15 ივნისი 2022 წელი
№ას-941-2021 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ს.ს. ,,ს.რ–ა"
მოწინააღმდეგე მხარე - დ.ლ–ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.ს. „ს.რ–ა“-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - დ.ლ–ას მიმართ, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 28 ნოემბერს დადებული Nდი/14-097 ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სწავლის საფასურის - 2250 ლარის და 2017 წლის 24 მარტს დადებული Nდი/17/021 ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სწავლის საფასურის - 3375 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 04 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 2014 წლის 28 ნოემბრის Nდი/14- 097 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის 2250 ლარის ოდენობით სწავლის საფასურის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა, არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის 24 მარტის Nდი/17/021 ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სწავლის საფასურის - 3375 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. ს.ს. „ს.რ–ის“ 2012 წლის 08 ნოემბრის №8952 ბრძანების საფუძველზე, მოპასუხე დაინიშნა „ს.რ–ის“ ინფრასტრუქტურის ფილიალის“ სალიანდაგო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სალიანდაგო სამმართველოს ოპერატიული საწარმოო პერსონალის, სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონში, ლიანდაგშემკეთებელი კოლონას - ლიანდაგის მონტიორის თანამდებობაზე, მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 500 ლარს.
5.2. ს.ს. „ს.რ–ის“ 2014 წლის 04 ნოემბრის №2554 ბრძანებით მოპასუხე დაინიშნა „ს.რ–ის“ ინფრასტრუქტურის ფილიალის, სალიანდაგო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სალიანდაგო სამმართველოს ოპერატიული საწარმოო პერსონალის, სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონის, ლო-10 თბ. დამხარისხ. საოსტატო 3-11 კმ, მონაკვეთი 5-7კმ (ლბ-25), ლიანდაგის ბრიგადირის თანამდებობაზე 2014 წლის 03 ნოემბრიდან 2015 წლის 03 ნოემბრის ჩათვლით და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება იყო 750 ლარი.
5.3. 2014 წლის 07 ოქტომბერს მოპასუხემ დამსაქმებელს სამაგისტრო პროგრამის დაფინანსების მოთხოვნით მიმართა. 2014 წლის 28 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სწავლის საფასურის დაფინანსების შესახებ №დი/14-097 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ მიიღო დაფინანსება სწავლის ღირებულების 50% - 2250 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.4.5. პუნქტის თანახმად, დაფინანსების მიმღები იღებდა ვალდებულებას, სწავლის დასრულების შემდეგ გაეგრძელებინა მუშაობა მოსარჩელესთან არანაკლებ სწავლის პერიოდის გაორმაგებული ხანგრძლივობით, რაც შეადგენს 4 წელს. იმავე ხელშეკრულების 2.1.2. პუნქტის შესაბამისად, დაფინანსების მიმღების მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დამსაქმებელი იტოვებდა უფლებას, მოეთხოვა დაფინანსების უკან დაბრუნება. იმავე ხელშეკრულების 2.2.3. პუნქტის თანახმად, დამფინანსებელი ვალდებული იყო, სწავლის დასრულების შემდეგ განეხილა (გადაეხედა) „დაფინანსების მიმღების“ ფუნქციებისა და სამუშაო პირობებისათვის.
5.4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2016 წლის 18 ნოემბრის №334 ცნობის თანახმად, მოპასუხე 2014 წლის 10 ოქტომბრის №2737/05 ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე “მშენებლობა“, რომლის სრული კურსი დაამთავრა 2016 წელს. სამშენებლო ფაკულტეტის №6 საკვალიფიკაციო კომისიის 2016 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით (ოქმი №23) მოპასუხეს მიენიჭა ინჟინერიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მშენებლობაში რკინიგზის მშენებლობის სპეციალიზაციით და გაიცა მაგისტრის დიპლომი.
5.5. 2016 წლის 05 დეკემბერს მოპასუხემ მიმართა მოსარჩელეს სადოქტორო პროგრამის სრული დაფინანსების თხოვნით. 2017 წლის 24 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სწავლის საფასურის დაფინანსების შესახებ №დი/17-021 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის სრულ კურსზე სწავლის ხარჯების 50% დაფინანსება - 3375 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების 2.4.5. მუხლის მიხედვით, დაფინანსების მიმღების ვალდებულებად განისაზღვრა სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობის გაგრძელება მოსარჩელესთან არანაკლებ სწავლის პერიოდის გაორმაგებული ხანგრძლივობით, რაც შეადგენდა 6 წელს. ამასთან, ვინაიდან დაფინანსების მიმღებს 2014 წლის 28 ნოემბრის №დი/14-097 ხელშეკრულებით უკვე გააჩნდა ანალოგიური ვალდებულება დამფინანსებლის წინაშე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლა დაიწყებოდა №დი/14-097 ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის თარიღიდან. ამავე ხელშეკრულების 2.1.2. მუხლის შესაბამისად, დაფინანსების მიმღები იტოვებდა უფლებას, აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოეთხოვა დასაქმებულისაგან დაფინანსების უკან დაბრუნება.
5.6. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის 2016 წლის 18 ნოემბრის №5/59 ცნობის მიხედვით, მოპასუხე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის “საგზაო ინჟინერიის“ სადოქტორო პროგრამის პირველი წლის დოქტორანტი.
5.7. ს.ს. “ს.რ–ის“ 2017 წლის 15 მაისის №1290 ბრძანებით მოპასუხე დაინიშნა სატვირთო გადაზიდვების ფილიალის სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტში, რკინიგზის სადგურები, სადგური თბილისი მახარისხებელი (პირველი კატეგორია), მოძრაობა საისრე პოსტის მორიგის თანამდებობაზე. მოპასუხის ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრა 550 ლარით.
5.8. მოსარჩელის 2018 წლის 06 ივლისის №2928 ბრძანებით მოპასუხე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული - საისრე პოსტის მორიგის თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5.9. მოსარჩელემ 2018 წლის 24 აგვისტოს მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა დამსაქმებელთან შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დაფინანსებისთვის მოსარჩელის მიერ ჯამურად გადახდილი - 5625 ლარის ანაზღაურება, 1 თვის ვადაში.
5.10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში განხილვის საგანს წარმოადგენდა 2014 წლის 28 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული სწავლის საფასურის დაფინანსების შესახებ №დი/14-097 ხელშეკრულების 2.4.5. პუნქტის დარღვევის შედეგად მოპასუხისთვის დაფინანსებული თანხის - 2250 ლარის დაბრუნების დაკისრება. პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
5.11. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მოსარჩელესთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2012 წლის 8 ნოემბრიდან 2018 წლის 6 ივლისამდე. მოსარჩელის 2018 წლის 6 ივლისის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ №2928 ბრძანებით, მოპასუხე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. დამსაქმებელმა მოპასუხეს 07.10.14წ. მიმართვის საფუძველზე, 28.11.14წ. სწავლის საფასურის დაფინანსების შესახებ №დი/14-097 ხელშეკრულების საფუძველზე დაუფინანსა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ღირებულების 50% - 2250 ლარი. იმავე ხელშეკრულების 2.4.5 პუნქტის თანახმად, დაფინანსების მიმღები იღებდა ვალდებულებას, სწავლის დასრულების შემდეგ გაეგრძელებინა მუშაობა მოსარჩელესთან არანაკლებ სწავლის პერიოდის გაორმაგებული ხანგრძლივობით, რაც შეადგენდა 4 წელს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2016 წლის 18 ნოემბრის №334 ცნობის თანახმად, მოპასუხე 2014 წლის 10 ოქტომბრის №2737/05 ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე “მშენებლობა“, რომლის სრული კურსი დაამთავრა 2016 წელს და სამშენებლო ფაკულტეტის №6 საკვალიფიკაციო კომისიის 2016 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით (ოქმი №23) მოპასუხეს მიენიჭა ინჟინერიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მშენებლობაში რკინიგზის მშენებლობის სპეციალიზაციით და გაიცა მაგისტრის დიპლომი.
5.12. სააპელაციო პალატის განმარტებით, მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა 2014 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულების 2.4.5 პუნქტის შესაბამისობა საკანონმდებლო რეგულაციებთან. აღნიშნული პირობა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკვალიფიცირდა როგორც ხელშეკრულების სტანდარტული პირობა მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე და ხსენებული შეფასება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტს სადავოდ არ გაუხდია.
5.13 სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მითითებით (ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. თუ ხელშეკრულების პირობები მხარეების მიერ დეტალურად არის განსაზღვრული, მაშინ ეს არ მიიჩნევა ხელშეკრულებათა სტანდარტულ პირობად) აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, 28.11.2014წ. ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაზე ვრცელდებოდა ს.ს. „ს.რ–ის“ დირექტორთა საბჭოს 2014 წლის 16 მაისის №1/26 დადგენილებით დამტკიცებული ს.ს. „ს.რ–ის“ „თანამშრომელთა სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისიწინებული პირობები და წინამდებარე ხელშეკრულება განიმარტებოდა აღნიშნულ ინსტრუქციასთან ერთობლიობაში. პალატამ დამატებით მიუთითა, რომ მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების სადავო პირობა წინასწარ არის ჩამოყალიბებული და გამოიყენება ყველა მსგავსი ტიპის ხელშეკრულებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ 28.11.2014წ. ხელშეკრულების 2.4.5 პუნქტი წარმოადგენს სტანდარტულ პირობას, რომლის მიმართ უნდა გამოყენებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-348-ე მუხლების დანაწესები.
5.14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან საკითხი ეხებოდა ხელშეკრულების სტანდარტულ პირობას, მისი ნამდვილობა, „ძლიერი“ და „სუსტი“ მხარის სამართლებრივი კონცეფციის გათვალისწინებით, სასამართლოს ex-officio შემოწმების ფარგლებში ექცეოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარე არ უთითებს სტანდარტული პირობის ბათილობის კონკრეტულ საფუძველს, აღნიშნულ პირობაზე დამყარებული სასარჩელო მოთხოვნის განხილვისას, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს მისი შესაბამისობა საკანონმდებლო ნორმებთან.
5.15. პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლზე (ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვა) მითითებით განმარტა, რომ კერძო სამართალში მოქმედი მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი მოიცავს ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის თავისუფლებას. მხოლოდ მხარეთა რეალური თანასწორობის პირობებში მოქმედებს სრულყოფილად ეს პრინციპი, ხოლო იქ, სადაც მხარეები მხოლოდ ფორმალურად არიან თანასწორი, რეალურად კი - ერთ-ერთი მხარე აშკარა უპირატესობით სარგებლობს ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისას, მეორე მხარეს კი მხოლოდ - შეთავაზებულ პირობებზე დათანხმება ან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა შეუძლია, ამ დროს ნების ავტონომია სრულყოფილად ვერ ხორციელდება და მხარეთა ინტერესების სამართლიანი გათანაბრების მიზნით კანონი უშვებს ხელშეკრულების შინაარსის კონტროლს.
5.16. ხელშეკრულების შინაარსის კონტროლის ერთ-ერთი გამოხატულებაა სტანდარტული პირობების ბათილობის შესახებ საკანონმდებლო დანაწესები. სტანდარტულ პირობებად ითვლება ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ ცალმხრივად წინასწარ შემუშავებული პირობები, რომლებიც მრავალჯერადი გამოყენებისთვის არის გამიზნული და მზა სახით არის შეთავაზებული მეორე მხარისთვის, ე.წ. „ფორმულარის“ სახით. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დამცავი რეგულირების გამოყენებამდე უნდა შეფასდეს, ცალკეული პირობა წინასწარ ჩამოყალიბებული და მხარისთვის შეთავაზებულია, თუ - მხარეთა შორის ინდივიდუალურადაა შეთანხმებული. შესაძლებელია, ხელშეკრულების ზოგიერთი პირობა იყოს სტანდარტული, ზოგი კი - ინდივიდუალურად შეთანხმებული.
5.17. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების განმარტება, რომ რადგანაც შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში მხარეები მხოლოდ ფორმალურად არიან თანასწორი, ფაქტობრივად კი, დამსაქმებელს უპირატესი, დომინირებული მდგომარეობა უკავია დასაქმებულთან შედარებით, შესაბამისი დამცავი მექანიზმების არარსებობის შემთხვევაში, ცხადია, ამ უკანასკნელს შესაძლებლობა აქვს, თავს მოახვიოს დასაქმებულს მისთვის ხელსაყრელი პირობები, სწორედ ამიტომ, შრომითი ურთიერთობის სუბიექტების ინტერესთა დაბალანსებისა და თანასწორობის პრინციპის ფაქტობრივად განხორციელების მიზნით, შრომით ურთიერთობებში შრომის სამართალი აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს, რაც გულისხმობს კონტროლს ხელშეკრულების პირობების განსაზღვრაზე.
5.18. სტანდარტული პირობებით ხელშეკრულების დადებისას კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა წარმოადგენს დამატებითი საფრთხეებისგან უზრუნველყოფის გარანტიას, რადგან შეთანხმება, რომელიც ბოჭავს მას გარკვეული ვალდებულებებით, არის არა კონსესუსის, არამედ ცალმხრივად შემუშავებული შეთავაზების შედეგი. ამის გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსი სტანდარტული პირობებით დადებული ხელშეკრულების შინაარსის კონტროლის მიზნით აწესებს მთელ რიგ შეზღუდვებს, რათა აიძულოს ოფერენტი, კეთილსინდისიერად გამოიყენოს არსებული უპირატესობა და ამით გაანეიტრალოს არსებული პოზიციური დისბალანსი. ამდენად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დამცავი ფუნქციის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს 2014 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულების 2.4.5 პუნქტის განსაზღვრა ხელშეკრულების სტანდარტულ პირობის ფორმით. შედეგად, იგი უნდა შეფასდეს კეთილსინდისიერების კონტექსტში.
5.19. ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში, მისგან გამომდინარე მოთხოვნების შეფასებისას, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მხარეთა კეთილსინდისიერებას, ვინაიდან, მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესის კეთილსინდისიერების პრინციპზეა დაფუძნებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8.3 და 115-ე მუხლების საფუძველზე ნებისმიერი ურთიერთობის სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასებისას, მხედველობაში მიიღება სამოქალაქო უფლებათა გონივრული, სამართლიანი, თანაზომიერი განხორციელება. კეთილსინდისიერების პრინციპს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მხარეთა უფლებებისა და მოვალეობის დადგენის (წარმოშობის) დროს, არამედ უფლებებისა და მოვალეობის განხორციელების დროსაც. კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ უპირობოდ მაინც მას ეფუძნება. არაერთ საქმეშია განმარტებული, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა (სუსგ-ები: №ას-226-2019, 24 აპრილი, 2020წ., №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015წ).
5.20. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა სწავლის დაფინანსებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობის თაობაზე მოპასუხე მხარის პოზიციას. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებაც, რომ, მხარეებს ნების ავტონომიის პრინციპის საფუძველზე, მართალია თავისუფლად შეეძლოთ დაედოთ ხელშეკრულება, რომლითაც დასაქმებული აიღებდა ვალდებულებას, სწავლის საფასურის დაფინანსების მიღების სანაცვლოდ არ შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი კეთილსინდისერების პრინციპისა და უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის გათვალისწინებით, დამსაქმებლის მიერ შრომითი ურთიერთობის გაგრძელების დავალდებულება, არანაკლებ სწავლის პერიოდის გაორმაგებული ხანგრძლივობით, მაშინ, როდესაც არ იკვეთებოდა დამსაქმებლის მხრიდან ასეთი შეზღუდვის დაწესების პატივსადები მიზეზი, არ შეიძლება მიჩნეულიყო კეთილსინდისიერ პირობად. სადავო პუნქტი, წარმოადგენს მხარისთვის აშკარად საზიანოს, რაც უაღრესად არახელსაყრელ მდგომარეობაში ამყოფებდა დასაქმებულს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც, 2017 წლის 15 მაისიდან მოპასუხე გადაყვანილ იქნა სხვა პოზიციაზე, სადაც 2014 წლიდან არსებული 750 ლარის ნაცვლად ხელფასის სახით იღებდა 550 ლარს. ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდებოდა ს.ს. „ს.რ–ის“ მხრიდან 28.11.2014წ. ხელშეკრულების 2.2.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ფაქტი, კერძოდ, დამფინანსებელს ვალდებულება ჰქონდა დაფინანსების მიმღების მიერ სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ გადაეხედა მისი ფუნქციებისა და სამუშაო პირობებისთვის, განსახილველ შემთხვევაში კი, სწავლის დასრულების შემდეგ მოპასუხე ჩამოქვეითდა და შესაბამისად, შეუმცირდა ხელფასი. ასეთ პირობებში ხელშეკრულების სადავო პუნქტი, წარმოადგენს მხარისთვის აშკარად საზიანოს, რაც უაღრესად არახელსაყრელ მდგომარეობაში ამყოფებდა დასაქმებულს.
5.21. პალატის დასკვნით, სადავო პუნქტის დანაწესი ცალსახად ლახავდა მოპასუხის გარანტირებულ შრომის თავისუფლებას, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, სადავო პირობის ბათილობის საფუძველი იყო, შესაბამისად 28.11.2014 წლის ხელშეკრულების 2.4.5 პუნქტი ბათილად უნდა ცნობილიყო „სწავლის პერიოდის გაორმაგებული ხანგრძლივობით განსაზღვრისა და ვადის ათვლის“ ნაწილში (რაც არ იწვევს მთლიანი შეთანხმების ბათილობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე). სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გონივრული და სამართლიანი პირობა იქნებოდა დასაქმებულის დავალდებულება, სწავლის 50%-ის დაფინანსების მიღების სანაცვლოდ, გაეგრძელებინა დამსაქმებელთან შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობა არა უმეტეს სწავლის დასრულებამდე. პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ აპელანტს რაიმე ვალიდური არგუმენტი არ წარუდგენია, კერძოდ, აპელანტის პრეტენზია ემყარებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნების ზოგად უარყოფას და არა რაიმე რელევანტურ ფაქტობრივ-სამართლებრივი შეფასებას.
5.22. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი 2014 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კერძოდ, ვინაიდან დადგენილი იყო, რომ მოპასუხე 2014 წლის 10 ოქტომბრიდან 2016 წლის 12 ივლისამდე სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე და ამ პერიოდში უწყვეტად იმყოფებოდა შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში მოსარჩელესთან, მოპასუხის მხრიდან 2014 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულების პირობები დარღვეულად ვერ მიიჩნეოდა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მოპასუხემ პირადი განცხადების საფუძველზე, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის 2018 წლის 6 ივლისიდან შეწყვეტით, დაარღვია სწავლის საფასურის დაფინანსების შესახებ 2014 წლის 28 ნოემბრისა და 2017 წლის 24 მარტის ხელშეკრულებების 2.4.5 მუხლებით ნაკისრი ვალდებულება - მოსარჩელესთან გაეგრძელებინა მუშაობა სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულების შემდგომ არანაკლებ 4 წლით, ხოლო სადოქტორო პროგრამაზე სწავლის დასრულებიდან - არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 317.1 და 361.2 მუხლებით უნდა ეხელმძღვანელათ და სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაეკმაყოფილებინათ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს დაირღვა თუ არა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დარღვევის შემთხვევაში, უნდა დაეკისროს თუ არა მას ზიანი.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:
- ს.ს. „ს.რ–ის“ 2012 წლის 08 ნოემბრის №8952 ბრძანების საფუძველზე, მოპასუხე დაინიშნა „ს.რ–ის“ ინფრასტრუქტურის ფილიალის“ სალიანდაგო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სალიანდაგო სამმართველოს ოპერატიული საწარმოო პერსონალის, სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონში, ლიანდაგშემკეთებელი კოლონას - ლიანდაგის მონტიორის თანამდებობაზე, მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 500 ლარს.
- ს.ს. „ს.რ–ის“ 2014 წლის 04 ნოემბრის №2554 ბრძანებით მოპასუხე დაინიშნა „ს.რ–ის“ ინფრასტრუქტურის ფილიალის, სალიანდაგო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სალიანდაგო სამმართველოს ოპერატიული საწარმოო პერსონალის, სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონის, ლო-10 თბ. დამხარისხ. საოსტატო 3-11 კმ, მონაკვეთი 5-7კმ (ლბ-25), ლიანდაგის ბრიგადირის თანამდებობაზე 2014 წლის 03 ნოემბრიდან 2015 წლის 03 ნოემბრის ჩათვლით და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება იყო 750 ლარი.
- 2014 წლის 28 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სწავლის საფასურის დაფინანსების შესახებ №დი/14-097 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ მიიღო დაფინანსება სწავლის ღირებულების 50% - 2250 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.4.5. პუნქტის თანახმად, დაფინანსების მიმღები იღებდა ვალდებულებას, სწავლის დასრულების შემდეგ გაეგრძელებინა მუშაობა მოსარჩელესთან არანაკლებ სწავლის პერიოდის გაორმაგებული ხანგრძლივობით, რაც შეადგენს 4 წელს. იმავე ხელშეკრულების 2.1.2. პუნქტის შესაბამისად, დაფინანსების მიმღების მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დამსაქმებელი იტოვებდა უფლებას, მოეთხოვა დაფინანსების უკან დაბრუნება. ხელშეკრულების 2.2.3. პუნქტის თანახმად, დამფინანსებელი ვალდებული იყო, სწავლის დასრულების შემდეგ განეხილა (გადაეხედა) „დაფინანსების მიმღების“ ფუნქციებისა და სამუშაო პირობებისათვის.
- დამსაქმებელმა მოპასუხეს 28.11.14წ. სწავლის საფასურის დაფინანსების შესახებ №დი/14-097 ხელშეკრულების საფუძველზე დაუფინანსა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ღირებულების 50% - 2250 ლარი.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2016 წლის 18 ნოემბრის №334 ცნობის თანახმად, მოპასუხე 2014 წლის 10 ოქტომბრის №2737/05 ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „მშენებლობა“. სამშენებლო ფაკულტეტის №6 საკვალიფიკაციო კომისიის 2016 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით (ოქმი №23) მოპასუხეს მიენიჭა ინჟინერიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მშენებლობაში რკინიგზის მშენებლობის სპეციალიზაციით და გაიცა მაგისტრის დიპლომი.
- ს.ს. „ს.რ–ის“ 2017 წლის 15 მაისის №1290 ბრძანებით მოპასუხე დაინიშნა სატვირთო გადაზიდვების ფილიალის სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტში, რკინიგზის სადგურები, სადგური თბილისი მახარისხებელი (პირველი კატეგორია), მოძრაობა საისრე პოსტის მორიგის თანამდებობაზე. მოპასუხის ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრა 550 ლარით.
- მოსარჩელის 2018 წლის 6 ივლისის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ №2928 ბრძანებით, მოპასუხე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის - 2250 ლარის ანაზღაურება, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
მხარეთა შორის 2014 წლის 28 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 2.2.3. პუნქტის მიხედვით, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, სწავლის დასრულების შემდეგ განეხილა (გადაეხედა) მოპასუხის ფუნქციებისა და სამუშაო პირობებისათვის.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 2014 წლის 28 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მითითებული დებულება, მისი შინაარსიდან და საერთო კონტექსტიდან გამომდინარე, უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხის მხრიდან მაგისტრატურაში სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, გაეუმჯობესებინა ამ უკანასკნელისთვის სამუშაო მდგომარეობა, რაშიც იგულისხმება დასაქმებულის თანამდებობრივად დაწინაურება და შრომის ანაზღაურების გაზრდა.
13. საქართველოს შრომის კოდექსის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დამსაქმებელი ხელს უნდა უწყობდეს დასაქმებულის პროფესიულ განვითარებას.
14. საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მოსარჩელემ არათუ გაუუმჯობესა მოპასუხეს სამუშაო მდგომარეობა, არამედ 2017 წლის 15 მაისს მოპასუხე გადაიყვანა სხვა სამუშოზე და მნიშვნელოვნად შეუმცირა ხელფასი (დადგენილია, რომ მოპასუხის შრომის ანაზღაურება შეადგენდა 750 ლარს, ხოლო 2017 წლის 15 მაისის შემდეგ _ 550 ლარს). შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის პოზიცია იმის შესახებ, რომ მოპასუხემ, რომელმაც ამგვარ პირობებში იმუშავა 2 წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში, შეთანხმების დარღვევის გამო უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს გადახდილი სწავლის საფასური. დამსაქმებლის ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით და 115-ე მუხლით განსაზღვრულ უფლების მართლზომიერად გამოყენების პრინციპს. საკასაციო პალატის შეფასებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების 2.2.3 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, მოპასუხეს წარმოეშვა ხელშეკრულების მოშლის საფუძველი, რაც სადავო თანხის გადახდის დაკისრებას გამორიცხავს.
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად. პატივსადებია საფუძველი, როცა ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების, მათ შორის, დაუძლეველი ძალისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, არ შეიძლება მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება შეთანხმებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის გასვლამდე. თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაცაა, ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია, მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ. შესაბამისად გამოიყენება 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ს. ,,ს.რ–ა"-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ს.ს. ,,ს.რ–ა"-ს (ს/კ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება №38306, გადახდის თარიღი 12.08.2021წ. გადამხდელის ბანკი: ს.ს. ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია") 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი