Facebook Twitter

საქმე №ას-1533-2022 17 მარტი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი.ძ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ა–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.11.2021წ. გადაწყვეტილებით - ნ.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე") სასარჩელო მოთხოვნა ი.ძ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე", კერძო საჩივრის ავტორი") მიმართ არ დაკმაყოფილდა, (იხ: გადაწყვეტილება, ტომი III, ს.ფ.169-179). აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.09.2022წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, მოპასუხემ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა (იხ: განჩინება, ტომი VIII, ს.ფ. 9-12). კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტავს, რომ კანონი ადგენს ზუსტ ჩამონათვალს თუ როგორ უნდა იყოს ჩამოყალიბებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სავალდებულოდ მისათითებელია სასამართლო ხარჯის განაწილების საკითხი. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 7.2. პუნქტში გადაწყვეტილია სასამართლოსგარეშე ხარჯის საკითხი, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სსსკ-ს 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მითითებულია მხოლოდ სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და არ არსებობს მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.

4. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ ი.ძ–ძის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი იმ მოთხოვნით, რა მოთხოვნასაც იგი შეიცავს არ არის დაშვებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველის ნაწილის არცერთი პუნქტით, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანა ამგვარი მოთხოვნით დაუშვებელია. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას არ გააჩნია გამოცდილება მსგავსი სახის დავაში, ასევე არ აქვს იურდიული განათლება. საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მტკიცებულება რომც არ იყოს წარდგენილი, ადვოკატის მომსახურების ხარჯი მაინც ექვემდებარება ანაზღაურებას.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

6. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ნ.ა–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინება (საქმე N2/ბ-100), რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ი.ძ–ძეს აეკრძალა თავის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, .......” (ს.კ.......) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

7. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა ი.ძ–ძის წარმომადგენელი მ.ზ–ე.

8. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

9, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ადგენს გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამარლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება. ამავე ნორმით განსაზღვრულია ასევე სააპელაციო გასაჩივრების სუბიექტები - მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. "მხარეში" იგულისხმება ის მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიღებულია გადაწყვეტილება (მაგალითად: მოსარჩელე, რომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ან მოპასუხე, რომლის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი დაკმაყოფილდა). მხარის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების ამავე მხარის მიერ გასაჩივრება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის დანაწესს, ვინაიდან ეს ნორმა ადგენს უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ეს უფლება დარღვეულია ან სადავოდაა ქცეული. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. მითითებული ნორმის დანაწესის მიხედვით, რაც პროცესის დისპოზიციურობის პრინციპის გამოხატულებაა, პირი სასამართლოს მეშვეობით იცავს დარღვეულ უფლებას ან იკმაყოფილებს კანონიერ ინტერსს. იმ პირობებში, როცა პირის სამართლებრივი ინტერესი, მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებით კმაყოფილდება, ბუნებრივია, მას აღარ რჩება დავის კანონიერი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე უფლებამოსილია სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც უარი ეთქვა ამა თუ იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მას არ შეუძლია სადავოდ გახადოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება (იხ. სუსგ საქმე №ას-388-365-2014, 5 ივნისის , 2014 წელი; საქმე №ას-74-68-2015, 27 თებერვალი 2015 წელი; საქმე №ას-591-566-2016, 5 ოქტომბერი, 2016 წელი; საქმე №ას-1495-2020, 12 აპრილი, 2021 წელი).

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი წარმოადგენს იმ საკანონმდებლო შეზღუდვათა მაგალითს, როდესაც დაშვებულია მხარისათვის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრებაზე უარის თქმა, თუ მხარის სააპელაციო პრეტენზია მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნას ემყარება.

12. იმის გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მიღებული გადაწყვეტილება მოპასუხის უფლება-მოვალეობებზე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს, არ არსებობს გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივი ინტერესი.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

14. ზემოხსენებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, სასამართლოს მიერ ხარვეზით გამოტანილი გადაწყვეტილების გამოსწორების საშუალებაა, კერძოდ, თუ სასამართლომ ძირითადი გადაწყვეტილებით არ გადაწყვიტა სასამართლო ხარჯების საკითხი, მას შეუძლია ეს ხარვეზი გამოასწოროს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანით. ამავე დროს, სასამართლო არაა უფლებამოსილი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის გასვლის შემდეგ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.

15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტებს. უდავოა, რომ მოპასუხის წარმომადგენლის მ.ზ–ისათვის 2021 წლის 24 ნოემბერს გახდა ცნობილი, სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მომსახურების ხარჯის მოსარჩელე მხარისათვის დაკისრების საკითხის თაობაზე. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს ჰქონდა უფლება მიემართა სასამართლოსათვის დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით, რა დროსაც სასამართლოს ექნებოდა შესაძლებლობა ემსჯელა იმ საკითხზე, რასაც სააპელაციო საჩივრით ითხოვს მისი ავტორი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 364-ე და 368-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია დაუშვებლად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი. ამგვარად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ძ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.09.2022 წლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი