24 მაისი 2022 წელი
საქმე №ას-30-2022 ქ.თბილისი
.
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ს.ს. „ე-პ.ჯ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს. „ს.რ“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ვალდებულებითი ურთიერთობის არარსებულად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ს.ს. „ს.რ“-მ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „მყიდველი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ს.ს. „ე-პ.ჯ–ა“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „გამყიდველი“) მიმართ, დავალიანების - 6 973 376.68 ლარის, არარსებულად აღიარების მოთხოვნით (სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულია 2021 წლის 02 აგვისტოს წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით).
სარჩელის საფუძვლები:
2. 2011 წლის 27 სექტემბერს ს.ს. „ე - პ.ჯ–ა“-სა და ს.ს. „ს.რ“-ს შორის 10 წლის ვადით დაიდო N338-1/11 ხელშეკრულება ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შესახებ. ხელშეკრულების 2.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2016 წლის 1 სექტემბრამდე მყიდველისათვის - ს.ს. „ს.რ“-სთვის არ გაიზრდებოდა ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის დადგენილი ტარიფი, მიუხედავად სემეკის მიერ ტარიფების ზედა ზღვრის გაზრდისა.
3. სემეკის 2015 წლის 23 ივლისის N19 დადგენილებით, 2015 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა გაზრდილი სამომხმარებლო ტარიფები. მიუხედავად N338-1/11 ხელშეკრულების 2.3 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვისა, 2015 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში (13 თვე) ს.ს. „ე - პ.ჯ–ა“-მ ხელშეკრულების 2.3 პუნქტის გაუთვალისწინებლად, ელექტროენერგია ს.ს. „ს.რ“-ს მიაწოდა სემეკის 2015 წლის N19 დადგენილებით გაზრდილი ტარიფებით, რის გამოც მოსარჩელემ მოპასუხეს 2015 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში გაწეულ მომსახურებაზე ზედმეტად გადაუხადა 6605713.63 ლარი დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების 2.3 პუნქტით დარღვევით ზედმეტად გადახდილ თანხაზე მხარეებს შორის თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა. სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ს.ს. „ს.რ“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა ზედმეტად გადახდილი 6 605 713.63 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ანაზღაურება.
4. N338-1/11 ხელშეკრულების 2.5 პუნქტით მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ, რომ ზღვრული ტარიფების გაზრდის თაობაზე სემეკის შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, გამყიდველის (ს.ს. „ე-პ.ჯ–ა“) მოთხოვნისთანავე მყიდველისთვის (ს.ს. „ს.რ“) ტარიფი გაიზრდებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარის ევროზე გაცვლითი კურსი გაიზრდებოდა არანაკლებ 10%-ით და აღნიშნული გაგრძელდებოდა 60 დღეზე მეტი ვადით, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის არსებულ კურსთან შედარებით.... ამ შემთხვევაში, ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფიც გაიზრდებოდა სემეკის მიერ დადგენილი ტარიფის ზედა ზღვრამდე, მაგრამ არაუმეტეს 10%-ისა.
5. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 დეკემბრის N84 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ კომისიის 2008 წლის N33 დადგენილების 111 მუხლის პირველ პუნქტში და არსებული ტარიფი: 3.3-6-10 კვ. ძაბვის საფეხურზე გაიზარდა 26.169 თეთრი/კვტსთ ელ. ენერგიაზე, ხოლო 35-110 კვ. ძაბვის საფეხურზე გაიზარდა 23.955 თეთრი/კვტსთ ელ. ენერგიაზე. ამდენად, ორივე საფეხურზე ტარიფი გაიზარდა დაახლოებით 90%-ით.
6. მიუხედავად N338-1/11 ხელშეკრულების 2.5 პუნქტით გათვალისწინებული დათქმისა, რომ დადგენილი ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, ს.ს. „ს.რ“-ს მხოლოდ 10%-ით გაეზრდებოდა არსებული ტარიფი, ს.ს. „ე - პ.ჯ–ა“-მ ამჯერადაც დაარღვია შეთანხმება და 2021 წლის იანვრის თვიდან ივნისის თვის ჩათვლით მოწოდებულ ელ.ენერგიაზე მოსარჩელეს ანგარიშ-ფაქტურები წარუდგინა მაქსიმალური ზედა ზღვრით გათვალისწინებული გაზრდილი ტარიფით.
7. საკითხის ურთიერთშეთანხმებით გადაწყვეტის მიზნით, მოსარჩელემ 2021 წლის 27 იანვარს N300 წერილით მიმართა მოპასუხეს და მოსთხოვა მოწოდებული ელექტროენერგიის საფასურის დაანგარიშების დროს N338-1/11 ხელშეკრულების 2.5 პუნქტის (ტარიფის 10% ზრდის) გათვალისწინება, თუმცა ს.ს. „ე-პ.ჯ–ა“-მ 2021 წლის 16 თებერვლის N5152239 წერილით არ გაიზიარა ს.ს. „ს.რ“-ს მოთხოვნა და წარუდგინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები მაქსიმალური ზედა ზღვრით გათვალისწინებული გაზრდილი ტარიფით.
8. გაზრდილი ტარიფის მიხედვით, 2021 წლის იანვარი-ივნისის თვეში მოწოდებული ელექტროენერგიის ჯამური ღირებულება შეადგენს 16 541 300.29 ლარს დღგ-ს გარეშე. N338-1/11 ხელშეკრულების 2.5 პუნქტის შესაბამისად, ტარიფის 10%-იანი ზრდის გათვალისწინებით, ს.ს. „ს.რ“-მ აღიარა და ს.ს. „ე-პ.ჯ–ა“-ს აუნაზღაურა მოწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება 9 567 923.61 ლარის (დღგ-ს გარეშე) ოდენობით, შესაბამისად, სხვაობა მოპასუხის მიერ დარიცხულ დავალიანებასა და მოსარჩელის მიერ აღიარებულ თანხებს შორის შეადგენს 6 973 376.68 ლარს დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.
9. გაზრდილი ტარიფით ელექტროენერგიის მიწოდება წარმოადგენს N338-1/11 ხელშეკრულების 2.5 პუნქტის დარღვევას. ამდენად, ს.ს. „ე-პ.ჯ–ა“-ს არ ჰქონდა ს.ს. „ს.რ“-ს მიმართ 6 973 376.68 ლარის (დღგ-ს გარეშე) მოთხოვნის საფუძველი.
მოპასუხის პოზიცია:
10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს სადავოდ გამხდარი თანხის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა ხელშეკრულების 2.4 პუნქტის საფუძველზე, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2016 წლიდან 2021 წლამდე ერთჯერადად ტარიფები გაიზრდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იარსებებდა სემეკის მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილება ტარიფების ზედა ზღვარის გაზრდის თაობაზე. ამდენად, აღნიშნული დათქმა მოქმედი იყო 2021 წლამდე და 2021 წელს ეს დათქმა არ ეხება. აქედან გამომდინარე, ს.ს. „ე-პ.ჯ–ა“-ს აქვს უფლება გაზარდოს ტარიფი, თუ იქნება სემეკის შესაბამისი დადგენილება. კონკრეტულ შემთხვევაში, ტარიფის გაზრდა განხორციელდა 2021 წლის 1 იანვრიდან სემეკის N84 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფებით. ამდენად, ტარიფის ზრდას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი. ვინაიდან 2021 წელს ტარიფის ზრდაზე არ არის შეზღუდვა, 2021 წლის ტარიფი ვერ დარეგულირდებოდა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 2.5 პუნქტით.
11. მოპასუხე მიუთითებს, რომ ხელშეკრულების 2.3 პუნქტს (2016 წლის 01 სექტემბრამდე ტარიფის გაზრდის დაუშვებლობა) აქვს ორი სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით გამონაკლისი: - 2.4 პუნქტი (..“2016 წლიდან 2021 წლამდე ნებისმიერ შემდგომ თარიღში ერთჯერადად ტარიფები ავტომატურად გაიზრდებოდა იმ შემთხვევში, თუ იარსებებდა სემეკ-ის მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილება ტარიფების ზედა ზღვრის გაზრდის თაობაზე“) და 2.5 პუნქტი. მოპასუხე 2.5 პუნქტში წარმოდგენილ სიტყვათა შეთანხმებას („ტარიფების ზრდის ზემოთმოცემული თარიღის გარდა“...), ხელშეკრულების შესაბამის წინადადებაში ტერმინ „თარიღის“ და არა „პერიოდის“ გამოყენების გათვალისწინებით, განმარტავს კონკრეტულ თარიღზე - 01.09.2016 წელზე მითითებად და არა როგორც პერიოდს 2016 წლის 01 სექტემბრიდან 2021 წლამდე, ამდენად, სადავო საკითხს, მისი მითითებით, ესადაგება 2.4 პუნქტი და არა 2.5 პუნქტი, რომელიც 2016 წლის 01 სექტემბრამდე ტარიფის ზრდის საგამონაკლისო წესებს ადგენდა.
12. მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ ს.ს. „ე-პ.ჯ–ა“ საგადასახადო კუთხით ელექტროენერგიის ღირებულების ზედა ზღვარით იბეგრება. ეკომპანიამ, ჯერ კიდევ 2010 წელს, (სემეკის 21.06.10წ. N7 დადგენილებით გატარებისა და განაწილების ზღვრული ტარიფები დადგინდა) მიმართა განმარტებისათვის შემოსავლების სამსახურს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეკომპანიის მიერ აბონენტებთან შეთანხმებით ანგარიშსწორებისას გამოიყენებდნენ ზღვრულზე დაბალ ტარიფს, აღნიშნული ჩაითვლებოდა, თუ არა საბაზრო ფასად; ამგვარი ოპერაცია განხილული ხომ არ იქნებოდა, საბაზროზე დაბალ ფასად მიწოდებად. შემოსავლების სამსახურის ოფიციალური, წერილობითი პასუხით, სემეკის მიერ დადგენილ ზღვრულ ტარიფზე დაბალ ფასად საქონლის რეალიზაცია განიხილება, როგორც საქონლის საბაზრო ფასზე დაბალ ფასად რეალიზაციად.
13. მოპასუხემ დაადასტურა, რომ სადავო პერიოდზე მოსარჩელის მიერ ელექტროენერგიის საფასურის სახით გადახდილია 9 567 923.61 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
14. ს.ს. „ს.რ“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; არარსებულად იქნა აღიარებული ს.ს. „ე-პ.ჯ–ა“-ს მიმართ ს.ს. „ს.რ“-ს დავალიანება 6 973 376.68 (ექვსი მილიონ ცხრაას სამოცდაცამეტი ათას სამას სამოცდათექვსმეტი და სამოცდარვა) ლარის (დღგ-ს გარეშე) ოდენობით.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ს.ს. „ე-პ.ჯ–ა“-მ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სააპელაციო პალატამ სრულიად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი შეფასებები და დამატებით მიუთითა:
17.1. დავა უნდა შეფასდეს ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე, ვინაიდან 2011 წლის 27 სექტემბერს ერთის მხრივ, შ.პ.ს. „ს.რ“-ს, როგორც „მყიდველს“ და მეორეს მხრივ, შ.პ.ს. „ე-პ.ჯ–ა“-ს, როგორც „გამყიდველს“ შორის გაფორმდა ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შესახებ N338-1/11 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გამყიდველმა იკისრა მყიდველისათვის ელექტროენერგიის მიწოდების ვალდებულება. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორება განხორციელდებოდა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებით დადგენილი ტარიფების ზედა ზღვარის შესაბამისად. მიწოდებული ელექტოენერგიის აღრიცხვა და შესაბამისად გამყიდველთან ანგარიშსწორება მოხდებოდა მიწოდების წერტილებში მოწყობილი ანგარიშსწორების მრიცხველების საშუალებით დანართი 1-ის შესაბამისად.
17.2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2016 წლის 1 სექტემბრამდე მყიდველისათვის არ გაიზრდებოდა წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის დადგენილი ტარიფი, მიუხედავად სემეკის მიერ ტარიფების ზედა ზღვრის გაზრდისა.
17.3. ასევე, მხარეთა შეთანხმებით, 2016 წლიდან 2021 წლამდე ნებისმიერ შემდგომ თარიღში ერთჯერადად ტარიფები ავტომატურად გაიზრდებოდა იმ შემთხვევში, თუ იარსებებდა სემეკ-ის მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილება ტარიფების ზედა ზღვრის გაზრდის თაობაზე.
17.4. ტარიფების ზრდის ზემოთმოცემული თარიღის გარდა, ზღვრული ტარიფების გაზრდის თაობაზე სემეკის შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, გამყიდველის მოთხოვნისთანავე მყიდველისათვის ტარიფი გაიზრდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნებოდა შემდეგ გარემოებას(ებს): (ა) საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ საიტზე არსებული მონაცემებით ლარის ევროზე გაცვლითი კურსი გაიზარდა არანაკლებ 10%-ით წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის არსებულ კურსთან შედარებით და აღნიშნული გრძელდება 60 დღეზე 18 მეტი ვადით; ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფებიც გაიზრდება სემეკის მიერ დადგენილი ზედა ზღვრამდე მაგრამ არაუმეტეს 10%-სა; (ბ) საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ საიტზე არსებული მონაცემებით გადააჭარბა 10%-ს. ამგვარ შემთხვევაში ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფებიც გაიზრდება სემეკის მიერ დადგენილი ტარიფის ზედა ზღვრამდე, მაგრამ არაუმეტეს 10%-სა; (გ) წინამდებარე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების ერთდროულად დადგომის შემთხვევაში ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფები გაიზრდება სემეკის მიერ დადგენილი ტარიფის ზედა ზღვრამდე, მაგრამ არაუმეტეს 20%-სა.
17.5. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ საანგარიშო თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვა ხორციელდებოდა მომდევნო თვის 5 რიცხვში. ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე გამყიდველი მყიდველს წარუდგენს მყიდველის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამის საგადასახადო ანგარიშფაქტურას. მყიდველი ვალდებულია ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე გადაუხადოს გამყიდველს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2021 წლის 1 სექტემბრამდე.
17.6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 დეკემბრის N84 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ კომისიის 2008 წლის N33 დადგენილების 111 მუხლის პირველ პუნქტში და არსებული ტარიფი: 3.3-6-10 კვ. ძაბვის საფეხურზე გაიზარდა 26.169 თეთრი/კვტსთ ელექტროენერგიაზე, ხოლო 35-110 კვ. ძაბვის საფეხურზე გაიზარდა 23.955 თეთრი/კვტსთ ელექტროენერგიაზე.
17.8. 2021 წლის იანვრის თვიდან ამავე წლის ივლისის თვის ჩათვლით ს.ს. „ე - პ.ჯ–ა“-ს მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის ჯამური ღირებულება შეადგენს 16 541 300.29 ლარს (დღგ-ს გარეშე), საიდანაც ს.ს. „ს.რ“-ს მიერ ანაზღაურებულია მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება 9 567 923.61 ლარის (დღგ-ს გარეშე) ოდენობით.
17.9. მოცემულ დავაში შეფასების საგანია, 2021 წლის იანვრის თვიდან, თუ რამდენად მართლზომიერად გაზარდა ს.ს. „ე-პ.ჯ–ა“-მ მიწოდებული ელექტროენერგიის ტარიფი და სადავო ტარიფი უნდა გაზრდილიყო მხოლოდ სემეკის დადგენილების შესაბამისად, თუ მხარეთა შორის მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას სემეკის დადგენილებასთან ერთად არეგულირებდა მხარეთა შორის 2011 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შესახებ N338-1/11 ხელშეკრულება.
18. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 52-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. პალატამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების განმარტებისას განმსაზღვრელია მნიშვნელობა, რომელიც შეიძლებოდა, მიენიჭებინა ამ ნების მიმღებ გონიერ ადამიანს. ამასთან, ხელშეკრულების შინაარსის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ტექსტთან ერთად არსებითია საქმესთან დაკავშირებული ყველა სხვა მნიშვნელოვანი და ცნობილი გარემოების გათვალისწინება. ამდენად, ნების განმარტებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ის ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს, მათ შორის ის, თუ რა საბოლოო შედეგს ისახავდა მიზნად მხარე ხელშეკრულების დადებისას.
19. პალატამ გაიზიარა მოსარჩელის და პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, რომ ხელშეკრულების 2.5 პუნქტი შეიცავს დათქმას თარიღთან დაკავშირებით. კერძოდ, ჩანაწერი - „ტარიფების ზრდის ზემოთმოცემული თარიღის გარდა“ გულისხმობს არა მხოლოდ 2016 წლიდან 2021 წლამდე პერიოდს, როგორც ამას მოპასუხე მხარე უთითებს, არამედ 2016 წლიდან 2021 წლამდე პერიოდის გარდა სხვა თარიღს ან პერიოდს, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეები გარდა 2016 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში ელექტროენერგიის ტარიფის მოწესრიგებისა, ასევე, შეთანხმდნენ ამ პერიოდის შემდგომ პერიოდში, კერძოდ, 2021 წლიდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე - 2021 წლის 27 სექტემბრამდე, პერიოდში ტარიფის გაზრდაზე ხელშეკრულების 2.5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევების დადგომისას. შესაბამისად, 2021 წლიდან სემეკის ზღვრული ტარიფების გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილების არსებობის პირობებში და ხელშეკრულების 2.5 პუნქტში მითითებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ტარიფი უნდა გაზრდილიყო სემეკის მიერ დადგენილ ზედა ზღვრამდე, მაგრამ არაუმეტეს 10%-ისა. 2.5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღწერილი გარემოებების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში, კი, ზედა ზღვრამდე, მაგრამ არაუმეტეს 20%-ისა.
21. ს.ს. „ე-პ.ჯ–ა“-მ 2021 წლის იანვრის თვიდან ს.ს. „ს.რ“-ს მოსთხოვა მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ კომისიის 2008 წლის N33 დადგენილების 111 მუხლის პირველ პუნქტში 2020 წლის 29 დეკემბრის N84 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული მაქსიმალური ზედა ზღვრის შესაბამისად გაზრდილი ტარიფით, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზღვრული ტარიფების გაზრდის თაობაზე სემეკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და ხელშეკრულების 2.5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდებოდა სემეკის მიერ დადგენილ ზედა ზღვრამდე, მაგრამ არაუმეტეს 10%-ისა; ხოლო 2.5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღწერილი გარემოებების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში, კი, ზედა ზღვრამდე, მაგრამ არაუმეტეს 20%-ისა.
22. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დასაბუთებულია მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) - ს.ს. „ს.რ“-ს პოზიცია იმის თაობაზე, რომ ს.ს. „ე - პ.ჯ–ა“ არ იყო უფლებამოსილი მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე ს.ს. „ს.რ“-სთვის მოთხოვნა წარედგინა სემეკის მიერ „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ კომისიის 2008 წლის N33 დადგენილების 111 მუხლის პირველ პუნქტში 2020 წლის 29 დეკემბრის N84 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებით განსაზღვრული მაქსიმალური, ზედა ზღვრით გათვალისწინებული გაზრდილი ტარიფით.
23. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ს. „ე-პ.ჯ–ა“-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება, შემდეგი საფუძვლებით:
24. პირველი ინტანციის სასამართლომ მოსარჩელეს მიანიჭა ის, რაც მას არ უთხოვია; სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ წინამდებარე საქმეზე შეფასების საგანია, 2021 წლის იანვრიდან რამდენად მართლზომიერად გაზარდა ეკომპანიამ ტარიფი და იგი უნდა გაზრდილიყო სემეკის დადგენილების შესაბამისად, თუ მასთან ერთად, მხარეთა შორის დადებული 27.09.11 ხელშეკრულებით, თუმცა აღნიშნული მიმართულებით ტარიფის განსაზღვრის საკითხი მოსარჩელეს სადავოდ გახდილი არ ჰქონდა; ორივე მხარეს ერთნაირად ესმოდა 2016-2021 წლებში ტარიფის ზრდის დასაშვებობის პირობები, ამას ახორციელებდა ეკომპანია და ასრულებდა რკინიგზა, ანუ მითითებულ წლებში 2.5 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების დადგომისას, ტარიფი იზრდებოდა ზედა ზღვრამდე, მაგრამ არაუმეტეს 10%-ისა. ხელშეკრულების 2.4 პუნქტიდან სადავო იყო ჩანაწერი „2021 წლამდე“ გულისხმობდა პერიოდს 2020 წლის ჩათვლით, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე პერიოდსაც (2021 წლის სექტემბრის ბოლომდე). ამავდროულად, ხელშეკრულების 2.5 პუნქტში გაწერილი პირობები სწორედ ზემოაღნიშნულ პერიოდს ეხება და არავითარ შემთხვევაში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან პერიოდს, ვინაიდან 2021 წლიდან ყოველგვარი დამატებითი პირობის გარეშე ეკომპანიას უფლება ჰქონდა, ტარიფი გაეზარდა სემეკის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად. რკინიგზა 10%-იანი ფასნამატით გადახდებს აგრძელებდა 2021 წლის დადგომის შემდეგაც, რადგან 10%-იანი ზრდის პირობას განმარტავდა 2021 წლის 27 სექტემბრამდე მოქმედად. მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ ტარიფის ერთზე მეტად გაზრდაზე, ამიტომაც იხდიდა 6 წლის განმავლობაში რკინიგზა 10%-ით გაზრდილ ტარიფს, ამრიგად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ მოსარჩელეს მიანიჭა უფლება, მოითხოვოს ერთ ჯერზე მეტად გაზრდილი ტარიფით გადახდილის უკან დაბრუნება.
25. კასატორი მიიჩნევს, რომ მხარეებმა კონკლუდენტური მოქმედებით შეცვალეს ანგარიშსწორების წესი, ვინაიდან ეკომპანია რკინიგზას წლების განმავლობაში გაზრდილი ტარიფებით წარუდგენდა ანგარიშფაქტურებს, რასაც რკინიგზა ადასტურებდა და იხდიდა კიდეც. ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა გაიზიარეს ხელშეკრულების 2.4 პუნქტის იმგვარი განმარტება, რომ იგი მოქმედება 2021 წლის დადგომამდე, კასატორი მიიჩნევს, რომ 2021 წლის იანვრიდან ტარიფის მაქსიმალურ ზღვრამდე გაზრდის შეზღუდვის არცერთი ნორმა ხელშეკრულებაში აღარ მოქმედებდა, შესაბამისად, ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილებას გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
30.1. უწინარესად, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს თავად სასარჩელო მოთხოვნის შინაარსს _ ვალდებულებითი ურთიერთობის არარსებულად აღიარება, რომელიც აღიარებითი სარჩელის სახეს წარმოადგენს.
30.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
30.3. მართალია, საკასაციო საჩივარი სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ინტერესის არარსებობაზე შედავებას არ შეიცავს, თუმცა აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ის საპროცესო საკითხია, რომელიც სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს მხარის მითითების არარსებობის პირობებშიც კი, რათა თავიდან იქნეს არიდებული ფუჭი, ვარგისი სამართლებრივი შედეგის მოტანის უნარს მოკლებული სამართალწარმოება.
30.4. საკასაციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს (იხ. სუსგ №ას-1389-2018, 30.11.2018 წ).
30.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისთვის უპირატესად უნდა გაირკვეს გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-121-117-2016, 17.03.2016წ).
30.6. აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ №ას-937-887-2015, 10.11.2015წ.).
30.7. განსახილველ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ სპეციფიკას, რომელიც მოსარჩელე ს.ს. „ს.რ“-ს საქმიანობისთვის არის დამახასიათებელი. მოსარჩელე სამეწარმეო აქტივობას ახორციელებს სარკინიგზო გადაყვანა/გადაზიდვის სფეროში, მისი საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად გადაუდებლად მნიშვნელოვანია ელექტროენერგიით მუდმივი მომარაგება, რასაც მნიშვნელოვანი საფრთხე ექმნება ელექტროენერგიის მომწოდებელსა და მოსარჩელეს შორის დავალიანების გამოანგარიშების წესსა და დავალიანების ოდენობაზე შეუთანხმებლობის პირობებში. დავალიანების არასებობაზე აღიარებითი სარჩელის აღძვრით და ამავე დავის ფარგლებში გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით, რომლითაც დავის საბოლოო დასრულებამდე მოპასუხეს მოსარჩელისათვის აეკრძალა ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, დაცულია მოსარჩელის ინტერესი, რომ არასწორად გამოთვლილი დავალიანების გადაუხდელობის გამო არ შეუწყდეს ელექტრომომარაგება. დავალიანების არარსებობაზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება კი ადასტურებს მოპასუხის უფლების არარსებობას აღნიშნული თანხის იძულებით გადახდევინებაზე, ამრიგად, წარმოდგენილი აღიარებითი სარჩელისადმი რკინიგზის იურიდიული ინტერესი დასაბუთებულია და წარმოადგენს უფლების დაცვის აუცილებელ საშუალებას.
31.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულების 2.3, 2.4 და 2.5 პუნქტების ნამდვილი შინაარსის დადგენა, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ბედი სრულად არის დამოკიდებული ელექტროენერგიიის საფასურის დადგენის შესახებ სახელშეკრულებო პირობების სწორ განმარტებაზე.
31.2. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.
31.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე, როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს (ხელშეკრულების განმარტების საკითხებზე (შეადრ: სუსგ-ები №ას-425-425-2018,18 თებერვალი, 2021, პპ:46-49; №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი).
31.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო დათქმები მხარეთა შორის დამყარებულ ურთიერთობაში კანონის ძალის ტოლფასია, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლის ნორმატიული ნებით დადგენილ იმპერატიულ მოთხოვნებს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმება (ხელშეკრულების 2.3-2.5 პუნქტები) კანონშესაბამისია, ამდენად, სადავო ურთიერთობა მის ფარგლებში უნდა დარეგულირდეს. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო პირობების განმარტებისას, მსგავსად სამართლის ნორმათა განმარტებისა, სასამართლო შებოჭილი არ არის იმ შინაარსით, რომელიც სადავო სახელშეკრულებო პირობას რომელიმე მხარემ მიანიჭა, რამდენადაც იგი არა ფაქტი, არამედ სამართლებრივი კვალიფიკაციის ნაწილია. ამდენად, სახელშეკრულებო პირობის სასამართლოეული განმარტება, შესაძლოა, არც ემთხვეოდეს მოდავე მხარეთა პოზიციას თუ ინტერპრეტაციას (იხ. სუსგ №ას-322-307-2016).
31.5. პალატა მიუთითებს, რომ მართალია მხარეთა შორის სადავოა ხელშეკრულების 2.4 და 2.5 პუნქტების შინაარსი, მაგრამ მხარეთა ნამდვილი ნების განსაზღვრება შეუძლებელი იქნება სახელშეკრულებო ფასის მომწესრიგებელი ნორმების სრულფასოვანი ანალიზის გარეშე. ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის წესს ხელშეკრულებაში ეძღვნება შემდეგი პუნქტები:
2.1. მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორება განხორციელდება საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებით დადგენილი ზედა ზღვარის შესაბამისად.
2.3. მხარეები თანხმდებიან რომ 2016 წლის 1 სექტემბრამდე მყიდველისათვის არ გაიზრდება წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის დადგენილი ტარიფი, მიუხედავად სემეკის მიერ ტარიფების ზედა ზღვრის გაზრდისა;
2.4. მხარეები თანხმდებიან, რომ 2016 წლიდან 2021 წლამდე ნებისმიერ შემდგომ თარიღში ერთჯერადად ტარიფები ავტომატურად გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს სემეკ-ის მერ მიღებული შესაბამისი დადგენილება ტარიფების ზედა ზღვრის გაზრდის თაობაზე;
2.5. ტარიფების ზრდის ზემოთმოცემული თარიღის გარდა, ზღვრული ტარიფების გაზრდის თაობაზე სემეკის შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, გამყიდველის მოთხოვნისთანავე მყიდველისათვის ტარიფი გაიზრდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნებოდა შემდეგ გარემოებას(ებს):
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ საიტზე არსებული მონაცემებით ლარის ევროზე გაცვლითი კურსი გაიზარდა არანაკლებ 10%-ით წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის არსებულ კურსთან შედარებით და აღნიშნული გრძელდება 60 დღეზე მეტი ვადით; ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფებიც გაიზრდება სემეკის მიერ დადგენილი ზედა ზღვრამდე მაგრამ არაუმეტეს 10%-სა;
ბ) საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ საიტზე არსებული მონაცემებით გადააჭარბა 10%-ს. ამგვარ შემთხვევაში ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფებიც გაიზრდება სემეკის მიერ დადგენილი ტარიფის ზედა ზღვრამდე, მაგრამ არაუმეტეს 10%-სა;
გ) წინამდებარე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების ერთდროულად დადგომის შემთხვევაში ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფები გაიზრდება სემეკის მიერ დადგენილი ტარიფის ზედა ზღვრამდე, მაგრამ არაუმეტეს 20%-სა.
31.6. სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო დებულებათა განმარტება, მსგავსად კანონის განმარტებისა, უნდა განხორციელდეს განმარტების მეთოდების საფუძველზე. სასამართლოსთვის, წინამდებარე საქმის ფარგლებში რელევანტურია განმარტების ტელეოლოგიური, გრამატიკული და ლოგიკური მეთოდები.
31.7. ტელეოლოგიური განმარტების ფუნქციაა, დაადგინოს, რა მიზანს ემსახურებოდნენ მხარეები ნასყიდობის სამართალურთიერთობაში სატარიფო პოლიტიკის შეთანხმებისას. 2.1 პუნქტი, რომელიც მეტად დეფინიციურ ხასიათს ატარებს, ადგენს, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ფასის განსაზღვრის ბაზას წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებით დადგენილი ზედა ზღვარი, თუმცა მხარეებს ისიც გათვალისწინებული აქვთ, რომ გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში მესამე პირის (ე.ი. სემეკ-ის) მიერ დადგენილ მაქსიმალურ ტარიფზე ხელშეკრულების ფასის აბსოლუტური დამოკიდებულება, ელექტოენერგიის საფასურის მზარდი ტენდენციის პირობებში, საზიანო შეიძლება იყოს მყიდველისათვის განუჭვრეტელი ფინანსური ტვირთის გამო. სწორედ ამ რისკის მინიმალიზებას ისახავს მიზნად ხელშეკრულების 2.3 პუნქტი, რომელიც ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან (2011 წლის 01 ოქტომბრიდან) 2016 წლის 01 სექტემბრამდე ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი ტარიფების ზედა ზღვრის შესაბამისად ანგარიშსწორების სავალდებულოობას ეძღვნება და მითითებულ პერიოდში გამორიცხავს გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ელექტროენერგიის საფასურის გაზრდას, სემეკ-ის მიერ ტარიფების ზედა ზღვრის გაზრდის შემთხვევაშიც კი.
31.8. მომდევნო პერიოდი, თანახმად ხელშეკრულების 2.4 პუნქტისა, მოიცავს 2016 წლის 01 სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს და ადგენს ტარიფის ერთჯერადად, ავტომატურად გაზრდის წესს, თუ მითითებულ პერიოდში სემეკ-ი მიიღებს გადაწყვეტილებას ტარიფების ზედა ზღვრის გაზრდის თაობაზე. პალატის შეფასებით, აღნიშნული ნორმაც, ფასის ზრდის ერთჯერადობის პირობის გათვალისწინებით, უპირატესად მოწოდებულია სწორედ მყიდველის დაცვის მიზნისაკენ, რათა ტარიფის ზედა ზღვრის სისტემატურმა ზრდამ არაგონივრულად არ დააზიანოს მისი ინტერესი.
31.9. სასამართლოს შეფასებით, ხელშეკრულების 2.5 პუნქტის არსებობის ძირითადი მოტივი მყიდველსა და გამყიდველს შორის საფასო რისკების დაბალანსებაა, ვინაიდან ტარიფის გაზრდის შესაძლებლობა შემოფარგლულია როგორც წინაპირობებით, ისე ფასის ზრდის მაქსიმალური მასშტაბით. ამდენად, სატარიფო პოლიტიკის ამგვარი დეტალიზება იმთავითვე წარმოადგენდა უპირატესად მყიდველის დაცვის ინსტრუმენტს.
31.10. პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის 2.3-2.5 პუნქტებში განისაზღვრა ელექტროენერგიის საფასურის დადგენის სამი მექანიზმი. სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციების მოსაზრებას, რომ 2.3 პუნქტში მოცემულ დროის შუალედში ფასის არ ზრდის პირობა წარმოადგენდა იმპერატიულ დანაწესს, რადგან წესიდან გამონაკლისს არც სიტყვასიტყვითი და არც ლოგიკური განმარტებით, არც 2.3 და არც შემდგომი პუნქტები არ შეიცავდა. ამრიგად, დროის შუალედს 2011 წლის 01 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 სექტემბრამდე სასამართლო მოიხსენიებს „ტარიფის ფიქსირების მექანიზმად“.
31.11. რაც შეეხება ხელშეკრულების 2.4 პუნქტს, აღნიშნული დანაწესით მხარეებმა დათქვეს 2016 წლის 01 სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დროის შუალედში სემეკ-ის მიერ ტარიფების ზედა ზღვრის გაზრდის შემთხვევაში, სახელშეკრულებო ფასის ავტომატური, თუმცა ერთჯერადი ზრდა ტარიფის ზედა ზღვრამდე („ტარიფის მაქსიმალური ზრდის ერთჯერადი მექანიზმი“).
31.12. პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების 2.5 პუნქტს, ამავე ხელშეკრულების 2.4 პუნქტთან მიმართებით, შემვსები ფუნქცია აკისრია როგორც სტარიფო პოლიტიკის განსაზღვრის, ისე ვადების დადგენის თვალსაზრისით. აღნიშნული პირობის არსებობა, ერთი მხრივ, გამოწვეულია იმით, რომ წინამდებარე განჩინების 30.10 პუნქტში აღწერილი „ტარიფის მაქსიმალური ზრდის ერთჯერადი მექანიზმი“ ტარიფების არასტაბილურობის მოლოდინის ლოგიკური ვარაუდისა და ხელშეკრულების გრძელვადიანი ბუნების გამო, სათანადოდ ვერ აკომპენსირებდა გამყიდველის დასაბუთებულ ინტერესს ტარიფების ზედა ზღვრის შემდგომი გაზრდის შემთხვევაში. ამავდროულად, იგნორირებული არ უნდა ყოფილიყო მყიდველის მიერ ფასის მეტ-ნაკლები განჭვრეტადობის ინტერესიც ფასების გადახედვასთან მიმართებით. სწორედ ინტერესთა ორმხრივი ბალანსის გამოვლინებაა ხელშეკრულების 2.5 პუნქტის „ა“ („ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე დამოკიდებული ტარიფის ზრდის მექანიზმი“), „ბ“ („ინფლაციაზე დამოკიდებული ტარიფის ზრდის მექანიზმი“) და „გ“ („ვალუტის გაუფასურებასა და ინფლაციაზე დამოკიდებული ტარიფის ზრდის მექნიზმი“). საგულისხმოა, რომ 2.5 პუნქტში აღწერილ ყველა მენქანიზმს გააჩნია საერთო თვისება, იგი ამოქმედდება სემეკ-ის მიერ ტარიფის ზედა ზღვრის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.
31.13. რაც შეეხება 2.5 პუნქტის მოქმედების ვადას, აღნიშნულის განმარტებისათვის პალატა მოიხმობს თავად ნორმის დისპოზიციას, რომლის თანახმად: „ტარიფების ზრდის ზემოთმოცემული თარიღის გარდა, ზღვრული ტარიფების გაზრდის თაობაზე სემეკის შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, გამყიდველის მოთხოვნისთანავე მყიდველისათვის ტარიფი გაიზრდებოდა იმ შემთხვევაში, თუ...“. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ 2.5 პუნქტი წარმოადგენს გამონაკლისს როგორც 2.3, ისე 2.4 პუნქტიდან, რამეთუ 2.5 პუნქტი იწყება შემდეგი სიტყვებით „ტარიფების ზრდის ზემოთმოცემული თარიღის გარდა“. ზემოთმოცემულ თარიღებში კი გასათვალისწინებელია, რომ 2011 წლის 01 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 სექტემბრამდე დროის შუალედი ნაგულისხმევი ვერ იქნება, ვინაიდან იგი არა ტარიფების ზრდის თარიღი, არამედ, პირიქით, ტარიფების არზრდის თარიღია.
31.14. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 2016 წლის 01 სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დროის შუალედში ხელშეკრულების 2.5 პუნქტის გამოყენება მხარეთა შორის შეთანხმებული პირობა იყო და იგი არაერთჯერადად გამოყენებულა კიდეც (აღნიშნული დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართული მთავარი სხდომის ოქმში მოსარჩელის ახსნა-განმარტების ეტაპზე, მოპასუხის მიერ ამავე სხომაზე 15:00 საათზე; ამავდროულად, კასატორი როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო საჩივარშიც არაერთხელ აღნიშნავს, რომ მითითებულ დროის შუალედში 10%-იანი ზრდის მექანიზმი არაერთხელ გამოყენებულა მხარეთა შორის ანგარიშსწორებისას, რასაც წერილობითი პაექრობის ფარგლებში არც მოწინააღმდეგე მხარე უარყოფს).
31.15. პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ წინამდებარე დავის საგანს არ წარმოადგენს იმის გარკვევა, თუ რა ფარგლებში ჰქონდა უფლება გამყიდველს, მყიდველისათვის გაეზარდა ელექტროენერგიის საფასური. კასატორი ცდილობს, დავის საგანი დაიყვანოს საკითხის იმგვარ კვლევამდე, მოიცავს თუ არა 2.4 პუნქტში განხორციელებული ჩანაწერი „2021 წლამდე“ პერიოდს 2021 წლის სექტემბრამდე, თუ იგი სრულდება 2020 წლის 31 დეკემბერს. საგულისხმოა, რომ საკითხი ამ ჩანაწერის გამარტების შესახებ მოსარჩელეს მოპასუხის მიერ ინტერპრეტირებული ფორმით არ დაუსვამს არც სასარჩელო წარმოების ეტაპზე და არც სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას. საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოპასუხისა და ქვემდგომი ინსტანციების შეფასებას, რომ მითითებული მუხლი ფარავს პერიოდს 2016 წლიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, აღნიშნულს არც მოსარჩელე შედავებია.
31.16. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ 2.4 პუნქტი იმპლიციტურად (არაპირდაპირ) 2021 წლის სატარიფო პოლიტიკასაც აწესრიგებს და გამყიდველს აძლევს უფლებას, 2021 წლის 01 იანვრიდან ხელშეკრულების მოქმედების დასრულებამდე შეუზღუდავი ჯერადობით გაუზარდოს მყიდველს ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფი სემეკის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობამდე. პალატის მოსაზრებით, 2.4 პუნქტის მოქმედების არეალი სრულდება 2020 წლის 31 დეკემბრით. აღნიშნულის შესახებ დასკვნის საფუძველია 2.4 მუხლის სიტყვასიტყვითი გაგება, სადაც გამყიდველის ასეთი უფლებამოსილების შესახებ ჩანაწერი განხორციელებული არ არის და ამავდროულად, აღნიშნული სამართლებრივი დასკვნის მართებულობის რწმენა პალატას ჩამოუყალიბა ნორმათა ტელეოლოგიურმა (ე.ი მიზნიდან გამომდინარე) შეფასებამ. 2.3-2.5 პუნქტის რეგულირების მიზეზებისა და მიზნების შესახებ პალატამ უკვე მიუთითა წინამდებარე განჩინების 31.7._31.12. პუნქტებში და აღნიშნა კიდეც, რომ ტარიფების მეტ-ნაკლებად განჭვრეტადობა, წარმოადგენდა მყიდველის ინტერესს, ამდენად, უკიდურესად დაბალია ლოგიკური ალბათობა, რომ რისკების შემცირების თითქმის 9 წლიანი მექანიზმის ფლობის საპირწონედ, ნაგულისხმევი ყოფილიყო უკანასკნელ 9 თვიან (ე.ი 2021 წლიდან 2021 წლის სექტემბრამდე) დროის შუალედში ტარიფის განუსაზღვრელი მასშტაბითა და ოდენობით ზრდადობა და აღნიშნულს პირდაპირი ასახვა არ მოჰყოლოდა სახელშეკრულებო დათქმებში.
31.17. როგორც უკვე აღინიშნა, პალატა 2.5 პუნქტის განმარტების მიზნებისათვის აგრეთვე მიმართავს განმარტების გრამატიკულ მეთოდსაც. განსახილველ შემთხვევაში, ბუნდოვანია ჩანაწერი „ტარიფების ზრდის ზემოთმოცემული თარიღის გარდა“. ბუნდოვანების მიზეზი არის წინდებულ „გარდა“-ს გამოყენება მოცემულ ფრაზაში. წინდებულ ,,გარდა"-ს, როგორც საყოფაცხოვრებო და სალიტერატურო ენაში, ისე საკანონმდებლო ტექნიკაში, იყენებენ როგორც რაიმეს გამორიცხვის (გამოკლების) მიზნით, ისე შევსებისა და დამატების მიზნებისათვის.
31.18. ზემოაღნიშნულის საილუსტრაციოდ, პალატა მოიხმობს რამდენიმე მუხლს საქართველოს სამოქალაქო კოდექსიდან:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, „კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. (გამორიცხვის, გამონაკლისის დადგენის მიზანი). ამავე კოდექსის 1162-ე მუხლი ადგენს: „ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით“. (გამორიცხვის, გამონაკლისის დადგენის მიზანი). 69-ე მუხლის მე-31 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მას, მხარეების გარდა, ხელს აწერს მხარდამჭერი. (შევსების, დამატების მიზანი) . სამოქალაქო კოდექსის 445-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „თუ მხარეს მეორე მხარის წინაშე, ძირითადი ვალდებულების გარდა, ეკისრება პროცენტებისა და სხვა ხარჯების გადახდაც, მაშინ გამოიყენება 388-ე მუხლის წესები“(შევსების, დამატების მიზანი).
31.19. ამდენად, კვლევის საგანია, წინდებულ „გარდა“-ს გამოყენებას მოცემულ შემთხვევაში გააჩნდა გამოკლება-გამორიცხვის, თუ პირიქით - შევსებისა და დამატების ფუნქცია. წინამდებარე განჩინების 30.11. პუნქტში განმარტებულია, რომ ტარიფები ზრდის თარიღი არის 2016 წლის 01 სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი და ტარიფების ზრდის პერიოდად 2016 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდი მოაზრებული ვერ იქნება, ვინაიდან ამ პერიოდს, 2.3 პუნქტიდან გამომდინარე, ახასიათებს არა ზრდის, არამედ არზრდის თვისება. ამდენად, თუ წინდებული „გარდა“ აღქმული იქნება ტარიფების ზრდის თარიღისაგან (2016 წლის 01 სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი) გამონაკლისის დამდგენად, გამოდის, რომ 2.5. მუხლის რეგულირების პერიოდი (დრო, რომლის პერიოდშიც იურიდიული შედეგები დადგებოდა აღნიშნულ მუხლზე დაყრდნობით) შემოფარგლული იქნებოდა მხოლოდ 2021 წლის 01 იანვრიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებამდე, რაც არ წარმოადგენს მხარეთა ნაგულისხმევი ნების შესაბამის განმარტებას წინამდებარე განჩინების 30.12. პუნქტში მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით.
31.20. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წინდებულ „გარდა“-ს სადავო ნორმაში სწორედ შევსებისა და დამატების ფუნქცია აკისრია და მიემართება არსებით სახელ „თარიღს“, ამდენად, მიზნად იგი ისახავს, 2.5 პუნქტის მოქმედება გაავრცელოს როგორც 2016 წლის 01 სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, აგრეთვე 2021 წლის 01 იანვრის თარიღიდან ხელშეკრულების მოქმედების ბოლომდე, ე.ი. გაფართოოს (შეავსოს, დაამატოს) თარიღის მოქმედების ფარგლები და პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას 2.5 პუნქტთან მიმართებით, რომ იგი მოქმედია 2021 წლის 01 იანვრიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადით.
32. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 დეკემბრის N84 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ კომისიის 2008 წლის N33 დადგენილების 111 მუხლის პირველ პუნქტში, რომლითაც გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფების ზედა ზღვარი, ამავდროულად, მხარეები არ დავობენ, რომ 2021 წლის 01 იანვრისთვის არსებობდა ხელშეკრულების 2.5. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დათქმული წინაპირობები - საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ საიტზე არსებული მონაცემებით ლარის ევროზე გაცვლითი კურსი გაიზარდა არანაკლებ 10%-ით წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის არსებულ კურსთან შედარებით და აღნიშნული გრძელდებოდა 60 დღეზე მეტი ვადით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია მოსარჩელის პოზიცია და ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოთა დასკვნა მასზედ, რომ 2021 წლის 01 იანვრამდე ს.ს. „ს.რ“-ს მიმართ მოქმედი ტარიფი გაზრდას ექვემდებარებოდა არა ახალი ტარიფის ზედა ზღვრამდე, არამედ 10%-ის ოდენობით.
33. სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას წინამდებარე დავის მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 477-ე მუხლების გამოყენების უმართებულობის შესახებ. მართალია, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მეორე ნაწილი სახელდებით მხოლოდ მყიდველის ვალდებულებას ადგენს, რომ გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება, მაგრამ აღნიშნული ვალდებულება საკუთარ თავში მოიცავს შემდეგსაც - იმ შემთხვევებში, როდესაც ნასყიდობის საფასური ხელშეკრულებით ფიქსირებული არ არის, თუმცა მხარეები შეთანხმებულნი არიან მისი გაანგარიშების პრინციპზე, გამყიდველს, წარმოეშვება ვალდებულება, ნასყიდობის ფასი შეთანხმებული პრინციპების საფუძველზე განსაზღვროს და მყიდველს შესაბამისი მოთხოვნა წარუდგინოს სწორი ოდენობით. აღნიშნული წესის მხედველობაში მიუღებლად წარდგენილი მოთხოვნა ხელშეკრულების ფარგლებში ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნების წინაპირობას ქმნის, ხოლო თუ გადახდა სადავო ოდენობაზე განხორციელებული არ არის, სახელშეკრულებო ფარგლებში ვალდებულების არარსებობის აღიარების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, ს.ს. „ე-პ.ჯ–ა“-ს უნდა დაუბრუნდეს 2021 წლის 23 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70%, რაც შეადგენს 5600 ლარს.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ს. „ე-პ.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ს.ს. „ე-პ.ჯ–ას“ დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 8000 ლარის (საგადასახადო დავალება №92811001, გადახდის თარიღი: 23.12.2021წ. გადამხდელის ს/კ:.......) 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი