Facebook Twitter

საქმე №ა-1453-გან-6-2023 10 აპრილი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – სს „ P.G.S.”

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.ჯ–ი“

განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინების განმარტება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. პოლონეთის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის №SA 26/21 საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით:

1.1. შპს „ა.ჯ–ს“ სს „ P.G.S.-ის სასარგებლოდ, კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, დაეკისრა 10 517, 81 ევროს ოდენობით გარიგებით გათვალისწინებული თანხის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ წელზე არა უმეტეს 10.1% 2021 წლის 9 თებერვლიდან გადახდის თარიღამდე;

1.2. შპს „ა.ჯ–ს“ სს „ P.G.S.“-ის სასარგებლოდ, კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, დაეკისრა 23 155.00 ზლოტის და, ასევე, 300.00 აშშ დოლარის გადახდა, როგორც სამართალწარმოების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან გადახდის თარიღამდე.

2. 2022 წლის 19 მაისს სს „ P.G.S.“-ის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა პოლონეთის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის №SA 26/21 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინებით „სს „ P.G.S.“-ის შუამდგომლობა პოლონეთის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის №SA 26/21 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად პოლონეთის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის №SA 26/21 საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლითაც: 1) შპს „ა.ჯ–ს“ სს „ P.G.S.-ის სასარგებლოდ, კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, დაეკისრა 10 517, 81 ევროს ოდენობით გარიგებით გათვალისწინებული თანხის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ წელზე არა უმეტეს 10.1% 2021 წლის 9 თებერვლიდან გადახდის თარიღამდე; 2) შპს „ა.ჯ–ს“ სს „ P.G.S.“-ის სასარგებლოდ, კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, დაეკისრა 23 155.00 ზლოტის და, ასევე, 300.00 აშშ დოლარის გადახდა, როგორც სამართალწარმოების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან გადახდის თარიღამდე.

4. 2023 წლის 26 იანვარს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნულ განჩინების 1.1 პუნქტის გასწორება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინებით განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

6. 2023 წლის 22 მარტს მხარემ კვლავ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინების განმარტება. განმცხადებლის მითითებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს უნდა განემარტა მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისრა თუ არა როგორც ძირის (10 517. 81 ევრო), ასევე, მასზე დარიცხული პროცენტის (10.1 %) გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ასევე, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო/საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით.

11. სსსკ-ის 35612-ე მუხლით, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით.

12. სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

13. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისაკენ და უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და განსამარტი გადაწყვეტილებიდან არ გამომდინარეობდა.

14. სასამართლოს გადაწყვეტილებისა თუ განჩინების განმარტება არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მთლიანად ან რომელიმე კონკრეტული დებულების სადავოდ გახდის საპროცესო მექანიზმს. დაუშვებელია, მხარემ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოთხოვნას საფუძვლად დაუდოს ამა თუ იმ საკითხის არასწორად გადაწყვეტა, კანონის არასწორად გამოყენება, განმარტება ან ისეთი გარემოება, რომელმაც შეიძლება რაიმე სახით არსებითად შეცვალოს განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი მხარეთა სამართლებრივი მდგომარეობა. ამგვარი განცხადება უნდა დაემყაროს მხოლოდ კონკრეტული დებულების ბუნდოვანებას, ორაზროვნებას. განმარტების გზით არ შეიძლება გადაწყვეტილება სხვა ფაქტობრივ-სამართლებრივ შედეგს დაექვემდებაროს.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღიარების (ცნობის) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე (იხ. დამატებით: ბ. ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბ., 2009).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში (იხ. სუსგ საქმე №ა-6247-გან-27-2022, 28 ნოემებრი, 2022 წელი).

17. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინებით: „სს „ P.G.S.“-ის შუამდგომლობა პოლონეთის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის №SA 26/21 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა; საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და დაექვემდებარა აღსრულებას პოლონეთის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის №SA 26/21 საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლითაც: შპს „ა.ჯ–ს“ სს „ P.G.S.-ის სასარგებლოდ, კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, დაეკისრა 10 517, 81 ევროს ოდენობით გარიგებით გათვალისწინებული თანხის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ წელზე არა უმეტეს 10.1% 2021 წლის 9 თებერვლიდან გადახდის თარიღამდე; შპს „ა.ჯ–ს“ სს „ P.G.S.“-ის სასარგებლოდ, კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, დაეკისრა 23 155.00 ზლოტის და, ასევე, 300.00 აშშ დოლარის გადახდა, როგორც სამართალწარმოების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან გადახდის თარიღამდე.

18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ზუსტ შესაბამისობაშია მხარის მიერ 2022 წლის 19 მაისს სასამართლოში წარმოდგენილ პოლონეთის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის №SA 26/21 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ოფიციალურ ქართულ თარგმანთან. ამასთან, სასმართლო ვერ გაიზიარებს მხარის მითითებას, რომ ბუნდოვანია განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, რამდენადაც როგორც საცნობი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან, ისე საქაართველოს უზენაესი სასამართლოს საქართველოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის სარეზოლუციო ნაწილიდან აშკარაა, რომ შპს „ა.ჯ–ს“ სს „ P.G.S.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10 517, 81 ევროს გარიგებით გათვალისწინებული თანხის, ასევე, ყოველ ვადაგადაცილებულ წელზე არა უმეტეს 10.1% 2021 წლის 9 თებერვლიდან გადახდის თარიღამდე, 23 155.00 ზლოტისა და 300.00 აშშ დოლარის გადახდა, როგორც სამართალწარმოების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან გადახდის თარიღამდე.

19. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის, მისი შინაარსის ბუნდოვანების გამო შეიძლება განიმარტოს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ ვლინდება.

20. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინების განმარტების საფუძველი. შესაბამისად, განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინების განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლით, სსსკ-ის 35612-ე, 262-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ P.G.S.”-ის წარმომადგენელის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

თ. ძიმისტარაშვილი