01 ნოემბერი, 2022 წელი №ას-1235-2021 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შ.პ.ს. „ე–ო“
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „კ.ბ.ს.გ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 06 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შ.პ.ს „კ.ბ.ს.გ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შ.პ.ს „ე–ო“-ს მიმართ 81760.38 ლარის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე კომპანიის წინაშე დავალიანება არ აქვს. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მიღება-ჩაბარების აქტები და სასაქონლო ზედნადებები, შესაბამისად, საქმის მასალებით, არ დასტურდებოდა მყიდველის მიერ საქონლის მიღების ფაქტი. სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ 81 760.38 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. 2016 წლის 18 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოიჯარე შ.პ.ს. „ე–ო“-ს 6 თვის ვადით სარგებლობაში საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გადასცა. საიჯარო ქირა ერთი თვის განმავლობაში 2500 ლარს შეადგენდა. მოიჯარე იჯარის ქირას საიჯარო თვის დასრულებიდან, ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, მიღება-ჩაბარების აქტისა და ანგარიშფაქტურის საფუძველზე იხდიდა.
5.2. იჯარის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის 2.1.1. ქვეპუნქტის მიხედვით, მეიჯარე ვალდებული იყო, მიღება-ჩაბარების აქტით მოიჯარეს საიჯარო საგანი დროებით სარგებლობაში, ვარგის მდგომარეობაში, ყველა აუცილებელი დოკუმენტით გადაეცა. ამავე მუხლის 2.3. პუნქტის 2.3.2. ქვეპუნქტის მიხედვით, მოიჯარე ვალდებული იყო, მიღება-ჩაბარების აქტით მეიჯარესთვის საიჯარო საგანი პირვანდელ მდგომარეობაში, ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით, დაებრუნებინა.
5.3. ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.4. პუნქტის მიხედვით, თუ სახელშეკრულებო ვადის გასვლის შემდეგ, საიჯარო ურთიერთობა მხარეთა შორის გაგრძელდებოდა ისე, რომ მოიჯარე საიჯარო საგნით სარგებლობას ფაქტობრივად მაინც გააგრძელებდა, მას მეიჯარესთვის ფაქტობრივად სარგებლობის პერიოდში, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა (ს.ფ. 21-24).
5.4. 2016 წლის 04 ივნისს იმავე მხარეებს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მენარდე შ.პ.ს. „კ.ბ.ს.გ–მა“ იკისრა ვალდებულება, შემკვეთის შ.პ.ს. „ე–ოს“ სასარგებლოდ ასფალტბეტონის საფარის ფრეზირების სამუშაოები შეესრულებინა, ხოლო შემკვეთი სამუშაოების ღირებულების გადახდას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით, უზრუნველყოფდა. სამუშაოს დასრულების ვადა 2016 წლის 08 ივნისით განისაზღვრა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 6300 ლარით შეთანხმდა.
5.5. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის მიხედვით, სამუშაოები ან მათი ნაწილი მენარდის მიერ შესრულებულად და შემკვეთის მიერ მიღებულად, მხარეთა შორის სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის მიღების აქტი) ხელმოწერის საფუძველზე, ჩაითვლებოდა. ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.4. პუნქტის თანახმად, შემკვეთს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადახდა მხარეთა მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში, მენარდის მიერ შემკვეთისათვის წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, უნდა განეხორციელებინა (ს.ფ. 24-27).
5.6. 2016 წლის 01 ნოემბერს იმავე მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველმა შ.პ.ს. „კ.ბ.ს.გ–მა“ იკისრა ვალდებულება, 2016 წლის 01 ნოემბრიდან 2016 წლის 01 აპრილამდე ეტაპობრივად შ.პ.ს. „ე–ოსთვის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი მიეწოდებინა.
5.7. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. პუნქტის მიხედვით, საქონელი გამყიდველის მიერ გადაცემულად და მყიდველის მიერ მიღებულად გამყიდველის მიერ გამოწერილი ზედნადების საფუძველზე, ჩაითვლებოდა. ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.3. პუნქტის მიხედვით, მყიდველს საქონლის ღირებულების გადახდა წინასწარ, საქონლის მიწოდებამდე, კონკრეტული მისაწოდებელი საქონლის ღირებულების ოდენობით უნდა განეხორციელებინა (ს.ფ. 28-31).
5.8. მხარეებს შორის 2016 წლის 25 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შ.პ.ს. „ე–ოს“ სასარგებლოდ თავის საკუთრებაში/კანონიერ მფლობელობაში არსებული ,,FORD CARGOS"-ს მარკის სპეციალიზებული ემულსიის გადამზიდით ს/ნ ....., ბიტუმის ემულსიის, ქ. თბილისში, ლილოდან ჩარგლის ქუჩაზე, ტრანსპორტირება უნდა განეხორციელებინა, ხოლო შემკვეთი მომსახურების ღირებულების გადახდას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით უზრუნველყოფდა. მომსახურების გაწევის ვადები 2016 წლის 25-30 ნოემბრით განისაზღვრა (ს.ფ. 31-34).
5.9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შ.პ.ს. „ე–ო“-ს დავალიანება - 81760.38 ლარი ანაზღაურებული არ აქვს, რაც სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა მართებულად გახდა.
5.10. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 477.1, 477.2, 581-ე და 629.1 მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის საკვლევი გარემოება მოპასუხე კომპანიისთვის, ნასყიდობის, ნარდობისა და იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე, გადაუხდელი დავალიანების არსებობის ფაქტის დადგენა იყო.
5.11. სამოქალაქო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის ობიექტური სტანდარტიდან გამომდინარე, პალატამ განმარტა, რომ მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტი შედავება წარადგინა, კერძოდ, მან თანხის გადახდის ფაქტზე მიუთითა, რაც იმდენად არსებითია, რომ სარჩელის წარმატებულობას გამორიცხავს (სამოქალაქო კოდექსი 427-ე მუხლი). ხსენებულიდან გამომდინარე, მტკიცების საგანში შემავალ უპირველეს გარემოებას საფასურის გადახდის ფაქტის დადგენა წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 429-ე-431-ე მუხლებით განსაზღვრული სავალო საბუთის ინსტიტუტიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი ყოველთვის მოპასუხეს ეკისრება, რომელიც ვალდებულია, ხსენებული ფაქტი სათანადო დოკუმენტით დაადასტუროს.
5.12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ დავალიანების შესახებ საბუღალტრო ამონაწერი, მოპასუხის მიმართ გამოწერილი ანგარიშფაქტურები და საგადახდო დავალებები წარმოადგინა. საბუღალტრო ამონაწერიდან ირკვევა, რომ 2016 წლის იანვრის მდგომარეობით, შ.პ.ს. „ე–ო“-ს დავალიანება მოსარჩელის წინაშე ამ პერიოდამდე, მათ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე - 151 731.67 ლარს შეადგენდა.
საქმის მასალებში მოთავსებული 2016 წელს გაცემული ანგარიშფაქტურების დაჯამების შედეგად ირკვევა, რომ მიწოდების საერთო ღირებულება 429 020,08 ლარი იყო, ხოლო საქმის მასალებში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებების დაჯამების შედეგად დასტურდება, რომ 2016 წელს მოპასუხის გადახდებმა 498 991,37 ლარს მიაღწია.
ხსენებულით ირკვევა, რომ სადავო პერიოდისთვის მოპასუხის გადახდები მიწოდების ოდენობას აღემატებოდა, რაც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, წინა წლებში არსებული დავალიანების შესახებ პრეზუმფცია დაუშვას და მეტობით გადახდილი თანხა სწორედ ვალის დასაფარად მიმართულ თანხად დააკვალიფიციროს. ამ პირობებში, სამოქალაქო პროცესში არსებული მტკიცების ტვირთი ბრუნდება და სწორედ მოპასუხეა (აპელანტი) ვალდებული, მეტობით გადახდილი თანხების ზუსტი დანიშნულება და არსებული ვალის გადახდის დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულებები წარმოადგინოს.
5.13. სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ყველა ანგარიშფაქტურა მოპასუხე კომპანიის მიერ დადასტურებულია, მათი დადასტურება კი, არა გაგზავნისთანავე, არამედ მიღებიდან რამდენიმე დღის/თვის შემდეგ ხდებოდა, რამაც სააპელაციო პალატას შეუქმნა წარმოდგენა, რომ აპელანტ კომპანიას გაწეული მომსახურების მიღების, შემოწმებისა და შემდგომ დოკუმენტაციის დადასტურებისთვის საკმარისი და გონივრული შესაძლებლობა ჰქონდა.
5.14. ანგარიშ-ფაქტურების დადასტურების სამართლებრივ კვალიფიკაციასთან და თავად ანგარიშ-ფაქტურების სამართლებრივ ძალასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ერთგვაროვანი პრაქტიკაა დამკვიდრებული, სადაც სასამართლო მიუთითებს, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მართალია, საჯარო კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტია და საჯარო მიზნებს ემსახურება, თუმცა სამოქალაქო სამართლისათვის მას გარკვეული ღირებულება აქვს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიზნებისათვის, მისი დადასტურება შესრულების მიღებას უტოლდება და ამ ფაქტის გაქარწყლება იმ მხარეს ეკისრება, რომლის წინააღმდეგაცაა იგი მიმართული.
5.15. საკასაციო პალატის მიერ ასევე განმარტებულია, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწეროს და საქონლის/მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას. ანგარიშ-ფაქტურა საგადასახადოსამართლებრივ ურთიერთობებში ცვლის როგორც სასაქონლო ზედნადებს, ისე - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას (მათ შორის, სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს) და მისი გამოწერის/გამოუწერლობის შემთხვევაში დგება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რაც სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გამოწერისას/გამოუწერლობისას.
5.16. ვინაიდან, მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურა, იგულისხმება, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სერვისი მოიცავს საქონლისა და მომსახურების მიწოდების რთული პროცესების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ლოგიკური ჯაჭვით. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას იღებს, როგორც სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი (გამყიდველი), ასევე, მიმღები (მყიდველი) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი. ანგარიშ-ფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა/მომსახურება მიიღო, ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურა იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს. ანგარიშფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს, აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას.
5.17. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ანგარიშფაქტურების ნამდვილობა საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გამხდარა. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები -ანგარიშფაქტურები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებას (გადასახადების ადმინისტრირების შესახებ) შეესაბამება.
5.18. გარდა იმ არგუმენტისა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ შეიძლებოდა ვალდებულების დაკისრების საფუძველი გამხდარიყო, აპელანტი მიუთითებდა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის სისტემიდან ამონაწერი, კომპანიის შედგენილი აქტი იყო, რომელიც სანდოობის ტესტს ვერ ლახავდა და მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნდა. აღნიშნული მსჯელობა სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ სადავო დოკუმენტსა და გამოწერილ ანგარიშფაქტურებში, რომელიც აპელანტი კომპანიის მიერაა დადასტურებული, 2016 წლის განმავლობაში შესრულებულ ოპერაციებთან დაკავშირებით იდენტური მონაცემებია ასახული, მასში სრულად არის ასახული ინფორმაცია საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებებით შ.პ.ს. „ე–ო“-ს მიერ ჩარიცხული თანხების შესახებაც, რაც სასამართლოს საბუღალტრო პროგრამიდან ამონაწერის, როგორც მტკიცებულებითი ძალის არმქონე დოკუმენტზე, რწმენას არ უქმნიდა.
5.19. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით, პალატამ დაასკვნა, რომ 2016 წლის განმავლობაში მიღებული საქონლის, გაწეული მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოს ჯამური ღირებულება 429 020.08 ლარს შეადგენს, აპელანტი კომპანიის მიერ გადახდილი თანხა კი, 498 991.37 ლარია, რაც არსებული ვალდებულების მოცულობას აღემატება.
სააპელაციო პალატამ გაუქარწყლებელი პრეზუმფციის დაშვების საფუძველზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზე, რომ 2016 წლის იანვრის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება, მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე, 151 731.67 ლარს შეადგენდა.
5.20. ამდენად, არსებული დავალიანების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, რომლის წარმოდგენაც აპელანტს შეეძლო და კანონი ამგვარი დოკუმენტის წარმოდგენის ტვირთსაც სწორედ მას აკისრებდა, დგინდებოდა, რომ აპელანტის გადაუხდელი დავალიანება 81 760.38 ლარს შეადგენდა, შემდეგი კალკულაციიდან გამომდინარე:
გადაუხდელ თანხას 580 751,75 ლარს (151 731.67 (2016 წლის იანვრის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება) + 429 020.08 ლარი (2016 წლის განმავლობაში გამოწერილი ანგარიშფაქტურების ჯამი) გამოკლებული გადახდილი დავალიანება 498 991.37 ლარი (გადარიცხული თანხას - 495 446.65 ლარს დამატებული შპს „ე–ოს“ მიერ მოსარჩელისაგან შესყიდული 3544.72ლარი) უდრის 81 760.38 ლარს, ანუ სწორედ იმ ოდენობას, რაც სასარჩელო მოთხოვნა იყო.
5.21. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ელექტრონულად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, როგორც მტკიცებულება, მხარეთა შორის ნასყიდობის, ნარდობისა და საიჯარო ხელშეკრულებების არსებობის ფაქტის დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებას წარმოადგენს, რაც, იმავდროულად, აპელანტის მიერ საქონლის/მომსახურების მიღებასაც ადასტურებს. საპირისპირო მტკიცების ტვირთი იმისა, რომ აპელანტმა კომპანიამ მიღებული საქონლის/სერვისის სრული საფასური გადაიხადა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა. მხარე მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებებით შემოიფარგლებოდა და განმარტავდა, რომ ნასყიდობის/მომსახურების საფასურს ავანსად იხდიდნენ, რაც მტკიცებულებათა ერთობლივი შესწავლის შედეგად, გაზიარებული ვერ იქნებოდა.
5.22. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ანგარიშ-ფაქტურები ელექტრონულად დასტურდებოდა არა მისი გაგზავნისთანავე, არამედ გარკვეული პერიოდის შემდგომ, მხარეს მიღებული/მისაღები საქონლის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების გონივრული ვადა ჰქონდა, რის შედეგადაც მას, როგორც დოკუმენტის დადასტურებაზე უარის თქმა, ასევე მასში შესწორებების შეტანა შეეძლო. როგორც უკვე აღინიშნა, ანგარიშ-ფაქტურა, არა მხოლოდ მომსახურების გაწევის, არამედ, მისი მიღების ფაქტსაც ადასტურებს, რაც მტკიცების ტვირთს აპელანტი კომპანიის მხარეს აბრუნებდა და საპირისპიროს დადასტურების ვალდებულებას მას აკისრებდა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვერ განხორციელდა.
5.23. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და სამართლებრივი შეფასება და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა, რის გამოც იგი უცვლელად უნდა დარჩენილიყო.
5.24. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას არსებითად ვერ შეაფასებდა, საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, მასზე დაგვიანებული აპელირების გამო.
საქმეზე დადგენილი იყო, რომ სარჩელის ხანდაზმულობაზე აპელანტს პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომამდე არ გამოუთქვამს. აღნიშნულზე მან პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განხილვისას განაცხადა. პალატამ განმარტა, რომ ამ სამართლებრივ საკითხზე საქართველოს საკასაციო პალატის მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა არსებობს, კერძოდ, თუკი ხანდაზმულობის თაობაზე მოპასუხეს შესაგებელში ან მოსამზადებელ სხდომაზე არ მიუთითებია, ის სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება.
მოთხოვნის განხორციელების ვადაზე მითითებით ამ მოთხოვნის უარყოფა მოვალის მატერიალურ-სამართლებრივი უფლებაა და მისი რეალიზაცია მფლობელის ნებაზეა დამოკიდებული. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამდენად, ხანდაზმულობა ზღუდავს მოსარჩელის უფლებას მხოლოდ მოპასუხის უფლების ფარგლებთან მიმართებით.
5.25. მოპასუხე უფლებამოსილია, არ შეასრულოს ხანდაზმული მოთხოვნა, ანუ ხანდაზმულობის მოტივით უარყოს სარჩელი. ამგვარი რეგულაცია გამომდინარეობს ხანდაზმულობის არსიდან. ხანგრძლივი დროის გასვლა, როგორც წესი, იწვევს მტკიცებულებათა შეცვლას ან მათი მოპოვების გართულებას, ზოგჯერ - განადგურებასაც კი.
აღნიშნული რისკი განსაკუთრებით მეტ საფრთხეს შეიცავს მოპასუხე მხარისათვის - მან შეიძლება ვერ დაიცვას თავისი ინტერესი მტკიცებულებათა არარსებობის გამო.
შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის მიზანია მხარის ინტერესის დაცვა იმ პროცესის ნაწილად გახდომისაგან, რომელშიც პოზიციის დაცვა რთული ან შეუძლებელია მოთხოვნის სიძველის მიზეზით. მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი კვალიფიკაცია.
ამრიგად, მოთხოვნის ხანდაზმულობას სასამართლო იკვლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნას სათანადო წესით წარდგენილი შესაგებლით უარყოფს. ამდენად, თუკი მოპასუხე სარჩელისაგან თავის დაცვის საშუალებად ხანდაზმულობას იყენებს, იგი ვალდებულია, სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ ფაქტებსა და გარემოებებზე შესაგებელში მიუთითოს. სარჩელისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი ფორმა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებაა.
ამგვარი მითითების მიმართ კი, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი, თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს ხანდაზმულობის საკითხი. ამის შესახებ დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს. აღნიშნული შეზღუდვა გამომდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან: თუ ერთ მხარეს ენიჭება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მეორე მხარე უფლებამოსილია, გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად, ხოლო სასამართლოს მხრიდან ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით, მხარის უფლება ილახება.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. იმ გარემოების დადგენისას, რომ 2016 წლის 01 იანვრის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 151731.67 ლარს, სააპელაციო სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა ცალმხრივად მომზადებულ დოკუმენტებს: ბუღალტრული პროგრამიდან ანგარიშის ბარათსა და კომპანიის დირექტორის მიერ გაცემულ ცნობას, მაშინ, როდესაც საქმეში არ მოიპოვება ორმხრივად დადასტურებული დოკუმენტი - შედარების აქტი ან აუდიტის დასკვნა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2016 წელს შედგენილი ანგარიშ-ფაქტურები ასახულია ბუღალტრულ აგარიშში, არ ქმნიდა ცალმხრივი დოკუმენტის უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველს.
6.2. მხოლოდ იმის გამო, რომ კასატორის მიერ გადახდილი თანხა აღემატებოდა მიწოდების ღირებულებას, სააპელაციო სასამართლომ დაუშვა წინა წლებში არსებული დავალიანების არსებობის პრეზუმფცია, რაც არასწორია, გამომდინარე იქიდან, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება განსაზღვრავდა წინასწარ ანგარიშსწორებას და ასეთ პირობებში, შესაძლებელი იყო გადახდილი თანხის მოცულობა მიწოდების თანხაზე მეტი ყოფილიყო. გარდა აღნიშნულისა, საბუღალტრო საქმეებს წარმართავს კომპანიის ბუღალტერი და, ბუნებრივია, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ბარათზე ასახული ინფორმაცია არ იყოს სწორი. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწვდომია სხვადასხვა ბუღალტრული პროგრამის სადემონსტრაციო ვერსია, რომლის გადმოწერა და გამოყენება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ასეთ პირობებში, გაურკვეველია, თუ როგორ უნდა დაყრდნობოდა სასამართლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ცალმხრივ დოკუმენტაციას.
6.3. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება შესრულების მიღებას ადასტურებს. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები განსაზღვრავდა გადახდის წარმოშობის მომენტს, კერძოდ, იჯარისა და ნარდობის ხელშეკრულებების მიხედვით, მხარეებმა განსაზღვრეს, რომ გადახდის ვალდებულება წარმოიშობოდა მხოლოდ და მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომენტიდან. იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს ხსენებული აქტები, გაურკვეველია, თუ როგორ შეიძლება, შესაძლო დავალიანებაზე მსჯელობა.
6.4. სასამართლომ არასწორად მიიჩნია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მოთხოვნის დადასტურებისთვის საკმარის მტკიცებულებად.
6.5. სარჩელის მიღების შემდგომ, მოპასუხისათვის გაურკვეველი იყო, თუ რა პერიოდის ოპერაციების თანხას ითხოვდა მოსარჩელე. მხარემ მხოლოდ კითხვა-პასუხის ეტაპზე განაცხადა, რომ სარჩელით მოთხოვნილი დავალიანება 2016 წლის 01 იანვრამდე იყო წარმოშობილი, შესაბამისად, ცხადია, რომ შესაგებლის წარდგენის ეტაპზე, მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა დაესაბუთებინა. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა, რომ ხანდაზმულობის თაობაზე მოპასუხეს შესაგებელში უნდა მიეთითებინა, უსაფუძვლოა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია შემდეგი საკითხები: მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში გააჩნდა თუ არა კასატორს, 2016 წლის 01 იანვრის მდგომარეობით მოსარჩელის მიმართ ფულადი დავალიანება 151731.67 ლარის ოდენობით; კასატორის მხრიდან შესრულებასთან შედარებით ზედმეტად გადახდილი 69971.29 ლარის მიზნობრიობას წარმოადგენდა 2016 წლამდე არსებული დავალიანების ნაწილობრივ დაფარვა თუ მხარეთა შორის 2016 წლის 01 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესაძენი საქონლის ნასყიდობის ფასის წინასწარ გადახდა; იკვეთება თუ არა 2016 წლამდე არსებული დავალიანებიდან 81760.38 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას ანგარიშ-ფაქტურების მტკიცებულებით მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მართალია, საჯარო კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტია და საჯარო მიზნებს ემსახურება, თუმცა სამოქალაქო სამართლისათვის გარკვეული ღირებულება გააჩნია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიზნებისათვის, მისი დადასტურება შესრულების მიღებას უტოლდება და ამ ფაქტის გაქარწყლება ეკისრება იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაცაა იგი მიმართული.
ანგარიშ-ფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა/მომსახურება მიიღო, ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურა იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს. ანგარიშფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს, აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას (იხ. სუსგ: №ას-381- 381-2018, 04.05.2018 წ.).
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ კასატორმა მოსარჩელეს დაუდასტურა 2016 წელს გამოწერილი, ჯამში 429020.08 ლარის ღირებულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაც, თავის მხრივ, ადასტურებს ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2016 წლის განმავლობაში კასატორისთვის მიწოდებული საქონლის, გაწეული მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოს ჯამური ღირებულება 429 020.08 ლარს შეადგენს.
12. დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არ შედავებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2016 წელს კასატორმა მოსარჩელეს სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მთლიანობაში 498991.37 ლარი გადაუხადა.
- კასატორის მიერ, 2016 წელს, მოსარჩელისთვის გადახდილი თანხის ჯამური ოდენობა იმავე წელს მიღებული შესრულების ჯამურ ღირებულებას 69971.29 ლარით აღემატება.
- საბუღალტრო ანგარიშის ბარათის თანახმად, მოსარჩელეს, 2016 წლის პერიოდზე ბუღალტრულად სრულყოფილად და ზუსტად აქვს ასახული მოსარჩელის მიერ გამოწერილ და კასატორის მიერ დადასტურებულ ანგარიშ-ფაქტურებში აღწერილი სასაქონლო ოპერაციებისა და მოპასუხის მიერ განხორციელებული გადახდების შესახებ ინფორმაცია.
13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ მის მიერ ზედმეტად გადახდილი 69971.29 ლარი წარმოადგენდა მხარეთა შორის 2016 წლის 01 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში წინასწარ გადახდილ ნასყიდობის ფასს.
უდავოა, რომ 2016 წლის 01 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასის სანაცვლოდ, 2016 წლის 01 ნოემბრიდან 2016 წლის 1 აპრილამდე პერიოდში კასატორისთვის ეტაპობრივად მიეწოდებინა შემდეგი საქონელი: ასფალტ-ბეტონის ზედა ფენა (წვრილმარცვლოვანი), ასფალტ-ბეტონის ქვედა ფენა (მსხვილმარცვლოვანი), ასფალტ-ბეტონის ტროტუარის ფენა. ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.3. პუნქტის მიხედვით, მყიდველი ახორციელებს საქონლის ღირებულების გადახდას წინასწარ, საქონლის მიწოდებამდე, კონკრეტული მისაწოდებელი საქონლის ღირებულების ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სადავო 69971.29 ლარი წინასწარ გადახდილ ნასყიდობის ფასს წარმოადგენდა, ეკისრებოდა მოპასუხეს, რომელიც მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა. ამასთან, მოპასუხეს თავის განმარტებაში არც იმ საქონლის სახეობა და ოდენობა დაუკონკრეტებია, რომლის შეძენის მიზნითაც განახორციელა გადახდა და არც ის - თუ რა პრინციპით დაიანგარიშა ნასყიდობის ფასი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
იმ პირობებში, როდესაც, ერთი მხრივ დადგენილია, რომ 2016 წელს მოპასუხის მიერ განხორციელებული გადახდების ჯამი, მიღებული შესრულების საერთო ღირებულებას 69971.29 ლარით აღემატებოდა, ხოლო მეორე მხრივ - მოსარჩელის საბუღალტრო ანგარიშის ბარათში, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად ასახავს მხარეთა შორის 2016 წელს შემდგარ ყველა ოპერაციას, მითითებულია, რომ კასატორს მოსარჩელის მიმართ 2016 წლის 01 იანვრის მდგომარეობით გააჩნდა 151731.67 ლარის ოდენობით დავალიანება, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას წინა წლებში არსებული დავალიანების შესახებ პრეზუმფციის დაშვებასთან და მეტობით გადახდილი თანხის სწორედ ვალის დასაფარად მიმართულ თანხად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სწორედ კასატორიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მეტობით გადახდილი თანხების ზუსტი დანიშნულებისა და არსებული ვალის გადახდის დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულებების წარდგენა, რაც მას თავის დროზე არ განუხორციელებია.
14. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სარჩელიდან არ ირკვეოდა სასარჩელო მოთხოვნის წარმოშობის დრო, მოსარჩელემ კი მხოლოდ კითხვა-პასუხის ეტაპზე დააზუსტა, რომ სარჩელით მოთხოვნილი დავალიანება 2016 წლის 01 იანვრამდე იყო წარმოშობილი.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სარჩელის დავის არსის მოკლე მიმოხილვაზე, სადაც მოსარჩელე იმთავითვე უთითებდა, რომ მოთხოვნის ოდენობის დაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა 2016 წლამდე არსებული დავალიანება 151731.67 ლარის ოდენობით.
15. ამდენად, ვინაიდან მოპასუხისთვის სარჩელიდანვე ცნობილი იყო, სასარჩელო მოთხოვნის წარმოშობის დროის შესახებ და მას სარჩელის ხანდაზმულობაზე პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომამდე არ განუცხადებია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა, მასზე დაგვიანებული აპელირების გამო საკასაციო პალატის განხილვის საგანი ვერ გახდება.
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4363.16 ლარის 70% – 3054.21 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.პ.ს. „ე–ო“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „ე–ო“-ს (ს/კ ..........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 4363.16 ლარის (საგადახდო დავალება №257128, გადახდის თარიღი: 09.11.2021წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „ხალიკ ბანკი საქართველო“) 70% – 3054.21 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი