საქმე №ას-1120-2022 28 თებერვალი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ.კ–ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.კ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.2022 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – წილის გასხვისების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, წილის საკუთრებაში აღრიცხვა, პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.10.2021 წლის გადაწყვეტილებით ი.კ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი თ.კ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“), ნ.ს–ძეს, ი.მ–ს, ა.კ–სა და კომპანია ,,კ.ლ–ს’’ შორის 11.04.2018 წელს გაფორმებული წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულებები; შპს ,,ჯ.პ–ის’’ რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელდა ცვლილება: 9 %-იანი წილი აღირიცხა კერძო საჩივრის ავტორის სახელზე; 9%-იანი წილი - ნ.ს–ძის, 17%-იანი წილი - ი.მ–ის, ხოლო 17%-იანი წილი - ა.კ–ის სახელზე; ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ჯ.პ–ის’’ 03.01.2018 წელს დამოწმებული 20.12.2017 წლის პარტნიორთა კრების ოქმი - სანოტარო აქტი №180000835.
2. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.2022 წლის განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.12.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა, წარედგინა დასაბუთებული და დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი (მიეთითებინა, რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა; დაეზუსტებინა სააპელაციო მოთხოვნა (მიეთითებინა რა ნაწილში ასაჩივრებდა გადაწყვეტილებას)), მისი ელექტრონული ვერსია, ასევე, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
3.2. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, 20.12.2021 წელს სააპელაციო სასამართლოს მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარსადგენად მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება. ამავე სასამართლოს 24.12.2021 წლის განჩინებით აპელანტს 7 დღით გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად.
3.3. დადგენილ ვადაში, 24.01.2022 წელს საააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და წარადგინა სააპელაციო საჩივარი, მისი ელექტრონული ვერსია. სასამართლოს 01.02.2022 წლის განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ მხარე უფლებამოსილია, სააპელაციო წესით გაასაჩივროს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლიც მის წინააღმდეგ არის მიმართული და მის კანონიერ ინტერესს შეეხება. აპელანტს ასევე განემარტა, რომ წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა თავისი შინაარსით წარმოადგენდა ქონებრივ მოთხოვნას. სასამართლოს მითითებით, საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელია სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ.ა“ პუნქტზე (სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირისათვის არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს) და აპელანტს დაავალა მიეთითებინა კონკრეტულად რა ნაწილში ასაჩივრებდა გადაწყვეტილებას და დაზუსტებული მოთხოვნის შესაბამისად გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი (დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მის მიერ უკვე გადახდილი 150 ლარის გათვალისწინებით).
3.4. დადგენილი ვადის დაცვით, 17.02.2022 წელს სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის ნაწილობრივ შევსების შესახებ განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი (დააზუსტა სააპელაციო მოთხოვნა) და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ. სასამართლოს 23.02.2022 წლის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა 10 დღით.
3.5. დადგენილ ვადაში, 06.05.2022 წელს, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება აპელანტის ქონებრივი მდომარეობიდან გამომდინარე. სასამართლოს 10.05.2022 წლის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საპროცესო ვადა გაგრძელდა 15 დღით.
3.6. ვადის დაცვით, 27.06.2022 წელს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და აპელანტის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის შემცირების თაობაზე.
3.7. სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს არ ჰქონდა წარდგენილი მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც სასამართლოს ექნებოდა შესაძლებლობა ემსჯელა სახელწიფო ბაჟის შემცირებაზე. შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 10.05.2022 წლის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება პირადად ჩაჰბარდა აპელანტის წარმომადგენელს თ.გ–ძეს, 13.06.2022 წელს. ამდენად, სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული ვადის ათვლა დაიწყო 14.06.2022 წელს და ამოიწურა 28.06.2022 წელს. აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, არამედ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის შემცირების თაობაზე.
3.9. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 64-ე მუხლზე და განმარტა, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა. სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით, რა დროსაც თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული დავის ორივე მხარეს მყოფი სუბიექტების ინტერესები. სასამართლოს განმარტებით, აპელანტს მიეცა გონივრული ვადა ხარვეზის შესავსებად, თუმცა მას ხარვეზი არ შეუვსია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.2022 წლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
8. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსო, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია (სუსგ №ას-265-2022, 01.06.2022წ.).
9. საქმის მასალებით დასტურდება, რომ:
9.1. სააპელაციო სასამართლოს 03.12.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა: წარედგინა დასაბუთებული და დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი; მისი ელექტრონული ვერსია; ასევე, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (ტ.5, ს.ფ. 152-155).
9.2. 20.12.2022 წელს სასამართლოს მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარსადგენად მოითხოვა ვადის გაგრძელება, რაც დაკმაყოფილდა და სასამართლოს 24.12.2021 წლის განჩინებით აპელანტს 7 დღით გაუგრძელდა საპროცესო ვადა (ტ.5, ს.ფ. 158-162).
9.3. 24.01.2022 წელს სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და წარადგინა სააპელაციო საჩივარი, მისი ელექტრონული ვერსია. 01.02.2022 წლის განჩინებით აპელანტს განესაზღვრა 7 დღე და დაევალა მიეთითებინა კონკრეტულად რა ნაწილში ასაჩივრებდა გადაწყვეტილებას და დაზუსტებული მოთხოვნის შესაბამისად გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი (დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მის მიერ უკვე გადახდილი 150 ლარის გათვალისწინებით). აქვე აპელანტს განემარტა, რომ უფლება ჰქონდა გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა იმ ნაწილში, რომელიც მის კანონიერ ინტერესს შეეხებოდა, რაც შეეხებოდა გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობას, სასამართლომ აღნიშნა, რომ წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა თავისი შინაარსით წარმოადგენდა ქონებრივ მოთხოვნას და სახელმწიფო ბაჟიც უნდა გადახდილიყო დავის საგნის ღირებულების შესაბამისად სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნტით გათვალისწინებული წესით (დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა) (ტ.5, ს.ფ. 181-185).
9.4. 17.02.2022 წელს აპელანტის წარმომადგენელმა დააზუსტა სააპელაციო მოთხოვნა და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან ხარვეზის ვადის 10 აპრილამდე გაგრძელების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ პარტნიორების ქმედების გამო აპელანტს ჰქონდა ფინანსური პრობლემები და ვერ ახერხებდა თანხის მობილიზებას. მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო, 23.02.2022 წლის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ამასთან, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 დღით (ტ.5, ს.ფ. 201-204).
9.5. 06.05.2022 წელს, სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და კვლავ მოითხოვა აპელანტის ქონებრივი მდომარეობიდან გამომდინარე ხარვეზის ვადის გაგრძელება გონივრული ვადით. წარმომადგენელის განმარტებით, სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში აპელანტი ელოდებოდა თანხის ჩარიცხვას 12.06.2022 წლამდე (ტ.5, ს.ფ. 212). სასამართლოს 10.05.2022 წლის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა გაგრძელდა 15 დღით (ტ.5, ს.ფ. 221-224).
9.6. დადგენილი ვადის დაცვით, 27.06.2022 წელს სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის შემცირების შესახებ განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, რის საფუძვლადაც კვლავ მიუთითა აპელანტის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა (ტ.5, ს.ფ. 228, 229).
9.7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები შუამდგომლობის ავტორს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. 14.07.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (ს.ფ. 230-237).
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინებები აპელანტის წარმომადგენელს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით და მხარეს ნათლად განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები. მიუხედავად ამისა, იგი ყოველ ჯერზე სხვადასხვა თარიღზე მითითებით ითხოვდა ხარვეზის ვადის გაგრძელებას, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას ან/და მისი ოდენობის შემცირებას, რასაც ასაბუთებდა აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობით.
11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც. სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე, საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც მხედველობაშია მისაღები მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს (სუსგ Nას-1825-2018, 29.03.2019წ., პ.13; სუსგ Nას-1952-2018, 29.03.2019წ., პ.14).
12. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების/მისი ოდენობის შემცირების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირებისა და გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია საერთოდ, კონკრეტული დროისათვის ან გარკვეული ოდენობით (სუსგ №ას-334-2019, 31.05.2019წ.; შდრ. სუსგ №ას-1732-2019, 05.06.2020წ.; სუსგ Nას-224-2021, 22.06.2021წ.). მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის წარმომადგენელი მისი მარწმუნებლის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე უთითებდა, თუმცა აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მარტოოდენ სიტყვიერი მითითება კი არ არის საკმარისი მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დასადასტურებლად.
13. საგულისხმოა, ისიც, რომ სააპელაციო საჩივარზე თავდაპირველი ხარვეზის დადგენიდან (03.12.2021 წელი) მის განუხილველად დატოვებამდე (14.07.2022 წელი) გასულია შვიდ თვეზე მეტი, გასულია ის კონკრეტული ვადებიც, რომლებზეც სხვადასხვა დროს განცხადებებში მიუთითებდა თავად აპელანტი მხარე და ამ თარიღამდე ითხოვდა საპროცესო ვადის გაგრძელებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა ჰქონდა დადგენილი ხარვეზის შესავსებად, თუმცა მან საჭირო საპროცესო მოქმედებანი არ განახორციელა. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ ესაჭიროებოდა დამატებითი ვადა ხარვეზის შესავსებად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. შესაბამისად, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა (სუსგ Nას-1047-967-2017, 13.11.2017წ.; სუსგ №ას-265-2022, 01.06.2022წ.). ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების საკითხზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით არ უნდა დაირღვეს მეორე მხარის უფლება. მართალია, სსსკ ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელებას, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ვადა გაგრძელებულ უნდა იქნეს დაუსრულებლად (სუსგ №ას-998-942-2015, 17.11.2015წ., პ.25).
14. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად მართებულად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი.
15. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ №ას-851-817-2016, 04.11.2016წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.).
16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the „Belgian Linguistic“ judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5; სუსგ №ას-1615-2019, 14.01.2020წ.). იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (სუსგ №ას-693-2019, 28.06.2019წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ.კ–ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.2022 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია