Facebook Twitter

10 მარტი, 2023 წელი,

საქმე№ას-1372-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ს.გ.ი–ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2017 წლის 23 თებერვალს ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდეგში - მოპასუხე, შემკვეთი ან კასატორი) და სს „ს.ს.გ.ი–ს" (შემდეგში - მოსარჩელე, მენარდე) შორის ნარდობის ხელშეკრულება (შემდეგში - სადავო ხელშეკრულება, ნარდობის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც მენარდემ ქ.ბათუმში, .... დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოს შესრულების ვალდებულება იკისრა.

ზემომითითებული სამუშაოს შესრულება 2018 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით (ხელშეკრულების გაფორმებიდან 550 კალენდარული დღის განმავლობაში) უნდა დასრულებულიყო, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 1 ოქტომბრამდე განისაზღვრა.

2. ნარდობის ხელშეკრულებით შესასრულებული სამუშაოს ღირებულებამ 1 646 939 ლარი შეადგინა, ხოლო ხელშეკრულების საბოლოო ფასი 1 575 307.97 ლარით განისაზღვრა.

3. ხელშეკრულების მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებას მენარდე თავისი წარმომადგენლის მეშვეობით ახორციელებდა. ხსენებული სამუშაოების მიმართ მიღება-ჩაბარების აქტები ფორმდებოდა, რასაც 2017 წლის 6 თებერვალს მოსარჩელე დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ტექნიკურ ზედმხედველობას ი/მ ნ.ბ–ძე უწევდა.

4. სადავო ხელშეკრულებით დადგინდა, რომ სამუშაოების წარმოება სატენდერო წინადადებებით წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით განსაზღვრულ ვადაში (550 კალენდარული დღე) უნდა განხორციელებულიყო.

5. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მხარეებს ყოველთვიურად გრაფიკის მიხედვით სამუშაოების შესრულების საკითხები უნდა განეხილათ და საჭიროების შემთხვევაში სათანადო ცვლილებები უნდა შეეტანათ.

6. შემკვეთი ვალდებული იყო, ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში და პირობებით აენაზღაურებინა.

ამავდროულად, მენარდე ვალდებული იყო, შესრულებული სამუშაოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობაზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენა თავისი სახსრებით უზრუნველეყო.

7. შესრულებული სამუშაოს ღირებულების 85% შემკვეთს მიღება-ჩაბარების აქტის, გადახდის სერთიფიკატის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცის წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში უნდა გადაეხადა. შესრულებული სამუშაოს ღირებულების 12.5% სამუშაოს სრულად დასრულების შემდეგ სსიპ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარდგენიდან უნდა გადახდილიყო.

თუკი დასკვნის საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულების კორექტირება მოხდებოდა, შესრულებული სამუშაოს ღირებულების 85% კორექტირებული მიღება-ჩაბარების აქტების, გადახდის სერთიფიკატის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცის წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში უნდა გადახდილიყო.

შესრულებული სამუშაოს ხარისხის უზრუნველსაყოფად დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდში შემკვეთი ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2.5%-ის დაკავებას ახდენდა.

8. ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი (დაგვიანებით) შესრულებისათვის ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, ყოველი ვადაგადაცილების დღისათვის 0.02%-ის ოდენობით. ხსენებული პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით მოპასუხის მიმართ არ განსაზღვრულა.

9. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 2018 წლის 14 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებული იყო.

ნაკისრი სამუშაოები მოსარჩელემ სრულად შეასრულა, რომლის ინსპექტირება 2018 წლის 14 აგვისტოს განხორციელდა და ინსპექტირების საფუძველზე 2 დასკვნა 2018 წლის 20 აგვისტოსა და 2018 წლის 27 აგვისტოს შედგა.

ინსპექტირების აქტებს შორის შემკვეთის მოთხოვნის საფუძველზე ცვლილება-დაზუსტება არ მომხდარა.

10. მიწოდებულ ობიექტზე 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით ხარვეზები გამოვლინდა, კერძოდ: 1. დასარეგულირებელი იყო მეტალოპლასტმასის ფანჯრები; 2. დასამუშავებელი და შესაღები იყო პლინტუსის კედელთან მიერთების ადგილები; 3. დასამუშავებელი და შესაღები იყო „ელ.როზეტების“ და „ელ. ჩამრთველების“ კედელთან მიერთების ადგილები“; 4. ადგილ-ადგილ მოსასწორებელი და მოსახვეწი იყო პარკეტის იატაკი; 5. ეზოში გამოსაცვლელი იყო დაზიანებული დეკორატიული ფილები.

11. 2018 წლის 21 სექტემბრის წერილით მენარდემაც დაადასტურა, რომ შესრულებულ სამუშაოებში უმნიშვნელო ხარვეზები არსებობდა, რაც სამუშაოების მიღებას ხელს არ უშლიდა.

12. 2018 წლის 15 ოქტომბერს მენარდემ ტექნიკურ ზედამხედველს დაკავებული თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით მიმართა.

13. მოგვიანებით, უსაფუძვლოდ დარიცხული პირგასამტეხლოს, 7 876.50 ლარისა და შესრულებული სამუშაოს ღირებულების 49 დღით დაგვიანებით ჩარიცხვისათვის 15 437.94 ლარის პირგასამტეხლოს შემკვეთისათვის დაკისრების მოთხოვნით მენარდემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

13. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით:

13.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

13.2. შემკვეთის სასარგებლოდ მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადაუხდელი ნაწილის, 7 876.50 ლარის გადახდა დაეკისრა.

13.3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

14. სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

15.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა:

სამუშაოების ხარვეზებთან დაკავშირებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შემკვეთმა (მოპასუხემ) ვერ შეძლო, კერძოდ, სამუშაოების მთლიან მოცულობასთან მიმართებით გამოვლენილი ხარვეზების წილზე მოპასუხის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ვერ განმარტა და ვერც მოსამართლის შეკითხვაზე გასცა პასუხი, თუ სამუშაოების რამდენი პროცენტი შეასრულა მოსარჩელემ ვადადარღვევით.

გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელ რაიმე დოკუმენტზე და გამოსასწორებელი სამუშაოების ღირებულების კონკრეტულ კალკულაციაზე, რომლის მიხედვითაც შემკვეთის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა გამოანგარიშებულიყო, მოპასუხე დაწესებულების წარმომადგენელმა ვერ მიუთითა. ამ უკანასკნელის განმარტებით, პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან (ხელშეკრულების საბოლოო ფასი 1 575 307.97 ლარი) გამოანგარიშდა, რაც გარდა იმისა, რომ არაგონივრული და უსამართლო იყო, დადგენილ სასამართლო პრაქტიკას ეწინააღმდეგებოდა.

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 7 876.50 ლარის პირგასამტეხლო შემკვეთმა მოსარჩელეს უკანონოდ დაარიცხა.

15.2. რაკი დაკისრებული პირგასამტეხლოს საფუძველი მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, კერძოდ, მთლიან სამუშაოსთან მიმართებით ვადის დაცვით შეუსრულებელი სამუშაოს პროცენტული წილის განმსაზღვრელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა (საიდანაც პირგასამტეხლო უნდა გამოანგარიშებულიყო), ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირგასამტეხლო მოსარჩელეს უსაფუძვლოდ დაერიცხა და ამ უკანასკნელისათვის შემკვეთს უკანონოდ დაკავებული თანხის დაბრუნება უნდა დაკისრებოდა.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, ამ განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

15.1. კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორის მხრიდან პირგასამტეხლოს დაკისრება ხელშეკრულების პირობებს სრულად შეესაბამებოდა.

15.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ვალდებულების ვადაგადაცილებასთან დაკავშირებით მისი ბრალეულობის არარსებობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

15.3. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მენარდემ 25 დღის ვადაგადაცილებით შეასრულა, ხოლო, ხელშეკრულებით შემკვეთი ხელშეკრულების ფასიდან პირგასამტეხლოს გაქვითვაზე უფლებამოსილი იყო, მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ღირებულების 7 876.50 ლარის გამოკლებით ანაზღაურების უფლება წარმოეშვა.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

17. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

18. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც მენარდის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შემკვეთის სასარგებლოდ მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადაუხდელი ნაწილის, 7 876.50 ლარის გადახდა დაევალა.

სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში პირველი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მენარდეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, მითითებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მის მართლზომიერებაზე საკასაციო სასამართლო აღარ იმსჯელებს, გამომდინარე სსსკ-ის 264.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის, სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული).

ამდენად, საკასაციო პალატის განხილვის საგანს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებელი მოთხოვნის მართლზომიერების გაანალიზება წარმოადგენს.

20. როგორც ზემოთ აღინიშნა, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, რაც შემდეგი ძირითადი არგუმენტებით დაასაბუთა, კერძოდ:

მენარდის (მოსარჩელის) მიერ შესრულებული სამუშაოს ხარვეზთან დაკავშირებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შემკვეთმა (მოპასუხემ) ვერ შეძლო, რის გამოც 7 876.50 ლარის პირგასამტეხლოს მოსარჩელისათვის დაკისრება კანონსაწინააღმდეგოა და აღნიშნული თანხა მენარდეს უნდა დაბრუნებოდა.

21. სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მოყვანილი მოსაზრება გასაზიარებელია, შემდეგი არგუმენტებიდან გამომდინარე:

21.2.1. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა ცნობილი, რომ:

- სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელემ ქ.ბათუმში, ......... დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოს შესრულების ვალდებულება იკისრა, რომელიც 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით (ხელშეკრულების გაფორმებიდან 550 კალენდარული დღის განმავლობაში) უნდა დასრულებულიყო, ხოლო უშუალოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 1 ოქტომბრამდე განისაზღვრა.

- ნარდობის ხელშეკრულებით შესასრულებული სამუშაოს ღირებულებამ 1 646 939 ლარი შეადგინა, ხოლო შემდეგ ხელშეკრულების საბოლოო ფასი 1 575 307.97 ლარით განისაზღვრა.

- ხელშეკრულების მე-4 პუნქტის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ინსპექტირებას მენარდე (მოსარჩელე) თავისი წარმომადგენლის მეშვეობით ახორციელებდა. ხსენებული სამუშაოების მიმართ მიღება-ჩაბარების აქტები ფორმდებოდა, რასაც 2017 წლის 6 თებერვალს მოსარჩელე დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ტექნიკურ ზედმხედველობას ი/მ ნ.ბ–ძე უწევდა.

- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 2018 წლის 14 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებული იყო.

ნაკისრი სამუშაოები მოსარჩელემ სრულად შეასრულა, რომლის ინსპექტირება 2018 წლის 14 აგვისტოს განხორციელდა და ინსპექტირების საფუძველზე 2 დასკვნა 2018 წლის 20 აგვისტოსა და 2018 წლის 27 აგვისტოს შედგა.

ინსპექტირების აქტებს შორის შემკვეთის მოთხოვნის საფუძველზე ცვლილება-დაზუსტება არ მომხდარა.

- მიწოდებულ ობიექტზე 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით ხარვეზები გამოვლინდა, კერძოდ: 1. დასარეგულირებელი იყო მეტალოპლასტმასის ფანჯრები; 2. დასამუშავებელი და შესაღები იყო პლინტუსის კედელთან მიერთების ადგილები; 3. დასამუშავებელი და შესაღები იყო „ელ.როზეტების“ და „ელ. ჩამრთველების“ კედელთან მიერთების ადგილები“; 4. ადგილ-ადგილ მოსასწორებელი და მოსახვეწი იყო პარკეტის იატაკი; 5. ეზოში გამოსაცვლელი იყო დაზიანებული დეკორატიული ფილები.

- 2018 წლის 21 სექტემბრის წერილით მენარდემ დაადასტურა, რომ შესრულებულ სამუშაოებში უმნიშვნელო ხარვეზები არსებობდა, რაც სამუშაოების მიღებას ხელს არ უშლიდა.

- სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო 7 876 ლარი მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით დაერიცხა, რომლის გამოანგარიშება ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან განხორციელდა.

- მოპასუხის წარმომადგენელმა კონკრეტულად ვერ მიუთითა რა მოცულობის (ღირებულების) სამუშაო შეასრულა მენარდემ ვადადრღვევით, ასევე ვერ წარმოადგინა მათი გამოსწორებისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხა და/ან კალკულაცია.

სსსკ-ის 407.2 მუხლიდან (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) გამომდინარე, ზემომითითებული გარემოებები საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა, რადგან კასატორს მათთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

22. პალატის დასკვნით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს.

პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ: Nას-971-2019, 28.10.2019; Nას-581-2019, 31.07.2019; Nას-164-160-2016, 28.07.2016).

პალატა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მენარდისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებისას კასატორი ხელმძღვანელობდა ხელშეკრულების სრული ღირებულებიდან და აქედან გამომდინარე სადავო პირგასამტეხლოს კანონიერების დასადგენად დღის წესრიგის უმთავრესი საკითხია - რა ღირებულების სამუშაო შეასრულა მენარდემ ვადადარღვევით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის კანონიერება სწორად ვერ იქნება განსაზღვრული.

23. ზემოთ მოყვანილი მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ვადადარღვევით ან ხარვეზით შესრულებული სამუშაოს მოცულობის მტკიცების ტვირთი დამკვეთს ეკისრება ვინაიდან პირგასამტეხლოს დაკისრება ამავე მხარის ინიციატივით განხორციელდა და შესაბამისად სწორედ დასახელებული პირია მის სიზუსტეზე პასუხისმგებელი სუბიექტი.

განსახილველ შემთხვევაში დამკვეთმა დაკისრებული (სსსკ-ის 102.1, 103.1, 105-ე მუხლები) მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადოდ ვერ შეძლო. ამას თვალნათლივ ადასტურებს ის გარემოება, რომ კასატორი ვადაგადაცილებით და/ან უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს კონკრეტულ ღირებულებას ვერ ასახელებს რაც დადგენილადაა მიჩნეული სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ და საკასაციო შედავების ფარგლებში გაქარწყლებული ვერ იქნა.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები მენარდისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს მოცულობის დაუსაბუთებლობასთან მიმართებით არსებითად სწორია; რადგანაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების არგუმენტები დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

26. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა, მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის კასატორისათვის დაკისრების თაობაზე, შემდეგ გარემოებთა გამო:

სსსკ-ის 53.1 თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მოწინააღმდეგე მხარისთვის წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის დასადასტურებლად წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, მეორე მოპასუხემ ადვოკატ ე.ტ–ეს გადაუხადა იურიდიული მომსახურების საფასური, 500 ლარი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 53.1 მუხლით დადგენილი მოწესრიგებისა და საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით ზემომითითებული თანხიდან კასატორს მოწინააღმდეგე მხარისათვის 315.06 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს, ვინაიდან მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩა, ანუ საკასაციო სასამართლოს მიერ განჩინება კასატორის მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ იქნა გამოტანილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას სს „ს.ს.გ.ი–ის" სასარგებლოდ დაეკისროს 315.06 გადახდა, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე