20 ოქტომბერი, 2022 წელი,
საქმე №ას-937-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი (მოპასუხე) - სს ,,ს.ბ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე - თ.მ–ძე
II კასატორი (მოსარჩელე) - თ.მ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს.ბ–ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა; სამუშაოზე აღდგენა; იძულებითი განაცდურის, გამოუყენებელი შვებულებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება; დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2008 წლიდან თ.მ–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, მეორე კასატორი, დასაქმებული) სს ,,ს.ბ–ში“ (შემდეგში: მოპასუხე, პირველი კასატორი, დამსაქმებელი, საწარმო, ბანკი) სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
2. 2017 წლის აპრილიდან 2018 წლის 17 აპრილის ჩათვლით, მოსარჩელე ბანკში საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების ჯგუფის მხარდაჭერის მენეჯერის თანამდებობაზე იყო დასაქმებული.
3. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება 995 ლარს (დასაბეგრი ოდენობა) შეადგენდა.
4. დასაქმებული მრავალშვილიანი დედაა (4 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს), უმაღლესი განათლებით, მინიჭებული აქვს გამოყენებითი მათემატიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, მათემატიკისა და ინფორმატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია, ხოლო 2009 წლის 20 აპრილს მიენიჭა მათემატიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირების სპეციალობით. მოსარჩელე არაერთი ტრენინგის მონაწილეცაა.
5. 2017 წლის 29 სექტემბრიდან 2018 წლის 16 აპრილის ჩათვლით, დასაქმებული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში იმყოფებოდა.
6. მოპასუხე საწარმოს დირექტორატის 2018 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით, საცალო ბიზნესის მომსახურების დეპარტამენტში საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების ჯგუფის მხარდაჭერის მენეჯერის 37 საშტატო ერთეული გაუქმდა, ხოლო 2018 წლის 3 აპრილს მოპასუხემ მოსარჩელეს რეორგანიზაციის გამო მისი შტატის შემცირებისა და 2018 წლის 17 აპრილიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება ჩააბარა.
7. დეკრეტული შვებულების ასანაზღაურებლად მოსარჩელემ მოპასუხისგან 4 396.81 ლარი (დაბეგრილი) მიიღო.
8. 2018 წლის 18 აპრილს, დამსაქმებელმა მოსარჩელეს გადაუხადა 2 თვის შრომის ანაზღაურების კომპენსაცია - 1 570.40 ლარი და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება - 105.43 ლარი.
9. საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების ჯგუფის მხარდაჭერის მენეჯერის თანამდებობიდან დათხოვნილი 37 პირიდან, 2018 წელს 9 პირი კვლავ ბანკში დასაქმდა სხვადასხვა პოზიციაზე.
10. საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების ჯგუფის მხარდაჭერის მენეჯერის ძირითადი ფუნქციები მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე გადანაწილდა, რომელზეც 2018 წლის აპრილში თბილისის მასშტაბით ვაკანსია არსებობდა, რაც მიმდინარე პერიოდშიც აქტიურია.
11. მოსარჩელისათვის სხვა პოზიცია, მათ შორის მოლარე-ოპერატორის სამუშაო ადგილი დამსაქმებელს არ შეუთავაზებია.
12. მოპასუხესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, 2018 წლის 17 აპრილიდან - 2020 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით, მოსარჩელის მიერ სხვა დამსაქმებლებისგან ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი 22 689.5 ლარია (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
დროის დასახელებულ მონაკვეთში ჯამურად მოსარჩელემ 40 418 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შემოსავალი მიიღო.
13. მოსარჩელეს არ უსარგებლია 2018 წლის ფასიანი შვებულებით, რომლის ხანგრძლივობაც 24 სამუშაო დღეა.
14. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 2 აპრილის ბრძანების (შემდეგში - სადავო ბრძანება ან გასაჩივრებული ბრძანება) ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების, პირგასამტეხლოს დაკისრების, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აღძრა.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
15.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
15.2. სადავო ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი;
15.3. მოსარჩელე აღდგენილ იქნა მოპასუხე ბანკში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე (თბილისის ტერიტორიაზე);
15.4. დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი, 2018 წლის 17 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენის დღემდე, ყოველთვიურად 995 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), რასაც ამ ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებისას გამოაკლდა 2018 წლის 18 აპრილს მოპასუხის მიერ კომპენსაციის სახით გადახდილი 1 590.40 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ სხვა დამსაქმებელისგან ხელფასის სახით მიღებული 22 689.51 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
15.6. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 2018 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება 995 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
15.7. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხესვე დაეკისრა გამოუყენებელი საშვებულებო ანაზღაურების თანხაზე პირგასამტეხლოს, 995 ლარის 0.07%-ის ოდენობით გადახდა ყოველ დაყოვნებულ დღეზე, 2018 წლის 28 აპრილიდან საშვებულებო ანაზღაურების დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
15.8. საწარმოს დირექტორატის 2018 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნათა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
16. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
16.1. დამსაქმებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა იყო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად უარყოფა.
16.2. სააპელაციო საჩივრით დასაქმებულმა მოითხოვა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით:
- მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
- დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს დაეკისრა იძულებითი განაცდური დროის ხელფასის, 2018 წლის 17 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენის დღემდე ყოველთვიურად 995 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) ანაზაურება, რასაც ამ ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებისას უნდა გამოკლებოდა კომპენსაციის სახით გადახდილი 1 590.40 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) და მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ სხვა დამსაქმებლისგან ხელფასის სახით მიღებული 40 418 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
- დანარჩენ ნაწილში მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა;
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
17.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-13 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა არაკანონიერად.
17.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მართალია, ბანკში რეორგანიზაციის ჩატარებისა და შტატების შემცირების გარემოება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, თუმცა მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, თუ კონკრეტულად რა ობიექტური საფუძვლით შეწყდა უშუალოდ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება; მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე დაწესებულებაში მოსარჩელე წლების მანძილზე მუშაობდა და მასზე დაკისრებულ მოავლეობებს კვალიფიციურად ასრულებდა.
სააპელაციო სასამართლომ აქვე მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მოსარჩელის თანამდებობრივი ფუნქციები რეორგანიზაციის შედეგად, თუნდაც ნაწილობრივ, მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე გადანაწილდა. აქედან გამომდინარე, რეორგანიზაციის პერიოდში მოლარ-ოპერატორის ვაკანსიების არსებობის პირობებში, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის რღვევასთან შედარებით შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების პრინციპის უპირატესობის მხედველობაში მიღებით, დამსაქმებელი უფლებამოსილი და ვალდებულიც იყო, მოსარჩელესათვის თუნდაც ნაკლებად ანაზღაურებადი მოლარე-ოპერატორის პოზიცია შეეთავაზებინა; ან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა კონკრეტული ობიექტური საფუძვლით დაესაბუთებინა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. თითოეულ თანამშრომელთან მიმართებით დამსაქმებელს გულისხმიერი დამოკიდებულების გამოჩენა ევალებოდა, შესაბამისი ვაკანსიების არსებობის პირობებში აღნიშნულის თაობაზე განთავისუფლებული თანამშრომლებისათვის უნდა ეცნობებინა, რათა სურვილის შემთხვევაში მათ ბანკში კვლავ დასაქმების შესაძლებლობა ჰქონოდათ.
ამდენად, კეთილსინდისიერ დამსაქმებელს ევალებოდა, თავისი ყოფილი დასაქმებულებისადმი შესაბამისი ინფორმირებისა და თითოეული დასაქმებულის მიმართ სამსახურის შენარჩუნებისათვის ინტერესი გამოევლინა. იმ პირობებში, როდესაც ბანკმა 37 დასაქმებულთან რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა და იმავე წელს ვაკანსიები გამოაცხადა, რომელზეც 9 განთავისუფლებული თანამშრომელი კვლავ დაასაქმა, ლოგიკურად გაჩნდა შეკითხვა, თუ რა კრიტერიუმებით „აღდგა“ ამ პირებთან შრომითი ურთიერთობა. მოპასუხე ბანკს, როგორც ქართულ ბაზარზე მოქმედ ერთ-ერთი მსხვილ დამსაქმებელს, საკუთარი თანამშრომლების შრომითი/სოციალური უფლებებისადმი მეტად გულისხმიერი დამოკიდებულება ევალებოდა. თითოეული დამსაქმებელი დაინტერესებული უნდა იყოს არსებულ კადრებთან მიმართებით შრომითი ხელშეკრულების შენარჩუნებით, რადგან დასაქმებულისათვის, მით უმეტეს მრავალშვილიანი დედისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰქონდეს სტაბილური სამსახურის განცდა და მინიმალური სოციალური გარანტიები.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, 8-წლიანი შრომითი ურთიერთობის შემდეგ ბანკის მხრიდან მოსარჩელისათვის გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულების დადების შეთავაზება გაუმართლებელი იყო და საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.
სააპელაციო სასამართლომ ისიც საყურადღებოდ მიიჩნია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოსარჩელეს დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის დროს ეცნობა, კერძოდ, დადგინდა, რომ 2017 წლის 29 სექტემბრიდან 2018 წლის 17 აპრილის ჩათვლით მოსარჩელე დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა, ხოლო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანება 2018 წლის 2 აპრილს იქნა მიღებული და შრომითი ხელშკრულების შეწყვეტის თარიღად 2018 წლის 17 აპრილი მიეთითა. არსებული მდგომარეობის გათალისწინებით დამსაქმებელს მეტად უნდა გაეთვალისწინებინა დასაქმებულის საჭიროებები, მისი მდგომარეობა და მხოლოდ საკუთარი სამეწარმეო ინტერესების შესაბამისად არ უნდა ემოქმედა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 8.3 და 316.2 მუხლები).
ზემოაღნიშნულიდან მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული ბრძანება ბათილად ცნო ((სსკ-ის 54-ე მუხლი).
17.3. სშკ-ის 38.8 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილშიც, რაც იმით დაასაბუთა, რომ ბანკში მოსარჩელის თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა (მოლარე-ოპერატორი) არსებობდა, რომელზეც მოსარჩელე უნდა აღდგენილიყო.
17.4. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად ჩათვალა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა, გამომდინარე სშკ-ის 32-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციიდან და სსკ-ის 394.1, 408.1, 411-ე მუხლებიდან.
აქვე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იძულებითი განაცდურის სახით მოთხოვნილ დავალიანებას უნდა გამოკლებოდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დასაქმებულის მიერ მიღებული ხელფასი (44 813.1 ლარი) და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას გაცემული კომპენსაცია (1 590.40 ლარი).
17.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, კანონიერი იყო საშვებულებო თანხის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნაც (სშკ-ის 21.1, 21.4, 26-ე მუხლების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) და შვებულების თანხის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლოს (დაყოვნებული თანხის 0.07%) დაკისრების მოთხოვნა (სშკ-ის 31.3 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).
17.6. მართალია, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება დეკრეტული შვებულების დასრულების ეტაპზე შეწყდა და მოსარჩელე მრავალშვილიან დედას წარმოადგენდა, რასაც, ერთი შეხედვით, შესაძლოა შრომითი ხელშეკრულების დისკრიმინაციული ნიშნით შეწყვეტასთან მიმართებით ვარაუდის საფუძველი შეექმნა, თუმცა მოპასუხე საწარმოს დირექტორატის 2018 წლის 1 მარტის სხდომის ოქმისა და იმ გარემოების შეფასების შედეგად, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში 37 დასაქმებულთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება, სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დასახელებული ნაწილი არ გაიზიარა.
სააპელაციო სასამართლოს განსჯით, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მისი სქესის ნიშნით (ორსულობის გამო) დისკრიმინაციის დასაბუთებისათვის შესაბამისი ფაქტები, განკუთვნადი და დასაშვები მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისი ვარაუდის საფუძველს შექმნიდა, რომ სხვა დასაქმებულებთან შედარებით სწორედ ზემოაღნიშნული დაცული ნიშნის საფუძველზე დამსაქმებლის მხრიდან მის მიმართ არათანაბარ, სუბიექტურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი (სშკ-ის 2.3 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 3633 მუხლი).
18. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესითაც ორივე მხარემ გაასაჩივრა.
18.1. დამსაქმებელი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, შემდეგი დასაბუთებით:
- ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში მოპასუხემ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებითაც ცალსახად დასტურდება, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, რაც კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა. აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების ჯგუფის მხარდაჭერის მენეჯერის თანამდებობიდან უკლებლივ ყველა თანამშრომელი გათავისუფლდა, რადგან შესაბამისი საშტატო ერთეულის სრულად გაუქმება საწარმოში ტექნოლოგიური პროგრესის პროცესებით გამოწვეულმა შედეგებმა განაპირობა. მიუხედავად ამისა, დამსაქმებლის დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რითაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ ან რეორგანიზაციულ ცვლილებებზე მითითების შესაძლებლობა ფაქტობრივად გამორიცხა.
18.2. დასაქმებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის საოქმო განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, რაც შემდეგნაირადაა დასაბუთებული:
- სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ შრომითი ურთიერთობა მოპასუხემ მოსარჩელესთან არაკანონიერად შეწყვიტა, რის გამოც დამსაქმებელს მისი ბრალით გამოწვეული მთელი პერიოდის ხელფასი უნდა აენაზღაურებინა, თუმცა სააპელაციო წარმოების ეტაპზე დასაქმებულის მიერ ხელფასის სახით მიღებული 22 689.51 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) სააპელაციო სასამართლოს იძულებითი განაცდურისათვის არ უნდა გამოეკლო.
- მტკიცებულების, კერძოდ, მოსარჩელის შემოსავლის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვაზე მოპასუხის შუამდგომლობა 2022 წლის 30 მარტის სხდომაზე სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა, რადგან ხსენებული შუამდგომლობის მანამდე აღძვრის საპატიო მიზეზის არსებობა დამსაქმებელს არ დაუსაბუთებია. სსსკ-ის 219-ე მუხლიდან გამომდინარე, მხარეები შეზღუდული აირიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ამავე კოდექსის 380.2 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 380-ე მუხლის დანაწესი დაარღვია.
- მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა მოპასუხემ დეკრეტული შვებულების პერიოდში შეწყვიტა, შესაბამისად, სადავო ბრძანება დისკრიმინაციული მოტივით გამოიცა.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 1 და 2 სექტემბრის განჩინებებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო პალატამ მითითებული საკასაციო საჩივრები დასაშვებად ცნო და დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
20. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: წარმატებულია თუ არა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის, გამოუყენებელი შვებულების, პირგასამტეხლოსა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნები.
21. განსახილველი სარჩელის ავტორი ყოფილი დასაქმებულია, რომელსაც სამუშაოდან მისი განთავისუფლება უკანონოდ მიაჩნია და მანამდე მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა სურს.
მოსარჩელის მიზნის მისაღწევად, დამსაქმებლის სადავო ბრძანების მართლწინააღმდეგობა და, აქედან გამომდინარე, სამუშაოზე აღდგენის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა უნდა დადასტურდეს.
ამდენად, სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად, პირველ რიგში, დამსაქმებლის გასაჩივრებული ბრძანების კანონიერებაა შესაფასებელი, ე.ი. გამოსარკვევია, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას.
22. დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, ზემოაღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016). საკითხისადმი ასეთი მიდგომა ბუნებრივია, რადგან, მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ გადაწყვეტილებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ასაბუთებს ან ვერ ასაბუთებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი დამსაქმებლის სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია.
23. სადავო ბრძანების კანონიერების შემოწმებისას, რამდენიმე საკითხია საყურადღებო:
1). შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში.
საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს.
სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. იხ. სუსგ: №ას-941-891-2015, 29.01.2016; №ას-1421-2020, 5.03.2021; №ას-512-2020, 18.02.2021).
2). სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).
შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).
24. რაც შეეხება განსახილველ შემთხვევას, მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძველია სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი (ნორმის ამჟამინდელი რედაქციით 47.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177). ამ მუხლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული საფუძველი არაერთხელ გამხდარა საკასაციო სასამართლოს განმარტების საგანი. ამ განმარტებების ძირითადი ნაწილი შემდეგი შინაარსისაა:
- „რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან, რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში, საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად...
ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის - რეორგანიზაციის საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს“ (იხ. სუსგ: №ას-1029-2020, 2.12.2020).
- „სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (სშკ-ის მოქმედი რედაქციით 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) საფუძველზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, დამსაქმებლის ვალდებულებაა, დაასაბუთოს რამდენიმე გარემოება, კერძოდ: ა) ის საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა, ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა თუ შტატების შემცირებისათვის; ბ) რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების ფაქტობრივი განხორციელებისა და მისი კანონთან შესაბამისობის საკითხი – ის ლეგიტიმური მიზანი, რომლის გამოც დამსაქმებელმა ცვლილებები წამოიწყო, მიღწეულ უნდა იქნეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ამ პროცესში თვალთმაქცურად არ უნდა ჩატარდეს რეორგანიზაცია არასასურველი დაქირავებულების თავიდან მოშორების მიზნით“ (იხ. სუსგ: №ას-280-2020, 5.03.2021).
25. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, კერძოდ, იმის დადასტურება, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება მართლზომიერად შეწყდა.
ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველს ქმნის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი გარემოებების (რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-13 პუნქტებშია წარმოდგენილი და სსსკ-ის 407.2 მუხლიდან გამომდინარე საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა) ერთობლივად შეფასება, მათ შორის, პალატას მხედველობაში აქვს ის ფაქტები, რომ: მოსარჩელის თანამდებობრივი ფუნქციები რეორგანიზაციის შედეგად, თუნდაც ნაწილობრივ, მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე გადანაწილდა; მოპასუხე საწარმოში მოსარჩელე წლების მანძილზე მუშაობდა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს კვალიფიციურად ასრულებდა; 37 დასაქმებულთან რეორგანიზაციის საფუძვლით მოპასუხემ შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა და იმავე წელს ვაკანსიები გამოაცხადა, რომელზეც 9 განთავისუფლებული თანამშრომელი კვლავ დაასაქმა; შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოსარჩელეს დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის დროს ეცნობა, კერძოდ, დადგინდა, რომ 2017 წლის 29 სექტემბრიდან 2018 წლის 17 აპრილის ჩათვლით მოსარჩელე დეკრეტულ შვებულებაში მყოფებოდა, ხოლო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანება 2018 წლის 2 აპრილს იქნა მიღებული და შრომითი ხელშკრულების შეწყვეტის თარიღად 2018 წლის 17 აპრილი მიეთითა.
ამდენად, შექმნილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონშეუსაბამოდ მიჩნევის საფუძველი მართებულად გამოიკვეთა, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოსეული დასკვნები სრულადაა გასაზიარებელი.
26. სშკ-ის 21.1 (დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით), 21.4 (ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“–„თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად), 31.3 (დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი), 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაოზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის, ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარე, კანონშესაბამისია სარჩელის თანმდევი მოთხოვნების (ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის, გამოუყენებელი შვებულებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნები) დაკმაყოფილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაც, თუმცა ამჯერად უნდა შევეხოთ დასაქმებულის საკასაციო საჩივრით შედავებულ ერთ-ერთ საკითხს - დამსაქმებლისათვის დაკისრებული იძულებითი განაცდურის ოდენობის სწორად განსაზღვრას.
მოცემული საკითხის შეფასებისას, საყურადღებოა შემდეგი გარემოებები, კერძოდ:
1). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის საოქმო განჩინებით მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ დამსაქმებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა შემდეგი ინფორმაცია: 2020 წლის 21 აგვისტოს შემდეგ დღემდე უფიქსირდება თუ არა მოსარჩელეს ხელფასის სახით შემოსავალი, დადებით შემთხვევაში, რა თარიღიდან, რა ოდენობით და რომელი დამსაქმებლისგან.
2). სსსკ-ის 380.1 და 380.2 მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები; სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს ე.წ. „შეზღუდული აპელაციის“ პრინციპის განმსაზღვრელ ნორმას და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ახალ ფაქტებზე მითითებისა და ახალი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ საგამონაკლისო წესით, საპატიო მიზეზის არსებობისას. თავის მხრივ, ფაქტების მითითების ან/და მტკიცებულების წარდგენის საპატიოობაც სრულად უნდა შეესაბამებოდეს ამავე კოდექსით დადგენილ სტანდარტს (სსსკ-ის 215.3. მუხლი), რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს პროცესის ფუნდამენტური პრინციპები (იხ. სუსგ: საქმე №ას-123-123-2018, 09.11.2018).
მოცემულ შემთხვევაში, ასეთი ხასიათის, რელევანტური შინაარსის საპატიო მიზეზის არსებობა მოპასუხე მხარეს არ დაუდასტურებია, რაც ზემომითითებულ შუამდგომლობას წარუმატებელს ხდის და გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველია.
ამრიგად, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარისთვის იძულებით გაცდენილი დროის პერიოდში ხელფასის მოცულობის განსაზღვრისას მასში არ უნდა მოვიაზროთ 2020 წლის სექტემბრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, 17 727.8 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
შესაბამისად, თ.მ–თვის იძულებითი განაცდურის გაანგარიშებისას უნდა გავითვალისწინოთ მოპასუხესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, 2018 წლის 17 აპრილიდან - 2020 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით მოსარჩელის მიერ სხვა დამსაქმებლებისგან ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, 22 689.5 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იძულებითი განაცდური მოპასუხეს შემდეგნაირად უნდა დაეკისროს: მას უნდა დაევალოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2018 წლის 17 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენის დღემდე, ყოველთვიურად 995 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) ოდენობით, რასაც ამ ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებისას გამოაკლდეს 2018 წლის 18 აპრილს მოპასუხე სს ,,ს.ბ–ის“ მიერ კომპენსაციის სახით გადახდილი 1 590.40 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) და სს ,,ს.ბ–თან“ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ხელფასის სახით მიღებული 22 689.51 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
27. რაც შეეხება სარჩელის დაუკმაყოფილებელ მოთხოვნებს, პალატას მიაჩნია, რომ მათ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მის დასასაბუთებლად წარმოდგენილი მსჯელობა სრულადაა გასაზიარებელი. კერძოდ, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა სქესის ნიშნით (ორსულობის გამო) დისკრიმინაციის დასაბუთებისთვის დამაჯერებელი და სათანადო ხასიათის არგუმენტები, რომლებიც შექმნიდა საფუძველს დაგვედასტურებია, რომ სხვა დასაქმებულებთან შედარებით სწორედ ზემოაღნიშნული ნიშნის საფუძველზე დამსაქმებლის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ადგილი ჰქონდა არათანაბარ და სუბიექტურ მოპყრობას (სშკ-ის 2.3 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 3633 მუხლი).
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. შესაბამისად საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს გაანალიზოს და განიხილოს კასატორთა ძირითადი არგუმენტები (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
29. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
30. სსსკ-ის 53.1 მუხლის პირველი და მეორე წინადადების შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამასთან, მოსარჩელე მხარეს მოცემულ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია („სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები - სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან), ამიტომ სსსკ-ის 55-ე მუხლისა და 39.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარეს (მოპასუხე) სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს და ეს თანხა 886.42 ლარით (17 728.8 ლარის 5%) უნდა განისაზღვროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 53-ე, 55-ე, 264.3, 404-ე, 408.3, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თ.მ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:
3.1. მოპასუხე სს ,,ს.ბ–ს“ მოსარჩელე თ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი 2018 წლის 17 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენის დღემდე, ყოველთვიურად 995 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) ოდენობით, რასაც ამ ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებისას გამოაკლდეს 2018 წლის 18 აპრილს მოპასუხე სს ,,ს.ბ–ის“ მიერ კომპენსაციის სახით გადახდილი 1 590.40 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) და სს ,,ს.ბ–თან“ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ხელფასის სახით მიღებული 22 689.51 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
4. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
5. სს ,,ს.ბ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 886.42 ლარის გადახდა.
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე