01 ნოემბერი, 2022 წელი
საქმე №ა-4603-125-შ-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.რ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ა–ვი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე №2-1660/2021)
დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ნ.რ–ვას სარჩელი მოპასუხე მ.ა–ვის (დაბადებული 08.09.1994წ.) მიმართ, მშობლის უფლების ჩამორთმევისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა. მოპასუხე მ.ა–ვს ჩამოერთვა მშობლის უფლება არასრულწლოვან კ.მ. ძე ა–თან მიმართებით. მოპასუხე მ.ა–ვს ნ.რ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი ნ.კ. ძე მ–ის (დაბადებული 07.09.2017წ.) რჩენისათვის 13531 რუბლის ოდენობით, რაც შეადგენს საარსებო მინიმუმს ბავშვებისთვის ქ. მოსკოვის ოლქში 2021 წლის პირველი კვარტალისთვის, ყოველთვიურად ამ თანხის შემდგომი ინდექსაციით მოსკოვის ოლქში ბავშვებისთვის კანონიერი საარსებო მინიმუმის ზრდის პროპორციულად, 2020 წლის 07 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მის შვილად აყვანამდე.
2. რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განმარტებით დადგინდა შემდეგი: რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში სამოქალაქო საქმეზე ნ.რ–ვას სარჩელთან დაკავშირებით მ.ა–ვის მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე, შესწორება შევიდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტის მეორე სტრიქონში და დადგინდა სწორი ჩანაწერი: „მოპასუხე მ.ა–ვს (დაბადებული 08.09.1994წ.) ნ.რ–ვას სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა 2016 წლის 22 მაისს დაბადებული არასრულწლოვანი კ.მ. ძე ა–ის რჩენისათვის“. დოკუმენტზე დასმული ბეჭდის თანახმად, რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განმარტება შესულია კანონიერ ძალაში.
3. მოსარჩელე ნ.რ–ვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
4. რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 10 ივნისს გაცემული ცნობებით დასტურდება შემდეგი:
4.1. მ.ა–ვს სათანადოდ ეცნობა სასამართლო განხილვის დროისა და ადგილის შესახებ.
4.2. რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ნ.რ–ვას სარჩელისა გამო მ.ა–ვის მიმართ, მშობლის უფლების ჩამორთმევისა და არასრულწლოვანი ბავშვის რჩენაზე ალიმენტის გადახდევინების შესახებ, 2021 წლის 11 მაისს შევიდა კანონიერ ძალაში.
4.3. რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ნ.რ–ვას სარჩელისა გამო მ.ა–ვის მიმართ, მშობლის უფლების ჩამორთმევისა და არასრულწლოვანი ბავშვის რჩენაზე ალიმენტის გადახდევინების შესახებ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 სექტემბრის განჩინებით, შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე №2-1660/2021) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებული იქნა განსახილველად.
6. საქმის მასალებით დგინდება, რომ შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან და 2022 წლის 08 სექტემბრის განჩინების ასლთან ერთად გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე მ.ა–ვს და განემარტა, რომ გააჩნდა შუამდგომლობაზე აზრის გამოთქმისა და საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნის უფლება ამავე გზავნილის ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში. გზავნილი განხორციელდა მისამართზე: მარნეული, სოფელი ...... და მოწინააღმდეგე მხარის დედას _ ქ.კ–ს ჩაბარდა 2022 წლის 28 სექტემბერს.
7. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არც შუამდგომლობაზე გამოუთქვამს აზრი და არც საქმის ზეპირი განხილვა მოუთხოვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, მასზე თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე №2-1660/2021) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას.
9. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით წარმოდგენილი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მხარე (მოსარჩელე ნ.რ–ვა) და სარჩენი არასრულწლოვანი კ.მ. ძე ა–ი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და ამავდროულად, ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში. ამრიგად, სადავო სამართალურთიერთობის ფაქტობრივი გარემოებები მჭიდროდ დაკავშირებულია უცხო ქვეყნის სამართალთან, რაც საქართველოს სასამართლოებს ასეთი საქმის წარმოებისას გამოსაყენებელი საპროცესო ნორმების განსაზღვრისას წარმოუშობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით ხელმძღვანელობის ვალდებულებას.
10. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
11. დადგენილია, რომ როგორც საქართველო, ისე რუსეთი, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომში მოხსენიებულია, როგორც „კონვენცია“) მონაწილე სახელმწიფოები არიან, შესაბამისად, ხსენებულ მრავალმხრივ ხელშეკრულებას გააჩნია უპირატესი იურიდიული ძალა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებით.
12. კონვენციის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობა განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ ბავშვები. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობების საქმეებზე კომპეტენტურია იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო, რომლის კანონმდებლობაც გამოიყენება წინამდებარე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით.
13. კონვენციის 51-ე მუხლის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე გამოტანილ შემდეგ გადაწყვეტილებებს: ა) სამოქალაქო და საოჯახო საქმეთა იუსტიციის დაწესებულებათა გადაწყვეტილებები, მათ შორის სასამართლოს მიერ ამგვარ საქმეებზე მორიგების შესახებ დამტკიცებული შეთანხმებები და ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით ნოტარიალური აქტები (შემდგომ - გადაწყვეტილებები); ბ) სისხლის სამართლის საქმეებზე ზარალის ანაზღაურების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებები.
14. ამავე კონვენციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რომლებიც თავიანთი ხასიათის მიხედვით არ მოითხოვენ აღსრულებას, სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებზე აღიარებულად მიიჩნევა სპეციალური წარმოების გარეშე, იმ პირობით, თუ: ა) თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებებს ამ საქმეზე ადრე არ გამოუტანიათ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები; ბ) საქმე, რომელზეც წინამდებარე კონვენციის თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში - იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება, არ განეკუთვნება ამ ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებათა განსაკუთრებულ კომპეტენციას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ეხება მეურვეობისა და მზრუნველობის შესახებ გადაწყვეტილებებსაც, ასევე ქორწინების შეწყვეტის თაობაზე იმ დაწესებულებების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კომპეტენტურნი არიან იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება.
15. ამავე კონვენციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე 51-ე მუხლით გათვალისწინებულ შუამდგომლობებს განიხილავენ იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოები, რომელთა ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს იძულებითი აღსრულება. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე შუამდგომლობას, შემოიფარგლება წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობების დაცვის დადგენით. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს იძულებითი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება.
16. კონვენციის 55-ე მუხლის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღიარებზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ: ა) იგი კანონიერ ძალაში არ შესულა ან არ ექვემდებარება აღსრულებას იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესვლამდე; ბ) მოპასუხეს პროცესში იმის გამო არ მიუღია მონაწილეობა, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახების შესახებ შეტყობინება; გ) იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა აღიარდეს და აღსრულდეს გადაწყვეტილება, საქმეზე ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს მეირ აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება აღნიშნულ საქმეზე; დ) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება უნდა აღიარდეს და აღსრულდეს, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; ე) არ არსებობს დოკუმენტი, რომლიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ვ) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, რომელიც გათვალისწინებულია იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს.
17. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
18. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
19. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ მხოლოდ იმ სარჩელებზე, რომლებიც ეხება: ა) უძრავ ქონებას, თუ ეს ქონება საქართველოშია; ბ) იურიდიული პირის ან მისი ორგანოს გადაწყვეტილებათა ნამდვილობას ან შეწყვეტას, როცა ამ იურიდიული პირის ან მისი ორგანოს რეზიდენცია საქართველოშია; გ) საქართველოს სასამართლოების ან სხვა ორგანოების მიერ იურიდიული პირების რეგისტრაციას; დ) პატენტის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა უფლების რეგისტრაციას (გარდა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან წარმოშობილი რეგისტრირებული უფლებისა), როდესაც ამ უფლების რეგისტრაცია ან მისი რეგისტრაციის მოთხოვნა საქართველოში განხორციელდა; ე) იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს, როცა მათი მოთხოვნა ან განხორციელება საქართველოში მოხდა.
20. ვინაიდან, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით, რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე №2-1660/2021) კანონიერ ძალაში შევიდა და ექვემდებარება აღსრულებას; მ.ა–ვი სათანადო წესით იქნა შეტყობინებული საქმის განხილვის თაობაზე რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად; საქართველოს ტერიტორიაზე ადრე არ იყო გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით და არც წარმოება ყოფილა აღძრული ამ საქმეზე, აგრეთვე არ არსებობს ცნობა მესამე სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილების აღიარების შესახებ; საქმე არ განეკუთვნება საქართველოს სასამართლოთა განსაკუთრებულ კომპეტენციას; მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება განსჯადობაზე და ამოწურული არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილი), საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმეზე არ იკვეთება რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე №2-1660/2021) ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის წინაპირობები, შესაბამისად, გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობა ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
21. საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ალიმენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილია რა მიკუთვნებითი სარჩელი, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სამართლებრივი შედეგების დადგომისთვის არ კმარა საქართველოს ტერიტორიაზე მისი მარტოოდენ ცნობა, არამედ აუცილებელია მისი აღსასრულებლად გადაცემაც.
22. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-10, 68-ე, 69-ე, 70-ე მუხლებით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 32-ე, 51-ე, 52-ე, 54-ე და 55-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.რ–ვას შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე №2-1660/2021) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე №2-1660/2021), რომლითაც:
2.1. მოპასუხე მ.ა–ვს (დაბადებული 08.09.1994წ.) ჩამოერთვა მშობლის უფლება არასრულწლოვან კ.მ. ძე ა–თან მიმართებით;
2.2. მოპასუხე მ.ა–ვს (დაბადებული 08.09.1994წ.) ნ.რ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი კ.მ. ძე ა–ის (დაბადებული 22.05.2016წ.) რჩენისათვის 13531 რუბლის ოდენობით, რაც შეადგენს საარსებო მინიმუმს ბავშვებისთვის ქ. მოსკოვის ოლქში 2021 წლის პირველი კვარტალისთვის, ყოველთვიურად ამ თანხის შემდგომი ინდექსაციით მოსკოვის ოლქში ბავშვებისთვის კანონიერი საარსებო მინიმუმის ზრდის პროპორციულად, 2020 წლის 07 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მის შვილად აყვანამდე.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი