Facebook Twitter

საქმე № ას-1178-2021 16 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ხ.მ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გადაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – იპოთეკის საგნის რეალიზაცია

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2007 წლის 26 აპრილს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, ერთი მხრივ, გ.დ–ს (როგორც „მსესხებელს“) და მეორე მხრივ, დ.ბ–ს, გ.პ–ძეს და მ.ხ–ს (როგორც „მსესხებლებს“) შორის, რომლის თანახმად, მსესხებელს გ.პ–ძემ (შემდგომში როგორც „გამსესხებელი“ ან „კრედიორი“) ასესხა 11 600 აშშ დოლარი, დ.ბ–მა - 10 600 აშშ დოლარი, ხოლო მ.ხ–მა - 5 250 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებლის, 3%-ის დარიცხვის პირობით. მსესხებელმა სრულად მიიღო თანხა.

2. ხელშეკრულების თანახმად, სესხი და საპროცენტო სარგებელი უნდა დაბრუნებულიყო 2007 წლის 26 ივლისს, სამი თვის შემდეგ. ამასთან, ხელშეკრულების შეუსრულებლობის და არაჯეროვანი შესრულებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო, საერთო თანხის 0,3%-ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

3. სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა უზრუნველყოფილი იყო მსესხებლის კუთვნილი საცხოვრებელი ბინით (მდებარე, თბილისი, ........., ფართი - 165,00 კვ.მ. საკადასტრო კოდი ......).

4. ხელშეკრულების თანახმად, მხარეთ შორის დავა გადაწყდებოდა კერძო არბიტრის მიერ, რომელსაც აირჩევდა იპოთეკარი.

5. ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მსესხებელმა ვალდებულება ვერ შეასრულა.

6. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის („მართალი“) 2008 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ერთ-ერთი გამსესხებლის, გიორგი პერონიძის მოთხოვნა და დადგინდა იპოთეკით დატვირთული მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია და რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან სესხის ძირითადი თანხის 11 600 აშშ დოლარის გამსესხებლისთვის დაბრუნება; ასევე, მსესხებელს დაეკისრა 2007 წლის 27 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიურად სესხის სარგებლის, 348 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს, ყოველდღიურად 34.80 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ მისი აღსრულება შესაძლებელი იყო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 წლის ვადაში, ხოლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედიოდა მისი მიღების დღეს.

7. 2008 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებაზე იმავე წლის 25 ივლისს საარბიტრაჟო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც განისაზღვრა მოვალის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხის გადახდის მიზნით.

8. 2015 წლის 23 იანვრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ მოვალის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა ხ.მ–ა (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“), ხოლო უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 5 აპრილის განკარგულება. ამავე ამონაწერში მითითებულია, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია იპოთეკა (სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება), ხოლო იპოთეკარია გ.პ–ძე.

9. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 თებერვლის წერილი, კრედიტორს, გ.პ–ძეს უარი ეთქვა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2008 წლის 25 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებაზე გადაწყვეტილებაში მითითებული აღსრულების ვადის გასვლის გამო.

10. „მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით“ დასათაურებული დოკუმენტის თანახმად, გ.პ–ძემ დ.მ–ს (შემდგომში „მოსარჩელე“) დაუთმო 2007 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა, რომლის უზრუნველსყოფად იპოთეკით იყო დატვირთული მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. დოკუმენტს ხელს აწერს მხოლოდ გ.პ–ძე, ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ 2019 წლის 1 მარტს.

11. სადავო ქონების რეალიზაციის მოთხოვნით, 2018 წლის 20 ივნისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით სარჩელის მიღებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი, რაც უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 დეკემბრის განჩინებით.

12. 2019 წლის 7 მარტს მოსარჩელემ განმეორებით წარადგინა ანალოგიური სარჩელი, რაც ასევე არ იქნა წარმოებაში მიღებული.

13. მოსარჩელის მოთხოვნა

12.1. 2019 წლის 28 მარტს მოსარჩელემ კვლავ სარჩელით მიმართა სასამართლოს და 199 520 აშშ დოლარის სასესხო დავალიანების ანაზღაურების მიზნით მოითხოვა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

12.2. მოსარჩელის განცხადებით, სადავო უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრეა მოპასუხე, რომელიც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების შემძენი გახდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 5 აპრილის განკარგულებით. მართალია, კერძო არბიტრაჟის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული მოვალის უძრავი ქონება, მაგრამ აღნიშნულით დაკმაყოფილდნენ სხვა კრედიტორები, ხოლო გამსესხებელს, გ.პ–ძეს თანხა არ მიუღია. მოსარჩელემ მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებით გ.პ–ძისგან (გამსესხებლისგან) შეიძინა 2007 წლის 27 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისა და ამ რეალიზაციიდან მიღებული თანხიდან სესხის თანხის მოთხოვნის უფლება, ამდენად, ვინაიდან გამსესხებელს გასესხებული თანხა დღემდე არ მიუღია, არსებობს სადავო ქონების რეალიზაციისა და წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, მოსარჩელის განცხადებით, სარჩელის სასამართლოში წარდგენა საჭირო გახდა იმის გამო, რომ გამსესხებელმა იძულებითი აღსრულების შესახებ მოთხოვნა აღსრულების ბიუროში წარადგინა 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

13. მოპასუხის პოზიცია

13.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და განმარტა, რომ სადავო ბინა მან შეიძინა 2013 წელს, როდესაც უკვე გასული იყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამსესხებლის მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა. კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების ვადად სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული იყო სამი წელი, რომელიც ამოიწურა 2011 წლის 5 ივნისს, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩანაწერში იპოთეკის უფლების მითითება არ შეიძლება გახდეს ხანდაზმული მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და უკვე გაცემული სააღსრულებო ფურცლის განმეორებით გაცემის საფუძველი. ამასთან, მოპასუხემ აღნიშნა, რომ გამსესხებელმა, სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის თავის არიდების მიზნით შეგნებულად დაუთმო მოთხოვნა მოსარჩელეს, რომელიც სოციალურად დაუცველი პირია და თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

14.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

15. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

15.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის („მართალი“) 2008 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დადგინდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა.

16.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

16.3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 198-202-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან კანონი არ განსაზღვრავს მოთხოვნის უფლების დათმობის ფორმას და იგი კონკლუდენტური მოქმედებითაც შეიძლება გამოიხატოს, ხელშეკრულება, რომლითაც გამსესხებელმა მოსარჩელეს დაუთმო (გადასცა) სადავო გარიგებიდან გამომდინარე გამსესხებლის უფლება-მოვალეობები, ნამდვილია და იგი შესაბამის უფლებებს წარმოუშობს მოსარჩელეს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულების არანამდვილობასთან მიმართებით.

16.4. სააპელაციო სასამართლო ასევე არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის შესახება, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 142-ე, 144-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენდა არა სამ, არამედ ათ წელს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან. ამრიგად, ვინაიდან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან (2008 წლის 5 მაისი) 10 წლის ვადაში კრედიტორმა სააღსრულებო ბიუროში წარადგინა მოთხოვნა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით, ძირითადი თანხის, 11 600 აშშ დოლარის ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ მიიჩნეოდა, ხოლო რაც შეეხება პერიოდულად შესასრულებელ (მზარდ) ვალდებულებას, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოთხოვნის ამ ნაწილზე უნდა გავრცელებულიყო სამოქალაქო კოდექსის 129.1 მუხლის რეგულირება და მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე ბოლო სამი წლის მანძილზე დასაკისრებელი ყოველთვიური სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდა.

17. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

17.2. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 266-ე მუხლის მოთხოვნა, რომლითაც განსაზღვრულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შედეგები. კრედიტორს ერთხელ უკვე მიმართული აქვს სააღსრულებო ბიუროსთვის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამდენად, სასამართლოს ეს საქმე საერთოდ არ უნდა განეხილა, ვინაიდან არსებობდა სააღსრულებო ბიუროს უარი გადაწყვეტილების აღსრულებაზე ხანდაზმულობის მოტივით, რაც მხარეს (კრედიტორს) სადავოდ არ გაუხდია. ამასთან, სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს დავა, რომელიც მხარეთა შეთანხმებით არბიტრაჟს ექვემდებარება. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი იმპერატიულად განსაზღვრავს, რა შემთხვევაში შეიძლება გააუქმოს სასამართლომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. კერძოდ, ა) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო დავის საგანი; ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს. მოცემულ დავაში არცერთი კონკრეტული შემთვევა სახეზე არაა. გარდა ამისა, მოსარჩელე არ წარმოადგენს მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს, ვინაიდან ე.წ „ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობის შესახებ“, რომელზეც მხარე მიუთითებს, შედგენილია ცალმხრივად, მოთხოვნის უფლების დამდგენი პირის მიერ და მას ხელს არ აწერს მოთხოვნის მიმღები, ანუ არ დგინდება მოთხოვნის მიმღების (მოსარჩელის) ნება. ამრიგად, საკუთრების უფლების მოპოვება მოთხოვნაზე წარმოშობილად და ნამდვილად არ უნდა ჩაითვალოს. ამასთან, იმ შემთხვევაშიც, კი თუ მოსარჩელე მიიჩნეოდა სასარჩელო მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი მაინც არ იარსებებდა, ვინაიდან მოთხოვნა ხანდაზმულია. კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაშივეა მითითებული, რომ იგი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე, ხოლო სააღსრულებო ფურცლის მოქმედების ვადაა სამი წელი. დადგენილია, რომ 2008 წლის 5 მაისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა იმავე წლის 25 ივნისს, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2008 წლის 25 ივნისს და ამოიწურა 2011 წლის 25 ივნისს. ამდენად, 2011 წლის შემდეგ წარდგენილი მოთხოვნა სააღსრულებო ბიურომ მართებულად მიიჩნია ხანდაზმულ მოთხოვნად. აღსანიშნავია ისიც, რომ კრედიტორმა „მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულება“ გააფორმა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სააღსრულებო ბიუროდან მიიღო უარი ხანდაზმულობის მოტივით სააღსრულებო წარმოების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ - 2019 წელს. ამდენად, უკვე დასრულებულ დავაზე, სადაც კანონიერ ძალაში შესული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი ხანდაზმულია, 12 წლის გასვლის შემდეგ დავის ხელახლა დაწყება დაუშვებელია და ამკვიდრებს უკანონო სასამართლო პრაქტიკას.

18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

18.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

18.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

20. საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

21. საკასაციო საჩივრის ავტორი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ძირითადად სადავოდ ხდის შემდეგი საფუძვლებით: 1) საპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულების ნამდვილობა და მოსარჩელე არასწორად მიიჩნია მოთხოვნის უფლების მქონე პირად; 2) სასამართლომ განიხილა და შეაფასა კანონიერ ძალაში შესული და ერთხელ უკვე აღსრულებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოთხოვნის საფუძვლიანობა; 3) სასამართლომ არასწორად გამოთვალა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და დააკმაყოფილა ხანდაზმული მოთხოვნა.

22. მითითებული პრეტენზიების შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ საქმე №ას-1338-2018,25 იანვარი, 2019 წელი; საქმე №ას-1470-2018, 15 თებერვალი, 2019წელი). თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

23. საკასაციო პრეტენზიების შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ და მხარეთა მიერ შეუდავებელ, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

23.1. 2007 წლის 26 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მსესხებელმა მიიღო სხვადასხვა რაოდენობით სესხის თანხა სამი ფიზიკური პირისგან, მათ შორის, 11 600 აშშ დოლარი - გ.პ–ძისგან;

23.2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება;

23.3. ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის დავა გადაწყდებოდა კერძო არბიტრის მიერ, რომელსაც აირჩევდა იპოთეკარი.

23.4. მსესხებელმა ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის („მართალი“) 2008 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ერთ-ერთი გამსესხებლის მოთხოვნა და დადგინდა იპოთეკით დატვირთული მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონების საჯარო ვაჭრობის წესით რეალიზაცია და რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან სესხის ძირითადი თანხის გამსესხებლისთვის დაბრუნება; ასევე მოვალეს დაეკისრა სესხის სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდა. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ მისი აღსრულება შესაძლებელი იყო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 წლის ვადაში, ხოლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედიოდა მისი მიღების დღეს;

23.5. 2008 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებაზე იმავე წლის 25 ივლისს საარბიტრაჟო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც განისაზღვრა მოვალის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხის გადახდის მიზნით;

23.6. 2015 წლის 23 იანვრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული მოვალის უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა მოპასუხე, ხოლო უფლების დამდგენ დოკუმენტად ამონაწერში მითითებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 5 აპრილის განკარგულება. ამავე ამონაწერში მითითებულია, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია იპოთეკა (სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება), ხოლო იპოთეკარია გამსესხებელი გ.პ–ძე.

23.7. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 თებერვლის წერილით კრედიტორს უარი ეთქვა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2008 წლის 25 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებაზე გადაწყვეტილებაში მითითებული აღსრულების ვადის გასვლის გამო;

23.8. „მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით“ დასათაურებული დოკუმენტის თანახმად, გამსესხებელმა მოსარჩელეს დაუთმო 2007 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა, რომლის უზრუნველსყოფად იპოთეკით იყო დატვირთული მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. დოკუმენტს ხელს აწერს მხოლოდ გამსესხებელი (კრედიტორი), ხოლო ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ 2019 წლის 1 მარტს;

23.9. მითითებული „ხელშეკრულების“ (მოთხოვნის დათმობის შესახებ) საფუძველზე, მოსარჩელემ გამსესხებლის ნაცვლად მოპასუხის მიმართ წარადგინა სარჩელი და მოითხოვა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, კრედიტორს მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ მოვალის მიმართ. რადგანაც ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლება წარმოადგენს ქონებრივ უფლებას, შესაბამისად, მისი გადაცემაც (გასხვისება) თავისუფლად შეიძლება. ეს გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნორმიდან: მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება). 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა).

25. მოხმობილი ნორმებით დადგენილია მოთხოვნის დათმობის თავისუფლების ზოგადი პრინციპი. ყოველი მოთხოვნა, როგორც წესი, ექვემდებარება სხვა პირისათვის გადაცემას და ამისათვის საჭირო არ არის მოვალის თანხმობა. ამასთან, მოთხოვნის გადაცემის შემთხვევაში, ადგილი აქვს ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში აქტიური მხარის - კრედიტორის შეცვლას. კრედიტორის შეცვლა კი, ყოველთვის გარკვეული სამართლებრივი საკითხების წარმოშობასთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ამ უკანასკნელს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა აკავშირებს მოვალესთან. მისი გასვლა ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობიდან იწვევს მის მიმართ ვალდებულების შეწყვეტას. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო სამართლის მიერ შემუშავებული იქნა ცალკე ინსტიტუტი - მოთხოვნის დათმობა იგივე, „ცესია“.

26. უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნის დათმობა თავდაპირველ და ახალ კრედიტორებს შორის დადებული ორმხრივი, განკარგვითი გარიგებაა, რომლითაც თავდაპირველი კრედიტორი მოვალის მიმართ თავის მოთხოვნას გადასცემს (უთმობს) ახალ კრედიტორს. თავდაპირველ კრედიტორს „ცედენტი“ ეწოდება, ხოლო ახალ კრედიტორს - „ცესიონერი” (იხ. სუსგ საქმე №ას-502-2021, 9 თებერვალი, 2022 წელი).

27. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების ვადასთან მიმართებით, მიიჩნევს, რომ სასამართლომ ამ საკითხის დასარეგულირებლად მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 142.1-ე მუხლით (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ათ წელს მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება) და კანონიერ ძალაში შესული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ მოთხოვნის უფლების წარდგენაზე მართებულად გაავრცელა არა სამი (როგორც ეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში იყო მითითებული), არამედ 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, თუმცა საკასაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა მითითებული ნორმა და შესაბამისად, არასწორად გამოთვალა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უზენაესის სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლი განმარტებულია იმგვარად, რომ ნორმაში მითითებული ათწლიანი ვადა უკავშირდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნის უფლებას, ამდენად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობაში იგულისხმება არა სარჩელის წარდგენის გზით უფლების რეალიზაცია, არამედ გადაწყვეტილებით უკვე მინიჭებული მოთხოვნის უფლების განხორციელება, აღსრულება (იხ. სუსგ საქმე #ას-559-534-2016, 14 ივლისი, 2017 წელი).

29. მითითებული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ წინამდებარე დავაში 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადის მოქმედების პირობებშიც, მოსარჩელეს გაშვებული აქვს ეს ვადა შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2008 წლის 5 მაისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება (რომლითაც განისაზღვრა იპოთეკით დატვირთული მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია და რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან სესხის გამსესხებლისთვის დაბრუნება) კანონიერ ძალაში შევიდა იმავე დღეს, 2008 წლის 5 მაისს, შესაბამისად, 2008 წლის 5 მაისიდან დაიწყო აღსრულების მოთხოვნის უფლების 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა და იგი ამოიწურა 2018 წლის 5 მაისს. დადგენილია, ასევე, რომ კრედიტორმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით, სააღსრულებო ბიუროს მიმართა 2018 წლის თებერვალში, თუმცა 2018 წლის 13 თებერვლის წერილით მას უარი ეთქვა სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევაზე (ხანდაზმულობის მოტივით).

30. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან კრედიტორმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის ვადაში, 2018 წლის თებერვალში მიმართა სააღსრულებო ბიუროს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით, მას არ დაურღვევია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ 142.1 მუხლის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იძულებითი აღსრულების შესახებ მოთხოვნა კრედიტორმა წარადგინოს სწორედ 10 წლის ვადაში სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, რაც წინამდებარე დავაში სახეზეა, თუმცა ასევე დადგენილია, რომ კრედიტორს მის მიერ წარდგენილ მოთხოვნაზე სააღსრულებო ბიურომ უთხრა უარი, რაც მას არ გაუსაჩივრებია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღსრულებაზე უარი შედავებული იქნებოდა კრედიტორის მიერ, სააღსრულებო ბიუროსთვის თავდაპირველად მოთხოვნის წარდგენიდან (2018 წლის თებერვალი) სააღსრულებო წარმოება დაწყებულად და, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც დაცულად მიიჩნეოდა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე აღსრულების მიზნით ერთხელ უკვე წარდგენილ მოთხოვნას ეთქვა უარი, რაც კრედიტორს სადავოდ არ გაუხდია, იგი მოკლებულია შესაძლებლობას სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით ხელახლა განაცხადოს პრეტენზია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ, აღსასრულებელ საკითხზე.

31. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ საქმის მასალებით არ ირკვევა, თუ როდისაა შედგენილი ე.წ ხელშეკრულება მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ (რის საფუძველზეც წარადგინა წინამდებარე სარჩელი მოსარჩელემ). მასზე დასმულია კრედიტორის ხელმოწერა, რომელიც ნოტარიულად დამოწმებულია 2019 წლის 1 მარტს (იხ. ს.ფ 22). სასამართლო მიუთითებს იმ უდავო გარემოებაზეც, რომ მოსარჩელემ წინამდებარე დავაზე თავდაპირველი სარჩელი (იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით) წარადგინა 2018 წლის ივნისში (იხ. ს.ფ 35-38). ამრიგად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ სადავო მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება, სავარაუდოდ, დადებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის განსაზღვრული 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ (2018 წლის 5 მაისის შემდეგ). სამოქალაქო კოდექსის 198.1 მუხლის მიხედვით, მოთხოვნის უფლების დათმობისას ახალ კრედიტორზე მოთხოვნები და უფლებები გადადის ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ „ახალმა კრედიტორმა“ თავდაპირველი სარჩელი წარადგინა 2018 წლის ივნისში, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოთხოვნის წარდგენისთვის ხანდაზმულობის კანონით დადგენილი 10-წლიანი ვადა ამოიწურა 2018 წლის 5 მაისს, სასამართლო ასკვნის, რომ „ძველი კრედიტორის“ მიერ „ახალ კრედიტორზე“ გადასულია უკვე ხანდაზმული მოთხოვნა, რაც თავისთავად ქმნის, კიდევ ერთი საფუძვლით (ხანდაზმული მოთხოვნის უფლების გადაცემა ერთი პირიდან მეორეზე) მისი უარყოფის წინაპირობას.

32. ამასთან, თუნდაც დგინდებოდეს, რომ მოთხოვნის უფლება ძველმა კრედიტორმა ახალ კრედიტორს 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადის დაცვით გადასცა, წინამდებარე დავის პირობებში, წარდგენილი სარჩელი მაინც ვერ იქნებოდა წარმატებული შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე აღსრულების პროცედურები დაიწყო ძველმა კრედიტორმა, თუმცა მას სააღსრულებო წარმოების დაწყებაზე ეთქვა უარი, რაც არ გაუსაჩივრებია. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც სააღსრულებო ბიურომ ერთხელ უკვე განიხილა და უარყო კრედიტორის მოთხოვნა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ (იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნით), ანალოგიური მოთხოვნის განმეორებით (სარჩელით) წარდგენა საფუძველსმოკლებულია და მასზე სასამართლო ვერ იმსჯელებს. აქვე საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სარჩელში, თავად მოსარჩელის აღიარებაზეც, სადაც იგი განმარტავს, რომ სწორედ სააღსრულებო ბიუროს მიერ მიღებული უარი აღსრულების დაწყებაზე გახდა იმავე მოთხოვნით სასამართლოსთვის სარჩელის წარდგენის საფუძველი (იხ. სარჩელი, ფაქტობრივი გარემოება პ.8, ს.ფ 6).

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია (სსსკ-ის 393-ე მუხლი). აღნიშნული გარემოება კი, სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების საფუძველია.

34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით, 412-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ხ.მ–ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. დ.მ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. დ.მ–ს ხ.მ–ას სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯი - 3 000 ლარი და საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 6 000 ლარი;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე