Facebook Twitter

19 აპრილი, 2023 წელი,

საქმე №ას-228-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.ა–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჯ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ა–ძის (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა თ.ჯ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე), რომელმაც ნოტარიუს ი.ხ–ის მიერ 2020 წლის 22 ივნისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და დავალიანების სესხის ძირი თანხით, 48 000 აშშ დოლარით განსაზღვრა მოითხოვა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

4.1. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

4.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;

4.3. სარჩელი დაკმაყოფილდა;

4.4. ნოტარიუს ი.ხ–ის მიერ 2020 წლის 22 ივნისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილება შევიდა და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირი თანხის, 48 000 აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვრა.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ, ამ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარზე კასატორს ხარვეზი დაუდგინდა, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტის გადახდის ქვითრის დედნისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 396.1 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა დაევალა.

7. 2023 წლის 13 აპრილს კასატორმა საკასაციო პალატას განცხადებით მომართა და აღნიშნა, რომ მისი საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარს ამბობდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

9. სსსკ-ის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა. ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი. უფრო მეტიც, სსსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი უფლებამოსილია მომართოს საკასაციო სასამართლოს და უარი თქვას საკასაციო საჩივარზე.

10. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378.2 მუხლიდან შესაბამისად მის საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.

ამავდროულად, კასატორს უნდა განემარტოს, რომ სსსკ-ის 378.2 და 273.2 მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელი იქნება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49.2, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ა–ძის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება მ.ა–ძის საკასაციო საჩივარზე თ.ჯ–ძის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

3. განემარტოთ მხარეებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.

4. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე