22 ნოემბერი, 2022 წელი
№ას-849-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი _ შ.პ.ს. „ღ. და პ–ბი“
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „მ. მ–ზე“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინება უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ
საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „ღ. და პ–ბი“-ს სარჩელი შ.პ.ს. „მ. მ–ზე“-ს მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით, დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 330593 აშშ დოლარისა და 66 ცენტის ექვივალენტის გადახდა ეროვნულ ვალუტაში (გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად). გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით, მოსარჩელე შ.პ.ს. „ღ. და პ–ბი“-ს განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე შ.პ.ს. „მ. მ–ზე“-ს (ს.ნ. ......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ.თბილისი, ..... (ს.კ. .......), გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. მითითებული განჩინება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2022 წლის 19 მაისს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სახის შეცვლის შესახებ განცხადებით მიმართა შ.პ.ს. „მ. მ–ზე“-ს წარმომადგენელმა, რომლითაც დავის საგნის ტოლფასი ოდენობის თანხის ს.ს.ი.პ. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე განთავსების სანაცვლოდ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით, შ.პ.ს. „მ. მ–ზე“-ს განცხადება გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შ.პ.ს. „მ. მ–ზე“-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ.თბილისი, ....... (ს/კ .......) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, შეიცვალა ს.ს.ი.პ. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხით - 330 593.66 აშშ დოლარით.
6.1. ზემოაღნიშნული განჩინების წინააღმდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა შ.პ.ს. „ღ. და პ–ბი“-ს წარმომადგენელმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმება.
6.2. საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას უზრუნველყოფის სახის ცვლილების შესახებ, რადგან სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 330 593.66 აშშ დოლარი ვერ ფარავს იძულებითი აღსრულების საჭიროების შემთხვევაში აღსასრულებელი თანხის 1%-ის ოდენობით აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გადასახდელ აღსრულების საფასურს და სარჩელზე ბაჟის სახით გადახდილ 5000 ლარს. კომპანია „მ. მ–ზე“ საკუთარ განცხადებაში აღიარებს, რომ ქონება, რომლის მიმართაც მოქმედებს აკრძალვის ღონისძიება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, წარმოადგენს მის ერთადერთ საკუთრებას. კომპანია შექმნილია მ–ის 10-ში კომპლექსის აშენებისა და რეალიზაციის მიზნით, ანუ საწარმოს არსებობა მიბმულია კონკრეულ პროექტზე და იგი წარმოადგენს სპეციალურად მის განსახორციელებლად შექმნილ იურიდიულ პირს, შესაბამისად, უკანასკნელი ქონების რეალიზაციისთანავე იგი დაასრულებს საქმიანობას და გადავა ლიკვიდაციის რეჟიმში, შესაბამისად, აღარ იარსებებს ქონება იმ ხარჯების გადასახდევინებლად, რასაც ვერ ფარავს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხა.
6.3. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხის შ.პ.ს. „ღ. და პ–ბი“-ს ანგარიშზე მისაქცევად აუცილებელი იქნება შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება, რისთვისაც კრედიტორს მოუწევს სასამართლოსათვის მიმართვა აღსრულების წესის განსასაზღვრად, რაც გააჭიანურებს მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინებით, შ.პ.ს. „ღ. და პ–ბი“-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საჩივარს, საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
10. სსსკ 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
11.2. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის შესახებ განჩინება.
11.3. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა წარმოადგენს, ვინაიდან საქმის სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ასევე ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც და ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად განიხილება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შ.პ.ს. „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“).
11.4. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს, თუმცა სავალდებულოდ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებიდან. ამგვარი შეფასებისას დაცული უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზანს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს ყოველთვის უნდა შეაფასოს, აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება (იხ. სუსგ. №ას-449-431-2016, 07.07.2016წ).
11.5. საკასაციო პალატას არაერთხელ განუმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის უფლებების უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის უფლებრივი პოზიციების გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება (იხ. სუსგ. №ას-795-2022, 19.07.2022წ).
12.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის თანახმად, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე.
12.2. ამრიგად, ფულადი თანხების გადახდევინების დავაში კანონმდებელი ყოველთვის აძლევს უფლებას მოპასუხეს, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სანაცვლოდ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი, ანუ დავის საგნის ღირებულების ტოლფასი ოდენობის თანხა განათავსოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე და აღნიშნული გზით გაითავისუფლოს თავი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შემზღუდველი ზემოქმედებიდან. მითითებული ნორმა მხარეთა ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის აუცილებლობის კლასიკური გამოვლინებაა. ფულადი თანხების მიკუთვნების შესახებ აღძრულ სარჩელში მოსარჩელის ლეგიტიმური მიზანია, დაიკმაყოფილოს ქონებრივი ინტერესი სასარჩელო მოთხოვნის ტოლფასი ანაზღაურების მიღების გზით და სწორედ ამ მიზნის დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება ამავე დავის ფარგლებში მოპასუხის მიმართ გამოყენებული ნებისმიერი შემზღუდავი ღონისძიება, რათა დავის წარმოების პროცესში მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის უარყოფითმა ცვლილებამ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს მოსარჩელის ლეგიტიმური ინტერესი მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ მიზნით იქნა გამოყენებული შ.პ.ს. „მ2 მ–ზე“-ს კუთვნილ უძრავ ნივთზე გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, თუმცა სააპელაციო ინსტანციაში სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე ფულადი თანხის დეპონირების სახით წარმოიშვა ფაქტობრივი გარემოება, რომელმაც სრულად მოხსნა დღის წესრიგიდან ესოდენ შემზღუდავი ღონისძიების ძალაში დატოვების აუცილებლობა, როგორიც არის უძრავი ქონების განკარგვის აკრძალვა.
12.3. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს დავის საგნის გარდა სხვა მოთხოვნათა, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟისა და იძულებითი აღსრულებისათვის გასაწევი ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის საშუალებას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილს განმარტავს იმგვარად, რომ სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით ხდება უშუალოდ დავის საგნის დაცვა და არა მასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების გადახდევინების გარანტირება. სსსკ 194-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს უწესებს ვალდებულებას, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაში მიეთითოს უზრუნველყოფილი სარჩელის ფასი. სარჩელის (დავის საგნის) ფასი კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელში გადასახდელი თანხაა. ამდენად, სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების გადახდევინების უზრუნველყოფის ფუნქცია სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიებას იმთავითვე არ გააჩნია. ამასთან, დეპონირების საკითხის მომწესრიგებელი ნორმა ითვალისწინებს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი (ე.ი. სასარჩელო მოთხოვნის ტოლფასი) თანხის დეპოზიტზე განთავსების წესს, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის გადახდევინებასთან დაკავშირებული ხარჯების დეპონირების ვალდებულებას კანონმდებელი არ აწესებს. იმ პირობებში, როდესაც შ.პ.ს. „ღ. და პ–ბი“-ს მოთხოვნა შეადგენს მხოლოდ 330 593.66 აშშ დოლარს და დეპონირებული თანხის ოდენობაც იდენტურია ამავე მოთხოვნისა, პალატა მიიჩნევს, რომ შერჩეულია ეფექტური, პროპორციული და გამოსადეგი ღონისძიება, რომელიც, ერთი მხრივ, იცავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს და მეორე მხრივ, ყველაზე ნაკლები დოზით ზღუდავს მოპასუხის უფლებებს (იხ. სუსგ. №ას-422-2021, 21.05.2021წ).
12.4. საჩივრის ავტორის არგუმენტს მასზედ, რომ უკანასკნელი უძრავი ნივთის რეალიზაციის შემთხვევაში, მოპასუხე საწარმო შეწყვეტს ფუნქციონირებას და გადაინაცვლებს ლიკვიდაციის რეჟიმში, არ ამყარებს საქმეში არსებული მტკცებულებები, ამგვარ მითითებას არ შეიცავს გადაწყვეტილების აღსრულების ღონისძიების შეცვლის ინიციატორი მხარის განცხადება, არამედ ხსენებული მხოლოდ საჩივრის ავტორის მოსაზრებაა, რომელსაც იგი სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით ვერ ამტკიცებს, შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან ვერ იქნება გაზიარებული.
12.5. დადასტურებულიც რომ იყოს, რომ მოპასუხე საწარმოს საცხოვრებელი კომპლექსის ფართების სრულად რეალიზაციის შემდეგ განზრახული აქვს არსებობის შეწყვეტა ლიკვიდაციის გზით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლი აღნიშნულ პროცესში ითვალისწინებს კრედიტორების ჩართულობას და მათთვის მოთხოვნების განსაცხადებლად შესაძლებლობის მიცემას, ამავე კანონის 86-ე მუხლი კი ლიკვიდაციის წინაპირობად კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას განიხილავს, ამდენად, ლიკვიდაციის პროცესი ვერ გახდება შ.პ.ს. „მ. მ–ზე“-ს მიერ კრედიტორების უფლებების ხელყოფის ინსტრუმენტი.
12.6. რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრის აუცილებლობასთან დაკავშირებულ არგუმენტს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხსენებული საპროცესო ტვირთი, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებისა და შეპირისპირების გათვალისწინებით, არ არის იმდენად მძიმე, რომ არსებითად აბრკოლებდეს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს და დაუშველად ხელყოფდეს მოსარჩელის მატერიალურ ინტერესს.
13. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სსსკ-ის XXIII თავით გათვალისწინებული ნორმების სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც საჩივრის ავტორს არ მიუთითებია დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 196-ე, 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს შ.პ.ს. „ღ. და პ–ბი“-ს საჩივარი.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინება უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი