15 მარტი, 2023 წელი,
საქმე №ას-1457-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,მ–სი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2019 წლის 19 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი, შემკვეთი, სამინისტრო) და შპს „მ–სს” (შემდეგში - მოპასუხე, მენარდე, მენარდე საწარმო) შორის ნარდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნარდობის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც, ტენდერში შემკვეთის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის გამოყენებით, მენარდეს, მოსარჩელის ბალანსზე რიცხული სატენდერო პირობებით განსაზღვრული სხვადასხვა მარკის აზიური წარმოების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება) უნდა შეესრულებინა.
2. ხელშეკრულება 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით მოქმედებდა, ხოლო მისი საერთო ღირებულება 320 000 ლარს შეადგენდა.
3. სავალი ნაწილებისთვის მომსახურების გაწევის ვადა ნარდობის ხელშეკრულებით არა უმეტეს 2 კალენდარული დღით, სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში კი, არა უმეტეს 25 კალენდარული დღით განისაზღვრა.
4. სამინისტროს საკუთრებაში რიცხული ავტომანქანა „HYUNDAI TUCSON", სახელმწიფო ნორმით „.....“, 2020 წლის 5 ოქტომბერს შემოწმება/შეკეთების მიზნით მენარდე საწარმოს სერვისცენტრში შევიდა, სადაც ძრავის დაზიანება დაუდგინდა. ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 6 დეკემბრისა, 23 კალენდარული დღის დაგვიანებით - 2020 წლის 29 დეკემბერს იქნა გაწეული.
5. შესრულებული სამუშაოს აქტის თანახმად, ზემოხსენებულ ავტომანქანაზე გაწეულმა ხარჯმა 5 611.15 ლარი შეადგინა.
6. ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად მენარდეს პირგასამტეხლო დაერიცხა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების (320 000 ლარის) 0.15%-ის ოდენობით, რაც 11 040 ლარს შეადგენდა.
7. შესრულების ვადაგადაცილების გამო მისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას მენარდე (მოპასუხე) არ დაეთანხმა.
8. 11 040 ლარის პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ შემკვეთმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემკვეთის სასარგებლოდ მენარდეს 193.58 ლარის გადახდა დაეკისრა.
10. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა, გასაჩივრებულ ნაწილში ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
11.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ შემკვეთის მიერ მენარდისათვის 5 611.15 ლარის ღირებულების სამუშაოს 23 დღით გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო, რომელიც ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან დაანგარიშდა (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების - 320 000 ლარის 0.15%) სახელშეკრულებო ვალდებულების მსგავსი დარღვევის კომპენსირებისათვის ადეკვატური და გონივრულ ოდენობას არ წარმოადგენდა, მით უფრო, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, დროში განგრძობადობისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით.
11.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმეზე გამოიკვეთა შეთანხმებული პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის შემცირების საფუძველი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 420-ე მუხლიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონშესაბამისად განახორციელა.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
- დაუსაბუთებელია, თუ რა ფაქტობრივი გარემოებების გაზიარების შედეგად შეამცირა სასამართლომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. საკითხის ამგვარად გადაწყვეტისას სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებში სამინისტრო პირგასამტეხლოს სადამსჯელო ფუნქციას კი არ ითვალისწინებს, არამედ, ამით ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას უზრუნველყოფს. პირგასამტეხლო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომლითაც მხარე იმის გარანტიას იქმნის, რომ მეორე მხარე ხელშეკრულების არსებით პირობებს არ დაარღვევს და ნაკისრ მოვალეობებს კეთილსინდისიერად შეასრულებს. მართალია, სსკ-ის 420-ე მუხლი სასამართლოს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას ანიჭებს, მაგრამ ეს გონივრულობის ფარგლებში უნდა შესრულდეს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
14. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად საფუძვლიანია მოსარჩელის (შემკვეთი) მოთხოვნა, მოპასუხისათვის (მენარდე) პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელით მოთხოვნილი 11 040 ლარის ნაცვლად, პირგასამტეხლოს ანგარიშში მოპასუხეს 193.58 ლარის გადახდა დაევალა. ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა და სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზეც საკასაციო საჩივარი ამ უკანასკნელმა შემოიტანა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში სადავოა, პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერება.
17. პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 417-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებიდან გამომდინარეობს.
კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის უფლების მინიჭება იმას არ გულისხმობს, რომ ეს თავისუფლება აბსოლუტურად ხელშეუხებელია. მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მიზანს ემსახურება სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო).
18. როგორც ზემოთ აღინიშნა, კასატორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაა, ე.ი. კასატორის იურიდიული ინტერესი ისაა, რომ არ მოხდეს პირგასამტეხლოს შემცირება და მისი მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდეს.
ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუკი მოსარჩელე (კასატორი) დაამტკიცებდა, რომ მის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არსებითად შესაბამისია ვალდებულების დარღვევის ხარისხთან და ამით გამოწვეულ ზიანთან მიმართებით.
19. მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში განმარტებულია შემდეგი:
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...; პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
„პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. იხ. სუსგ: №ას-176-157-2014).
„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი).
ამდენად, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
20. ამავდროულად, პალატა მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც, პირგასამტეხლო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი თუ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან დაანგარიშდება.
საკასაციო პალატის განმარტებით, პირგასამტეხლოს თაობაზე სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს გამოანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან ასეთი წესით დაანგარიშებული პირგასამტეხლოს მოვალისათვის დაკისრება ვერ შეასრულებს თავის ნორმატიულ დანიშნულებას. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ გაზრდის პირგასამტეხლოს მოცულობას, მეორე მხრივ კი, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში დააკისრებს პასუხისმგებლობას (შდრ. იხ. სუსგ.: Nას-603-2021, 14.12.2021; Nას-1258-2019, 30.03.2021; Nას-581-2019, 31.07.2019; №ას-931-896-2016, 31.01.2017).
21. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ხაზს უსვამს სააპელაციო ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ 23 დღის ვადაგადაცილებით შესრულდა მხოლოდ 5611,15 ლარის ღირებულების სამუშაო და ამავე თანხიდან პირგასამტეხლოს გაანგარიშების შემთხვევაში მისი მოცულობა შეადგენს (5611,15:100X0.15X23=193,58) 193,58 ლარს.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის დასკვნით პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებით შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან დაანგარიშების პირობებში მისი მოცულობა სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა განსაზღვრული და კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ იკვეთება.
23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. როგორც ზემოთ აღინიშნა, ანალოგიურ საკითხზე საკასაციო პალატის არაერთი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს, რომლებთანაც წინამდებარე განჩინება თანხვედრაშია.
24. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
26. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე