხოვრებელი სახლი, რომლის აუდიტის დასკვნაც წარადგინეს მოსარჩელებმა. სააპელაციო სასამართლომ ეს გარემოებები უგულებელყო;

18.4. 2001 წლისთვის სადავო ქონების ღირებულება 23 600 აშშ დოლარს არ შეადგენდა, რაც როგორც სამშენებლო მექანიკისა და სეისმედეგობის ინსტიტუტის დასკვნით, ისე ნასყიდობის ხელშეკრულებითაც დასტურდება.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

25. კასატორის პრეტენზია სამკვიდროში შემავალი უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ......., ღირებულების შეფასებას შეეხება. მისი მტკიცებით, აღნიშნული უძრავი ქონების ღირებულება 2001 წლისთვის 23 600 აშშ დოლარს არ შეადგენდა, საცხოვრებელი სახლი იყო ავარიული, ამორტიზებული და მყიდველმა მის ადგილას ახალი საცხოვრებელი სახლი ააშენა.

26. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

27. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი).

29. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარდგენილი შპს „ა-თა“-ს 15.07.2015წ. აუდიტორული დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ........., ს.კ. ..., ღირებულება განისაზღვრა 23 600 აშშ დოლარით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 43-45). მოპასუხეს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ აღნიშნული უძრავი ქონება იყო ავარიული და მის ადგილას მისმა შემძენმა ახალი საცხოვრებელი სახლი ააშენა. მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს. რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებას - სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დასკვნას, საკასაციო სასამართლო მას ვერ შეაფასებს, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელს უნდა დაურთოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მის მიერ მითითებულ გარემოებებს. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. იმავე კოდექსის 380-ე მუხლის შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლოში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მიხედვით, მათი წარდგენა საკასაციო სასამართლოში არ დაიშვება. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია ზემოაღნიშნული სამკვიდრო ქონების შეფასებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.

30. ამდენად, ვინაიდან წინამდებარე საქმეში არ არის დადგენილი მემკვიდრეებს შორის სამკვიდროს გაყოფის თაობაზე შეთანხმების არსებობის ფაქტი, ხოლო მოპასუხის, როგორც ერთ-ერთი მემკვიდრის, მიერ მიღებული და გასხვისებული უძრავი ქონების ღირებულება აღემატება სამკვიდროში შემავალი დანარჩენი ქონების ღირებულებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1136-ე მუხლის [კანონით მემკვიდრეობის დროს გარდაცვლილის შვილები თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან] მიხედვით, მოპასუხეებს მართებულად მიეკუთვნათ სადავო უძრავი ქონების 1/2-1/2 წილი.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

32. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

34. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

35. კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. იმავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დასკვნა), მთლიანობაში „2“ ფურცლად (ტ. 2. ს.ფ. 98-99).

36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 612,50 ლარისა და 35 ლარის, ჯამში 647,5 ლარის 70% – 453,25 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს გ.ბ–ს (პ/ნ N......) დაუბრუნდეს ა.შ–ის (პ/ნ N......) მიერ 2018 წლის 24 აგვისტოს №17707032 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 612,50 ლარის და 2018 წლის 24 ოქტომბრის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 35 ლარის, საერთო ჯამში 647,5 ლარის 70% – 453,25 (ოთხას ორმოცდაცამეტი ლარი და ოცდახუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. კასატორს გ.ბ–ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დასკვნა), მთლიანობაში „2“ ფურცლად (ტ. 2. ს.ფ. 98-99);

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე