03 აპრილი, 2023 წელი
საქმე №ა-3720-შ-105-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ვ.ჯ.
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჯ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ლომონოსოვის რაიონის №214 სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის №2-131/2016 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ლომონოსოვის რაიონის №214 სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის №2-131/2016 გადაწყვეტილებით შეწყდა 2015 წლის 08 დეკემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ვ. ვ. ძე ჯ–სა და თ.ჯ–ს (ქორწინებამდე იანიკოვა) შორის რეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერი №01153301618.
2. 2022 წლის 12 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ვ.ჯ–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ლომონოსოვის რაიონის №214 სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის №2-131/2016 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე.
3. რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ლომონოსოვის რაიონის №214 სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის №2-131/2016 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ვ.ჯ. სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა და თავის სასარჩელო მოთხოვნას განქორწინების თაობაზე მხარი დაუჭირა, ხოლო მოპასუხე თ.ჯ. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. საქმის განხილვის თარიღისა და დროის შესახებ მას ეცნობა სასამართლოს მიერ სათანადო წესით. სასამართლოს განმარტებით გზავნილი მოპასუხემ არასაპატიო მიზეზით არ მოიკითხა და ის სასამართლოში მობრუნდა შენახვის ვადის გასვლის გამო. მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა სასამართლომ ჩათვალა არასაპატიოდ და მის დაუსწრებლად მიიღო გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 15 ნოემბერს. საქმეზე თანდართული ქორწინების მოწმობიდან ირკვევა, რომ ქორწინებისას თ.(ი–ვა) ჯ–ს საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო ვ.ჯ. _ რუსეთის მოქალაქე.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის განჩინებით ვ.ჯ.ის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი. შუამდგომლობის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის - თ.ჯ–ის ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის) თაობაზე. აღნიშნული განჩინება, გაეგზავნა შუამდგომლობის ავტორს მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2022 წლის 28 სექტემბერს ჩაბარდა თ.ჯ–ს.
5. 2022 წლის 11 ოქტომბერს (ფოსტით გამოგზავნის თარიღი 2022 წლის 10 ოქტომბერი) საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა თ.ჯ–ის განცხადება, რომელშიც, ხარვეზის შევსების მიზნით, ვ.ჯ–თან შეთანხმებით, მითითებულია თ.ჯ–ის მისამართი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ვ.ჯ–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ლომონოსოვის რაიონის №214 სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის №2-131/2016 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
7. ზემოაღნიშნული განჩინება შუამდგომლობასა და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს. მასვე განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ჰქონდა აზრის გამოთქმის უფლება, ასევე საქმის ზეპირი განხილვით მოთხოვნის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული დოკუმენტები მხარეს ჩაჰბარდა 2022 წლის 14 ნოემბერს. აღსანიშნავია, რომ განსაზღვრულ ვადაში თ.ჯ–ს მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ ვ.ჯ–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ლომონოსოვის რაიონის №214 სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის №2-131/2016 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
11. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
12. რუსეთის ფედერაციის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უნდა დაადგინოს დაცულია თუ არა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობები.
13. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
14. დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ლომონოსოვის რაიონის №214 სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის №2-131/2016 გადაწყვეტილებით შეწყდა 2015 წლის 08 დეკემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ვ.ვ. ძე ჯ–სა და თ.ჯ–ს (ქორწინებამდე ი–ვა) შორის რეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერი №01153301618. ასევე, დადგენილია, რომ შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა დოკუმენტების სრულად და განემარტა მისი უფლებების შესახებ, თუმცა განსაზღვრულ ვადაში მას მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. ამასთან, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 15 ნოემბერს. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს აღნიშნული კონვენციის 51-ე-52-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ჩუვაშის რესპუბლიკის ქ. ჩებოქსარის ლენინსკის რაიონის №2 სასამართლო ნაწილის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.ჯ–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ლომონოსოვის რაიონის №214 სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის №2-131/2016 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ლომონოსოვის რაიონის №214 სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის №2-131/2016 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა 2015 წლის 08 დეკემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ვ.ვ.ძე ჯ–სა და თ.ჯ–ს (ქორწინებამდე იანიკოვა) შორის რეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერი №01153301618.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი