საქმე №ას-1315-2019 3 აგვისტო, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზ. ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.მ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ჯ–ას უფლებამონაცვლე ბ.კ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ.ჯ–ას (შემდგომში - „მოპასუხე“) 2015 წლის 11 სექტემბრის განაცხადის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 23 ოქტომბრის N882015518712 გადაწყვეტილებით, მოპასუხის სახელზე დარეგისტრირდა უძრავი ქონება - მარტვილის რაიონის სოფელ ....... მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 5001.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი N1 შენობა-ნაგებობით, საკადასტრო კოდით ...... რეგისტრაციის საფუძველი გახდა მოპასუხის მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საარქივო ცნობა, გაცემული სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს აბაშის არქივის მიერ 2015 წლის 18 აგვისტოს.
2. ე.მ–ამ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მარტვილის რაიონის სოფელ ....... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ .......) მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობა.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
4. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ფაქტი, ასევე აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო ჩანაწერი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა და, რომ იგი ამას ადასტურებდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც (იხ. 13.06.19წ სხდომის ოქმი). სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის მიერ ასევე არ გასაჩივრებულა საარქივო ცნობა, ანუ სამართლებრივი საფუძველი, რითაც მოპასუხემ დაისაკუთრა სადავო მიწის ნაკვეთი.
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მისი ოჯახი არის სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი, კერძოდ, ამ ნაკვეთს ფლობდნენ მისი წინაპრები - ბებია და ბაბუა, შემდგომ მისი მამა - დ.მ–ა. სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ მისი ოჯახის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერად ფლობის ფაქტს ადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი შემდეგი დოკუმენტები: ს.ფ. 20-ზე წარმოდგენილი განცხადება, საიდანაც ირკვევა, რომ სოფელ ........ რწმუნებულ ბ.ვ–ას მიერ დამოწმებულ იქნა ოთხი პირის ხელმოწერა (1. თვით მოპასუხის; 2. გ. ქ–ას; 3. ზ. გ–ას; 4. კ. ზ–ას), რომლითაც ეს მოწმეები ადასტურებენ, რომ მოსარჩელის მამა დ.ს. ძე მ–ია ნამდვილად იყო მემკვიდრე და მესაკუთრე მარტვილის რაიონის სოფელ ....... მდებარე მიწაზე, საზღვრებში გელოდი ზ–ასა და ზ. გ–ას შორის. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ამ განცხადებაზე ხელის მოწერით მოპასუხის მიერ აღიარებული იქნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი იყო მოსარჩელის მამა დ.მ–ა.
8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის მოსაზრება, რომ მათ მიერ, მართალია, რეესტრის ჩანაწერი არ გასაჩივრებულა, მაგრამ შედავებულია სწორედ ის დოკუმენტი - საარქივო ცნობა, რაც საფუძვლად დაედო მოპასუხის მესაკუთრედ რეგისტრაციას რეესტრში, გამომდინარე იქედან, რომ სარჩელი საარქივო ცნობის ბათილობის მოთხოვნით მოპასუხის მიერ აღძრული არ არის.
9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ მითითებული მტკიცებულებებიდან არც ერთი არ ადასტურებდა სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის წინაპრების, ხოლო შემდგომ, მოსარჩელის მიერ მართლზომიერი ფლობის ფაქტს, ხოლო სხვა სახის ზეპირი ან წერილობითი მტკიცებულება, რომლის გაზიარების შემთხვევაში, დასაშვები იქნებოდა მოსარჩელის ან მისი წინაპრების მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტის დადგენა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
10. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ უძრავ ნივთებთან დაკავშირებით საკუთრების პრეზუმფცია ვლინდება საჯარო რეესტრიდან, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს საჯარო რეესტრის ჩანაწერის უპირობო სისწორეს. რეესტრის ჩანაწერი სწორად ითვლება მანამ, სანამ არ დადგინდება მისი უსწორობა, შესაბამისად, რეესტრის ჩანაწერის სისწორე (ან უსწორობა) დამოკიდებულია გარკვეული გარემოებების დადგენაზე. თუ კანონით განსაზღვრული წესით დადგინდა რეესტრის ჩანაწერის საწინააღმდეგო გარემოება, ცხადია, ასეთი ჩანაწერი ვერ მიიჩნევა უტყუარად. დადგენილი იყო, რომ რეესტრის ჩანაწერები მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა და არც ამ ჩანაწერის საწინააღმდეგო გარემოება არ დადგენილა. ასევე, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია რეესტრის ჩანაწერის სამართლებრივი საფუძველი - საარქივო ცნობა.
11. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ნივთის მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც ნივთს ფლობს სამართლებრივად ნამდვილი უფლების საფუძველზე. ეს უფლება შეიძლება წარმოშობილი იყოს გარიგების, ადმინისტრაციული აქტის ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 183-ე და 312.1 მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ, ვინაიდან უძრავი ქონების შესაძენად აუცილებელი იყო წერილობითი ფორმით დადებული გარიგება და მისი რეგისტრაცია რეესტრში, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა, ასევე არ არსებობდა მტკიცებულება მოსარჩელის ოჯახის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერად ფლობის შესახებ, ხოლო მოსარჩელის მიერ მითითებული დოკუმენტებით ეს გარემოება (მესაკუთრეობა თუ მართლზომიერი ფლობის ფაქტი) არ შეიძლება დადგენილიყო, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მხოლოდ განცხადება და საარქივო ცნობა ვერ ჩაითვლებოდა მისი მოთხოვნის დამადასტურებელ სათანადო და საკმარის მტკიცებულებად. მოსარჩელის მიერ მარტვილის რაიონის სოფელ ....... მდებარე სადავო უძრავი ქონების (ს/კ .....) მართლზომიერად ფლობის ფაქტი არ დასტურდებოდა, რაც გამორიცხავდა ამავე მიწის ნაკვეთზე მის მესაკუთრედ ცნობას.
12. რაც შეეხებოდა სესხის ხელშეკრულებას, რომელზეც მოსარჩელე უთითებდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს მტკიცებულება დავის საგანთან მიმართებით იმგვარი ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებლად ვერ იქნებოდა მიჩნეული, რაც შესაძლოა მოსარჩელისათვის სამართლებრივად სასარგებლო გამხდარიყო.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
14. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
14.1. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელემ სადავო არ გახადა მოპასუხის სასარგებლოდ მომზადებული საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება და საარქივო ცნობა. მოცემული სამოქალაქო დავის ფარგლებში მოსარჩელის მიერ შედავებულ იქნა მოპასუხის სასარგებლოდ მომზადებულ საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული საფუძველი, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს და გაქარწყლდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი შესაბამისი და სათანადო მტკიცებულებებით;
14.2. მარტვილის რაიონის სოფელ ........ მოპასუხის სახელზე 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი .....) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ფაქტობრივად იმავე დოკუმენტებით, როგორც ეს განხორციელდა სადავო მიწის ნაკვეთის შემთხვევაში. ამ გარემოებით დგინდება, რომ მოპასუხემ მიითვისა მოსარჩელის მიწის ნაკვეთიც;
14.3. მარტვილის რაიონის არქივის დაწვისა და დოკუმენტების განადგურების შემდგომ მარტვილის რაიონში, მათ შორის, სოფელ ....... მიწის ნაკვეთების დაკანონება ხდება მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე. ასე განხორციელდა 2015 წელს მოპასუხის შემთხვევაშიც, თუმცა, ერთი წლით ადრე, 2014 წელს, მოსარჩელის სასარგებლოდ სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელობა წერილობითი განცხადებით დაადასტურა თავად მოპასუხემ და ამ პირის წერილობითი განცხადება დადასტურებულია ოფიციალური თანამდებობის პირის - გამგეობის რწმუნებულის ბეჭდით. ამას არც მოპასუხე უარყოფს. ასევე საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქმეზე წარმოდგენილი საგადასახადო დოკუმენტებით, კერძოდ, მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებით მოპასუხე არ ფიქსირდება;
14.4. საჯარო რეესტრის 2016 წლის 8 ივნისის №137714 წერილზე თანდართული, 2015 წლის 18 აგვისტოს მომზადებული საარქივო ცნობის თანახმად, აბაშის რაიონულ არქივში დაცული მარტვილის რაიონის სოფელ ........ საკრებულოს 1988-1997 წლების, 1998-2002 წლებისა და 2002-2008 წლების საკომლო წიგნებში მოპასუხის კომლი არ ირიცხება, ხოლო სოფელ ........ საკრებულოს 2002-2012 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით მოპასუხის სახელზე ირიცხება 0,5 ჰა მიწის ფართობი. საგადასახადო სიის ნომერი ფიქსირებული არ არის. საჯარო რეესტრის აქტით ასევე ირკვევა, რომ სოფელ ........ რწმუნებულს ე.კ–ას 2015 წლის 21 აგვისტოს დამოწმებული აქვს სამი თანასოფლელის დასტური მოპასუხის მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტზე. ამ სამი მეზობლიდან ორი ის პირია, რომელთაც ერთი წლით ადრე, 2014 წლის 25 ივლისს, საკუთარი ხელმოწერებითა და პირადობის ნომრის მითითებით დადასტურებული აქვთ მოსარჩელის მამის, დ.ს. ძე მ–იას საკუთრების უფლება ამ უძრავ ქონებაზე, რასაც, თავის მხრივ, ხელმოწერითა და ბეჭდით ადასტურებს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის იმჟამინდელი რწმუნებული სოფელ ....... - ბ.ვ–ა. უმთავრესი ისაა, რომ ერთ-ერთი პირველი ხელისმომწერი მოპასუხეა, რომელსაც ამჟამად მითვისებული აქვს მოსარჩელის მამის კუთვნილი უძრავი ქონება;
14.5. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეს არ გაუქარწყლებია მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წელს სამი მოწმის, მათი შორის, მოპასუხის მიერ დადასტურებული განცხადება, დამოწმებული გამგებლის რწმუნებულის ოფიციალური ბეჭდით;
14.6. საქმეზე წარმოდგენილია მოპასუხის შესაგებელი და წერილობითი აღიარება, რომ ქონების დასაკუთრების საფუძველს წარმოადგენდა სესხის ხელწერილი, რომელზე დაყრდნობით მოპასუხე განმარტავს, რომ ამ სესხის სანაცვლოდ დაისაკუთრა სადავო ქონება, თუმცა საყურადღებოა, რომ ამაზე არათუ მოსარჩელის მამის და მოსარჩელის თანხმობა არ ყოფილა, არამედ თავად ეს ხელწერილიც უცნობია და მისი არსებობა - საეჭვო. ასევე არსებითია, რომ მოპასუხეს არც ამ ფაქტის აღიარება გაუქარწყლებია სსსკ-ის 133-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;
14.7. მოსამართლემ არ იხელმძღვანელა იმ სამართლებრივი საფუძვლებით, რომლითაც დასაბუთებულია სარჩელი.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 მაისის განჩინებით მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი - ბ.კ–ი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
18. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია იმ ფაქტების საწინააღმდეგოდ, რომ მოპასუხის 2015 წლის 11 სექტემბრის განაცხადის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 23 ოქტომბრის N882015518712 გადაწყვეტილებით, მოპასუხის სახელზე დარეგისტრირდა უძრავი ქონება - მარტვილის რაიონის სოფელ ....... მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 5001.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი N1 შენობა-ნაგებობით, საკადასტრო კოდით ......... რეგისტრაციის საფუძველი გახდა მოპასუხის მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საარქივო ცნობა, გაცემული სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს აბაშის არქივის მიერ 2015 წლის 18 აგვისტოს; აღნიშნული სარეგისტრაციო ჩანაწერი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა (იგი ამას ადასტურებდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც) და არც ამ ჩანაწერის საწინააღმდეგო გარემოება არ დადგენილა; მოსარჩელის მიერ ასევე არ გასაჩივრებულა საარქივო ცნობა, ანუ სამართლებრივი საფუძველი, რითაც მოპასუხემ დაისაკუთრა სადავო მიწის ნაკვეთი.
22. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სსკ-ის 312.1 მუხლით, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
23. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოსამართლეს უნდა ეხელმძღვანელა სარჩელში მითითებული სამართლებრივი საფუძვლით (ანუ სსკ-ის 158.1 მუხლით: ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე) და განმარტავს, რომ, ვინაიდან უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ მტკიცებულებას, სსსკ-ის 102.3 მუხლის თანახმად, წარმოადგენს საჯარო რეესტრის ამონაწერი, მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია უძრავი ქონების მიმართ ვერ გავრცელდება (იხ. სუსგ საქმე №ას-952-2018, 31 აგვისტო, 2018 წელი). სსკ-ის 158.2 მუხლის თანახმად, ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
25. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - საერთო ჯამში, 1000 ლარის 70% – 700 ლარი.
27. რაც შეეხება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის უფლებამონაცვლეს, ბ.კ–ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ამონაწერები საჯარო რეესტრიდან), მთლიანობაში „4“ ფურცლად (ტ. 1., ს.ფ. 356-359).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე.მ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ე.მ–ას (პ/ნ: .....) დაუბრუნდეს მ.ჭ–ძის (პ/ნ: .......) მიერ 2019 წლის 1 ნოემბერს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 500 ლარისა და მ. ჭ–ძის (პ/ნ: ......) მიერ 2019 წლის 30 დეკემბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 500 ლარის, საერთო ჯამში 1000 ლარის 70% – 700 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. ლ.ჯ–ას უფლებამონაცვლეს, ბ.კ–ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ამონაწერები საჯარო რეესტრიდან), მთლიანობაში „4“ ფურცლად (ტ. 1., ს.ფ. 356-359);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი