Facebook Twitter

საქმე №ას-450-2023 24 აპრილი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ა.ს–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.ჯ–ი“, შპს „ს–ი“, შპს „ S.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ შეცვლის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა –გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, გადაწყვეტილებისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ა.ს–ვამ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ.ჯ–ის“ (შემდგომ – პირველი მოპასუხე), შპს „ს–ისა“ (შემდგომ – მეორე მოპასუხე) და შპს „ S.-ის“ (შემდგომ – მესამე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა: პირველი მოპასუხისათვის“ 1 836 936.56 ლარის დაკისრება, ასევე, ძირითადი თანხის - 1 836 936.56 ლარის, პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე 0.5%-ის (9184.68 ლარის) გადახდევინება 2020 წლის პირველი ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მეორე მოპასუხის 2021 წლის 14 ივნისის N1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა პირველი მოპასუხის კუთვნილი ქ. თბილისში, ......... მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N .....) მეორე მოპასუხის კაპიტალში შეტანის შესახებ; პირველ და მესამე მოპასუხეებს შორის 2021 წლის 14 ივნისის ქ. თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N .......) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2017-2020 წლის მაისამდე პირველი მოპასუხე შპს-ს მფლობელთან აკავშირებდა ახლო ურთიერთობა და გარკვეული პერიოდი მოსარჩელე იყო აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი.

3. 2017 წლიდან პირველ მოპასუხეს შეექმნა ფინანსური პრობლემები, რის გამოც მოსარჩელემ მას 2017 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 31 მაისამდე რამდენჯერმე ასესხა სულ 1 836 936.56 ლარი. 2019 წლის 31 დეკემბერს, მათ შორის შედგენილი შედარების აქტის თანახმად, მოსარჩელეს პირველი მოპასუხისათვის 2017 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე ნასესხები ჰქონდა 1 781 660.49 ლარი. 2020 წლის 31 მაისს შედგენილი მეორე შედარების აქტის მიხედვით, მოსარჩელეს 2017 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 31 მაისამდე პირველი მოპასუხისათვის ნასესხები ჰქონდა 1 836 936,56 ლარი.

4. მოსარჩელის მითითებით, საბანკო გადარიცხვების ქვითრების, მოსარჩელისა და სასამართლოს მიერ ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციების შესაბამისად ირკვევა, რომ სესხად აღიარებული თანხა ბანკმა მოსარჩელეს, როგორც პირველი მოპასუხის თავდებს 2018 წლის 30 აპრილიდან 2020 წლის 19 მაისამდე ჩამოაჭრა 1 051 403.84 ლარი, კრედიტის დასაფარად გადარიცხულია 55 589 ლარი, უშუალოდ პირველი მოპასუხის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხაზე - 393 540 ლარზე, დანიშნულებად მითითებულია ნაშთის გატანა, თუმცა ამ გადარიცხვებით მოსარჩელეს თანხა ჩაერიცხა კომპანიის ანგარიშზე და არა გატანილად, 262 802 ლარის საბანკო გადარიცხვებზე მითითებულია ა.ს–ას ფინანსური დახმარება, თუმცა ამ შემთხვევაშიც, მოსარჩელის მიერ თანხა ჩარიცხულია კომპანიის საბანკო ანგარიშზე. მხარეთა შეთანხმებებით დანიშნულებაში არსებული უსწორობა გასწორებულია და ხსენებული თანხა, სხვა თანხებთან ერთად, აღიარებულია სესხად.

5. 2020 წლის 16 ივნისს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის შედგა ვალის აღიარების შეთანხმება 2017 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 31 მაისამდე 1 836 936.56 ლარზე, 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით გადახდის პირობით. 2020 წლის პირველი ივლისიდან პირველმა მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.5% სესხის სრულად დაფარვამდე. პირველი მოპასუხეს არსებული დავალიანება არ დაუფარავს.

6. მოსარჩელის განმარტებით, პირველმა მოპასუხემ, ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით, თავისი უძრავი ქონებები ფიქტიურად, თვალთმაქცური გარიგებით გადააფორმა მეორე და მესამე მოპასუხეებზე, რაც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

მოპასუხეების პოზიცია:

7. მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

განმცხადებლის მოთხოვნა:

9. მოპასუხეებმა შუამდგომლობით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ შეცვლის შესახებ და მოითხოვეს უზრუნველყოფის საშუალებად განისაზღვროს შემდეგი: 1. მეორე მოპასუხეს აეკრძალოს მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (მდებარე - ქ. თბილისი, ....... N10ბ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: .......) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; 2. მესამე მოპასუხეს აეკრძალოს მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (მდებარე - ქ. თბილისი, ........ N10გ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: .........) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განჩინებით მოპასუხეთა განცხადება დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 აგვისტოს განჩინებაში და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. და 1.2. პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: 1.1. მეორე მოპასუხეს აეკრძალოს მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (მდებარე - ქ. თბილისი, ........ქუჩა N10ბ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: .......) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; 1.2. მესამე მოპასუხეს აეკრძალოს მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (მდებარე - ქ. თბილისი, ........ ქუჩა N10გ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ........) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი შემდეგი საფუძვლებით:

12. საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და დაუსაბუთებლად მიიღო განჩინება გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ შეცვლის შესახებ. სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნილი ძირითადი თანხის ოდენობა შეადგენს 1 836 936,56 ლარს. თანხის მოცულობიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება უზრუნველყოფის შეცვლის პირობებში ვერ აღსრულდება, რადგან მოცემულ უძრავ ქონებაზე არსებობს სხვა გარკვეული შეზღუდვებიც, რაც ასახულია მოპასუხე მხარის კუთვნილი უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ამონაწერებში. გარდა ამისა, მოპასუხე მხარე აპირებს უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავისუფალი ქონების დამატებით უფლებრივად დატვირთვას, რაც უფრო შეამცირებს ქონების საბაზრო ღირებულებას და შექმნის პრობლემებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 191-ე, 1971 მუხლებით და აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს მოსარჩელისათვის მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გარანტიას, თუმცა, ამავე დროს, ზღუდავს მოპასუხის კანონიერ უფლებას. შესაბამისად, ასეთი ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ უნდა დაიცვას მოდავე მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი. შესაბამისად, დაუშვებელია მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.

15. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 აგვისტოს განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებულია სსსკ-ის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება - მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა, კერძოდ, მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

16. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში გამოყენებულ ტერმინს - „უფლებრივად დატვირთვა“ გააჩნია ფართო მნიშვნელობა და მოიცავს ყველა იმ უფლებას (სანივთო-სამართლებრივი და ვალდებულებით-სამართლებრივი), რომლითაც აღჭურვილია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე სუბიექტი. პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სუბიექტები არიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული იურიდიული პირები, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას, რაც მოიცავს სხვადასხვა ფორმით სამართლებრივ ურთიერთობებს კონკრეტულ სფეროში მოღვაწე სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან. სამეწარმეო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია საწარმოს გააჩნდეს საკმარისი რესურსი აქტივების სახით (ფულადი სახსრები, ქონება და სხვ.), ვინაიდან სამეწარმეო საქმიანობის მთავარ მიზანს წარმოადგენს მისი განმახორციელებელი საწარმოს მიერ მოგების მიღება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საწარმოს ქონებაზე რეგისტრირებულია სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით, ფართო მოქმედების შეზღუდვა გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის სახით, აღნიშნული იწვევს სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული პირის ფუნქციონირებისთვის არსებითად ხელის შეშლას, ვინაიდან მითითებული სახით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება ქონებაზე ყადაღის დადებას.

17. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა განცხადების მოთხოვნა საფუძვლიანია და ემსახურება მოსარჩელისა და მოპასუხის ლეგიტიმური ინტერესების სამართლიან დაბალანსებას.

18. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორ მოპასუხის უფლებები) შორის. უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის“ (შდრ. სუსგ 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-114-107-2015).

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

20.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

21. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ემუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

23. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის განჩინების კანონშესაბამისობა იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ნაწილობრივ შეიცვალა.

24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. უზრუნველყოფის ღონისძიების სახე კი შერჩეულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის გათვალისწინებით, რომლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

25. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (შდრ: სუსგ №ას-258-2022, 17 მაისი, 2022; №ას-587-2019, 20 თებერვალი, 2020 წ.).

26. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (იხ. ჰ.ბოელინგი, ლ. ჭანტურია; სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, 37.).

27. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას (იხ. შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3.). როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება.

28. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).

29. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისათვის თავისი ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვის თუ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა საშუალებების გამოყენების გზით“ (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბ., 2005, 299.). სასამართლო ამოწმებს მხოლოდ, რამდენად შეუწყობს ხელს უზრუნველყოფის ღონისძიება მომავალი, მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების დაცვას შესაძლო დაბრკოლებებისაგან აღსრულების ეტაპზე (შდრ: Beck’sche Kurz-Kommentare Band1, Zivilprozessordnung mit Gerichtsverfassungsgesetz und anderen Nebengesetzen. Begründet von Dr. Adolf Baumbach, Professor Dr. Wolfgang Lauterbach, Dr. Jan Albers, Dr. Dr. Peter Hartmann. Verlag C.H. Beck ,München 2003, 2375.).

30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება, II-30).

31. სსსკ-ის 2-ე მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან მოსარჩელის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი დგება, როცა საჭიროა კანონის ეფექტურობის უზრუნველყოფა.

32. „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდიდესი მნიშვნელობისა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე: №1/2/466.). „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/512).

33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისიების გამოყენება.

34. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონი ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, მოსამართლემ შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაცული იქნება ორივე მხარის, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესები [თანაზომიერების პრინციპი], მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ იკვეთებოდეს. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების შეზღუდვის გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით - სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (შდრ. სუსგ 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1165-1095-2015 წ.).

35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ინტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, თუმცა მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, დაცული უნდა იქნეს მოპასუხის ინტერესებიც. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორ მოპასუხის უფლებები) შორის. უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის“ (შდრ. სუსგ 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-114-107-2015; სუსგ №ას-1586-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წ.).

36. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონდებელი, ასევე, უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობასაც და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე (იხ. სუსგ №ას-829-775-2017, 26 ივნისი, 2017; №ას-538-2022, 16 ივნისი, 2022 წ.), რადგან გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხემ შესაძლოა მოგებული მხარისათვის აზრი დაუკარგოს დავას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება № 1/2/411).

37. განსახილველი საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას (იხ. წინამდებარე განჩინების პ.16), რომ მოპასუხე მხარე წარმოდგენილია სამეწარმეო სუბიექტებით - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებით, რომელთა საქმიანობა მიმართულია მოგების მიღებისაკენ. შესაბამისად, მეტად მნიშნელოვანია, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, სასამართლომ არ მოახდინოს იურიდიული პირის ფუნქციონირების გაუმართლებელი პარალიზება და შესაძლებლობა მისცეს აღნიშნულ სუბიექტს, განაგრძოს სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მოგების მიღება.

38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ შეცვლით სამომავლოდ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხე არ ექმნება და მსგავსი საშიშროების არსებობა საჩივრის ავტორმა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა.

39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ს–ვას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტისა და 5 აპრილის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე