საქმე №ას-1635-2022 31 მარტი, 2023 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი – ა.მ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.თ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
II კასატორი – ნ.თ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.მ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა (თავდაპირველი სარჩელი), არასრულწლოვანი ბავშვის აღსაზრდელად მიკუთვნება და მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა (შეგებებული სარჩელი)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ა.მ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, პირველი კასატორი ან ბავშვის მამა) სარჩელი დაკმაყოფილდა; არასრულწლოვანი ი. მერკვილაძის (შემდეგში: ბავშვი ან არასრულწლოვანი) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილი: ზესტაფონი, სოფელი .........; ნ.თ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი, მეორე კასატორი ან ბავშვის დედა) შეგებებული სარჩელი არასრულწლოვანი შვილის აღსაზრდელად მიკუთვნებისა და მისი საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა- 120 ლარი; მოპასუხე გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვარს მიღებული დროებითი განკარგულება გაუქმდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებისა და არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. .........ს, განსაზღვრის ნაწილში დარჩა უცვლელად; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელი; ამასთან, ბავშვის დედას განესაზღვრა შვილთან ურთიერთობის წესი შემდეგი სახით: დედას მიეცა უფლება, ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვანთან შეუზღუდავად კვირის ნებისმიერ დღეს, ბავშვის სასწავლო პროცესის გათვალისწინებით (სასწავლო პროცესისა და ცხოვრების რეჟიმის დაურღვევლად); გარდა ამისა, დედას მიეცა უფლება, ყოველი კვირის პარასკევს, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, 18:00 საათამდე, ასევე, შაბათს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, წაიყვანოს ბავშვი თავის საცხოვრებელ ადგილზე ღამისთევის გარეშე, ხოლო ბავშვის სურვილის შემთხვევაში - ღამისთევით, პარასკევიდან (სასწავლო პროცესის დასრულებიდან) შაბათის 18 საათამდე; მოსარჩელესა და მოპასუხეს აეკრძალათ ბავშვის მიმართ ისეთი (დამაშორებელი) მოქმედებების განხორციელება, რომლებიც ნეგატიურად იმოქმედებს ერთ-ერთი მშობლის მიმართ ბავშვის პოზიტიურ ურთიერთობაზე; მოსარჩელესა და მოპასუხეს დაევალათ, იქონიონ ინტენსიური ჩართულობა არასრულწლოვნის აღზრდის პროცესში, მისი ფსიქო-ემოციური, სოციალური და საგანმანათლებლო საჭიროებების ხელშეწყობის თვალსაზრისით; მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს (სააგენტო) დაევალა, შესაბამისი სოციალური მუშაკის ან სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, საჭიროების აღმოფხვრამდე, ზედამხედველობა განახორციელოს თითოეული მშობლის ბავშვთან დამოკიდებულებაზე, ბავშვთან იქონიონ აქტიური კომუნიკაცია, წინამდებარე გადაწყვეტილების პოზიტიური კუთხით აღსრულების დამაბრკოლებელი წინაპირობების არსებობის გამორკვევის მიზნით; აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელე და მოპასუხე 2015 წლიდან არარეგისტრირებულ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ და მათ თანაცხოვრების პერიოდში შვილი (დაბ. 10.09.2015 წ.) შეეძინათ;
3.2. მოსარჩელე და მოპასუხე, 2018 წლის 2 აგვისტოდან, ერთად აღარ ცხოვრობენ და ამ დროიდან არასრულწლოვანი მოსარჩელესთან (მამასთან) ერთად ცხოვრობს;
3.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების დასკვნის მიხედვით, არასრულწლოვანი მამის ოჯახში ცხოვრობს მზრუნველ და კეთილსაიმედო გარემოში, სადაც დაკმაყოფილებულია მისი ყველა საჭიროება. ბავშვის სრულყოფილი ფსიქოემოციური განვითარებისათვის სასურველია მას რეგულარული ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. მშობლებთან დამოკიდებულების შესახებ არასრულწლოვნის მოსაზრების გარკვევა ვერ მოხერხდა ბავშვის მცირე ასაკის გამო. ვიზიტის დროს ჩანდა, რომ მამა-შვილს შორის თბილი ურთიერთობაა. მამა დიდ სიყვარულს გამოხატავს შვილის მიმართ, დიდ დროს ატარებს მასთან, ხშირად ეთამაშება, ბავშვი უზრუნველყოფილია ასაკისა და სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით, სათამაშოებით. არასრულწლოვანი არის ჯანმრთელი, ვითარდება ასაკის შესაბამისად, ჩატარებული აქვს საჭირო აცრები, მამას პერიოდულად მიჰყავს კონსულტაციაზე პედიატრთან, გეგმავს საბავშვო ბაღში შეყვანას, იგი და მისი დები ზრუნავენ, რომ ბავშვს დადებითი წარმოდგენა ჰქონდეს დედაზე და ურთიერთობა ჰქონდეს მასთან;
3.4. იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის დასკვნის თანახმად, მოპასუხე (ბავშვის დედა) ცხოვრობს 80 წლის დედასთან ერთად, რომელიც გამოიყურება მხნედ და ყოჩაღად. საცხოვრებელ ფართში არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არაა საფრთხის შემცველი იქ მცხოვრები პირთათვის. ოჯახის ამჟამინდელი შემოსავალია მოპასუხის დედის ასაკობრივი პენსია 180 ლარი და მოპასუხის (ბავშვის დედის) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მინიჭებული სტატუსის პენსია. მათ პერიოდულად მატერიალურად ეხმარება მოპასუხის ძმა. მოპასუხე რამდენჯერმე მკურნალობას გადიოდა სხვადასხვა ფსიქიატრიულ კლინიკაში დიაგნოზით - პარანოიდული შიზოფრენია. ბოლოს 02.08.2018-დან 27.08.2018-მდე მკურნალობდა ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, რის გამოც დათანხმდა თავდაპირველ მოსარჩელეს (ბავშვის მამას), რომ მასთან დროებით საცხოვრებლად გადასულიყო ბავშვი. მოპასუხის (ბავშვის დედის) სოციალური გარემო შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად, სადაც ბავშვისათვის უსაფრთხო და მზრუნველი გარემოა შექმნილი მისი ოჯახის წევრების თანამონაწილეობით. ამჟამად მოპასუხე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადის მედიკამენტოზურ მკურნალობას;
3.5. ბავშვის დედა არის მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი უვადოდ და სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში დანიშნული აქვს სახელმწიფო გასაცემელი სოციალური პაკეტი, თანხით -100 ლარი;
3.6. მოპასუხის (აპელანტის) დიაგნოზია პარანოიდული შიზოფრენია F20.0. ფსიქიკური აშლილობის ნიშნები გამოავლინა 1998 წლიდან. რამდენჯერმე არის სტაციონარულ და სხვა კლინიკებში მოთავსებული. ბოლოს, 2018 წლის 2 აგვისტოდან 2018 წლის 27 აგვისტომდე, იმყოფებოდა ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარში. დაავადება ქრონიკულია. ამჟამად აღენიშნება მედიკამენტოზური რემისია. მედიკამენტების სისტემატიურად მიღების შემთხვევაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება სტაბილური, მას შეუძლია შვილის აღზრდა და მოვლა-პატრონობა. ამასთან, არასრულწლოვნის აღსაზრდელად დედისათვის გადაცემა ამ უკანასკნელზე დადებითად იმოქმედებდა. ამ დაავადების მქონე პირები მედიკამენტების სისტემატიური მიღების შემთხვევაში არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და არ წარმოადგენენ საფრთხეს გარშემომყოფთათვის;
3.7. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის დროებითი განკარგულებით, მოპასუხეს (ბავშვის დედას) ნება დაერთო, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მცირეწლოვანი შვილი მოენახულებინა ბავშვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ზესტაფონის სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულ განყოფილებაში კვირაში ერთი დღით - ყოველ პარასკევს შუადღის 14:00 საათიდან 17:00 საათამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით. ფსიქოლოგის დასკვნის შესაბამისად, არასრულწლოვანი არ გამოხატავდა უარყოფით დამოკიდებულებას დედის ან მამის მიმართ და არ იკვეთებოდა ოჯახის წევრების მხრიდან ბავშვზე ზეწოლის ნიშნები. დედასთან რამდენიმე თვით დაშორებამ უკვე იქონია გავლენა ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, მიჯაჭვულობის ხარისხზე და დედასთან გაუცხოებაზე. თუ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრებოდა დედის საცხოვრებელი სახლი, აღდგებოდა დედასთან ურთიერთობა და მისადმი მიჯაჭვულობა, ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილება, რაც დადებით გავლენას მოახდენდა მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და ხელს შეუწყობდა ბავშვის განვითარების პროცესს. ამასთან, ქუთაისში ბავშვის ცხოვრება ხელს შეუწყობდა მისი განვითარების პროცესს. ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი სახლის განსაზღვრის შემთხვევაში შესაძლოა დადგენილიყო რისკი დედასთან ურთიერთობის შეწყვეტისა, რადგან მამა ვერ აცნობიერებდა ბავშვის დედასთან ურთიერთობის მნიშვნელობას და აუცილებლობას, რამაც უკვე გამოიწვია ბავშვის გაუცხოება დედის მიმართ, ასევე მამასთან ვერ დაკმაყოფილდებოდა ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროება;
3.8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარმოების ეტაპზე ჩატარებული და საქმეში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის 14.05.2021წ. ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის N003159321 დასკვნის თანახმად, მოპასუხე (ბავშვის დედა) დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით - პარანოიდული შიზოფრენია, რემისიის მდგომარეობა (კოდი - F20.05; დაავადებათა საერთაშორისო კლაისიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მოპასუხეს შეუძლია დამოუკიდებლად იზრუნოს არასრულწლოვანი შვილის, 2015 წლის 10 სექტემბერს დაბადებული ბავშვის აღზრდაზე (ბავშვის კვებაზე, ჰიგიენაზე, ინტელექტუალურ განვითარებაზე და ა.შ.) და შეუქმნას მას აღზრდა-განვითარებისათვის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემო. მოპასუხის ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მასთან არასრულწლოვნის ღამისთევით დარჩენა/ურთიერთობა არ არის საფრთხის შემცველი ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის;
3.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტების თ.ნ–ისა და დ.მ–ძის ჩვენებების შესაბამისად, კვლევა ნაწარმოებია და ზემოთ აღნიშნული დასკვნა მოპასუხის მიმართ გაცემულია დაავადების რემისიის მდგომარეობაში და ამ მდგომარეობის გათვალისწინებით. დაავადების რემისია განპირობებულია მედიკამენტოზური მკურნალობით. მკურნალობის შეწყვეტა კირემისიის დაქვეითების წინაპირობას წარმოადგენს;
3.10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო წარმოების ეტაპზე ჩატარებული და საქმეში წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის 21.12.2021 წლის N 07-18-2-46681 დასკვნის თანახმად:
3.10.1. ინფორმაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ: არასრულწლოვანი სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფება ქ. ქუთაისის N1 პოლიკლინიკაში. მშობლების გადმოცემით, ბავშვს ჩატარებული აქვს ყველა ასაკობრივი აცრა. ბავშვი არის ჯანმრთელი, არ აქვს რაიმე სახის ქრონიკული/მწვავე დაავადება. ფიზიკური განვითარებით შეესაბამება ასაკს;
3.10.2. ინფორმაცია ბავშვის ქცევასა და ემოციურ განვითარებაზე: მამის გადმოცემით, ი. მშვიდი ბავშვია, არ ახასიათებს ჭირვეულობა, აგრესიული ქცევა. ემოციური განვითარება ასაკის შესაბამისია, წყენასა და სიხარულზე გამოხატავს ადეკვატურ რეაქციებს;
3.10.3. ინფორმაცია ბავშვის გონებრივ/კოგნიტურ განვითარებაზე: ბავშვი სწავლობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. .........ს N1 საჯარო სკოლაში. მშობლების გადმოცემით, ბავშვს არ აქვს სასკოლო მასალის ათვისების პრობლემა. სოციალური მუშაკის დასმულ შეკითხვებს პასუხობდა, თუმცა უხალისოდ, შემოიფარგლებოდა ცალკეული სიტყვებით და დიახ/არა პასუხებით, თუმცა მშობლების და ოჯახის წევრების გადმოცემით, ბავშვი საუბრობს გამართულად, ასაკის შესაბამისად. შესწავლის პროცესში გამოიკვეთა, რომ მისი კოგნიტური განვითარება ასაკობრივი ნორმის ფარგლებშია;
3.10.4. ინფორმაცია ბავშვის სოციალურ განვითარებაზე: ოჯახის წევრების გადმოცემით, ი. მამისა და მამიდების მიმართ გამოხატავს სიყვარულს, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანი სახლში არ არის, კითხულობს მათ. მამის გადმოცემით, ი.ს არ აქვს თანატოლებთან კომუნიკაციის პრობლემაც. თამაშობს მათთან ერთად, მიდის სტუმრად მეზობლად მცხოვრებ ბავშვებთან. რაც შეეხება სოციალურ მუშაკთან კომუნიკაციას, ბავშვთან კონტაქტის დამყარება მოხერხდა, თუმცა ი. იყო უხასიათოდ, არ იჩენდა კომუნიკაციის სურვილს. ოჯახის წევრების გადმოცემით, ზოგადად, უცნობ ადამიანებთან ბავშვი მორიდებულია და კონტაქტშიც ნაკლებად შედის;
3.10.5. ინფორმაცია ბავშვის განათლების შესახებ: ბავშვი იღებს ზოგად განათლებას, სწავლობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. .........ს N1 საჯარო სკოლაში. მშობლების გადმოცემით, ბავშვს არ აქვს სასკოლო მასალის ათვისების პრობლემა. გაკვეთილებს ესწრება სასწავლო განრიგის შესაბამისად. საშინაო დავალებების მომზადებაში ეხმარება მამიდა;
3.10.6. ბავშვზე განხორციელებული ყოველდღიური ზრუნვა: მოსარჩელეს შვილზე ზრუნვის პროცესში აქტიურად ეხმარებიან დები. ბავშვი უზრუნველყოფილია საკვებით, აქვს ასაკის შესაბამისი სათამაშოები, სასწავლო ინვენტარი. აცვია სუფთა, ასაკისა და სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი, თვითონაც მოწესრიგებულია;
3.10.7. ემოციური კავშირი: მამა და ოჯახის წევრები ი–ს ეპყრობიან სიყვარულით, საუბრისას განსაკუთრებულ სითბოსა და მზრუნველობას გამოხატავენ მის მიმართ, მათ ურთიერთობაზე დაკვირვებით, ი–საც აქვს ჩამოყალიბებული სტაბილური ემოციური კავშირი მათთან;
3.10.8. უსაფრთხოება: მოპოვებული ინფორმაციით, მამასა და მისი ოჯახის წევრებს არ აღენიშნებათ ჯანმრთელობის გამოხატული პრობლემები, ასევე არ ახასიათებთ ისეთი ქცევა, რომელიც ბავშვისათვის იქნება საფრთხის შემცველი. არ მიმართავენ დასჯის არაკონსტუქციულ მეთოდებს, მათი გადმოცემით, ი–ის არ ახასიათებს პრობლემური ქცევა, საჭიროების შემთხვევაში აძლევენ ბავშვს მითითებას;
3.10.9. ზედამხედველობა და საზღვრები: არასრულწლოვანი მუდმივად იმყოფება მამისა და მამიდების ზედამხედველობა/მეთვალყურეობის ქვეშ;
3.10.10. ოჯახის ფუნქციონირება: მოპასუხის ოჯახი ხუთი წევრისგან შედგება, ძმა - შ.მ–ძე, დები - ე. და მ–ეები, თავად ა. და პატარა ი. მოსარჩელის დედმამიშვილები დასაოჯახებლები არიან. მოპოვებული ინფორმაციით, ოჯახის წევრებს ერთმანეთთან პოზიტიური ურთიერთობა აქვთ, განაწილებული აქვთ ფუნქცია- მოვალეობები;
3.10.11. სოციალური ინტეგრაცია და თანადგომის ქსელი: ბავშვის მამისა და მისი დების განმარტებით, ოჯახს კარგი ურთიერთობა აქვს მეზობლებთან, მათივე გადმოცემით, მეზობლად ძირითადად მათი ნათესავები ცხოვრობენ, რომლებიც ხშირად სტუმრობენ მათ;
3.10.12. საცხოვრებელი გარემო: ოჯახი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... ფლობს ორსართულიან სახლს, სახლის პირველი სართული ბლოკით ნაშენებია, მეორე სართული კი ხისაა. სახლში ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობებია. საცხოვრებლად ძირითადად იყენებენ პირველ სართულს, სადაც განთავსებულია 4 ოთახი, აქედან 2 საძინებელია, ერთ-ერთში მამასთან ერთად სძინავს ი–ს. ოთახი გარემონტებულია, დგას შესაბამისი ავეჯი, ბავშვს აქვს საკუთარი საწოლი. მისაღებ ოთახში ბავშვისთვის მოწყობილია სამეცადინო კუთხე. ცალკე ფართი აქვთ გამოყოფილი სამზარეულოსა და სააბაზანოსთვის, თუმცა ამ ეტაპზე ორივე მათგანი კეთილმოუწყობელია. ოჯახი ფლობს თანამედროვე წარმოების საყოფაცხოვრებო ტექნიკას, საცხოვრებელი უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით, ეზოში აქვთ ჭა. ზამთარში იყენებენ შეშის ღუმელს;
3.10.13. დასაქმება და შემოსავალი: მოსარჩელე და მისი დები დასაქმებული არ არიან, ოჯახი დაკავებულია სოფლის მეურნეობით. ჰყავთ ძროხები, ღორები, ფუტკარი, აქვთ ყანა და ვენახი. ოჯახის შემოსავალია სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციიდან მიღებული თანხა, გარდა ამისა, მოსარჩელის დები და ძმა ასაკობრივი პენსიის მიმღები არიან, შესაბამისად, ოჯახს აქვს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი;
3.10.14. დასკვნითი ნაწილი: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დავალების საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის ზესტაფონის რაიონული წარმომადგენლობის მიერ განხორციელდა არასრულწლოვანთან მშობლების ურთიერთობის შესწავლა. შესწავლა მოხდა როგორც მშობლების მიერ გადმოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე, უშუალოდ მათ ურთიერთობაზე დაკვირვებით. არასრულწლოვანი ცხოვრობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მამასთან და მის დედ- მამიშვილებთან ერთად. მოსარჩელის, ასევე მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს გარკვეული პერიოდულობით - კვირაში ერთხელ, ან ორ კვირაში ერთხელ საკუთარი ავტომობილით მიჰყავს ბავშვი დედასთან შესახვედრად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ....., სადაც მოპასუხის დედა ცხოვრობს. აღნიშნული შეხვედრების ხანგრძლივობა დაახლოებით 2-3 საათია. მხარეების გადმოცემით, ეს დამოკიდებულია თავად ბავშვის სურვილზე. მათივე თქმით, ბავშვი დედას ხვდება პოზიტიურად, ეთამაშება მას. გარდა ამისა, მოპასუხეს ყოველდღიურად 2- 3-ჯერ სატელეფონო კომუნიკაცია აქვს შვილთან, რომელიც დაახლოებით 3-5 წუთს გრძელდება, ბავშვი უყვება დღის მნიშვნელოვან მოვლენებს, სკოლაში მომხდარ ამბებს. ზარის ინიციატორი ძირითადად დედაა, თუმცა ზოგჯერ მამა და მამიდებიც სთავაზობენ ბავშვს დედასთან დარეკვას. რაც შეეხება უშუალოდ ბავშვის სურვილს, მოსარჩელის გადმოცემით, მართალია, ბავშვი საუბარში ახსენებს დედას, თუმცა თავად არ გამოთქვამს მასთან წასვლის ან დარეკვის სურვილს, არ ამჟღავნებს მონატრებას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მოპასუხის შეხვედრა შვილთან ხდებოდა მოსარჩელის ახლობელთან, ქ. ზესტაფონში, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ ოჯახში ბავშვისათვის უფრო ნაცნობი გარემო იქნებოდა, ბავშვთან და მშობლებთან ერთობლივი შეხვედრა შედგა სწორედ იქ. გარდა მშობლებისა და ბავშვისა, ოთახში იმყოფებოდა ბავშვის მამიდაც. თავდაპირველად არასრულწლოვანი იჩენდა გარკვეულ გაღიზიანებას, უხალისოდ პასუხობდა შეკითხვებს, თუმცა ნელ-ნელა ბავშვი შევიდა დედასთან ურთიერთობაში. დედა შვილს სთავაზობდა მისთვის საყვარელ ტკბილეულს, ეკითხებოდა სკოლის ამბებს, მის მიერ დასმული შეკითხვებიდან, ასევე საუბრიდან ჩანდა, რომ დედა არის ინფორმირებული შვილის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ. ბავშვი პასუხობდა დედას, თუმცა იგი თავს არიდებდა ფიზიკურ კონტაქტს, ჩახუტებას, ხელით შეხებას. აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრის მანძილზე რამდენჯერმე ჩაეხუტა მამიდას. როგორც გამოიკვეთა, ამჟამინდელი მდგომარეობით, არასრულწლოვანს გაუცხოება აქვს დედასთან, ბავშვს არ აქვს ჩამოყალიბებული სრულფასოვანი ემოციური კავშირი მასთან. რაც შეეხება მამასთან ურთიერთობას, მოსარჩელის გადმოცემით, ის შვილთან დიდ დროს ატარებს, ეთამაშება მას, ცდილობს, რომ შეუსრულოს ყველა სურვილი. ბავშვი მამის მიმართ გამოხატავს სითბოსა და სიყვარულს. როგორც შესწავლის პროცესში გამოიკვეთა, ორივე მშობელი სიყვარულსა და მზრუნველობას ამჟღავნებს არასრულწლოვნის მიმართ. ბავშვის ძირითადი საჭიროებები დაკმაყოფილებულია, შასაბამისი ყურადღება ექცევა მის ჯანმრთელობასა და განათლებას. ბავშვის მამა და მისი ოჯახის წევრები ხელს უწყობენ დედა-შვილს შორის პერიოდულ შეხვედრებს, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მოსარჩელეს თავად მიჰყავს შვილი დედის მისამართზე. თუმცა მამა წინააღმდეგია იმის, რომ ბავშვი ღამის განმავლობაში დარჩეს დედასთან, რასაც ბავშვის უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნის. მოპასუხის აზრით კი ის ფაქტი, რომ შვილთან მხოლოდ დღის მანძილზეა რამდენიმე საათით კომუნიკაცია ნეგატიურად აისახება ურთიერთობაზე, ბავშვს ავიწყდება დედა, ხდება გაუცხოება და თავადაც არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ ჩართული იყოს მის ყოველდღიურ ცხოვრებაში;
3.10.15. მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ერთიანი პოზიცია/გადაწყვეტილება მიმდინარე დავასთან დაკავშირებით: არასრულწლოვნის სრულყოფილი ფსიქო-ემოციური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ მას სრულფასოვანი ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან.
3.11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.04.2022 წ. სხდომაზე არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი თ. ფ–ი დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ არასრულწლოვნის სრულყოფილი ფსიქო-ემოციური განვითარებისათვის მას სრულფასოვანი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ორივე მშობელთან. მისი მოსაზრებით, რომელ მშობელთანაც არ უნდა განისაზღვროს ბავშვის საცხოვრებელი ადგილი, მეორე მშობელს 2 დღე მაინც უნდა მიეცეს შვილთან ურთიერთობის შესაძლებლობა (იხ. 07.04.2022 წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 15:09- 15:11სთ.).
3.12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.04.2022 წ. სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი ს. კ–ი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და განმარტა, რომ ბავშვი ადაპტირებულია მამის საცხოვრებელ გარემოში, სადაც უზრუნველყოფილია ყველა საჭიროებით, თუმცა, მიუხედავად ამისა, დედას უნდა მიეცეს ბავშვთან ურთიერთობის შესაძლეობლობა. ფსიქოლოგის დასკვნიდან გამომდინარე, ვერ დაეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ დედას არ გააჩნია ბავშვზე ზრუნვის სათანადო უნარები. იგი დაეთანხმა დედის ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას, დედა-შვილს შორის ურთიერთობის აღდგენისათვის (იხ. 07.04.2022წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 15:13-15:19სთ.).
4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დავა გამომდინარეობს საოჯახო სამართლიდან. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეებს სურთ, კერძოდ, არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1201-ე (თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს) მუხლიდან გამომდინარეობს.
5. ბავშვის უფლებათა კონვენცია ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. სსკ-ის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1-ე მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა დასკვნის შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, როდესაც იგი არასრულწლოვნის უფლებებს შეეხება, მიუხედავად კანონით რეგლამენტირებული ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპისა, ამოსავალი დებულება ყოველთვის ბავშვის საუკეთესო ინტერესია, რომლის უზრუნველყოფის მიზნით დაიშვება, როგორც ერთ-ერთი, ისე ორივე მშობლის უფლების შეზღუდვა, თუკი მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი დასახული მიზნის მიღწევა.
6. კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
7. სსკ-ის 1197-ე, 1198-ე, 1201-ე, 1202-ე მუხლებზე დაყრდნობით, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის საფუძველზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით ბავშვის უფლებაა, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, რაც გულისხმობს ბავშვისათვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას, ურთიერთობა ჰქონდეს როგორც მშობლებთან, ისე სხვა ნათესავებთან. სსკ-ის 1198-ე მუხლის მე-5 ნაწილით, შვილებთან ურთიერთობა მშობლის არა მარტო უფლებაა, არამედ კანონი მას ავალდებულებს ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან, იზრუნოს მასზე, როგორც ქორწინების დროს, ისე - განქორწინების შემდეგ. ამდენად, როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით.
8. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესია, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. „ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ, როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები“ (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, 31-ე სესია, რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ.);
9. საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ (რომელიც სიახლეა ქართულ კანონმდებლობაში და იცავს ბავშვის უფლებებსა და თავისუფლებებს) მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებმა, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ბავშვის საუკეთესო ინტერესები განსაზღვრონ და მათი სავალდებულო შეფასება განახორციელონ შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ა) ბავშვის აზრის მოსმენა და სათანადოდ გათვალისწინება; ბ) ბავშვის ყველა სხვა უფლების დაცვა, მათ შორის, ღირსების დაცვის, თავისუფალი განვითარების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაცვის, ყველა ფორმის ძალადობისგან დაცვისა და ბავშვებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; გ) მულტიდისციპლინური მიდგომით, სპეციალიზებული პირების მიერ ბავშვის ფსიქოლოგიური და ფიზიკური კეთილდღეობის, მისი სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების შეფასება და გათვალისწინება.
10. ამდენად, როდესაც საკითხი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი).
11. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი (ბავშვის დედა) სადავოდ ხდის არასრულწლოვნის საცხოვრებლად, მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, მისი ძირითადი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გამომდინარეობდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან.
12. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის, უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72) - შდრ. ასევე,სუსგ N ას-967-916-2015, 25.02.2016წ).
13. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, სრულად შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. აღნიშნული დასკვნის გამოტანის საფუძველი სააპელაციო სასამართლოს მისცა ბავშვთან გასაუბრებამ, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასებამ, ასევე საქმეში წარმოდგენილი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნების შედეგებმა და მათი წარმომადგენლების განმარტებებმა, მათ შორის, სააპელაციო წარმოების ეტაპზე წარდგენილმა 21.12.2021 წ. დასკვნამ, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ მამის საცხოვრებელ გარემოში ბავშვი უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი საჭიროებით - ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი, ემოციური და გონებრივ/კოგნიტური განვითარება, განათლება, ყოველდღიური ზრუნვა და ზედამხედველობა, უსაფრთხოება, შესაბამისი საცხოვრებელი და ეკონომიკური პირობები, თბილი და მოსიყვარულე ოჯახური გარემო, მჭიდრო და საიმედო კავშირი ოჯახის წევრებთან. ამასთან, ბავშვი ადაპტირებულია სწორედ მამის საცხოვრებელ ადგილზე, დადის სკოლაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლო, ბავშვთან გასაუბრებისა და მითითებული დასკვნების საფუძველზე კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებლის განსაზღვრა მისი ასაკისა და საუკეთესო ინტერესის შესაბამისია.
14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ მამასა და შვილს შორის განსაკუთრებულ მიჯაჭვულობას. არ იკვეთება რაიმე ისეთი გარემოების არსებობა და წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ არასრულწლოვნის მამასთან საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მისი აღზრდა-განვითარებისთვის, ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვის საფრთხის შემცველია; მათ შორის არ დასტურდება აპელანტის (ბავშვის დედის) მიერ მითითებული გარემოება, რომ ბავშვის მამა მიდრეკილია ალკოჰოლური სასმელის მიღებისაკენ, ან ის გარემოება, რომ დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ქ. ქუთაისი) ბავშვს შეექმნება აღზრდა-განვითარებისათვის განსაკუთრებულად უპირატესი გარემო, ვიდრე ეს არსებობს მამის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ზესტაფონი, სოფ. .......).
15. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბავშვის დედა პროფესიით პედაგოგია და გააჩნია შესაბამისი უნარები, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდა-განვითარებაში სრულყოფილი მონაწილეობისათვის, თუმცა მიიჩნია, რომ ფაქტობრივად არსებული ვითარების, კერძოდ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რამდენიმე წელია ბავშვი მუდმივად ცხოვრობს მამასთან და განსაკუთრებული სიყვარული და მიჯაჭვულობა აქვს მამისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ, ხოლო დედისადმი ამ ეტაპზე არსებობს გარკვეული გაუცხოება, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვი სრულად არის ადაპტირებული თავის საცხოვრებელ გარემოსთან, სკოლასთან, ამხანაგებთან და თავს გრძნობს ლაღად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სავსებით შეესაბამება არასრუწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ მამის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ბავშვის ყველა ძირითადი საჭიროება დაკმაყოფილებულია, შესაბამისი ყურადღება ექცევა მის ჯანმრთელობასა და განათლებას, ბავშვის მამა გამოთქვამს მზაობას ხელი შეუწყოს დედა-შვილის შეხვედრასა და მათ შორის პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
16. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად.
17. სააპელაციო სასამართლომ საქმის ზეპირ განხილვაზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მოიწვია მხარეები, არასრულწლოვანი ბავშვი, ბავშვის საპროცესო წარმომადგენელი და შეეცადა გამოეკვეთა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, ,რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების - იქონიოს დედასთან კონტაქტი - მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, ბავშვის განმარტებების, ასაკის, მისი დედისადმი დამოკიდებულების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსა და ფსიქოლოგის დასკვნების გათვალისწინებით, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილი. ასევე, სასამართლომ განსაზღვრა ბავშვთან დედის ურთიერთობის წესი, მათ შორის, ღამით დარჩენის უფლებით, ცხადია, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, თუმცა, იმგვარად, რომ ამ დროისათვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, დაცული იყოს გონივრული ბალანსი და ზიანი არ მიადგეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხ. „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“).
18. სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველ სხვა კატეგორიის საქმეთაგან განსხვავებით, საოჯახო სამართლებრივი დავების განხილვა ინკვიზიციური ელემენტებითაა გაჯერებული და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 354-ე მუხლით კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს საქმის გარემოების დადგენას სასამართლოს ინიციატივითაც. მითითებული საპროცესო წესის გამოყენება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მით უფრო გამართლებულია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლო, როგორც სამართალწარმოების მეორე ინსტანცია, დავის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლოა და სსსკ-ის 380-ე მუხლით მას ახალ მტკიცებულებათა მიღების შესაძლებლობაც აქვს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, როდესაც საკითხი სსკ-ის 1201-ე მუხლის მე- 2 ნაწილით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).
19. განსახილველ შემთხვევაში, დავის თავისებურების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საკითხი შეფასდეს არა ცალმხრივად, არამედ ყოველმხრივ, ბავშვთან თითოეული მშობლისურთიერთობის რეალური შესაძლებლობის გათვალისწინებით, რათა მიღწეულ იქნას დასახული მიზანი, რაც გულისხმობს ოჯახთან გაერთიანებასა და არასრულწლოვანისსაუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების რეალიზაციას. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეფასდეს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგი) მიერ გაკეთებული დასკვნები, რომლებიც ცალსახად მიუთითებდნენ, რომ არასრულწლოვნის აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია ბავშვს ჰქონდეს ურთიერთობა ორივე მშობელთან. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბავშვს აქვს დედასთან ურთიერთობის სურვილი. ამდენად, მომავალში ბავშვის სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისათვის, მისი ფიზიკური, ემოციური და სოციალური უნარების გამყარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს დედასთან სრულფასოვანი ურთიერთობა, რომლის მიმართაც იგი კეთილგანწყობილია.
20. განსახილველ შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნით დადგენილია, რომ მოპასუხის საცხოვრებელ სახლში ბავშვისათვის უსაფრთხო და მზრუნველი გარემოა შექმნილი, ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადგენილია, რომ აპელანტს, რომელიც იმყოფება დაავადების რემისიის მდგომარეობაში, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შეუძლია დამოუკიდებლად იზრუნოს არასრულწლოვანი შვილის, 2015 წლის 10 სექტემბერს დაბადებული ბავშვის აღზრდაზე (ბავშვის კვებაზე, ჰიგიენაზე, ინტელექტუალურ განვითარებაზე და ა.შ.) და შეუქმნას მას აღზრდა-განვითარებისათვის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემო.
21. ამრიგად, სააპელაციო სასამართლო, მართალია, დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, არასრულწლოვნის საცხოვრებლად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს შეფასებით სრულად შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, მაგრამ, იმავდროულად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, მიიჩნია, რომ არასრულწლოვნის სრულყოფილი ფსიქო-ემოციური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ მას სრულფასოვანი ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია დედისათვის შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა შემდეგნაირად: მოპასუხეს (დედას) უნდა მიეცეს უფლება, ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვანთან შეუზღუდავად კვირის ნებისმიერ დღეს, ბავშვის სასწავლო პროცესის გათვალისწინებით (სასწავლო პროცესის დაურღვევლად). გარდა ამისა, ბავშვის დედას უნდა მიეცეს უფლება ყოველი კვირის პარასკევს სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, 18:00 საათამდე, ასევე, შაბათს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე წაიყვანოს ბავშვი თავის საცხოვრებელ ადგილზე ღამისთევის გარეშე, ხოლო ბავშვის სურვილის შემთხვევაში - ღამისთევით, ყოველი კვირის პარასკევს სასწავლო პროცესის დასრულებიდან შაბათის 18:00 საათამდე.
22. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხ. ECHR: რ. ი და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ, 18.12.2018წ.), რომლის თანახმადაც, მშობლისა და ბავშვის ერთად ყოფნის, თანაცხოვრების სიამოვნება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის, „ოჯახური ცხოვრების“ უფლების ძირითადი არსია, მაშინაც კი, როდესაც ურთიერთობა მშობელსა და ბავშვს შორის გარკვეულწილად პრობლემურია. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური ცხოვრება, კონვენციის მიხედვით ძირითადად დაცულია სახელმწიფოს მხრიდან შერჩევითი ჩარევის შემთხვევებისგან, დამატებით ასევე არსებობს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება – „პატივი სცეს“ ოჯახურ ცხოვრებას. სახელმწიფოს პოზიტიური ღონისძიება მე-8 მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს სახელმწიფო ორგანოების ნაბიჯებს, გააერთიანოს მშობლები და ბავშვები, ხელი შეუწყოს მათ ერთმანეთთან დაბრუნებას. ოჯახების გაერთიანება ეხება არა მარტო იმ შემთხვევებს, როდესაც ბავშვი მოთავსებულია სახელმწიფო სამზრუნველო დაწესებულებაში, საიდანაც უწევს ოჯახში დაბრუნება, არამედ იმ შემთხვევებსაც, როდესაც მშობლებს შორის მიმდინარეობს საოჯახო დავა ბავშვებთან ურთიერთობისა და საცხოვრებლის განსაზღვრის თაობაზე. ეს პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს როგორც კანონმდებლობის არსებობას, ისე - მის ეფექტიან აღსრულებას. სასამართლო ამოწმებს იყო თუ არა დაცული ბალანსი ინდივიდისა და საზოგადოების, მათ შორის, მესამე პირების, ინტერესებს შორის. ამ ბალანსის დაცვის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის საუკეთესო ინტერესს, რომელიც, გარემოებების არსიდან და სირთულიდან გამომდინარე, შესაძლოა აჭარბებდეს მშობლების ინტერესის დაცვის მიზანს. ამავე დროს, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ბავშვის მოწყვლადი სტატუსიდან გამომდინარე, იგი დაცვის განსაკუთრებულ ზომას საჭიროებს.
23. სააპელაციო სასამართლომ, პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, ხაზი გაუსვა მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს როლს მსგავსი კატეგორიის საქმეებში და აღნიშნა, რომ მეურვეობის არაეფექტური და დაგვიანებული ჩართულობა, შესაძლოა არღვევდეს კონვენციის მე-8 მუხლს. ამ კონტექსტში ღონისძიების ადეკვატურობა ფასდება მისი აღსრულების სისწრაფით, ვინაიდან, დროის ფაქტორს აქვს შეუქცევადი ეფექტი ბავშვის და იმ მშობლის ურთიერთობაზე რომელთანაც ბავშვი არ თანაცხოვრობს. სამართალწარმოების დრო განსაკუთრებულად გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, როდესაც დავა ეხება ბავშვებს, ვინაიდან, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ პროცედურების ნებისმიერი სახით გაჯანჯლება გავლენას იქონიებს საკითხის გადაწყვეტაზე. ევროსასამართლოს განმარტებით, ხელისუფლების ორგანოების წარუმატებელი ქმედებები ავტომატურად არ გულისხმობს, რომ მან დაარღვია მე-8 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება. ხელისუფლების ვალდებულება ბავშვისა და მშობლის გაერთიანებისათვის არ არის აბსოლუტური, ვინაიდან იმ ბავშვისა და მშობლის გაერთიანება, რომლებიც გარკვეული ხნის განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, შესაძლოა, ვერ მოხდეს დაუყოვნებლივ და შესაძლოა, მოითხოვოს მოსამზადებელი სამუშაოები. მოსამზადებელი სამუშაოების ხასიათი და ინტენსივობა დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე, მაგრამ ამ სამუშაოების დროს გადამწყვეტია ყველა მხარის ჩართულობა და თანამშრომლობა ერთმანეთთან. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გააკეთონ მაქსიმუმი ამ თანამშრომლობის მხარდასაჭერად, თუმცა, ამავე დროს, მათ აქვთ იძულებითი ღონისძიებების განხორციელების შეზღუდული ვალდებულება, ვინაიდან მათ უნდა გაითვალისწინონ ყველა ჩართული მხარის ინტერესი, უფლებები და თავისუფლებები, განსაკუთრებით კი, ბავშვის საუკეთესო ინტერესი და მისი მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლება. არ არის მისაღები და სასურველი იძულებითი ღონისძიებების გატარება ბავშვების მიმართ ამ განსაკუთრებულად მგრძნობიარე ვითარებაში, თუმცა, არ უნდა გამოირიცხოს სანქციების გამოყენება იმ მშობლის უკანონო ქმედების მიმართ, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. შესაძლებელია, ხელისუფლების მხრიდან უფრო მკაცრი სანქციის გამოყენებამ არ შეცვალოს ამ მშობლის პოზიცია, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ხელისუფლების ორგანოებს ვალდებულებისგან, მიიღონ ყველა საჭირო ზომა კონტაქტის დასამყარებლად (ბავშვსა და იმ მშობელს შორის, რომელსაც ბავშვი დააცილეს). მართალია, ბავშვების აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ მათი აზრი ყოველთვის საბოლოოდ ჩამოყალიბებული და უცვლელი არ არის. ბავშვის უფლება, გამოხატოს თავისი აზრი, არ უნდა განიმარტოს, როგორც უპირობო უფლება, სხვა ფაქტორებისა და მისი ჭეშმარიტი ინტერესის გამოკვლევის გარეშე. ასეთი ინტერესი კი, როგორც წესი, მიუთითებს, რომ ბავშვის კავშირები ოჯახთან უნდა შენარჩუნდეს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კავშირი საზიანოა ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის.
24. ამდენად, ბავშვის მოწყვლადი სტატუსის გათვალისწინებით, სსსკ-ის 354-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების ხანგრძლივ პერსპექტივაში სრულყოფის მიზნით, ბავშვის საუკეთესო ინტერესისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, იქონიოს მშობლებთან კონტაქტი, მაღალი სტანდარტის დაცვით, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ არა მხოლოდ განსაზღვროს ბავშვთან მშობლების ურთიერთობა, არამედ დაადგინოს გადაწყვეტილების აღსრულების წესიც (სსსკ-ის 251-ე მუხლი) და მონიტორინგი განახორციელოს, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40). ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40). სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მხარეთათვის კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს, რომელიც აღსრულებადი უნდა იყოს. დედა-შვილს შორის ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, სასამართლო ადგენს ბავშვის ნახვის დღეებსა და საათებს, რომელთა გონივრულად, უპირატესად, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით გამოყენება, ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია. კერძოდ, მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა აეკრძალოთ ბავშვის მიმართ ისეთი (დამაშორებელი) მოქმედებების განხორციელება, რომლებიც ნეგატიურად იმოქმედებს ერთ-ერთი მშობლის მიმართ ბავშვის პოზიტიურ ურთიერთობაზე. მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაევალოთ ინტენსიური ჩართულობა არასრულწლოვნის აღზრდის პროცესში მისი ფსიქო- ემოციური, სოციალური და საგანმანათლებლო საჭიროებების ხელშეწყობის თვალსაზრისით.
25. ამასთან, მხარეთა მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი წესის აღსრულების მიზნით, მონიტორინგი/ზედამხედველობა უნდა დაევალოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, რომელიც ვალდებულია, საჭიროების აღმოფხვრამდე ზედამხედველობა განახორციელოს თითოეული მშობლის ბავშვთან დამოკიდებულებაზე, ბავშთან იქონიოს აქტიური კომუნიკაცია, წინამდებარე გადაწყვეტილების პოზიტიური კუთხით აღსრულების დამაბრკოლებელი წინაპირობების არსებობის გამორკვევის მიზნით (იხ. სუსგ N ას-705-705-2018, 23.12.2019წ.).
26. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული წესის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო დავის სპეციფიკური ხასიათი, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის მხარდაჭერის საჭიროება, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონით დაკისრებული ფუნქცია, რათა ეფექტიანად და დროულად განხორციელდეს წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულება, რათა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და თითოეული მშობლისათვის არიდებული იქნეს გაუმართლებელი ფორმალური პროცედურები და მოცემულ დავაზე სასამართლოსათვის კანონმდებლობით მინიჭებული ინკვიზიციური წარმოებით, განახორციელოს გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგი (იხ. სუსგ ას-1149-1081-2015, 6.05.2016წ).
27. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის (ბავშვის დედის) სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება ბავშვის მამის სარჩელის დაკმაყოფილებისა და არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. .........ს, განსაზღვრის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად; ბავშვის დედის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი; ამასთან, მოპასუხეს უნდა განესაზღვროს შვილთან ურთიერთობის წესი შემდეგი სახით: მოპასუხეს უნდა მიეცეს უფლება ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილთან შეუზღუდავად კვირის ნებისმიერ დღეს, ბავშვის სასწავლო პროცესის გათვალისწინებით (სასწავლო პროცესის დაურღვევლად); გარდა ამისა, მოპასუხეს მიეცეს უფლება ყოველი კვირის პარასკევს სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, 18:00 საათამდე, ასევე, შაბათს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე წაიყვანოს ბავშვი თავის საცხოვრებელ ადგილზე ღამისთევის გარეშე, ხოლო ბავშვის სურვილის შემთხვევაში - ღამისთევით, პარასკევიდან (სასწავლო პროცესის დასრულებიდან) შაბათის 18 საათამდე.
28. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრეს მხარეებმა.
28.1. ბავშვის მამის (პირველი კასატორი) საკასაციო მოთხოვნა შეგებებული სარჩელის სრულად უარყოფას შეეხება;
28.2. პირველი კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს დედასა და შვილს შორის ურთიერთობა არ უნდა განესაზღვრა, რადგან ეს უკვე განსაზღვრული იქნა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 ოქტომბრის, მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, განჩინებით. შესაბამისად, მოპასუხის შეგებებულ სარჩელზე, ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრის მოთხოვნის ნაწილში, წარმოება უნდა შეწყვეტილიყო;
28.3. პირველი კასატორის განმარტებით, დედის ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მასთან არასრულწლოვნის ღამისთევით დარჩენა ბავშვისათვის უსაფრთხო არ იქნება. დედას ბავშვზე მარტოს ზრუნვის გამოცდილება არ აქვს;
28.4. ბავშვის დედის (მეორე კასატორი) საკასაციო მოთხოვნა არასრულწლოვანი შვილის დედის საცხოვრებელ ადგილზე ღამისთევით ყოველი კვირის პარასკევს სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, კვირა დღის 18 საათამდე წაყვანას შეეხება. ასევე, კასატორი მოითხოვს, რომ ზამთარში არდადეგების ნახევარი დრო - 27 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით და ზაფხულში არადეგების ნახევარი - 1 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით ბავშვმა დედასთან გაატაროს;
28.5. მეორე კასატორის განმარტებით, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება დედას მისცემს შესაძლებლობას, მოხდეს ბავშვის მასთან ურთიერთობისა და მიჯაჭვულობის აღდგენა და ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილება, რაც დადებით ზეგავლენას მოახდენს ბავშვის ფსიქოლოგიურ განვითარებაზე და ხელს შეუწყობს ბავშვის განვითარების პროცესს, მითუმეტეს, რომ ბავშვი გაიზარდა დედის საცხოვრებელ სახლში და გარემო ბავშვისათვის არ არის უცხო.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრისა და 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებებით მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო განაცხადები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ისინი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
30. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
31. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადები.
32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
33. საკასაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო პრეტენზიების დასაშვებობის განხილვის ეტაპზე, სსსკ-ის 354-ე მუხლით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იმსჯელა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობასა და კანონიერებაზე, რომელიც, უწინარესად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს („ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლი) და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებების, სოციალური მუშაკის დასკვნების, ფსიქოლოგის დასკვნისა და განმარტების, მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასადგენად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მიერ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლას და მშობლისა და შვილის ურთიერთობის აღდგენისათვის, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის დადგინდა კონკრეტული წესი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს დედა-შვილს შორის ჯერ ურთიერთობის აღდგენა, ხოლო შემდეგ ფსიქოლოგის, როგორც სპეციალისტის, დასკვნის მიხედვით, შემდგომი ურთიერთობა.
34. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1-ე მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ Nას- 458-440-2016, 15.07.2016წ.).
35. სსკ-ის 1202-ე მუხლი მშობელს, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი, უკრძალავს მეორე მშობელთან ურთიერთობის შეზღუდვას. ასეთი შეზღუდვის წინაპირობები საქმეში წარმოდგენილი სოციალური სამსახურისა და ფსიქოლოგის დასკვნებით არ დასტურდება. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholzv.Germany,#25735/94,31.07.2000, პარ.52 და TK და KM გაერთიანებული სამე -
ფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72) - შდრ. ასევე,სუსგ N ას-967-916-2915, 25.02.2016წ.
36. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და პატივისცემა, არამედ, ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულება ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნების ქვეშ ნაგულისხმევია არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, არამედ, მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირი, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს (შეად. სუსგ-ებს: N ას-1076-2022,23.12.2022წ; N ას-1139-2021, 29.11.2022წ; N ას-716-2021, 23.06.2022წ; N ას-43402921, 30.07.2021წ.).
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვთან ურთიერთობის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, შვილთან ურთიერთობა ჰქონდეს, რომელიც ეფექტიანი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული და მის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ბავშვს არა მხოლოდ აქვს უფლება, იზრდებოდეს და ვითარდებოდეს ჯანსაღ, მასზე მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში, ამასთან, მისი უფლებაა, დაცული იქნეს ყველა ისეთი შესაძლო ქმედებისაგან, მათ შორის მშობლის ქმედებისაგანაც, რომელიც ბავშვის ფსიქოემოციური განვითარებისა და მისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას შეუნარჩუნდეს მისი ურთიერთობა მასთან არმცხოვრებ მშობელთანაც, მოცემულ შემთხვევაში -დედასთან, რათა გაძლიერდეს ერთჭერქვეშ არმყოფი მშობლის მონაწილეობა და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში; შესაბამისად, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, დედას ბავშვის თავისთან სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესით ბავშვთან ურთიერთობის შეზღუდვისათვის (შეად. სუსგ-ებს: N ას-63-59-2017, 13.11.2018წ.; N ას-1837-2019, 16.06.2020წ ; N ას- 440-2020, 13.04.2021წ; N ას-434-2021, 30.07.2021წ.).
38. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს (კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც. ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება პრიორიტეტული მნიშვნელობა ჰქონდეს მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც – ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი (იხ. სუსგ-ები: Nას-198-2019, 28.05.2019წ.; N ას-440-2020, 13.04.2021წ; N ას-434-2021, 30.07.2021წ.).
39. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ბავშვის უფლებების დაცვის მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული კანონმდებლობის სისტემური ანალიზი იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომ ბავშვის უფლებების უზრუნველყოფა არ გულისხმობს ერთი რომელიმე უფლების სხვა უფლებასთან შედარებით უპირატესად რეალიზების, ან დაცვის უფრო მაღალი პრივილეგიით სარგებლობის შინაარსს. ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან ყველა უფლებას სახელმწიფო გარანტიებით/ინსტრუმენტებით ერთნაირად სარგებლობის უფლება და ხარისხი გააჩნია, მათ შორის ბავშვისაგან განცალკევებით მცხოვრებ მშობელთან ბავშვის ურთიერთობის უფლებასაც. თუმცა, ეს უფლება აბსოლუტურ უფლებად არ შეიძლება ჩაითვალოს, მშობლისა და ბავშვის უფლებათა შეწონადობის თვალსაზრისით, ბავშვის უფლება უპირატესად ითვლება და მშობელს, გარკვეული პირობების არებობისას, შესაძლოა ჩამოერთვას კიდეც ბავშვთან ურთიერთობის უფლება (სსკ-ის 1205-1206 მუხლები). ამ უფლების შემზღუდავი სახელმწიფო ინსტრუმენტი მოქმედებს მხოლოდ მაშინ და მშობლის უფლება არარეალიზებადია, თუკი მშობლის მოვალეობის არასათანადო შესრულება წინააღმდეგობაშია ბავშვის თუნდაც ერთ რომელიმე ინტერესთან (ჯანმრთელობა, ემოციური განვითარება, სწავლა და ა.შ.), ე.ი. მშობლის ბუნებითი უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა აბსოლუტურ და შეუზღუდავ უფლებად და, ამა თუ იმ პირობების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ კონტროლს ექვემდებარება (შეად. სუსგ-ას N ას-434-2021, 30.07.2021წ.).
40. ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ისეთი შემთხვევა, როდესაც ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ქმედითი ღონისძიებების განხორციელება, რათა მომხდარიყო მომჩივნის, კონკრეტულ შემთხვევაში - მამის უფლების უზრუნველყოფა, რომ ენახა საკუთარი ვაჟი, იძულებითი აღსრულების გზით, რადგან დედამ უარი განაცხადა მანამდე მშობლებს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე (Zawadka v. Poland, No.48542/99, 23.06.05). ერთ-ერთ საქმეზე მე-8 მუხლის დარღვევა დადგინდა იმის გამო, რომ ადგილობრივმა ორგანოებმა ვერ შეძლეს მომჩივნის (მამის) უფლების აღსრულება (Eberhard v. Slovenia, No.8673/05 and 9733/05, 01.12.09.)
41. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე არასრულწოვან შვილთან დედის ურთიერთობის წესი განსაზღვრულია. კონკრეტულ შემთხვევაში, ბავშვის დედაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მართებულად გამოიყენებს იგი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ წესს შვილთან ურთიერთობაში, იზრუნებს ოჯახური კავშირის აღდგენასა და გამყარებაზე ბავშვის საუკეთესო ინტერესის უპირატესობის გათვალისწინებით.„როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები“ (იხ. სუსგ ას-53-51-2016, 06.07.2016წ.).
42. საკასაციო სასამართლო პირველი კასატორის (ბავშვის მამის) პრეტენზიასთან დაკავშირებით, საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, რადგან საკითხი არასრულწლოვნისა და დედის ურთიერთობის განსაზღვრას შეეხება. ბავშვი იზრდება, მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა და სხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებები დინამიურია, გარკვეულწილად იცვლება და ვითარდება. სასამართლო უფლებამოსილია ერთ-ერთი მშობლის, მოთხოვნის საფუძველზე, შეცვალოს, გაზარდოს ან შეამციროს მშობლისა და შვილის ურთიერთობის ხანგრძლიოვობა და პერიოდულობა, რაც ისევ და ისევ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით უნდა იყოს განპირობებული. აქედან გამომდინარე, პირველი კასატორის საკასაციო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
43. მეორე კასატორს (ბავშვის დედას) პრეტენზია აქვს ბავშვის ღამისთევით წაყვანასთან დაკავშირებით, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, რადგან საქმის მასალებში ფსიქოლოგიური თუ სოციოლოგიური დასკვნების გაანალიზებისა და შეჯერების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება და მოაწესრიგა დედა-შვილის ურთიერთობის ხასიათი და ხანგრძლივობა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვის სურვილის შემთხვევაში, დადგინდა კვირაში ერთი ღამით არასრულწლოვნის დედასთან ღამისთევით დარჩენის შესაძლებლობა. ვინაიდან ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა სათუთია და ბავშვთან ურთიერთობა განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს, საკასაციო სასამართლოს შეფასებით კვირაში ერთი დღით, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით და მხოლოდ მის მიერ გამოხატული ნების საფუძველზე, მისი დედასთან ღამისთევით დარჩენა ხელს შეუწყობს დედა-შვილის დაახლოებას, რის შედეგადაც შესაძლოა ბავშვმა თვითონ ისურვოს დედასთან უფრო მეტი დროის გატარება.
44. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს, მიუთითებს მათზე და განმარტავს, რომ საქმის მასალებში არსებული სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის დასკვნების გათვალისწინებით ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და, შესაბამისად, ბავშვისა და დედის ურთიერთობის წესის დადგენა სრულად შეესაბამება ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს, რომლებიც დადგენილია არასრულწლოვანთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისათვის.
45. საკასაციო სასამართლო ვერ დარწმუნდა მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო პრეტენზიების დასაბუთებულობაში, რაც საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
46. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.მ–ძის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. ა.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
3. ნ.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
4. ა.მ–ძეს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება N16002402463, გადახდის თარიღი 2023 წლის 8 თებერვალი), 70% – 210 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
ზ. ძლიერიშვილი