Facebook Twitter

29 სექტემბერი, 2022 წელი

№ას-1181-2021 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ტ–ო" (მოსარჩელე)

II კასატორი - შ.პ.ს. „ტ–ო"

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ივლისის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შ.პ.ს. „ტ“-მ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „I აპელანტი“, „II კასატორი“, „მიმწოდებელი“, „შემსრულებელი“, „მენარდე“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „II აპელანტი“, „I კასატორი“, „შემსყიდველი“, „შემკვეთი“) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1. მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. „ტ“-ს სასარგებლოდ დაეკისროს NAT180008158 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული და აუნაზღაურებელი სამუშაოების ღირებულების 52 597.51 ლარისა და NAT1800016624 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული და აუნაზღაურებელი სამუშაოების ღირებულების 165 333.48 ლარის გადახდა, რაც ჯამში შეადგენს 217 930.99 ლარს;

1.2. მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. „ტ“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში გამოთხოვილი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 46 390 ლარისა და 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების ფარგლებში გამოთხოვილი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 38 000 ლარის გადახდა, რაც ჯამში შეადგენს 84 380 ლარს;

1.3. მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. „ტ“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში გამოთხოვილი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 46 390 ლარის 10,5%-ის ოდენობით (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ეროვნულ ვალუტაში კომერციული ბანკების დეპოზიტზე დადგენილი წლიური საპროცენტო განაკვეთი) გადახდა 2019 წლის 6 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 13.35 ლარს;

1.4. მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. „ტ“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 27 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში გამოთხოვილი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული 38 000 ლარის 10,5%-ის ოდენობით (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ეროვნულ ვალუტაში კომერციული ბანკების დეპოზიტზე დადგენილი წლიური საპროცენტო განაკვეთი) გადახდა 2019 წლის 22 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 10.94 ლარს;

1.5. მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. „ტ“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 5%-ის - 43 444.91 ლარისა და 2018 წლის 27 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 5%-ის - 5569.41 ლარის გადახდა, რაც ჯამში შეადგენს 49014.32 ლარს;

1.6. მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. „ტ“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 02 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული და აუნაზღაურებელი სამუშაოების ღირებულების 52 597.51 ლარის 0,05%-ის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება, 2019 წლის 6 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 26.30 ლარს;

1.7. მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. „ტ“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 27 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული და აუნაზღაურებელი სამუშაოების ღირებულების 165 333.48 ლარის 0,05%-ის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება, 2019 წლის 22 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 82.67 ლარს;

1.8. მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. „ტ“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 02 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 5%-ის - 43 444.91 ლარის 0,05%-ის გადახდის დაკისრება, 2019 წლის 6 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 21.72 ლარს;

1.9. მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. „ტ“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 27 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 5% - 5569,41 ლარის 0,05%-ის ოდენობით გადახდის დაკისრება, 2019 წლის 22 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.7 ლარს;

1.10. მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. „ტ“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 61 823 ლარის ანაზღაურება;

1.11. მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. „ტ“-ს სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით მიკუთვნებული თანხის 4%-ის ანაზღაურება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. შ.პ.ს. „ტ“-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. „ტ“-ს სასარგებლოდ დაეკისრა:

6.1. 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება 52597.51 ლარის ოდენობით.

6.2. 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის ანაზღაურება 46380 ლარის ოდენობით.

6.3. 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 5%-დან 2,5%-ის ანაზღაურება 21722.45 ლარის ოდენობით.

6.4. 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 52597.51 ლარის 0,05% 2019 წლის 6 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

6.5. 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 2,5%-ის - 21722.45 ლარის 0,05% 2019 წლის 6 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც შ.პ.ს. „ტ“-მ, ისე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. I აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენდა გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის გზით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო II აპელატი მოითხოვდა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9.1. შ.პ.ს. „ტ“-სა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის 02.07.2018 წელს გაფორმდა ხელშეკრულება №03.01/30/327, რომლის ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ........ №7-20-ს შორის არსებულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები.

9.2. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 927543 ლარით; სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრა სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, წერილობითი დავალების მიცემიდან 125 კალენდარული დღით (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით). მიმწოდებელს სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი უნდა წარედგინა და შემსყიდველთან შეეთანხმებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოები დაეწყო წერილობითი დავალების მიცემიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.

9.3. ხელშეკრულების მე-6 მუხლით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება- ჩაბარების წესი: შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ; შესრულებული სამუშაოების (ან მისი ნაწილის) დასრულების თარიღად ჩაითვლებოდა დადასტურებული ფორმა №2-ით (შესრულებული სამუშაოს აქტი) განსაზღვრული სამუშაოს დასრულების თარიღი. ამასთან, 6.2 პუნქტის თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის (მთლიან ან ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოებზე) გაფორმებისას, შემსრულებელი ვალდებული იყო წარედგინა ფორმა №2, ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოებისა და მიწოდებული პროდუქციის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, როგორც ხილულ, ასევე ფარულ სამუშაოებზე. მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდებოდა დადებითი დასკვნების გაფორმების შემთხვევაში;

9.4. ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში; ხელშეკრულების 9.9 პუნქტის თანახმად, 7.2 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ჩასარიცხი თანხის 0.05%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

9.5. შ.პ.ს. „ტ“-ს (პრინციპალის) მიერ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2018 წლის 02 ივლისს ს.ს. „ს.ბ–მა“ გასცა საბანკო გარანტია (N PE42733-18) 46 380 ლარის ოდენობით, რომელიც მოქმედებდა 2019 წლის 10 იანვრის ჩათვლით.

9.6. 2018 წლის 30 აგვისტოს მხარეებმა გააფორმეს მიღება-ჩაბარების აქტი №1, რომლითაც მიმწოდებელმა შემსყიდველს ჩააბარა ქ. თბილისში, ...... №7-20-ს შორის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელთა ღირებულებამ, 2018 წლის 20 აგვისტოს დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტისა და აკრედიტირებული საექსპერტო კომპანიის შ.პ.ს. „ს.მ.ჯ“-ს საექსპერტო დასკვნის შესაბამისად, შეადგინა 211 334.82 ლარი;

9.7. 2018 წლის 12 ნოემბერს მხარეებმა გააფორმეს მიღება-ჩაბარების აქტი №2, რომლითაც მიმწოდებელმა შემსყიდველს ჩააბარა ქ.თბილისში, ..... №7-20-ს შორის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელთა ღირებულებამ, 2018 წლის 05 ნოემბერს დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტისა და აკრედიტებული საექსპერტო კომპანიის შ.პ.ს. „ს.მ.ჯ“-ს საექსპერტო დასკვნის შესაბამისად, შეადგინა 237 996.85 ლარი;

9.8. 2018 წლის 19 დეკემბერს მხარეებმა გააფორმეს მიღება-ჩაბარების აქტი №3, რომლითაც მიმწოდებელმა შემსყიდველს ჩააბარა ქ. თბილისში, ............. №7-20-ს შორის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი, რომელთა ღირებულებამ, 2018 წლის 14 დეკემბერს დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტისა და საექსპერტო კომპანიის შპ.ს. .„ს.მ.ჯ“-ს საექსპერტო დასკვნის შესაბამისად, შეადგინა 336 459.7 ლარი.

9.9. 2018 წლის 28 დეკემბერს მხარეებმა გააფორმეს მიღება-ჩაბარების აქტი №4, რომლითაც მიმწოდებელმა შემსიყიდველს ჩააბარა ქ. თბილისში, ..... №7-20-ს შორის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეოთხე ეტაპი, რომელთა ღირებულებამ, 2018 წლის 28 დეკემბერს დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტისა და საექსპერტო კომპანიის შ.პ.ს. „ს.მ.ჯ“-ს საექსპერტო დასკვნის შესაბამისად, შეადგინა 83 107.42 ლარი.

9.10. მხარეებმა, 2018 წლის 26 ნოემბრის შეთანხმებით, ცვლილება შეიტანეს 2018 წლის 02 ივლისის 03.01/30/327 ხელშეკრულებაში და სამუშაოთა ღირებულება განსაზღვრეს 925 486.26 ლარით.

9.11. შ.პ.ს. „ს.მ.ჯ“-ს ინსპექტირების ანგარიშის დასკვნითი ნაწილის თანახმად, 2018 წლის 29 დეკემბრიდან 2019 წლის 29 იანვრამდე თბილისში, ....... №7-20-ს შორის საზოგადოებრივი სკვერის მოწყობაზე გაწეულმა სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 52 597.51 ლარი. მოპასუხე მხარეს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ოდენობა - 52 597.51 ლარი, სადავოდ არ გაუხდია.

9.12. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა 2019 წლის 06 თებერვლის №18–01190373774 წერილით შ.პ.ს. „ტ“-ს აცნობა 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილება, ხელშეკრულების 10.5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის მითითებით.

9.13. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა 2019 წლის 06 თებერვალს №18–01190373787 წერილით მიმართა ს.ს. „ს.ბ–ს“ და მოითხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 46 380 ლარის ჩარიცხვა. სადავო არ არის, რომ ს.ს. „ს.ბ–მა“ თბილისის მერიას ჩაურიცხა 46 380 ლარი.

9.14. შ.პ.ს. „ტ“-ს (მიმწოდებელი) და თბილისის მერიას (შემსყიდველი) შორის 27.11.2018 წელს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №03.01/30/526, რომლის ობიექტს წარმოადგენდა თბილისში, ..... ქუჩისა და მიმდებარედ არსებული თარგის მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 759 864.99 ლარით.

9.15. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრებოდა სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, წერილობითი დავალების მიცემიდან 120 კალენდარული დღით (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), ხოლო, დენდროლოგიური ნაწილის მიწოდების ვადა - არაუგვიანეს 2019 წლის 30 მარტისა (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით); მიმწოდებელს სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი უნდა წარედგინა და შემსყიდველთან შეეთანხმებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში (ხელშეკრულების 3.2 პუნქტი); მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოები დაეწყო წერილობითი დავალების მიცემიდან 3 კალენდარული დღის ვადაში (ხელშეკრულების 3.3 პუნქტი);

9.16. 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების მე-6 მუხლით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი: შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ; 6.2 პუნქტის თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის (მთლიან ან ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოებზე) გაფორმებისას, შემსრულებელი ვალდებული იყო წარედგინა ფორმა №2, ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოებისა და მიწოდებული პროდუქციის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, როგორც ხილულ, ასევე ფარულ სამუშაოებზე. მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდებოდა დადებითი დასკვნების გაფორმების შემთხვევაში;

9.17. ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 9.9 პუნქტის თანახმად, 7.2 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ჩასარიცხი თანხის 0,02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

9.18. შ.პ.ს. „ტ“-ს (პრინციპალის) მიერ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2018 წლის 26 ნოემბერს ს.ს. „ს.ბ–მა“ გასცა საბანკო გარანტია (N PE43523-18) 38 000 ლარის ოდენობით, რომელიც მოქმედებდა 2019 წლის 01 ივნისის ჩათვლით.

9.19. 2018 წლის 27 დეკემბერს მხარეებმა გააფორმეს მიღება-ჩაბარების აქტი №1, რომლითაც მიმწოდებელმა შემსყიდველს ჩააბარა თბილისში, .... ქუჩის და მიმდებარედ არსებული თარგის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელთა ღირებულებამ, 2018 წლის 27 დეკემბერს დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტისა (ფორმა №2) და აკრედიტებული საექსპერტო კომპანიის შ.პ.ს. „ს.მ.ჯ“-ს საექსპერტო დასკვნის შესაბამისად, შეადგინა 111 388.10 ლარი.

9.20. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა 2019 წლის 22 თებერვლის №18–0119053475 წერილით შ.პ.ს. „ტ“-ს და აცნობა 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილება, ხელშეკრულების 10.1 პუნქტისა და 10.5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის განსაზღვრული საფუძვლების მითითებით.

9.21. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა 2019 წლის 22 თებერვალს №18–01190533143 წერილით მიმართა ს.ს. „ს.ბ–ს“ და მოითხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 38 000 ლარის ჩარიცხვა. ს.ს. „ს.ბ–მა“ თბილისის მერიას 2019 წლის 04 მარტს ჩაურიცხა 38 000 ლარი.

10. პალატამ მიუთითა, რომ სარჩელის საფუძვლიანობის დასადგენად შეფასებას საჭიროებდა მხარეთა შორის გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულებების შეწყვეტის მართლზომიერება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა არამართლზომიერად. აღნიშნულ სამართლებრივ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გამო:

10.1. მხარეებს შორის 2018 წლის 02 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება (და ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 26 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმება) მხარეთა შორის ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია. დადგენილია, რომ თბილისში, ..... №7-20-ს შორის საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოების ოთხი ეტაპი მოპასუხემ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით და აანაზღაურა, ხოლო 2018 წლის 29 დეკემბრიდან 2019 წლის 29 იანვრამდე შესრულებული სამუშაოს მიღებაზე მერიამ განაცხადა უარი და ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მენარდის მიერ სამუშაოთა დასრულების ვადის 15 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილებაზე მითითებით (ხელშეკრულების 10.5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად).

10.2. ხელშეკრულების მე-15 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერ ოფიციალურ ურთიერთობას მათ შორის ექნებოდა წერილობითი ფორმა. წერილობითი შეტყობინება მხარეს გაეგზავნებოდა საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით, დასაშვები იყო შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის გაგზავნით, იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინებოდა მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით; ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსით ურთიერთობისათვის გამოყენებული იქნებოდა მიმწოდებლის შემდეგი რეკვიზიტები: .....; საკონტაქტო პირი - გ.ყ–ი; ელ. ფოსტა: .......; შემსყიდველის შემდეგი რეკვიზიტები: ..........; საკონტაქტო პირი - თ. ზ–ი; ელ. ფოსტა: ......e.

10.3. მოცემულ შემთხვევაში, ტ.1. ს.ფ. 191-192-ზე წარმოდგენილი ამონაწერებით ელექტრონული ფოსტიდან, დასტურდება, რომ 2019 წლის 15 იანვარს ელექტრონული ფოსტით ........ გაგზავნილი იქნა წერილი ელექტრონულ ფოსტაზე ........, შემდეგი შინაარსით - თბილისში, .......... №7-20-ს შორის საზოგადოებრივი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობითი დავალება (წერილი №18-01181933256) თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიიღო გ.ყ–მა და გაეცნო 2018 წლის 17 ივლისს ელექტრონულ ფოსტაზე .........

10.4. პალატის მოსაზრებით, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების დათქმა წერილობითი დავალების მიცემის თაობაზე. მოპასუხეს არ წარუდგენია 2018 წლის ივლისის პერიოდში მის მიერ გაგზავნილი წერილობითი დავალება, რაც შ.პ.ს. „ტ“-ს განუსაზღვრავდა 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყების ვალდებულებას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 06 თებერვლის №18– 01190373774 წერილით დგინდება, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით განსაზღვრული 125 კალენდარული დღე აითვალა 2018 წლის 17 ივლისიდან, რის საფუძველზეც განსაზღვრა რომ სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 19 ნოემბერს.

10.5. იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 02 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №03.01/30/327 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2018 წლის 26 ნოემბრის შეთანხმება მოიცავდა არამარტო სახელშეკრულებო თანხის ცვლილებას, არამედ გარკვეულ სამუშაოთა წარმოების ვალდებულებასაც (სკვერის მოწყობის კორექტირებული პროექტის შესაბამისად, ძაღლების სასეირნო სივრცის მოწყობა; გარე განათების 6,80 მეტრის სიმაღლის საყრდენების შეცვლა ე.წ. დასაკეცი საყრდენებით; სათვალთვალო კამერების მონტაჟისთვის გოფრირებული მილების და ჭების მოწყობა, ასევე, მუდმივი დენის წყაროს შეყვანა; მცენარეთა სარწყავი სისტემის მოწყობა; სამშენებლო სამუშაოების საავტორო ზედამხედველობის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით პროექტის ავტორის მიერ პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში განხორციელებული კორექტირებების შესაბამისად, დეკორატიული ფილის მოწყობასთან (ზომები, ფერი, ფართობი და მოჭიმვის სამუშაოები) ხელოვნური ბალახის პარამეტრებთან, ამფითეატრის პერგოლის ლითონის კარკასის მილკვადრატების ზომასთან, ხის საპარკე სკამების რაოდენობასა და საკალათბურთო მოედნის მოწყობისას ღორღის ფენილისა და რკინა-ბეტონის ფილის სისქესთან, ცხაურის მოწყობასთან, საკალათბურთო მოედნის საფარის სისქესთან დაკავშირებული ცვლილებები), ცალსახად დასტურდება, რომ 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოების დასრულების თარიღად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს 2018 წლის 19 ნოემბერი. ის ფაქტი, რომ აღნიშნული შეთანხმებით გარკვეული ცვლილებები შევიდა ხელშეკრულებაში, დაემატა გარკვეული სამუშაოები, მაგრამ არ შეიცვალა სამუშაოების შესრულების ვადა, არ შეიძლება გახდეს შ.პ.ს. „ტ“-ს პასუხისმგებლობისა და ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი ვადის დარღვევაზე მითითებით.

10.6. პალატამ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე (ფოტოსურათები; ექსპერტიზის დასკვნები, ს. ფ. 112-117; 179-187, 198-235; 259-289) დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ობიექტზე არსებულ დაზიანებათა გამომწვევი მიზეზებია დაუდგენელ პირთა მხრიდან განხორციელებული მექანიკური ზემოქმედებები (ელექტრო მოწყობილობებისა და სანტექნიკის დაზიანება/დატაცება), ასევე, სახურავის დაზიანებისა და საწვიმარი ღარების ნარჩენებით დაბინძურების გამო, სახურავიდან ნაგებობაში წყლის ჩამოდინება.

10.7. პალატამ ყურადღება მიაპყრო იმ ხელშემშლელ გარემოებებს, რომლებიც გამოიწვია სხვა ტენდერის ფარგლებში ...... პარკის ტერიტორიაზე განხორციელებულმა სამუშაოებმა, კერძოდ:

10.7.1. შ.პ.ს. „ტ“-ს 2018 წლის 25 დეკემბრის №2018/12-25/გლდ წერილის (ტ.1, ს.ფ. 217) თანახმად, მხარეთა შორის 2018 წლის 26 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე კორექტირებული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, თითქმის დასრულებული იყო თბილისში, ........ №7-20-ს შორის საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები, ამასთან, თითქმის ერთ თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობდა და 2018 წლის 25 დეკემბერს დასრულდა სხვა ტენდერის ფარგლებში გამარჯვებული კომპანიების მიერ დაახლოებით 400 ძირი ხე-მცენარის დარგვა, 650 მ3-მდე მიწის შეტანა და ბალახის რულონების მოწყობა, რის შედეგადაც ასფალტით მოწყობილ ველო-ბილიკზე, ცენტრალურ ბილიკზე და ბეტონს ფილით მოწყობილ ბილიკებზე (სულ დაახლოებით 4 000 მ2) დაიყარა მიწის ნარჩენები და წარმოიშვა ბალახის გროვები, აგრეთვე დაზიანდა შ.პ.ს. „ტ“-ს მიერ უკვე მოწყობილი ბორდიურები, ბეტონის ფილები და განათების ბოძებთან დაერთებული კაბელები, შეფერხდა სხვა სამშენებლო სამუშაოების წარმოება. იმ ეტაპისათვის შ.პ.ს. „ტ“ ასუფთავებდა ტერიტორიას და დაზიანებულ ბორდიურებს, ფილებს და კაბელებს ასწორებდა, ტერიტორიის სრულ დასუფთავებამდე კი ვერ ხერხდებოდა ველო-ბილიკის შეღებვა და დახაზვა; შ.პ.ს. „ტ“-მ მოითხოვა აღნიშნული გარემოებების შემსყიდველის მიერ გათვალისწინება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას (ასევე მოითხოვა შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის გონივრული ვადის მიცემა თბილისის მერიის მიერ მითითებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით).

10.7.2. მოწმის სახით დაკითხულმა შ.პ.ს. „ტ“-ს ქვეკონტრაქტორი კომპანიის - შ.პ.ს. „გ. ქ“-ის დირექტორმა ზ.მ–მა განმარტა, რომ შ.პ.ს. „გ.ქ–ნი“ წარმართავდა ძირითად სამუშაოებს ...... სკვერში, სადაც ხე-მცენარეების დარგვის პროცესი სხვა კომპანიის მიერ დაიწყო ნოემბრის ბოლოს; ხე-მცენარეთა დარგვის დაწყებამდე ძირითადი სამუშაოები ქვეკონტრაქტორ კომპანიას უკვე გაკეთებული ჰქონდა, ხეების დარგვა მოიცავდა მთელ პერიმეტრს, დარგვის მიზნით სკვერში შეიყვნეს მძიმე ტექნიკა, რამაც დააზიანა უკვე გაკეთებული ობიექტები. დეკემბრის ბოლოს დასრულდა ხე-მცენარეების დარგვის პროცესი, რის შემდეგაც შ.პ.ს. „გ. ქ“-მა დაიწყო დაზიანებების გამოსწორება, თუმცა პირველადი სახის აღდგენა შეუძლებელი იყო.

10.8. საქმეში არსებული წერილობითი მასალებითა (იხ. ტ.1, ს.ფ. 202-216) და მოწმის ჩვენებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სკვერის სამუშაო ტერიტორიაზე 2018 წლის 25 დეკემბრამდე მიმდინარეობდა შ.პ.ს. „ს. ნ“-ს მიერ ხე-მცენარეების დარგვა, ტერიტორიაზე მიწის შეტანა, ბალახის მოწყობა, რის შედეგადაც სარწმუნოა, რომ სამუშაო ტერიტორიაზე დაიყარა მიწა და დაზიანდა შ.პ.ს. „ტ–ს“ მიერ უკვე მოწყობილი ბორდიურები, ბეტონის ფილები და განათების ბოძებთან დაერთებული კაბელები, შეფერხდა სხვა სამშენებლო სამუშაოების წარმოება და წარმოიშვა ტერიტორიის დასუფთავების საჭიროება. აღნიშნული დაშვების საწინააღმდეგო მტკიცება მერიას არ განუხორციელებია. ზემოაღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ შ.პ.ს. „ტ“ არ არის ბრალეული სამუშაოების წარმოების შეფერხებაში. ეს გამოწვეულია თვით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რადგან ორი ტენდერის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები არასწორად იქნა დაგეგმილი.

10.9. მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული 925 486.26 ლარის ღირებულების სამუშაოებიდან შ.პ..ს „ტ“-მ შეასრულა, ხოლო შემსყიდველმა პრეტენზიისა და ხარვეზების დაფიქსირების გარეშე მიიღო 868 898.94 ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც შეთანხმებული სამუშაოების ღირებულების 93,88%-ს შეადგენდა; ხოლო, ბოლო, მეხუთე ეტაპის სამუშაოების მიღებისას მერიამ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.

10.10. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 05 თებერვლის ინსპექტირების აქტის (ტ.2, ს.ფ. 317) თანახმად, 2019 წლის 5 თებერვალს განხორციელდა 2018 წლის 2 ივლისს გაფორმებული №03.01/30/327 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ინსპექტირება, რის შედეგადაც გამოვლინდა შემდეგი გარემოებები: ძაღლების მოედანზე დაზიანებული იყო ურნის წარწერა, ლითონის კონსტრუქციის შედუღებები იყო დასამუშავებელი და შესაღები; პარკის მთელს ტერიტორიაზე გარკვეულ ადგილებში ამოვარდნილი ან გაბზარული იყო ფილები, ასევე რიგ ადგილებში გაბზარული იყო ბეტონის ბორდიურები; აუზი და ლითონის ცხაური შეღებილი იყო უხარისხო საღებავით, საკალათბურთო მოედნის ხაზები შეღებილი იყო უხარისხო საღებავებით; პარკის ტერიტორიაზე სკამებისათვის და ძაღლების მოედნისათვის გამოყენებული ხის მასალები დაბზარული იყო; ველოსიპედების ბილიკზე გადასული იყო ფერი, ექსტრემალურ მოედანზე დაზიანებული იყო ბეტონის საფარი; „ლოკოკინას“ არსებული ბეტონის კედლების ნალესი და შესაბამისად საღებავი იყო ჩამოშლილი; ასფალტის საფარის მიმდებარედ ბორდიურები გადაიწია და საფარსა და ბორდიურებს შორის წარმოიქმნა სივრცე, ტერიტორიიდან არ იყო გატანილი სამშენებლო ნარჩენები. ასევე, წარმოდგენილია ა.(ა).ი.პ. თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის 2019 წლის 22 თებერვლის ვიზუალურ-ხარისხობრივი მონიტორინგის აქტი (იხ. ტ. 2, ს.ფ. 483-485), რომლის შესაბამისად, ლაბორატორიის სამუშაო ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების დადგენის მიზნით 2019 წლის 11-15 თებერვლის პერიოდში განხორციელებული ფოტოფიქსაციის და ვიზუალური დათვალიერების შედეგად, გამოვლინდა რიგი ხარვეზები.

10.11. სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნულ აქტებში დაფიქსირებული ხარვეზები არ აძლევდა მერიას ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს. ცალსახად დადგენილია, რომ მერიამ პრეტენზიისა და ხარვეზების დაფიქსირების გარეშე მიიღო 868 898.94 ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც ადასტურებს, რომ მენარდემ ჯეროვნად შეასრულა შეთანხმებული სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების მიღების შემდეგ გამოვლენილი ნაკლოვანებები მერიას წარმოუშობდა უფლებას, აემოქმედებინა ხელშეკრულების 4.2.-4.3. პუნქტები (გარანტირების მექანიზმი) და მოეთხოვა მენარდისათვის ნაკლის გამოსწორება მისივე ხარჯით.

10.12. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: ა) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ) ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ) განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.

10.13. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე შეწყვიტა 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულება, რომ დამატებითი ვადა ხელშემკვრელი მხარისათვის არ განუსაზღვრავს, ასევე, არ განუხორციელებია მტკიცება მასზედ, რომ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულების მიმართ დაკარგა ინტერესი.

10.14. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ (მერიის განმარტებით, 2018 წლის 19 ნოემბერი) მხარეებმა დადეს ახალი შეთანხმება (2018 წლის 26 ნოემბერს), სადაც სამუშაოთა დასრულების თარიღზე არანაირი მითითება არ არის, რაც იმთავითვე ბუნდოვანს ხდის ხელშეკრულების საბოლოო ვადის საკითხს, ვადის დარღვევის გამო მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა კონტრაჰენტის მიმართ, ვინაიდან ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის.

10.15. შ.პ.ს. „ტ“-ს (დამკვეთი) და შ.პ.ს. „ს.მ.ჯ“-ს (შემსრულებელი) მიერ 2019 წლის 31 იანვარს ხელმოწერილი ინსპექტირების მიღება-ჩაბარების აქტის №2063 (ტ.1, ს.ფ. 139) თანახმად, განხორციელდა თბილისში, ...... №7-20-ს შორის საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის 2018 წლის 29 დეკემბრიდან 2019 წლის 29 იანვრამდე შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა №2) ღირებულების შეფასება-ინსპექტირება; ინსპექტირების ანგარიშის დასკვნითი ნაწილის (ტ.1, ს.ფ. 140-145) თანახმად, თბილისში, ........ №7-20-ს შორის საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის 2018 წლის 29 დეკემბრიდან 2019 წლის 29 იანვრამდე შესრულებული სამუშაოების მოცულობები და ღირებულებები შესაბამისობაში იყო წარდგენილი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულთან; შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ინსპექტირების ჩატარების შედეგად, შეადგენდა 52 597.51 ლარს, შესრულებული სამუშაოების ხარისხი კი შესაბამისობაში იყო საპროექტო მოთხოვნებთან და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სტანდარტებთან.

10.16. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში. სამუშაოს მიღების ვალდებულება გამოიხატება იმაშიც, რომ შემკვეთმა უნდა შეამოწმოს შესრულებული სამუშაოს შედეგი და თუ მასში აღმოაჩენს ნაკლს, მაშინ ეს გარემოება უნდა გააფორმოს ჯეროვნად. როგორც წესი, სამუშაოს მიღების შესახებ ფორმდება მიღების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ მენარდე და შემკვეთი.

10.17. სამოქალაქო კოდექსს 629-ე-649-ე მუხლებისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხის მიერ 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა არამართლზომიერად, სსკ 405-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ეკისრებოდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების - 52 597.51 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

11. სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია შ.პ.ს. „ტ“-ს მოთხოვნა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში გამოთხოვილი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 46 380 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, შემდეგი დასაბუთებით:

11.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

11.2. 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, დაუბრუნდებოდა მხარეთა შორის შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

11.3. 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საბანკო გარანტიის თანხა მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიიღო და უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოსარჩელის ხარჯზე. მოპასუხის მხრიდან 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტა მოსარჩელეს წარმოუშობს მოთხოვნის უფლებას უსაფუძვლოდ მიღებული საბანკო გარანტიის თანხის 46 380 ლარის დაბრუნების თაობაზე, ამდენად, მოთხოვნა შეესაბამება სსკ 991-ე მუხლის რეგულაციას.

12. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 5%-ის - 43 444.91 ლარის დაკისრების ნაწილში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა საფუძვლიანი იყო მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 2.5%-ის - 21722.45 ლარის ნაწილში, შემდეგი დასაბუთებით:

12.1. 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების, მათ შორის დეკორატიული სანათის ნათურების ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელი. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, სამუშაოების დასრულების შემდგომ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეული იყო უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებული იყო აღმოეფხვრა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

12.2. ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნებოდა 5%, საიდანაც 2.5%-ის გადახდა განხორციელდებოდა სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდებოდა შესაბამისი ოდენობის სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარდგენის შემდგომ. აღნიშნული გარანტია წარდგენილი უნდა ყოფილიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, საფინანსო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან ს.ს.ი.პ. „ს.დ.ს.ზ.ს–ის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საგარანტიო ვადას.

12.3. ხელშეკრულების 4.5 პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი არ შეასრულებდა ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მოთხოვნებს, მაშინ 4.3 პუნქტით განსაზღვრული გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 2.5%) დაბრუნებას არ დაექვემდებარებოდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 29-35).

12.4. ხელშეკრულების აღნიშნული მუხლების ანალიზის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დამდგარი იყო ხელშეკრულების 4.5. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რის გამოც 2.5% არ ექვემდებარებოდა დაბრუნებას. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 05 თებერვლის ინსპექტირების აქტის (ტ.2, ს.ფ. 317) თანახმად, დგინდებოდა გარკვეული ხარვეზები შესრულებულ სამუშაოებში. ასევე, წარმოდგენილია ა.(ა).ი.პ. თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის 2019 წლის 22 თებერვლის ვიზუალურ-ხარისხობრივი მონიტორინგის აქტით (იხ. ტ.2, ს.ფ. 483-485), ფიქსირდებოდა ხარვეზები. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგარანტიო ვადაში გამოვლინდა რიგი ნაკლოვანებები, რაც ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს ავალდებულებდა აღმოეფხვრა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით. სწორედ, სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად ხდებოდა მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან 5%-ის დაკავება. იმ შემთხვევაში, თუკი მიმწოდებელი არ აღმოფხვრიდა ნაკლს, 2.5% აღარ დაუბრუნდებოდა.

12.5. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგინდა, რომ ნაკლი აღმოფხვრილი იქნა არა მიმწოდებლის (შ.პ.ს. „ტა.“), არამედ სხვა ტენდერის ფარგლებში გამარჯვებული კომპანიის - შ.პ.ს. „ა.ბ.ჯ.პ“-ს მიერ (იხ. ტ. 2, ს.ფ. 536-549). სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ხელშეკრულების 4.1.-4.5. პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევა და საგარანტიო ვადაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის ვალდებულება ეკისრებოდა შ.პ.ს. „ტ“-ს. რადგან ეს ხარვეზები აღმოფხვრილ იქნა სხვა კომპანიის მიერ, მოსარჩელეს უარი ეთქვა 5%-ის სრულად დაბრუნებაზე და დაუბრუნდა მხოლოდ 2.5%, რაც შეადგენს 21722.45 ლარს.

13. სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია 2018 წლის 02 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოების ღირებულებასა (52 597.51 ლარი) და დაკავებულ 21722.45 ლარზე პირგასამტეხლოს დაკისრება 0.05%-ის ოდენობით, 2019 წლის 6 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, შემდეგი დასაბუთებით:

13.1. 2018 წლის 02 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების 9.9 პუნქტის თანახმად, 7.2 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ჩასარიცხი თანხის 0.05%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო დამრღვევ მხარეს უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ თბილისის მერიას მენარდისათვის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება 52 597.51 ლარი არ აუნაზღაურებია, ისევე როგორც არ გადაუხდია დაკავებული 5%-დან 2.5% - 21 722.45 ლარი. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ჩაითვალა საფუძვლიანად.

14. მოსარჩელის მოთხოვნები 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში გამოთხოვილი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 46 390 ლარის 10,5%-ის (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ეროვნულ ვალუტაში კომერციული ბანკების დეპოზიტზე დადგენილი წლიური საპროცენტო განაკვეთი) 2019 წლის 6 თებერვლიდან აღსრულებამდე დაკისრებისა და და ზიანის სახით 61 823 ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია დაუსაბუთებლად, შემდეგი საფუძვლით:

14.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

14.2. ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის, თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით.

14.3. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის სამეწარმეო ურთიერთობის ფარგლებში შემოსავლის რეალურად მიღების შესაძლებლობას დაადასტურებდა, შ.პ.ს. „ტ“-ს არ წარმოუდგენია. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაძლია მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების ტვირთი, რაც საფუძვლად დაედო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო შემსყიდველს ჰქონდა უფლება, ცალმხრივად შეეწყვიტა 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულება, შემდეგ გარემოებათა გამო:

15.1. 2018 წლის 30 ნოემბრის №2018/11-30ბუშ წერილით (ტ.2, ს.ფ. 213) შ.პ.ს. „ტ“-მ თბილისის მერიას წარუდგინდა თბილისში, .... ქუჩის და მიმდებარედ არსებული თარგის მოწყობის სამუშაოების გეგმა-გრაფიკი.

15.2. ინსპექტირების აქტის თანახმად, 2019 წლის 5 თებერვალს განხორციელდა 2018 წლის 27 ნოემბერს გაფორმებული №03.01/30/526 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ინსპექტირება, რის შედეგადაც გამოვლინდა ხარვეზები: კომპანიის მიერ წარდგენილი და შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით არ მიმდინარეობდა სამუშაოები, კერძოდ, პირველ თარგში გაბიონები იყო ნაწილობრივ მოწყობილი და შესაბამისად, ნაწილობრივ იყო შევსებული კირქვის ღორღით, არ იყო მოწყობილი სარწყავი სისტემა, ასევე არ იყო დაწყებული გარე განათების მოწყობის სამუშაოები; მეორე თარგში არ იყო დაწყებული ხეების დამცავი ცხაურების მოწყობის სამუშაოები და ცხაურები ანტიკოროზიული საღებავით არ იყო დამუშავებული; გეგმა გრაფიკით პირველი 30 დღის განმავლობაში გათვალისწინებული სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები არ იყო დასრულებული; დენდროლოგიურ ნაწილში სრულად არ იყო შესრულებული ხეების მოჭრის სამუშაოები; გარდა გეგმა-გრაფიკის ვადებთან ჩამორჩენისა, ასევე გამოვლინდა შესრულებული სამუშაოს დეფექტები, კერძოდ: ცოკოლის და გაბიონების მოწყობისას არ იყო დაცული პროექტში მითითებული ზომების (რადიუსი) სიზუსტე, ასევე ხარვეზით იყო მოწყობილი გაბიონის ბადე (ტ.2, ს.ფ. 251).

15.3. 2019 წლის 08 თებერვლის წერილით (ტ.1, ს.ფ. 259-260) შ.პ.ს. „ტ“-მ მიმართა თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურს, ინსპექტირების აქტში მითითებულ დეფექტებთან და სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შეუსაბამოდ მიმდინარეობასთან დაკავშირებით და განუმარტა, რომ შ.პ.ს. „ტ“-ს 2018 წლის 30 ნოემბრის წერილით მიმწოდებელმა მოითხოვა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების (მათ შორის გაბიონების) წარმოებისათვის საჭირო კოორდინატებისა და მათი განლაგებისა და ზომების მითითება, რაზეც იმ დრომდე მიმწოდებელს პასუხი არ მიეღო, ხოლო გაბიონის ნიშნულზე იყო მიბმული ყველა დანარჩენი სამუშაო, კორექტირებული პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის გარეშე შეუძლებელი იყო სამუშაოების ნორმალურ ტემპში წარმართვა; საპროექტო ორგანიზაციას უნდა წარედგინა შ.პ.ს. „ტ“-სთვის ხეების დამცავ ბადეებში გამოსაყენებელი ზომები და ვიზუალი.

15.4. 2019 წლის 13 თებერვლის №12-01190442399 წერილით (ტ.2, ს.ფ. 256) თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა შ.პ.ს. „ტ“-ს აცნობა, რომ 2019 წლის 05 თებერვლის ინსპექტირების აქტის საფუძველზე შ.პ.ს. „ტ“-ს გეგმა-გრაფიკის არაჯეროვანი შესრულების დაფიქსირებისათვის დაეკისრა ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 759 864.99 ლარის 0,02%-ის ოდენობით, 151.98 ლარის ოდენობით.

15.5. 2019 წლის 14 თებერვლის №18-01190452325 წერილით (ტ.2, ს.ფ. 259-260) თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა შ.პ.ს. „ტ“-ს იმავე წლის 08 თებერვლის წერილის პასუხად აცნობა, რომ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული იყო სარწყავი სისტემის მოწყობა და შემდგომ ვერტიკალური გეგმარება, შესაბამისად, შემსყიდველისათვის გაუგებარი იყო მიმწოდებლის პოზიცია სარწყავი სისტემის მოწყობის შეფერხებასთან დაკავშირებით, რაც შ.პ.ს. „ტ“-ს განმარტებით, მიწის შეტანის სამუშაოების შეფერხებამ გამოიწვია. ასევე განმარტებით ბარათში მითითებული იყო, რომ თხრილი უნდა მოწყობილიყო 30 სმ-ზე. შესაბამისად, ვინაიდან მიმწოდებელს ვერტიკალურ გეგმარებამდე უნდა დაესრულებინა თხრილის მომზადების სამუშაოები, ათვლა უნდა დაწყებულიყო არსებული ნიშნულიდან; რაც შეეხებოდა შ.პ.ს. „ტ“-ს 2018 წლის 30 ნოემბრის წერილს, როგორც შემსყიდველისათვის ცნობილი იყო, ინფორმაციის დაფიქსირებისთანავე სამსახურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება წერილზე, გეგმა-გრაფიკის ზუსტი ვადების დაცვის მიზნით და მიმწოდებელი დააკავშირა არქიტექტორთან, რომელსაც თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დაევალა საავტორო ზედამხედველობა პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე, საპროექტო კომპანიამ შ.პ.ს. „ტ–ს“ დაუყოვნებლივ გადასცა მოთხოვნილი ინფორმაცია, რაც საჭირო იყო გეგმა-გრაფიკის მაქსიმალური სიზუსტით შესასრულებლად; ელექტროობასთან დაკავშირებით პროექტის ავტორმა დაუყოვნებლივ მიაწოდა შ.პ.ს. „ტ“-ს საჭირო ინფორმაცია, პროექტის ავტორმა მიმწოდებელს მიუთითა დასარგავი მცენარეები და სამსახურის წარმომადგენელმა მიუთითა მოსაჭრელ მცენარეებზე; დამცავი ცხაურების მასალებისა და ზომების დაზუსტების მიზნით პროექტის ავტორმა შ.პ.ს. „ტ“-ს მიაწოდა დაკორექტირებული ნახაზი.

15.6. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების აქტის (ტ.2, ს.ფ. 259) თანახმად, 2019 წლის 20 თებერვალს განხორციელდა 2018 წლის 27 ნოემბერს გაფორმებული №03.01/30/526 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ინსპექტირება; 2019 წლის 05 თებერვალს განხორციელებული ინსპექტირების შედეგები ეცნობა კონტრაქტორს და დაევალა ხარვეზების გამოსწორება. ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა შემდეგი გარემოებები: კომპანიის მიერ წერილობითი დავალების ჩაბარებიდან გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული პირველი 30 დღის განმავლობაში განსახორციელებელი სამუშაოები (7 იანვრის ჩათვლით) შესრულებული იყო არაჯეროვნად, კერძოდ, გაბიონების ბეტონის საფუძვლის მოწყობისას არ იყო დაცული პროექტში მითითებული ზომების სიზუსტე, ასევე გაბიონის ბადე მოწყობილი იყო ხარვეზით; პროექტით გათვალისწინებული იყო გაბიონის სიგანე 60 სმ, არსებული მდგომარეობით კი ზოგ ადგილას გაბიონის ზომა 50 სმ-ს ვერ აღწევდა, ზოგან კი 90სმ-მდე ადიოდა. გარდა ამისა, ფიქსირდებოდა გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, კერძოდ, წერილობითი დავალების ჩაბარებიდან პირველი 30 დღის განმავლობაში (7 იანვრის ჩათვლით) გათვალისწინებული სამუშაოები არ იყო დასრულებული: არ იყო დასრულებული სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები, ასევე გარე განათების მოწყობის სამუშაოები, პირველ თარგში არ იყო დასრულებული გეგმა-გრაფიკში მითითებული გაბიონების მოცულობის მოწყობა და შესაბამისად მისი კირქვით შევსება.

15.7. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 22 თებერვლის №18-0119053475 წერილით შ.პ.ს. „ტ“-ს ეცნობა, რომ მიმწოდებელმა დაარღვია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №03.01/30/526 ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, ხელშეკრულების ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 04 დეკემბრის №18-01183383579 წერილით, რომლის ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიღება შ.პ.ს. „ტ“-მ დაადასტურა 2018 წლის 08 დეკემბერს, მიმწოდებელს დაევალა სამუშაოების წარმოება მის მიერვე წარმოდგენილი და შეთანხმებული გეგმა-გრაფიკით. შესაბამისად, პირველი ეტაპის სამუშაოების წარმოების ვადის ათვლა დაიწყო 09 დეკემბრიდან და მიმდინარეობდა 07 იანვრის ჩათვლით, თუმცა 2019 წლის 20 თებერვლის შემოწმების ეტაპზეც კი პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები შემდეგი სამუშაოები: სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები, ასევე გარე განათების მოწყობის სამუშაოები, პირველ თარგში მითითებული გაბიონების მოცულობის მოწყობა და შესაბამისად მისი კირქვით შევსება, არ იყო დასრულებული (დაფიქსირდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილება); ასევე წერილობითი დავალების ჩაბარებიდან გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული პირველი 30 დღის განმავლობაში განსახორციელებელი სამუშაოები (7 იანვრის ჩათვლით) შესრულებული იყო არაჯეროვნად, კერძოდ, გაბიონების ბეტონის საფუძვლის მოწყობისას არ იყო დაცული პროექტში მითითებული ზომების სიზუსტე, ასევე გაბიონის ბადე ხარვეზით იყო მოწყობილი; პროექტით გათვალისწინებული გაბიონის სიგანე არ იყო დაცული; ამავე წერილის თანახმად, №03.01/30/526 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1. პუნქტისა (ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულება) და 10.5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (შესრულების ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილება), შემსყიდველმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, რის გამოც, 9.7 პუნქტის შესაბამისად, შ.პ.ს. „ტ“-ს ჩამოერთვა ხელშეკრულების შესრულების უზურნველყოფის საბანკო გარანტია შემსყიდველის სასარგებლოდ.

15.8. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ დაასკვნა, რომ მენარდემ დაარღვია ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და წერილობითი დავალების ჩაბარებიდან (2018 წლის 08 დეკემბრიდან) პირველი 30 დღის განმავლობაში (07 იანვრის ჩათვლით) გათვალისწინებული სამუშაოები არ დაასრულა.

15.9. სასამართლომ მიუთითა, რომ მთლიანი სამუშაოების დასრულებისათვის მიმწოდებელს განსაზღვრული ჰქონდა 120 კალენდარული დღე, 2019 წლის 22 თებერვლის დროისათვის უკვე გასული იყო 76 დღე, მიმწოდებელს კი არ ჰქონდა შესრულებული პირველი 30 დღის განმავლობაში (7 იანვრის ჩათვლით) გათვალისწინებული სამუშაოებიც კი. შემსყიდველს 759 864 ლარის ღირებულების სამუშაოებიდან 2018 წლის 27 დეკემბერს მიღებული ჰქონდა მხოლოდ 111 388.10 ლარის ღირებულების სამუშაოები. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მიმწოდებლისათვის დამატებითი ვადის დაწესებას პირველად ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების დარჩენილი ნაწილის შესრულებისათვის და ხარვეზების აღმოფხვრისათვის, მთლიანი სამუშაოების დარჩენილი ნაწილის მოცულობის გათვალისწინებით, ხელშეკრულების შესრულების მიზნებისათვის არავითარი შედეგი არ ექნებოდა. პირველივე ეტაპზე შ.პ.ს. „ტ“-ს მხრიდან გამოვლინდა ისეთი სახის დარღვევები და ვადაგადაცილების ფაქტი, რომ მოპასუხეს წარმოეშვა უფლება სსკ 405-ე მუხლისა და 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების მე-10 მუხლის საფუძველზე ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, წარმოიშვა სსკ-ის 405.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც - არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.

15.10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების შეწყვეტისას მოპასუხეს არ დაურღვევია ხელშეკრულებიდან გასვლის წესი, რაც გათვალისწინებულია სსკ 405-ე მუხლის რეგულაციით, რის გამოც არ არსებობს 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების დაკმაყოფილების წინაპირობები.

15.11. აპელანტ შ.პ.ს. „ტ“-ს სააპელაციო პრეტენზიის საპასუხოდ, რომ 2018 წლის 27 დეკემბერს სამუშაოთა ნაწილის მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით დამკვეთს უფლება წაერთვა მიღებულ სამუშაოთა ნაკლის გამო პრეტენზია განეცხადებინა მოგვიანებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 655-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება – ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან. პალატამ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო, შეეძლო წარედგინა 2018 წლის 27 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის შემდეგაც, 1 წლის განმავლობაში. ამდენად, ის გარემოება, რომ მოპასუხეს 2018 წლის 27 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დროს და არც მის შემდეგ, რაიმე პრეტენზია არ წაუყენებია მოსარჩელე მხარისათვის, არ მიუთითებს მასზედ, რომ მან უფლება დაკარგა შესრულების ნაკლის გამო, მოთხოვნა წაუყენოს მხარეს.

16. პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 165 333.48 ლარის ანაზღაურების თაობაზე, შემდეგი დასაბუთებით:

16.1. 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების 10.5 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. მათ შორის, შემდეგ შემთხვევებში: ა) მიმწოდებლის მიერ წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოების დაწყების ვადის 20 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში; ბ) მიმწოდებლის მიერ წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოს დასრულების ვადის 15 კლენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში, გ) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის (გარდა სამუშაოს დაწყების და საბოლოო მიწოდების ვადის) 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში, დ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზურნველყოფს ხელშკეურლებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მათ შორის, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს გახდიდა ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევდა შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას, სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი.

ხელშეკრულების 10.6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებული იყო აენაზღაურებინა მიმწოდებლისათვის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება.

16.2. მოპასუხის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა განხორციელდა ორი საფუძვლით - ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1. პუნქტისა (ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულება) და 10.5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (შესრულების ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილება) საფუძველზე (იხ. 2019 წლის 22 თებერვლის №18-0119053475 წერილი). შესაბამისად, შეწყვეტა განხორციელდა არა მარტო ვადის დარღვევის, არამედ არაჯეროვანი (ნაკლიანი) შესრულების გამო. ხელშეკრულების 10.6. პუნქტი ამოქმედდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება შეწყდებოდა 10.5. პუნქტის საფუძველზე, ანუ მხოლოდ ვადის დარღვევის გამო.

17. სასამართლომ არ გაიზიარა შ.პ.ს. „ტ“-ს სააპელაციო პრეტენზია მასზედ, რომ საქალაქო სასამართლოში მოპასუხის მიერ 2019 წლის 11 სექტემბერს შეტანილი შესაგებელი, როგორც ვადის დარღვევით წარდგენილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა დაეტოვებინა განუხილველად, და შესაბამისად, არ გაეთვალისწინებინა მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

17.1. საქართველოს სსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, 1. მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

17.2. პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხეს განესაზღვრა 10 დღის ვადა სასამართლოში პასუხის (შესაგებლის) წარსადგენად. დადგენილია, რომ მოპასუხეს სარჩელის ასლი ჩაბარდა 2019 წლის 25 ივნისს, ხოლო, მის მიერ ფორმალური შესაგებელი სასამართლოს წარედგინა 2019 წლის 05 ივლისს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში (ტ. 1, ს.ფ. 454-462). პალატამ ყურადღება გაამახვილა შესაგებლის მითითებაზე, სადაც მოპასუხე აღნიშნავს, რომ საქმის მოცულობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ესაჭიროებოდა დამატებითი ვადა. პალატამ მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმე გამოირჩევა რა განსაკუთრებული სირთულით (სარჩელი მასზე თანდართული მასალებით შეადგენს 447 ფურცელს), მოპასუხეს გააჩნდა საპატიო მიზეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღის ვადაში კვალიფიციური შესაგებლის წარუდგენლობისათვის, რის თაობაზეც აცნობა სასამართლოს.

17.3. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით, წინამდებარე საქმეზე, დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა 2019 წლის 12 სექტემბერს, 13:00 საათზე. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დასაბუთებული შესაგებლით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2019 წლის 11 სექტემბერს (ტ.2; ს.ფ. 1-615), საქმის მოსამზადებელ სხდომაზე განხილვამდე, რის გამოც, არ არსებობს შესაგებლის განუხილველად დატოვებისა და მასში მითითებული პოზიციების გათვალისწინებაზე უარის თქმის საფუძველი.

18. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ისე შ.პ.ს. „ტ“-მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნაა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, შ.პ.ს. „ტ“ ითხოვს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

19. კასატორ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ პრეტენზიებს:

19.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ 405-ე მუხლი, როდესაც მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმა იყო იმპერატიული დებულება, რაც საფუძვლად დაედო არასწორ სამართლებრივ შეფასებას მასზედ, რომ 2018 წლის 02 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება შეწყდა არამართლზომიერად.

19.2. სასამართლოს უნდა დაედგინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოს შესრულების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2018 წლის 19 ნოემბერი, ვინაიდან 2018 წლის 10 დეკემბრის წერილშიც კი მოსარჩელე ითხოვდა სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელებას 2018 წლის 20 დეკემბრამდე. მარტოოდენ ის გარემოება, რომ არ დგინდება ამ ხელშეკრულების ფარგლებში დამკვეთის მიერ შ.პ.ს. „ტ“-სთვის სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობითი დავალების გაცემის თარიღი, არ უნდა დადებოდა საფუძვლად დასკვნას სამუშაოს დაწყების ვადის შესახებ მოსარჩელის არაინფორმირებულობის თაობაზე, ვინაიდან, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება სამუშაოთა დაწყების ფაქტი 2018 წლის 17 ივლისიდან, რაც წერილობით აღიარებულ იქნა მოსარჩელის დირექტორის მხრიდანაც. სამუშაოთა დასრულების ვადა შეცვლილა 2018 წლის 26 ნოემბრის დამატებითი შეთანხმებით, შესაბამისად, მისი განსაზღვრისათვის სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულების შესაბამისი პირობებით.

19.3. კასატორს მტკიცებულების შეფასების საპროცესო წესის დარღვევად მიაჩნია მოწმე ზ.მ–ის ჩვენების გაზიარება, ვინაიდან აღნიშნული პირი წარმოადგენდა შ.პ.ს. „ტ“-სთან დაკავშირებულ პირს (კონტრაქტორი კომპანიის დირექტორს), რომელიც ირიბად დაინტერესებული იყო საქმის შედეგით. ამავდროულად, კასატორი მიიჩნევს, რომ წინამდებარე განჩინების 10.8. პუნქტში აღწერილ სამუშაოთა შემაფერხებელი ფაქტები წარმოადგენს სხვა დავის საგანს მიმწოდებელსა და მესამე პირს შორის, ხოლო საქმეში არსებული ფოტომასალა ადასტურებს 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოთა უხარისხო შესრულებას.

19.4. 2019 წლის 05 და 06 თებერვლის ინსპექტირების აქტებით დგინდება, რომ შ.პ.ს. „ტ“-ს მიერ შესრულებული სამუშაოები იყო უხარისხო, ხოლო 2018 წლის 31 იანვარს წარმოდგენილი №5 მიღება-ჩაბარების აქტით წარმოდგენილი სამუშაოები იყო პროექტთან შეუსაბამო, რის გამოც დაეკისრა მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქცია ჯარიმის სახით. მიმწოდებელმა ვადების დარღვევასთან ერთად, სამუშაოები აწარმოა უხარისხოდ, ამასთან, დამატებითი შეთანხმებით წარმოებული სამუშაოები არ შეესაბამებოდა პროექტს, რის გამოც შეწყდა ხელშეკრულება მის 10.5. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით.

19.5. კასატორი სადავოდ ხდის მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერებასაც, ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო სწორედ ის გარემოება, რომ დამკვეთს არ მიუღია სამუშაოთა ის ნაწილი, რომლის ანაზღაურების დროულ გადაუხდელობაზეც აფუძნებს მოსარჩელე პირგასამტეხლოს მოთხოვნას.

19.6. კასატორი გასაჩივრებულ განჩინებას არ ეთანხმება მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 2.5%-ის მოსარჩელისათვის დაბრუნების ნაწილშიც, ვინაიდან აღნიშნული თანხის დაბრუნება ხელშეკრულების მხარეებმა დაუკავშირეს სამუშაოების დასრულებას. იმ პირობებში, როდესაც 2019 წლის 31 იანვარს მენარდის მიერ წარმოდგენილი სამუშაოები იყო პროექტთან შეუსაბამო და უხარისხო, სამუშაოები დასრულებულად არ ჩაითვალა, შესაბამისად, თანხის დაბრუნების საფუძველი არ წარმოშობილა.

19.7. საბანკო გარანტიის ჩამორთმევა განხორციელდა მენარდის მიერ საკუთარი ვალდებულების დარღვევის გამო, შესაბამისად, მისი უსაფუძვლოდ მიღებულად მიჩნევა ეწინააღმდეგება საბანკო გარანტიის მომწესრიგებელ ნორმებს.

19.8. სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით 5000 ლარის ანაზღაურება ისე, რომ არ შუფასებია მისი გონივრულობა საქმესთან მიმართებით.

20. კასატორ შ.პ.ს. „ტ“-ს საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ პრეტენზიებს:

20.1. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ის სპეციფიკა, რომელიც გულისხმობს შესყიდვის ობიექტის პირობების წინასწარ დადგენას შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ. აღნიშნული აფართოვებს რა მენარდის რისკს, ამავდროულად მოითხოვს მხარეთა თანამშრომლობას სამუშაოს შესრულების პროცესში. სწორედ შემსყიდველის მიერ მოწოდებული საპროექტო დოკუმენტაციის ნაკლოვანება გახდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოება, რაზედაც მენარდემ დაუყოვნებლივ აცნობა შემკვეთს, თუმცა მან არ აღმოფხვრა საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზები, სწორედ ამიტომ, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 647-ე მუხლით.

სასამართლოს შ.პ.ს. „ტ“-ს 2019 წლის 04 თებერვლის წერილით დადგენილ გარემოებად უნდა მიეჩნია, რომ 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი - საპროექტო დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვა შეიცავდა არსებით ხარვეზებს და აღნიშნულის გამოსწორებას მენარდე წერილობით ითხოვდა მოპასუხის მხრიდან. ამ მიზნით, სასამართლოს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმეზე მოწმის - საპროექტო კომპანია შ.პ.ს. „გ. ?“-ის დირექტორის გ.კ–ის ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ პროექტში არსებობდა ხარვეზები, რომელთა დიდ ნაწილზე თავად შემსყიდველს უნდა მიეღო გადაწყვეტილება და რომ პროექტის ავტორმა ვერ მოასწრო მასში ცვლილებების შეტანა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების შესრულების გეგმა-გრაფიკზე, რომელიც მტკიცებულების სახით ერთვის შესაგებელს, დატანილია ხელით შესრულებული ტექსტი, რომელიც არ შეიძლება ეკუთვნოდეს ვინმე სხვა პირს, თუ არა უშუალოდ მოპასუხე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი თანამშრომლისა, რაც ასევე დაადასტურა მოპასუხე მხარის საპროცესო წარმომადგენელმაც შესაბამისი საპროცესო ეტაპისას დასმული კითხვის პასუხად და აღნიშნა, რომ შესაგებელს დაურთო მათთან დაცული საქმისწარმოების მასალები. კერძოდ, შესაგებლის 217-ე გვერდზე დატანილი ხელნაწერ ტექსტში მითითებულია შემდეგი: "ცხაურები ვერ გააკეთეს, რადგან პროექტში რაც იყო ჩადებული არ იღუნებოდა იმ პარამეტრების", იქვე კითხვის ფორმით არის მინაწერი "დაწყებული არ არის?". შესაგებლის 251-ე გვერდზე თანდართულ 2019 წლის 05 თებერვლის ინსპექტირების აქტზე ხელით დატანილი შენიშვნების, საეჭვო კითხვების და გადახაზული და გამუქებული ტექსტის და შენიშვნების რაოდენობა აღემატება თავად ინსპექტირების აქტის ტექსტს, რომელიც სულ ერთი გვერდია. კერძოდ, თავად მოპასუხე მხარის უფლებამოსილი პირი მიუთითებს, რომ "პროექტში არ იყო სრულად, ჭირდება კიდევ დამატებით, რომ შეივსოს და გასწორდეს", "გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენა არის, მაგრამ შესრულების ვადა გვაქვს", ხოლო "შენიშვნების" სამი პოზიციის გასწვრივ დატანილი ხელნაწერი ტექსტი "არაჯეროვანი?", მოწმობს, რომ თავად მოპასუხესაც ეჭვი ეპარება მათ ვალიდურობაში. აღნიშნული კი ამყარებს მოსარჩელის პოზიციას პროექტის ხარვეზიანობის შესახებ.

სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ შ.პ.ს. „ტ“-სთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხე მხარემ 2019 წლის 26 მარტს გამოაცხადა NAT190006216 ელექტრონული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილის განაპირა .... და .... ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე, რაზეც შესყიდვის სავარაუდო ღირებულებამ შეადგინა 8 814 484 ლარი. აღნიშნულით უდავოდ დასტურდება, რომ შ.პ.ს. „ტ“-სთან ხელშეკრულების დადებისას არსებული პროექტი და ხარჯთაღრიცხვა იყო გაუმართავი, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მენარდის მხრიდან მიწოდებული შენიშვნების და გამოვლენილი ხარვეზების შედეგად, ვინაიდან მოპასუხისათვის ცხადი გახდა, რომ ხარვეზების აღმოფხვრა ვერ მოხერხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის თანხის ფარგლებში, მოახდინა არსებული ხელშეკრულების შეწყვეტა უსაფუძვლოდ, ხოლო ახალი სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა გაცილებით მაღალი თანხის ფარგლებში და გაითვალისწინა მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ხარვეზები.

20.2. სასამართლომ მართებულად დაასკვნა 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულებასთან მიმართებით, რომ შესრულების დამატებითი ვადის დაუცველობა ხელშეკრულებიდან გასვლას აქცევს არამართლზომიერ ქმედებად, თუმცა საკუთარ დასკვნას შეეწინააღმდეგა, როდესაც 2018 წლის 27 ნოემბრის შემთხვევაში დამატებითი ვადის დაუწესებლად ხელშეკრულებიდან გასვლის გადაწყვეტილება ცნო კანონშესაბამისად. ამავდროულად, საპროექტო დოკუმენტაციის ნაკლოვანება გამორიცხავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას, ვინაიდან კრედიტორი ვალდებულების დარღვევაზე თავად იყო პასუხისმგებელი (სსკ 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 390-ე-393-ე მუხლების შესაბამისად).

20.3. სასამართლოს 644-ე მუხლის გამოყენებამდე მართებდა, ემსჯელა, არსებობდა თუ არა „ნაკეთობის ნაკლი“, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, უნდა შეეფასებინა, შემკვეთის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებამდე წაეყენა თუ არა მენარდეს დამატებითი შესრულების მოთხოვნა, რომელსაც უპირატესობა გააჩნია 405-ე მუხლით გათვალისწინებულ გასვლის უფლებასთან მიმართებით. ამავდროულად, 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილის მიღებაზე 2018 წლის 27 დეკემბერს ისე გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომ რაიმე პრეტენზია შესრულებული სამუშაოს ხარისხზე არ გამოუთქვამს და მხოლოდ თვენახევრის შემდგომ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად დააფიქსირა დაუსაბუთებელი შენიშვნები, რაც ნიშნავს 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულების პარალელურად, 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების მოშლისათვის ფორმალური საფუძვლების შექმნას.

20.4. ის გარემოება, რომ ხარვეზების არსებობის შესახებ მენარდისგან ინფორმაციის მიღების შემდგომ შემკვეთმა შ.პ.ს. „ტ“-სთან დააკავშირა არქიტექტორი, არ გამორიცხავს შემკვეთის პასუხისმგებლობას, რადგან აღნიშნულს შედეგად არ მოჰყოლია პროექტში ცვლილებების შეტანა, ხოლო არქიტექტორის მიერ ხარვეზით შედგენილი პროექტიდან მომდინარე ყველა რისკი ეკისრება სწორედ მიმწოდებელს და არა მენარდეს, ვინაიდან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ეს უკანასკნელი არქიტექტორთან არ იმყოფება.

20.5. სასამართლოს პრეიუდიციულ ფაქტებად უნდა მიეჩნია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულებებში დადგენილი გარემოებები მასზედ, რომ როგორც 2018 წლის 02 ივლისის, ისე 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დარღვეულ იქნა არა მიმწოდებლის, არამედ შემსყიდველის მხრიდან, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილებებს შ.პ.ს. „ტ“-ს შავ სიაში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

20.6. სასამართლოს არ შეუფასებია, ხომ არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეცვლილი გარემოებები, რაც გულისხმობს და შედეგად იწვევს ხელშეკრულების პირობათა გადასინჯვის მოთხოვნის უფლებას.

20.7. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ დაუსაბუთებელია შპს "ტ"-ს მოთხოვნა 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 165 333.48 ლარის ანაზღაურების თაობაზე. სასამართლომ არასწორად გამოიკვლია და შეაფასა 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების დებულებები. კერძოდ, ხელშეკრულების 10.6 პუნქტის მიხედვით "ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება." ამავდროულად, ხელშეკრულების 10.5 პუნქტში ჩამოთვლილი შემთხვევები და თვით 10.5 მუხლის "გ" ქვეპუნქტიც, არ ამოწურავს მთლიანად 10.5 მუხლის და მისგან გამომდინარე 10.6 მუხლის მოქმედებას, რადგანაც ჩამოთვლილი შემთხვევები არის არა ამომწურავი, არამედ სამაგალითო. კერძოდ, ხელშეკრულების 10.5 პუნქტში მითითებულია სიტყვები "მათ შორის", რაც გულისხმობს იმას, რომ 10.6 მუხლით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვალდებულება ვრცელდება შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას და მათ შორის 10.5 მუხლის "ა"-"ვ" ქვეპუნქტების და ყველა სხვა შემთხვევის მიმართ.

შესაგებლის მე-7 და მე-13 გვერდებზე მოპასუხე მიუთითებს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა სწორედ ხელშეკრულების 10.5 მუხლის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული წესებით, რაც მოქმედებს მხარის აღიარების მიმართ.

20.8. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ შემსყიდველის მიერ დაკავებული სამუშაოთა ღირბულების 5%-დან არსებობდა მიმწოდებლისთვის მხოლოდ 2.5%-ის დაბრუნების წინაპირობა, ვინაიდან საგარანტიო ვალდებულება შესაძლოა გავრცელდეს მხოლოდ ხარვეზებზე, რომელთა დადგომაც მიმწოდებლის მხრიდან არის გამოწვეული. განსახილველ შემთხვევაში კი სასამართლომ თავად მიიჩნია, რომ ინსპექტირების აქტში ასახული ნაკლოვანებები შესაძლოა გამოწვეული იყოს მესამე პირთა ქმედებებისგან, თუმცა მათ აღმოსაფხვრელად გაწეული ხარჯების ანგარიშში მიმწოდებელს მაინც უარი უთხრა დაკავებული თანხის სრულად დაბრუნების მოთხოვნაზე, მაშინ, როდესაც ნაკლიანი შესრულების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, რომელიც, გარდა ფაქტობრივი დაზიანებისა, დაადასტურებს მენარდის მხრიდან ვალდებულების დარღვევას და მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და შედეგს შორის.

20.9. დაუსაბუთებელია სასამართლოს უარი 2018 წლის 02 ივლისისა და 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების ფარგლებში გამოთხოვილი საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ თანხებზე 10.5%-ის დაკისრების შესახებ, ვინაიდან ფული, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი ობიექტი, ყოველთვის იძლევა სარგებლის მიღების ვარაუდს. საბანკო გარანტიის სახით გაცემული თანხა ეკონომიკური მნიშვნელობით კრედიტია, რისთვისაც პრინციპალი იხდის შესაბამის სარგებელს და ბანკის წინაშე გააჩნია გამოთხოვილი გარანტიის დაბრუნების ვალდებულება, შესაბამისად, სასამართლოს ფულადი პროცენტის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე უნდა ემსჯელა უსაფუძვლო გამდიდრების ფარგლებში.

20.10. სასამართლოს არ უმსჯელია სასარჩელო მოთხოვნაზე, რომელიც უკავშირდებოდა ზიანის ანაზღაურების სახით 61823 ლარის დაკისრებას, რომელიც ორივე ხელშეკრულების თანახმად, მოგების სახით მისაღებ პროცენტს წარმოადგენდა. ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის პირობებში, ზიანს წარმოადგენს სწორედ ის მოგება, რომელსაც მენარდე მიიღებდა შემკვეთის მიერ ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების პირობებში.

20.11. 2019 წლის 05 ივლისს წარდგენილი ფორმალური შესაგებელი, იმის გათვალისწინებით, რომ მასში მხოლოდ მითითებული იყო სიტყვები „არ ვეთანხმები", არ შეიძლება ჩაითვალოს შესაგებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით. მოპასუხე მხარის მიერ ორი თვის დაგვიანებით, 2019 წლის 11 სექტემბერს, წარმოდგენილი იქნა დასაბუთებული შესაგებელი, თუმცა მისი დროულად წარუდგენლობა არ იყო გამოწვეული რაიმე საპატიო მიზეზით. ამის გათვალისწინებით, 11.09.2019წ. შესაგებელი სასამართლოს უნდა დაეტოვებინა განუხილველად და ეხელმძღვანელა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური წესებით. სააპელაციო სასამართლოს არგუმენტს, რომ საქმის სირთულე მისი მოცულობიდანაც ვლინდება, კასატორი არ იზიარებს, ვინაიდან საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების შესახებ მოპასუხისთვის ცნობილი იყო დავის წამოწყებამდეც.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

26. უწინარესად, საკასაციო პალატა შეაფასებს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო პრეტენზიების მიმართებას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ 391-ე მუხლით დადგენილ წინაპირობებთან, ხოლო მსჯელობის მეორე ნაწილი დაეთმობა შ.პ.ს. „ტ“-ს საკასაციო პრეტენზიებს.

27.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (სსკ-ის 629-ე მუხლი), რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სუსგ. №ას-1315-2020, 09.09.2021წ; №ას-764-2019, 02.03.2019წ) ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ (იხ., ძლიერიშვილი ზ., „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016, გვ. 288).

27.2. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

27.3. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში შემკვეთმა მენარდისგან პრეტენზიის გაცხადების გარეშე, მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერით დაადასტურა და მიიღო 868989.16 ლარის სამუშაოები. მე-3 და მე-4 მიღება-ჩაბარების აქტების შედგენის თარიღია 2018 წლის 19 დეკემბერი და ამავე წლის 28 დეკემბერი. ამავდროულად, მხარეთა შორის 2018 წლის 26 ნოემბერს მხარეთა შორის შედგენილია შეთანხმება, რომელიც მიმწოდებელს ავალდებულებს, აწარმოოს დამატებითი სამუშაოები ...... 7-20-ს შორის არსებულ ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის მიზნით, მათ შორის, ის სამუშაოებიც, რომლებიც გათვალისწინებული არ ყოფილა 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულებაში, ხოლო უკვე შესრულებულ სამუშაოთა ნაწილის მიმართ მენარდეს დაევალა ცვლილებების განხორციელება. ამავდროულად, დამატებითი შეთანხმების ძალით, წერილობითი ცვლილება არ განუცდია სამუშაოს შესრულების იმ ვადებს, რომელიც გაწერილი იქნა ძირითად ხელშეკრულებაში.

27.4. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების განვითარების ლოგიკური ჯაჭვი არ იძლევა საშუალებას, გაზიარებულ იქნას კასატორის პოზიცია მასზედ, რომ ხელშეკრულების შესრულების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2018 წლის 19 ნოემბერი. სამუშაოთა შესრულების წერილობით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა ჩამონათვალის განვრცობა მომავალში შესასრულებელ დავალებათა მიცემის გზით, თავისთავად ადასტურებს, რომ მხარეთა შორის არსებობდა სამუშაოთა შესრულების გადავადებაზე ზეპირი თანხმობა, რომელიც არ აისახა წერილობითი ფორმით. აღნიშნულ პოზიციას ამყარებს ის გარემოებებიც, რომ მე-3 და მე-4 მიღება-ჩაბარების აქტებით გათვალისწინებული სამუშაოები შემკვეთმა, იმის მიუხედავად, რომ სამუშაოთა დასრულების ბოლო ვადად მის მიერ მოაზრებული თარიღიდან გასული იყო ერთ თვეზე მეტი, მიიღო ისე, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებამოსილება ვადაგადაცილებაზე მითითებით არცერთ შემთხვევაში არ გამოუყენებია.

27.5. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ დასკვნას, რომ ჯერ სახელშეკრულებო ვადებში ბუნდოვანების შეტანა (სამუშაოთა დაწყების ვადების შემთხვევაში - წერილობითი დავალების გაუცემლობა, რომელიც განმსაზღვრელი იურიდიული ფაქტი უნდა ყოფილიყო ყველა შემდგომი ვადისათვის; დასრულების ვადებში - დამატებითი სამუშაოების წარმოების შესახებ შეთანხმებაში დამატებითი ვადის გაუთვალისწინებლობა), ხოლო შემდგომ, ამავე ვადების დაუცველობის მოტივით ხელშეკრულებიდან გასვლა, წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელი კეთილსინდისიერების ვალდებულების დარღვევას. ამასთან, ვინაიდან სახელშეკრულებო ვადის რღვევას, როგორც იურიდიული ფაქტს, ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებით აღჭურვის არგუმენტად იშველიებს შემსყიდველი, სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის ჯეროვნად დადასტურება სწორედ მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, რაც, განსახილველ შემთხვევაში, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ვერ დაძლია.

27.6. ამავდროულად, ხელშეკრულებიდან გასვლის მომწესრიგებელი ცენტრალური ნორმა - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას უკავშირებს ვალდებულების მნიშვნელოვნად დარღვევის ფაქტს, რამეთუ ვალდებულებითი სამართალი უპირატესობას ანიჭებს ხელშეკრულების შენარჩუნების და არა მისი ანულირების ინტერესს, ვინაიდან ხელშეკრულების უპირველესი მიზანი მისი შესრულებაა. ამ მიზანს საფრთხე არ უნდა შეექმნას უმნიშვნელო დარღვევების გამო, რომელთა კომპენსირება სხვა, ნაკლებად მკაცრი და უფრო თანაზომიერი სანქციების მეშვეობით არის შესაძლებელი (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, გვ.670).

27.8. ვალდებულების დარღვევის სიმძიმის შეფასება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შეფასების საგანია და მის საზომად სახელმძღვანელოა შესრულებული და შეუსრულებელი ვალდებულებების ურთიერთმიმართება, კრედიტორის ინტერესი როგორც შესრულებული, ისე დარღვეული ვალდებულების მიმართ და მოვალის სუბიექტური დამოკიდებულება დარღვევისადმი.

27.9. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოთა ჯამური ღირებულება შეადგენდა 925 486.26 ლარს, საიდანაც შემსყიდველმა პრეტენზიის განუცხადებლად მიიღო 868 898.94 ლარის ღირებულების სამუშაოები, რამაც შეთანხმებული სამუშაოების ღირებულების 93,88%-ს შეადგინა. დადგენილია ისიც, რომ 2019 წლის 31 იანვარს მენარდემ შემკვეთს ჩასაბარებლად წარუდგინა 52 597.51 ლარის ღირებულების სამუშაოები (იხ. ტ.2, ს.ფ. 154), რომელთა პროექტთან შესაბამისობის დასტურად მიღება-ჩაბარების აქტს, როგორც წინა ოთხი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში, დაერთვოდა „ს.მ.ჯ“-ს ინსპექტირების ანგარიში (იხ. ტ.2, ს.ფ. 173-178). ნაცვლად იმისა, რომ შემსყიდველს ჩასაბარებლად წარმოდგენილი სამუშაოების შესაბამისობის შემოწმების მიზნით ეწარმოებინა საქმიანობა, მან სწორედ ამის შემდეგ წამოიწყო ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურები - 2019 წლის 05 თებერვალს ჩაატარა ინსპექტირება შესრულებულ სამუშაოთა ხარისხზე, 2019 წლის 06 თებერვალს ინსპექტირება განხორციელდა შეთანხმებულ სამუშაოთა ვადაში დასრულების ფაქტზე, 2019 წლის 06 თებერვალსვე იქნა მიღებული ხელშეკრულებიდან გასვლის გადაწყვეტილება.

27.10. მოვლენათა ზემოაღწერილი ჯაჭვი პალატას უქმნის შინაგან რწმენას მასზედ, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმის ეტაპზე შესრულებულ სამუშაოთა მასშტაბი და ღირებულება იმდენად გადასწონიდა შეუსრულებელი ვალდებულების მნიშვნელობას, რომ კეთილსინდისიერ კრედიტორს, რომელმაც ვერ დაადასტურა ბოლო ნაწილის შესრულებისადმი ინტერესის არარსებობა, ევალებოდა დარჩენა სახელშეკრულებო ბოჭვაში, იმ დათქმით, რომ მას უნარჩუნდებოდა მეორადი მოთხოვნის უფლებები დამატებითი შესრულების მოთხოვნისა და ზიანის ანაზღაურების ჩათვლით, მით უმეტეს, რომ დამატებითი შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% მას უკვე ჰქონდა დაკავებული, როგორც საგარანტიო თანხა.

27.11. ამავდროულად, პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების არსებობისასაც კი, შემსყიდველმა დაარღვია ხელშეკრულებიდან გასვლის ის წესი, რომელიც აღიარებულია სსკ 405-ე მუხლით და იმპერატიულ წესად განიხილება სწორედ იმიტომ, რომ კანონმდებელი მხარს უჭერს ვალდებულებითი ურთიერთობის შენარჩუნების და არა მისი რღვევის იდეას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ვალდებულების დარღვევასთან ერთად ხელშეკრულებიდან გასვლის ზოგადი წინაპირობაა დამატებითი ვადა - მოვალეს, რომელიც ხელშეკრულებას არღვევს, უნდა მიეცეს დამატებითი შანსი, რათა შეასრულოს ვალდებულება. თუმცა ცალკეულ შემთხვევებში დამატებითი ვადის დაწესება შესაძლოა, აზრს იყოს მოკლებული, ანდა მძიმე ტვირთად აწვებოდეს კრედიტორს. მხოლოდ ასეთ გამონაკლის შემთხვევებში თავისუფლდება კრედიტორი დამატებითი ვადის დაწესების ვალდებულებისგან (405 II).

27.12. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღუნიშნავს, რომ საქმის საბოლოო შედეგს დიდწილად განსაზღვრავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილება და შესაბამისი მხარის მიერ ამ ტვირთის წარმატებით დაძლევა (იხ. სუსგ. №ას-1374-2021, 15.04.2022წ). ამ წესის თანახმად კი მხარემ უნდა ამტკიცოს სწორედ ის გარემოებები, რომელთა არსებობაც მეტყველებს მის სასარგებლოდ (სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს).

27.13. განსახილველ შემთხვევაში, შემსყიდველს არც შესაგებლის ეტაპზე და არც შემდგომ, არათუ არ უმტკიცებია, არამედ არც კი მიუთითებია სსკ 405-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრულ ისეთ გარემოებებზე, რომელიც 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულების მოშლამდე მენარდისათვის დამატებითი ვადის დაწესების ვალდებულებას გააქარწყლებდა, ამდენად, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება განხორციელებულია კანონით განსაზღვრულ მოთხოვნათა დაუცველად.

27.14. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შემსყიდველის მიერ 2019 წლის 06 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებულია მარტოოდენ სახელშეკრულებო ვადის დარღვევის არგუმენტი (იხ. ტ.1, ს.ფ. 193, მე-4 აბზაცი), ხოლო სამუშაოთა არაჯეროვნად შესრულების პრეტენზია საფუძვლად დაედო ამავე წერილობითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული ჯარიმების დაკისრებას (რომელთა კანონიერება წინამდებარე დავის საგანს არ წარმოადგენს). შესაბამისად, სასამართლოს კონტროლის ფარგლები მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე შემოიფარგლება იმ მიზეზის საფუძვლიანობის კვლევით, რომელიც უშუალო საფუძველი გახდა ხელშეკრულების შესაწყვეტად. ამდენად, ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილების გასამყარებლად შესაგებელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში ასახული არგუმენტაცია დასრულებულ სამუშაოთა არაჯეროვნების შესახებ (რომელიც, თავის მხრივ, საფუძვლად არ დადებია ხელშეკრულების შეწყვეტაზე მიღებულ გადაწყვეტილებას), სასამართლოს მსჯელობის საგნად არ უნდა იქცეს.

28. ფაქტობრივად გაწეული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობისათვის სახელმძღვანელოა მხარეთა შორის 2018 წლის 02 ივლისს დადებული ხელშეკრულების 10.6. პუნქტი, რომლის თანახმად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება ექვემდებარებოდა ანაზღაურებას ხელშეკრულების 10.5. პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლ(ებ)ით შეწყვეტისას. უდავოა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილებას შემკვეთმა საფუძვლად დაუდო მხარეთა ხელშეკრულების 10.5. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ამრიგად, ფაქტობრივად შესრულებული და აუნაზღაურებელი სამუშაოების ანაზღაურების უფლება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას წარმოეშვა ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან, ამდენად, ამ ნაწილში კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.

29.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მესამე ნაწილი კი პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმებას უწესებს სავალდებულო წერილობით ფორმას.

29.2. სსკ 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

29.3. მხარეთა შორის 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მოხდება 2018 წლის თბილისის ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების 9.9. პუნქტი კი 7.2. პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველს აკისრებს პირგასამტეხლოს ჩასარიცხი თანხის 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

29.4. კასატორი პირგასამტეხლოს დაკისრების უმართებულობას ასაბუთებს 52 597.51 ლარის სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობით.

29.5. მართალია, ანგარიშსწორების ვალდებულების წარმოშობას 7.2. პუნქტი უკავშირებს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების იურიდიულ ფაქტს, მაგრამ საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღუნიშნავს, რომ კანონის რომელიმე დანაწესი ვალდებულების შესრულებულად მიჩნევას იმპერატიულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას არ უკავშირებს. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სხვა მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება (იხ. სუსგ-ები: №ას-323-307-2011, 01.12.2011წ; №939-879-2017, 29.09.2017წ; №ას-614-2019, 21.06.2019წ).

29.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.

29.7. ამდენად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების ვალდებულება გამომდინარეობს შემკვეთის ვალდებულებიდან - მიიღოს შესრულებული სამუშაო, რაც გულისხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი სტანდარტით (დათქმულ დროსა და ადგილას, ჯეროვნად) შესრულებული სამუშაოების მიღების ვალდებულებას.

29.8. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულების 6.2. პუნქტი, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნებისათვის, მოითხოვდა შემსრულებლის მიერ ფორმა №2-ისა და სამუშაოთა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე აკრედიტირებული პირის მიერ მომზადებული დადებითი დასკვნის წარდგენის ვალდებულებას. ამავე წესის დაცვის შესაბამისად, შემსყიდველმა ჩაიბარა, ხოლო მიმწოდებელმა ჩააბარა 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების 4 ეტაპი, საგულისხმოა, რომ ოთხივე შემთხვევაში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით ფორმა №2-თან წარდგენილი იქნა შ.პ.ს. „ს.მ.ჯ“-ს დადებითი საექსპერტო დასკვნები, ამდენად, შემსყიდველი ხელშეკრულების შესრულების ყველა ეტაპზე აღნიშნული საექსპერტო დაწესებულების დადებით დასკვნას განიხილავდა საკმარისად სარწმუნოდ, რათა ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარების აქტისათვის, თუმცა სამუშაოთა ჩაბარების ბოლო - მე-5 ეტაპზე შემსყიდველმა ჩაატარა ინსპექტირება ხელშეკრულების შესრულების კონტროლის მიზნით 2019 წლის 05 და 06 თებერვალს, ხოლო გამოვლენილი ხარვეზები შესრულებულ სამუშაოებში საფუძვლად დაუდო გადაწყვეტილებას მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ.

29.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლის თანახმად, თუ შემკვეთისათვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილია და იგი მაინც მიიღებს მას პრეტენზიის განუცხადებლად, მაშინ შემკვეთს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლებები ამ ნაკლის გამო. ამრიგად, შემკვეთს მენარდის მიერ გაწეულ სამუშაოებზე ნაკლის გაცხადების ვალდებულება ეკისრება სამუშაოთა მიღებამდე; თუ იგი შემოწმების გარეშე მიიღებს ნივთს, დაკარგავს მოთხოვნის უფლებებს ხილული ნაკლის გამო. ამავდროულად, შემკვეთს უნარჩუნდება მოთხოვნის უფლებები ფარული ნაკლის გამო. ფარულად კი განიხილება ისეთი ნაკლი, რომელიც ვლინდება შესრულებული სამუშაოს ექსპლუატაციის შედეგად.

29.10. საგულისხმოა, რომ ინსპექტირების არცერთი აქტი და არც მოპასუხის შესაგებელი, არ შეიცავს მითითებას მასზედ, რომ ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ყველა ხარვეზი შეეხებოდა უშუალოდ მე-5 ეტაპზე ჩასაბარებელ სამუშაოებს. უკვე ჩაბარებული, დადასტურებული სამუშაოები კი, რომელიც მოიცავდა სამუშაოთა პირველ ოთხ ეტაპს, ფარული ნაკლის გამოვლენის შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებამდე უპირატესად წარმოშობდა მენარდის ვალდებულებას დამატებით შესრულებაზე (სსკ 642-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამრიგად, უკვე მიღებული სამუშაოების ნაკლზე აპელირებით იმ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერაზე უარის თქმა, რომლის მიმართაც ნაკლის არსებობა დადგენილი არ არის, განიხილება სამუშაოთა მიღებაზე კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად სსკ 390-ე მუხლის შესაბამისად, რაც ქმნის სამუშაოთა მიღებულად მიჩნევის საფუძველს ამავე კოდექსის 649-ე მუხლის ბოლო წინადადების შესაბამისად, ამრიგად, მიღებულად მიჩნეული სამუშაოს ღირებულებაზე ანგარიშსწორების დაყოვნება წარმოშობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს, შესაბამისად, შემსყიდველის საკასაციო პრეტენზიას არც ამ ნაწილში აქვს წარმატების პერსპექტივა.

30. რაც შეეხება ხელშეკრულების 4.3. პუნქტის ფარგლებში სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 5%-დან 2.5%-ის დაბრუნების არამართლზომიერებაზე წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიას, უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებული თანხიდან 2.5%-ის მყისიერად დაბრუნების ვალდებულებას შეიცავდა ამავე მუხლის 4.3. პუნქტი სამუშაოთა სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. როგორც აღინიშნა, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოუწერლობას საკასაციო პალატა ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამოდ განიხილავს, რაც იძლევა ქმედების კრედიტორის ბრალით დაყოვნებად კვალიფიკაციისა და სამუშაოთა ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველს, აღნიშნული კი, ხელშეკრულების 4.3. პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს საკმარის საფუძველს ამავე პუნქტის ფარგლებში დაკავებული თანხის ½-ის დაბრუნების ვალდებულების წარმოშობილად მიჩნევისათვის, ამრიგად, საკასაციო პრეტენზია 21722.45 ლარის დაბრუნებაზე უპერსპექტივო შედავებაა. აღნიშნული თანხის დროული დაუბრუნებლობა კი ხელშეკრულების 7.2 და 9.9. პუნქტების შესაბამისად, ანგარიშსწორების დაყოვნებისთვის განაპირობებს პირგასამტეხლოს დარიცხვას დასაბრუნებელი თანხის 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგაცაცილებულ დღეზე, ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამ ნაწილშიც კანონიერია.

31.1. რაც შეეხება მოწმე ზ.მ–ის ჩვენების გაზიარების საწინააღმდეგოდ წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიას, კასატორი საკუთარ მოსაზრებებს აფუძნებს იმ გარემოებას, რომ მითითებული მოწმე მოსარჩელის კონტრაქტორი კომპანიის დირექტორია.

31.2. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მოწმეთა კომპეტენცია, პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად წესრიგდება (იხ. The Lüdi v. Switzerland, გადაწყვეტილება 15.06.1992, სერია A, N238, გვ. 20, პარაგრაფი 43 და The Schuler-Zgraggen v. Switzerland გადაწყვეტილება 24.06.1993. სერია N263, გვ.21. პარაგრაფი 66). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 140-ე მუხლების ანალიზიდან კი გამომდინარეობს, რომ მოწმის ჩვენების მიღებისას ეროვნულმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. მოწმის ჩვენების სარწმუნო მტკიცებულებად მიჩნევის წინაპირობად კანონმდებელი მიიჩნევს ამავე მოწმის ნეიტრალურობას, რაც უპირველესად ნიშნავს ერთ მხარესთან შედარებით მეორე მხარის მიმართ არსებითად ნეგატიური დამოკიდებულების დაუშვებლობას. ისეთ პირობებში, როდესაც ობიექტური დამკვირვებლის თვალში იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოწმის ჩვენება განპირობებულია სუბიექტური დამოკიდებულებით მხარეების მიმართ და რაც მთავარია, ასეთი შთაბეჭდილების შექმნის საფუძველს თავად მოწმის განმარტება იძლევა, სასამართლო ვალდებულია, გადაწყვეტილება არ დააყრდნოს ამავე მოწმის ჩვენებას და განიხილოს იგი არასარწმუნო ჩვენებად.

31.3. განსახილველ შემთხვევაში, ერთსა და იმავე ლოკაციაზე ორი სხვადასხვა ტენდერის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების თანადროულობა და სამუშაოთა წარმოების აღნიშნული ფაქტორებით განპირობებული ხელშეშლა სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია არამარტო მოწმის ჩვენებით, არამედ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებითაც (იხ. ტ.1, ს.ფ. 202-216), რომლის თანახმად, სკვერის სამუშაო ტერიტორიაზე 2018 წლის 25 დეკემბრამდე მიმდინარეობდა შ.პ.ს. „ს.ნ“-ს მიერ ხე-მცენარეების დარგვა, ტერიტორიაზე მიწის შეტანა, ბალახის მოწყობა, რის შედეგადაც სარწმუნოდ იქნა მიჩნეული შ.პ.ს. „ტ“-ს მიერ მერიის წინაშე ჯერ კიდევ დავის ინცირებამდე გაცხადებული წერილობითი პრეტენზია, რომ სამუშაო ტერიტორიაზე დაიყარა მიწა და დაზიანდა შ.პ.ს „ტ“-ს მიერ უკვე მოწყობილი ბორდიურები, ბეტონის ფილები და განათების ბოძებთან დაერთებული კაბელები, შეფერხდა სხვა სამშენებლო სამუშაოების წარმოება და წარმოიშვა ტერიტორიის დასუფთავების საჭიროება.

31.4. მოწმის ჩვენების არასანდოობის შესახებ დასკვნას საფუძვლად ვერ დაედება მარტოოდენ ის ფაქტორი, რომ მოწმის სტატუსით პროცესში მონაწილე პირი მოსარჩელის კონტრაქტორი ორგანიზაციის დირექტორია, თუ მას საქმის შედეგის მიმართ პირდაპირი ან ირიბი ინტერესი ან მოპასუხისადმი პირადი, ნეგატიური დამოკიდებულება არ გააჩნია. ამგვარ გარემოებათა არსებობაზე კი კასატორი სარწმუნოდ ვერ უთითებს, რაც საკასაციო პრეტენზიის დაუსაბუთებლად მიჩნევის საფუძველია.

32.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. პალატა განმარტავს, რომ დარღვეული ვალდებულების შინაარსსსა და ხასიათზე მითითების ვალდებულება გვევლინება იმპერატიულ დებულებად, ვინაიდან აღნიშნული ვალდებულების არსებობა ბენეფიციარისა და პრინციპალის ინტერესების ბალანსისთვისაა გათვალისწინებული და ემსახურება არამართლზომიერი მოთხოვნების პრევენციას (იხ. სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის კომენტარი, ველი 7, https://gccc.tsu.ge/wp-content/uploads/2020/12/Artikel-885.pdf).

32.2. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საბანკო გარანტიის გამოთხოვის მიზნით გარანტის წინაშე 2019 წლის 06 თებერვალს წარდგენილ წერილობით მოთხოვნას (ტ.2, ს.ფ. 322). აღნიშნული წერილის თანახმად, ბენეფიციარი პრინციპალის მიერ დარღვეულ ვალდებულებად მიუთითებს სამუშაოების შესრულების ვადის 15 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილებას. ზემოთ წარმართული მსჯელობის შესაბამისად, სამუშაოთა შესრულების ვადის ბუნდოვანება და ამ გარემოებაში მენარდის მონაწილეობის ხარისხი, აგრეთვე სამუშაოთა დასრულების ბოლო ვადის ფაქტობრივი გარემოების დადასტურების მიზნით I კასატორის მიერ მტკიცების ტვირთის დაუძლევლობა განაპირობებს საბანკო გარანტიის გამოთხოვის მიზნით აღწერილი ვალდებულების დარღვევის ფაქტის არარსებობაზე სასამართლოს დასკვნას, რაც საბანკო გარანტიის ფარგლებში მიღებულის დაბრუნების წინაპირობაა, ამრიგად, შემსყიდველის საკასაციო პრეტენზია ამ ნაწილში მოკლებულია საფუძვლიანობას.

32.3. სსკ 991-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

32.4. განსახილველ შემთვევაში, 2018 წლის 2 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 46 390 ლარის გამოთხოვით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გამდიდრდა სწორედ შ.პ.ს. „ტ“-ს ხარჯზე, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 890-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს გარანტის უფლებას პრინციპალისაგან რეგრესის წესით იმ თანხის გადახდაზე, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით.

33.1. რაც შეეხება საპროცესო წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 5000 ლარის დაკისრების არაგონივრულობის არგუმენტს, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მითითებული ხარჯი მოპასუხეს დაეკისრა არამხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისათვის, არამედ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში მოსარჩელის მიერ საქმის წარმოების თანმდევი საადვოკატო ხარჯის ასანაზღაურებლად.

33.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება ადგენს, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

33.3. 5000 ლარის (რომელიც დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მხოლოდ 3%-ს შეადგენს), როგორც მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის მოპასუხეზე დაკისრება, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სრულებით გონივრულია მოცემული დავის სამართლებრივი სირთულის, მოცულობისა და თითოეული ინსტანციის სასამართლოში შესრულებული საპროცესო მოქმედებების ინტენსივობის გათვალისწინებით.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი პალატა მიიჩნევს, რომ კასატორ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სამართლებრივ შეფასებებთან მიმართებით წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები კი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის არცერთ კრიტერიუმს, რაც I კასატორის საკასაციო პრეტენზიის დაუშვებლად მიჩნევის საფუძველია.

35.1. რაც შეეხეება კასატორ შ.პ.ს. „ტ“-ს საკასაციო საჩივარს, უწინარესად, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, შეაფასოს დაზუსტებული შესაგებლის წარდგენის დასაშვებობასთან დაკავშირებული პრეტენზია. როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, სასარჩელო განცხადება მოიცავდა 11 მატერიალურ და საპროცესოსამართლებრივ მოთხოვნას, რომელიც გამომდინარეობდა სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, ფაქტებიდან და სამართლებრივი საფუძვლებიდან. მართალია, საქმის სამართლებრივი სირთულე მარტოოდენ სარჩელისა და მასზე დართული მტკიცებულებების მოცულობიდან არ გამომდინარეობს, მაგრამ ზემოაღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, საქმის მოცულობა ერთ-ერთი დამატებითი ფაქტორია მის სირთულეზე მოსაზრების ჩამოსაყალიბებლად.

35.2. მოცემულ შემთხვევაში, საპროცესო ვადის დაცვით, 2019 წლის 05 ივლისს წარმოდგენილ შესაგებელში უთითებდა, რომ სასარჩელო მოთხოვნას და მის დასასაბუთებლად წარდგენილ ფაქტებს არ ეთანხმებოდა, თუმცა საქმის მოცულობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, პოზიციის დასასაბუთებლად განმარტავდა დამატებითი ვადის საჭიროებას.

35.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა. ამგვარ მითითებას თავდაპირველი შესაგებელი შეიცავდა.

35.4. ამავდროულად, სსსკ 83-ე მუხლის მე-2 ნაწილით გარანტირებული უფლება მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე გარემოებებისა და მტკიცებულებების შევსების შესახებ, მხარეთა თანასწორუფლებიანობის საპროცესო პრინციპის გათვალისწინებით, არ შეიძლება მიიჩნეოდეს მარტოოდენ მოსარჩელის პრივილეგიად, ასეთი უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს მოპასუხესაც.

35.5. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს მტკიცებულებათა შესაკრებად და მათზე დაყრდნობით, კვალიფიციური შედავების განსახორციელებლად, ესაჭიროებოდა დრო. დადგენილია, რომ დაზუსტებული შესაგებელი მოპასუხემ წარადგინა საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე 2019 წლის 11 სექტემბერს, 2019 წლის 13 სექტემბრის მოსამზადებელი სასამართლო სხდომის გახსნამდე, ამდენად, პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის პრეტენზია დაზუსტებული შესაგებლის დაუშვებლობის შესახებ.

36.1. საკასაციო პალატამ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო პრეტენზიის დასაშვებობის განხილვის ფარგლებში უკვე განმარტა, რომ 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მიაჩნია არამართლზომიერად, სწორედ იმიტომ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის ეტაპზე, შესრულებული სამუშაოები, ფაქტობრივად, ფარავდა შეთანხმებულ სამუშაოთა მოცულობის უდიდეს ნაწილს, შესაბამისად, ობიექტური დამკვირვებლის თვალსაწიერიდან, არსებობდა გონივრული მოლოდინი საიმისოდ, რომ შესრულებისათვის დამატებითი ვადის მიცემის შემთხვევაში, ხელშეკრულებით დასახული მიზანი შესრულდებოდა.

36.2. აღნიშნულისგან განსხვავებული ფაქტობრივი მდგომარეობა შეიქმნა 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულებასთან მიმართებით, კერძოდ, ფაქტობრივად, 4 თვიანი სახელშეკრულებო ვადიდან 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგაც კი სამუშაოთა ის ნაწილი, რომლის შესრულებაც შეთანხმებული იყო სამუშაოთა დაწყებიდან პირველ 30 დღეში, დასრულებული არ იყო, ხოლო უკვე დასრულებული სამუშაოები არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის მიღწეულ შეთანხმებას. სახელშეკრულებო ვადების სიმცირის, შესასრულებელი სამუშაოების მასშტაბისა და ნაკლის გამოსწორების ვალდებულების გათვალისწინებით, ობიექტური დამკვირვებლის სტანდარტით შეფასებისას, პალატას არ ექმნება მოლოდინი, რომ შესრულებისთვის დამატებითი ვადის მიცემა შემკვეთს სამუშაოთა საბოლოო მიღებისათვის დადგენილი ვადის მნიშვნელოვანი გადაჭარბების გარეშე ხელშეკრულებით დასახული მიზნის მიღწევის შესაძლებლობას მისცემდა.

36.3. ამრიგად, კასატორის პრეტენზია მასზედ, რომ 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულებასთან მიმართებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები სასამართლოს ამავდროულად უნდა გამოეყენებინა 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულებასთან მიმართებითაც, გაზარებას არ იმსახურებს სწორედ ფაქტობრივ გარემოებათა არაერთგვაროვნების გამო.

37.1. სახელშეკრულებო ვადების დაუცველობის ფაქტობრივ გარემოებას კასატორი შ.პ.ს. „ტ“ უპირისპირებს შემსყიდველის მიერ გადაცემული საპროექტო დოკუმენტაციის ნაკლიანობას.

37.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 647-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს შემკვეთი, რომ: ა) შემკვეთისგან მიღებული მასალა უხარისხო და გამოუსადეგარია; ბ) თუ შემკვეთის მითითება შესრულდება, ნამუშევარი არამტკიცე ან გამოუსადეგარი იქნება; გ) არსებობს მენარდისაგან დამოუკიდებელი სხვა რამ გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის ნამუშევრის სიმტკიცესა და ვარგისიანობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ შემკვეთი, მენარდის დროული გაფრთხილების მიუხედავად, შესაბამის ვადაში არ გამოცვლის გამოუსადეგარ ან უხარისხო მასალას, არ შეცვლის მიცემულ მითითებას სამუშაოს შესრულების წესის შესახებ, ანდა არ აღმოფხვრის სხვა გარემოებას, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ნამუშევრის ვარგისიანობას ან სიმტკიცეს, მენარდეს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ამით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

37.3. ამრიგად, მასალის უხარისხობის (გამოუსადეგარობის) ან ნამუშევარის სიმტკიცესთან დაკავშირებული რისკების არსებობისას, მენარდეს კანონმდებელი უწესებს კონკრეტული ქცევის წესს: 1) მან უნდა გააფრთხილოს შემკვეთი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობაზე; 2) აღნიშნული გაფრთხილება უნდა იყოს დროული, ესე იგი, უნდა იძლეოდეს ხარვეზის იმგვარად აღმოფხვრის შესაძლებლობას, რომ სამუშაოს შესრულება სახელშეკრულებო ვადების მნიშვნელოვანი გადაჭარბების გარეშე მიღწევადი იყოს; 3) ხარვეზის აღმოსაფხვრელად შემკვეთს უნდა განესაზღვროს კონკრეტული ვადა, რომლის უშედეგოდ გასვლაც მენარდეს წარმოუშობს ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

37.4. მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულებასთან მიმართებით შემსყიდველთან წერილობითი კომუნიკაცია მიმწოდებელს პირველად განხორციელებული აქვს 2018 წლის 30 ნოემბერს, რომლითაც ითხოვს: პროექტითა და ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი დამიწების სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში ასახვას; პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების კოორდინატებისა და მათი განლაგების სქემების, აგრეთვე ზომების მითითებას; გარე განათების სანათების საზომი ერთეულის (ცალობა, გრძივი მეტრობა) დაზუსტებას, ღობის დემონტაჟსა და მათ ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული შემოღობვის მოწყობაზე ნებართვას, აგრეთვე დასარგავ, მოსაჭრელ და გასასხლავ ხე-მცენარეებზე მითითებას და წარმომადგენლის გამოყოფას (იხ. ტ.1, ს.ფ. 257). ამრიგად, ზემოაღნიშნული წერილობითი კომუნიკაცია არავითარ მითითებას, მასზედ, რომ პროექტი ხარვეზიანია და მის შეუსაბამოდ წარმოებული სამუშაოები იქნება უხარისხო ან გამოუსადეგარი, წინამდებარე წერილი არ შეიცავს; მოთხოვნილი არ არის პროექტის კორექტირება და საამისოდ არც ვადაა განსაზღვრული. ამრიგად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტ შ.პ.ს. „ტ“-ს მოსაზრებას მასზედ, რომ მან საპროექტო დოკუმენტაციაში არსებულ ხარვეზებზე კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მყისიერად აცნობა შემკვეთს.

37.5. ზემოაღნიშნული წერილი, გამოვლენილ ხარვეზებზე გაფრთხილების შემცველ კომუნიკაციად არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან წერილის წარდგენის პარალელურად, შემკვეთი შეუდგა ხელშეკრულებით დათქმული სამუშაოების შესრულებას და 2018 წლის 27 დეკემბერს შემკვეთს ჩააბარა პირველ თარგში წარმოებული: ბაზალტის ფილების მოხსნის, მიწის ხელით გათხრის, რკინა-ბეტონის ცოკოლის კონსტრუქციის მოწყობის, რკინა-ბეტონის საძირკვლის მოწყობისა და ხეების გადარგვის სამუშაოები (ტ.2, ს.ფ. 233-238), ხოლო მეორე თარგში - მიწის ხელით გათხრის, რკინა-ბეტონის ცოკოლის კონსტრუქციის მოწყობის, რკინა-ბეტონის საძირკვლის მოწყობისა და ხეების გადარგვის სამუშაოები (ტ.2, 240-244).

37.6. ამრიგად, 2018 წლის 30 ნოემბრის წერილს პალატა განიხილავს არა როგორც პრეტენზიად ნაკლიანი პროექტისადმი, არამედ როგორც სამუშაო პროცესში დამატებითი ინფორმაციის მიღების მოთხოვნად, რასაც შემკვეთის მხრიდან მოჰყვა გონივრული და მოთხოვნის შესაბამისი მოქმედება - მენარდესთან პროექტის ავტორის (არქიტექტორის) დაკავშირების უზრუნველყოფის სახით. ამრიგად, კასატორის პრეტენზია მასზედ, რომ არქიტექტორთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობა არ უტოლდებოდა პროექტის კორექტირებას, გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან 2018 წლის 30 ნოემბრის წერილის თანახმად, როგორც აღინიშნა, მენარდეს პროექტის კორექტირების მოთხოვნა შემკვეთის წინაშე არ წაუყენებია.

37.7. პირველი წერილობითი კომუნიკაცია, რომელშიც კასატორმა განაცხადა პროექტის ნაკლის შესახებ, თარიღდება 2019 წლის 04 თებერვლით, ე.ი. იმ თარიღით, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყების თარიღიდან გასულია ორ თვეზე მეტი, ხოლო სამუშაოთა საბოლოო დასრულების თარიღამდე დარჩენილია ორ თვეზე ნაკლები. განვლილი და დარჩენილი სახელშეკრულებო ვადების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მენარდეს დარღვეული აქვს პროექტის ნაკლიანობის „დროულად“ გაცხადების (ე.ი. გაფრთხილების) ვალდებულება, რაც მას ართმევს 647-ე მუხლით განსაზღვრული შესაძლებლობით (ხელშეკრულებაზე უარი და ზიანის ანაზღაურება) სარგებლობის უფლებას. ამავდროულად, სსკ 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 647-ე მუხლის ერთობლივი ანალიზის შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ საპროექტო დოკუმენტაციის ნაკლოვანება შემკვეთისგან ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას გამორიცხავდა სწორედ იმ შემთხვევაში, თუ ნაკლის შესახებ შეკვეთი დროულად იქნებოდა ინფორმირებული.

37.8. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ შესაგებელთან ერთად წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დატანილი მინაწერები არ შეიძლება განხილულ იქნეს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ აღიარებად, ვინაიდან იმისთვის, რომ აღნიშნულ მითითებებს გააჩნდეთ აღიარების მნიშვნელობა, აუცილებელია, დგინდებოდეს აღიარების განმახორციელებელი პირის ვინაობა და მისი საპროცესო უფლებამოსილება სსსკ 96-ე მუხლის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში კი დაუდგენელია როგორც მინაწერის განმახორციელებელი პირის ვინაობა, ისე მისი უფლებამოსილება.

37.9. დაუსაბუთებელია კასატორის ის მოსაზრებაც, 2019 წლის 26 მარტს გამოაცხადებული NAT190006216 ელექტრონული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება სავარაუდო ღირებულებით 8 814 484 ლარი, მოწმობს გაცილებით დაბალ თანხაზე 2018 წლის 27 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების შესრულების შუძლებლობას პროექტის ხარვეზიანობის გამო. პალატა მიუთითებს, რომ 2018 წლის 28 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად, შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენდა თბილისში, .... ქუჩისა და მიმდებარედ არსებული თარგის მოწყობა, ხოლო 2019 წლის 26 მარტის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება მოიცავს არამარტო .... ქუჩას და მის მიმდებარედ არსებულ ზონებს, არამედ კახეთის გზატკეცილის განაპირა თარგებსაც, რაც მეტყველებს მასზედ, რომ 2019 წლის 26 მარტს გამოაცხადებული NAT190006216 ტენდერის ფარგლებში დადებულ სახელწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში გაზრდილია არამარტო სახელშეკრულებო ფასი, არამედ შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობაც.

37.10. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულებები შ.პ.ს. „ტ“-ს შავ სიაში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე სამართლებრივ აქტებად უნდა მიეჩნია, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს, რომ მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

37.11. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოტანილ განკარგულებებში ასახული ფაქტები ვერც საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებად იქნება მიჩნეული და მით უმეტეს, ვერც იმავე მხარეთა შორის წარმოებულ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებად. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოტანილ განკარგულებებს წინამდებარე დავისათვის გააჩნიათ არა პრეიუდიციული, არამედ რიგითი მტკიცებულების ძალა.

37.12. კასატორი პრეტენზიას აცხადებს 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების ფარგლებში წარმოებულ სამუშაოთა ნაკეთობად განხილვისა და შესაამისად, ნაკეთობის ნაკლის მომწესრიგებელი ნორმების სადავო სამართალურთიერთობის მიმართ გამოყენებაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე (II), 639-ე-645-ე, 652-ე-654-ე მუხლების დისპოზიციაში გამოყენებულ ტერმინ „ნაკეთობას“ პალატა განმარტავს, როგორც სამუშაოს, რომლის შესრულებაც იწვევს მატერიალიზებული შედეგის დადგომას, სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ნაკეთობაა ყველაფერი, რაც ხელშეკრულებით გადასაცემი საგნის შექმნას, გარდაქმნას, აღდგენას იწვევს (იხ. სუსგ. №717-670-2017, 26.04.2018წ). ამრიგად, საკასაცო პალატა ვერ გაიზიარებს პრეტენზიას თბილისში, .... ქუჩისა და მიმდებარედ არსებული თარგის მოწყობის სამუშაოების ნაკეთობად კვალიფიკაციის დაუშვებლობის შესახებ.

37.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.

37.14. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მხარეებმა 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების მე-5 მუხლით შეათანხმეს შესრულებულ სამუშაოთა ინსპექტირების კონკრეტული წესი, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს ნებისმიერ ეტაპზე ახორციელებს შემსყიდველი, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცის საქალაქო სამსახურის თანამშრომელთა მეშვეობით (5.1.-5.2. პუნქტები), ამავდროულად, შესრულებული სამუშაოების კალენდარულ-გეგმა გრაფიკთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსყიდველი პერიოდულად ახორციელებს ინსპექტირებას, რაზედაც წინასწარ ატყობინებს მიმწოდებელს. ინსპექტირების შედეგები აისახება შესაბამის ოქმში (5.3. პუნქტი).

37.15. ამრიგად, თბილისში, .... ქუჩისა და მიმდებარედ არსებული თარგის მოწყობის სამუშაოებზე ინსპექტირება განხორციელდა მხარეთა მიერ შეთანხმებული წესის შესაბამისად, შეთანხმებული პირების მიერვე. თანახმად 2019 წლის 05 თებერვლის ინსპექტირების აქტისა, შესრულებული სამუშაოების ნაკლი გამოვლინდა შემდეგში - ცოკოლის და გაბიონების მოწყობისას დაცული არ იყო პროექტში მითითებული ზომების სიზუსტე, ასევე გაბიონის ბადის მოწყობა ხარვეზით იყო შესრულებული; კირქვით შევსებული გაბიონის ზედა ნიშნული არ იყო ერთ დონეზე გასწორებული; ზოგ ადგილას სარწყავის მოსაწყობად საჭირო თხრილის სიღრმე არ შეესაბამებოდა პროექტით გათვალისწინებულს (იხ. ტ.2., ს.ფ. 251-252). ამრიგად, საკასაციო პრეტენზია მასზედ, რომ დაძლეული არ არის ნაკეთობის ნაკლის მტკიცების ტვირთი, გაზიარებული ვერ იქნება.

37.16. უსაფუძვლოა კასატორის ის პრეტენზიაც, რომლის თანახმად, სამუშაოთა ნაწილი 2018 წლის 27 დეკემბერს შემსყიდველმა მიღება-ჩაბარების აქტით პრეტენზიის გამოთქმის გარეშე ჩაიბარა და მხოლოდ 2019 წლის თებერვლის თვეში განაცხადა შენიშვნები. ნაკლიანი შესრულების პრეტენზია მიემართება გაბიონებისა და სარწყავის მოწყობის სამუშაოების არაჯეროვან შესრულებას, რაც წარმოადგენდა არა 27 დეკემბრის მდგომარეობით ჩაბარებულ სამუშაოთა ნაწილს (რომელიც აღწერილია წინამდებარე განჩინების 37.5. პუნქტში) არამედ, 2018 წლის 28 დეკემბრიდან 2019 წლის 26 თებერვლამდე წარმოებულ სამუშაოებს (იხ. ტ.1, ს.ფ. 372-390) რომელზედაც მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული არ ყოფილა, ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მტკიცებას მასზედ, რომ შემკვეთმა სამუშაოთა ნაკლზე პრეტენზია დაგვიანებით წარადგინა.

37.17. წინამდებარე განჩინების 36.1.-36.2. პუნქტებში აღწერილ მიზეზთა გამო, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ დამატებითი შესრულებისათვის (ნაკლის გამოსწორებისათვის) ვადის მიცემის საპირწონედ, არსებობდა იმგვარი ფაქტების ერთობლიობა, რომელიც შემკვეთს ათავისუფლებდა ნაკლის აღმოსაფხვრელად დამატებითი ვადის დაწესების ან გაფრთხილების ვალდებულებისაგან, კერძოდ, ხელშეკრულების შეწყვეტის ეტაპზე აშკარა იყო, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნებოდა (სსკ 405-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).

37.18. პალატა, ამავდროულად, ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ თბილისში, .... ქუჩისა და მიმდებარედ არსებული თარგის მოწყობის სამუშაოებზე პირველი ინსპექტირება წარიმართა 2019 წლის 05 თებერვალს (იხ. ტ.2, ს.ფ. 251-252), რომელში აღწერილი ხარვეზების შინაარსიც, 2019 წლის 08 თებერვლის მდგომარეობით, ცნობილი იყო შ.პ.ს. „ტ“-ს დირექტორისთვის, რასაც მოწმობს მისი წერილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის სამსახურისადმი (იხ. ტ.2., ს.ფ. 254-255), რომლითაც მენარდე კომპანიას არ გამოუვლენია ნაკლის აღმოფხვრის ნება, არამედ, ხარვეზების არსებობა განმარტა პროექტის კორექტირების აუცილებლობით. ამავდროულად, 2 კვირის შემდგომ, 2019 წლის 20 თებერვალს შედგენილი ინსპექტირების აქტით ვლინდება, რომ გაბიონების მოწყობასთან დაკავშირებული ის პრეტენზიები, რომელიც გამოთქმული იქნა რიგით პირველი ინსპექტირებით, არსებობდა მეორე შემოწმების ჩატარების ეტაპზეც, სწორედ აღნიშნულის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტაზე (იხ. 8.2, ს.ფ. 262-265). ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზას მასზედ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე მენარდეს არ მიეცა დამატებითი შესრულების გზით ნაკეთობის ნაკლის გამოსწორების შესაძლებლობა, არამედ, დროის შუალედი პირველ და მეორე ინსპექტირებას შორის, სწორედ დამატებითი შესრულების გზით ნაკლის გამოსწორების შესაძლებლობას წარმოადგენდა.

38.1. რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის ეტაპზე, შემსყიდველს მართებდა 2019 წლის 28 დეკემბრიდან 26 თებერვლამდე წარმოებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება, პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმა, როგორც სსკ 352-ე მუხლია დასათაურებული, ისევე როგორც მისი სინონიმი _ ხელშეკრულების შეწყვეტა, არის გვარობითი ცნება. შედეგების მიხედვით უნდა განვასხვაოთ: 1. ხელშეკრულებაზე უარის თქმა უკუქცევითი ძალით (ex tunc მოქმედებით), ანუ შეცილება; 2. ხელშეკრულებაზე უარის თქმა ex nunc მოქმედებით მიღებულის რესტიტუციის ვალდებულებით; და 3. ხელშეკრულების სამომავლოდ გაუქმება რესტიტუციის გარეშე, ანუ ხელშეკრულების მოშლა. ხელშეკრულების მოშლას მეორე შემთხვევისაგან, რომელიც მოიხსენიება გასვლად, განასხვავებს სწორედ მიღებულის რესტიტუცია. მოშლის შემთხვევაში მხარეები არ აბრუნებენ მიღებულს, გასვლის შემთხვევაში კი აბრუნებენ, ანუ ამ ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება სამომავლოდ, მიღებული შესრულების უკუქცევის გარეშე (იხ. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019. გვ.296).

38.2. პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების თანმდევი ერთადერთი შედეგი ყოველთვის არ არის ორმხრივი რესტიტუცია. მხარეებს, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, უფლება აქვთ, შეთანხმების ძალით განსაზღვრონ ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგები, რომელიც დააკონკრეტებს რესტიტუციის წინაპირობებსა და მასშტაბებს.

38.3. მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების მხარეებმა შეთანხმების ძალით, 10.5. პუნქტში სანიმუშო ჩამონათვალის გაკეთებით განსაზღვრეს შემსყიდველის ინიციატივით სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შესაძლო შემთხვევები, თუმცა ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრეს, რომ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშვებოდა მხოლოდ 10.5. პუნქტით მითითებულ შემთხვევებში.

38.4. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო არამარტო 10.5 პუნქტის ჩამონათვალში გათვალისწინებული გარემოება (გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილება), არამედ სამუშაოთა არაჯეროვანი შესრულებაც (10.1. პუნქტი) ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას მასზედ, რომ ვინაიდან არაჯეროვნად წარმოებულ სამუშაოთა ანაზღაურებაზე მხარეებს სახელშეკრულებო შეთანხმება არ მიუღწევიათ, ფაქტობრივად შესრულებული ნაკლიანი შესრულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მენარდეს არ წარმოშობია.

38.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია 2019 წლის 22 თებერვალს წერილობით მიღებული გადაწყვეტილება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია არამარტო კალენდარული გეგმა-გრაფიკის დარღვევა, არამედ სამუშაოთა არაჯეროვანი შესრულება, ამდენად, გაზიარებას არ იმსახურებს კასატორის მოსაზრება მასზედ, რომ თითქოს მოპასუხემ შესაგებლით აღიარა ხელშეკრულების შეწყვეტა მარტოოდენ 10.5. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით.

39. ვინაიდან საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულება შეწყვეტილია მართლზომიერად, საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია საკასაციო პრეტენზიები ამავე ხელშეკრულების ფარგლებში გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის უკან დაბრუნების, ხელშეკრულების შეუსრულებლობით განცდილი ზიანის (მათ შორის, მიუღებელი შემოსავლის), ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად დაკავებული თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, ვინაიდან ჩამოთვლილ მოთხოვნათა დაკმაყოფილების აუცილებელი კომპონენტი - შემკვეთის ქმედების არამართლზომიერება (ვალდებულების დარღვევა), როგორც უკვე აღინიშნა, 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულებასთან მიმართებით, არ დგინდება.

40.1. გაზიარებას არ იმსახურებს კასატორის არც ის პრეტენზია, რომ სასამართლოს მართებდა, 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულებასთან მიმართებით ემსჯელა შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების მისადაგების საკითხზე.

40.2. პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების დისპოზიციას, რომლის თანახმად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. ამრიგად, შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების პირობათა მისადაგება მოთხოვნის უფლებაა და სასამართლო მასზე იმსჯელებს მხოლოდ საამისო სასარჩელო მოთხოვნის არსებობისას. შ.პ.ს. „ტ“-ს სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს სასამართლოს წინაშე არათუ არ წარუდგენია ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების მოთხოვნა, არამედ ნორმით განსაზღვრულ ფაქტობრივ წანამძღვრებზეც არ მიუთითებია სრულფასოვნად (1. გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ხელშეკრულებას; 2. მათი არსებითი ცვლილება ხელშეკრულების დადების შემდგომ; 3. შეცვლილ გარემოებათა ზეგავლენა დათქმული პირობებით ხელშეკრულების შესრულებაზე; 4. გარემოებათა ცვლილებაში მისადაგების მომთხოვნი პირის ბრალეულობის არარსებობა. საკითხზე იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, გვ.616 და შემდგომნი), რაც გამორიცხავს სასამართლოს ვალდებულებას, იმსჯელოს სახელშეკრულებო პირობათა გადასინჯვის საფუძვლებზე, ვინაიდან სასამართლო, მართალია, თავისუფალია სამართლებრივი შეფასებების განხორციელებაში, მაგრამ დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპით, შებოჭილია მხარის მოთხოვნის ფარგლებითა და მითითებული ფაქტებით.

41.1. რაც შეეხება 2018 წლის 02 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაუკმაყოფილებელ სასარჩელო მოთხოვნათა ნაწილში წარდგენილ საკასაციო პრეტენზიებს, უპირველესად, პალატა შეაფასებს სამუშაოთა ღირებულების დაკავებული 5%-დან 2.5%-ის დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში მიღებულ გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიას.

41.2. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 653-ე მუხლი ადგენს ნარდობის საგნის მიმართ საგარანტიო ვადის დაწესების შესაძლებლობას და სწორედ ამ ვადის განმავლობაში შეიძლება შემკვეთს წარმოეშვას დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლება მენარდის მიმართ. ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი არც ერთი ნორმა, საგარანტიო ვადაში რაიმე საგარანტიო თანხის დაწესების წინაპირობას არ ადგენს, თუმცა, არც იმპერატიულადაა აკრძალული ამგვარი შესაძლებლობა, სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე (სკ-ის 319.1 მუხლი). საკასაციო სასამართლო აფასებს მხარეთა შეთანხმებას სადავო თანხის ანაზღაურების წესთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ის ყველაზე ახლოს პირგასამტეხლოსთან დგას (სკ-ის 417-ე მუხლი). სახელშეკრულებო დათქმა, რომლის თანახმადაც, საგარანტიო თანხის 2.5% ანაზღაურდებოდა სამუშაოს მიღების შემდგომ, ხოლო 2.5% ხარვეზების აღმოფხვრის შემდგომ, ან ეს უკანასკნელი ნაწილი დარჩებოდა შემკვეთს, თუ მენარდე უარს განაცხადებდა ხარვეზის გამოსწორებაზე, სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარმოშობის საფუძველია (იხ. სუსგ. №ას-1790-2018, 19.04.2019წ).

41.3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმების 4.3. პუნქტით მხარეებმა დაკავებული 5%-დან 2.5%-ის დაბრუნება დაუკავშირეს სამუშაოს სრულად დასრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტს, ხოლო დარჩენილი 2.5%-ის დაბრუნება _ შესაბამისი ოდენობის სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის შემსყიდველისათვის წარდგენას, რომელიც უნდა წარდგენილიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, საფინანსო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

41.4. მართალია, მხარეთა შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა, მაგრამ როგორც მოსარჩელე აღნიშნავდა და აღნიშნული პოზიცია გაზიარებულ იქნა სასამართლოს მიერაც, სამუშაოები საბოლოოდ ჩაბარებულად ჩაითვალა კანონისმიერი დათქმით სსკ 649-ე მუხლის საფუძველზე, შესაბამისად, წარმოიშვა პირველი ეტაპით გათვალისწინებული 2.5%-ის დაბრუნების ვალდებულება, თუმცა, სახელშეკრულებო დათქმის მეორე პირობა, რაც გულისხმობდა მენარდის მხრიდან დარჩენილ 2.5%-ის ოდენობით სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის შემსყიდველისათვის წარდგენას ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში (საფინანსო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში), აღნიშნული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება მენარდეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია, ამდენად, საგარანტიო ვადის მოქმედების ფარგლებში დაკავებულმა 2.5%-მა ჩაანაცვლა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფის შეთანხმებული მექანიზმი.

41.5. დადგენილია, რომ 2019 წლის 05 თებერვლის ინსპექტირების აქტში თბილისში, ...... 7-20-ს შორის არსებულ ტერიტორიაზე წარმოებული საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოების მონიტორინგისას იდენტიფიცირდა სხვადასხვა ხასიათის ნაკლოვანებები, რომელთა ნაწილიც, პალატის მოსაზრებით, შესაძლოა იყოს მესამე პირთა ზემოქმედების შედეგი და მათთან მიმართებით მენარდის ბრალეულობა მართლაც არ დგინდება, მაგრამ აქტში აღწერილი რიგი დეფექტები, რაც მოიაზრებს იმას, რომ ლითონის კონსტრუქციის შედუღებები დატოვებული იყო დამუშავებისა და შეღებვის გარეშე, აუზის შეღებილი ნაწილი წყალმედეგი საღებავის გამოუყენებლობის გამო იყო ჩამორეცხილი, ლითონის ცხაურები დამუშავებული არ იყო ანტიკოროზიული საღებავით, თავად დეფექტების ხასიათის გათვალისწინებით, პალატას უქმნის შინაგან რწმენას მასზედ, რომ აღნიშნული ხარვეზები გამოწვეული ვერ იქნება ბუნებრივი მოვლენების ან/და მესამე პირთა ზემოქმედების შედეგად, ამდენად, საკასაციო პალატა იზარებს დასკვნას მასზედ, რომ საგარანტიო ვადაში წარმოიშვა იმგვარი დეფექტები, რომელთა გამოსწორებაზე უშაუალო პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მენარდეს. დადგენილია, რომ მიუხედავად მოთხოვნისა, ჩამოთვლილი ხარვეზები გამოასწორა არა მენარდემ, არამედ მერიის კონტრაქტორმა მესამე პირმა, ხოლო ხარჯი გაიღო შემსყიდველმა, ამდენად, 02.07.2018 წლის ხელშეკრულების 4.5 პუნქტის შესაბამისად, წარმოიშვა 2.5%-ის ოდენობით საგარანტიო თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, ამ ნაწილში საკასაციო პრეტენზია უსაფუძვლოა. ამავდროულად, აქცესორული ბუნების გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია მოთხოვნა იმ თანხაზე პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ, რომლის მოთხოვნის უფლებაც მოსარჩელეს არ გააჩნია (სსკ 153-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

42. რაც შეეხება 02.07.2018 წლის ხელშეკრულების ფარგლებში მისაღები მოგების სახით მოთხოვნილ ზიანის ანაზღაურებას, პალატა მიუთითებს, რომ სსკ 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების ოთხ კუმულატიურ წინაპირობათაგან ერთ-ერთია თავად ზიანის არსებობა. კასატორის მხრიდან შეუდავებელ და შესაბამისად, დამტკიცებულ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ 868 898.94 ლარის ღირებულების სამუშაოები აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული და ანაზღაურებულია, ამავდროულად, შემკვეთს სასამართლო გადაწყვეტილებით დაევალა სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის - 52 597.51 ლარის ანაზღაურება. უდავოა ისიც, რომ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის თანახმად, ამავდროულად, მოიცავს მენარდის მიერ ამ ხელშეკრულების ფარგლებში მისაღებ გეგმიურ მოგებასაც (იხ. ტ.1, ს.ფ. 71; 74). ხარჯთაღირცხვის შესაბამისი ანაზღაურების გადახდევინებით მენარდემ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოგებაც, ამრიგად, კასატორი ვერ უთითებს თუ რაში გამოიხატა თავად ზიანი, რაც გამორიცხავს აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობას.

43.1. საკასაციო პრეტენზიის იმ ნაწილთან მიმართებით, რომელიც გულისხმობს 2018 წლის 02 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში გამოთხოვილი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 46 390 ლარის 10,5%-ის ოდენობით (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ეროვნულ ვალუტაში კომერციული ბანკების დეპოზიტზე დადგენილი წლიური საპროცენტო განაკვეთი) გადახდას, უნდა აღინიშნოს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში აღნიშნულ მოთხოვნას მოსარჩელე უკავშირებდა ზიანს, რომელიც გამოიხატა მიუღებელ შემოსავალში, შესაბამისად, სასამართლოთა მიერ აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობა სწორად შეფასდა სსკ 411-ე მუხლის ფარგლებში. რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში გაცხადებულ პოზიციას, რომ აღნიშნული საპროცენტო განაკვეთი არის ის პროცენტი, რომელსაც შ.პ.ს. „ტ“ უხდის ბანკს ბენეფიციარის მიერ განაღდებული საბაკო გარანტიის სესხად ტრანსფორმირების შედეგად, ფაქტობრივად, აღნიშნული განმარტებით, კასატორი განმარტავს, რომ მითითებული ოდენობით თანხა არა მისი განაცდური შემოსავალი, არამედ რეალური ზიანია, რაც გამოიხატება ბანკის მიმართ პრინციპალის მიერ ანაზღაურებულ საპროცენტო სარგებელში. აღნიშნული განმარტება საკასაციო სასამართლოში წარმოადგენს ახლად მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც, სსსკ 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნულ განმარტებაზე არ იმსჯელებს და შემოიფარგლება ამ მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მითითებული იმ გარემოებებით, რომლებიც საქმეში არსებოდა სააპელაციო სამართალწარმოების საფეხურზე.

43.2. რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის სახით უსაფუძვლოდ გამოთხოვილ საბანკო გარანტიაზე სარგებლის დარიცხვის საფუძვლიანობას, საკასაციო პალატას არაერთ გადაწყვეტილებაში განუმარტავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების საფუძველზე ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასების თავისებურება ფულადი ვალდებულების შესრულების კონტექსტში (იხ. სუსგ №ას-254-241-2015, 06.05.2015წ; №ას-666-2022, 07.07.2022წ). მათში ხაზგასმულია ფულისაგან, როგორც ბრუნვაუნარიანი ობიექტისგან, სარგებლის მიღების რეალური შესაძლებლობის თავისთავად არსებობა, თუმცა აღნიშნული იმთავითვე არ გულისხმობს მოსარჩელის მტკიცების ტვირთის არაგონივრულად შემცირებას, არამედ იგი პირდაპირპროპორციულად მნიშვნელოვანია მოსამართლის როლისათვის მიუღებელი შემოსავლის განმარტების, არსებობის დასაბუთებისა და ოდენობის განსაზღვრის პროცესში. მხოლოდ მოსამართლის როლისა და მხარეთა მტკიცების ტვირთის ზრდის პირობებში გახდება შესაძლებელი, რომ მიუღებელი შემოსავალი არარეალურ და აბსტრაქტული შინაარსის მოთხოვნად არ იქცეს და მოხდეს მტკიცებულებებისა და გარემოებების კომპლექსურად შეფასება (შდრ. ჩიტაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო სამართლის საფუძვლები ქართულ სასამართლო პრაქტიკაში, თსუ, 2016, გვ. 154).

43.3. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე და 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა, მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss). იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (შეადრ. სუსგ №ას-754-2021, 02.12.2021 წ.).

43.4. განსახილველ შემთხვევაში, ვერც სარჩელში და ვერც სააპელაციო საჩივარში მოსარჩელე (კასატორი) ვერ ასაბუთებდა, თუ რა ქონებრივ სარგებელს მიიღებდა მოსარჩელე საბანკო გარანტიის გამოთხოვისგან თავის შეკავების შემთხვევაში. უდავოა, რომ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა ამოღებულ იქნა ბანკის ქონებრივი სფეროდან და ბანკის მიერ პრინციპალის მიმართ რეგრესის უფლების გამოყენების მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. საკასაციო პალატის მოსაზრებით, უსაფუძლოა ვარაუდი მასზედ, რომ საბანკო გარანტიის თანხით პრინციპალს რაიმე სახის მოგების (მათ შორის დეპოზიტზე დარიცხული სარგებლის) მიღების შესაძლებლობა ექნებოდა, ვინაიდან გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხა ისედაც არასდროს ყოფილა პრინციპალის განკარგვის ობიექტი. ამრიგად, არ დგინდება თავად ზიანის არსებობა, თუმცა მისი ჰიპოთეტურად დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, მხარე ვერ ასაბუთებს კავშირს ბენეფიციარის მიერ საბანკო გარანტიის გამოთხოვის ფაქტსა და მის აცდენილ მოგებას შორის, ანუ დაძლეული არ არის არც მიზეზობრიობის მტკიცების კომპონენტიც, რაც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიის უსაფუძვლოდ მიჩნევის საფუძველია.

44. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორ შ.პ.ს. „ტ“-ს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სამართლებრივ შეფასებებთან მიმართებით წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები კი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის არცერთ კრიტერიუმს, რაც II კასატორის საკასაციო პრეტენზიის დაუშვებლად მიჩნევის საფუძველია.

45. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

46. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, შ.პ.ს. „ტ“-ს უნდა დაუბრუნდეს 2021 წლის 01 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70%, რაც შეადგენს 5600 ლარს. კასატორი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ამრიგად, მის ნაწილში არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებაზე მსჯელობის საპროცესოსამართლებრივი წინაპირობა.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და შ.პ.ს. ,,ტ"-ს საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. ,,ტ"-ს (ს/კ .......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 01.12.2021წ. გადამხდელი: დ.ძ–ძე (პ/ნ .......)) 70% - 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი