საქმე №ას-1349-2022 30 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ა. ს–ი, თ. ს–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.გ–ნი, ლ.კ–კი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 აგვისტოს განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ...... ქუჩა N22, შენობა-ნაგებობა N1, ს.კ. N ....... (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“, „სადავო ქონება“ ან „სადავო სახლი“), საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ნ.გ–ნის და ლ.კ–კის (შემდგომში - „მოსარჩელეები“) საკუთრების უფლებით (იხ. ს.ფ. 30-31).
2. სადავო უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ ა. და თ. ს–ები (შემდგომში - „მოპასუხეები“ ან „კასატორები“).
3. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვეს მათი უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა.
4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და მოსარჩელეთათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
6. მოპასუხეებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. მათ ასევე გაასაჩივერეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 იანვრის საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა შუამდგომლობა მტკიცებულების - სანოტარო აქტის დედანი დოკუმენტის გამოთხოვის თაობაზე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეები უკანონოდ ფლობენ სადავო უძრავ ქონებას. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხეთა მოთხოვნა სანოტარო აქტის დედანი დოკუმენტის გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საოქმო განჩინების დასაბუთებულობის თაობაზე და მიიჩნია, რომ აპელანტებს დასაბუთებული შედავება ამ კუთხით არ წარუდგენიათ.
10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 172-ე მუხლებით და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
12. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
12.1. სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა მოპასუხეებს უარი იმ განჩინების გაუქმებაზე, რომლითაც შესაძლებლობა ექნებოდათ წარედგინათ უძრავი ქონების გამოსყიდვისათვის გადახდილი თანხების დამადასტურებელი მტკიცებულება და სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებაზე განხორციელებული წერილობითი ე.წ. შინაურული ხელშეკრულება, რაც დაადასტურებდა უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტს და გამორიცხავდა გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.
13. კასატორები წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში შუამდგომლობენ მოსარჩელეებს დაევალოთ მათთან არსებული იმ ხელშეკრულების წარმოდგენა, რომლის ფოტოასცლიც მოპასუხეებმა წარადგინეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება დადგენილი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა გამოკვლეული აქვს.
21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
22. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
23. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებს, რაც დასტურდება საქმეში არსებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 30-31), რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხეები/კასატორები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. მათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, ვერ უზრუნველყვეს მათი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც სადავო უძრავ ქონებაზე მათი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა.
24. ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში გამოიკვეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია და ის მართებულად დაკმაყოფილდა.
25. კასატორების პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტს ადასტურებს სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებაზე განხორციელებული წერილობითი, ე.წ. შინაურული ხელშეკრულება, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებში (იხ. ს.ფ. 94) არსებული გადახდების ფურცლის ასლი (ორიგინალის არსებობის შემთხვევაშიც კი) ვერ იქნება მიჩნეული უძრავი ქონების გამოსყიდვის ხელშეკრულებად. ამასთან, გამოსყიდვის ხელშეკრულების არსებობა რომც დასტურდებოდეს, ეს არ არის საკმარისი იმის დასადგენად, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება გამოსყიდვამდე უძრავი ქონებით სარგებლობის შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული პრეტენზია არ წარმოადგენს ვინდიკაციური სარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს.
26. რაც შეეხება უძრავი ქონების გამოსყიდვისათვის თანხების გადახდას, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მოვალეს ყოველთვის შეუძლია მოითხოვოს კრედიტორისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია.
27. კასატორების პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და არა სანოტარო აქტის კანონიერების შემოწმება. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად უთხრა უარი მოპასუხეებს საოქმო განჩინების გაუქმებასა და მტკიცებულებების გამოთხოვაზე.
28. რაც შეეხება კასატორების შუამდგომლობას საკასაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
30. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
31. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1610-2018, 13 მაისი, 2019 წელი; №ას-190-2019, 03 ივნისი, 2020 წელი; №ას-1370-2020, 30 ნოემბერი, 2021 წელი; №ას-1220-2020, 14 დეკემბერი, 2021 წელი; №ას-111-2022, 11 მარტი, 2022 წელი; №ას-316-2022, 21 ივნისი, 2022 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა. ს–ის და თ. ს–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ა. ს–ს (პ.ნ. .....) და თ. ს–ს (პ.ნ. .......) დაუბრუნდეთ ა. ს–ის (პ.ნ. ......) მიერ 2022 წლის 1 ნოემბრის №14965736956 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი