27 ოქტომბერი, 2022 წელი,
საქმე №ას-879-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ი.ქ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება -საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა ი.ქ–ძის (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, კერძოდ, 456კვ.მ მიწის ნაკვეთზე (შემდეგში - პირველი უძრავი ნივთი ან პირველი უძრავი ქონება), 3 698კვ.მ ფართიდან პროექტისათვის საჭირო 901კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე (შემდეგში - მეორე უძრავი ნივთი ან მეორე უძრავი ქონება).
2. უძრავი ქონება ფაქტობრივად მოპასუხეს გადაეცა, მის საკუთრებაში აღირიცხა და მოსარჩელის მფლობელობისგან გამოთავისუფლდა.
3. მოპასუხის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა უძრავი ნივთის ინვენტარიზაცია-შეფასება შეასრულა, ხოლო 2014 წლის 29 ოქტომბრის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული მეორე უძრავი ნივთის სანაცვლოდ 115 742 ლარი (მათ შორის: მიწის ნაკვეთის ღირებულება - 11 713 ლარი, ნარგავების ღირებულება - 9 940 ლარი, საცხოვრებელი სახლის ღირებულება-94 089 ლარი, გადაადგილების ღირებულება 1 133 ლარი, საჯარო რეესტრის ხარჯი 150 ლარი) აუნაზღაურდებოდა.
4. დამოუკიდებელი ექსპერტის, შპს „ბ-?-ის“ 2015 წლის 28 სექტემბრის დასკვნის თანახმად, მხარეთა მიერ ერთობლივად ჩატარებული დეტალური ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხავი და აუნაზღაურებელი ქონების ღირებულება 33 277 ლარს შეადგენდა, კერძოდ:
1). 456კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღუწერელი ქონების ღირებულება იყო: ოთხი ძირი თუთა - 420 ლარი; ერთი ძირი კოწახური - 25 ლარი; ორი ძირი კაკალი - 100 ლარი; ერთი ძირი კივი - 150 ლარი; ერთი ძირი დაფნა - 5 ლარი; 1.8კვ.მ ფართის საპირფარეშო - 200 ლარი; ერთი საქათმე - 500 ლარი; ღობე - 1065 ლარი. ამავე მიწის ნაკვეთზე გამორჩენილი ნარგავების ღირებულება შეადგენდა: სამი ძირი ხურმა -15 ლარი; ორი ძირი ქლიავი -100 ლარი; სამი ძირი ყურძენი - 350 ლარი; ოთხი ძირი რწყავი -150 ლარი; სამი ძირი ევკალიპტი- 750 ლარი; 26 ძირი ზრდასრული კლეპტომერია - 4 800 ლარი; 64 ძირი პატარა ასაკის კლეპტომერია - 320 ლარი; ორი ძირი თხილი 400 ლარი.
2). 901კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღურიცხავი ქონების ღირებულება იყო: ერთი ძირი თუთა-15 ლარი; ერთი ძირი კომში - 50 ლარი; ერთი ძირი ყურძენი - 50 ლარი; 4 წლამდე ასაკის ოცი ძირი კლეპტომერია -100 ლარი; 20 წლის ასაკის ექვსი ძირი კლეპტომერია - 1 080 ლარი; 30 წლის ასაკის შვიდი ძირი კლეპტომერია - 2 100 ლარი; ერთი ძირი ზრდასრული ევკალიპტი - 500 ლარი; ერთი ძირი მოზარდი ევკალიპტი- 50 ლარი; ერთი ძირი 20 წლის პალმა - 30 ლარი; სახლთან მისასვლელი გზის ღირებულება-8100 ლარი; ეზოს კეთილმოწყობის ღირებულება - 5000 ლარი; სამი ძირი კარალიოკი -30 ლარი; სამი ძირი კაკალი-300 ლარი; ორი ძირი ტყემალი-200 ლარი; 28 მეტრი სიგრძის ღობე - 646 ლარი.
5. სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 20 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მდებარე მოსარჩელის იმ ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულება, რომელიც ექსპროპრიაციას დაექვემდებარა და რომელიც დეტალურად აღწერილი და ინვენტარიზებული იქნა, 2015 წლის ივლისის თვეში (ე.ი. აღწერის დროის, 2015 წლის 29 ივლისის მდგომარეობით) საორიენტაციოდ 41 688 აშშ დოლარი იყო, რაც ეროვნული ბანკის ვალუტის იმდროინდელი გაცვლითი კურსის შესაბამისად, 94 407 ლარს შეადგენდა.
6. მოსარჩელისათვის გადახდილი საკომპენსაციო თანხის ოდენობაა 132 266 ლარი.
7. მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა:
7.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილი ექსპროპრიაციის შედეგად სახელმწიფოზე საკუთრების უფლებით გადასული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლის ღირებულების საკომპენსაციოდ, აღურიცხავი ქონების საერთო ღირებულების კომპენსაციის, 33 277 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება;
7.2. ექსპროპრიაციას დაკვემდებარებული ქონების აღწერა-შეფასებიდან თანხის რეალურად გადახდამდე დროის განმავლობაში ლარის კურსის ცვლილებით გამოწვეული სხვაობის, 44 806 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება;
7.3. მოსარჩელის მიერ ახალი საცხოვრებელი სახლის პროექტის მომზადებაში გადახდილი 2 640 ლარის მოპასუხის მიერ ანაზღაურება.
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 33 277 ლარის გადახდა დაეკისრა;
- დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
9.1. სააპელაციო საჩივრით მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, მოპასუხისათვის დამატებით 2 640 ლარის (ახალი საცხოვრებელი სახლის პროექტის მომზადებაში გადახდილი თანხა) მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრება მოითხოვა.
9.2. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა იყო, სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად უარყოფა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით:
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
- სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
- სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 სექტემბრის დასკვნა სარწმუნო, კვალიფიციური და გასაზიარებელი იყო, ვინაიდან, მასში დეტალურად შეფასდა მხარეთა მიერ ერთობლივად აღწერილი და 2015 წლის ივლისის თვეში ინვენტარიზებული მთლიანი ქონება, რომლის ღირებულება იმ დროისათვის (2015 წლის 29 ივლისი) საორიენტაციოდ 41 688 აშშ დოლარი იყო, რაც ეროვნული ბანკის ვალუტის იმდროინდელი გაცვლითი კურსის შესაბამისად, 94 407 ლარს, ხოლო 2015 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით, საორიენტაციოდ, 96 712 ლარს შეადგენდა.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების თანახმად, მოსარჩელისათვის უკვე გადახდილი საკომპენსაციო თანხის ოდენობა 132 266 ლარს შეადგენდა, ხოლო ექსპერტიზის ბიურომაც აღნიშნა, რომ აღწერებისა და თანხის გადახდის პერიოდისათვის მოსარჩელისათვის გადახდილი თანხის ოდენობა ექსპერტიზით განსაზღვრულ საორიენტაციო საბაზრო ღირებულებებს აღემატებოდა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აღწერებისა და თანხის გადახდის პერიოდისათვის მოსარჩელისათვის გადახდილი თანხა ექსპერტიზით განსაზღვრულ საორიენტაციო საბაზრო ღირებულებებს 35 554 ლარით აღემატებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამატებით 32 277 ლარის კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.
10.2. რაც შეეხებოდა ახალი საცხოვრებელი სახლის პროექტის მომზადებაში გადახდილი 2 640 ლარის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნას, ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი:
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - სპეციალური კანონის) 1-ლი მუხლის თანახმად, კომპენსაცია არის მესაკუთრისთვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლითა და ამ კანონით გათვალისწინებული წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურება თანხის გადახდით ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემით. აღნიშნული კომპენსაცია პირს ეძლევა სწორედ ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იქნეს სხვა საცხოვრისით და დაცული იყოს კონსტიტუციით აღიარებული მისი ძირითადი უფლება. ამდენად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ახალი საცხოვრებელი სახლის პროექტის მომზადებისათვის გადახდილი ხარჯი მისი ახალი საცხოვრისით უზრუნველყოფას ემსახურებოდა, რა მიზნითაც მას კომპენსაცია მიეკუთვნა და მოცემული ხარჯის დამატებით დაკისრების საფუძველი არ არსებობდა.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:
11.1. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2018 წლის 14 სექტემბერს ექსპერტების მიერ უძრავი ქონებების ინსპექტირებისას აღმოჩნდა, რომ საინვენტარიზაციო ფორმებში აღწერილი ქონება (საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის გარდა) აღარ არსებობდა, რის გამოც გამორჩენილი ქონება მათ ვერ შეაფასეს. ეს გარემოება ექსპერტებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზეც დაადასტურეს. მიუხედავად ამისა, დასკვნაში ექსპერტებმა მიუთითეს, რომ 2015 წლის ივლისში მხარეთა მიერ ერთობლივად ჩატარებული აღწერისა და ინვენტარიზაციის მიხედვით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული და ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების მთლიანი ღირებულება საორიენტაციოდ 41 688 აშშ დოლარი იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში 94 407 ლარს შეადგენდა. აღნიშნული გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა საქმის რეალურ სურათს არ ასახავს, იგი დაუსაბუთებელი, არაობიექტური, მიკერძოებული და წინააღმდეგობრივია.
11.2. მოცემული დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლომ საფუძვლიანად გამოიკვლია, დასკვნის შემდგენი ექსპერტები მოწმის სახით დაკითხა და ექსპერტიზის დასკვნა სამართლიანად არ გაიზიარა.
11.3. ექსპერტიზის დასკვნის N1 დანართის შესწავლით დგინდება, რომ ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების შეფასებისას ექსპერტებმა ხსენებული ქონება მთლიანად კი არ შეაფასეს, არამედ, მხოლოდ 456კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება განსაზღვრეს, ხოლო მასზე არსებული ხეხილის, ნარგავების, ერთწლიანი კულტურების, ბოსტნეულის, 18კვ.მ ბოსელის, 1.8კვ.მ საპირფარეშოს ასევე 1.5 მეტრი სიმაღლისა და 80 მეტრი სიგრძის ღობის ღირებულება არ შეუფასებიათ.
11.4. ანალოგიურად შეფასდა ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული მეორე ქონებაც. ექსპერტიზის აქტის N2 დანართის შესწავლით ცხადი ხდება, რომ ექსპერტებმა მხოლოდ შენობა-ნაგებობა შეაფასეს, ხოლო 901კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული ხეხილი, 14.56კვ.მ ბოსელი, 0.9კვ.მ საპირფარეშო, 1.5 მეტრი სიმაღლისა და 15 მეტრი სიგრძის ღობე შეფასების მიღმაა დარჩენილი.
11.5. მოსარჩელის მიერ მოწვეული აუდიტის დასკვნით დადგენილია, რომ ერთობლივად ჩატარებული დეტალური აღწერის შედეგად გამოვლენილი აღურიცხავი ქონება მნიშვნელოვანი რაოდენობის და ღირებულებისაა, ხოლო მოპასუხეს მის გასაბათილებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
11.6. საკასაციო საჩივრის კიდევ ერთი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ ექსპროპრიაციის გამო ახალი საცხოვრებელი სახლის პროექტის მომზადებაში გადახდილი 2 640 ლარის ანაზღაურება სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს უსაფუძვლოდ არ დააკისრა. მოცემული საკითხის შეფასებისას საყურადღებოა სპეციალური კანონის მე-10 მუხლი, რომლის თანახმადაც, ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე, საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს ამ უკანასკნელის მიერ ექსპოპრიაციის გამო გაღებული ხარჯი, კერძოდ, ჩამორთმეული საცხოვრებელი სახლის ნაცვლად ასაშენებელი ახალი საცხოვრებელი სახლის პროექტის მოსამზადებლად გაწეული ხარჯი.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
13. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია თუ რამდენად კანონიერია მის მიერ მითითებული ოდენობით კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა.
უფრო კონკრეტულად, რომ ითქვას: ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების მოპასუხის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაცია-შეფასება მოსარჩელეს არასრულყოფილად მიაჩნია, რადგან ამით მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული აღურიცხავი ნარგავებისა და ნაგებობის ღირებულებამ 33 277 ლარი შეადგინა. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხეს სწორედ აღნიშნული ოდენობის კომპენსაცია უნდა დაჰკისრებოდა.
17. საქმეზე დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში 2015 წლის 30 ივლისს მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მესაკუთრის (მოსარჩელე) სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებელი პირობით, მოპასუხეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.
ამდენად, სადავო კომპენსაცია ის თანხაა, რომელიც მოპასუხეს მესაკუთრისთვის უნდა გადაეხადა, მის მიერ უძრავი ქონებების ექსპროპრიაციის სანაცვლოდ.
18. დასაწყისში უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალური კანონი ექსპროპრიაციას შემდეგნაირად განმარტავს: კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევა, ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით.
მსგავსი შინაარსის დათქმას შეიცავს საქართველოს კონსტიტუციის 19.3 მუხლი, რომლითაც დადგენილია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.
კომპენსაციის განსაზღვრისას აღნიშნული სამი სავალდებულო საფუძვლის დადგენა მიზნად ისახავს კერძო მესაკუთრის ინტერესის დაბალანსებას, როდესაც მას, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ჩამოერთმევა უფლება საკუთრებაზე (იხ.სუსგ: №ას-727-695-2014, 15.07.2016).
19. ექსპროპრიაციის აუცილებელ წინაპირობებს განსაზღვრავს სპეციალური კანონის მე-6 მუხლი, რომელიც იმპერატიულად ადგენს, რომ ექსპროპრიატორი წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ.
ამავე ნორმით დადგენილია ექსპროპრიატორის ვალდებულება, განახორციელოს ყველა სათანადო ღონისძიება, რათა ქონება მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე მიიღოს. დეტალურადაა დადგენილი ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპოპრიატორის მიერ გასატარებელი ღონისძიებები, ნივთის მესაკუთრესთან მოლაპარაკების დაწყებამდე, ქონების შეძენისათვის წინადადებების შეთავაზების წესი. კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულება ან საკომპენსაციო თანხა უნდა იყოს წინასწარი, სრული და სამართლიანი (იხ. სუსგ: Nას-727-695-2014, 15.07.2016).
სპეციალური კანონის 8.1. მუხლის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. განსახილველი დავა, სწორედ ამ ნორმის დისპოზიციაში დეკლარირებული შემთხვევაა, რამდენადაც, ჩამორთმეული ქონების ყოფილი მესაკუთრე არ ეთანხმება ექსპროპრიატორის მიერ განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის ოდენობას (იხ. სუსგ: Nას-1786-2018, 31.10.2019).
20. ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე ექსპროპრიაციის აუცილებელი ელემენტია, მესაკუთრისათვის სათანადო ანაზღაურების გადახდა. ანაზღაურების სათანადოობა კი, პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს ექსპერტის შეფასების მიხედვით. სწორედ ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებით უნდა შესთავაზოს ექსპროპრიატორმა მესაკუთრეს კომპენსაცია და შეუთანხმდეს მის ოდენობაზე.
ამასთან, მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობა, სასამართლოში საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით სარჩელის წარმოდგენისა და კომპენსაციის ოდენობის სასამართლოს მიერ განსაზღვრის საფუძვლებს ქმნის. განსახილველ შემთხვევაში, ექსპროპრირებული სადავო ქონების ღირებულების განსაზღვრა, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა (იხ. სუსგ: Nას-1786-2018, 31.10.2019).
21. მოცემული დავის სწორად გადასაწყვეტად, საგულისხმოა, რამდენიმე გარემოება:
1). სარჩელში მითითებული გარემოების (მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე არსებული აღურიცხავი ნარგავებისა და ნაგებობების ღირებულებაა 33 277 ლარი) დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა 2015 წლის ინვენტარიზაციის აქტი და მისი დაკვეთით შესრულებული შპს „ბ-?-ის“ 2015 წლის 28 სექტემბრის აუდიტორული დასკვნები.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ ხსენებულ აუდიტორულ დასკვნებში გამოსაკვლევი ქონების ღირებულებასთან მიმართებით აუდიტორის სათანადო ხარისხით გადაუმოწმებელი მოსაზრებაა წარმოდგენილი და შესაფასებელი ობიექტისა და კონკრეტული შესადარებელი ობიექტების შესახებ რეალურ მონაცემებსა და მათ ურთიერთშედარებას არ შეიცავს. კერძოდ, დასკვნის შინაარსითვე ირკვევა, რომ შესაფასებელი ქონების შესახებ განმარტებებს მხოლოდ მოსარჩელე (დამკვეთი) იძლეოდა და სპეციალისტს შესაბამის ინფორმაციასაც ეს უკანასკნელი აწვდიდა.
2). ამავდროულად, საქმეზე არსებობს სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 სექტემბრის დასკვნა, რომელიც ქონების დეტალურ გამოკვლევასა და სხვადასხვა შესადარებელ ობიექტებთან მიმართებით მის მიმოხილვას ემყარება.
აღნიშნული დასკვნის ავტორ საექსპერტო დაწესებულების წინაშე ერთ-ერთი შემდეგი შეკითხვა დაისვა:
აღწერის დროის მდგომარეობით თანხობრივად რა ოდენობას შეადგენს მოსარჩელის იმ ქონების ღირებულება, რომელიც ექსპროპრიაციას დაექვემდებარა და 2015 წლის ივლისში მხარეთა მიერ ერთობლივად დეტალურად აღწერილი და ინვენტარიზებული იქნა.
დასკვნის მიხედვით, შეფასებული ქონების ჩამონათვალი სრულ შესაბამისობაშია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 2015 წლის ივლისის თვის ინვენტარიზაციის დოკუმენტში დაფიქსირებულ მონაცემებთან, მათ შორის, თანხვედრაშია როგორც ნარგავების რაოდენობის, ისე ნაგებობების აღწერის თვალსაზრისით.
ამავე დასკვნის შესაბამისად, მოსარჩელისათვის გადახდილი თანხს ოდენობა (132 266 ლარი) აღემატება აღწერებისა და თანხის გადახდის პერიოდებისათვის ექსპერტიზით განსაზღვრულ საორიენტაციო საბაზრო ღირებულებებს.
22. საკასაციო პალატის განსჯით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების კრიტიკული განხილვის შედეგად სააპელაციო სასამართლომ უპირატესობა სწორად მიანიჭა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 სექტემბრის დასკვნას, რომელიც ნივთის დეტალურ გამოკვლევასა და სხვადასხვა ობიექტების საბაზრო ღირებულებებთან მის შედარებას ემყარება.
სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ერთობლიობაში შესწავლის შედეგად, სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული მოსაზრება და ამ მოსაზრების დასასაბუთებლად წარმოდგენილი მსჯელობა გასაზიარებელია.
საკასაციო პალატის მსჯელობით, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ანაზღაურების შეცვლის დამაჯერებელ არგუმენტაციას, მაშინ, როცა, აღნიშნულ დასკვნაში საკომპენსაციო თანხის სწორად განსაზღვრისთვის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი შესწავლილი და განხილულია.
23. წინამდებარე განჩინებაში განხილულ საკითხზე საკასაციო პალატის არაერთი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს, რომლებზეც ზემოთ მიეთითა და რომლებთანაც მოცემული განჩინება თანხვედრაშია, შესაბამისად საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
24. მცდარია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს ასაშენებელი ახალი საცხოვრებელი სახლის პროექტის მოსამზადებლად მის მიერ გაწეული ხარჯი, 2 640 ლარი. აღნიშნული პრეტენზიის უარსაყოფად სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა სპეციალური კანონის პირველ მუხლზე და მართებულად განმარტა, რომ ამ კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია პირს ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ იმ მიზნით უნაზღაურდება, რომ სხვა საცხოვრისით მისი უზრუნველყოფა მოხდეს, რაც პირის კონსტიტუციით აღიარებული ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის ჩამორთმეული ქონების სრულყოფილი კომპენსაციის მიზნით გადახდილი თანხა, რომელიც ნივთის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით გაიცემა, შინაარსობრივად მოიცავს ახალი საცხოვრებელი სახლის პროექტის მომზადებისთვის გასაწევ ხარჯებასაც და აღნიშნული მოტივით მოპასუხისათვის დამატებით თანხის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა.
25. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
27. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ქ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე