7 აპრილი, 2023 წელი,
საქმე №ას- 11-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „თ.ა.ჯ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ს–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „თ.ა.ჯ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, გადამზიდველი ან კომპანია) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით გ.ს–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მყიდველი ან შემკვეთი) მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 900 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელის მიერ შეძენილი ნივთი არ მიუღიათ, შესაბამისად, ვერც მისი ტრანსპორტირება იქნებოდა შესაძლებელი და ამდენად სს „თ.ა.ჯ–ის“ მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება დაუსაბუთებელია.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მოპასუხე საერთაშორისო ექსპედიტორული კომპანიაა, რომლის საქმიანობის სფეროა საერთაშორისო გადაზიდვები და საექსპედიტორო მომსახურება, კერძოდ: ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული საწყობიდან შემკვეთისგან გადაგზავნილი და ექსპედიტორის მიერ მიღებული ტვირთის საქართველოში გადაზიდვა.
4.4. 2021 წლის 18 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვისა და ექსპედიციის ხელშეკრულება. რომლის საგანი ექსპედიტორული კომპანიის საწყობიდან (აშშ-NEW CASTLE) შემკვეთის მიერ გადაგზავნილი და ექსპედიტორის მიერ მიღებული ტვირთის ექსპედიტორის სახელითა და შემკვეთის ხარჯზე, საქართველოში გადაზიდვა წარმოადგენდა. მომხმარებელი ვებგვერდზე - www.usa2georgia.com რეგისტრირდებოდა.
4.5. მოსარჩელემ 2021 წლის 22 ივლისს ვებ-საიტ ebay.com-ზე, 900 აშშ დოლარად Dell XPS 13 7390-13.3*4k კომპიუტერი შეიძინა, სენსორული ეკრანით და მონაცემით i7 - 1071OU (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოძრავი ნივთი). რომელიც მოპასუხეს ამერიკიდან საქართველოში უნდა გადაეზიდა.
4.6. შეთანხმების მე-8 პუნქტით, ამანათზე პასუხისმგებლობის შემდეგი წესი განისაზღვრა:
4.6.1. აღნიშნული მომსახურება გულისხმობდა ამანათის გარეგანი დაზიანების ან დაკარგვისაგან დაცვას. სერვისში არ შედიოდა ამანათში არსებული პროდუქციის შემოწმება დაზიანებაზე ან მუშაობის ვარგისიანობაზე (იხ. შეთანხმების 8.1. პუნქტი).
4.6.2. ამანათის დაკარგვის ან გაუჩინარების შემთხვევაში, კომპანია სრულად იღებდა პასუხისმგებლობას, მათ შორის კერძო პირის მიერ გამოგზავნილი, Ebay-ს ან სხვა აუქციოზე ნაყიდი პროდუქციის, ჩამოწერილი, შეკეთებული ან ნახმარი პროდუქციის შემთხვევაში (8.3. პუნქტი).
4.6.3. ზარალის წარმოშობის პირობებში, ასანაზღაურებელი თანხა ლიმიტირებული იყო პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტში იყო აღნიშნული და არ აღემატებოდა მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებულ თანხას (8.7. პუნქტი).
4.6.4. გაუჩინარებული ამანათის შემთხვევაში ზარალი ანაზღაურდებოდა მხოლოდ მაშინ, თუ მომხმარებელი ამანათის ეგრედ წოდებულ თრექინგ კოდს დაამატებდა მისაღები ამანათების განყოფილებაში და ჩართავდა უსაფრთხოების მომსახურებას თრექინგ კოდის ექსპედიტორი კომპანიის ამერიკულ მისამართზე მისვლამდე, ამასთან ერთად, ექსპედიტორი კომპანიის მიერ ამანათის მიღება აშშ-ს საწყობში უნდა დადასტურებულიყო ექსპედიტორი კომპანიის მიერ (8.11. პუნქტი).
4.6.5. მისამართზე მისულად ჩაითვლებოდა მხოლოდ ის ამანათი, რომელსაც ამერიკული საფოსტო კომპანიის ვებგვერდზე გააჩნდა მიტანილის „Delivered’’ სტატუსი და დადასტურებული იქნებოდა შესაბამისი დოკუმენტით. დოკუმენტზე აღნიშნული უნდა ყოფილიყო უფლებამოსილი პირების JCLEMONS ან Z.Z.-ის მიერ, მექანიკურად შესრულებული ხელმოწერა ფურცელზე ან ელექტრონულ მოწყობილობაზე. ელექტრონული მოწყობილობის კლავიატურაზე, სიმბოლოების სახით აკრეფილი ხელმოწერა არ ჩაითვლებოდა დადასტურებულად. ჩაბარების დოკუმენტის გამოთხოვა შესაძლებელი იყო გამომგზავნისაგან, გამომგზავნს კი თავის მხრივ უნდა მოეთხოვა დოკუმენტი ადგილობრივი საფოსტო კომპანიებისგან (ups, usps, fedex და ა.შ.) (8.12. პუნქტი).
4.6.6. იმ შემთხვევაში, თუ ამანათის სტატუსი ამერიკული საფოსტო კომპანიის ვებგვერდზე აისახებოდა, როგორც მიტანილი „Delivered’’ და ასევე გამოჩნდებოდა, რომ ჩაბარებული იყო „signed by’’, მაგრამ მომხმარებელს 24-48 საათის განმავლობაში პირად ვებ-გვერდზე ამანათის თრექინგ კოდი არ გამოუჩნდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ ამანათი ფიზიკურად არ იყო მიტანილი ამერიკული ფოსტის მიერ. ამ შემთხვევაში მომხმარებელი უნდა დაკავშირებოდა გამომგზავნს და გაესაჩივრებინა ამანათის მიუღებლობა. საჩივრის განცხადების შემდეგ, საფოსტო კომპანიაში უნდა ჩართულიყო ე.წ. Tracer, ანუ ძიების სტატუსი, რაც ნიშნავდა, რომ ამანათზე გამოცხადებული იყო ძებნა. აღნიშნული პროცედურის გავლა მომხმარებლისაგან სავალდებულო იყო.
ექსპედიტორი კომპანია არ იღებდა პასუხისმგებლობას იმ ამანათებზე, რომლებიც ფიზიკურად არ იყო მისული ამერიკის საწყობში, თუნდაც საფოსტო კომპანიის ვებ-გვერდზე აღნიშნულიყო „Delivered“ და „signed by’’ სტატუსით. სადაო სიტუაციის შემთხვევაში ექსპედიტორი კომპანია და ასევე მისი პარტნიორი ამერიკული კომპანია, რომელიც ოპერირებდა 8McCullough dr-ზე, დაუდასტურებდა გამომგზავნ კომპანიას და ამერიკულ ფოსტას წერილობით ან ფაქსის სახით, რომ ამანათი ფიზიკურად არ მისულა მომხმარებლის მისამართზე 8McCullough dr -ზე, New Castel-ში (8.13. პუნქტი).
4.7. მოძრავი ნივთი ექსპედიტორთან თრექინგ კოდით - 281735040772 გაიგზავნა, რომელიც კომპანიის საწყობში 2021 წლის 26 ივლისს მიიტანეს და ჩაჰბარდა კომპანიის ადგილსამყოფელზე არსებულ სუბიექტს გვარად „ბ–ძეს“ (იხ. კომპანია „ფ–“ მიერ გაცემული ცნობა და მხარეებს შორის ელექტრონული მიმოწერის მასალები).
4.8. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ამანათის უშუალოდ ჩამბარებელი პირი („ბ–ძე“) არ არის მოპასუხე კომპანიის თანამშრომელი საქმეში წარმოდგენილი არაა.
4.9. 2021 წლის 29 ივლისს მოსარჩელემ კომპანიას ტვირთის დაკარგვის თაობაზე მიმართა.
4.10. მოპასუხემ ტვირთის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ექსპედიტორის მიმართ თანხის დაკისრება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730.1 (ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა, გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია), 731 (ექსპედიტორმა კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერებით უნდა გაგზავნოს ტვირთი, შეარჩიოს გადაზიდვაში მონაწილე პირები. ამასთან, მან უნდა დაიცვას გამგზავნის ინტერესები და შეასრულოს მისი მითითებები) 739.1 (თუ სხვა შეთანხმება არ არსებობს, ექსპედიტორს უფლება აქვს საკუთარი ძალებით გადაზიდოს ტვირთი. ამ უფლების განხორციელება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს შემკვეთის უფლებებსა და ინტერესებს) 740 (ექსპედიტორი ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობებისათვის, ჩვეულებრივ, მაშინ აგებს პასუხს, თუ მას ან მის დამხმარეს მიუძღვის რაიმე ბრალი) და 742.1 (ექსპედიტორი არ შეიძლება დაეყრდნოს იმ წესებს, რომლებიც გამორიცხავენ ან ზღუდავენ მის პასუხისმგებლობას, ან გადააქვთ მტკიცების ტვირთი, თუ მან ზიანი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიაყენა) მუხლებიდან გამომდინარეობს.
6. კასატორის ძირითადი პრეტენზია მტკიცებულებების არასათანადოდ შეფასებას ემყარება. იგი ასაბუთებს, რომ სასამართლომ არ გაიზიარა საქმეში არსებულ მტკიცებულებებში მითითებული მონაცემები, კერძოდ ის გარემოება, რომ მისამართზე მიტანილად ჩაითვლება ტვირთი/ამანათი, რომელსაც ამერიკული საფოსტო კომპანიის ვებგვერდზე „Delivered“ სტატუსი ექნებოდა და მიღება დადასტურდებოდა უფლებამოსილი პირების JCLEMONS ან ZZ-ის მიერ მექანიკურად შესრულებული ხელმოწერით ფურცელზე ან ელექტრონული საშუალებით.
7. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
8. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად, გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი).
10. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ/კასატორმა ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება და მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას (გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა) გამაქარწყლებელი, დამაჯერებელი არგუმენტები ვერ დაუპირისპირა.
კერძოდ, იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოპასუხის მისამართზე ამანთის ჩამბარებელი პირი გვარით - „ბ–ძე“ კომპანიის თანამშრომელი არ იყო, საქმეში არ წარდგენილა. ასევე არაა წარმოდგენილი მტკიცებულება მასზედ, რომ მოპასუხე კომპანიის საწყობში მისულ ამანათებს მხოლოდ JCLEMONS ან ZZ აბრევიატურით აღნიშნული სუბიექტები იბარებდნენ და ეს ფაქტი შპს „ფ–თვის“, როგორც ტვირთის აშშ-ში უშუალო მიმწოდებლისთვის იყო ცნობილი. ეს გარემოება მითუფრო მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როცა მოსარჩელემ მოპასუხეს შეატყობინა, რომ მისი ოჯახის წევრების ეგრედ წოდებული “თრექინგების“ გადამოწმებისას შეიტყო, რომ არაერთი გზავნილის ჩაბარებაზე სწორედ „ბ–ძის“ გვარით აღნიშნული პირი აწერდა ხელს. ეს უმნიშვნელოვანესი გარემოება მოპასუხე მხარეს არ გაუქარწყლებია და მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რომ ასეთი პირი მასთან არ მუშაობდა.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ შეძენილი ნივთი მოპასუხე კომპანიას 2021 წლის 26 ივლისს ჩაბარდა და ეს უმნიშვნელოვანესი გარემოება მართებულად გვევლინება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც წარმოქმნიდა საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას.
13. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
14. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიცია არ არის წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს კ.ბ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #7666, გადახდის თარიღი 21.12.2022წ.), 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „თ.ა.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „თ.ა.ჯ–ს“ (ს/ნ ........) დაუბრუნდეს კ.ბ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #7666, გადახდის თარიღი 21.12.2022წ.), 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე