საქმე №ას-1413-2018 11 ივნისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.გ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.ბ–ი“ (მოპასუხე)
თავდაპირველი მოსარჩელე - ნ.გ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „პ.ბ–მა” (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „ბანკი“) 2011 წლის 20 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების იბა „გ. 34”-ის, თ.გ–ის (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“ ან „კასატორი“), ნ.გ–ძის (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“) და სხვათა მიმართ 2007 წლის 18 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, 327 492,55 აშშ დოლარისა და საპროცესო ხარჯის - 21 991,10 ლარის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით ბანკის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო პირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ბორჯომი, ....., ს.კ. .........; ბორჯომის რაიონი, ........ქ. №5, ს.კ. .........
3. აგრეთვე, ყადაღა დაედო სს „თ.ბ–ში” და სს „ს.ბ–ში” პირველი მოსარჩელის საბანკო ანგარიშებს, დავის საგნის ღირებულების - 327 492,55 აშშ დოლარისა და 26 991,10 აშშ დოლარის ფარგლებში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პირველ მოსარჩელეს, მ.ხ–ს, ნ.გ–ს, ლ.ლ–ძესა და ამხანაგობა „გ. ?”-ს ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირი თანხის - 269 604,44 აშშ დოლარის, პროცენტის - 49 090,61 აშშ დოლარისა და ჯარიმის - 880 აშშ დოლარის გადახდა; პირველი მოსარჩელის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 780 000 აშშ დოლარით; მათ ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ასევე საპროცესო ხარჯის ანაზღაურება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება შეიცვალა პირველი მოსარჩელის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბანკის სარჩელი პირველი მოსარჩელის მიმართ არ დაკმაყოფილდა; ბანკს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონსძიება და ყადაღა მოეხსნა პირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ, წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულ უძრავ ქონებას, აგრეთვე, პირველი მოსარჩელის საბანკო ანგარიშებს სს „თ.ბ–ში” და სს „ს.ბ–ში”.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 28 აპრილის განჩინებით.
7. სს „თ.ბ–სა” და ნ.გ–ის მინდობილ პირს, პირველ მოსარჩელეს შორის 2010 წლის 17 მარტს გაფორმდა №8886-1116416 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 50 000 ევროს ოდენობით 2010 წლის 17 მარტიდან 2010 წლის 18 აპრილამდე, წლიური 14% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევისთვის.
8. სს „თ.ბ–სა” და ნ.გ–ის მინდობილ პირს, პირველ მოსარჩელეს შორის 2012 წლის 18 აპრილს გაფორმდა შეთანხმება №8886-1116416 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, კრედიტის ვადად განისაზღვრა 1493 დღე, წლიური 12%-ის დარიცხვით. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „თ.ბ–სა” და ნ.გ–ს შორის 2012 წლის 18 აპრილს გაფორმდა №8886-1116416 თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე ბანკის მიმართ. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 30 000 ევროთი.
9. სს „თ.ბ–სა” და ნ.გ–ის (ვიპ კლიენტი) მინდობილ პირს, პირველ მოსარჩელეს შორის 2010 წლის 19 აპრილს გაფორმდა №8886-1130269 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 38 000 ევროს ოდენობით 2010 წლის 19 აპრილიდან 2012 წლის 18 აპრილამდე, წლიური 13,25% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევისთვის.
10. სს „თ.ბ–სა” და ნ.გ–ის (ვიპ კლიენტი) მინდობილ პირს, პირველ მოსარჩელეს შორის 2012 წლის 18 აპრილს გაფორმდა შეთანხმება №8886-1130269 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, კრედიტის ვადად განისაზღვრა 1263 დღე, წლიური 12,3%-ის დარიცხვით. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „თ.ბ–სა” და მეორე მოსარჩელეს შორის 2012 წლის 18 აპრილს გაფორმდა №8886-1130269 თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმეგბლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე ბანკის მიმართ. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 38 000 ევროთი.
11. სს „თ.ბ–სა“ და მოსარჩელეებს შორის 2010 წლის 25 ოქტომბერს გაფორმდა №8886-1232156 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 20 000 აშშ დოლარის ოდენობით 2010 წლის 25 ოქტომბრიდან 2011 წლის 03 ოქტომბრამდე, წლიური 15,5% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევისთვის.
12. სს „თ.ბ–სა” და მოსარჩელეებს შორის 2011 წლის 03 ოქტომბერს გაფორმდა №8886-1232156 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 20 000 აშშ დოლარის ოდენობით 2010 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 03 ოქტომბრამდე, წლიური 14,3% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევისთვის.
13. სს „თ.ბ–სა” და მოსარჩელეებს შორის 2010 წლის 15 დეკემბერს გაფორმდა №8886-1263672 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10 000 აშშ დოლარის ოდენობით 2010 წლის 15 დეკემბრიდან 2013 წლის 03 ოქტომბრამდე, წლიური 15,5% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევისთვის.
14. სს „თ.ბ–სა” და მოსარჩელეებს შორის 2011 წლის 03 ოქტომბერს გაფორმდა №8886-1263672 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10 000 აშშ დოლარის ოდენობით 2010 წლის 15 დეკემბრიდან 2013 წლის 03 ოქტომბრამდე, წლიური 14,3% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევისთვის.
15. სს „თ.ბ–სა” და მოსარჩელეებს შორის 2011 წლის 15 თებერვალს გაფორმდა №8886-1301760 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 15 000 აშშ დოლარის ოდენობით 2011 წლის 16 თებერვლიდან 2011 წლის 03 ოქტომბრამდე, წლიური 15,5% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევისთვის.
16. სს „თ.ბ–სა” და მოსარჩელეებს შორის 2011 წლის 20 მაისს გაფორმდა №8886-1348396 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10 000 აშშ დოლარის ოდენობით 2011 წლის 20 მაისიდან 2011 წლის 03 ოქტომბრამდე, წლიური 15,5% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევისთვის.
17. სს „თ.ბ–სა” და მოსარჩელეებს შორის 2011 წლის 31 იანვარს გაფორმდა №8886-1293615 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10 000 აშშ დოლარის ოდენობით 2011 წლის 31 იანვრიდან 2011 წლის 03 ოქტომბრამდე, წლიური 15,5% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევისთვის.
18. სს „თ.ბ–სა” და მოსარჩელეებს შორის 2010 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა №8886-1227205 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 20 000 აშშ დოლარის ოდენობით 2010 წლის 15 ოქტომბრიდან 2011 წლის 03 ოქტომბრამდე, წლიური 15,5% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევისთვის.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 06 ნოემბრის განჩინებით ბანკის განცხადება დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, ........., ს.კ. .......; ბორჯომის რაიონი, ......., , ს.კ. ..........
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 07 მარტის განჩინებით მეორე მოსარჩელის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 06 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღისგან განთავისუფლდა მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონება.
21. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 13 ივნისის №A12063813-017/001 განკარგულების მიხედვით, 2013 წლის 11 ივნისს დასრულებულ ონლაინ აუქციონზე პირველი მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე: ბორჯომი, ........, ს.კ. № ........, 367 500 ლარად შეიძინა სს „თ.ბ–მა”.
22. 2011 წლის 09 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ბორჯომის რაიონი, ........, , ს.კ. №........., რეგისტრირებული იყო პირველი მოსარჩელის საკუთრების უფლება. ამასთან, 2014 წლის 11 თებერვალს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აღნიშნულ ნივთზე რეგისტრირებულია სს „თ.ბ–ის” საკუთრების უფლება, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი №A12063813-017/001 განკარგულება, დამოწმების თარიღი 13/06/2013, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურო.
23. 2013 წლის 11 ნოემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 21,65 კვ.მ ფართის სხვენზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, კ......(ყოფილი ........), სადარბაზო №1, ს.კ. .........., რეგისტრირებულია მეორე მოსარჩელის საკუთრების უფლება. ამასთან, მითითებულ უძრავ ნივთს ედო ყადაღა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 06 ნოემბრის განჩინების საფუძველზე.
24. 2013 წლის 12 ნოემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთზე, მდებარე: ბორჯომის რაიონი, ........., ს.კ. ........, რეგისტრირებულია მეორე მოსარჩელის საკუთრების უფლება. ამასთან, მითითებულ უძრავ ნივთს ედო ყადაღა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 06 ნოემბრის განჩინების საფუძველზე.
25. პირველი მოსარჩელის ქონებაზე (უძრავ ნივთებსა და საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებზე) ყადაღის მოქმედების პერიოდში (20.06.2011წ.-28.04.2014წ.) სადავო სესხებზე სს „თ.ბ–ის“ პროცენტის სახით გადახდილია 28 058 ევრო და 16 790 აშშ დოლარი, რაც დასტურდება ამ სესხებზე გადახდების ისტორიებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 126; 138; 168; 178; 188; 192; 196; 201).
26. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვეს მათთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებლად გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის სახით, პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ 28 038 ევროსა და 523 389 აშშ დოლარის, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ 25 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
27. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
28. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
29. მოსარჩელეებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
30. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
31. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-25 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
32. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილით და განმარტა, რომ გაუმართლებელი უზრუნველყოფის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას, მოპასუხე (ვის სასარგებლოდაც იყო გამოყენებული უზრუნველყოფა) მოკლებულია შესაძლებელობას ამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა, აღნიშნული დადასტურებულად მიიჩნევა, თუმცა მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს როგორც ზიანის, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებას - გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებასა და დამდგარ შედეგს შორის.
33. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელეების მტკიცება, რომ ყადაღის მოქმედებამ მათ ხელი შეუშალა ვადამდე შეესრულებინათ სს „თ.ბ–თან“ დადებული სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული შემდგომი პროცენტების გადახდა. სასამართლომ მიუთითა სასესხო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გადახდების ისტორიებზე, რომლებითაც დასტურდება, რომ ამ სესხებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და როგორც სესხის ძირითადი თანხების, ისე მათზე დარიცხული პროცენტების გადახდა, მოხდა მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელის ანგარიშებზე გამოყენებული უზრუნველყოფის მოქმედების პერიოდში.
34. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები განმარტავენ, რომ სადავო სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები შესრულდა პირველი მოსარჩელის მიერ მისი კუთვნილი თანხების ანგარიშზე შეტანის გზით და უარყოფენ სესხის დასაფარად იმ დეპოზიტებიდან თანხების ჩამოჭრას, რომლებითაც უზრუნველყოფილი იყო ეს სესხები (2017 წლის 30 ნოემბრის სხდომის ოქმი, 14:14:23). ამ თანხების სესხისა და სესხზე დარიცხული პროცენტების დაფარვის მიზნით მეანაბრეების (მეორე მოსარჩელე და ნ.გ–ი) ანგარიშებიდან ჩამოჭრის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის წარდგენილი, აღნიშნული კი ეწინააღმდგება მოსარჩელისავე მტკიცებას, რომ მას ანგარიშებზე არსებული ყადაღა ხელს უშლიდა სესხების ვადამდე დაფარვაში (პროცენტები დაფარულია 2011 წლის 03 ოქტომბრიდან 2014 წლის 18 აპრილის ჩათვლით პერიოდში) და იგი მოპასუხის ბრალით იძულებული გახდა ეხადა პროცენტი სესხის ვადის ბოლომდე.
35. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით, მოსარჩელის მიერ სესხებზე გადახდილი პროცენტების დაკისრების ფაქტობრივ- სამართლებრივი წინაპირობები.
36. სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაციის შედეგად დამდგარი ზიანის - 394 773 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 111 826 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე ზიანის ოდენობას ანგარიშობს - 18.07.2017წ. აუდიტორის დასკვნით განსაზღვრულ უძრავი ნივთის ღირებულებას - 607 200 აშშ დოლარსა და აუქციონზე რეალიზაციის ფასს - 212 427 აშშ დოლარს შორის სხვაობით, თუმცა იმ შემთხვევაშიც, თუ მივიჩნევთ, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის გამო ნივთის აუქციონზე რეალიზაციით მოსარჩელეს ზიანი მიადგა, ზიანის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს არა ნივთის ღირებულებასა და რეალიზაციის ფასს შორის სხვაობით, არამედ ნივთის ღირებულებასა და კრედიტორის მოთხოვნას შორის სხვაობით. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში არ იყო წარდგენილი კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის ამსახველი მტკიცებულებები.
37. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მიზეზობრივი კავშირის არსებობის დადასტურება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასა და აუქციონზე ნივთის რეალიზაციას შორის. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ანგარიშებზე ყადაღის დადებამ, თავის მხრივ, გამოიწვია სს „თ.ბ–ის“ წინაშე იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევა, ხოლო უძრავ ნივთზე არსებულმა ყადაღამ მოსარჩელეს წაართვა შესაძლებლობა იპოთეკის საგნის რეალურ ფასად გაყიდვით დაეფარა როგორც ბანკის დავალიანება, ასევე მიეღო სხვაობა ნივთის ფასსა და კრედიტორის მოთხოვნას შორის. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა ანგარიშებზე ყადაღის დადებით იყო გამოწვეული, საქმეში წარდგენილი არ არის ამის დამადასტურებელი მტკიცებულება. დადგენილია, რომ ყადაღის არსებობა მოსარჩელეს ხელს არ უშლიდა შეესრულებინა ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებები, ამასთან, არ დგინდება, რომ მოსარჩელის კუთვნილ ანგარიშებზე იყო ფულადი სახსრები, რომელთა დაყადაღებამაც მას ხელი შეუშალა ეს სახსრები ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად გამოეყენებინა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ანგარიშებზე დადებულ ყადაღას ვალდებულების შეუსრულებლობა და ნივთის აუქციონზე რეალიზაცია არ გამოუწვევია.
38. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე არ მიუთითებს და საქმის მასალებით არ დგინდება თუ როდის დაირღვა ვალდებულება, როდის მიიღო და წარადგინა კრედიტორმა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რასაც თან სდევს იმ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების შეზღუდვა, რომელზეც უნდა მიექცეს აღსრულება („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტი), შეუძლებელია დადგინდეს, ჰქონდა თუ არა მოვალეს რეალური შესაძლებლობა განეკარგა მისი კუთვნილი ნივთი შეხედულებისამებრ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის სასარგებლოდ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც ასევე აუცილებელი წინაპირობაა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის განხორციელებისათვის.
39. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411-412-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის სახით ყადაღის გამოყენება, მართალია, ზღუდავს მესაკუთრის თავისუფლებას შეხედულებისამებრ განკარგოს მისი საკუთრება, მაგარამ მხოლოდ საკუთრების უფლების შეზღუდვის ფაქტი არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ წინაპირობას. აუცილებელია, მოსარჩელემ დამაჯერებლად დაასაბუთოს, რომ შემოსავლის მიღება მოსალოდნელი იყო იმ ვითარებაში, თუ მას არ ექნებოდა შეზღუდული ქონების განკარგვის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხოლოდ ყადაღის არსებობის ფაქტზე მიუთითებს, დამაჯერებელი დასაბუთება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა ვარაუდის საფუძველს, რომ მოსარჩელის კომერციულ ინტერესში შედიოდა უზრუნველყოფის საგნის გასხვისება, რისთვისაც იგი მიმართავდა შესაბამის ქმედებებს კონტრაჰენტის მოძიების მიზნით, წარდგენილი არ არის, ასეთზე თავად მოსარჩელეც არ მიუთითებს, სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ ასეთი შესაძლებელობის ზოგადად არსებობას და ამ უძრავი ნივთის ღირებულების შეფასებას ემყარება, რაც, სასამართლოს აზრით, საკმარისი არ არის.
40. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე პირველმა მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
41. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
41.1. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ ბანკის სარჩელი პირველი მოსარჩელის მიმართ, 18.06.2007წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.11.2013წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ ბანკის შუამდგომლობის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით 2011 წლის 20 ივნისიდან 2014 წლის 28 აპრილამდე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განჩინების მიღებამდე) პირველი მოსარჩელის უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები გაუმართლებლად იყო დაყადაღებული, რის შედეგად მან ქონებრივი ზიანი განიცადა;
41.2. კერძოდ, ყადაღის გამო პირველმა მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი კუთვნილი უძრავი ქონების: ს.კ. ...... და ს.კ. ......., გაყიდვა და აღნიშნულის შედეგად მიღებული თანხების საჭიროებისამებრ გამოყენება ან/და სესხების სრულად დაფარვა. ის იძულებული გახდა გაეგრძელებინა სს „თ.ბ–იდან“ აღებული სესხის (ხელშეკრულებების) ვადები ან/და აეღო ახალი სესხი და ბანკისთვის ეხადა შესაბამისი პროცენტი. პროცენტის სახით ბანკისთვის გადახდილმა თანხამ ქონებაზე ყადაღის არსებობის პერიოდში შეადგინა 28 058 ევრო და 16 790 აშშ დოლარი, რაზეც პასუხისმგებლობა სსსკ-ის 199–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ზიანის მიმყენებელ პირს, ბანკს ეკისრება;
41.3. ზემოაღნიშნულის გარდა, ვინაიდან უძრავ ქონებაზე: ს.კ. ........, ჯერ კიდევ 26.09.2007 წლიდან რეგისტრირებული იყო სს „თ.ბ–ის“ იპოთეკა, აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად პირველი მოსარჩელე აპირებდა ამ უძრავი ქონების გაყიდვასა და ბანკის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვას, თუმცა, ვინაიდან მასზე რეგისტრირებული იყო ბანკის ყადაღა, ცხადია, პირველმა მოსარჩელემ მისი გაყიდვა და ბანკის ვალის ნებაყოფლობით დაფარვა ვერ შეძლო. აღნიშნული უძრავი ქონება, რომლის ღირებულებაც სააღსრულებო ბიუროს 13.06.2013წ. N1063813–017/001 განკარგულების გამოცემის მომენტისთვის 607 200 აშშ დოლარს შეადგენდა, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ იძულებითი წესით რეალიზებულ იქნა აუქციონზე ბანკის მიმართ არსებული დავალიანების - 367 500 ლარის (რაც იმ დროს არსებული ვალუტის კურსის მიხედვით (1,73) 212 427 აშშ დოლარს შეადგენდა) დასაფარად, რის შედეგადაც პირველმა მოსარჩელემ განიცადა ქონებრივი ზიანი 394 773 აშშ დოლარის ოდენობით (607 200 აშშ დოლარს – 212 427 აშშ დოლარი), რომელზე პასუხისმგებლობაც, სსსკ-ის 199–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ასევე ბანკს ეკისრება;
41.4. 394 773 აშშ დოლარის სს „თ.ბ–ის“ ვადიან სადეპოზიტო ანაბარზე განთავსების შემთხვევაში, პირველი მოსარჩელე მიიღებდა სარგებელს წლიური 10%-ის ოდენობით. კერძოდ, 2011 წლის 20 ივნისიდან 2014 წლის 28 აპრილამდე, ანუ ქონებაზე ყადაღის არსებობის პერიოდში გასულ 34 თვეში, ის მიიღებდა 111 826 აშშ დოლარს;
41.5. აღნიშნულს ამყარებს ის უდავო ფაქტობრივი გარემოებაც, რომ პირველ მოსარჩელესა და სს „თ.ბ–ს“ შორის დადებული ხელშეკრულებების მიხედვით, მსესხებლის მიერ აღებული სესხი უზრუნველყოფილი იყო იმავე ბანკში არსებული მეორე მოსარჩელის ანაბრით. ბანკმა ასეთი უზრუნველყოფა ვარგისად ჩათვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქონების გაყიდვისა და მიღებული თანხის სს „თ.ბ–ის“ ვადიან სადეპოზიტო ანაბარზე მოთავსების შემთხვევაში, პირველი მოსარჩელე (დიდი ალბათობით) შემოსავალს მიიღებდა;
41.6. ბანკმა იბა „გ. - ?“-ის, პირველი მოსარჩელისა და სხვა 30 მოპასუხის მიმართ სარჩელი აღძრა 08.06.2007წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 327 492,55 აშშ დოლარისა და საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯის - 21 991,10 ლარის დაკისრების მოთხოვნით, სადაც პირველი მოსარჩელის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა განისაზღვრებოდა დაახლოებით 120 000 აშშ დოლარით, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ბანკმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, ბოროტი განზრახვით, სასამართლოს დააყადაღებინა პირველი მოსარჩელის კუთვნილი რვაჯერ მეტი ღირებულების ქონება, რომ არაფერი ითქვას ანგარიშების უსაფუძვლოდ დაყადაღებაზე, რის გამოც ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო ბიზნესისა თუ სხვა პროექტების განხორციელება–დაფინანსება, რითაც მიყენებული ზიანის ოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა;
41.7. პირველი მოსარჩელის მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ოდენობასთან შეუწონასწორებელი ქონების დაყადაღებით მისი ქონებრივი უფლებები არაადეკვატურად შეიზღუდა, რაც დაუშვებელია. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ ეს გარემოებები ბანკის ბრალით მიყენებული ზიანის განსაზღვრისას, სრულიად უსაფუძვლოდ მხედველობისა და შეფასების გარეშე დატოვა;
41.8. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე 394 773 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნას იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციას უკავშირებდა, კვლევის საგანი უნდა ყოფილიყო არა ის გარემოება, თუ როდის მოხდა ნივთის რეალიზაცია, არამედ ის, თუ როდის დაირღვა უზრუნველყოფილი ვალდებულება, ე.ი. აღნიშნულს ადგილი ჰქონდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებამდე, თუ გამოყენების შემდგომ, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ზიანი შესაძლოა სახეზე იყოს, როცა დგინდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამო ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. უდავოა, რომ უძრავი ქონების რეალიზაცია სწორედ იმ პერიოდში მოხდა, როცა ის ბანკის მოთხოვნით გაუმართლებლად იყო დაყადაღებული. ქონებას სს „თ.ბ–ის“ მოთხოვნით ყადაღა არ ედო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკის სასარგებლოდ ყადაღის, ანუ გასხვისების აკრძალვის არარსებობის შემთხვევაში, პირველ მოსარჩელეს ექნებოდა შესაძლებლობა, ქონება რეალურ ფასად გაესხვისებინა, მიღებული თანხით კი, სს „თ.ბ–ის“ წინაშე არსებული ფულადი ვალდებულება დაეფარა, ხოლო დარჩენილი თანხა პირადი მიზნებისათვის გამოეყენებინა;
41.9. მოთხოვნის მოცულობის ამსახველი მტკიცებულებების წარუდგენლობა არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორის მოთხოვნა მეტი იყო. პირიქით, კრედიტორისთვის 367 500 ლარად ქონების გადაცემა მიანიშნებს იმაზე, რომ მის მოთხოვნას სწორედ ეს თანხა შეადგენდა, სხვა შემთხვევაში ქონების გადაცემა მოხდებოდა შესაბამისი მოთხოვნის, თუნდაც უფრო დიდი მოცულობის მოთხოვნის დასაფარავად, მით უფრო, რომ ქონების ღირებულება ამის შესაძლებლობას იძლეოდა;
41.10. იმის გათვალისწინებით, რომ ბანკი სამეწარმეო სუბიექტია და მოგებაზეა ორიენტირებული, მას ქონებისა და ფულადი სახსრების თავისუფლად მართვა–განკარგვის ეკონომიკური მნიშვნელობა და თანმდევი შედეგის - სარგებლის მიღების განცდა გაცნობიერებული აქვს, შესაბამისად, ცხადია, რომ პირველი მოსარჩელის ქონების ან/და ანგარიშების დაყადაღების შედეგად მოსალოდნელი ზიანი მისთვის ცნობილი იყო;
41.11. სასამართლომ არ დაადგინა, ერთი მხრივ, პირველი მოსარჩელის მიერ სესხებზე გადახდილი პროცენტების ოდენობა, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული თანხიდან უძრავ ქონებაზე გაუმართლებელი ყადაღის დადებიდან (20.06.2011წ.) გადახდილი პროცენტების ოდენობა;
41.12. სასამართლომ არ დაადგინა, რომ დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის მიხედვით, უძრავი ქონება: ს.კ. 64.30.01.244, ონლაინ აუქციონზე გასხვისების მომენტისათვის, ანუ 2013 წლის ივნისისათვის, შეფასებულია 607 200 აშშ დოლარად, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი რეალური საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად აჭარბებდა კრედიტორისთვის გადასახდელ თანხას – 367 500 ლარს (212 427 აშშ დოლარი);
41.13. სასამართლომ არ დაადგინა, რომ სს „თ.ბ–ის“ 10.06.2014წ. ინფორმაციის მიხედვით, 2008–2014წწ. ვადიან სადეპოზიტო ანაბარზე საპროცენტო განაკვეთი იყო წლიური 10%.
42. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
43. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
45. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
46. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
47. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
48. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხის სასარგებლოდ პირველი მოსარჩელის ქონებაზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად ამ უკანასკნელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.
49. კასატორის მტკიცებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მის უძრავ ქონებაზე ყადაღის არარსებობის პირობებში, იგი აღნიშნულ ქონებას გაასხვისებდა და სს „თ.ბ–იდან“ აღებულ სესხებს ვადამდე დაფარავდა, შესაბამისად, მათზე პროცენტების გადახდა აღარ მოუწევდა; ასევე, იგი შეძლებდა იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხზე დავალიანების ნებაყოფლობით დასაფარად თავად გაესხვისებინა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, რის შედეგადაც აღარ მოხდებოდა აღნიშნული ქონების აუქციონზე შეუსაბამო ფასად რეალიზაცია.
50. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების სპეციალურ სახეს წარმოადგენს და ის არა ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესებით, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგულირდება. აღნიშნული მუხლის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა, იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.
51. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები:
- გამოყენებული უნდა იყოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;
- ეს ღონისძიება უნდა იყოს გაუმართლებელი;
- უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად უნდა არსებობდეს ზიანი და მიზეზშედეგობრივი კავშირი.
52. ზემოაღნიშნული ფაქტების მითითებისა და მტკიცების ვალდებულება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მოსარჩელეს. კერძოდ, მას ევალება აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
53. ის გარემოება, რომ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად საპროცესო სამართლის ნორმა გვევლინება, არსებითად არ ცვლის ვითარებას. აღნიშნული საკანონმდებლო ტექნიკის საკითხია და სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების მხოლოდ მასზე დამყარება არ ეწინააღმდეგება მართლწესრიგის პრინციპებს. ეს ნორმა მნიშვნელოვანია იმ კონტექსტშიც, რომ იგი, ერთი მხრივ, მოსამართლეს აძლევს პრევენციული მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას - ზიანის აშკარა საფრთხის შემთხვევაში, მხარეს შეიძლება დაეკისროს მისი უზრუნველყოფა, ხოლო, მეორე მხრივ, პირს, რომლის ინტერესების დაცვასაც ემსახურება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, განემარტება ამ ღონისძიების გაუმართლებლობის გამო შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1216-1136-2017, 18 მაისი, 2018 წელი).
54. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ წინამდებარე საქმეში არ დასტურდება მოპასუხის სასარგებლოდ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასა და პირველი მოსარჩელის ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის ფაქტი. მოპასუხეს მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში არ წარუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია პირველი მოსარჩელის მიერ სს „თ.ბ–თან“ დადებული სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება, სასამართლოს არ შეექმნა იმის შინაგანი რწმენა, რომ პირველი მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ყადაღის არარსებობის პირობებში, იგი აღნიშნულ ქონებას გაასხვისებდა და მიღებული თანხით სესხებს ვადამდე დაფარავდა; ამასთან, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხზე ვალდებულების დარღვევის თარიღი, უსაფუძვლოა იმაზე მითითება, რომ საბანკო ანგარიშებზე დროის კონკრეტულ მონაკვეთში არსებულმა ყადაღამ ხელი შეუშალა პირველ მოსარჩელეს ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაში, რამაც იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია და პირველი მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება გამოიწვია.
55. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
56. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
57. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
58. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
59. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს თ.გ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 21 ნოემბრის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6 000 (ექვსი ათასი) ლარის 70% – 4 200 (ოთხი ათას ორასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე