10 ნოემბერი 2022 წელი
№ას-266-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ს.ს. „ს.კ.უ–ნი“
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „წ.მ.მ.ს.მ.კ.ს–ო“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შ.პ.ს. „წ.მ.მ.ს.მ.კ.ს–ო“-მ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „კლინიკა“, „მენარდე“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ს.ს. „ს.კ.უ–ნი“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „სადაზღვევო კომპანია“, „შემკვეთი“) მიმართ, ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების _ 8167 ლარის დაკისრების მოთხოვნებით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2016 წლის 12 ოქტომბერს ს.ს. „ს.კ.უ–ნი“-ს და შ.პ.ს. „წ.მ.მ.ს.მ.კ.ს–ო“-ს შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება №med1210/16, რომლის საგანსაც წარმოადგენდა სამედიცინო დაწესებულების მიერ მზღვეველის დაზღვეული პირების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების დროულად და სრულად, ამავე ხელშეკრულების პირობებისა და ტარიფების შესაბამისად გადახდის სანაცვლოდ.
2.2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხის ბენეფიციარს _ ი.ჭ–ას გაეწია სამედიცინო მომსახურეობა 2018 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით. პაციენტს კლინიკაში შესვლიდან მე-6 დღეს ნახველის ბაქტერიოლოგიური კვლევით დაუდგინდა ენტერობაქტერიების ჯგუფის მიერ გამოწვეული ინფექცია, რაც კლინიკის ხარისხის სამსახურის მიერ ჩაითვალა ნოზოკომიურად, (როგორც კლინიკაში შემოსვლიდან 48 საათის შემდეგ აღმოცენებული), სადაზღვევო კომპანიასთან არსებულ ხელშეკრულებაში ნოზოკომიური ინფექციების დაუფინანსებლობაზე ჩანაწერი არ არის.
2.3. გაწეული სამედიცინო მომსახურეობის ამსახველი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარედგინა სადაზღვევო კომპანიას, რომელმაც 2018 წლის 11 სექტემბრის წერილით უარი განაცხადა გაწეული სამედიცინო მომსახურეობის ნაწილის, კერძოდ 8167 ლარის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ პაციენტის მიმართ ჩატარებული სამედიცინო მომსახურეობა იყო არაჯეროვანი და მცდარი, რის შედეგადაც სადაზღვევო კომპანიამ დააკორექტირა ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულება. სამედიცინო ისტორია შესწავლილ იქნა კლინიკის ხარისხის სამსახურის მიერ, რის შედეგადაც არ გამოვლენილა დარღვევები არც ტექნიკური და არც სამედიცინო მიმართულებით. აღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელე კორექტირებას არ ეთანხმება უსაფუძვლობის გამო და ითხოვს სამედიცინო მომსახურების საფასურის სრულად ანაზღაურებას.
მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნოზოკომიური ინფექცია, საერთაშორისოდ აღიარებული განმარტების მიხედვით, გულისხმობს საავადმყოფოს შიდა ინფექციას, რომელიც წარმოიშვება მხოლოდ სტაციონარში მოთავსების შემდგომ. მის გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს ინფექცია ან ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც არსებობდა საავადმყოფოში. ინფექციის გამომწვევი მიზეზი საავადმყოფოა და მისი წარმოშობა შეუძლებელია პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების გარეშე. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და მართვის კონტროლის სამსახურის მოხსენებითი ბარათი სწორი ვერ იქნება, ვინაიდან თუ საავადმყოფოში არ არსებობს აღნიშნული ინფექციის წარმოშობის რაიმე განმაპირობებელი ფაქტორი, იგი არ წარმოიშვება.
3.2. მოსარჩელე მხარე მოხსენებით ბარათში თვითონვე აღიარებს, რომ ენტერობაქტერიების ჯგუფის მიერ გამოწვეული ინფექცია წარმოადგენს ნოზოკომიურს, ვინაიდან წარმოიშვა პაციენტის კლინიკაში მოთავსებიდან 48 საათის შემდეგ. შესაბამისად, ან ანტისანიტარიის, ან აპარატის ხარვეზის, ან ექიმების ბრალეულობით თუ სხვა ნებისმიერი საავადმყოფოს ბრალეული ფაქტორით, წარმოშვა ნოზოკომიური ინფექცია.
3.3. 2017 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 2017 წლის პრიორიტეტული პათოგენების ჩამონათვალი (Global PPL) ჰოსპიტალური ინფექციები, რომლის მიხედვით პრიორიტეტულობის I ჯგუფში შედიან პირობით-პათოგენური გრამუარყოფით არამაფერმენტირებელი ბაქტერიები, მათ შორის, ცეფალოსპორინების მესამე თაობის მიმართ (ESBL) რეზისტენტული ენტერობაქტერიების ოჯახის ბაქტერიები, რომელთა გავრცელების პრევენციაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა სამედიცინო დაწესებულების მიერ ვერ მოხდა აღნიშნულის პრევენცია და შესაბამისი ღონისძიებების მიღება.
3.4. 2005 წლის 13 ოქტომბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო ალიანსმა წამოიწყო საერთაშორისო მოძრაობა დევიზით „სუფთა მკურნალობა - უსაფრთხო მკურნალობა", რომლის მოქმედების ძირითად 5 არედ განისაზღვრა: სუფთა ხელები, სუფთა პრაქტიკა, სუფთა პროდუქტები, სუფთა გარემო, სუფთა აღჭურვილობა. აღნიშნულ საერთაშორისო მოძრაობას 2006 წლის 13 ივლისს საქართველოც შეუერთდა, რითაც აიღო ვალდებულება ქვეყანაში ნოზოკომიური ინფექციების დაძლევის ხელშეწყობის შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეიქმნა კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია, რომელიც 2009 წლის 14 აპრილს №148/ო ბრძანებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ იქნა დამტკიცებული. აღნიშნული რეკომენდაცია დამტკიცებულ იქნა ნოზოკომიური ინფექციის მნიშვნელობიდან გამომდინარე და სამედიცინო დაწესებულებებს დაევალათ ყველა საჭირო ზომის მიღება პრევენციისათვის, თუმცა აშკარაა, რომ აღნიშნული ვერ იქნა განხორციელებული მოსარჩელე მხარის მიერ, რითაც ზიანი მიადგა პაციენტს.
3.5. ხელშეკრულება №med1210/16-ის 3.4.5. პუნქტის შესაბამისად, მზღვეველი უფლებამოსილია არ განახორციელოს გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა, თუ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნისას მცდარი სამედიცინო ქმედების შედეგად დაზღვეულს მიადგა ზიანი, რამაც გამოიწვია დაზღვეულის მდგომარეობის გაუარესება, შრომისუუნარობა და/ან გარდაცვალება. აღნიშნული მუხლი უნდა განიმარტოს მიზნობრივად, რის შედეგადაც მცდარ სამედიცინო ქმედებაში მოიაზრება არამარტო არასწორი მედიკამენტის მიცემა ან სხვა რაიმე მსგავსი ქმედება, არამედ ექიმის მიერ დეზინფექციის წესების დაუცველობა, ხარვეზიანი აპარატი, საავადმყოფოში ტოქსიკური ნივთიერების არსებობა, რომლის აღმოფხვრაც სამედიცინო დაწესეულებას ევალება, თუმცა ამის განუხორციელებლობის შედეგად პაციენტმა ნოზოკომიური ინფექცია შეიძინა, რითიც დამძიმდა მისი მდგომარეობა.
3.6. სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაურა 2018 წლის 05 ივნისამდე გაწეული მომსახურების საფასური, კერძოდ, 30.05.2018 წელს ჩატარებული ოპერაციისა და რეანიმაციაში ყოფნის 5 დღის ღირებულება. მოსარჩელე უარს აცხადებს ნოზოკომიური ინფექციის არსებობის დადგენის შემდგომ გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე, ვინაიდან ხსენებული ინფექციის ხასიათიდან გამომდინარე, მისი შეძენა პაციენტს შეუძლია მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ტოქსიკური ნივთიერების არსებობის შემთხვევაში და რომელთა არარსებობაზეც პასუხისმგებელი არის სამედიცინო დაწესებულება, რაზედაც მიუთითებს შესაგებლის 1-ლი დანართით წარმოდგენილი რეკომენდაცია. აღნიშნული ინფექცია ძირითადად ადამიანის ადამიანთან კონტაქტის შედეგად გადადის, როდესაც პაციენტებთან შეხება ხდება სანიტარიული ნორმების დაუცველად. შესაძლებელია, ინფექცია სამედიცინო ინსტრუმენტების გამოც წარმოიშვას, კერძოდ კათეტერის, სასუნთქი აპარატის, ანტიბიოტიკების გადაჭარბებული ან შეუსაბამო რაოდენობით გამოყენებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის კონტროლი და პრევენცია კი სამედიცინო დაწესებულებას ევალება.
3.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს იმ ფაქტს, რომ ნოზოკომიური ინფექცია მისი ბრალეული ქმედების გამო არ იქნა გამოწვეული. მეტიც, ის აღნიშნულ ფაქტზე ყურადღებას საერთოდ არ ამახვილებს, მაშინ როცა აღნიშნული წარმოადგენს სადაზღვევო ანაზღაურების მიღებაზე უარის თქმის საფუძველს. საბოლოოდ კი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ჩასატარებლად და გამოსაჯანმრთელებლად მივიდა, უფრო დამძიმდა და სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი ნიზოკომიური ინფექციის გამო უფრო გაჭიანურდა. საბოლოოდ კი 12.10.2018წ. პაციენტი გარდაიცვალა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და ს.ს. „ს.კ.უ–ნი“-ს შ.პ.ს. „წ.მ.მ.ს.მ.კ.ს–ო“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 8167 ლარის გადახდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ს.ს. „ს.კ.უ–ნი“-ს წარმომადგენელმა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. ს.ს. „ს.კ.უ–ნი“-ს და შ.პ.ს. „წ.მ.მ.ს.მ.კ.ს–ო“-ს შორის 12.10.2016წ. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის (სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ) ხელშეკრულება, რომლის საგანია სამედიცინო დაწესებულების მიერ სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეულ პირთათვის მომსახურების მიწოდება და მომსახურების ანაზღაურება წინასწარ შეთანხმებული საზღაურის ფარგლებში.
7.2. 2016 წლის 12 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებასა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო კომპანიის ბენეფიციარ ი.ჭ–ას გაეწია სამედიცინო მომსახურეობა 2018 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით.
7.3. ხელშეკრულების თანახმად, გაწეული სამედიცინო მომსახურეობის ამსახველი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარედგინა სადაზღვევო კომპანიას, რომლის დაკორექტირებული ვარიანტის მიხედვით, ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შედგება 8167 ლარისაგან.
7.4. სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელეს 2018 წლის 11 სექტემბრის წერილით უარი უთხრა გაწეული სამედიცინო მომსახურეობის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ პაციენტის მიმართ ჩატარებული სამედიცინო მომსახურეობა იყო არაჯეროვანი და მცდარი.
7.5. სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვისა და კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის თანახმად, პაციენტ ი.ჭ–ას საავადმყოფო დაწესებულებაში შესვლიდან მე-6 დღეს ნახველის ბაქტერიოლოგიით დაუდგინდა ენტერობაქტერიების ჯგუფის მიერ გამოწვეული ინფექცია, რაც ჩაითვალა ნოზოკომიურად, როგორც კლინიკაში შემოსვლიდან 48 საათის შემდეგ აღმოცენებული.
7.6. ხელშეკრულების 3.4.5. პუნქტის შესაბამისად, მზღვეველი უფლებამოსილია არ განახორციელოს გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა თუ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნისას მცდარი სამედიცინო ქმედების შედეგად დაზღვეულს მიადგა ზიანი, რამაც გამოიწვია დაზღვეულის მდგომარეობის გაუარესება, შრომისუუნარობა და/ან გარდაცვალება.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
8.1. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს სადაზღვევო თანხის ანაზღაურება, შესაბამისად მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი.
8.2. ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (და არსებობის შემთხვევაში, ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში. მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება.
8.3. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის ელემენტები შემდეგია: მხარეთა შორის უნდა არსებობდეს დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია სადაზღვევო რისკი და ამ რისკის ანაზღაურების წესი, ამ ხელშეკრულების ფარგლებში დამზღვევი მოვალეა, აანაზღაუროს სადაზღვევო პრემია, ხოლო მზღვეველი, სადაზღვევო რისკის დადგომის შემთხვევაში, აანაზღაუროს ზიანი. მოხმობილი ნორმის ელემენტებიდან გამომდინარე კი, მხარე ვალდებულია სარჩელში მიუთითოს ნორმის ფაქტობრივი წინაპიროები (მითითების ტვირთი), იმის მიხედვით, თუ რომელ ფაქტებს შეედავება მოპასუხე შესაგებლით, განისაზღვრება მტკიცების საგანი და მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.
8.4. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებებები. კერძოდ, მტკიცებულება, იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 12 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებასა და უნისონს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო კომპანიის ბენეფიციარს ი.ჭ–ას გაეწია სამედიცინო მომსახურეობა 2018 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო მოპასუხის/აპელანტის მიერ არ იქნა წარდგენილი აღნიშნულის საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები. კერძოდ, როგორც აპელანტი მიუთითებს სამედიცინო მომსახურეობის ღირებულის სრულად ანაზღაურება არ მოხდა იმ მიზეზით, რომ დადასტურდა ნოზოკომიური ინფექცია. ამასთან მიუთითა, რომ ნოზოკომიური ინფექცია შეიძლება წარმოშობილიყო საავადმყოფოში და რომ არა აღნიშნული ინფექციის არსებობა, არ მოხდებოდა იმუნოდასუსტებული პაციენტის მდგომარეობის კიდევ უფრო გართულება, სამკურნალო ხარჯების გაზრდა და არ დადგებოდა საბოლოო შედეგი.
8.5. სადაზღვევო კომპანიის 2018 წლის 11 სექტემბრის წერილით დგინდება, რომ კლინიკის მიერ წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაციით, 04.06.18-ში ჩატარებული ნახველის ბაქტერიოლოგიური კვლევით ამოითესა რეზისტენტული ენტერობაქტერიების ოჯახის ბაქტერიები, რამაც დაამძიმა და გაახანგრძლივა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 2017 წლის პრიორიტეტული პათოგენების ჩამონათვალი ჰოსპიტალური ინფექციები, რომლის მიხედვით პრიორიტეტულობის I ჯგუფში შედის პირობით-პათოგენური გრამუარყოფით არამაფერმენტირებული ბაქტერიები, რაც სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს ოპერაციული მკურნალობის თანხას - 989.88 ლარი, დამატებული 5ს/დ რეანიმაციის 3000 ლარი. შესაბამისად კორექტირებულმა თანხამ შეადგინა - 8167 ლარი. ამასთან, ხელშეკრულების 3.4.5. პუნქტის შესაბამისად, მზღვეველი უფლებამოსილია არ განახორციელოს გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა თუ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნისას მცდარი სამედიცინო ქმედების შედეგად დაზღვეულს მიადგა ზიანი, რამაც გამოიწვია დაზღვეულის მდგომარეობის გაუარესება, შრომისუუნარობა და/ან გარდაცვალება.
8.6. მართალია, ნოზოკომიური ინფექციის დაფინანსებაზე უარის შესახებ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება პირდაპირ ჩანაწერს არ შეიცავს, თუმცა ხელშეკრულების 3.4.5. პუნქტი უთითებს სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნისას მცდარი სამედიცინო ქმედებისისას სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდის განუხორციელებლობის თაობაზე. ვინაიდან ნოზოკომიური ინფექციის წარმოშობის წყაროდ შეიძლება მხოლოდ საავადმყოფო განიხილებოდეს, ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტი გამორიცხავს სადაზღვევო კომპანიის ვალდებულებას ნოზოკომიური ინფექციის მკურნალობის ანაზღაურების თაობაზე, თუმცა როგორც საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, აპელანტი ვერ უთითებს იმ დანახარჯებს, რომლებიც წარმოიშვა დამატებით ნოზოკომიური ინფექციის მკურნალობისთვის. აპელანტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ასანაზღაურებელი თანხა - 8167 ლარის ოდენობით გაწეული იქნა სრულად ნოზოკომიური ინფექციის მკურნალობისთვის.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, შემდეგი დასაბუთებით:
9.1. საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, კერძოდ, მოხსენებითი ბარათი, სასამართლოს მიერ არ იქნა სრულად შესწავლილი. მისი შინაარსი ურთიერთწინააღმდეგობრივი და არათანმიდევრულია, კერძოდ, ერთი მხრივ, კლინიკა განმარტავს, რომ გამოვლენილი ვერ იქნა დარღვევები ტექნიკური და/ან სამედიცინო მიმართულებით, სარეანიმაციო დარბაზში გეგმიური პროფილაქტიკური ბაქტერიოლოგიური შემოწმება ჩატარდა და ინფექციის გამომწვევი ბაქტერია არ აღმოჩნდა, ასევე თითქოსდა პაციენტ ი.ჭ–ას სასუნთქი აპარატის ფილტრები იცვლებოდა ყოველ 12 საათში ერთხელ, თუმცა, მეორე მხრივ, მიუთითებს, რომ პაციენტის შემოსვლიდან მე-6 დღეს ნახველის ბაქტერიოლოგიით დაუდგინდა ენტერობაქტერიების ჯგუფის მიერ გამოწვეული ინფექცია, რაც რა თქმა უნდა ჩაითვალა ნოზოკომიურად. ვინაიდან ნოზოკომიური ინფექციის წარმოშობის წყარო მხოლოდ საავადმყოფოა, მოხსენებითი ბარათით, მოსარჩელემ, ფაქტობრივად, აღიარა საკუთარი ბრალეულობა ნოზოკომიური ინფექციის გავრცელების ნაწილში, თუმცა აღნიშნული სასამართლომ არ გაითვალისწინა მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილებისას. სასამართლომ ვერ უხელმძღვანელა მხარეთა შორის შეჯიბრებითობის პრინციპს, შესაბამისად კანონის არასწორმა განმარტებამ, მტკიცებულებათა შეუფასებლობამ, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის დარღვევამ გამოიწვია საქმეზე დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილების მიღება.
9.2. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.4.5 მუხლის თანხმად, მზღვეველი უფლებამოსილია არ განახორციელოს გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა, თუ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნისას მცდარი სამედიცინო ქმედების შედეგად დაზღვეულს მიადგა ზიანი, რამაც გამოიწვია დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან/და გარდაცვალება. აღნიშნული განიმარტება არა ვიწრო გაგებით, არამედ ფართოდ და მცდარი სამედიცინო ქმედება გულისხმობს ექიმის მიერ დეზინფექციის წესების დაუცველობას, ხარვეზიანი აპარატის, საავადმყოფოში ტოქსიკური ნივთიერებების არსებობას, რომლის აღმოფხვრაც სამედიცინო დაწესებულების ვალდებულებაა. უდავოა, რომ ნოზოკომიური ინფექცია არ წარმოიშვებოდა პაციენტის საავადმყოფოში მოხვედრის გარეშე, შესაბამისად დადგენილია მიზეზშედეგობრივი კავშირი ნოზოკომიური ინფექციის წარმოშობას, პაციენტის კლინიკაში მოთავსებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და საბოლოოდ მის გარდაცვალებას შორის. სწორედ აღნიშნული მიზეზშედეგობრივი კავშირი უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების დროს.
9.3. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის მიერ, რომელმაც წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ასანაზღაურებელი თანხა 8167 ლარის ოდენობით გაწეული იქნა სრულად ნოზოკომიური ინფექციის მკურნალობისთვის. სასამართლოს ამგვარი განმარტება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს _ ნოზოკომიური ინფექცის არსებობით გამოწვეული დანახარჯების ოდენობის მტკიცება სადაზღვევო კომპანიას ობიექტურად ვერ დაეკისრება, ვინაიდან კალკულაცია შედგენილია კლინიკის მიერ. ამრიგად, თუკი დგინდება ნოზოკომიური ინფექციის არსებობა, მაშინ ამ ინფექციის გამო გაწეული ხარჯების დამტკიცების ტვირთიც ეკისრება მხარეს, რომელიც ითხოვს თანხის ანაზღაურებას, ანუ საავადმყოფოს.
9.4. კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან ენტერობაქტერიების ჯგუფის მიერ გამოწვეული ინფექცია წარმოიშვა საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ, სწორედ მისმა არსებობამ გამოიწვია პაციენტის მდგომარეობის დამძიმება, კლინიკაში დაყოვნება და გარდაცვალება. ნათელია მიზეზშედეგობრივი კავშირი მოსარჩელის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, შესაბამისად, შეუძლებელი და დაუსაბუთებელია, სადაზღვევო კომპანის მოეთხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც საავადმყოფოს ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13.1. საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, უპირველესად განახორციელოს სადავო სამართალურთიერთობის კვალიფიკაცია და სწორედ მის ფარგლებში უზრუნველყოს მოსარჩელის მოთხოვნისა და მოპასუხის შესაგებლის საფუძვლების შეფასება.
13.2. საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა დაზღვევის ხელშეკრულებად მიიჩნია და სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა გამოიკვლია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის ფარგლებში. აღნიშნულ შეფასებას საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს მხარეთა შორის 2016 წლის 12 ოქტომბერს დადებული №med1210/16 ხელშეკრულების სათაურზე _ „ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ“ და მის 2.1. პუნქტზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანი ჩამოყალიბებულია შემდეგი შინაარსით: „სამედიცინო დაწესებულება კისრულობს ვალდებულებას, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით უზრუნველყოს მზღვეველის მიერ დაზღვეული პირები სამედიცინო მომსახურებით, ხოლო მზღვეველი კი თავის მხრივ კისრულობს ვალდებულებას, დროულად და სრულად გადაუხადოს სამედიცინო დაწესებულებას გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება ამ ხელშეკრულების პირობებისა და ტარიფების შესაბამისად“.
13.3. ამრიგად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საზღაურის გადახდის სანაცვლოდ სამედიცინო მომსახურების გაწევა მესამე პირებისათვის (სადაზღვევო კომპანიის დაზღვეულთათვის). ხსენებული შინაარსის მომსახურება კი წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით განსაზღვრულ ნარდობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“. საგულისხმოა, რომ წინამდებარე საქმეში ურთიერთდაპირისპირებულ მხარეებს არ წარმოადგენენ მზღვეველი და დაზღვეული, საქმე არ უკავშირდება სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგად დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების საკითხს, არამედ სადავოა სადაზღვევო კომპანიის დაზღვეულთათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა, შესაბამისად, დავის გადასაწყვეტად რელევანტურია არა დაზღვევის, არამედ ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები (იხ. სუსგ. საქმე №ას-1206-1166-2016, 24.02.2017წ).
13.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.
13.5. ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურების ანაზღაურების გადახდაზე პასუხისმგებელი პირი, ამავე ანაზღაურების გადახდისგან ნაწილობრივ გათავისუფლების მიზნით, 2018 წლის 11 სექტემბრის წერილით (ტ.1, ს.ფ. 32-34) მიუთითებს გაწეული მომსახურების ნაკლზე, რაც გამოვლინდა იმ გარემოებაში, რომ მის დაზღვეულს _ ი.ჭ–ას კლინიკაში მოთავსებიდან მე-6 დღეს გამოუვლინდა ენტერობაქტერიების ჯგუფის მიერ გამოწვეული ინფექცია, რომელიც ჰოსპიტალიზებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ მიიჩნევა ნოზოკომიურად, ესე იგი, სამედიცინო დაწესებულებაში შეძენილად.
13.6. ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის №01-38/ნ ბრძანების მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, ნოზოკომიურია სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექცია, რომელიც შეძენილია/აღმოცენებულია სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციიდან 48 საათის შემდეგ და რომელიც არ აღენიშნებოდა პაციენტს სამედიცინო სერვისზე მიმართვის მომენტში მანიფესტური ფორმით ან არ იმყოფებოდა ინკუბაციურ პერიოდში.
13.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 645-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას. მოცემულ შემთხვევაში, ნაკლიანია მომსახურება, შესაბამისად, საკასაციო პალატა ნაკეთობის შინაარსში მოიაზრებს გაწეულ მომსახურებას (აღნიშნული განმარტების მართებულობაზე იხ. სუსგ. №ას-521-487-2017, 10.11.2017წ; №ას-1045-2020, 23.09.2022წ).
13.8. დასახელებული ნორმების შინაარსიდან ირკვევა, რომ თუ შემკვეთის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების მოშლა და მენარდემ დაასრულა მის მიერ ნაკისრი სამუშაო, შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ხელშეკრულებით შეთანხმებული საფასური. ნაკლის არსებობის შემთხვევაში შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს ნაკლის გამოსწორება ან ნაკეთობის ნაკლის გამო საზღაურის შემცირება. შემკვეთს არა აქვს უფლება, უარი განაცხადოს საფასურის გადახდაზე. ნარდობის მარეგულირებელი ნორმები ადგენს პრეზუმფციას, რომ თუ მენარდემ შეასრულა მისი ვალდებულება, მას უნდა აუნაზღაურდეს შესრულების საფასური. თუმცა, როგორც ნებისმიერ პრეზუმფციას, ამ უკანასკნელსაც გამოეცლება სამართლებრივი საფუძველი, თუკი დადგინდება, რომ შემკვეთი, არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე, გონივრულ ვადაში მოითხოვს ნაკლოვანების აღმოფხვრას, ან, თავად გამოასწორებს ნაკლს და მენარდისაგან მოითხოვს გაწეული ხარჯის ანაზღაურებას. თუ შემკვეთი არ განახორციელებს ამგვარ ქმედებას/მოთხოვნას, მას შეუძლია, ნაკლოვანი შესრულების პროპორციულად მოითხოვოს მენარდისათვის გადასახდელი თანხის შემცირება; შემკვეთს ასევე შეუძლია ამტკიცოს, რომ შესრულებული სამუშაო უხარისხო და გამოუსადეგარია (იხ. სუსგ. №ას-1975-2018, 26.06.2020წ)
13.9. საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ კლინიკაში მოთავსებიდან მე-6 დღეს გამოვლენილი ენტერობაქტერიების ჯგუფის მიერ გამოწვეული ინფექცია უკავშირდება მენარდის მიერ ხარვეზით გაწეულ სამედიცინო მომსახურებას, რაც სამართლებრივი მნიშვნელობით წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულების ნაკლიან შესრულებას, რამაც შემკვეთი აღჭურვა მეორადი მოთხოვნის უფლებებით _ ნაკლის გამოსწორების (სსკ 642-ე მუხლი), ხელშეკრულებაზე უარის (სსკ 644-ე მუხლი), საზღაურის შემცირების (645-ე მუხლი) ან/და ზიანის ანაზღაურების (სსკ 394-ე მუხლი) შესაძლებლობის გათვალისწინებით.
13.10. საგულისხმოა, რომ საზღაურის გადახდის ეტაპზე პაციენტ ი.ჭ–ას მკურნალობაზე გახარჯული სამედიცინო მომსახურების საფასურის _ 12 156.88 ლარის ანაზღაურების მოთხოვნას შემკვეთმა დაუპირისპირა შესაგებელი გაწეული მომსახურების ხარვეზზე და აანაზღაურა მხოლოდ 3989.88 ლარის ღირებულების მომსახურება, ხოლო 8167 ლარის ნაწილში გამორიცხა ანაზღაურების ვალდებულების არსებობა, ამრიგად, შემკვეთმა განახორციელა მომსახურების ფასის შემცირება.
13.11. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა მომსახურების გაწევის ფაქტობრივი გარემოება და მისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობა, ხოლო მოპასუხე მოთხოვნის შემწყვეტ შესაგებლად მომსახურების ხარისხზე აპელირებს, მტკიცების ტვირთი წარმოშობილი მოთხოვნის შემწყვეტი გარემოებების დადასტურებისა ეკისრება ამ გარემოებაზე მიმთითებელ მხარეს სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად (იხ. სუსგ. №ას-1191-1151-2016, 24.02.2017წ). ამრიგად, სადავოობისას, სწორედ შემკვეთის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს როგორც ნაკლის არსებობის, ისე მისი გამომწვევი მიზეზების, აგრეთვე იმ თანხის ოდენობის პოზიტიურად დადასტურება, რომლითაც ნაკლმა შეამცირა მომსახურების ღირებულება.
13.12. მხარეთა ხელშეკრულების 3.4.5. პუნქტი განსაზღვრავს სადაზღვევო კომპანიის უფლებას, არ განახორციელოს გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა, თუ სამედიცინო დაწესებულებაში მცდარი სამედიცინო ქმედების შედეგად დაზღვეულს მიადგა ზიანი, რამაც გამოიწვია დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, შრომისუუნარობა და/ან გარდაცვალება. ამასთან, ხსენებული ხელშეკრულების 1.14 პუნქტში ტერმინი „მცდარი სამედიცინო ქმედება“ განმარტებულია ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისთვის შეუსაბამო სამკურნალო ღონისძიების ჩატარებად, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა. ამდენად, სამედიცინო ქმედების მცდარად მიჩნევის მიზნებისათვის, მხარეებს ხელშეკრულებითვე აქვთ განსაზღვრული, რომ შეუსაბამო სამკურნალო ღონისძიების ჩატარება უნდა წარმოადგენდეს მიყენებული ზიანის _ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, შრომისუუნარიანობის მოშლის და/ან გარდაცვალების უშუალო მიზეზს. ამგვარი მიზეზობრივი კავშირის დადასტურება შედის იმ მხარის მტკიცების ტვირთში, ვის სამართლებრივ ინტერესსაც წარმოადგენს მცდარი სამედიცინო ქმედების ჩადენის დადასტურება.
13.13. განსახილველ შემთხვევაში, შემკვეთმა განახორციელა მომსახურების იმ ნაწილის ღირებულების ანაზღაურებაზე სრულად უარის თქმა, რომელიც გაწეულ იქნა პაციენტის ანალიზში ნოზოკომიური ინფექციის გამოვლენის შემდეგ, თუმცა პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ პაციენტს ჰოსპიტალიზაციის ეტაპზე უკვე აღენიშნებოდა დამძიმებული ანამნეზი არაერთი დაავადების გამო, რასაც მოწმობს ცნობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ. ტ.1, ს.ფ. 22-24), მეტიც, პაციენტის კლინიკაში შესვლისას იგი იმყოფებოდა ღრმა სოპორის, ე.ი. ღრმა პათოლოგიური ძილის მდგომარეობაში (ლათ. sopor მაგარი ძილი, გაბრუება). აღნიშნული მდგომარეობა ქმნის გონივრულ ვარაუდს საიმისოდ, რომ შესაძლებელია, პაციენტის ხანგრძლივი ჰოსპიტალიზებისა და შესაბამისად, მკურნალობის ხარჯების გაღების საჭიროება განაპირობა კლინიკაში მოთავსების ეტაპზე გამოვლენილმა ჯანმრთელობის მძიმე სურათმა და არა მხოლოდ იმ გარემოებამ, რომ კლინიკაში პაციენტი ინფიცირდა ენტერობაქტერიების ჯგუფის მიერ გამოწვეული ინფექციით. ამდენად, სწორედ მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ ინფექციის გამოვლენის შემდგომი მკურნალობის ხარჯი მთლიანად მიემართებოდა ინფექციით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრის მიზანს, ან სადავო თანხის კონკრეტულად თანხის რა ნაწილი გაიხარჯა ხსენებული მიზნის მისაღწევად.
13.14. აღნიშნული მტკიცების ტვირთის დასაძლევად სადაზღვევო კომპანიას გააჩნდა სახელშეკრულებო ბერკეტი 3.1.6. პუნქტის სახით, რაც გულისხმობს კლინიკის ვალდებულებას, დაზღვეულის სადაზღვევო დაფარვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას უზრუნველყოს სადაზღვევო კომპანიის თავისუფალი წვდომა ყველა საჭირო სამედიცინო და ფინანსურ ინფორმაციასა და დოკუმენტაციაზე. ამავდროულად, საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სასამართლოს და მოპასუხეს მოსარჩელის მხრიდან წარედგინა პაციენტ ი.ჭ–ას სამედიცინო ისტორია სრულად (601 ფურცლად), რომლის ექსპერტული შესწავლის შემდეგად მოპასუხეს შეეძლო ემტკიცებინა, თუ რა ღირებულება გააჩნდა ნოზოკომიურ ინფექციის, აგრეთვე მისი თანმდევი შედეგების აღმოფხვრის მიზნით წარმართულ მკურნალობას. ამგვარი მტკიცება მოპასუხეს წინამდებარე საქმეში არ წარუმართავს. ამდენად, მან ვერ დაძლია იმ გარემოების დადასტურების ტვირთი, თუ რა თანხით შეამცირა მომსახურების ნაკლმა გაწეული მკურნალობის საერთო ღირებულება, შესაბამისად, შემკვეთი ვალდებულია, მომსახურების ღირებულება აანაზღაუროს სრულად.
14. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული საპროცესო დარღვევები მტკიცების ტვირთის განაწილებისა და მტკიცებულებათა შეფასების წესების დარღვევის შესახებ, სააპელაციო პალატას არ დაუშვია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
15. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ს.ს. „ს.კ.უ–ნი“-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 408.35 ლარი, შესაბამისად მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას ექვემდებარება ამავე თანხის 70% _ 285.85 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ს. „ს.კ.უ–ნი“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ს.ს. „ს.კ.უ–ნი“-ს (ს/ნ ....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 408.35 ლარის (გადახდის თარიღი: 18/02/2022, საგადახდო დავალება: 4530742, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „ტერაბანკი“) 70% – 285.85 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი