Facebook Twitter

საქმე №ას-398-2021 20 დეკემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ–ა (მოსარჩელე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.გ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ბ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.02.2021 წლის გადაწყვეტილება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.03.2020 წლის გადაწყვეტილებით გ.გ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე", „მსესხებელი“) სარჩელი ი.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „გამსესხებელი“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ცვლილება შევიდა ნოტარიუს დ.ფ–ძის მიერ 02.05.2019 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 190476183) და მოსარჩელის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში („ბ“ და „დ“ პუნქტები) განისაზღვრა შემდეგი სახით: 10.12.2017 წლიდან 02.05.2019 წლამდე ყოველდღიურად 0.05%, რომლის ოდენობა განისაზღვრება სესხის ძირითადი თანხიდან 13 000 აშშ დოლარიდან; ამასთანავე, 02.05.2019 წლიდან აღსრულებამდე - პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხიდან - 13 000 აშშ დოლარიდან, ყოველდღიურად 0.05%.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.02.2021 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ცვლილება შევიდა ნოტარიუს დ.ფ–ძის მიერ 02.05.2019 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 190476183) და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში (,,ა“, „ბ“ და „დ“ პუნქტები) განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა 11 472,5 აშშ დოლარი; 10.12.2017 წლიდან 02.05.2019 წლამდე ყოველდღიურად 0.05%, რომლის ოდენობა განისაზღვრება სესხის ძირითადი თანხიდან 11 472,5 აშშ დოლარიდან, ამასთანავე, 02.05.2019 წლიდან აღსრულებამდე - პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხიდან - 11 472,5 აშშ დოლარიდან, ყოველდღიურად 0.05%. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

3.1. 10.06.2016 წელს მხარეთა შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც გამსესხებელმა მსესხებელს სესხის სახით გადასცა 13 000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით - 10.12.2016 წლის ჩათვლით, ყოველთვიურად 3% სარგებლის დარიცხვის პირობით. მსესხებლის მიერ დადგენილ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებული დღეზე ძირი თანხის 0.1%-ით.

3.2. გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, რომლის მისამართია თბილისი, ..........., ბინა N33, ფართით 57.00 კვ.მ, (ს/კ ........). იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

3.3. მსესხებელმა სესხის თანხიდან წინასწარ გადაიხადა ერთი თვის სარგებელი.

3.4. 02.05.2019 წელს გამსესხებლის მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუს დ.ფ–ძის მიერ გაიცა N190476183 სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მსესხებლის ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 13 000 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო - 10.12.2017 წლიდან 02.05.2019 წლამდე ყოველდღიურად სესხის ძირი თანხის 0.1%; სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 118 ლარი; 02.05.2019 წლიდან - აღსრულებამდე სესხის ძირითადი თანხის - 13 000 აშშ დოლარიდან, ყოველდღიურად 0.1%. სააღსრულებო ფურცლით დადგინდა მსესხებლის ქონების რეალიზაცია.

3.5. მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას და უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლების გაუქმებას. სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად, მოსარჩელე მიუთითებდა მის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სააღსრულებო ფურცელში ცვლილება შევიდა მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში და იგი ნაცვლად 0,1%-სა, განისაზღვრა 0.05%-ით. დანარჩენ ნაწილში ვალდებულების მოცულობა დარჩა უცვლელად. გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. 17.08.2020 წელს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შეამცირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმგვარად, რომ სესხის ძირითადი თანხა შემცირებულიყო 2 439 აშშ დოლარის ნაწილში.

3.6. სადავო არ არის, რომ მსესხებელს წინასწარ გადახდილი აქვს ერთი თვის სარგებელი, ასევე 10.07.2016 წლიდან 10.11.2016 წლის ჩათვლით, ყოველთვიურად ძირი თანხის 3% (390 აშშ დოლარი), ჯამში 1950 აშშ დოლარი და 10.12.2016 წლიდან 10.11.2017 წლის ჩათვლით - ყოველთვიურად 325 აშშ დოლარი, რაც თორმეტ თვეზე შეადგენს 3900 აშშ დოლარს. მხარეთა შორის სადავოა, 10.12.2016 წლიდან 10.11.2017 წლის ჩათვლით მსესხებლის მიერ 3900 აშშ დოლარი სამართლებრივად რა თანხას წარმოადგენდა და რის ანგარიშში უნდა ჩათვლილიყო.

3.7. პალატამ განმარტა, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მის შეწყვეტამდე. რაც შეეხება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის/შეწყვეტის შემდეგ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სარგებლის სახით თანხის გადახდის მოთხოვნას, იგი არ განიხილება სარგებლად და მიიჩნევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 403-ე მუხლით გათვალიწინებულ პროცენტად ან სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად მიუღებელ შემოსავლად. სსკ-ის 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის რაიმე პროცენტზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სესხზე 6 თვის პროცენტის ზევით გადახდილი თანხით - 3900 აშშ დოლარით, დაიფარა სესხის ძირის ნაწილი - 1527,5 აშშ დოლარი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული გონივრული ოდენობით პირგასამტეხლო - 2372,5 აშშ დოლარი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ყოველდღიური პირგასამტეხლო ნაცვლად 0,1%-ისა, განისაზღვრა, 0,05%-ით, არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სესხის ძირითადი თანხა შემცირდა 1527,5 აშშ დოლარის ნაწილში.

4. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4.1. I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4.2. II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ასევე მოსარჩელემ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არდაკმაყოფილებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. მხარეთა შორის სსკ-ის 623-ე მუხლით (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მოწესრიგებული სასესხო ურთიერთობის არსებობა დავას არ იწვევს. სადავოა 02.05.2019 წელს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ფულადი ვალდებულების მოცულობა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ მართებულად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა იგი.

9. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრებით წამოყენებული არ არის დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია, რომ 10.06.2016 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 160626794) გაფორმებული იყო 6 თვის ვადით, 10.12.2016 წლის ჩათვლით. მსესხებელმა სესხის თანხიდან წინასწარ გადაიხადა ერთი თვის სარგებელი. მოპასუხის შესაგებელი ეფუძნებოდა გარემოებას მასზე, რომ 10.11.2016 წლამდე მოსარჩელე/მსესხებელი ყოველთვიურად იხდიდა 3%-ს (390 აშშ დოლარი), ხოლო ამის შემდეგ მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ ყოველთვიურად 2,5%-ის (325 აშშ დოლარი) გადახდაზე (იხ. შესაგებელი, ს.ფ. 58). გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ზეპირი შეთანხმება ვერ შეცვლის იმავე მხარეთა შორის სანოტარო წესით შედგენილ, დამოწმებულ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებას/მის პირობას. ამასთან, ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცელი გაცემული აქვს სწორედ სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებაზე (შდრ. სუსგ №ას-721-728-2015, 15.01.2016წ., პ.24). შესაბამისად, მართებულად იქნა მიჩნეული, რომ ხელშეკრულების ვადა არ გაგრძელებულა.

10. საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკით დადგენილია, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სსკ-ის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. სსკ-ის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება სსკ-ის 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, სსკ-ის 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე (სუსგ-ებები: №ას-1701-1685-2011, 22.10.2012 წ.; №ას-408-381-2017, 30.06.2017წ.; №ას-889-2021, 03.11.2021წ.). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და საკასაციო საჩივრებით შედავებული არ არის, რომ მხარეები არ შეთანხმებულან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის რაიმე პროცენტზე. შესაბამისად, დგინდება, რომ საპროცენტო სარგებელი სამართლებრივი საფუძვლით უნდა გადახდილიყო მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში და არ არსებობს ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ გადახდილი თანხის საპროცენტო სარგებლად მიჩნევის წინაპირობა.

11. რაც შეეხება ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის დარიცხულ პირგასამტეხლოს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda”-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება (იხ.: სუსგ №ას-902-2019, 30.09.2019წ.). სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.).

12. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების არსებობა და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება დადგენილია. შესაბამისად, მსესხებელს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. ამასთან, კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ უნდა გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად). პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული (შდრ. სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სესხზე 6 თვის პროცენტის ზევით გადახდილი თანხით დაიფარა სესხის ძირის ნაწილი და სასამართლოს მიერ განსაზღვრული გონივრული ოდენობით პირგასამტეხლო.

13. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. მოსარჩელის და მოპასუხის საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ.

14. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, თითოეულს - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. გ.გ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

3. ი.ბ–ს (პ/ნ: ........) უკან დაუბრუნდეს ე.გ–ის (პ/ნ:..........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 31.03.2021წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. გ.გ–ას (პ/ნ: .........) უკან დაუბრუნდეს დ.მ–ძის (პ/ნ: .........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 18.06.2021წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია