Facebook Twitter

საქმე №ას-429-2023 13 აპრილი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ვ-ი ?“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ „ს.ს.უ.ა–ა - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სალიცენზიო შეთანხმებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა(ა)იპ „ს.ს.უ.ა–ა - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ვ–ი ?“-ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ სალიცენზიო შეთანხმებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის შემოწმების ეტაპზე კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე და მოითხოვა შპს „ვ–ი ?“-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ვ–ი ?“-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის შემოწმების ეტაპზე საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ვ–ი ?“-ის წარმომადგენელმა, რომელმაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე და მოითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე გადაწყვეტილების გასაჩივრება მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიღოს საჩივარი წარმოებაში და განიხილოს იგი (შდრ. სუსგ Nას-37-36-2014, 17.02.2014).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ვ–ი ?“-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა უარი განაცხადა მის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 284-ე-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ვ–ი ?“-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური