Facebook Twitter

21 დეკემბერი 2022 წელი

№ას-1200-2021 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

გიორგი მიქაუტაძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ.ჟ–ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ინდივიდუალური მეწარმე ს.ქ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ინდივიდუალურმა მეწარმე ს.ქ–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „ კასატორის მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე გ.ჟ–ის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე“, „კასატორი“) მიმართ, სესხად აღებული თანხების - 8140 აშშ დოლარისა და 7635 ლარის დაბრუნების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელე ინდივიდუალურ მეწარმე ს.ქ–სა და შ.პ.ს. „ტ"-ს (დირექტორი ს.ჟ–ი) შორის 2013 წლის 20 ივნისს დაიდო უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება 1 წლის ვადით. იჯარის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე ქ.ბათუმი, ........., 2920 კვ.მ. ფართის მქონე ორსართულიანი სასტუმროს შენობა-ნაგებობა, ს/კ ........ ამ ხელშეკრულებით პრაქტიკული საქმიანობის დროს, ს.ქ–მა გაიცნო შ.პ.ს. „ტ“-ს დირექტორის მამა - მოპასუხე გ.ჟ–ი, რომელიც ამავე დროს შ.პ.ს. „ტ"-ს 100% წილის მესაკუთრეც იყო. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ჩამოყალიბდა ნდობა, ამავე დროს, მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ გ.ჟ–ს პირადი მიზნებისათვის ესაჭიროებოდა თანხა, რის გამოც მოსარჩელემ 2013-2014 წლებში, სხვადასხვა დროს, უსასყიდლოდ ასესხა მას ჯამში 8140 აშშ დოლარი და 7635 ლარი. გადაცემული თანხები მოსარჩელემ აღნიშნა უბის წიგნაკში, გ.ჟ–ის მიერ ხელმოწერით დადასტურებით, რომ მან მიიღო აღნიშნული თანხები. პერიოდულად მოპასუხეზე თანხების გადაცემით და მოპასუხის მიერ ხელმოწერის გზით დადასტურებით დგინდება, რომ მხარეებს შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა. მოპასუხის დაპირებით, იგი სესხს დააბრუნებდა 1 წლის ვადაში. მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე ნებაყოფლობით არ უბრუნებს მოსარჩელეს სესხის სახით აღებულ თანხებს.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სესხი 8140 აშშ დოლარისა და 7635 ლარის ოდენობით მოსარჩელისაგან არასოდეს აუღია. ადასტურებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ხელმოწერების უმეტესობა მას ეკუთვნის, თუმცა ეს თანხები არა სესხის, არამედ მოსარჩელის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი ქირის თანხებია, რაც თვეში შეადგენდა 3000 აშშ დოლარს, ან მის ეკვივალენტ ლარს. მოპასუხე შესაგებელში მიუთითებს, რომ 27000 აშშ დოლარი ან მისი ეკვივალენტი ლარი მას მიღებული აქვს საიჯარო ქირის სახით, ხოლო ნაწილი არის ის თანხა, რომელიც მოსარჩელეს, ხელშეკრულების თანახმად, 10000 აშშ დოლარის ოდენობით სასტუმროს რემონტში უნდა ჩაედო და რომელიც მან სხვა მოხელეებთან ერთად ფიზიკური შრომით შეასრულა 7000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი 3000 აშშ დოლარი შეავსო ხელწერილებში მითითებული თანხებით. მოსარჩელის მიერ ნათარგმნ ხელწერილებში მითითებული არ არის, რომ ეს არის სესხად გაცემული თანხები, მოსარჩელეს ეს რომ მიეთითებინა, მაშინ მოპასუხე მასზე არც ხელს მოაწერდა, რადგან სესხების ფაქტს ადგილი არ ჰქონდა.

3.2. მოპასუხის მითითებით, 2013 წლის 08 ივნისს დაამთავრა სასტუმროს კაპიტალური შეკეთება და სასტუმრო გაიხსნა. ზოგიერთი სამუშაო სრულად არ იყო დამთავრებული, ასევე, ზოგიერთ მოხელეზე დარჩენილი იყო მისაცემი თანხები, რის გამოც წინასწარ იქნა გამორთმეული ს.ქ–ისგან თანხები, ასევე შესავსები 3000 აშშ დოლარიდან და გაიცა მოხელეებზე. ეს თანხები სესხად რომ აეღო, მაშინ მოსარჩელე არ მიუთითებდა „გ.ჟ–ზე გადახდილი თანხები", არამედ მიუთითებდა გ.ჟ–ზე სესხად გაცემული თანხები. მოპასუხემ განმარტა, რომ ხელწერილებში, სადაც მითითებულია, რომ გადახაზულია, ხელმოწერები მას არ ეკუთვნის. ასევე არ ეკუთვნის ხელმოწერები ჩანაწერებში: „31.01.2014 წელი 1100 აშშ დოლარი", „31.01.2014 წელი 500 აშშ დოლარი". 2014 წლის აპრილამდე მოსარჩელემ მას ნაწილ-ნაწილ გადაუხადა 9 თვის საიჯარო ქირის თანხა 27000 აშშ დოლარი და 3000 დოლარი სასტუმროს რემონტში ჩასადები 10000 აშშ დოლარის შესავსებად და უბის წიგნაკში ასახული თანხები სწორედ ეს თანხებია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

6.1. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

6.2. ს.ქ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

6.3. გ.ჟ–ს ინდივიდუალური მეწარმე ს.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 7365 ლარის და 1589 აშშ დოლარის გადახდა.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. ს.ქ–ი არის ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც რეგისტრირებულია მეწარმეთა რეესტრში საიდენტიფიკაციო ნომრით .......

7.2. შ.პ.ს. „ტ" არის მეწარმეთა რეესტრში რეგისტრირებული საზოგადოება (ს/ნ .....), რომლის დირექტორია ს.ჟ–ი, მოპასუხე გ.ჟ–ის შვილი. საზოგადოების 100% წილის მფლობელია მოპასუხე გ.ჟ–ი.

7.3. 2013 წლის 20 ივნისს შ.პ.ს. „ტ"-ს და ინდივიდუალურ მეწარმე ს.ქ–ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება 1 წლის ვადით. იჯარის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ........, 2920 კვ.მ. ფართის მქონე ორსართულიანი სასტუმროს შენობა-ნაგებობა, ს/კ ........

7.4. 20.06.2013წ. იჯარის ხელშეკრულების 6.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ საიჯარო საზღაურზე, რომლის თანახმადაც, ქირა განისაზღვრა 3000 აშშ დოლარით, რომელიც უნდა გადახდილიყო ყოველთვიურად, 20 რიცხვში, უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორებით.

7.5. მოპასუხე გ.ჟ–მა შესაგებლით დაადასტურა, რომ შ.პ.ს. „ტ“-სთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საიჯარო ქირას ს.ქ–ისგან იღებდა როგორც საბანკო ჩარიცხვის მეშვეობით, ასევე, ნაღდი ანგარიშსწორებით. თავის მხრივ, მოსარჩელის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ საწარმოსთვის გადასახდელ საიჯარო ქირას იგი მოპასუხესაც უხდიდა, ზოგჯერ ნაღდი ანგარიშსწორებით, ზოგჯერ კი საბანკო გადახდის გზით.

7.6. უდავოა, რომ მოსარჩელე და მოპასუხის დაფუძნებული საწარმო შ.პ.ს. „ტ“ ცხრა თვის განმავლობაში იყვნენ ერთმანეთთან იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობაში, ხოლო საიჯარო თანხა 27000 აშშ დოლარი მოსარჩელეს გადახდილი აქვს _ ნაწილობრივ საბანკო გადახდით, ნაწილის კი გ.ჟ–ისათვის ხელზე გადაცემის გზით (ნაღდი ანგარიშსწორებით).

7.7. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ შ.პ.ს. „ტ“-ს ანგარიშზე, ს.ს. „ტ“-ს მეშვეობით, გადახდილია 19945 (2989$+3000$+6817$+2395$+607$+4137$) აშშ დოლარი.

7.8. დადგენილია, რომ აპელანტის მიერ საქმეში წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულების მე-8 თავი საიჯარო საგნის რემონტს და გაუმჯობესებებს ეხება, კერძოდ:

7.8.1. ხელშეკრულების 8.1. მუხლის თანახმად, მოიჯარე უფლებამოსილია მეიჯარესთან შეთანხმებით თავისი ხარჯით ჩაატაროს იჯარის საგნის რეკონსტრუქცია, სადემონტაჟო და სამონტაჟო სამუშაოების ჩათვლით, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შენობის მზიდი კონსტრუქციების შეცვლის და დაზიანების გარეშე;

7.8.2. ამავე ხელშეკრულების 8.2. მუხლის თანახმად, მოიჯარეს უფლება არ აქვს მეიჯარესთან შეუთანხმებლად განახორციელოს იჯარის საგნის ისეთი სახის გაუმჯობესებანი, რომლის გამოყოფა შეუძლებელია იჯარის საგნიდან მის დაუზიანებლად ან რის შედეგადაც შეიძლება შეიცვალოს მისი გეგმარება, შიდა კომუნიკაციების განლაგება, შესასვლელი ან მისასვლელი გზები.

7.8.3. მითითებული ხელშეკრულების 8.4. მუხლის თანახმად, ისეთი სახის გაუჯობესებანი, რომელთა გამოყოფა შეუძლებელია იჯარის საგნისგან, ორივე მხარის დღეის მდგომარეობით არსებული ვალის დაფარვის შემდეგ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე პერიოდულად საიჯარო ქირიდან გამოაკლდება. ამავე დროს მოიჯარე თავისუფლდება იჯარის საგნის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ვალდებულებისაგან.

7.9. მართალია, ხსენებული ხელშეკრულების 8.1 პუნქტი შეიცავს დათქმას საიჯარო საგნის რემონტისა და გაუმჯობესების შესახებ, მაგრამ არა მოიჯარისგან ამ რემონტის თავისი ხარჯებით საგულდაგულოდ შესრულების პირობით (ან 10000 დოლარის ოდენობის სამუშაოების უსასყიდლოდ ჩატარების თაობაზე), არამედ ამ დათქმის თანახმად მოიჯარე უფლებამოსილი იყო (და არა ვალდებული) სარემონტო სამუშაოები ჩაეტარებინა იჯარით აღებულ ვადაში. ხელშეკრულების 10.4. პუნქტი არ შეიცავს დათქმას, რომ მოიჯარეს სასტუმროს რემონტისათვის 10 000 აშშ დოლარის ინვესტირების ვალდებულება გააჩნდა.

7.10. რემონტის სავალდებულო ხარჯებთან დაკავშირებით დათქმას მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულება არ შეიცავს, თუმცა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებების თანახმად, მოსარჩელე მართლაც აწარმოებდა რემონტს, რომლის ღირებულება (ფიზიკურად შრომის ღირებულების ჩათვლით) უნდა გაქვითულიყო იჯარის თანხაში ან სარემონტო სამუშაოების დამთავრების შემდეგ მათი ღირებულება უნდა დაბრუნებულიყო უკან.

7.11. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ თანხების მოპასუხისთვის გადაცემის შესახებ გაკეთებული ჩანაწერების დედნის თანახმად (რომელიც უბის წიგნაკის სახით მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა), მოპასუხის ხელმოწერებით დადასტურებულია ამ უკანასკნელისთვის მოსარჩელის მიერ თანხების შემდეგი ოდენობითა და თამიმდევრობით გადაცემა:

· 2013 წლის 10 ივნისს - 400 ლარი (მოხელე); 2013 წლის 11 ივნისს - 100 აშშ დოლარი (მელევი); 2013 წლის 12 ივნისს - 100 აშშ დოლარი; 2013 წლის 15 ივნისს - 100 აშშ დოლარი (გ.); 2013 წლის 15 ივნისს - 150 ლარი (კ. მოხელე); 2013 წლის 17 ივნისს - 100 ლარი (ჩემი); 2013 წლის 20 ივნისს - 1000 აშშ დოლარი (მეტალოპლასტმასის კარები); 2013 წლის 23 ივნისს - 100 ლარი; 2013 წლის 24 ივნისს - 1000 ლარი (ტელეფონების); 2013 წლის 25 ივნისს - 540 ლარი; 2013 წლის 29 ივნისს - 500 ლარი;

· 2013 წლის 01 ივლისს - 1575 აშშ დოლარი; 2013 წლის 04 ივლისს - 310 აშშ დოლარი; 2013 წლის 07 ივლისს - 700 აშშ დოლარი (ბანკის შესატანი); 2013 წლის 08 ივლისს - 90 ლარი; 2013 წლის 11 ივლისს - 100 ლარი; 2013 წლის 12 ივლისს - 50 ლარი;

· 2013 წლის 01 აგვისტოს - 1100 ლარი; 2013 წლის 02 აგვისტოს - 300 აშშ დოლარი; 2013 წლის 05 აგვისტოს - 310 აშშ დოლარი; 2013 წლის 10 აგვისტოს - 2000 ლარი; 2013 წლის 14 აგვისტოს - 260 ლარი; 2013 წლის 26 აგვისტოს - 550 ლარი; 2013 წლის 31 აგვისტოს - 500 აშშ დოლარი;

· 2013 წლის 02 სექტემბერს - 100 ლარი; 2013 წლის 03 სექტემბერს - 310 აშშ დოლარი; 2013 წლის 03 სექტემბერს - 125 ლარი (კონდიციონერის რემონტის); 2013 წლის 06 სექტემბერს - 100 აშშ დოლარი; 2013 წლის 06 სექტემბერს - 50 აშშ დოლარი;

· 2013 წლის 08 ოქტომბერს - 150 აშშ დოლარი; 2013 წლის 19 ოქტომბერს - 40 ლარი; 2013 წლის 31 ოქტომბერს - 200 აშშ დოლარი;

· 2013 წლის 05 ნოემბერს - 370 აშშ დოლარი; 2013 წლის 08 ნოემბერს - 100 ლარი;

· 2013 წლის 04 დეკემბერს - 370 აშშ დოლარი; 2013 წლის 14 დეკემბერს - 60 ლარი;

· 2014 წლის 12 იანვარს - 370 აშშ დოლარი; 2014 წლის 28 იანვარი - 475 აშშ დოლარი (ქირის ფული დაგვიანებით ძლივს წავიღე); 2014 წლის 31 იანვარი - 1100 აშშ დოლარი (მოპასუხე სადავოდ ხდის ხელმოწერის ნამდვილობას);

· 2014 წლის 31 იანვარი - 500 აშშ დოლარი (მოპასუხე სადავოდ ხდის ხელმოწერის ნამდვილობას);

· 2014 წლის 03 თებერვალს - 1225 აშშ დოლარი.

7.12. ხელზე გადახდილი თანხების სახით (რასაც ადასტურებს უბის წიგნაკის ჩანაწერები) მოპასუხე გ.ჟ–ს მოსარჩელისაგან მიღებული აქვს 10244 აშშ დოლარი და 7365 ლარი, ჯამში კი, ს.ს. „ტ–ში“ ჩარიცხული თანხების გათვალისწინებით, 30189 აშშ დოლარი და 7365 ლარი, ამასთან მოპასუხე აღიარებს რომ საიჯარო ქირის დავალიანება მხარეს მის მიმართ არა აქვს და საიჯარო ქირის სახით 27000 აშშ დოლარი მიღებული აქვს. წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დგინდება, რომ მოპასუხეს საიჯარო ქირის გარდა მიღებული აქვს, 3189 (30189$-27000$) აშშ დოლარი, საიდანაც მოპასუხემ სადავოდ გახადა ჩანაწერებზე: „31.01.2014 წელი 1100 აშშ დოლარი", „31.01.2014 წელი 500 აშშ დოლარი" საკუთარი ხელმოწერის ნამდვილობა.

7.13. საიჯარო ქირის (27000 აშშ დოლარის) გარდა შ.პ.ს. „ტ“-ს დამფუძნებელს - მოპასუხე გ.ჟ–ს, მოსარჩელე ს.ქ–ისგან მიღებული აქვს, 1589 (3189 მოპასუხის მიერ სადაოდ გამხდარი-1100-500) აშშ დოლარი და 7365 ლარი, რომლის გადახდის საფუძვლები თანხის მიმღებმა (მოპასუხემ) ვერ დაასაბუთა.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა შემდეგი შეფასება:

8.1. საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის თანხების მიღების დასადასტურებლად მოპასუხის ხელმოწერები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სესხის ხელშეკრულებად. მითითებული ჩანაწერებით შესაძლებელია მხოლოდ იმის დადასტურება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გარკვეული რაოდენობის თანხა გადასცა, ხოლო მოპასუხემ დაადასტურა თანხის მიღების ფაქტი. რაც შეეხება თანხების მიზნობრიობასა და ოდენობას, ამ გარემოებასთან დაკავშირებით მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტები.

8.2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე, მხარეთა შორის არსებული სადავო ვალდებულება მხარეთა შორის არსებული საქმიანი ურთიერთობიდან, კერძოდ, მოსარჩელე ს.ქ–სა და შ.პ.ს. „ტ“-ს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებიდან გამომდინარეობდა. მოიჯარე ანგარიშსწორებას ახდენდა მეიჯარესთან (საწარმოს დამფუძნებელთან - გ.ჟ–თან), მოსარჩელის მიერ საიჯარო თანხების გადახდა დადასტურებულია შ.პ.ს. „ტ“-ს ანგარიშზე, ს.ს. „ტ“-ს მეშვეობით მოსარჩელის მიერ ჩარიცხული თანხით, ჯამში - 19945 აშშ დოლარით. ასევე, თანხების გადაცემა წერილობით ასახულია მოსარჩელის უბის წიგნაკში (მოპასუხის ხელმოწერებით). წარმოდგენილი ჩანაწერებით დასტურდება, რომ მოპასუხე გ.ჟ–ს მიღებული აქვს 10244 აშშ დოლარი და 7365 ლარი. საბანკო ოპერაციებით ჩარიცხულ თანხასთან ერთობლიობაში - 30189 აშშ დოლარი და 7365 ლარი. მოპასუხე მხარე განმარტებებით აღიარებს საიჯარო ქირის სახით 27000 აშშ დოლარის მიღებას.

8.3. მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები, რომ მოსარჩელისგან 3000 აშშ დოლარი მიღებული აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10000 აშშ დოლარის შესავსებად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამასთან, არ არის დადასტურებული მოპასუხის მიერ 2014 წლის 31 იანვარს 1100 აშშ დოლარისა და 500 აშშ დოლარის მიღების ფაქტი (მოპასუხე სადავოდ ხდის ამ თანხების მიღებაზე არსებული ხელმოწერის მისთვის კუთვნილებას, ხოლო მოსარჩელის მიერ დამატებით, რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის).

8.4. სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში (კონდიქციური ვალდებულება).

8.5. კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

8.6. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით რეგულირებულია ე.წ „შესრულების კონდიქცია“ და ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელემ უნდა მიუთითოს სამართლებრივი სიკეთის გადაცემის ფაქტზე, ასევე მხარეთა შორის ვალდებულების არარსებობაზე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

8.7. რემონტის სავალდებულოდ განხორციელებასა და ამ მიზნით 10000 აშშ დოლარის ინვესტირების შესახებ დათქმას მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულება არ შეიცავს. სხვა არგუმენტი, ან მტკიცებულება მიღებული თანხების მიზნობრიობასთან დაკავშირებით მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ამდენად, მოპასუხემ ვერ დაადასტურა მიზნობრიობა და საფუძვლიანობა იმ თანხებისა, რომელიც მას საიჯარო თანხების (27000 აშშ დოლარი) ზემოთ, ხელმოწერით აქვს მიღებული.

8.8. მოსარჩელის მიერ ადგილი აქვს 1589 (3189-1100-500) აშშ დოლარისა და 7365 ლარის ზედმეტად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადახდას, რითაც უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოპასუხე, შესაბამისად, სსკ-ის 385-ე და 976-ე (1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) მუხლების თანახმად, უსაფუძვლოდ გადახდილი თანხა ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ვინაიდან მოპასუხემ სარწმუნო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა სადავო თანხის ნაწილის მიღების საფუძვლიანობა, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ჟ–ის წარმომადგენელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

9.1. კასატორი არ უარყოფს მოსარჩელისაგან 7365 ლარის მიღების ფაქტს და ადასტურებს ხსენებული თანხის ნაწილ-ნაწილ მიღების შესახებ საქმეში წარმოდგენილ უბის წიგნაკში არსებულ ჩანაწერებზე საკუთარი ხელმოწერების ნამდვილობას, თუმცა თანხის მიღებას გააჩნდა მიზანი და მას მოსარჩელე იხდიდა შეთანხმებისამებრ. მოსარჩელე საკუთარ სასარჩელო მოთხოვნას აყრდნობდა სესხის ხელშეკრულების არსებობას, მოპასუხე კი საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში უარყოფდა სესხის არსებობას. თუკი სასამართლო აპირებდა, ხსენებული თანხებისათვის მიეცა უსაფუძვლოდ მიღებულის კვალიფიკაცია, მოპასუხეს შესაძლებლობა უნდა მისცემოდა, წარედგინა მტკიცებულებები თანხის მიღების საფუძვლიანობის დასადასტურებლად.

9.2. დოლარის სახით მოთხოვნილ თანხებთან მიმართებით კასატორი აღნიშნავს, რომ 2013 წლის ივლისიდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით 3000-3000 აშშ დოლარისა (18 000 აშშ დოლარი) და 2014 წლის 31 იანვარს 1600 (1100+500) აშშ დოლარის გადაცემის შესახებ უბის წიგნაკში გაკეთებული ჩანაწერებზე ხელმოწერა გ.ჟ–ს არ ეკუთვნის, ამასთან, თანხები გადასწორებულია, შესაბამისად, გაურკვეველია, რატომ გაითვალისწინა პალატამ ისინი. ამასთან, ჩანაწერებში ხელმოწერილია ის თანხებიც, რომლებიც საბანკო წესით იყო ჩარიცხული, რაც გამოიწვევდა ერთი და იმავე თანხის ორჯერ მითვლას მიღებული ოდენობის ანგარიშში. ამავდროულად, გაურკვეველია, რის საფუძველზე დაითვალა სასამართლომ უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადახდილი საიჯარო თანხის ოდენობა _ მოპასუხის მიერ გაცემული შემოსავლის ორდერებით თუ ბანკში ჩარიცხული თანხებით, ამასთან, ანგარიშში მითვლილია გადასწორებული თანხებიც _ 2013 წლის 15 ივნისის ჩანაწერი 100 დოლარზე და 2013 წლის 02 აგვისტოს ჩანაწერი 300 დოლარზე, ამ კუთხით მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლოში არ შემოწმებულა, რადგან დავა მიმდინარეობდა არა თანხების ზუსტ ოდენობაზე, არამედ სესხის არსებობა-არარსებობაზე. თანხების ზუსტი ოდენობის დასადგენად სასამართლოს უნდა მოეწვია სპეციალისტი (აუდიტი) ან ექსპერტი და მხოლოდ ამის შედეგად დადგენილი ფაქტებისთვის მიეცა სამართლებრივი შეფასება.

9.3. მოსარჩელესა და შ.პ.ს. „ტ“-ს შორის არსებული ხელშეკრულების 10.4 პუნტით მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, რომ ამ ხელშეკრულების მოიჯარის ინიციატივით ვადაზე ადრე მოშლის შემთხვევაში მეიჯარეს გადაუხადოს 20 000 აშშ დოლარი, ე.ი. ადრინდელ გადახდილ 10 000 აშშ დოლარს დაუმატებს კიდევ 10 000 აშშ დოლარს, სწორედ აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებულ, რემონტში ინვესტირებულ 10 000 აშშ დოლარს მიეკუთვნება სადავო თანხები.

9.4. კასატორი მიიჩნევს, რომ შ.პ.ს. „ტ“-ს ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებზე მითითების უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა, ვინაიდან აღნიშნული იურიდიული პირი დავის მონაწილე არ ყოფილა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14.1. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მტკიცებულებათა დასაშვებობის, მტკიცებულებათა შეფასებისა და მტკიცების ტვირთვის განაწილების საკითხი (სსსკ 102-ე, 103-ე და 105-ე მუხლების დარღვევა), რამაც განაპირობა დავისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა არასწორად დადგენა.

14.2. უწინარეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიუთითებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი უბის წიგნაკის ჩანაწერების მტკიცებულებით ძალაზე და განმარტავს, რომ ფულადი თანხების სხვა პირისათვის გადაცემის ფაქტის დასადასტურებლად კანონი არ ადგენს სპეციალურ ფორმას ან/და წესს. თანხის გადაცემა, როგორც ფაქტი, შესაძლოა დადგინდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულებით. დედნის სახით წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებას, სარწმუნოობის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტი იცავს სწორედ იმ გარემოების გამო, რომ ხელმოწერის კუთვნილება, სადავოობისას, გადამოწმებადია ექსპერტიზის გზით. წერილობითი მტკიცებულება, რომელზე განხორციელებული ხელმოწერების ნაწილის ნამდვილობა დადასტურებულია მოპასუხის მიერ, აღიარებულ ნაწილში თანხის გადაცემის ფაქტის დადგენის საკმარისი საფუძველია, რადგან ამ ფაქტზე მეტყველებს არამხოლოდ წერილობითი მტკიცებულება, არამედ მოპასუხის ახსნა-განმარტებაც, ასეთ შემთხვევაში, ხელმოწერის კუთვნილების ექსპერტული გამოკვლევის საჭიროება არ არსებობს.

14.3. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო გადაცემული თანხის ოდენობის გაანგარიშებისას უბის წიგნაკის მონაცემებს დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ იმ ნაწილში, რომელთა მიმართაც ერთობლივად არსებობდა ორი წინაპირობა _ 1. დატანილი იყო ხელმოწერა და 2. ამავე ხელმოწერის მისდამი კუთვნილებას ადასტურებდა მოპასუხე. ამდენად, პოზიციას მასზედ, რომ უბის წიგნაკი შეიცავდა ხელმოუწერელი თანხების გადაცემაზე მითითებასაც და ამის გამო, იგი არასარწმუნო იყო მთლიანად, საფუძველი არ გააჩნია. წარმოდგენილმა მტკიცებულებამ, იმ ნაკლოვანებით, რომელზედაც კასატორი მიუთითებს (თანხების ნაწილის მიმართ ხელმოწერის არარსებობა), განაპირობა ის საპროცესო შედეგი, რომ გადაცემულად ჩაითვალა არა მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული მთელი თანხის გადაცემის ფაქტი, არამედ _ მხოლოდ იმ ნაწილის, რომლის მიმართაც ხელმოწერის მისდამი კუთვნილება დაადასტურა მოპასუხემ. ამრიგად, ამ ნაწილში მტკიცებულების დასაშვებობისა და შეფასების წესები საკასაციო პალატას დარღვეულად არ მიაჩნია.

14.4. რაც შეეხება ხელმოწერით დადასტურებული, თუმცა გადაკეთებული თანხების გადაცემულად ჩათვლის მართებულობას, საგულისხმოა, რომ სარჩელში 2013 წლის 15 ივნისს გადაცემულ 100 აშშ დოლარს და ამავე წლის 02 აგვისტოს გადაცემულ 300 აშშ დოლარს (ე.ი. გადასწორებული ჩანაწერები) მოსარჩელე პირდაპირ ასახელებდა მოპასუხის მიერ დასაბრუნებელ თანხად. საგულისხმოა, რომ მოპასუხის შესაგებელი არ შემოფარგლულა მარტოოდენ სესხის არსებობის უარყოფით, არამედ სადავოდ იქნა ქცეული ცალკეულ რიცხვებში მიღებულ თანხებზე ხელმოწერის მოპასუხისადმი კუთვნილება (ე.ი. უბის წიგნაკის ჩანაწერებს ედავებოდა არსებითად), თუმცა ამგვარი შინაარსობრივი შედავება მასზედ, რომ 2013 წლის 15 ივნისს და 02 აგვისტოს მიღებული თანხების გადასწორება მოხდა მისი ნების გარეშე და ჩანაწერში ასახული ჩასწორებული ოდენობით მას თანხები არ მიუღია, არც შესაგებელში და არც სხვა საპროცესო ეტაპზე, საკასაციო საჩივრის წარდგენამდე, მოპასუხეს არ განუხორციელებია.

14.5. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება(იხ. სუგ №ას-664-635-2016).

14.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებელი მოპასუხის უფლების დაცვის უმთავრესი ინსტრუმენტია, რომლის ჯეროვნად გამოყენება განაპირობებს საქმის საბოლოო შედეგს. უმრავლეს შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია საქმეში გამართული, არგუმენტირებული შესაგებლის არსებობა და საამისოდ შეგებებული სარჩელის აღძვრა არც არის საჭირო. შესაგებლის წარდგენის ვალდებულება მხარის მიერ დაძლეულად ვერ განიხილება, თუ იგი კვალიფიციურად, ამომწურავად და დასაბუთებულად არ ედავება მოსარჩელე მხარეს მის მიერ მოთხოვნის დასაფუძნებლად სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აბსტრაქტული და სასარჩელო მოთხოვნასთან კავშირში არმყოფი შესაგებელი, ფორმალური თვალსაზრისით, შესაძლოა, იყოს კიდეც წარდგენილი სასამართლოსათვის სწორ საპროცესო დროს, მაგრამ თუ მას არ შესწევს უნარი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც აფუძნებს სარჩელს, ამგვარი შესაგებლის პროცესუალური მნიშვნველობა უკიდურესად დაბალია და შემოიფარგლება უფლების დაცვის მხოლოდ იმ მასშტაბით, რომ აკავებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. არასათანადო შესაგებელი აფერხებს მოპასუხის უფლებას სასარჩელო ფაქტებზე მოგვიანებით შედავებისა და მტკიცებულებების მოგვიანებით წარდგენის შესაძლებლობის თვალსაზრისით. (სსსკ 201-ე მუხლის მე-4-მე-5 ნაწილების თანახმად, თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს; მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა).

14.7. ამრიგად, გადასწორებული ოდენობით თანხების მიღება, რომელიც სადავოდ არ ქცეულა შესაგებლის ძალით, მართებულად ჩაითვალა უდავოდ დადგენილად და მისდამი ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობის საკასაციო პრეტენზია გაზიარებული ვერ იქნება.

14.8. კასატორი დაუშვებლად მიიჩნევს შ.პ.ს. „ტ“-ს მიმართ განხორციელებული უნაღდო ანგარიშსწორების თანხების მოპასუხის მიერ მიღებულ ოდენობაში მითვლის საფუძვლიანობას. საგულისხმოა, რომ საქმის მასალებში შ.პ.ს. „ტ“-ს საბანკო ანგარიშის ამონაწერი წარდგენილია არა მოსარჩელის, არამედ მოპასუხის ინიციატივით, შესაგებელთან ერთად, რომლის წარდგენითაც მოპასუხე მიზნად ისახავდა, რომ უბის წიგნაკში ხელმოწერით დადასტურებული „ხელზე მიღებული“ და საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები დაეკავშირებინა საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებასთან, რომლის სრულად და პირადად მიღების ფაქტებს შესაგებლითვე ადასტურებდა თავად მოპასუხე. რამდენადაც დავის საგანს არ წარმოადგენდა შ.პ.ს. „ტ“-ს უფლებები და მოვალეობები, მისი საპროცესო მონაწილეობის ვალდებულება მხარის ან მესამე პირის სტსით წინამდებარე დავაში არ გამოკვეთილა, ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე შესული თანხების საბოლოო ბენეფიციარად დამფუძნებელი გ.ჟ–ი საკუთარ თავს განიხილავს, მოპასუხის მიერ მოსარჩელისგან მიღებული თანხის ოდენობის დასაზუსტებლად დავაში არამონაწილე ამავე იურიდიული პირის საბანკო ანგარიშის ამონაწერი ვერ ჩაითვლება დაუშვებელ მტკიცებულებად.

14.9. კასატორი მიიჩნევს, რომ გაურკვეველია უნაღდო ანგარიშსწორებით დოლარში მიღებული თანხების გამოანგარიშების საფუძველი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება 4.14.-4.16. და 4.24. პუნქტებში ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილი თანხები გაანგარიშებულია ს.ს. „ტ“-ს ანგარიშის ამონაწერით, ამდენად, ამ ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილება ბუნდოვანი არ არის. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე უბის წიგნაკში ასახავდა არამარტო ნაღდი, არამედ უნაღდო ანგარიშსწორებით გაცემულ თანხებსაც, შესაბამისად, დოლარის ვალუტაში განხორციელებული ანგარიშსწორების სასამართლო გაანგარიშება მოიცავს დუბლირებულ თანხებს, საკასაციო პალატის შეფასებით, ხსენებულ არგუმენტს საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან ს.ს. „ტ“-ს ამონაწერისა და უბის წიგნაკის ჩანაწერების ურთიერთშედარებით, ხელმოწერით დადასტურებული ნაღდი გადახდის არც თანხა და არც თარიღი არ ემთხვევა საბანკო ანგარიშზე შესული თანხის ოდენობას ან/და შეტანის თარიღს. ამრიგად, მოცემულ ნაწილში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიას საფუძველი არ გააჩნია.

14.10. კასატორის იმ საკასაციო პრეტენზიის გათვალისწინებით, რომ სასტუმროს რემონტში მოსარჩელის საინვესტიციო ვალდებულება ვლინდება შ.პ.ს. „ტ“-ს და მოსარჩელეს შორის 2013 წლის 20 ივნისს დადებული ხელშეკრულების 10.4. პუნქტიდან, საკასაციო პალატა არ იზიარებს უპირველსად იმიტომ, რომ ხსენებული ნორმა მომავალზე მითითებით 20 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებას ს.ქ–ს უწესებს ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას, რა შემთხვევაშიც ხსენებულ თანხას მიეთვლებოდა უკვე გადახდილი 10 000 აშშ დოლარი, ესე იგი, დასამატებელი იქნებოდა 10 000 აშშ დოლარი.

14.11. ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტი წარმოადგენს იმ გარემოების აღიარებას, რომ ს.ქ–ს ხელშეკრულების დადების მომენტში მეიჯარისათვის უკვე გადაცემული აქვს თანხა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის გადახდის მიზნობრიობა ხელშეკრულებაში განმარტებული არ არის და მისი კვალიფიცირება საინვესტიციო თანხად არ გამომდინარეობს ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტის შინაარსიდან. გაზიარებულიც რომ იქნეს, რომ ხსენებული თანხა ს.ქ–ის წილ ინვესტიციას წარმოადგენდა, ხსენებული პოზიცია წინააღმდეგობრივია შესაგებლის პოზიციასთან, სადაც მოპასუხე მიუთითებს, რომ უბის წიგნაკში აღწერილი ხელზე მიღებული თანხები დაპირებული 10 000 აშშ დოლარის ინვესტიციიდან განუხორციელებელი 3 000 აშშ დოლარის შევსების მიზანს ემსახურებოდა, რამეთუ უბის წიგნაკში აღწერილი პირველი გადახდიდან (10.06.2013წ) ხელშეკრულების დადების თარიღამდე (20.06.2013) განხორციელებული გადახდების ჯამი შეადგენს 1300 აშშ დოლარს და 250 ლარს.

14.12. ამავდროულად, პალატა ითვალისწინებს, რომ ქონების დროებით სარგებლობაში სასყიდლიანი გადაცემის ტიპის ხელშეკრულებებისთვის უცხო არ არის მოიჯარის (დამქირავებლის) მიერ ვალდებულების (ქირის, ზიანის და სხვა ფულადი მოთხოვნების) უზრუნველსაყოფად თანხის წინასწარ გადაცემა მეიჯარისთვის (გამქირავებლისთვის), რომელიც, ურთიერთობის დასასრულს, შესაძლოა, დაბრუნდეს უკან (ე.წ. „კაუციონი“ გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 552-ე მუხლით). ამრიგად, უკვე გადაცემული 10 000 აშშ დოლარი დასაშვებია, მიმართული ყოფილიყო ამ ინტერესისკენაც.

14.13. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე კასატორს წარმოდგენილი აქვს დაუშვებელი და დაუსაბუთებელი შედავება, შესაბამისად, წინამდებარე განჩინების 7.1.-7.13. პუნქტებში აღწერილი ფაქტები მიიჩნევა დამტკიცებულად და სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვისაც, ამდენად, სასამართლო შეაფასებს კასატორის სამართლებრივი პრეტენზიების პერსპექტიულობას.

15.1. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

15.2. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სარჩელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მოცემული სამართლებრივი შეფასებები მბოჭავი არ არის სასამართლოსთვის და მას ყოველთვის შეუძლია, განსხვავებული შეფასება მისცეს სადავო სამართალურთიერთობას.

15.3. წარმოდგენილი სარჩელით, მოსარჩელე საკუთარ ფულად მოთხოვნას აყრდნობდა იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის არსებული ზეპირი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მას მოპასუხისათვის გადაცემული ჰქონდა თანხები სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ოდენობით.

15.4. სესხის ხელშეკრულების ცნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლშია მოცემული, რომლის თახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. „სესხის დაბრუნების მოთხოვნის რეალიზაციისათვის გამსესხებელმა უნდა დაამტკიცოს სესხის ხელშეკრულების დადება - როგორც შეთანხმება, ისე სესხის საგნის გადაცემა მსესხებლისათვის“ (იხ. ზამბახიძე თ., „სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, მუხლი 623, www.gccc.tsu.ge)

15.5. ამდენად, სესხის ხელშეკრულების წარმოშობისათვის შემდეგი წინაპირობების ერთდროულად არსებობაა საჭირო: 1. გამსესხებელს მსესხებლის საკუთრებაში განსაზღვრული თანხა უნდა ჰქონდეს გადაცემული; 2. დათქმულ ვადაში მსესხებელი გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას უნდა კისრულობდეს. მოცემული წინაპირობების კუმულატიურად დამტკიცება მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს.

15.6. სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ იგი დადებულად მიიჩნევა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. სასესხო ურთიერთობის წარმოშობის წინაპირობების მტკიცების თვალსაზრისით საკასაციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ სადავოობისას სესხის ხელშეკრულების დადების - თანხის გადაცემის ფაქტის დამტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება (იხ. სუსგ. №ას-1067-1026-2016, 23.06.2017წ; სუსგ №ას-127-119-2015, 22.07.2015წ.; №ას-183-170-2015, 30.04.2015წ). მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე პრეზუმფცია. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) კი, მსესხებელს ეკისრება (იხ. სუსგ. №ას-929-891-2014, 22.04.2015წ).

15.7. განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია 1589 აშშ დოლარისა და 7365 ლარის მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტი, თუმცა აღნიშნული გარემოება სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მხოლოდ ერთი წინაპირობის არსებობას ადასტურებს, ამდენად, უნდა შეფასდეს, იკისრა თუ არა მოპასუხემ მოსარჩელისათვის მისი დაბრუნების ვალდებულება.

15.8. თანხის სესხის მიზნობრიობით გადაცემას მოპასუხე უარყოფს შესაგებლით და მიუთითებს, რომ გადაცემული თანხა მოსარჩელის მიერ იჯარით აღებულ სასტუმროში ინვესტირების მიზანს ემსახურებოდა, თუმცა ხსენებულ გარემოებას მოპასუხე მტკიცებულებით ვერ ადასტურებს. შესაბამისი მტკიცებულების არარსებობის პირობებში სასამართლო ვერ გაიზიარებს ვერც მოსარჩელის მტკიცებას, რომ მოპასუხემ მიღებული თანხების 1 წელიწადში უკან დაბრუნების ვალდებულება იკისრა.

15.9. ამრიგად, შექმნილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოება _ დადგენილია მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის სხვადასხვა დროს ფულადი თანხების გადაცემის ფაქტი, თუმცა მოსარჩელე ვერ ადასტურებს მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობას. თავის მხრივ, ვერც მოპასუხე ადასტურებს თანხის მიღების საფუძველს. აქვე საჭიროა განიმარტოს, რომ თანხის დაკისრების მოთხოვნის არსებობისას, როდესაც მტკიცდება თანხის გადაცემის ფაქტი, თუმცა სადავოა თანხის მიღების საფუძველი, მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი წესის თანახმად (სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილი), მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, დაადასტუროს, რომ მას სადავო თანხების მიღების სამართლებრივად ვარგისი საფუძველი გააჩნდა, რათა თავი დაიცვას უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმების გამოყენებისაგან. ამრიგად, მოსაზრება მასზედ, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებით მოპასუხეს მტკიცების შესაძლებლობა წაერთვა, გასაზიარებელი არ არის, ვინაიდან მას თანხის მიღების საფუძვლის დამტკიცების ვალდებულება პირველი ინსტანციის სასამართლოშივე ეკისრებოდა, შესაგებლის წარდგენის საპროცესო ეტაპზე.

15.10. ვინაიდან სამართლებრივი შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება სასამართლოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს, ხოლო მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესია, დაიბრუნოს მოპასუხისთვის გადაცემული თანხები, რაც მიღწევადი არ არის მოსარჩელის მიერ დასახელებული სამართლებრივი ნორმებით, სასამართლომ თავად უნდა განსაზღვროს, არსებობს თუ არა მატერიალურსამართლებრივი ნორმა, რომელიც მოსარჩელის ინტერესს აქცევს განხორციელებადად. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სარჩელის მიზანი მიიღწევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კონდიქციური ვალდებულებების მომწესრიგებელი ნორმით, კერძოდ, 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

15.11. პალატა მიუთითებს, რომ კონდიქციური ვალდებულებების არსებობის მიზანი უსაფუძვლოდ წანაცვლებული ქონებრივი სიკეთის უკუქცევაა. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი ან ამგვარი საფუძველი, ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა, ან შემდგომ შეწყდა. შესრულების უკან მოთხოვნისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: 1) ერთი პირის მიერ მეორისათვის სამართლებრივი სიკეთის შესრულების საფუძველზე გადაცემა; 2) მეორე პირის მიერ შესრულების საფუძველზე სამართლებრივი სიკეთის შეძენა; 3) შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა. შესაბამისად, კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; სამართლებრივ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შესრულება სსკ-ის 102.1. მუხლიდან გამომდინარე მოსარჩელის მტკიცების ტვირთია, უფრო ზუსტად კი, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს გადაცემით სსკ-ის 976-ე მუხლით გათვალისწინებული რომელი ვალდებულება უნდა შესრულებულიყო და რომ ეს ვალდებულება, ფაქტობრივად არ არსებობს. ვალდებულების არარსებობა კი, ნიშნავს შესრულების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობას. ამასთან, მოპასუხემ, პოზიტიურად უნდა დაასაბუთოს საწინააღმდეგო, კერძოდ, რა არის შესრულების სამართლებრივი საფუძველი, მისი აზრით, რისთვის მიიღო შესრულება (იხ. სუსგ. №ას-494-474-2016). საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთი განაწილდა ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად.

15.12. დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების შედეგად, საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება შესრულების კონდიქციაზე მითითებით, მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, მოსარჩელის მიერ სესხად მიჩნეული თანხის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე დაყრდნობით დაკისრების შესახებ არსებობს მყარად დადგენილი პრაქტიკა (მათ შორის, იხ. სუსგ. №ას-865-2022, 31.10.2022წ; საქმე №ას-151-2020, 29.09.2022წ; №ას-686-2019, 19.07.2019წ) კასატორმა ვერ დაასაბუთა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა-გადაწყვეტა მატერიალური ან საპროცესო ნორმების დარღვევით, შესაბამისად, საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია.

16. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

17.1. საკასაციო საჩივარს დაერთვის დოკუმენტები _ განცხადების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მიმართვის, კერძო საჩივრისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 აგვისტოს №2-3588/16 გადაწყვეტილების ასლები (სულ „20“ ფურცლად).

17.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.

17.3. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, საკასაციო ინსტანცია არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს. ვინაიდან საკასაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებასა და ახალი მტკიცებულებების წარდგენას, რამდენადაც ეს შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან. ვინაიდან, არ არსებობს საკასაციო საჩივარზე დართული დოკუმენტების საქმეზე მტკიცებულებად დართვის საფუძველი, ისინი უნდა დაუბრუნდეს წარმომდგენ მხარეს.

18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, გ.ჟ–ს უნდა დაუბრუნდეს 2021 წლის 22 ნოემბერს სხვადასხვა საგადახდო დავალებებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 247.25 ლარისა და 368.25 ლარის 70%, რაც შესაბამისად შეადგენს 173.08 ლარსა და 257.78 ლარს.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ჟ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. გ.ჟ–ს (ს/ნ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 247.25 ლარის (საგადახდო დავალება №28324765, გადახდის თარიღი: 22.11.2021წ, გადამხდელის ბანკი - ს.ს. „ლიბერთი ბანკი“) 70% – 173.08 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).

3. გ.ჟ–ს (ს/ნ .......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 368.25 ლარის (საგადახდო დავალება №28324753, გადახდის თარიღი: 22.11.2021წ, გადამხდელის ბანკი - ს.ს. „ლიბერთი ბანკი“) 70% – 257.78 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).

4. გ.ჟ–ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტები _ განცხადების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მიმართვის, კერძო საჩივრისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 აგვისტოს №2-3588/16 გადაწყვეტილების ასლები (სულ „20“ ფურცლად).

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

გიორგი მიქაუტაძე

თეა ძიმისტარაშვილი