საქმე №ას-76-76-2018 12 აპრილი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ა–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.10.2017 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 28.04.2017 წლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი მ.ა–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე") მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანის, 6 920 ლარის, ანაზღაურება.
2. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა ამ ნაწილში მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.10.2017 წლის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. 01.09.2016 წელს 02:25 საათზე ქ. გორის მიმდებარედ, ავტომაგისტრალზე მოსარჩელის კუთვნილ ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით ......, შეეჯახა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ......, რომელსაც მართავდა მოპასუხე.
3.2. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით. მოპასუხე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდეგში სასკ) 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით და დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი, ჯარიმა 250 ლარი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი კანონიერ ძალაშია.
3.3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ......, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად, დაზიანებული აქვს წინა ბამპერი, წინა მარჯვენა ფარი, წინა მარჯვენა ფრთა, წინა მოპირკეთება და ძარის სახურავი.
3.4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების ნაწილების და მათი აღდგენითი სამუშაოების ღირებულება სს „ფ.ა–ოს“ დეფექტურ აქტში მითითებული შეფასებების შესაბამისად შეადგენს ჯამურად 6 920 ლარს.
3.5. უდავოა ზიანის მიყენებაში მოპასუხის ბრალი, სადავოა ზიანის ოდენობა.
3.6. მოსარჩელემ ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით წარმოადგინა სს „ფ.ა–ოს“ დეფექტური აქტი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ არის შედგენილი და რომლითაც ზიანის ოდენობად გასაზღვრულია 17 402 ლარი (ს.ფ. 27,28). სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზიანის ოდენობა მართებულად განსაზღვრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებული დაზიანებების შესაბამისად. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ოქმი შედგენილია ავტოსაგზაო შემთხვევის დღეს და იგი უფრო რეალური და სანდო მტკიცებულებაა, ვიდრე შემთხვევიდან გარკვეული დროის შემდეგ შედგენილი დეფექტური აქტი. სასამართლოს მითითებით, ვერ დგინდება, რომ ამ აქტით დაფიქსირებული დაზიანებები ნამდვილად 01.09.2016 წლის ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია (მით უფრო, რომ ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან გადაადგილდა დასაბუთების გარეშე). არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი ავტოსაგზაო შემთხვევასა და ავტომანქანის იმ დაზიანებებს შორის, რაც მითითებული არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში.
3.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით ან/და წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე და მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები (სსსკ მე-4 მუხლი). მოსარჩელემ საქმის წარმოების ვერცერთ ეტაპზე ვერ შეძლო, გაექარწყლებინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებული გარემოებები. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ ზიანის ოდენობა მართებულად განსაზღვრა აღნიშნულ ოქმში მითითებული დაზიანებების შესაბამისად, რომელთა ეკონომიკური გათვლა ასახული იყო მოსარჩელის მიერ წარდგენილ დეფექტურ აქტში და შეადგენდა სულ 6 920 ლარს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. საქმეზე დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:
7.1. 01.09.2016 წელს, 02:25 საათზე, ქ. გორის მიმდებარედ, ავტომაგისტრალზე მოსარჩელის კუთვნილ ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით ...., შეეჯახა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ......, რომელსაც მართავდა მოპასუხე (ს.ფ.18-26).
7.2. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით. მოპასუხე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სასკ-ის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით და დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი, ჯარიმა 250 ლარი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი კანონიერ ძალაშია (ს.ფ.26).
7.3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით MP-119.
7.4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად, ავტომანქანას დაზიანებული აქვს წინა ბამპერი, წინა მარჯვენა ფარი, წინა მარჯვენა ფრთა, წინა მოპირკეთება და ძარის სახურავი (ს.ფ. 23).
7.5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებული დაზიანებების აღმოსაფხვრელი სამუშაოების ღირებულება სს „ფ.ა–ოს“ დეფექტურ აქტში მოცემული შეფასებების შესაბამისად ჯამურად 6 920 ლარია (იხ: აქტი, ს.ფ.27,28).
8. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის (მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი), 408-ე მუხლის პირველი ნაწილისა (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.
9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველი დელიქტური ვალდებულებაა, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც ასახულია სსკ-ის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულაციური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას (სსკ-ის 999-ე მუხლი) (სუსგ №ას-589-2021, 14.09.2021წ. პ. 41).
10. მოპასუხის დელიქტური ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე სადავო არაა, სადავოა ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა, კერძოდ, საკასაციო პრეტენზია ქვემდგომი სასამართლოს მიერ სამართალდარღვევის ოქმისა და დეფექტური აქტის არასწორი შეფასების შედეგად, ზიანის ოდენობის არასწორად განსაზღვრას ეფუძნება. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ამ პრეტენზიას და განმარტავს, რომ სასამართლომ, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მართებულად დაადგინა ავტომანქანისთვის მიყენებული ზიანის მოცულობა. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში მოსარჩელეა. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა იყო საჯარიმო სანქცია, ვინაიდან ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესთა წონასწორობის აღდგენაზე. საჯარიმო სანქციები ქართული სამართლისათვის უცხოა. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს შემდეგი პრინციპების დაცვას: ზიანის სრულად ანაზღაურება; უსაფუძვლო გამდიდრების დაუშვებლობა; ადეკვატურობა (სუსგ Nას-862-2019 , 26.07.2019წ. პ.32; Nას-1418-2019, 31.07.2020წ. პ. 9).
12. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო ზიანის ოდენობის განსაზღვრისას დაეყრდნო შემთხვევის დღეს შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებულ ჩამონათვალს ავტომანქანაზე არსებული დაზიანებების შესახებ და ამ დაზიანებების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დეფექტურ აქტში მოცემული საბაზრო ფასის გათვალისწინებით, ზიანის ოდენობა განსაზღვრა ჯამში 6 920 ლარით.
13. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხზე მსჯელობისას სასამართლოს უნდა ემსჯელა არა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ჩამოთვლილ დაზიანებებზე, არამედ „სს ფ.ა–ოს“ დეფექტურ აქტში აღნიშნულ სხვა დაზიანებებზეც, რომლებიც ასევე გამოწვეულია 01.09.2016 წლის ავტოსაგზაო შემთხვევით და რომელთა სრულად აღმოფხვრისათვის საჭიროა 17 402 ლარი.
14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის შედავებას და მიუთითებს, რომ სსსკ-ის 104-ე დ 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, რომელსაც ევალებოდა იმგვარი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც სასამართლოს ზიანის სწორედ ამ მოცულობით არსებობაში დაარწმუნებდა. პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებულია ზიანის სრულად გამოსწორების პრინციპი, რაც გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ვალდებულებას, სრულად აანაზღაუროს ზიანი, თუმცა ზიანის ანაზღაურების კომპენსაციის ფუნქციიდან გამომდინარე, მისი ოდენობა დაზარალებულისათვის რეალურად მიყენებული ზიანით უნდა შემოიფარგლოს და არ უნდა გამოიწვიოს ამ უკანასკნელის გამდიდრება(სუსგ Nას-1187-2018, 30.04.2020წ., პ.16). სს „ფ.ა–ოს“ დეფექტურ აქტი, რაზე დაყრდნობითაც მოსარჩელე ითხოვს 01.09.2016 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრას, დათარიღებულია 03.11.2016 წლით, ანუ შედგენილია ავტოსაგზაო შემთხვევიდან 2 თვის გასვლის შემდეგ (ს.ფ. 27, 28). შესაბამისად, გასაზიარებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ იმ პირობებში, როდესაც: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში ასახულია ავტომანქანაზე მიყენებული კონკრეტული დაზიანებები; დეფექტური აქტი შედგენილია შემთხვევიდან ორი თვის შემდეგ; ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან დასაბუთების გარეშე გადაადგილდა ((ს.ფ.186) ეს ფაქტი დაადგინა სააპელაციო პალატამ და კასატორის მიერ დასაბუთებულად შედავებული არ არის), - სხვა რაიმე მტკიცებულების არარსებობის პირობებში ვერ იქნება გაზიარებული პოზიცია სხვა დაზიანებებსა და 01.09.2016 წლის ავტოსაგზაო შემთხვევას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობასა და აღნიშნულზე დაყრდნობით ზიანის ოდენობის განსაზღვრის შესახებ (შდრ. სუსგ Nას-633-2019, 05.07.2019წ.). დეფექტური აქტი ასახავს უშუალოდ 03.11.2016 წელს სადავო ავტომანქანის შემოწმების შედეგად გამოვლენილ დაზიანებებს და გვთავაზობს შესაცვლელი დეტალების, ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების სიას, მათ ღირებულებას. რაც შეეხება კასატორის მსჯელობას, რომ ხილულმა დაზიანებებმა გამოიწვია კიდევ სხვა დაზიანებები და სწორედ მათ აღმოსაფხვრელად იყო საჭირო ამა თუ იმ ნაწილის შეცვლა, დამატებითი სამუშაოები, ასეთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ვერ დგინდება ავტოსაგზაო შემთხვევასა და სხვა დაზიანებებს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. ამდენად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სარჩელში მითითებული ოდენობით ზიანის მისთვის მიყენების ფაქტი, რაც დაუსაბუთებელს ხდის საკასაციო პრეტენზიას.
15. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
16. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 264.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.10.2017 წლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე