Facebook Twitter

საქმე №ას-1401-2018 25 ივნისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ც.დ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ან/და კომპენსაციის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „თ.ბ–სა“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „ბანკი“ ან „დამსაქმებელი“) და ც.დ–ძეს (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დასაქმებული“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელის ბანკის ქუთაისის ფილიალის მოლარის თანამდებობაზე დასაქმების თაობაზე 2013 წლის 01 აგვისტოდან განუსაზღვრელი ვადით. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 1000 ლარს, უნაღდო ანგარიშსწორებით. დასაქმებული ვალდებული იყო, სათანადო პროფესიულ დონეზე შეესრულებინა მისი ფუნქციებით განსაზღვრული სამუშაო და დაეცვა შიდა ინსტრუქციები, შრომის შინაგანაწესი; კეთილსინდისიერად, დროულად და ჯეროვნად შეესრულებინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

2. დასაქმებულის მიერ ხელშეკრულების, ბანკის შინაგანაწესის ან მის მიერ დამტკიცებული შიდა ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების სისტემატურად დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციული და ფინანსური სანქციების დაკისრება სამსახურიდან დათხოვნის ჩათვლით.

3. ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ პირობად განისაზღვრა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ან/და შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული იქნებოდა შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

4. ბანკის ქუთაისის ფილიალის დირექტორის 04.10.2016წ. N44-04/00 ბრძანებით, ბანკის ქუთაისის ფილიალის მოლარეს, მოსარჩელეს მიეცა მკაცრი და საბოლოო გაფრთხილება ბანკის სტანდარტების უხეში დარღვევის გამო.

5. ბანკის ქუთაისის ფილიალის დირექტორის 14.02.2017წ. N03-04/00 ბრძანების მიხედვით, ბანკის ქუთაისის ფილიალის გადამთვლელ მოლარეს, მოსარჩელეს გამოეცხადა საყვედური ბანკის შინაგანაწესისა და ინსტრუქციის ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტების უხეში დარღვევის გამო და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. კერძოდ:

- 2017 წლის 11 თებერვალს მოსარჩელემ საკუთარი ინიციატივით გადააადგილა გადამთვლელი მოლარის ზუსტი ხედვის კამერის თვალთახედვაში არსებული მაგიდა თავისი ფულის სათვლელი მანქანით (დარღვევა - ინსტრუქცია 62, თავი 11 - საინკასაციო ჩანთებისა და კასეტების გახსნა-დალუქვის და ფულის გადათვლის ტექნიკა);

- 2017 წლის 11 თებერვალს მოსარჩელე არ დაემორჩილა უშუალო უფროსს და არ გაითვალისწინა მისი მითითება, რომ დაუყოვნებლივ შეეწყვიტა მუშაობა და თვითნებურად გადაადგილებული სამუშაო მაგიდა დაებრუნებინა ზუსტი ხედვის კამერის ქვეშ, სტანდარტით გათვალისწინებულ პირვანდელ ადგილზე (დარღვევა - შინაგანაწესის 1.8 პუნქტი);

- მოსარჩელის მიერ დაფიქსირდა არაერთი შესვლა სხვადასხვა ანგარიშებზე, მათ შორის ბანკის სამი თანამშრომლის ანგარიშზე. ვინაიდან მოსარჩელე გადამთვლელი მოლარეა, მას პოზიციურად არ ეხება კლიენტების/თანამშრომლების ანგარიშებზე შესვლა (დარღვევა - შინაგანაწესის 5.9 პუნქტი);

- მოსარჩელე არაერთხელ მკაცრად იქნა გაფრთხილებული, პირადი ვალების დასაფარად შეეწყვიტა თანხების თანამშრომლებისგან სესხება. ერთი კვირის წინ კვლავ დაფიქსირდა იგივე შემთხვევა (დარღვევა - შინაგანაწესის 6.14 პუნქტი).

6. იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს 2016 წლის 04 ოქტომბერს მიეცა საბოლოო გაფრთხილება ბანკის სტანდარტებისა და ინსტრუქციების უხეში დარღვევის გამო, მისი სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი.

7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა: ბანკის ქუთაისის ფილიალის დირექტორის 14.02.2017წ. N03-04/00 ბრძანების ბათილად ცნობა, იმავე ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენა ან ერთი წლის კომპენსაციის ანაზღაურება; მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის (თვეში ხელზე ასაღები 800 ლარი) ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდში.

8. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.

9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბანკის ქუთაისის ფილიალის დირექტორის 14.02.2017წ. N03-04/00 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის ერთჯერადად ექვსი თვის (თვეში 800 ლარი) თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, ჯამში 4 800 ლარის კომპენსაციის გადახდა; სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ სამუშაოზე აღდგენაზე და განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა; ხოლო, მოპასუხემ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ხოლო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მხარეთა შორის საპროცესო ხარჯის განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

13. სააპელაციო სასამართლომ დამატებით დაადგინა, რომ საქმეში წარდგენილი ც.ფ–ძის 14.02.2017წ. წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, 2017 წლის 11 თებერვალს (შაბათს) საკასოს ნულოვან სართულზე მასთან და უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმების გარეშე, მოსარჩელემ გადაადგილა სამუშაო მაგიდა და სეიფი გლორიას სათვლელ მანქანასთან. მიუხედავად იმისა, რომ მან მოსარჩელეს მიუთითა ეცნობებინა ეს ფაქტი ზ.ბ–თვის და გააფრთხილა მანამდე მუშაობის შეწყვეტის შესახებ, მოსარჩელემ თვითნებურად განაგრძო მუშაობა და კითხვაზე - ზ–თან ჰქონდა თუ არა გავლილი ეს საკითხი, უპასუხა, რომ ვერ დაუკავშირდა ტელეფონზე. ამის შემდეგ ც.ფ–ძე თავად დაუკავშირდა ზ–ს მობილურზე და აუხსნა ფაქტის შესახებ. დაახლოებით ნახევარ საათში ის მივიდა ბანკში, გადაამოწმა ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის სამუშაო მაგიდებთან განლაგება და აღმოჩნდა, რომ ორ სამუშაო მაგიდაზე გადაადგილების შედეგად მუშა პროცესი აბსოლუტურად უკონტროლო იყო. მხოლოდ ამის შემდეგ, ზაზას მითითებით დააბრუნეს მაგიდები თავის ადგილზე.

14. საქმეში წარდგენილი, ბანკის თანამშრომლების - ნ. ა–სა და თ. კ–ის წერილობითი ახსნა-განმარტებების მიხედვით, მათ არასოდეს უთხოვიათ მოსარჩელისათვის მათი პირადი ანგარიშების გაკონტროლება.

15. ბანკის დირექტორის, ვ.ბ–ძის 05.06.2008წ. N1-03/38 ბრძანების, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 202-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებების განხორციელება:

- კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება, მისი უკანონოდ გახმაურების ან უკანონოდ გამოყენების მიზნით.

- არავის აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან გამოიყენოს პირადი სარგებლობისათვის. ასეთი ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ სააგენტოს, მისი კომპეტენციის ფარგლებში.

- ცნობები ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების, ამ ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციებისა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეთ შესაბამისი ანგარიშების მფლობელებსა და მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის საფუძველზე.

16. ზემოაღნიშნული აკრძალვების გათვალისწინებით, ბანკის ყველა თანამშრომელს, პროგრამული წვდომის საშუალების მიუხედავად, ეკრძალება სამსახურებრივი აუცილებლობის გარეშე კლიენტთა ანგარიშებზე შესვლა, დათვალიერება, შემოწმება ან ამონაბეჭდის გაკეთება. მსგავსი ქმედების დაფიქსირებისას გამოყენებული იქნება მკაცრი ადმინისტრაციული ხასიათის ზომები, მათ შორის სამსახურიდან დათხოვნა, ხოლო გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს. ყოველი კონკრეტული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, დაისმევა კონკრეტული თანამშრომლისა და მისი უშუალო ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი. ყოველკვირეული მონიტორინგი ზემოაღნიშნულ ქმედებებზე დაევალა ბანკის უსაფრთხოების სამსახურს.

17. მოსარჩელემ დაადასტურა მაგიდის გადაადგილების ფაქტი, თუმცა განმარტა, რომ მაგიდის ზომის სიმცირის გამო, შეუძლებელია შრომითი ვალდებულების სრულყოფილად შესრულება, რაც მაგიდის გადაადგილების მიზეზი გახდა.

18. ბანკის შინაგანაწესის (იხ. ს.ფ. 129-138) თანახმად:

- შინაგანაწესი არის თანამშრომლისათვის გასაცნობად აუცილებელი წესებისა და ნორმების საერთო მიმოხილვა. შესაძლებელია, იგი ზუსტად ვერ ასახავდეს ყოველ კონკრეტულ მომენტში ბანკის თანამშრომლის ქცევის ან პასუხისმგებლობის ასპექტებს. ამდენად, აუცილებელია, ყველა თანამშრომელი დეტალურად გაეცნოს ბანკის პოლიტიკასა და ნორმატივებს, სადაც უფრო მეტი სიზუსტით არის გადმოცემული ყველა სახელმძღვანელო და საინფორმაციო მასალა (1.8 პუნქტი);

- თანამშრომლებს ეკრძალებათ სხვა თანამშრომლის ან კლიენტის საბანკო ანგარიშებზე შესვლა, მათ ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაციის ნახვა ან გამოყენება, თუ არ არის შესაბამისი ფორმით მოთხოვნა აღნიშნული ქმედების შესრულებაზე ან არ არის ბიზნეს საჭიროება თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის ფარგლებში (5.9 პუნქტი);

- იკრძალება ბანკის ერთი თანამშრომლის მიერ სხვა თანამშრომლის (მათ შორის დაქვემდებარებული პირის) გამოყენება პირადი ინტერესების სასარგებლოდ. ასეთ შემთხვევად, მაგალითად, განიხილება თანამშრომლისათვის „თხოვნა“ ან დავალდებულება მისი საკრედიტო ლიმიტის ათვისებაზე და ამ თანხის გამორთმევა პირადი სესხის ფორმით. ასევე დაუშვებელია ასეთი ფაქტის ხელშეწყობა ან ამის შესახებ ინფორმაციის დამალვა (6.14 პუნქტი);

- შინაგანაწესის დარღვევა ავტომატურად ითვლება ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების დარღვევად (19.1 პუნქტი).

- შინაგანაწესის ან/და შრომითი ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ბანკს უფლება აქვს ერთად ან ცალ-ცალკე გამოიყენოს შემდეგი სანქციები (შინაგანაწესის დანართი N1): წერილობითი გაფრთხილება; საბოლოო გაფრთხილება; გათავისუფლება, რომელიც იწვევს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას; დაქვეითება.

19. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის სამსახურებრივი კომპიუტერის პროგრამიდან ამონაწერის საფუძველზე, დამატებით ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელემ სხვადასხვა დროს განახორციელა მესამე პირთა ანგარიშებზე შესვლა (იხ. ს.ფ. 150-206).

20. სააპელაციო პალატის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა განმარტა, რომ ნებისმიერ მოლარეს აქვს ანგარიშებზე შესვლის უფლება, თუ არსებობს მიზეზი. ნ.ა–ძისა და თ.კ–ის ანგარიშებზე შედიოდა იმ მიზნით, რომ გაეგო ანგარიშის ნომერი, რათა დაებრუნებინა ნასესხები თანხა. მათ ანგარიშებზე შესვლისა და თანხის ჩარიცხვის დრო ერთმანეთს ემთხვევა; მაგიდის გადაადგილება მისმა მოუხერხებელმა განთავსებამ განაპირობა, ვინაიდან ადგილის სივიწროვის გამო, შეუძლებელი იყო თანხის გადათვლა; ხოლო, რაც შეეხება მისი უშუალო უფროსის - ც.ფ–ძის მოთხოვნას მაგიდის თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნების თაობაზე, სათანადოდ არ მიიჩნია და მითითებას არ დაემორჩილა (იხ. 14:38:30-14:39:23სთ.).

21. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის წინასწარ გაფრთხილების ვალდებულების დარღვევის თაობაზე. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-2 პუნქტით, 38-ე მუხლით და მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ მის მიერ დაირღვა შრომის შინაგანაწესით დადგენილი 4 სახის აკრძალვა, რაც აისახა კიდეც გათავისუფლების ბრძანებაში. შესაბამისად, ვინაიდან, ბანკის ფილიალის დირექტორის 04.10.2016წ. N 44-04/00 ბრძანებით მოსარჩელეს მიეცა მკაცრი და საბოლოო გაფრთხილება ბანკის სტანდარტების უხეში დარღვევისათვის, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 4 თვის შემდეგ, 14.02.2017წ. ბრძანებაში დაფიქსირებული დარღვევის გამო მისი სამუშაოდან გათავისუფლება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარეობდა, რისთვისაც წინასწარ გაფრთხილება სავალდებულო არ იყო.

22. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება გათავისუფლების ბრძანების შინაარსის ბუნდოვანებასთან (არ ირკვევა, რომელი დარღვევისთვის რა სასჯელი გამოიყენა დამსაქმებელმა) დაკავშირებით და განმარტა, რომ 14.02.2017წ. ბრძანების თანახმად, ბანკის ქუთაისის ფილიალის გადამთვლელ მოლარეს, მოსარჩელეს გამოეცხადა საყვედური ბანკის შინაგანაწესისა და ინსტრუქციის უხეში დარღვევის გამო და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ვინაიდან, შრომის შინაგანაწესი (19.5 მუხლი და დანართი N1) შინაგანაწესისა და ინსტრუქციის დარღვევისათვის სანქციის სახით საყვედურის გამოცხადებას არ ითვალისწინებს, სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, 14.02.2017წ. ბრძანებაში არსებული ჩანაწერი მოსარჩელისათვის საყვედურის გამოცხადების შესახებ, შეფასებითი მსჯელობაა და არ წარმოადგენს სანქციას. შესაბამისად, დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ ამ ბრძანებით მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა სამუშაოდან გათავისუფლების სანქცია, რაც დადგენილი დარღვევების ანალიზის საფუძველზე ადეკვატურია.

23. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნები: სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება პირდაპირ კავშირშია სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების კანონიერებასთან, რომლის გაუქმების თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ეს გარემოება გამორიცხავს სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას.

24. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

25. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

25.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და მათ არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა;

25.2. სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კოდექსის 37-ე მუხლი და არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 399-ე და 405-ე მუხლები;

25.3. ბანკმა სადავო ბრძანებაში მოსარჩელის მიმართ ფაქტობრივად სამი სახდელი გამოიყენა ერთდროულად - საყვედური, გაფრთხილება და განთავისუფლება, თუმცა ბრძანებაში არ არის მითითებული რომელ დარღვევაზე რომელი სახდელი იქნა გამოყენებული. ნათლად ჩანს, რომ ბანკმა ოთხ უსაფუძვლო დარღვევაზე ერთდროულად სამი სახდელი გამოიყენა, რაც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით დაუშვებელია;

25.4. სინამდვილეს არ შეესაბამება ის გარემოება, რომ მოსარჩელემ შინაგანაწესი დაარღვია. მისი მხრიდან არანაირ დარღვევას არ ჰქონია ადგილი. რაც შეეხება მაგიდის გადაადგილებას, იგი მოხდა სწორედ სამსახურებრივი ინსტრუქციების მიხედვით, რადგან იმ ადგილას სადაც მაგიდა იდგა, შეუძლებელი იყო თანხის დათვლა, თუმცა მოთხოვნისთანავე მაგიდა თავის ადგილზე იქნა დაბრუნებული და აღნიშნულით დამსაქმებელს რაიმე სახის ზიანი არ მისდგომია. ამდენად, ეს გარემოება არ წარმოადგენდა ისეთი ხასიათის დარღვევას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლება;

25.5. სინამდვილეს არ შეესაბამება ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ანგარიშებზე შესვლის უფლება არ ჰქონდა, რადგან იგი პოზიციურად იყო არა გადამთვლელი მოლარე, არამედ მოლარე და აღნიშნული მის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენდა. ანგარიშებზე შესვლა მოხდა თავად ანგარიშების მფლობელების თანხმობით და აღნიშნულს არანაირი ზიანი გამოუწვევია;

25.6. საააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ თანამშრომლისთვის ფულის სესხების თხოვნა დარღვევად ითვლება, არ არის მართებული, რადგან ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ უნდა შეფასებულიყო რამდენად აზიანებდა აღნიშნული სამსახურს და წარმოადგენდა თუ არა ეს ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის არსებით, უხეშ დარღვევას;

25.7. გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა ც.ფ–ძეზე არასწორია, რადგან იგი არ დაკითხულა სასამართლო პროცესზე და მოსარჩელეს არ მისცემია მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ჩვენების რეალურობის გამორკვევის მიზნით. სასამართლო სხდომაზე ასევე არ დაკითხულა ნანა აბუთიძე და მოსარჩელეს არ მისცემია გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებისა და შეკითხვების დასმის შესაძლებლობა;

25.8. ბანკის ქუთაისის ფილიალის დირექტორის მოწმის სახით დაკითხვა დაუშვებელი იყო, რადგან იგი არის არა მოწმე, არამედ ბანკის დირექტორი, რომელიც მხარეს წარმოადგენს;

25.9. სასამართლომ ჯერ შეფასება უნდა მისცეს პირველ დაღვევას, თუ რისთვის მოხდა მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება, ხოლო შემდეგ უნდა შეაფასოს არის თუ არა იგივე დარღვევები გასაჩივრებულ ბრძანებაში, ან გავლენას ახდენს თუ არა ეს სახელშეკრულებო ურთიერთობაზე.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

31. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

32. კასატორის ძირითადი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მის მიერ ჩადენილ ქმედებებს ბანკისთვის ზიანის არ მიუყენებია და იმგვარ დარღვევას არ წარმოადგენდა, რაც შესაძლოა მისი გათავისუფლების საფუძველი გამხდარიყო.

33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხის შეფასება შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1391-1312-2012, 10 იანვარი, 2014 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).

34. მოცემულ შემთხვევაში ბანკის ქუთაისის ფილიალის დირექტორის 14.02.2017წ. N03-04/00 სადავო ბრძანების თანახმად, მოსარჩელის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

35. ამდენად, დასახელებული სამართლებრივი ნორმა იმპერატიულად ადგენს შედეგის დადგომის წინაპირობას: დისციპლინური სახდელის შეფარდებიდან 1-წლიან ვადაში მეორე გადაცდომის ჩადენა. ამასთან, აღნიშნულ საფუძველზე დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების მართლზომიერების შეფასების მიზნებისთვის, განმსაზღვრელია დასაქმებულის მიერ ვალდებულების განმეორებით დარღვევის ფაქტის გამოვლენა, რადგან აღნიშნული ნორმის ფარგლებში პასუხისმგებლობის საფუძველი შესაძლებელია იყოს მხოლოდ იმავე დარღვევების განმეორებითობა. დარღვევის განმეორებითობასთან მიმართებით არსებითია ქმედების ერთგვაროვნება (იხ. სუსგ საქმე №ას-1350-2019, 27 ნოემბერი, 2019 წელი).

36. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1056-996-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი).

37. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელე მართლზომიერად გათავისუფლდა სამსახურიდან, ეკისრებოდა მოპასუხეს/დამსაქმებელს.

38. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ ბანკის ქუთაისის ფილიალის დირექტორის 14.02.2017წ. N03-04/00 ბრძანებით, მოსარჩელეს გამოეცხადა საყვედური ბანკის შინაგანაწესისა და ინსტრუქციის უხეში დარღვევის გამო და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა; მოსარჩელემ, როგორც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, ისე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაადასტურა სადავო ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძვლების ნამდვილობა, კერძოდ, დაადასტურა მის მიერ სამუშაო მაგიდის (ფულის სათვლელი მანქანით) გადაადგილების, უშუალო უფროსის მითითებისადმი დაუმორჩლებლობის, სხვადასხვა პირების, მათ შორის სამი თანამშრომლის, ანგარიშებზე შესვლისა და თანამშრომლებისგან თანხის სესხების ფაქტი (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 და მე-20 პუნქტები), რაც ბანკის შინაგანაწესისა და ინსტრუქციის დარღვევას წარმოადგენდა. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის 04.10.2016წ. N44-04/00 ბრძანების კანონიერება, რომლითაც მოსარჩელეს მიეცა მკაცრი და საბოლოო გაფრთხილება შინაგანაწესისა და ინსტრუქციის უხეში დარღვევის გამო, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ერთი წლის ვადაში მეორე გადაცდომის ჩადენა - ბანკის შინაგანაწესისა და ინსტრუქციის კვლავ დარღვევა, დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარჩელის გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს წარმოადგენდა.

39. კასატორის მითითებასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებები ვალდებულების უხეშ დარღვევას არ წარმოადგენს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დასაქმებულის გათავისუფლების წინაპირობაა არა ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტი, არამედ ერთ წლის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების განმეორებით დარღვევა, რომელთან მიმართებითაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა შესაძლოა გონივრულ და პროპორციული ზომად შეფასდეს.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

41. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

42. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-914-854-2017, 05 ივნისი, 2018 წელი; №ას-1350-2019, 27 ნოემბერი, 2019 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

43. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ც.დ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ც.დ–ძეს (პ/ნ N.............) დაუბრუნდეს ბ. რ–ძის მიერ 2018 წლის 16 ნოემბრის №2 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე