Facebook Twitter

საქმე №ას-271-2023 20 აპრილი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ.ს–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „ს.ბ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ს–ას (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ქ. თბილისში, .........., მე-2 სართულზე მდებარე №7 ბინის (საკადასტრო კოდი №...........) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, საკუთრების უფლებით ერიცხება სადავო უძრავი ნივთი, რომელსაც, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მოპასუხე და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო უძრავი ნივთი მის მფლობელობაში აღარ იმყოფება, შესაბამისად, სარჩელი აღიძრა არასათანადო მხარის მიმართ.

4. მოპასუხის განმარტებით, სადავო ქონება მოსარჩელის საკუთრებაში გადავიდა კანონდარღვევით, აუქციონი, რომელზეც უძრავი ნივთი გასხვისდა ჩატარდა დარღვევებით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

6. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი იმყოფება მოპასუხის არამართლზომიერ მფლობელობაში.

9. მოცემულ შემთვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა. სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ საჯარო აუქციონზე შეიძინა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელსაც მოპასუხე ფლობს უკანონოდ და მოსარჩელე ვერ ახერხებს თავისი ქონების მფლობელობას, სარგებლობას და განკარგვას.

10. სააპელაციო პალატამ სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნია, რომ მისი კვლევის საგანს უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის სამართლებრივი წინაპირობების არსებობის შემოწმება წარმოადგენს.

11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილის, 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 312-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 185-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს.

12. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. აღნიშნული დოკუმენტის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტია განკარგულება N201065580, დამოწმების თარიღი: 31/12/2020, რაც კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ არის გამხდარი. მართალია, აპელანტი, როგორც შესაგებელში, ასევე, ანალოგიურად სააპელაციო საჩივარშიც უთითებს, რომ უძრავი ქონება გასხვისდა სრულიად უკანონოდ და კანონდარღვევით, თუმცა, მის მიერ აღნიშნულ საკითხზე სათანადო შედავება არ განხორციელებულა და არც რაიმე მტკიცებულებაა წარმოდგენილი ამის თაობაზე.

13. გარდა ამისა, აპელანტი აპელირებდა, რომ მიუხედავად, იმისა, რომ მოპასუხე მხარემ მთავარ სხდომაზე განმარტა მოპასუხის საქართველოში არ ყოფნის თაობაზე, საქმის მოსამზადებელ ეტაპზე წარდგენილ იქნა არაერთი ცნობა და დოკუმენტაცია, რითაც დასტურდებოდა, რომ აღნიშნულ მისამართზე ასევე ცხოვრობდა ორი ფიზიკური პირი, რომელიც სასამართლომ კვლევის გარეშე დატოვა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია, რომ მოპასუხეს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ განუხორციელებია შედავება სადავო უძრავი ქონების მფლობელობის ფაქტთან დაკავშირებით, თავად აპელანტი მხარეც ადასტურებდა, რომ აპელანტის/მოპასუხის წარმომადგენელმა მხოლოდ მთავარ სხდომაზე განმარტა მისი მარწმუნებლის საზღვარგარეთ ყოფნის შესახებ, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არცერთ ეტაპზე არ ყოფილა წარდგენილი.

14. რაც შეეხება სადავო ფართში სხვა პირთა ცხოვრების ფაქტს, კერძოდ, მითითებას, რომ სადავო ქონება ორი ფიზიკური პირის, მათ შორის, არასრულწლოვანის ფაქტობრივ მფლობელობაშია, რომლებიც მოპასუხედ არ ყოფილან ჩართული, რითაც შეილახა სამართლიანი სასამართლოს უფლება, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელე თავად განსაზღვრავს მოპასუხეთა წრეს და მისი პრეროგატივაა განსაზღვროს, თუ ვისი გამოსახლება სურს საკუთარი უძრავი ქონებიდან.

15. არასრულწლოვნის საკითხზე კი სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ უზენაესმა სასამართლომ სწორედ ვინდიკაციური სარჩელის განხილვისას იმსჯელა საქმეში არასრულწლოვნის ჩართულობაზე იმ მოცემულობაში, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლება, მსგავსად სადავო ურთიერთობისას, წარმოშობილი ჰქონდა აუქციონის შედეგად. №ას-102-2021 საქმეზე საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აუქციონზე გასაყიდად წარდგენილი უძრავი ქონების მესაკუთრე მხოლოდ სრულწლოვანი მოპასუხე იყო და საქმის მასალებით არ დასტურდებოდა უძრავი ქონების თანამესაკუთრედ არასრულწლოვნის აღრიცხვაც. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი მოცემულობის არსებობისასაც, შესაძლებელი იქნებოდა, ემსჯელა არასრულწლოვანის ინტერესსზე მისი მშობლის, როგორც კანონიერი წარმომადგენლის მიერ დადებული გარიგების შინაარსზე და იმ შედეგზე, რაც გარიგებას მოჰყვა. მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო უძრავ ქონებაში არასრულწლოვანიც ცხოვრობს, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ მესაკუთრეს საკუთრების უფლება შეეზღუდოს.

16. საკასაციო სასამართლომ აპელირება მოახდინა მშობლის როლზე და მიუთითა, რომ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის თანახმად ბავშვის (18 წლამდე პირის) კეთილდღეობაზე და საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვის ვალდებულება აქვს ბავშვის მშობლებს, მეურვეებს, სახელმწიფოს, რომელიც წარმოდგენილია სოციალური მომსახურების დაწესებულებებით (იხ. სუსგ №ას-1454-2019, 24.04.2020 წ.). ამავე ჭრილში მნიშვნელოვანია „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენცია, რომლის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. ანალოგიური შინაარსისაა სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

17. ზემოაღნიშნული ნორმების და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი იძლევა იმის დასკვნის საშუალებას, რომ არასრულწლოვანი შვილის ინტერესების ჯეროვანი დაცვა პირველ რიგში მშობელს, როგორც მის კანონიერ წარმომადგენელს ევალება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნულ არგუმენტზე მითითებით მოპასუხის შედავება არის დაუსაბუთებელი და არარელევანტური, ვინაიდან არ არსებობს მოსარჩელის, რომელმაც კანონიერად მოიპოვა საკუთრების უფლება, საკუთრების უფლების შეზღუდვის რაიმე სამართლებრივი წინაპირობა. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

19. კასატორმა მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება უკანონოდ მოიპოვა, რადგან მოპასუხისათვის არ ყოფილა ცნობილი აუქციონის პირობების შესახებ, ხოლო მოპასუხე სრულიად კანონიერად ფლობს უძრავ ნივთს და მის მიმართ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა არ არსებობს.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

21. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

23. მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი იმყოფება მოპასუხის არამართლზომიერ მფლობელობაში.

24. კასატორის ძირითად არგუმენტს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების კანონდარღვევით მოპოვების ფაქტი, რის გამოც მოპასუხემ მიიჩნია, რომ იგი სადავო ფართის მართლზომიერი მფლობელია.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია სავინდიკაციო სარჩელი, შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვის მართლზომიერება.

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245).

28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

29. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინაამდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

31. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში; (შდრ: სუსგ №ას-709-2022, 30 სექტემბერი, 2022).

32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 26.01.2023წ. საქმე №ას-1578-2020, 3.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ., საქმე №ას-1437-2020, 24.12.2020წ., საქმე №ას-1274-2020 31.02.2020წ.).

33. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონებების მესაკუთრეს, აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, ამავე კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ აპელანტი სადავო უძრავ ქონებას ფლობდა.

34. რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა.

35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას, შესაბამისად, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის პირობებში, სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება კასატორის მხოლოდ მითითება, მოსარჩელის მიერ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების უკანონოდ მოპოვების შესახებ (შდრ: სუსგ №ას-48-2023, 23 თებერვალი, 2023 წელი).

36. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტია განკარგულება N201065580, დამოწმების თარიღი: 31/12/2020, რაც კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ არის გამხდარი. მართალია, მოპასუხე, როგორც შესაგებელში, ასევე, ანალოგიურად სააპელაციო და საკასაციო საჩივარშიც უთითებს, რომ უძრავი ქონება გასხვისდა კანონდარღვევით, თუმცა, მის მიერ აღნიშნულ საკითხზე სათანადო შედავება არ განხორციელებულა და არც რაიმე მტკიცებულებაა წარმოდგენილი ამის თაობაზე.

37. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

38. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

40. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

42. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ი.შ–ძის მიერ 2023 წლის 16 მარტს №9159 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ს–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ნ.ს–ას (პირადი №........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ი.შ–ძის მიერ 2023 წლის 16 მარტს №9159 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

ლევან მიქაბერიძე