24 თებერვალი 2023 წელი
№ას-195-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები _ ს.ჩ–ძე, თ.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები _ ა.დ. მწარმოებელი, შ.პ.ს. „ფ–ა“
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.ჩ–ძემ და თ.გ–ძემ სარჩელით მიმართეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ა.დ. მწარმოებელისა და შ.პ.ს. „ფ–ა“-ს მიმართ, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.
2. ა.დ. მწარმოებლის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, ხოლო შ.პ.ს „ფ–ა“-ს დირექტორმა - შ.კ–ძემ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ დაყადაღებული ნივთები არ წარმოადგენს შ.პ.ს „ფ–ა“-ს საკუთრებას.
3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 13 ნოემბერს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც 2ც. ქვის საპრიალებელი დანადგარის, 3ც. ქვის საჭრელი დანადგარისა (სხვადასხვა მოდელის) და რუსული წარმოების დაახლოებით 3 - ტონიანი 1ც. ამწევის (ფერფერის) რეალიზაცია შეჩერდა.
4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა შემდეგზე:
5.1. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 17.10.2016წ. გადაწყვეტილებით ა.დ. მწარმოებლის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შ.პ.ს. „ფ–ა“-ს, ა.დ. მწარმოებლის სასარგებლოდ, დავალიანების - 25 532 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. მოპასუხე შ.პ.ს. „ფ–ა“-ს, ა.დ. მწარმოებლის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1021.28 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. მოპასუხე შ.პ.ს. „ფ–ა“-ს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1459 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მასზე 27.09.2017წ. სააღსრულებო ფურცელი გაიცა (იხ. ტომი 1, ს.ფ 16-25).
5.2. შ.პ.ს. „ფ–ა“ მეწარმეთა რეესტრში დარეგისტრირდა 12.07.2004წ., მისი იურიდიული მისამართია - ქ.ხონი, ...... შესახვევი N1, 100%-იანი წილის მესაკუთრეა მოსარჩელე - ს.ჩ–ძე, ხოლო დირექტორი/ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - შ.კ–ძე (იხ. ტომი 1, ს.ფ 39).
5.3. ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია NA18028541 სააღსრულებო საქმე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ 27.09.2017წ. გაცემული N2/342-2016 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, შ.პ.ს. „ფ–ა“-ს ა.დ. მწარმოებლის სასარგებლოდ ფულადი ვალდებულების შესრულება დაეკისრა. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, 2018 წლის 19 სექტემბერს, აღმასრულებელმა შემდეგ მისამართზე - ქ. ხონი, ....., დააყადაღა შ.პ.ს. „ფ–ა“-ს მფლობელობაში არსებული სადავო მოძრავი ნივთები (ქვის საპრიალებელი დანადგარი 2 ცალი, ქვის საჭრელი დანადგარი (სხვადასხვა მოდელის) 3 ცალი და რუსული წარმოების დაახლოებით სამ ტონიანი ტალი (ტომი 1, ს.ფ 40, 26).
5.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელის მატერიალურსამართლებრივი მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად, მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად).
5.5. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების პოზიცია დაემყარა იმ გარემოებას, რომ ისინი წარმოადგენენ სადავო მოძრავი ქონების მესაკუთრეებს და აღნიშნული ნივთები შ.პ.ს. „ფ–ა“-ს დროებით ათხოვეს. პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე (ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე) და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც, ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში, უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებასა და საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგი, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ. პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია ქარწყლდება იმ შემთხვევაში, თუკი მესამე პირი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულებით დაადასტურებს მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს (სუსგ 06.02.2015წ. საქმე №ას-1202-1144-2014, 25.06.2012წ. ას-262-253- 2012).
5.6. დადგენილია, რომ სადავო ნივთები განთავსებულია შ.პ.ს. „ფ–ა“-ს იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართზე, სადაც კომპანია ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. შესაბამისად, პრეზუმირებულია, რომ შ.პ.ს. „ფ–ა“ სადავო მოძრავი ნივთების მესაკუთრეა. ამ გარემოებას ამყარებდა ისიც, რომ აღნიშნული ნივთები წარმოადგენს შ.პ.ს. „ფ–ა“-ს ბალანსზე აღრიცხულ ქონებას, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული ინფორმაციით, კერძოდ, შ.პ.ს. „ფ–ა“-ს სარეგისტრაციო დოკუმენტაციით. ხოლო აღნიშნული ქონების შ.პ.ს. „ფ–ა“-ს ბალანსიდან ჩამოწერის საბუღალტრო დოკუმენტაცია და შ.პ.ს. „ფ–ა“-ს ტერიტორიაზე განთავსებული დაყადაღებული ნივთების მოსარჩელეების საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ წარმოდგენილა.
5.7. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ აპელანტ თ.გ–ძეს რაიმე მტკიცებულებაზე არ მიუთითებია, ხოლო აპელანტმა ს.ჩ–ძემ მიუთითა მოწმე შ. ბ–ის ჩვენებაზე, რომლის განმარტების თანახმად: 2014 წელს ს.ჩ–ძის შეკვეთით 1 წლის ვადაში, ამ უკანასკნელის მიერ მიცემული როგორც ახალი, ისე - მეორეული მასალით ააწყო შ.პ.ს. „ფ–ა“-ს მფლობელობაში არსებული დანადგარები, მათ შორის - 3 - ტონიანი ტალი, რომლის ტვირთამწეობა გაიზარდა დაახლოებით 12 ტონამდე. პალატამ ყურადღება მიაქცია საქმეში წარმოდგენილ შ. ბ–ის მიერ ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებასაც, სადაც იგი მიუთითებს, რომ 2005 წლის 3 აგვისტოს მიმართა ს.ჩ–ძემ და სთხოვა, აეწყო სამი ქვის საჭრელი დანადგარი მეორეული მასალისაგან, აღნიშნული აპარატები ეკუთვნოდა ს.ჩ–ძეს და არა შ.პ.ს. „ფ–ა“-ს დორექტორ - შ. კ–ეს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოწმის ჩვენება, ნივთის შეკვეთის ვადასთან მიმართებით, ეწინააღმდეგებოდა მის მიერვე ნოტარიუსთან მიცემულ განმარტებას, რაც ჩვენებას არასარწმუნოსა და არასანდოს ხდიდა და გაზიარებული ვერ იქნებოდა.
5.8. აღსანიშნავი იყო ის გარემოებაც, რომ ს.ჩ–ძე შ.პ.ს. „ფ–ა“-ს 100%-იანი წილის მესაკუთრეა, შესაბამისად, დაინტერესებული პირია, რის გამოც, სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ცალსახად დადასტურებულად ვერ მიიჩნეოდა ის გარემოება, რომ ის შეკვეთებს ახორციელებდა უშუალოდ თავისთვის და არა - შ.პ.ს. „ფ–ა“-სათვის, რომელსაც სწორედ თავისი საწარმოო საქმიანობიდან გამომდინარე ესაჭიროებოდა სადავო მოძრავი ნივთები.
5.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის დასადასტურებლად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე მიუთითეს, რაც პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნებოდა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით და ისიც ურთიერთსაწინააღმდეგო, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა სადავო ნივთებზე მათი საკუთრების უფლებას, სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორთა პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ დაყადაღებული ნივთები მათი საკუთრებაა, ისინი შ.პ.ს „ფ–ა“-ს დროებით ათხოვეს, შესაბამისად, კომპანია ამ ნივთებს მოსარჩელეებთან შეთანხმებით იყენებს. აღნიშნული გარემოება დასტურდება მოწმის ჩვენებითაც. ნიშანდობლივია, რომ მოპასუხე ა.დ. მწარმოებელს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმისა, რომ სადავო ნივთები შ.პ.ს. „ფ–ა“-ს საკუთრებაა, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სასარჩელო მოთხოვნა არასწორად იქნა უარყოფილი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია მხოლოდ ის გარემოება, თუ ვის საკუთრებას წარმოადგენს დაყადაღებული მოძრავი ნივთები: შ.პ.ს. „ფ–ა“-ს, თუ კასატორების.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 (თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს) პუნქტები.
13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა პოზიციას, რომ სადავო მოძრავი ნივთები არა მოპასუხე შ.პ.ს. „ფ–ა“-ს, არამედ - მოსარჩელეთა საკუთრებაა.
საკასაციო პალატა კასატორთა ყურადღებას მიაქცევს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომელიც დადგენილია მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე. ამ კატეგორიის დავებში საკასაციო სასამართლოს მიდგომა შემდეგია: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ, მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში - მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (შდრ. სუსგ-ები №ას-1777-1755-2011, 04.06.2012; №ას-1107-1027-2017, 23.02.2018).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კრედიტორის - ა.დ. მწარმოებელის სასარგებლოდ, კანონიერ ძალაში შესული სამტრედიის რაიონული სასამართლოს 17.10.2016წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ყადაღა დაედო მოვალის - შ.პ.ს. „ფ–ა“-ს იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართზე განთავსებულ სადავო მოძრავ ნივთებს.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ისტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ ვინაიდან, სადავო ნივთები განთავსებულია შ.პ.ს. „ფ–ა“-ს იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართზე, სადაც კომპანია სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, პრეზუმირებულია, რომ სადავო მოძრავი ნივთები მისი საკუთრებაა.
გარდა ამისა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები შ.პ.ს. „ფ–ა“-ს საკუთრებას და მის ბალანსზე აღრიცხულ ქონებას წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული პრეზუმფციის გამაბათილებელი და სადავო ნივთებზე მოსარჩელეების საკუთრების უფლების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება კასატორებს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, საკასაციო პალატა მათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული ინფორმაციის საპირწონე, გამაბათილებელ მტკიცებულებად ვერ განიხილავს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორთა მტკიცება, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთების მესაკუთრეს არა მოვალე, არამედ ისინი წარმოადგენენ.
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 535 ლარი, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 535 ლარის 70% – 374.5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ჩ–ძისა და თ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ს.ჩ–ძეს (პ/ნ ......) და თ.გ–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეთ ხ.ხ–ვას (პ/ნ ........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 535 ლარის (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი: 31.03.2022წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 374.5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი