Facebook Twitter

საქმე №ას-1233-2019 15 ივნისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ „ს.ნ. ე.ფ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ.ჩ–ვა, გ.პ–ია, ი.მ–ძე, ზ.შ–ძე, ნ.მ–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – კრების ოქმების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. „ს.ნ.ე.ფ–ია“ (შემდგომში - „მოპასუხე“, “ფედერაცია“ ან „კასატორი“) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოს მიერ, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად, 2001 წლის 02 მაისიდან (იხ. ტ. I, ს.ფ. 35-36).

2. ფედერაციის (კავშირის) წესდების 4.1 და 4.2 პუნქტების თანახმად (2012 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით), კავშირის უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს წევრთა საერთო კრება (ყრილობა), რომლის მოწვევის უფლებამოსილებაც გააჩნია გამგეობას, წელიწადში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, კავშირის მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, გამგეობის ან კავშირის წევრთა 1/2-ის წერილობითი მოთხოვნით შესაძლებელია წევრთა რიგგარეშე კრების (ყრილობის) მოწვევა. კავშირის წევრთა საერთო კრება (ყრილობა) მოიწვევა გამგეობის მიერ კავშირის ყველა წევრისათვის ორი კვირით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით ან ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოებში გამოქვეყნებული განცხადებით საერთო კრების ჩატარების ადგილისა და დღის წესრიგის მითითებით.

3. წესდების 4.3 პუნქტის თანახმად, საერთო კრების (ყრილობის) კომპეტენციას განეკუთვნება: კავშირის წესდების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, გამგეობის წევრების არჩევა, პრეზიდენტის არჩევა და სხვა.

4. წესდების 4.4 პუნქტის მიხედვით, საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება კავშირის წევრთა ხმების უმრავლესობით, ხოლო წესდების შეცვლის თაობაზე წევრთა 2/3-ის მხარდაჭერით.

5. წესდების 4.6 პუნქტის თანახმად, ფედერაციის ხელმძღვანელობით ორგანოს წარმოადგენს კავშირის გამგეობა, რომელიც აირჩევა საერთო კრებაზე (ყრილობაზე) ოთხი წლის ვადით. გამგეობა შედგება 7 წევრისაგან - კავშირის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და გამგეობის ხუთი წევრისაგან.

6. წესდების 4.9 პუნქტის მიხედვით, გამგეობის სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ, რომლის მოწვევაც ხდება კავშირის პრეზიდენტის, იგივე გამგეობის თავმჯდომარის მიერ, თავისი ინიციატივით ან გამგეობის წევრთა 1/2-ის მოთხოვნით. გამგეობა გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა 4/5, გადაწყვეტილების მისაღებად კი საჭიროა ხმათა უმრავლესობა. გამგეობის კომპეტენციას, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, მიეკუთვნება კავშირის წევრთა საერთო კრების (ყრილობის) მოწვევა, კავშირის წევრების მიღება და სხვა.

7. წესდების 5.7 პუნქტის თანახმად, კავშირის წევრად მიღებაზე გადაწყვეტილებას ღებულობს გამგეობა, წერილობითი განცხადების საფუძველზე, ხოლო წევრთა გარიცხვის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საერთო კრება (იხ. ტ. I, ს.ფ. 39-48).

8. 2016 წლის 27 თებერვალს ჩატარებული ფედერაციის მე-8 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის ოქმის თანახმად, ფედერაციის პრეზიდენტად 4 წლის ვადით არჩეულ იქნა ვ.ა–ა, ვიცე-პრეზიდენტად ზ.შ–ძე, ხოლო გამგეობის შემადგენლობა დამტკიცდა შემდეგი შემადგენლობით: 1. ვ.ა–ა (პრეზიდენტი); 2. ზ.შ–ძე (ვიცე-პრეზიდენტი) (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“); 3. მ.ჩ–ვა (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“); 4 ი.მ–ძე (შემდგომში - „მესამე მოსარჩელე“); 5. ნ.მ–ძე (შემდგომში - „მეოთხე მოსარჩელე“); 6. გ.პ–ია (შემდგომში - „მეხუთე მოსარჩელე“); 7. ფ.ბ–ა (იხ. ტ. I, ს.ფ. 49-53).

9. საქმეში წარდგენილი ფედერაციის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ 2016 წლის 14 მარტის მდგომარეობით, ფედერაციის მმართველობით ორგანოს წარმოადგენდა გამგეობა, შემდეგი შემადგენლობით: 1. ვ.ა–ა (პრეზიდენტი/წევრი); 2. პირველი მოსარჩელე (ვიცე-პრეზიდენტი/წევრი); 3. მეორე მოსარჩელე (წევრი); 4. მესამე მოსარჩელე (წევრი); 5. მეოთხე მოსარჩელე (წევრი); 6. მეხუთე მოსარჩელე (წევრი); 7. ფ.ბ–ა (წევრი). ხელმძღვანელობით/წარმომადგენლობით პირებს კი წარმოადგენდნენ: პრეზიდენტი - ვ.ა–ა და ვიცე-პრეზიდენტი - პირველი მოსარჩელე (იხ. ტ. I, ს.ფ. 37-38).

10. 2016 წლის 24 სექტემბრის თარიღით შედგენილი ფედერაციის გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, გამგეობის 7 წევრიდან, სხდომას ესწრებოდა 6 წევრი: 1. ვ.ა–ა (პრეზიდენტი); 2. მეორე მოსარჩელე (წევრი); 3. მესამე მოსარჩელე (წევრი); 4. მეოთხე მოსარჩელე (წევრი); 5. მეხუთე მოსარჩელე (წევრი); 6. ფ.ბ–ა (წევრი). სხდომის ოქმის მიხედვით, სხვა საკითხებთან ერთად, განხილულ იქნა და დადგინდა ფედერაციაში წევრებად ლ.ბ–ას, სპორტული კლუბი „კ–ის“, სპორტული კლუბი „კ-?“-სა და სპორტული კლუბი „მ–ას“ მიღება (იხ. ტ. II, ს.ფ. 91-95).

11. ფედერაციის პრეზიდენტს 2017 წლის 23 ივნისს წარედგინა სპორტული კლუბი „მ–ას“, სპორტული კლუბი „კ-?“-სა და სპორტული კლუბი „კ–ის“ განცხადებები ფედერაციის წევრთა საერთო რიგგარეშე კრების ჩატარების თაობაზე, შემდეგი დღის წესრიგით: 1. 2016 წლის შედეგების განხილვა; 2. წესდებაში ცვლილებების შეტანა და 3. გამგეობაში ცვლილებების შეტანა ან გადარჩევა (იხ. ტ. II, ს.ფ. 100, 102, 104).

12. საქმეში წარდგენილი შეტყობინებების თანახმად, 2017 წლის 29 ივნისს ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის გაერთიანებას, სპორტულ კლუბ „მ–ას“, სპორტულ კლუბ „კ-?“-სა და სპორტულ კლუბ „კ–ის“ გაეგზავნათ შეტყობინება 2017 წლის 15 ივლისს ფედერაციის წევრთა საერთო კრების (ყრილობის) გამართვის შესახებ შემდეგი დღის წესრიგით: 1. 2016 წლის შედეგების განხილვა; 2. წესდებაში ცვლილებების შეტანა და 3. გამგეობის ახალი შემადგენლობის განსაზღვრა (იხ. ტ. I, ს.ფ. 57; ტ. II, ს.ფ. 99, 101, 103).

13. ფედერაციის პრეზიდენტს - ვ.ა–ას ფედერაციის გამგეობის წევრების - მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოსარჩელეების მიერ გაეგზავნა წერილი 2017 წლის 15 ივლისს ჩანიშნული ფედერაციის წევრთა საერთო კრების არჩატარების თაობაზე. წერილის მიხედვით, ვინაიდან ფედერაციის წესდების თანახმად, ყრილობის მოწვევის უფლება გააჩნდა გამგეობას, პრეზიდენტის მიერ კრების მოწვევა წარმოადგენდა წესდების დარღვევას და აღნიშნულის გათვალისწინებით, მოთხოვნილ იქნა გამგეობის სხდომის მოწვევა, რათა ადგილი არ ჰქონოდა არაკანონიერ მოქმედებას (იხ. ტ. I, ს.ფ. 58).

14. ფედერაციის გამგეობის წევრებს 2017 წლის 10 ივლისის წერილით ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ეცნობათ, რომ საერთო კრების (ყრილობის) მოწვევა განხორციელდა წესდების მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან კრების ჩატარება მოთხოვნილ იქნა ფედერაციის წევრთა 1/2-ის მიერ, წესდების 4.2 პუნქტის შესაბამისად, კერძოდ, სპორტული კლუბი „კ–ის“, სპორტული კლუბი „მ–ასა“ და სპორტული კლუბი „კ-?“-ის მოთხოვნით. ხოლო, ის ფაქტი, რომ გამგეობის წევრები არ იყვნენ ინფორმირებული კრების მოწვევის შესახებ, კრების მოწვევის პროცედურების დარღევევას არ წარმოადგენდა (იხ. ტ. I, ს.ფ. 59).

15. 2017 წლის 15 ივლისს გამართული ფედერაციის მე-9 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის ოქმის მიხედვით, ყრილობას ესწრებოდა წესდებით გათვალისწინებული კავშირის წევრთა 2/3 და, შესაბამისად, კრება წარმოადგენდა გადაწყვეტილებაუნარიანს. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებებით ცვლილებები შევიდა ფედერაციის წესდებაში, შეიცვალა საერთო კრების (ყრილობის) მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი, გამგეობის წევრთა რაოდენობა, ფედერაციის წევრთა მიღების წესი, არჩეულ იქნა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი - გ.ს–ა და გამგეობა დამტკიცდა წევრთა ახალი შემადგენლობით: 1. ვ.ა–ა (პრეზიდენტი); 2. გ.ს–ა (ვიცე-პრეზიდენტი); 3. ფ.ბ–ა; 4. ვ.მ–ა; 5. ვალენტინ კლეცკოი; 6. ლ.ბ–ა და 7. რ.მ–ძე (იხ. ტ. I, ს.ფ. 21-26).

16. 2017 წლის 24 ივლისის თარიღით შედგენილი ფედერაციის კორექტირებული ოქმის თანახმად, კრებას ესწრებოდა წესდებით გათვალისწინებული კავშირის წევრთა 2/3 და, შესაბამისად, კრება წარმოადგენდა გადაწყვეტილებაუნარიანს. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებებით ცვლილებები შევიდა ფედერაციის წესდებაში, შეიცვალა საერთო კრების (ყრილობის) მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი, გამგეობის წევრთა რაოდენობა, ფედერაციის წევრთა მიღების წესი, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი - ზ.შ–ძე გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან და მის ნაცვლად არჩეულ იქნა - გ.ს–ა. ასევე, დამტკიცდა გამგეობა წევრთა ახალი შემადგენლობით: 1. ვ.ა–ა (პრეზიდენტი); 2. გ.ს–ა (ვიცე-პრეზიდენტი); 3. ფ.ბ–ა; 4. ვ.მ–ა და 5. რ.მ–ძე (იხ. ტ. I, ს.ფ. 29-34).

17. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი 2017 წლის 15 ივლისის მე-9 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის ოქმისა და 2017 წლის 24 ივლისის კორექტირებული ოქმის საფუძველზე, განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია და ფედერაციის გამგეობის წევრებად დაფიქსირდნენ: 1. ვ.ა–ა (პრეზიდენტი/წევრი); 2. გ.ს–ა (ვიცე-პრეზიდენტი/წევრი); 3. ვ.მ–ა (წევრი); 4. რ.მ–ძე (წევრი) და 5. ფ.ბ–ა (წევრი). ფედერაციის პრეზიდენტად დაფიქსირდა ვ.ა–ა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად გ.ს–ა (იხ. ტ. I, ს.ფ. 20, 28, 35-36).

18. 2017 წლის 26 ივლისს სანოტარო წესით შედგენილი კრების ოქმის თანახმად, 2017 წლის 25 ივლისს გაიმართა ფედერაციის რიგგარეშე საერთო კრება (ყრილობა), რომელსაც ესწრებოდნენ ფედერაციის შემდეგი წევრები: 1. ა(ა)იპ „ქ.ფო.მ.ს.ს.დ.გ–ბა“; 2. ა(ა)იპ „თბილისის ნ.ფ–ია“; 3. ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის ს.დ.გ–ბა“ და 4. ა(ა)იპ „თვითმმართველ ქალაქ მცხეთის მ.კ. და ს. დ.გ–ის“ დელეგატები: ვ.გ–ი, დ.ლ–ა და თ.ლ–ვა. კრებას ასევე ესწრებოდნენ ფედერაციის მიერ 2016 წლის 27 თებერვალს მე-8 რიგგარეშე ყრილობაზე დამტკიცებული გამგეობის წევრები: მეორე, მესამე და მეხუთე მოსარჩელეები. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით ფედერაციის წევრთა მიერ ერთხმად დადასტურდა, რომ 2017 წლის 15 ივლისს ფედერაციის პრეზიდენტის თავმჯდომარეობით გამართულ ყრილობას არ ესწრებოდა არცერთი ხმის უფლების მქონე წევრი და, შესაბამისად, ყრილობა არალეგიტიმური იყო (იხ. ტ. I, ს.ფ. 63-70).

19. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვეს: ბათილად იქნას ცნობილი ფედერაციის 2017 წლის 15 ივლისის მე-9 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის ოქმი, ფედერაციის 2017 წლის 24 ივლისის კორექტირებული ოქმი თავისი სამართლებრივი შედეგებით და აღდგეს მოსარჩელეების სამართლებრივი სტატუსის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში; ასევე, ბათილად იქნას ცნობილი ფედერაციის გამგეობის 2016 წლის 24 სექტემბრის სხდომის ოქმი თავისი სამართლებრივი შედეგით.

20. მოსარჩელის განმარტებით, ფედერაციის წევრთა რიგგარეშე კრება (ყრილობა) მოწვეულ იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით. აღნიშნული კრება მოიწვია ფედერაციის პრეზიდენტმა იმ სუბიექტების ინიციატივით, რომლებიც ფედერაციის წევრები არ არიან. გარდა ამისა, გამგეობის რეგისტრირებული 7 წევრიდან 5 წევრი (მოსარჩელეები) რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ წესდებით დადგენილი წესით ინფორმირებულები არ ყოფილან. ამასთან, იმ შემთხვევაშიც, თუ მივიჩნევთ, რომ კრება სათანადო წესით იყო მოწვეული, ის გადაწყვეტილებაუნარიანი არ იყო, ვინაიდან მას ხმის უფლების მქონე წევრები არ ესწრებოდნენ. რაც შეეხება გამგეობის სხდომის ოქმს, აღნიშნული გამგეობის სხდომა საერთოდ არ შემდგარა.

21. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

22. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ფედერაციის 2017 წლის 15 ივლისის მე-9 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის ოქმი, ასევე, 2017 წლის 24 ივლისის კორექტირებული ოქმი, თავისი სამართლებრივი შედეგებით და აღდგა მოსარჩელეების სამართლებრივი სტატუსის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში; ბათილად იქნა ცნობილი ფედერაციის 2016 წლის 24 სექტემბრის გამგეობის სხდომის ოქმი თავისი თანმდევი სამართლებრივი შედეგებით.

23. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

25. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-18 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

26. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის განმარტებით, კრების ჩატარების თაობაზე წევრების ინფორმირება უზრუნველყოფილი იყო, რასაც ადასტურებს საქმეში წარდგენილი ოქმი და მოწმეთა ჩვენება. ამასთან, კრების ჩატარების დღე შეჯიბრის დღეს დაემთხვა, რომლის შემდგომაც გაიმართა სადავო კრება.

27. სააპელაციო პალატის განმარტებით, ფედერაციის წესდების (2012 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით მოქმედი) 4.10 პუნქტის თანახმად, ფედერაციის მმართველობით ორგანოს - გამგეობის კომპეტენციას, სხვა საკითხებთან ერთად, განეკუთვნება კავშირის წევრად მიღებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. აღნიშნული უფლებამოსილება ასევე მითითებულია წესდების 5.7 პუნქტშიც. ამდენად, უდავოდ დადგენილია, რომ ფედერაციის ახალი წევრების მიღების თაობაზე გადაწყვეტილება გამგეობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს წარმოადგენდა. რაც შეეხება წევრთა საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის პროცესს, წესდების 4.1 მუხლის მიხედვით, ყრილობის მოწვევის უფლებამოსილება ასევე გამგეობის კომპეტენციას წარმოადგენს. ამასთან, საერთო კრების მოწვევის მოთხოვნის უფლება გააჩნიათ ფედერაციის წევრთა ½-ს. წესდების 4.2 მუხლის მიხედვით კი, კრების მოწვევა უნდა განხორციელდეს ფედერაციის ყველა წევრისათვის წერილობითი ფორმით გაგზავნილი შეტყობინებით ან ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოებში განცხადების გამოქვეყნებით, დღის წესრიგის მითითებით.

28. განსახილველი დავის სპეციფიკის გათვალისწინებით, ვინაიდან ერთ მხარეს წარმოდგენილია ორგანიზაცია, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ მოპასუხე, რომელიც კრების ჩატარების ინიციატორია, ვალდებულია ადასტუროს გამგეობის სხდომისა და ყრილობის ჩატარების თაობაზე მოსარჩელეთა ინფორმირებულობის ფაქტი. სადავო გარემოების დადასტურებად არ შეიძლება მიჩნეულ იქნას საქმეში წარდგენილი სადავო ოქმები და მოწმეთა ჩვენებები. ფედერაცია, თავისი სტატუსიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, სამოქალაქო რისკებს უკეთ აღიქვამს, შესაბამისად, მან იცოდა, ან უნდა სცოდნოდა, თუ რა მოყვებოდა წევრების არასათანადოდ ინფორმირებას და, ასევე, რა ჩაითვლებოდა კრებისა და სხდომის ჩატარების დროის შეტყობინებად. ამასთან, კრების მოწვევა წერილობით მიზანშეწონილი იყო არამხოლოდ წესდებიდან გამომდინარე, არამედ ამგვარი ფორმით უზრუნველყოფილი იქნებოდა გაფრთხილების, ინფორმაციის მიწოდების, სიცხადისა და მტკიცების, იდენტიფიცირებისა და ნამდვილობის ფუნქცია. ყოველივე აღნიშნული კი, სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, გაეზიარებინა მოპასუხის პოზიცია სხდომის გამართვის დროსთან დაკავშირებით.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გამგეობის სხდომა და საარჩევნო ყრილობა არ ჩატარებულა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, კერძოდ, მისი მოწვევის წესი არ აკმაყოფილებს ფორმალურ მხარეს, სააპელაციო სასამართლომ მასზე მიღებული გადაწყვეტილებები იურიდიული ძალის მქონედ არ მიიჩნია.

30. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

31. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

31.1. სასამართლომ მტკიცების ტვირთი მთლიანად მოპასუხეს დააკისრა, რაც არასწორია. მოპასუხემ, იმის დასადასტურებლად, რომ 2016 წლის 24 სექტემბერს ჩატარდა ფედერაციის გამგეობის სხდომა, წარადგინა წერილობითი მტკიცებულება - გამგეობის სხდომის ოქმი. ეს გარემოება ასევე დაადასტურეს მოწმეებმა - ფ.ბ–ამ, რ.მ–ძემ და თ.ბ–ვამ. ამის შემდეგ, რადგანაც მოსარჩელეებმა აღნიშნული სადავო გახადეს, მტკიცების ტვირთი მათზე გადავიდა, შესაბამისად, მათ უნდა დაედასტურებინათ, რომ სადავო სხდომა არ ჩატარებულა ან ისინი ამ სხდომას არ ესწრებოდნენ. მოსარჩელეებმა ეს გარემოება ვერ დაადასტურეს. მათი არგუმენტაცია იყო ის, რომ წერილობით არ იყვნენ მიწვეული სხდომაზე და არც სხდომის ოქმზეა დამსწრეთა ხელმოწერები, რაც არასწორია. წესდება არც გამგეობის წევრთა წერილობით გაფრთხილებას ითვალისწინებს და არც სხდომის ოქმზე დამსწრეთა ხელმოწერებს. აქედან გამომდინარე, როდის და რა გზით (სიტყვიერად, წერილობით, ტელეფონით თუ ინტერნეტის მეშვეობით) იქნებოდნენ გამგეობის წევრები სხდომის ჩატარებაზე ინფორმირებულები, მნიშვნელობა არ ჰქონდა. მით უფრო, რომ როგორც მოწმეებმა განმარტეს, სხდომის დღეს, 2016 წლის 24 სექტემბერს ფოთში ჩემპიონატი იმართებოდა და გამგეობის ყველა წევრი, პირველი მოსარჩელის გარდა, იქ იმყოფებოდა. ეს ფაქტი სადავო არ გამხდარა. სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რატომ არ შეიძლებოდა გამგეობის სხდომის ჩატარება ჩემპიონატის გამართვის დღეს, ასევე, ის გარემოება, რომ გამგეობის წევრები წერილობით უნდა ყოფილიყვნენ მიწვეულები;

31.2. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ 24 სექტემბრის გამგეობის სხდომის ჩატარების დასადასტურებლად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არ შეიძლება სარწმუნოდ ჩაითვალოს. გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის თავმჯდომარე, წევრები და სწორედ ეს პირები. მოსარჩელეები წევრები არიან, თავმჯდომარე მოპასუხეა, შესაბამისად, სწორედ ეს პირები არიან მოწმეები იმ ფაქტისა, რომ სხდომა ჩატარდა;

31.3. ზოგადი და დაუსაბუთებელია ასევე სასამართლოს მსჯელობა 2017 წლის 15 ივლისის მე-9 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობისა და 2017 წლის 24 ივლისის კრებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ყრილობა და კრება ჩატარებულია და ოქმი შედგენილია წესდების მოთხოვნათა დაცვით. როგორ დაასკვნა სასამართლომ, რომ ფედერაციის ოთხი წევრი არ იყო წესდებით გათვალისწინებული წესით ინფორმირებული რიგგარეშე საერთო ყრილობის მოწვევის თაობაზე მაშინ, როდესაც მოსარჩელეთა მოწმეებმა კ.ე–მა და თ.ს–მა საპირისპირო დაადასტურეს;

31.4. სასამართლო ასევე არ უთითებს საიდან დაასკვნა, რომ ეს ოთხი იურიდიული პირი ფედერაციის წევრია, უფრო მეტიც, სასამართლოს საერთოდ არ დაუდგენია, რამდენი წევრი ჰყავს ფედერაციას. სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დგინდება ფედერაციის წევრთა ვინაობა და ზუსტი რაოდენობა, შესაბამისად, არც ფედერაციის არგუმენტებია გაქარწყლებული ამ საკითხთან დაკავშირებით.

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

33. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

37. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

38. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია ფედერაციის გამგეობის 2016 წლის 24 სექტემბრის სხდომის ოქმის, ასევე, ფედერაციის 2017 წლის 15 ივლისის მე-9 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის ოქმისა და 2017 წლის 24 ივლისის კორექტირებული ოქმის მართლზომიერება. კასატორი დავობს, რომ ფედერაციის გამგეობის აღნიშნული სხდომა და საარჩევნო ყრილობა მოწვეულ იქნა და ჩატარდა წესდებით გათვალისწინებული წესების დაცვით. სასამართლომ არასათანადოდ გაანაწილა მტკიცების ტვირთი და სადავო სხდომისა და ყრილობის ოქმების მართლზომიერების მტკიცების ტვირთი სრულად მოპასუხეს დააკისრა, რაც არასწორია.

39. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

40. ამასთან, სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ - „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

41. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

42. წინამდებარე საქმეში მოსარჩელე სადავოდ ხდის ფედერაციის გამგეობის 2016 წლის 24 სექტემბრის სხდომის ოქმის მართლზომიერებას იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული სხდომა არ ჩატარებულა და სხდომის შესახებ მოსარჩელეები სათანადო წესით ინფორმირებულები არ ყოფილან; აგრეთვე, ფედერაციის 2017 წლის 15 ივლისის მე-9 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობისა და 2017 წლის 24 ივლისის კორექტირებულ ოქმებს იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ყრილობა წესდების მოთხოვნათა დარღვევით იქნა მოწვეული და მოსარჩელეები მათ შესახებ სათანადოდ წესით ასევე არ ყოფილან ინფორმირებულები. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების წესისა და პრინციპის მიხედვით, ზემოაღნიშნული სადავო გარემოებების მტკიცების ტვირთი სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია მტკიცების ტვირთის არასათანადოდ განაწილებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.

43. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოს ვერ წარუდგინა იმ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, რომ ზემოაღნიშნული სადავო სხდომა და ყრილობა წესდებით დადგენილი წესით იქნა მოწვეული და ჩატარებული.

44. სასამართლო ფედერაციის გამგეობის 2016 წლის 24 სექტემბრის სხდომის წესდებით დადგენილი წესით მოწვევისა და ჩატარების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს თავად სადავო სხდომის ოქმს, რომელსაც ხელს მხოლოდ ფედერაციის პრეზიდენტი - ვ.ა–ა და სხდომის მდივანი - ფ.ბ–ა აწერენ (იხ. ტ. II, ს.ფ. 91-95) და ვერც მოწმეთა ჩვენებებს, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი და დაკითხული მოწმეები - რ.მ–ძე და ფ.ბ–ა, იმ სპორტული კლუბების („კ–ი“ და „მ–ა“) მესაკუთრეებსა და დირექტორებს წარმოადგენენ, რომელთა წევრად მიღების საკითხსაც ეხება სადავო გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება (იხ. ტ. II, ს.ფ 150-153).

45. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ას-406-383-2014, 2015 წლის 17 აპრილი). შესაბამისად, მოწმის ჩვენებაც, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულებების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა (იხ. სუსგ საქმე №ას-548-511-2017, 31 ივლისი, 2017 წელი).

46. გარდა ზემოაღნიშნულისა, წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ ფედერაციის 2017 წლის 15 ივლისის მე-9 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა გაიმართა სპორტული კლუბი „კ–ის“, სპორტული კლუბი „კ-?“-სა და სპორტული კლუბი „მ–ას“ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომლებიც ფედერაციის წევრებად მიღებულ იქნენ გამგეობის 2016 წლის 24 სექტემბრით დათარიღებულ სხდომაზე. შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა ფედერაციის გამგეობის 2016 წლის 24 სექტემბრის სხდომის წესდებით დადგენილი წესით მოწვევისა და ჩატარების ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ ფედერაციის 2017 წლის 15 ივლისის ყრილობა მოწვეულ იქნა არაუფლებამოსილი პირების ინიციატივით, კერძოდ, წესდების 4.1 პუნქტის საწინააღმდეგოდ [კავშირის უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს წევრთა საერთო კრება (ყრილობა), რომლის მოწვევის უფლებამოსილებაც გააჩნია გამგეობას, წელიწადში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, კავშირის მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, გამგეობის ან კავშირის წევრთა 1/2-ის წერილობითი მოთხოვნით შესაძლებელია წევრთა რიგგარეშე კრების (ყრილობის) მოწვევა], ყრილობა მოწვეულ იქნა იმ პირების მიერ, რომლებიც ფედერაციის წევრებს არ წარმოადგენდნენ, რის გამოც აღნიშნულ ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილება იურიდიული ძალის არმქონეა.

47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

48. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

49. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

50. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

51. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის 70% – 420 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა(ა)იპ „ს.ნ. ე.ფ–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ა(ა)იპ „ს.ნ. ე.ფ–იას“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს ც.ც–ნის (პ/ნ N....) მიერ 2019 წლის 28 ოქტომბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 600 ლარის 70% – 420 (ოთხას ოცი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე