საქმე №ას-172-2021 30 მარტი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „რ.წ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.11.2020 წლის განჩინება; ამავე სასამართლოს 09.10.2020წ. საოქმო განჩინება მტკიცებულების დართვაზე უარის თქმის შესახებ
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 03.12.2019 წლის გადაწყვეტილებით - შპს „ვ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „რ.წ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 80 000 ლარი, არ დაკმაყოფილდა სარჩელი ელექტროგადამცემი ხაზის დემონტაჟის შესახებ (იხ. გადაწყვეტილება, ტ. 2, ს.ფ. 89-106; განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ, ტ.2, ს.ფ. 111,112). გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. ქ. რუსთავში, ყოფილი ........... მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე 2500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ......) (შემდეგში „სადავო მიწის ნაკვეთი“) მესაკუთრე მოსარჩელეა. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი და ხაზის საყრდენი ბოძები, რომლითაც ელექტროენერგია მიეწოდება მოპასუხის წყლის სატუმბ სადგურს.
1.2. 05.07.2018 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 13.10.2016 წლიდან, ხოლო უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილია 18.02.2016 წელს (უფლების რეგისტრაციის საფუძველია ქ. რუსთავის მერის 24.07.1995 წლის განკარგულება, რომლითაც ფირმა „ლ–ის“ (რომლის უფლებამონაცვლეა მოსარჩელე), გამოეყო 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი ყოფილი ........... მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტომანქანების სამრეცხაოსათვის. დადგენილებით განსაზღვრულია, რომ მიწის რენტის გადასახადი გადახდილი უნდა ყოფილიყო მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. განკარგულების ძალაში შესვლის მომენტად განსაზღვრულია მხარეებს შორის მიწათსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმების დღე).
1.3. 23.02.2016 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის უფლების რეგისტრაციის შესახებ განაცხადის თარიღია 16.08.2005 წელი. ამ ამონაწერით დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრება რეგისტრირებულია 16.08.2005 წლიდან. უფრო ადრე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი საქმეში წარმოდგენილი არ არის.
1.4. უძრავი ქონების სარეგისტრაციო დოკუმენტებით დასტურდება, რომ 2016 წლამდე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 15.12.2014 წელს მიღებულია გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც შეჩერდა წარმოება მოსარჩელის 12.12.2014 წლის განცხადებაზე სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლად მითითებულია მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან ზედდება. კერძოდ, ზედდება ფიქსირდება მიწის ნაკვეთზე ს/კ N......., რომლის მესაკუთრეა თვითმმართველი ქალაქი რუსთავი. საქმეში წარმოდგენილია ზედდების ამსახველი ნახაზი, რომლის მიხედვით მოსარჩელის მიწის ნაკვეთი ს/კ N ......, მთლიანად მოქცეულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ამდენად, 2016 წლამდე მოსარჩელის მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით, ხოლო ამ მიწის ნაკვეთის მდებარეობა დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული იყო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული 513 191 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებში ს/კ N .......
1.5. სადავო მიწის ნაკვეთზე განლაგებულია 6 კვტ სიმძლავრის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი და გადამცემი ხაზის 4 ერთეული საყრდენი ბოძი. საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების სისტემა და საყრდენი ბოძები მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო მოსარჩელის საკუთრებად მიწის ნაკვეთის რეგისტრაციამდე. ერთი საყრდენი ბოძი მიწის ნაკვეთზე განთავსდა 2014 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებული სამუშაოების შედეგად ქალაქ რუსთავის მერიის ნებართვით.
1.6. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შპს „მ–ის“ მიერ 17.04.2018 წელს შედგენილი სიტუაციური გეგმა (ტ.1, ს.ფ. 102), სადაც ასახულია სადავო მიწის ნაკვეთზე ბოძების განლაგების სქემა, ასევე მასზე გავრცელებული შეზღუდვის ზონები. ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე განლაგებულია 4 გადამცემი ხაზის საყრდენი ბოძი და 6 კვტ სიმძლავრის მაღალი ძაბვის საჰაერო გადამცემი ხაზი. გადამცემი ხაზის საყრდენი ბოძები განლაგებულია მიწის ნაკვეთის სხვადასხვა მხარეს. კერძოდ, ერთი ბოძი განლაგებულია მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ მხარეს საკადასტრო საზღვართან, ხოლო სამი ბოძი განლაგებულია მიწის ნაკვეთის დასავლეთ მხარეს, საიდანაც ერთ ბოძი მდებარეობს მიწის ნაკვეთის საზღვართან განაპირას, ხოლი ორი ბოძი მდებარეობს მიწის ნაკვეთის სიღრმეში.
1.7. ელექტროგადამცემი საჰაერო ხაზის არსებობის გამო მიწის ნაკვეთზე ვრცელდება „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.12.2013 წლის №366 დადგენილებით (შემდეგში „N366 დადგენილება“) გათვალისწინებული შეზღუდვები. N366 დადგენილებით დამტკიცებულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონები და ამ ზონებში არსებული შეზღუდვები (დადგენილებით სხვადასხვა სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზისათვის სხვადასხვა მანძილის დაცვის ზონებია დადგენილი და შესაბამისად ამ ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთზე სხვადასხვა შეზღუდვებია დადგენილი. კერძოდ, დადგენილების მე-3 მუხლის მიხედვით, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება: ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისთვის: ა.ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით: ა.ა.ა) 330, 400, 500 კვ - 30 მეტრი; ა.ა.ბ) 150, 220 კვ-25 მეტრი; ა.ა.გ) 110 კვ-20 მეტრი; ა.ა.დ) 35 კვ-15 მეტრი; ა.ა.ე)1– 20 კვ-10 მეტრი; ა.ა.ვ) 1 კვ-მდე-2 მეტრი). ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია 6 კვტ სიმძლავრის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, მიწის ნაკვეთზე ვრცელდება შეზღუდვა ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან 10 მეტრის მანძილზე. შპს „მ–ის“ მიერ შედგენილი ნახაზის მიხედვით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან ელექტროგადამცემი ხაზის არსებობის გამო სარგებლობისათვის შეზღუდული ფართია 1096,4 კვ.მ., შესაბამისად შეზღუდვა არ ვრცელდება მიწის ნაკვეთიდან 1403,6 კვ.მ ფართზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საყრდენი ბოძები და შესაბამისად გადამცემი ხაზიც, მიწის ნაკვეთის სხვადასხვა ნაწილშია განთავსებული, შეზღუდვისაგან თავისუფალი ფართიც მიწის ნაკვთის სხვადასხვა ნაწილშია განთავსებული, რაც ამცირებს ამ ფართის დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას.
1.8. მოპასუხის განმარტებით, შეზღუდვისაგან თავისუფალია მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ნახევარზე მეტი, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ფართის დანიშნულების მიხედვით გამოყენების საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელოვანი გარემოებაა ბოძების განლაგების კონფიგურაცია. წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთზე არსებული ბოძებიდან 2 საყრდენი ბოძი განთავსებულია პერპენდიკულარულად - ისინი სიბრტყესთან სწორ კუთხეს ქმნიან, ამასთან, ერთი ბოძი განთავსებულია მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვართან განაპირას, ხოლო მეორე მიწის ნაკვეთის სიღრმეში, რის გამოც ამგვარი განლაგების გამო ბოძებს შორის სივრცეში მოქცეულ მთელ მიწის ფართზე ვრცელდება შეზღუდვა. დანარჩენი ორი ბოძი განლაგებულია მიწის ნაკვეთის სიღრმეში განთავსებული ბოძის პარალელურად, მიმდევრობით ერთ ზოლზე, რის გამოც შეზღუდვა ვრცელდება ამ ორ ბოძს შორის სივრცეში მოქცეულ მთელ მიწის ნაკვეთზე. ეს ფართი მიწის ნაკვეთის დიდ ნაწილს მოიცავს და მდებარეობს ნაკვეთის სიღრმეში. შეზღუდვის ქვეშ მოქცეული მიწის ნაკვეთსა და მიწის ნაკვეთის სამხრეთ საზღვარს შორის დარჩენილია მიწის ფართის მცირე მანძილი. საყრდენი ბოძების ამგვარი განლაგების გამო შეზღუდვისაგან თავისუფალი ფართი მიწის ნაკვეთის სხვადასხვა მხარესაა და არა ბოძებისგან რომელიმე ერთ მხარეს ერთიანი ფართობის სახით.
1.9. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ გადამცემი ხაზი და ბოძები სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსდა მას შემდეგ, რაც მას წარმოეშვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება. მოსარჩელე განმარტავს, რომ გადამცემი ხაზი მიწის ნაკვეთზე გაყვანილია 2009 წელს, თუმცა მის მიერ წარმოდგენილ შპს „ჯ.ა–ის“ საექსპერტო დასკვნას ერთვის 2000 წლის ორთოფოტო, რომელზეც გამოსახულია მიწის ნაკვეთზე მდებარე ელექტროგადამცემი ხაზები. შესაბამისად, ამ ორთოფოტოთი დასტურდება, რომ 2000 წელს მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე უკვე არსებობდა ელექტროგადამცემი ხაზი და მისი საყრდენი ბოძები. 2014 წლის ოქტომბერში მოხდა ერთი ბოძის და შესაბამისად საჰაერო ხაზის რეკონსტრუქცია, რის შედეგად მდინარის ნაპირას მდებარე ავარიული ბოძი გადაიტანეს მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე.
1.10. სადავო მიწის ნაკვეთს გააჩნია კომერციული დანიშნულება, მოსარჩელეს მიწის ნაკვეთი ქალაქ რუსთავის მერიამ 1995 წელს გადასცა ავტოსამრეცხაოს მოსაწყობად, რასაც ახორციელებდა ფაქტობრივადაც. ამჟამად მიწის ნაკვეთზე ავტოსამრეცხაოს ნაგებობა აღარ არსებობს და იგი არ გამოიყენება სამეწარმეო საქმიანობისათვის. ავტოსამრეცხაო აღარ არსებობს დაახლოებით 7 წელია.
1.11. მოსარჩელე მიწის ნაკვეთის სარგებლობის შეზღუდვისათვის ითხოვს ზიანის ანაზღაურებას და მიუთითებს, რომ იგი მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის გზით მიიღებდა მინიმალურ შემოსავალს, რაც ამ მიწის ნაკვეთის კომერციული დანიშნულებით გამოყენებით არის შესაძლებელი. ზიანის ოდენობის გაანგარიშებისათვის წარმოდგენილია 17.09.2019 წლის შპს ჯ.ა–ის დასკვნა, რომლის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის ერთი კვ.მ-ის გაქირავების საბაზრო ღირებულება 2016-2019 წლების მდგომარეობით, არსებულ ბაზარზე ანალოგიური საქონლის გაქირავების ფასების გათვალისწინებით, შესაძლებელია განისაზღვროს 1 ლარიდან 1,5 ლარამდე ოდენობით. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ეს ფასი არის მიწის ნაკვეთის ყოველთვიური გაქირავების ფასი, რაც განსაზღვრულია მისი ტერიტორიული მდებარეობის და კომერციული მახასიათებლების გათვალისწინებით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, მიწის ნაკვეთის 1,5 ლარად იჯარის გაცემის შემთხვევაში ყოველთვიური საიჯარო ქირის საფასური შეადგენს 3750 ლარს, რაც წელიწადში 45 000 ლარი, ხოლო სამწლიან პერიოდში 135 000 ლარია. იჯარის ფასის 1 ლარით განსაზღვრის შემთხვევაში ყოველთვიური საიჯარო ფასია 2500 ლარი, რაც წელიწადში 30 000 ლარია, ხოლო სარჩელით მოთხოვნილ სამწლიან პერიოდში შეადგენს 90 000 ლარს. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 172-ე, 105-ე, 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა თავისი შინაარსით საექსპერტო დასკვნაა, რომლითაც დასტურდება მოსარჩელის მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის ღირებულება. მოპასუხეს მითითებული მტკიცებულების საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
1.12. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ყველაზე მსგავი ურთიერთობაა სამეზობლო სამართლებრივი ურთიერთობა და მიიჩნია, რომ დავა უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 174-ე და და 180-ე მუხლების შესაბამისად.
1.13. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 170-ე მუხლზე, ასევე ამავე კოდექსის 1000-ე მუხლზე, რომელიც ადგენს პასუხისმგებლობას ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის და განმარტა, რომ მომეტებული საფრთხის მქონე ნაგებობას წარმოადგენს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის დაზიანების შედეგად სხვა პირისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება ეკისრება ხაზის მფლობელს მისი ბრალის მიუხედავად, რადგან ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს დაუძლეველი ძალის მოქმედება.
1.14. იმის გამო, რომ ელექტროგადამცემი ხაზი მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტია, შესაბამისი ნორმატიული აქტითაა დადგენილი მისი დაცვის წესები და დაცვის ზონების რეგულირების პირობები. ამ ნორმების მიზანი სწორედ ელექტროგადამცემი ხაზიდან მომდინარე, ასევე მის წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების თავიდან აცილებაა და ამ მიზანს ემსახურება დაცვის ზონების განსაზღვრა და ამ ზონაში საქმიანობისათვის შეზღუდვების დაწესება.
1.14.1. N366 დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველზე, 6 კვტ სიმძლავრის გადამცემი ხაზის დაცვის ზონის მანძილში ექცევა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია 10 მეტრით. ამდენად, მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე ვრცელდება შეზღუდვა თითოეული ანძიდან და ანძებზე გაჭიმული საჰაერო ხაზიდან ორივე მხარეს 10 მეტრის მანძილზე.
1.14.2. N366 დადგენილების მე-4 მუხლით დადგენილია ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში არსებული შეზღუდვები, ამ ნორმის მიხედვით, სხვადასხვა სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზისათვის დაწესებულია შეზღუდვის გავრცელების სხვადასხვა მანძილი, ასევე საქმიანობისათვის დაწესებულია შეზღუდვები, რაც ყველა შემთხვევაში საერთოა ყველა ტიპის გადამცემი ხაზის შემთხვევაში. დადგენილების მე-4 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულია იმ საქმიანობის ჩამონათვალი, რასაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, მათ შორისაა „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში ჭავლსატყორცნი სარწყავი სისტემის მოწყობა, ასევე სარწყავების მოწყობა გაშხეფების გზით. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია იმ საქმიანობის ჩამონათვალი, რაც ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია (კერძოდ, ნებართვის გარეშე აკრძალულია - ა) ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო და ასაფეთქებელ სამუშაოთა წარმოება; ბ) გეოლოგიურ-დაზვერვით და საძიებო-გეოლოგიურ სამუშაოთა წარმოება; გ) მცენარეების, ხეების დარგვა, ღობეების, ცხოველების სადგომების, საკვებისა და სასუქების საწყობების მოწყობა და სხვ.; დ) ავტოტრანსპორტის და სხვა მანქანა-მექანიზმების სადგომების და გადასასვლელი გზების მოწყობა, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ არაგაბარიტული ტვირთების გატარება; ე) მცურავი საშუალებების ნავსადგომების მოწყობა, ფსკერის დაღრმავებისა და მიწის ამოღების, მცურავი საშუალებების დატვირთვისა და გადმოტვირთვის სამუშაოთა წარმოება, ღუზის ჩაშვება, ჩაშვებული ღუზით მოძრაობა, თევზისა და წყლის მცენარეების რეწვა; ვ) მიწის სამუშაოთა წარმოება მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში 0.3 მეტრზე მეტ სიღრმეზე, ხოლო სახნავში - 0.45 მეტრზე მეტ სიღრმეზე, ასევე მანქანა-მექანიზმების მეშვეობით გრუნტის მოშანდაკება. შესაბამისად, ამ სამუშაოების წარმოება სრულად აკრძალული არ არის, თუმცა მათი შესრულება დასაშვებია მხოლოდ ელქტრნულ ქსელის მფლობელის ნებართვით).
1.15. ამდენად, მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის არსებობის გამო მიწის ნაკვეთზე ვრცელდება კანონით დადგენილი შეზღუდვები, თუმცა ეს გარემოება გადამცემი ხაზის და მისი საყრდენი ბოძების დემონტაჟის საკმარისი საფუძველი არ არის. სასამართლოს განმარტებით, სარჩელის საფუძვლიანობის გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს, როდის გაიყვანეს სადავო მიწის ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზი. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზების არსებობით მოპასუხე არამართლზომიერ ხელშეშლას (სსკ-ის 172-ე მუხლი) არ ახორციელებდა, რადგან გადამცემი ხაზები მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობამდე არსებობდა.
1.16. სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელემ უნდა ითმინოს მის მიწის ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზების არსებობა და მიწის ნაკვეთის დატვირთვა აუცილებელი გზით. სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი გზის უფლება დაინტერესებულ პირს ანიჭებს უფლებას მესამე პირის ანუ მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთი გამოიყენოს საჯარო საკომუნიკაციო ქსელებთან სათანადო კავშირისათვის, რაც საკუთრების უფლების კანონისმიერი შეზღუდვის ერთერთი ფორმაა. ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე არსებული ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგია მიეწოდება მოპასუხის სატუმბ სადგურს, რის გამოც მოპასუხის სასარგებლოდ აუცილებელი გზის უფლებით დატვირთულია მოსარჩელის უძრავი ქონება. სსკ-ის 180-ე მუხლი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ანიჭებს უფლებას, მიიღოს კომპენსაცია.
1.17. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის 80 000 ლარის დაკისრებას მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად სსკ-ის 992-ე, 408-ე მუხლების საფუძველზე, რაც დელიქტური ვალდებულების საფუძველზე ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს. სასამართლომ მიიჩნია, რომ თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი დელიქტი არ არის და მოსარჩელეს თანხა უნდა აუნაზღაურდეს აუცილებელი გზის უფლებით მისი მიწის ნაკვეთის თმენის ვალდებულებისათვის.
1.18. სასამართლოს განმარტებით, თუკი აუცილებელი გზის ვალდებულებით დატვირთულ მიწის ნაკვეთს აქვს კომერციული დანიშნულება, თმენისათვის კომპენსაცია შესაძლოა განისაზღვროს მისი გაქირავების ფასით, რადგან იჯარით გაცემა არის უძრავი ქონების ჩვეულებრივი სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობის ყველაზე გავრცელებული ფორმა. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის არსებობის გამო მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე გავრცელებული შეზღუდვების გამო მიწის სათანადო დანიშნულებით გამოყენება შეზღუდულია, რის გათვალისწინებითაც უნდა განისაზღვროს თმენის ფულადი კომპენსაცია. ამ შემთხვევაში მართალია შეზღუდვა ვრცელდება მიწის ნაკვეთის ნახევარზე ნაკლებ ფართზე, მაგრამ გადამცემი ხაზის საყრდენი ბოძების განლაგების კონფიგურაციის გამო შეზღუდვისაგან თავისუფალი ფართი იმგვარადაა განლაგებული, რომ არ იძლევა მისი სრულყოფილად გამოყენების შესაძლებლობას. შეუზღუდავი ფართი მიწის ნაკვეთის სხვადასხვა მხარეს მდებარეობს, რის გამოც მთელი ფართის სათანადოდ გამოყენება შესაძლებელი არ არის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიწის ნაკვეთი მდინარეს ესაზღვრება, რის გამო ამ მხარეს მდებარე შეუზღუდავი ფართის გამოყენების შესაძლებლობა მცირეა, მდინარის პირას მდებარე ფართი ვერ იქნება გამოყენებული ავტოსამრეცხაოსათვის. შესაბამისად, შეზღუდვისაგან თავისუფალი ფართის სრულად გამოყენების შესაძლებლობა არ არსებობს.
1.19. ავტოსამრეცხაოს დანიშნულების მქონე ნაგებობის მშენებლობა №366 დადგენილებით დასაშვებია ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელის ნებართვის და შესაბამისი ტექნიკური პირობების დაცვით, თუმცა ეს გარემოება მოპასუხეს ფულადი კომპენსაციის გადახდისაგან არ ათავისუფლებს, რადგან სსკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე აუცილებელი გზის თმენისათვის დაინტერესებულმა პირმა მესაკუთრეს უნდა გადაუხადოს ფულადი კომპენსაცია. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ფულადი მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შეზღუდვისაგან თავისუფალი ფართით სარგებლობის შესაძლებლობა ამ ფართის განლაგების კონფიგურაციის გამო შეუძლებელია.
2. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.11.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, თავად შეცვალა მოთხოვნის საფუძველი და მიუხედავად იმისა, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 80 000 ლარის, როგორც სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული არამართლზომიერი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მოსარჩელეს საკუთრების უფლების შეზღუდვის სანაცვლოდ მიაკუთვნა სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია.
9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა), განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე (შდრ. სუსგ Nას-1306-1226-2017 30.01.2018წ.; სუსგ Nას-965-2019, 10.04.2020წ.).
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირს, რომელიც მიმართავს სასამართლოს თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად, თავისუფლად და დამოუკიდებლად შეუძლია სადავო მატერიალურსამართლებრივი და საპროცესოსამართლებრივი უფლებების განკარგვა. დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მოსამართლე, პირველ რიგში, ზუსტად უნდა გაერკვეს, თუ რა სურთ მხარეებს. გადაწყვეტილებას იგი მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნათა ფარგლებში იღებს. მას უფლება არა აქვს მხარეთა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს გასცდეს ან სხვა საკითხებზე იმსჯელოს (ბოელინგი ჰ., ჭანტურია ლ., სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, 2003, 3). დიპოზიციურობის პრინციპი შეუზღუდავად მოქმედებს წარმოების დაწყებისა და დავის საგნის განსაზღვრისას (ჰაგენლოხი უ., სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, 2020, მუხლი 3, 1). სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის ფუნდამენტურ პრინციპზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ-ის მე-4 მუხლი). სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). აქედან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლის შეცვლა ნიშნავს იმ ფაქტობრივი გარემოებების შეცვლას, რომლებიც თავდაპირველად იყო მითითებული სარჩელში. რაც შეეხება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. სამართალში დამკვიდრებულია პრინციპი - „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი). მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომელიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს (სუსგ. Nას-1764-2018, 13.04.2020წ., სუსგ Nას-351-2020, 29.12.2020წ.). სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში (შდრ. სუსგ №ას-1163-2018, 08.02.2019წ.).
11. საკასაციო პალატა იზიარებს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელი წინაპირობები, თუმცა ეს გარემოება, მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელი კონკრეტული ფაქტების და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოებების გათვალისწინებით, არ გამორიცხავდა სსკ-ის 180-ე მუხლის შესაბამისად საკუთრების უფლების შეზღუდვის საკომპენსაციოდ თანხის დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას (შდრ. სუსგ Nას-1306-1226-2017, 30.01.2018წ.; სუსგ Nას-965-2019, 10.04.2020წ.). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი მოთხოვნა გამომდინარეობს სანივთო, კერძოდ, სამეზობლო სამართლიდან. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 180-ე მუხლი (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს), რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, კანონის ანალოგიით უნდა გამოვიყენოთ (სსკ-ის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი) (სუსგ Nას-965-2019, 10.04.2020წ.). სსკ-ის 180-ე მუხლის მიზანია, მიწის ნაკვეთის მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად, ნორმა ავალდებულებს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, ითმინოს აუცილებელი გზა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სასარგებლოდ, რომელსაც არა აქვს კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. ნორმის მიხედვით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელიც ამგვარად ვერ უკავშირდება საჯარო გზებს, მოიპოვებს მეზობელი ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ვალდებულია, გადაიხადოს შესაბამისი კომპენსაცია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 180-ე მუხლის წინაპირობები სახეზეა, შესაბამისად, კომპენსაციის მოთხოვნა იურიდიულად საფუძვლიანია.
12. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, ამ კუთხით კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია, ამიტომ ეს გარემოებაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. კომპენსაციას ექვემდებარება ისეთი ქონებრივი დანაკლისი, რომლის მიზეზიც არის საკუთრების უფლების ან მფლობელობის შეზღუდვა, რაც განპირობებულია ობიექტური აუცილებლობით. შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს ამ შეზღუდვის ფარგლები და ის ინტერესი, რაც მესაკუთრეს ან მფლობელს ექნებოდა ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია არა კონკრეტული მესაკუთრის ინტერესის სუბიექტური აღქმა, არამედ შესაბამისი მიწის ნაკვეთის საშუალო მესაკუთრის ინტერესი (სუსგ Nას-803-762-2013, 10.10.2014წ.). კომპენსაციის ოდენობას კანონი არ განსაზღვრავს, იგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად: საკუთრების შეზღუდვის ინტენსივობა, უფლების გამოყენების ხარისხი და სხვა, რომლებიც გავლენას ახდენს თავად კომპენსაციის ოდენობაზე (შდრ. სუსგ Nას-58-2019, 22.03.2021წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა მხოლოდ სამართლიანი კომპენსაციის პირობებშია ლეგიტიმური. კომპენსაცია სამართლიანია, თუ იგი უზრუნველყოფს საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვის თმენის ვალდებულებისათვის გონივრული ანაზღაურების მიღებას. ამასთან, ანაზღაურება თმენის ეკვივალენტური უნდა იყოს (სუსგ Nას-568-2021, 26.11.2021წ., სუსგ Nას-1762-2019, 05.10.2020წ).
13. სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი განჩინების წინმსწრებ 09.10.2020 წლის საოქმო განჩინებას, რომლითაც სსსკ-ის 215-ე, 380-ე, 382-ე მუხლებზე დაყრდნობით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმეზე დამატებითი მტკიცებულების დართვის თაობაზე (ტ.2, ს.ფ. 261-264; იხ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 17:26:19-17:43:36). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულზე მხარეს სათანადოდ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი არ არსებობს.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
15. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი 4 000 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 2800 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „რ.წ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „რ.წ–ს“ (ს/კ: ......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 4 000 ლარის (საგადახდო დავალება №101, გადახდის თარიღი 13.04.2021წ.) 70% – 2800 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია