Facebook Twitter

ას-1049-2021

28 აპრილი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ლ.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ჩ–ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ლ. ?-მა“ (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.ჩ–ას (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ავანსად ჩარიცხული თანხიდან - 95000 ლარის დაბრუნება (ტ.1, ს.ფ. 1-15).

1.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო თანხა წარმოადგენდა მის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ლ. ?-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ე.ჩ–ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 95000 ლარის გადახდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და შპს „ლ. ?-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15124 ლარის გადახდა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 19 ნოემბრის N43810 ბრძანების საფუძველზე, შპს „ლ. ?-ს“ წარედგინა 2015 წლის 19 ნოემბრის N094-492 საგადასახადო მოთხოვნა და კომპანიას დამატებით გადასახდელად დაეკისრა 203937.69 ლარი. მათ შორის მოგების გადასახადი 182324.71 ლარი (ძირი თანხა - 79450 ლარი, ჯარიმა - 39725 ლარი, საურავი 63149.71 ლარი), საშემოსავლო გადასახადი 21522.86 ლარი (ძირი თანხა - 10144 ლარი, ჯარიმა - 4759 ლარი, საურავი - 6619.86 ლარი), მიწის გადასახადი 4.03 ლარი (საურავი), ქონების გადასახადი 86 ლარი (საურავი).

5.2. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 21 დეკემბრის N49130 ბრძანების საფუძველზე, შპს „ლ. ?-ს“ წარედგინა 2015 წლის 21 დეკემბრის წლის N094-604 საგადასახადო მოთხოვნა და კომპანიას დამატებით გადასახდელად დაეკისრა 20 053.57 ლარი. მათ შორის მოგების გადასახადი 19853.28 ლარი (ძირი თანხა 8017 ლარი, ჯარიმა 4008 ლარი, საურავი 7828.28 ლარი), საშემოსავლო გადასახადი 183.83 ლარი (საურავი), მიწის გადასახადი - 0.33 (საურავი) და ქონების გადასახადი 16.13 ლარი (საურავი).

5.3. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 22 დეკემბრის N49306 ბრძანების საფუძველზე, შპს „ლ. ?-ს“ წარედგინა 2015 წლის 22 დეკემბრის N094-622 საგადასახადო მოთხოვნა და კომპანიას დამატებით გადასახდელად დაეკისრა 755 852.28 ლარი. მათ შორის მოგების გადასახადი - 703851 ლარი (ძირი თანხა 341968 ლარი, ჯარიმა - 170984 ლარი, საურავი 190899 ლარი), საშემოსავლო გადასახადი 48284.97 ლარი (ძირი თანხა - 22699 ლარი, ჯარიმა 11551 ლარი, საურავი - 14034.97 ლარი), ქონების გადასახადი 2706.14 ლარი (ძირი თანხა 1277 ლარი, ჯარიმა - 639 ლარი, საურავი - 790.14 ლარი), მიწის გადასახადი (სასოფლო) - 4.87 ლარი (საურავი) და ჯარიმები - 1005 ლარი.

5.4. 2016 წლის 20 იანვარს, ე.ჩ–ას და შპს „ლ. ?-ს“ შორის გაფორმდა N20.01.16-1 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სახელმწიფოს მაკონტროლებელი ორგანოების წინაშე შპს „ლ. ?-ის“ (დამკვეთის) კანონიერი ინტერესების წარმოდგენა, კერძოდ, დავის წარმოება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და სასამართლოში, დამკვეთის სასარგებლოდ საჩივრის მომზადება და მისი პოზიციების დაცვა შესაბამის უწყებებში. ხელშეკრულების თანახმად, სადავო თანხას წარმოადგენდა - 775 905.85 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადის თანხა - 372792 ლარი, ჯარიმა - 189356 ლარი და საურავი - 213757.85 ლარი.

5.5. 2016 წლის 20 იანვარს, ე.ჩ–ას და შპს „ლ. ?-ს“ შორის გაფორმებული N20.01.16-1 ხელშეკრულების თანახმად, მომსახურების ღირებულება შეადგენდა 125 000 ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, საიდანაც მოსარჩელე არსებული კანონმდებლობის მიხედვით მოახდენდა საშემოსავლო გადასახადის დაკავებასა და ბიუჯეტში ანგარიშსწორებას. კომპანიას მოპასუხის ანგარიშზე ავანსად უნდა ჩაერიცხა 100 000 ლარი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) დღის განმავლობაში. 2015 წლის 25 იანვარს შპს „ლ. ?-ის“ მიერ ე.ჩ–ასათვის ავანსის სახით ჩარიცხულ იქნა მომსახურების ღირებულება 100000 ლარის ოდენობით.

5.6. 2016 წლის 17 მარტს, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, ჰ.თ.ჯ–იმ, როგორც შპს ,,ლ. ?-ის“ დირექტორმა და 100%-იანი წილის მფლობელმა, მინდობილ პირს - ე.ჩ–ას, მიანიჭა უფლებამოსილება ყოფილიყო როგორც შპს ,,ლ. ?“-ის დირექტორისა და 100%-იანი წილის მფლობელის წარმომადგენელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურში, ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველ საბჭოში, საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, რათა დაეცვა საზოგადოების ინტერესები, ეწარმოებინა კომპანიის საზოგადოების უფლებებისა და ინტერესების დაცვა ყველა ზემოაღნიშნულ დაწესებულებაში და აღნიშნულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად წარედგინა და გამოეთხოვა ყველა სახის დოკუმენტი, მოწმობა, ამონაწერი, სარჩელი, განცხადება, ხელი მოეწერა შესაბამისი დოკუმენტებისათვის და გადაეხადა დადგენილი გადასახადები.

5.7. 2016 წლის 06 დეკემბრის სანოტარო აქტის საფუძველზე შპს „ლ. M-ის“ დირექტორმა გააუქმა ე.ჩ–ას სახელზე გაცემული მინდობილობა.

5.8. წარდგენილი სარჩელით, მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის ავანსად ჩარიცხული თანხიდან, 95 000 ლარის დაბრუნებას, იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ ე.ჩ–ამ ვერ შეასრულა ჯეროვნად 2016 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების 3.3. პუნქტის შესაბამისად სადავო თანხის - 775 905.85 ლარის 50%-ით შემცირება, რაც ამავე პუნქტით შეთანხმებული პირობის თანახმად, შემსრულებლისათვის ავანსად ჩარიცხული თანხიდან - 95 000 ლარის დაბრუნების საფუძველია.

5.9. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო თანხა რწმუნებულს არა როგორც ავანსი, არამედ, როგორც „წარმატების გასამრჯელო“ გადაეცა. წერილობითი ხელშეკრულების განმარტებისას სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით, რომლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა 2016 წლის 20 იანვრის მხარეებს შორის გაფორმებული N20.01.16-1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 775905.85 ლარის 50%-ით შემცირების ფაქტი. პალატამ დადგენილად მიიჩნია სადავო თანხის მხოლოდ 42.04%-ით შემცირების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, თუმცა განმარტა, რომ მარწმუნებელმა ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეუწყვიტა, შესაბამისად, რწმუნებულს არ მიეცა სრული შესაძლებლობა თავისი ვალდებულების შესრულებისა. მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებით გამოწვეული არაჯეროვანი შესრულების გამო თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია, მაგრამ მიუთითა, მოპასუხის მიერ 42.04%-ით სამუშაოს შესრულებაზე, რაც ასევე დადგენილია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით. პალატამ განმარტა, ვერ იმსჯელებდა იმაზე, მოპასუხის მიერ განხორციელებული სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ქმედებები იყო თუ არა საკმარისი მარწმუნებლის მთავარი მიზნის მისაღწევად, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დგინდებოდა, რომ ხელშეკრულება, თავად მარწმუნებელმა შეწყვიტა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული ბადებს გონივრულ ვარაუდს მასზედ, რომ იმ პირობებში, თუ მარწმუნებლის მიერ ხელშეკრულება არ შეწყდებოდა, მოპასუხე მისი სამართლებრივი სტრატეგიის ფარგლებში მოქმედებას განაგრძობდა და მიზნის მისაღწევად სხვა მოქმედებებს განახორციელებდა.

5.10. სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იმ მოცემულობის ფარგლებში, რომ 06.12.2016 წლის სანოტარო აქტის საფუძველზე შპს ,,ლ. ?-ის“ დირექტორმა გააუქმა ე.ჩ–ას სახელზე გაცემული მინდობილობა, იგი არ თავისუფლდებოდა რწმუნებულისათვის გასამრჯელოს გადახდის ვალდებულებისაგან, კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტა მოსარჩელეს არ წარმოუშობდა უფლებას მოეთხოვა მოპასუხისთვის ავანსად გადაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნება. პალატამ აღნიშნა, რომ უკან დაბრუნებას არ უნდა დაექვემდებაროს ავანსად გადაცემული თანხიდან რწმუნებულის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „ნ.თ–ის“ მიერ შესრულებული წერილობითი განმარტების თანახმად, დასტურდებოდა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 21 დეკემბრის N49130 ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული 21.12.15 წლის N094-604 საგადასახადო მოთხოვნისა და 2015 წლის 22 დეკემბრის N49306 ბრძანების და მის საფუძველზე გამოცემული N094-622 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მოსარჩელე კომპანიაზე დამატებით გადასახდელად დარიცხული, ჯამში 775 905.85 ლარის შემცირება მოხდა: აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 3 ივნისის N15733 ბრძანების და მის საფუძველზე გამოცემული 2016 წლის 3 ივნისის N094-151 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით, აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 26 აგვისტოს N24739 ბრძანების და მის საფუძველზე გამოცემული 2016 წლის 26 აგვისტოს N094-242 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით და აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 26 აგვისტოს N24738 ბრძანების და მის საფუძველზე გამოცემული 2016 წლის 26 აგვისტოს N094-241 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით, რის შედეგადაც დამატებით გადასახდელად დარიცხული თანხა შემცირდა 326 194.70 ლარით (მათ შორის ძირი თანხა - 142 700.5 ლარით, ჯარიმა 71 349 ლარით, საურავი 112 145.20 ლარით), რაც შეადგენდა თავდაპირველად დარიცხული თანხის (775 905.85 ლარი) 42.04%-ს. ამდენად, რწმუნებულის მიერ შესრულებული სამუშაო გამოიხატა იმ ფარგლებში, რომ მოპასუხემ 2016 წლის 20 იანვრის მხარეებს შორის გაფორმებული N20.01.16-1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სადავო თანხა შეამცირა 42.04%-ით. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდებოდა 2016 წლის 20 იანვრის მხარეებს შორის გაფორმებული N20.01.16-1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 775905.85 ლარის 42.04%-ით შემცირების ფაქტი, ე.ჩ–ას, შპს „ლ. ?-ის“ სასარგებლოდ პროპორციულობის გათვალისწინებით უნდა დაკისრებოდა 15 124 ლარის გადახდა.

5.11. პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მოპასუხე ვერ უზრუნველყოფდა სადავო თანხის 50%-ით შემცირებას, მისთვის ავანსად ჩარიცხული თანხიდან 95 000 ლარი დაექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას, ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო უფლების კეთილსინდისიერებისა და მართლზომიერად განხორციელების სტანდარტს.

6. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და მის მიერ დადგენილი გარემოებები არ ემყარება მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულყოფილ და ობიექტურ გამოკვლევას.

6.2. კომპანიამ ე.ჩ–ას რწმუნებულება შეუწყვიტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან დაასრულა შესაბამისი აქტების გასაჩივრების პროცესი. აშკარა იყო, რომ პირობა ვეღარ დადგებოდა, ვინაიდან, ჩ–ამ წარადგინა განცხადება საგადასახადო თანხის შემცირების მოთხოვნით. იგი შესაგებელშიც განმარტავს, რომ ვალდებულება შეასრულა პირნათლად და მოითხოვა კიდეც კომპანიისგან მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა, რითაც უდავოდ დგინდება, რომ ჩ–ა აღარ აპირებდა რაიმე ქმედებების განხორციელებას დარიცხული თანხის შემცირების მიზნით და მის უკვე შემცირებულ თანხას მიიჩნევდა საკმარისზე მეტად.

6.3. კასატორი მიუთითებს, რომ ხელშეკრულება არ შეიცავს ბუნდოვან დათქმას და დგინდება, თუ რა მიზანი ჰქონდა მოსარჩელეს პირობადადებული ხელშეკრულების გაფორმებისას. მნიშვნელოვანია, რომ პირობა დაიდო არა სამუშაოს შესრულებაზე, სამუშაოს სირთულესა და მოცულობაზე, არამედ კონკრეტულ ეკონომიკურ ინტერესზე. 50%-ით თანხის შემცირების პირობა ხელშეკრულებაში არა მარტო ეკონომიკური ინტერესის გამო განისაზღვრა, არამედ, ეს პირობა ატარებს პრევენციულ ხასიათს.

6.4. პალატის განმარტებები, რომ ე.ჩ–ამ ვალდებულება შეასრულა 42.04%-ით და რომ მას გადახდილი თანხიდან ეკუთვნის თანხა შესრულებული სამუშაოს პროპორციულად, დაუსაბუთებელია და არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ფაქტობრივ გარემოებებს.

6.5. სასამართლომ არასწორად და დასაბუთების გარეშე დაადგინა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა 95000 ლარი მოპასუხეს გადაეცა არა როგორც ავანსი, არამედ, როგორც „წარმატების გასამრჯელო“. ასევე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მარწმუნებლის მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით, რწმუნებულს არ მიეცა სრული შესაძლებლობა თავისი ვალდებულების შესასრულებლად.

6.7. ე.ჩ–ას წარმომადგენლებმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარადგინეს წერილობითი ახსნა-განმარტება, სადაც მიუთითებდნე ახალ გარემოებებზე და სამართლებრივ საფუძვლებზე, კერძოდ, რომ მოდავე მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება იყო შერეული ტიპის ნარდობის და წარმომადგენლობის. მათი განმარტებით, ჩ–ას ხელშეკრულება შეუწყდა ისე, რომ არ ყოფილა გაფრთხილებული და სწორედ ამის გამო ვერ შეძლო მისი ვალდებულების შესრულება. აღარ მიეცა შესაძლებლობა გაეგრძელებინა დავა თანხის შემცირების მიზნით. კასატორის მითითებით, აღნიშნულ გარემოებებს მოპასუხის შესაგებელი არ ემყარებოდა.

6.8. საგადასახადო მოთხოვნები მოპასუხის გარდა ასევე გაასაჩივრა კომპანიის ბუღალტერმაც. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულიც ადასტურებს, რომ მოპასუხეს ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია. შემცირებული თანხების უფრო მეტად შემცირების მიზნით კი, შემოსავლების სამსახურის აქტები ფინანსთა სამინისტროში და შემდგომ სასამართლოში არ გაუსაჩივრებია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, შპს „ლ. ?-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ხოლო, ამავე სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებით, საკასაციო განაცხადი დასაშვებად იქნა მიჩნეული სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით, შპს „ლ. ?-ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (სუსგ N ას-251-2018, 08.02.2022 წ.).

11. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ Nას-1163-2018, 08.02.2019 წ.; Nას-495-2020, 23.10.2020 წ).

12. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი მისთვის თანხის დაბრუნებაზე, სსკ-ის 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) და 710.1 (მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში) მუხლებიდან გამომდინარეობს, რაც დავალების ხელშეკრულების საფუძველზე რწმუნებულსა და მარწმუნებელს შორის ურთიერთობებს განსაზღვრავს.

13. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი წარმოდგენილი პირი ხდება.

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმომადგენლობის ინსტიტუტს საფუძვლად უდევს კონკრეტული პირის (ან პირთა) უფლება სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოადგინოს სხვა პირი (ან პირები) - წარმომადგენლობის უფლებამოსილება. სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, წარმომადგენლობის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა მინდობილობის საფუძველზე (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბ., 2011, გვ.425-426).

15. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმების მიზანს წარმოადგენდა მისთვის დაკისრებული თანხის, სულ 775905.85 ლარის შემცირება 50%-ით. მომსახურების ღირებულება შეადგენდა 125000 ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. აღნიშნული ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, სადავო თანხის 50%-ით შემცირების შემთხვევაში მხარეები გააფორმებდნენ მიღება-ჩაბარების აქტს, შესაბამისი სტრუქტურებიდან გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავანსად ჩარიცხული თანხიდან, 95 000 ლარი დაექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას. 5000 ლარი საშემოსავლო გადასახადის გარეშე ჩაითვლებოდა გაწეული მომსახურების ღირებულებად. მოსარჩელის მსჯელობის საპირისპიროდ, მოპასუხემ წარდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ სადავო თანხა წარმოადგენდა მის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებას და მისი მიერ ვალდებულების შესრულების პირობებში არ არსებობდა თანხის დაბრუნების წინაპირობა.

16. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული N20.01.16-1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სახელმწიფოს მაკონტროლებელი ორგანოების წინაშე შპს „ლ. ?-ის“ (დამკვეთის) კანონიერი ინტერესების წარმოდგენა, კერძოდ, დავის წარმოება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და სასამართლოში, დამკვეთის სასარგებლოდ საჩივრის მომზადება და მისი პოზიციების დაცვა შესაბამის უწყებებში. მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ასევე 100000 ლარის ოდენობით თანხის მოპასუხისათვის გადარიცხვის ფაქტი.

17. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს არა გაწეული მომსახურების გასამრჯელო - 5000 ლარი, არამედ, არსებობს თუ არა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ავანსის სახით ჩარიცხული თანხის - 95000 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნების საფუძველი, რომლის გადახდის ვალდებულების წინაპირობები დადგენილი იყო უშუალოდ მომსახურების ხელშეკრულებით და რომელიც მოპასუხის სასარგებლოდ გადახდილად ჩაითვლებოდა და გაფორმდებოდა მიღება ჩაბარების აქტი იმ შემთხვევაში, თუ შემცირებული თანხის ოდენობა შეადგენდა 50%-ს.

18. ამდენად, დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია, სასამართლომ სწორად შეაფასოს მხარეთა შორის გაფორმებული N20.01.16-1 ხელშეკრულების 3.3 პუნქტის შინაარსი ავანსად ჩარიცხულ სადავო 95000 ლართან მიმართებით, კერძოდ: წარმოადგენს ის წარმატების ჰონორარის სახით მიღებულ მოპასუხის კუთვნილ თანხას, თუ ამავე პუნქტით გათვალისწინებული წარმატების ჰონორარის მიღების პირობების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს წარმოეშვა მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების ვალდებულება. N20.01.16-1 ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად: წინამდებარე ხელშეკრულების საგანია სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების წინაშე დამკვეთის კანონიერი ინტერესების წარმოდგენა, კერძოდ - დავის წარმოება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და სასამართლოში, დამკვეთის სასარგებლოდ საჩივრის მომზადება და მისი პოზიციების დაცვა შესაბამის უწყებებში. ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად: სადავო თანხას წარმოადგენს - 775905.85 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადის თანხა - 372792 ლარი, ჯარიმა - 189356 ლარი, საურავი - 213757.85 ლარი. ხელშეკრულების მესამე პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ მომსახურების ანაზღაურების წესსა და ვადებზე. 3.1 პუნქტის თანახმად, მომსახურეობის ღირებულება შეადგენს 125000 ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, საიდანაც დამკვეთი არსებული კანონმდებლობით ახდენს საშემოსავლო გადასახადის დაკავებას და ბიუჯეტის ანგარიშსწორებას. 3.3 პუნქტის თანახმად: სადავო თანხის 50%-ით შემცირების შემთხვევაში მხარეები გააფორმებდნენ მიღება-ჩაბარების აქტს, შესაბამისი სტრუქტურებიდან გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავანსად ჩარიცხული თანხიდან, 95 000 ლარი დაექვემდებარება უკან დაბრუნებას. 5000 ლარი საშემოსავლო გადასახადის გარეშე ჩაითვლება გაწეული მომსახურების ღირებულებად. ამდენად, ხელშეკრულების 3.3 პუნქტის ანალიზიდან გამომდინარე ნათელია, რომ მხარეებმა მოპასუხის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებად განსაზღვრეს 5000 ლარი, საშემოსავლო გადასახადის გარეშე, რომლის ანაზღაურების ვალდებულება არ იყო დამოკიდებული იმაზე, თუ რა შედეგი დადგებოდა გაწეული მომსახურების შედეგად. რაც შეეხება ამავე პუნქტით განსაზღვრულ 95000 ლარს, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული, რომ მოსარჩელე მოპასუხეს აღნიშნულ თანხას აუნაზღაურებდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე საგადასახადო ორგანოს მიერ დაკისრებულ თანხას (772 905.85 ლარს) 50%-ით შეამცირებდა, რის შემდეგაც მხარეები გააფორმებდნენ მიღება-ჩაბარების აქტს შესაბამისი სტრუქტურებიდან გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არა უგვიანეს ორი დღის ვადაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებმა 95000 ლარი განსაზღვრეს, როგორც „წარმატების ჰონორარი“/„წარმატების საკომისიო“. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წარმატების ჰონორარი წარმოადგენს არა ძირითად გასამრჯელოს მოპასუხის მომსახურებისთვის, არამედ ე.წ. „ბონუსს“ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობებით შესრულებული სამუშაოსთვის. შესაბამისად, მისი ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის, ხელშეკრულების 3.3 პუნქტის შესაბამისად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც ხელშეკრულების გაფორმების მიზანი და მოსარჩელის ინტერესი, ისე წარმომადგენლის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი, ანუ უზრუნველყო თუ არა მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება სადავო თანხის 50%-ით შემცირების შესახებ. მართალია მოპასუხე შესაგებელში მიუთითებდა გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შესრულებაზე, თუმცა, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მას არ წარმოუდგენია. საქმეში ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა, ვინაიდან, მხოლოდ მითითება უკვე წარმოდგენილი მტკიცებულების უსაფუძვლობაზე, საკმარისი არ არის და არ შეესაბამება მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს. შესაბამისად, მტკიცებას ექვემდებარება როგორც სარჩელის, ასევე შესაგებლის საფუძვლები. მოსარჩელემ მისი სასარჩელო მთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარმოადგინა შპს „ნ.თ–ის“ მიერ შესრულებული წერილობითი განმარტება, რომელიც ადასტურებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 21 დეკემბრის N49130 ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული 21.12.15 წლის N094-604 საგადასახადო მოთხოვნისა და 2015 წლის 22 დეკემბრის N49306 ბრძანების და მის საფუძველზე გამოცემული N094-622 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მოსარჩელე კომპანიაზე დამატებით გადასახდელად დარიცხული, ჯამში - 775 905.85 ლარის შემცირება მოხდა 326 194.70 ლარით (მათ შორის ძირი თანხა - 142 700.5 ლარით, ჯარიმა 71 349 ლარით, საურავი 112 145.20 ლარით), რაც შეადგენს თავდაპირველად დარიცხული თანხის (775 905.85 ლარი) 42.04%-ს და არა 50%-ს. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ ეტაპზე მხარეები არ ხდიან სადავოდ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების 42%-ით შესრულების ფაქტს. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სადავო 95000 ლარის ნაწილში მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე მოპასუხეს აღნიშნულ თანხას აუნაზღაურებდა როგორც „წარმატების საკომისიოს“/„წარმატების ჰონორარს“, ხოლო „წარმატებად“, ანუ გადახდის ვალდებულების საფუძვლად ჩაითვლებოდა მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მან ვერ უზრუნველყო, რადგან უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ მოპასუხემ ვერ შეასრულა ხელშეკრულების 3.3 პუნქტის საფუძველზე მისთვის წარმატების ჰონორარის ანაზღაურების მავალდებულებელი პირობა - საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული თანხის 772 905.85 ლარის 50%-ით შემცირება.

21. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ არ არსებობდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 3.3. პუნქტით გამოვლენილი ნების სსკ-ის 52-ე მუხლიდან გამომდინარე განმარტების საჭიროება. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს (სუსგ. Nას-1298-2018, 22.03. 2019წ.). ერთ-ერთ საქმეზე გერმანიის უმაღლესი ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით განიმარტა: „მოსარჩელის მოთხოვნის უფლების არსებობა აგრეთვე ვერ დადგინდება ხელშეკრულების დამატებითი განმარტების გზით, ვინაიდან, ხელშეკრულება არ შეიცავს გეგმის საწინააღმდეგო/უნებლიე ხარვეზს. მსგავსი ხარვეზი ხელშეკრულების პირობების გაწერისას სახეზეა, როდესაც მხარეებს გამორჩებათ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი, ან შეგნებულად ღიად დატოვებენ მას, ვინაიდან, ხელშეკრულების დადების მომენტში, არ მიიჩნიეს, რომ საჭირო იყო მისი განსაზღვრა, ხოლო მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ მათი ეს ვარაუდი არასწორია. ამასთან, გეგმის საწინააღმდეგო/უნებლიე ხარვეზზე საუბრობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება არ შეიცავს პუნქტს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მოხდეს მხარეთა იმ შეთანხმებული გეგმის განხორციელება, რომელიც საფუძვლად უდევს ამ პუნქტს, და რის გამოც ხელშეკრულების სრულყოფის გარეშეც ვერ მივიღებთ ჯეროვან, მხარეთა ინტერესების შესატყვის გამოსავალს... (იხ. ამონარიდი გერმანიის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 20.04.2017 - VII ZR 194/13-NJW 2017, 2025). პალატა კიდევ ერთხელ შეაფასებს ხელშეკრულების 3.3 პუნქტს და მიუთითებს, რომ აღნიშნული პუნქტი არ შეიცავს ბუნდოვანებას, მისი შინაარსი ნათლად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო 95000 ლართან მიმართებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე მოპასუხეს 95000 ლარს გადასცემდა „წარმატების საკომისიოს“/წარმატების ჰონორარის“ სახით, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე შეასრულებდა ხელშეკრულების ამავე პუქტით გათვალისწინებულ პირობას. რაც შეეხება მომსახურების საფასურს, ის ცალკე არის განსაზღვრული 5000 ლარით საშემოსავლო გადასახადის გარეშე. ამდენად, ხელშეკრულების 3.3 პუნქტი არ შეიცავს რაიმე ბუნდოვანებას, რაც გონივრული განსჯის შედეგად განმარტებას საჭიროებს. პალატის მოსაზრებით, გარდა იმის, რომ ხელშეკრულების 3.3 პუნქტი მისი შინაარსის სიცხადიდან გამომდინარე, არ საჭიროებს გონივრული განსჯის შედეგად განმარტებას, ასევე ამ პუნქტის ბუნდოვანებასა და არაორაზროვნებაზე არ მიუთითებია მოპასუხე მხარესაც, რომელსაც არ განუმარტავს ის სხვაგვარი ინტერპრეტეციით. მოპასუხის შესაგებელი ხელშეკრულების 3.3 პუნქტით შესასრულებელი ვალდებულების სრულად შესრულებაზე მითითებას დაეფუძნა და მის მიერ ზემოაღნიშნული პუნქტის შინაარსი სადავოდ არ გამხდარა. პალატა მიუთითებს სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვით, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით ვერ განაცხადეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების 3.3. პუნქტის გონივრული განსჯის შედეგად განმარტების საჭიროება არ არსებობდა.

22. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას შესრულებული სამუშაოს პროპორციულად (42.04%) მოპასუხისათვის გასამრჯელოს ანაზღაურების შესახებ და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება დადებულია მხარეთა მიერ თავისუფლად გამოვლენილი ნების პირობებში და მოპასუხემ იკისრა ვალდებულება შესამცირებელი თანხის 50%-ზე ნაკლები ოდენობით შემცირების შემთხვევაში, „ავანსად“ ჩარიცხული თანხიდან დაებრუნებინა 95000 ლარი. მოპასუხემ შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მან განახორციელა ისეთი მოქმედებები, რასაც ხელშეკრულების 3.3 პუნქტით გათვალისწინებული შედეგი (მოსარჩელისათვის დაკისრებული თანხის 50%-ით შემცირება) მოჰყვა. შესაბამისად, განხორციელებულად ვერ ჩაითვლება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.3 პუნქტით გათვალისწინებული პირობები, რაც სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას ადასტურებს („წარმატების ჰონორართან“ დაკავშირებით იხილეთ საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა: Nას-1117-2020, 25.03.2021; Nას-894-2021, 23.12.2021). შესრულებული სამუშაოს პროპორციულად მოპასუხისათვის გასამრჯელოს ანაზღაურებაზე მოპასუხეს წარმოდგენილ შესაგებელში არ მიუთითებია. ამასთან, პროპორციული განაწილების შესახებ მხარეებს შეეძლოთ გამოევლინათ ნება და შესაბამისი შეთანხმება აესახათ ხელშეკრულებაში, თუმცა მათ გამოავლინეს ნება იმ პირობით შეთანხმებაზე, რაც ასახულია ხელშეკრულების 3.3. პუქტში (სადავო თანხის 50%-ით შემცირების შემთხვევაში მხარეები გააფორმებდნენ მიღება-ჩაბარების აქტს, შესაბამისი სტრუქტურებიდან გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავანსად ჩარიცხული თანხიდან, 95 000 ლარი დაექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას. 5000 ლარი საშემოსავლო გადასახადის გარეშე ჩაითვლებოდა გაწეული მომსახურების ღირებულებად). ამდენად, სააპელაციო პალატის მითითება შესრულებული სამუშაოს პროპორციულად მოპასუხისთვის გასამრჯელოს ანაზღაურებაზე საფუძველს მოკლებულია. მითუმეტეს იმ პირობებში, რომ მოპასუხემ მის მიერ განხორციელებული მომსახურებისთვის გასამრჯელოს სახით მოსარჩელისგან მიიღო 5000 ლარი.

23. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად უნდა შეფასდეს კასატორის მითითება, რომ მოპასუხე აღარ აპირებდა რაიმე ქმედებების განხორციელებას დარიცხული თანხის შემცირების მიზნით და უკვე შემცირებულ თანხას მიიჩნევდა საკმარისზე მეტად, რის გამოც, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მარწმუნებელმა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით რწმუნებულს არ მისცა სრული შესაძლებლობა ვალდებულების შესასრულებლად და რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაფორმებული მინდობილობის გაუქმებით იგი არ თავისუფლდება რწმუნებულისათვის გასამრჯელოს გადახდის ვალდებულებისაგან. კასატორის ამ პრეტენზიის დასაბუთებულობას ადასტურებს მოპასუხის მითითება შესაგებელში, სადაც იგი აღნიშნავს, რომ თვითონ მოითხოვა შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა და გადახდილი თანხის მის მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებად მიჩნევა. საქმეში წარმოდგენილია ასევე ელექტრონული მიმოწერები საიდანაც დგინდება, რომ მოპასუხე მის მიერ გაწეულ მომსახურებას მიიჩნევს ხელშეკრულების 3.3 პუნქტის სრულად შესრულებად (ტ.1, ს.ფ. 32.33). მოპასუხის მიერ შპს „ლ. ?-ის“ დირექტორისათვის გაგზავნილი წერილით კი დასტურდება, რომ მოპასუხე მოსარჩელე კომპანიას სთხოვს ხელშეკრულების 3.3 პუნქტის შესაბამისად, 2 დღის ვადაში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას (ტ.1, ს.ფ. 47-48). შესაბამისად, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების 3.3 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის მიზეზი, არ გამხდარა მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის რწმუნებულების გაუქმება. მოპასუხე თავად ადასტურებს, რომ რწმუნებულება გაუქმდა მას შემდეგ, რაც მის მიერ შეტანილი საჩივარი დაკმაყოფილდა და შემცირდა საგადასახადო დავალიანება (ტ.1, ს.ფ. 165).

24 რაც შეეხება მოპასუხისათვის გასამრჯელოს ანაზღაურებას, სსკ-ის 710-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 720-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ, მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო, თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო - გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაწეული მომსახურებისთვის გასამრჯელოდ განისაზღვრა 5000 ლარი, რაც უკვე ანაზღაურებული აქვს მოსარჩელეს მოპასუხისთვის. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მოპასუხისათვის N20.01.16-1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის - 5000 ლარის გადახდით შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - გაწეული მომსახურებისათვის გასამრჯელოს ანაზღაურების შესახებ.

25. სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. დასახელებული ნორმის ნორმატიული შინაარსის მიხედვით, მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს, მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ სჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია, მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და საჯარო წესრიგს არ არღვევდეს. სსკ-ის 68-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუკი ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. ამავე კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირი ან წერილობითი ფორმით. სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

26. ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი, სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერი სამართლის სისტემაში. ვალდებულების შესრულება ხასიათდება იმით, რომ იგი წარმოადგენს ვალდებულების შეწყვეტისაკენ მიმართულ ნებელობით ქმედებებს. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა განუხრელ დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანთან. თუ როგორი შესრულებაა ჯეროვანი, უპირველეს ყოვლისა, ხელშეკრულებით განისაზღვრება.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა შეჯამების სახით აღნიშნავს, რომ მოპასუხემ შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა მის მიერ ხელშეკრულების 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ საგადასახადო ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის დაკისრებული თანხის 50%-მდე შემცირება; მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მოსარჩელის ბრალეული ქმედების გამო ვერ შეძლო აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება; ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტი სადავო თანხის ნაწილში ასევე არ ითვალისწინებდა წარმომადგენლის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოს პროპორციულად და მითითებული პუნქტი არც მსგავსი განმარტების შესაძლებლობას იძლეოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს არ წარმოშობია ხელშეკრულების 3.3 პუნქტით გათვალისწინებული „წარმატების საკომისიოს“/„წარმატების ჰონორარის“ მოპასუხისათვის გადახდის ვალდებულება და სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ავანსის სახით ჩარიცხული 95000 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ საფუძვლიანია.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს; შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

30. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე წინასწარ გადახდილი აქვს 2850, რისი ანაზღაურებაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს. ამასთან, მასვე უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3993.8 ლარის გადახდა, ხოლო კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გ.გ-ბ–ძის მიერ 2017 წლის 8 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან (2852 ლარი) ზედმეტად გადახდილი 02 ლარი (საგადახდო დავალება N0).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „ლ. ?-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ლ. ?-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ე.ჩ–ას შპს „ლ. ?-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 95000 ლარის გადახდა;

5. შპს „ლ. ?-ს“ (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გ.გ-ბ–ძის მიერ 2017 წლის 8 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან (2852 ლარი) ზედმეტად გადახდილი 02 ლარი (საგადახდო დავალება N0);

6. ე.ჩ–ას შპს „ლ. ?-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 6843.8 (2850+3993.8) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციისა და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე