Facebook Twitter

№ა-575-შ-13-2023

30 მარტი, 2023წ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა.ფ–ვი

განხილვის საგანი – ისრაელის, ნაზარეთის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ისრაელის, ნაზარეთის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით შეწყდა ა.ფ–ვსა და ო.ვ–ოს შორის რეგისტრირებული ქორწინება.

2023 წლის 08 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა.ფ–ვის წარმომადგენელმა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი შუამდგომლობაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში იმის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რომ მოცემულ საქმეზე საქართველოს სასამართლოს აქვს საერთაშორისო კომპეტენცია (ა) ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო; ბ) მეუღლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს; გ) ერთ-ერთი მეუღლე მოქალაქეობის არმქონე პირია და ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს).

აღნიშნული განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2023 წლის 17 მარტს. 2023 წლის 21 მარტს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საკასაციო პალატას მომართა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა, წარმოადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო სამსახურის 2022 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება ო.ვ–სა და ა.ფ–ვს შორის რეგისტრირებლი ქორწინების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ და მიუთითა, რომ ა.ფ–ვს საქართველოს ტერიტორიაზე განქორწინების რეგისტრაცია სურს იმ მიზეზით, რომ მომავალში მას მიეცეს შესაძლებლობა ახალი ქორწინება საქართველოს ტერიტორიაზე დაარეგისტრიროს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს, არსებობს თუ არა შუამდგომლობის წარმოებაში მიღების წინაპირობები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის საკითხის სრულყოფილად დადგენა. საერთაშორისო განსჯადობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვანია შიდასახელმწიფოებრივი პროცესუალური ნორმების გაანალიზება, ვინაიდან, კონკრეტული სახელმწიფოს სასამართლო სისტემა, მოქმედი საკანონმდებლო დანაწესის საფუძველზე, თავად განსაზღვრავს ეროვნული სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის ფარგლებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს.

პალატა აღნიშნავს, რომ უცხო ელემენტის შემცველ დავებთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოები საკუთარი კომპეტენციის დადგენისას ხელმძღვანელობენ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებებით (თუ საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება, რომლის ხელშემკვრელი მხარეც არის საქართველო, სხვა რამეს არ ითვალისწინებს).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს სასამართლოები განიხილვენ სამოქალაქო საქმეებს, რომლებშიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, საწარმოები და ორგანიზაციები. ასეთ საქმეებთან მიმართებით საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია გააჩნიათ მაშინ, თუ მოპასუხის რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოშია, ასევე მაშინაც, თუ მოპასუხე რამდენიმე პირია და ერთ-ერთი მათგანის საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი მდებარეობს საქართველოში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვალდებულება, შეამოწმოს, ექვემდებარება თუ არა საქმე სასამართლოს უწყებრივად და აქვს თუ არა მას მოცემულ კონკრეტულ საქმეზე საერთაშორისო კომპეტენცია.

საქართველოს კანონში „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის საკითხს დათმობილი აქვს მთელი მე-2 თავი.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.

ასევე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ: ა) ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო; ბ) მეუღლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს; გ) ერთ-ერთი მეუღლე მოქალაქეობის არმქონე პირია და ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებში იგულისხმება განქორწინება, ქორწინების შეწყვეტა ან ბათილად ცნობა, ქორწინების ან მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის დადგენა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენცია ვრცელდება განქორწინების დამატებით შედეგებზეც. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საქმის მასალებით არ იკვეთებოდა აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საქართველოს სასამართლოების კომპეტენცია კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით, ა.ფ–ვს დაევალა ხარვეზის შევსება და შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა საერთაშორისო კომპეტენციის დასადასტურებლად. მართალია შუამდგომლობის ავტორმა დადგენილ ვადაში მომართა სასამართლოს, თუმცა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოცემულ საქმეზე საქართველოს სასამართლოს აქვს საერთაშორისო კომპეტენცია, არ წარმოუდგენია. მის მიერ წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილება ო. ვ–ოსა და ა.ფ–ვს შორის განქორწინების რეგისტრაციის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლმა განსაზღვრულ ვადაში ვერ წარადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ისრაელის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებული განჩინება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ისეთ მტკიცებულებას, რომელიც საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციას დაადასტურებს. რაც შეეხება მის მიერ განცხადებაში მითითებულ გარემოებას საქართველოში ხელახლა დაქორწინების სურვილის შესახებ, აღნიშნული ასევე არ ადასტურებს საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა.ფ–ვის შუამდგომლობა ისრაელის, ნაზარეთის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ფ–ვის შუამდგომლობა ისრაელის, ნაზარეთის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, დარჩეს განუხილველი.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია