2 მარტი, 2023 წელი,
საქმე №ას-1112 -2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ი.ფ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - დ.კ–ძის უფლებამონაცვლეები ნ.ვ-კ–ძე, ა., ე., ლ. და მ. კ–ძეები; გ.ს–ა; ნოტარიუსი ი.გ–ა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - გარიგებების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.ფ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 აპრილის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც დ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), გ.ს–ასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ი.გ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან ნოტარიუსი) წინააღმდეგ გარიგებების ბათილად ცნობის თაობაზე აღძრული მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. ნების გამოხატვის ნამდვილობის დასტურად დაეყრდნო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“ დასკვნას და ამავე ბიუროს წერილს. ასევე, დაუსაბუთებლად უარყო მის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც უტყუარად დასტურდებოდა, რომ მინდობილობებზე შესრულებული ხელმოწერა მოსარჩელეს არ ეკუთვნოდა.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2011 წლის 27 დეკემბერს, 2012 წლის 22 თებერვალსა და 2012 წლის 19 დეკემბერს მოწყობილ აუქციონსა და მის საფუძველზე, გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით, თბილისში, ...... მიმდებარედ (ნაკვეთი 10/077, 163 კვ.მ ფართი, ს/კ-ი #........) არსებული უძრავი ქონების (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი სადავო უძრავი ქონება), ისანი-სამგორის დასახლება, ვაზისუბანი, ...... ქუჩისა და N19ა კორპუსის მიმდებარედ (ნაკვეთის 02/165, 407 კვ.მ, ს/კ-ი #........) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე სადავო უძრავი ქონება) და ვაზისუბნის დასახლება, ....... ქუჩასა და N19ა კორპუსის მიმდებარედ, (119 კვ.მ-ის, ს/კ-ით #......) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე სადავო უძრავი ქონება), არსებული უძრავი ნივთების მესაკუთრედ მოსარჩელე აღირიცხა (იხ. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).
4.3.1. 2015 წლის 12 მარტს, მოსარჩელის მოთხოვნით, მეორე და მესამე უძრავი ქონება გაერთიანდა და შედეგად მის საკუთრებად აღირიცხა 526 კვ.მ, ს/კ-ით #........ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გაერთიანებული უძრავი ქონება). შეიცვალა ნივთის მისამართიც და შემდეგი სახით ჩამოყალიბდა - თბილისი, .......... ქუჩა N62ა.
4.4. 2017 წლის 11 იანვარს ლ.მ–მა თბილისში, .......... ქუჩაზე მდებარე ნაკვეთი 02/168, (750 კვ.მ; ს/კ #........; შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეოთხე სადავო უძრავი ქონება), 200 000 ლარად მოსარჩელეს მიჰყიდა და ეს უკანასკნელი აღირიცხა ამ ნივთის მესაკუთრედ.
4.5. 2017 წლის 29 მარტს მოსარჩელემ პირველი მოპასუხის სახელზე გასცა ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც ამ უკანასკნელს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება მიანიჭა (იხ. მინდობილობა). მინდობილობის საფუძველზე რწმუნებული საკუთარ თავთან გარიგების დადების უფლებამოსილებითაც აღიჭურვა.
4.5.1. ამ მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენელმა/პირველმა მოპასუხემ 2017 წლის 30 მარტს, წარმოდგენილი პირის/მოსარჩელის სახელით საკუთარ თავთან გააფორმა სადავო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, უძრავი ქონება პირველი მოპასუხის საკუთრებად დარეგისტრირდა.
სახელდობრ, პირველი უძრავი ქონება 40 000 ლარად, გაერთიანებული უძრავი ქონება 150 000 ლარად, ხოლო მეოთხე უძრავი ქონება 200 000 ლარად იქნა შეძენილი. ხელშეკრულებაში აღნიშნულია გამყიდველის მხრიდან ნასყიდობის საფასურის სრულად მიღების ფაქტი (იხ. ხელშეკრულებები და ამონაწერები საჯარო რეესტრიდან).
4.6. 2017 წლის 17 ივლისს პირველმა მოპასუხემ უძრავი ნივთების გაერთიანების მოთხოვნით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა და პირველი მოპასუხის საკუთრებაში დარეგისტრირდა შეცვლ. საკადასტრო კოდით და გაზრდილი მოცულობის უძრავი ნივთი, მდებარე თბილისში, ........ ქუჩა N62ა-ს მიმდებარედ, საკადასტრო კოდით ......., 764 კვ.მ; უძრავმა ნივთმა მოიცვა N...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 526 კვ.მ მიწის ნაკვეთიც.
4.7. 2017 წლის 26 სექტემბერს პირველმა მოპასუხემ კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე, თბილისში, ......... ქუჩა, 02/168 ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
მარეგისტრირებელმა ორგანომ 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოთხოვნა დააკმაყოფილა, შედეგად, პირველი მოპასუხის საკუთრებად დარეგისტრირდა გაზრდილი ფართობითა და შეცვლ. საკადასტრო კოდით აღნიშნული უძრავი ნივთი, მითითებულ უძრავ ნივთში გაერთიანდა N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 750 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
4.8. 2014 წლის 14 მაისს შპს „მ–სა“ და მოსარჩელეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვით, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, მოსარჩელემ საკუთრებაში მიიღო ......... ქუჩაზე მდებარე #......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება.
4.8.1. 2017 წლის 5 მაისს მოსარჩელემ პირველი მოპასუხის სახელზე გასცა ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც ამ უკანასკნელს მის საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონების (ს/კ-ით #.........), საკუთარი შეხედულებისამებრ მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება მიანიჭა (იხ. მინდობილობა). მინდობილობის საფუძველზე რწმუნებული საკუთარ თავთან გარიგების დადების უფლებამოსილებითაც აღიჭურვა.
4.8.2. ამ მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენელმა/პირველმა მოპასუხემ 2017 წლის 8 მაისს წარმოდგენილი პირის/მოსარჩელის სახელით საკუთარ თავთან გააფორმა სადავო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, უძრავი ქონება პირველი მოპასუხის საკუთრებად დარეგისტრირდა.
სახელდობრ, უძრავი ქონება 25 000 ლარად შეიძინა და ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მყიდველმა სრულად აანაზღაურა ნასყიდობის საფასური (იხ. ხელშეკრულებები და ამონაწერები საჯარო რეესტრიდან).
4.8.3. 2017 წლის 4 დეკემბერს პირველმა მოპასუხემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე წარმოქმნილ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. მარეგისტრირებელმა ორგანომ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა და #........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნივთზე მოპასუხის საკუთრების უფლება აღირიცხა.
4.8.4. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე გაერთიანდა N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 97 კვ.მ უძრავი ნივთი და N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 119 კვ.მ უძრავი ნივთი, რის შედეგადაც პირველი მოპასუხის საკუთრებად დარეგისტრირდა 216 კვ.მ უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით - N .........
4.8.5. # .......... საკადასტრო კოდით აღნიშნულ უძრავ ნივთს, მესაკუთრის განცხადების საფუძველზე შეეცვალა მისამართი და 2018 წლის 5 მარტის ამონაწერის შესაბამისად, უძრავი ქონების მისამართად განისაზღვრა - თბილისი, ......... N26.
4.8.6. აღნიშნულ უძრავ ნივთთან (N .........) მიმართებით, 2019 წლის 10 თებერვალს პირველ მოპასუხესა და შპს „ლ–ს“ შორის უძრავი ნივთის ნასყიდობისა და მშენებლობის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება დაიდო. გარიგების შესაბამისად, მყიდველმა (შპს „ლ–სი“) იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო ნასყიდობის საგანზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და გამყიდველისათვის (პირველი მოპასუხისთვის) ხელშეკრულებით შეთანხმებული ფართების გადაცემა.
4.9. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2016 წლის 4 მარტს მოწყობილ აუქციონსა და მის საფუძველზე იმავე წლის 3 მაისს გაცემული საკუთრების მოწმობით თბილისში, ......... N28-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ნივთი ს/კ-ით # .......... (80 კვ.მ) საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელეს.
4.10. 2017 წლის 28 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, უძრავი ნივთი, მდებარე: თბილისში, ........ N28-ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდით .........., მოსარჩელისა და ლ.ნ–ძის თანასაკუთრებაა, კერძოდ, ქონების საერთო ფართია 1 493 კვ.მ საიდანაც 1348 კვ.მ მოსარჩელეს, ხოლო 145 კვ.მ ლ.ნ–ძეს ეკუთვნის.
4.11. 2017 წლის 9 მარტს მოსარჩელემ პირველი მოპასუხის სახელზე გასცა ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც ამ უკანასკნელს მის საკუთრებაში არსებული და #........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება მიანიჭა (იხ. მინდობილობა). მინდობილობის საფუძველზე რწმუნებული საკუთარ თავთან გარიგების დადების უფლებამოსილებითაც აღიჭურვა.
4.11.1. ამ მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენელმა/პირველმა მოპასუხემ 2017 წლის 30 მარტს წარმოდგენილი პირის/მოსარჩელის სახელით საკუთარ თავთან გააფორმა ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, უძრავი ქონებიდან (სკ-ით #.........) 1348 კვ.მ პირველი მოპასუხის საკუთრებად დარეგისტრირდა, სახელდობრ, უძრავი ქონება 400 000 ლარად იქნა შეძენილი. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მყიდველმა სრულად აანაზღაურა ნასყიდობის საფასური (იხ. ხელშეკრულებები და ამონაწერები საჯარო რეესტრიდან).
4.11.2. 2017 წლის 5 აპრილს პირველმა მოპასუხემ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, 125 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ, შპს „ტ.ჯ–ს“ მიჰყიდა და ეს უკანასკნელი ლ.ნ–ძესთან ერთად აღირიცხა უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ.
4.12. 2016 წლის 21 ოქტომბრის მონაცემებით, უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით #...... მოსარჩელის საკუთრებად ირიცხებოდა (იხ. საჯარო რესსტრის ამონაწერი).
4.13. 2017 წლის 29 მარტს მოსარჩელემ პირველი მოპასუხის სახელზე გასცა ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც ამ უკანასკნელს მიენიჭა უძრავი ქონების განკარგვის უფლებამოსილება და იგი საკუთარ თავთან გარიგების დადების უფლებამოსილებითაც აღიჭურვა.
4.13.1. ამ მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენელმა/პირველმა მოპასუხემ 2017 წლის 30 მარტს წარმოდგენილი პირის/მოსარჩელის სახელით საკუთარ თავთან შეადგინა სადავო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, #...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნივთი, 1952 კვ.მ, პირველი მოპასუხის საკუთრებად დარეგისტრირდა, სახელდობრ, უძრავი ქონება 90 000 ლარად იქნა შეძენილი (იხ. ხელშეკრულებები და ამონაწერები საჯარო რეესტრიდან).
4.14. 2017 წლის 25 სექტემბრის მონაცემებით, თბილისში, ....... ქუჩა N66-ის მიმდებარედ, მდებარე 68 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ-ით # ........, პირველი მოპასუხის საკუთრებად დარეგისტრირდა (იხ. საჯარო რეესტრის ამონაწერი).
4.15. 2017 წლის 22 სექტემბრს კი, თბილისში, ....... ქუჩა N66-ის მიმდებარედ, 252 კვ.მ უძრავი ქონება, სკ-ით #........... ასევე პირველი მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).
4.16. პირველმა მოპასუხემ 3 უძრავი ქონება, კერძოდ, #....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1952 კვ.მ მიწის ნაკვეთი, #......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 68 კვ.მ მიწის ნაკვეთი და # .........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 252 კვ.მ უძრავი ნივთი გააერთიანა. გაერთიანების შედეგად მიღებული 2272 კვ.მ. უძრავი ნივთი პირველი მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა.
4.17. 2018 წლის 13 აპრილს პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის შესაბამისად მეორე მოპასუხეს, 97 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებად გადაეცა #......... საკადასტრო კოდით აღნიშნული უძრავი ქონება (2272 კვ.მ) და ეს უკანასკნელი აღირიცხა მესაკუთრედ, შეიცვალა უძრავი ქონების მისამართი და შემდეგი სახით განისაზღვრა - თბილისი, ....... ქუჩა N66.
4.18. ქონების შეძენის შემდგომ მეორე მოპასუხემ უძრავი ნივთი დაყო. 2018 წლის 10 მაისის ამონაწერით, მის საკუთრებად რეგისტრირებულია 972 კვ. მ უძრავი ნივთი, მდებარე თბილისში, ....... N66/თბილისში, ....... N66, მიმდებარედ/თბილისში, ....... ქ, N66, მიმდებარედ, ს/კ ...........
4.19. 2018 წლის 4 მაისს, მეორე მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა, დარჩენილი 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ-ით ........., ხოლო მისამართად - თბილისი, ....... ქუჩა N66/თბილისი, ....... ქუჩა N66 -ის მიმდებარედ/თბილისი, ....... ქუჩა N66 -ის მიმდებარედ, მიეთითა.
4.20. მოსარჩელის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ - შპს ,,ვ–ის’’ 2019 წლის 29 იანვრის დასკვნის მიხედვით, ხელმოწერები მოსარჩელის სახელითა და გვარით ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდიდან notary.ge ამობეჭდილ მინდობილობებზე: N170318847 (29.03.2017წ.), N170318839 (29.03.17წ.), N170231423 (09.03.17წ.), N170486122 (05.05.2017წ.) გრაფაში ,,ხელმოწერა’’ და საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილ N170318847 (29.03.17წ.), N170318839 (29.03.2017წ.), N170231423 (09.03.2017წ.), N170486122 (05.05.2017წ.) მინდობილობების ქსეროასლებზე გრაფაში „ხელმოწერა“ შესრულებულია ერთი და იგივე პირის მიერ. აღნიშნული ხელმოწერები შესრულებულია არა მოსარჩელის, არამედ სხვა პირის მიერ.
4.21. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს წარმოებაში არსებულ #004050618005 სისხლის სამართლის საქმეზე გრაფიკული ექსპერტიზა ჩატარდა, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 06 აგვისტოს დასკვნის მიხედვით ხელმოწერები მოსარჩელის სახელით, განლაგებული: მინდობილობებზე, შესაბამისად შემდეგი რეგისტრაციის ნომრებით და თარიღებით: N170318839, 2017 წლის 29 მარტის თარიღით; N170486122, 2017 წლის 5 მაისის თარიღით; N170231423, 2017 წლის 9 მარტის თარიღით; 170318847, 2017 წლის 29 მარტის თარიღით. გრაფაში: ,,ხელმოწერა’’ შესრულებულია არა პირველი მოპასუხის, არამედ შესრულებულია მოსარჩელის მიერ.
5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
5.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
5.2. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
5.3. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
5.4. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატიური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.
5.5. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 6 აგვისტოს დასკვნაზე მითითებით, მოპასუხემ წარმატებით უზრუნველყო თავისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, სადავო მინდობილობებზე მოსარჩელის მიერ ხელმოწერის არსებობის ფაქტის დამტკიცება, კერძოდ:
6.1. დადასტურებულია, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ დოკუმენტების დედნები გამოიკვლია. ასევე დადგენილია, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ შპს „ვ–ის“ დასკვნა ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდიდან (notary.ge) ამობეჭდილ მინდობილობებსა და საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილ მინდობილობების ქსეროასლებზე დაყრდნობით მომზადდა.
ასეთ ვითარებაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ, როდესაც დოკუმენტის დედნისა და ასლის გამოყენებით ჩატარებული კვლევებია წარმოდგენილი უპირატესობა მტკიცებულების დედნის საფუძველზე ჩატარებულ საექსპერტო გამოკვლევას უნდა მიენიჭოს. ამავე საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 28 თებერვლის წერილსაც, რომლის მიხედვით, გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარება დოკუმენტის ასლზეცაა დასაშვები, თუმცა ასეთ შემთხვევაში, მტკიცებითი ხასიათის დასკვნა არ გაიცემა და მიეთითება შედეგის სავარაუდო ხასიათზე ან/და ქსეროასლის ხარისხიდან გამომდინარე დასკვნის მომზადების შეუძლებლობაზე. ქსეროასლზე ხელმოწერის გამოკვლევისას ექსპერტიზაც არ იმართება. საექსპერტო დაწესებულება დასაშვებად მიიჩნევს ხელმოწერის კუთვნილების შემოწმებას, მაგრამ ასლის წარდგენის შემთხვევაში, დაუშვებლად განიხილავს ხელმოწერის ნამდვილობის კვლევას, როგორც ეს შპს „ვ–ის “ დასკვნის მომზადებისას განხორციელდა.
6.2. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მინდობილობებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების დადების შემდგომ, 2017 წლის 25 ივლისს, ნასყიდობის საფასურის სრულად მიღებაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ პირველ მოპასუხესთან არც ახლა და არც მომავალში არავითარი პრეტენზია არ ექნებოდა. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული დოკუმენტი ეხებოდა შპს „უ–სა“ და შპს „დ.გ–ს“ შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას; საკასაციო სასამართლო ამ მოსაზრებას უარყოფს და კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ დასახელებული მტკიცებულების შინაარსი ნათლად მეტყველებს ფიზიკურ პირებს შორის არსებული ურთიერთობის მოწესრიგებაზე, რაც სასამართლოს უქმნის იმის რწმენის საფუძველს, რომ ეს განცხადება სწორედ სადავო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის მიღების დასტურია.
7. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოსარჩელემ პირველი მოპასუხის სახელზე რეალურად გასცა სადავო მინდობილობები, რომლითაც რწმუნებული საკუთარ თავთან გარიგების დადების უფლებამოსილებითაც აღიჭურვა; ეს გარემოება სრულად აქარწყლებს ამ მინდობილობების საფუძველზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის არგუმენტაციას, სახელდობრ:
7.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 114-ე (თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად) მუხლის მიხედვით, წარმომადგენელს არ აქვს უფლება გარიგების ორივე მხარეს განასახიერებდეს. ასეთ შემთხვევაში წარმომადგენელი შესაძლოა, აღმოჩნდეს საკუთარ ინტერესებთან კონფლიქტში, რაც ართულებს მის მიერ საკუთარი თავის საზიანოდ მარწმუნებლის ინტერესების დაცვის შესაძლებლობას. წარმომადგენლის უმთავრესი მიზანი წარმოდგენილის ინტერესების დაცვაა, ეს კი ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობის აკრძალვაში გამოიხატოს. თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნული შეზღუდვისა, ნორმა ითვალისწინებს გამონაკლისს, როდესაც საკუთარ თავთან გარიგების დადება დასაშვებია. ეს შემთხვევებია: როდესაც გარიგება გამონაკლისის სახით არსებული ვალდებულების შესრულებას ემსახურება ან არსებობს წარმომადგენლის თანხმობა, რომელიც როგორც ნათლად და გარკვევით, ასევე - კონკლუდენტური მოქმედებითაც შეიძლება განხორციელდეს.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ წამოდგენილს შესაძლებლობა აქვს უკეთ შეაფასოს ამგვარი გარიგების სამართლებრივი შედეგები მისი დადების შემდეგ და არა მის დადებამდე, ზემოაღნიშნული დანაწესი წარმოდგენილს ანიჭებს უფლებას, მოიწონოს წარმომადგენლის მიერ საკუთარ თავთან დადებული გარიგება და ამ მოწონების საფუძველზე დატოვოს ის ძალაში. აქედან გამომდინარე, სსკ-ის 114-ე მუხლი ადგენს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მხოლოდ შეზღუდვის წინაპირობას, რომლის თანახმად, წარმომადგენლის მიერ დადებული ხელშეკრულება არა მისი დადებისთანავე უპირობოდ ბათილია, არამედ მის მოწონებამდე - მერყევად ბათილია (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხლი 114, გვ. 647-653).
7.2. მიუხედავად იმისა, რომ სსკ-ის 114-ე მუხლი ერთი შეხედვით იმპერატიულ დათქმას შეიცავს (წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება), თანხმობის არსებობისას საკუთარ თავთან გარიგების დადების შესაძლებლობასაც უშვებს, რომელიც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და კერძო სამართლის პრინციპებს (სსკ-ის54-ე მუხლი...) არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.
7.3. დადგენილია, რომ გამყიდველმა მყიდველს წერილობითი მინდობილობები (სსკ-ის 103.1-ე მუხლი) საფუძველზე მიანიჭა სადავო უძრავი ნივთების საკუთარ თავზე გადაფორმების უფლებამოსილება, შესაბამისად, ამ შემთხვევაში ვლინდება სსკ-ის 114-ე მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევა (თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად). ამრიგად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ნასყიდობის ხელშეკრულებების ნამდვილობისა და გარიგების ბათილობის საფუძვლის არარსებობის თაობაზე სააპელაციო პალატის დასკვნებს.
8. პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს რომ მოსარჩელეს აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი, რომლის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სსსკ-ის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
აღიარებითი სარჩელი, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სსსკ-ის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ და შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის - იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურსამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს; ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, როდესაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით.
აღიარებითი სარჩელი მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებას; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
8.1. დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, პირველი მოპასუხის მხრიდან უძრავი ქონების საკუთარ სახელზე გადაფორმება, მოსარჩელის მიერ მის სახელზე გაცემულ მინდობილობებში (რომლითაც რწმუნებული საკუთარ თავთან გარიგების დადების უფლებამოსილებითაც აღჭურვა), გამოვლენილ ნებას არ ეწინააღმდეგებოდა;
შესაბამისად, მესაკუთრის მიერ ქონების თავისუფლად განკარგვის პრინციპიდან გამომდინარე, არარელევანტურია პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის დადებული გარიგების ნამდვილობის საკითხზე მსჯელობა ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლის აღიარებაც, მათ შორის - გაფორმებული გარიგების მოჩვენებითი ხასიათის დადასტურება და გარიგების ბათილად ცნობა, ვეღარ გახდება მოსარჩელის ძირითადი მიზნის – უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა მოპოვების საფუძველი და მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის მომტანი.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
12. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის, 30%-ის - 1800 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ფ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი.ფ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის, 30%-ის - 1800 ლარის გადახდა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე